“უცხოს”, “სიზიფოსის მითის”, “აქტუალური ქრონიკების” ავტორის, ვისი ნაწარმოებებიც მსოფლიოს სამოც ენაზეა თარგმნილი, ალბერ კამიუს (1913-1960) დაბადების 100 წლისთავი ოფიციალური მანიფესტაციებისა და ნაციონალური მასშტაბის კულტურული ღონისძიებების გარეშე ჩაივლის. მაგრამ საფრანგეთის და მსოფლიოს ოთხივე კუთხეში უამრავი ინიციატივა იგეგმება. იტყვიან, რომ ეს უკეთ შეესატყვისება კამიუს თავისუფფლებისმოყვარე მსოფლაღქმას, მაგრამ მაინც… მით უმეტეს, რომ დიდმა გამოფენამ, რომლის გამართვაც გათვალისწინებული იყო მარსელ-პროვანსში, კულტურის ევროპულ დედაქალაქში, დღის სინათლე ვერ იხილა. სწორედ ამიტომაც, შევხვდით ქალს, რომელიც რუდუნებითა და მოკრძალებით ზრუნავს მამის ნაწარმოებთა ბედზე. კატრინ კამიუ დაგვთანხმდა მივეღეთ ლურმარენის ცნობილ სახლში, რომლის გზის სწავლებაც ადგილობრივებს არ სურთ, რათა იგი ზედმეტად ცნობისმოყვარე თვალთაგან დაიცვან. გთავაზობთ ნაწყვეტებს საკმაოდ ხანგრძლივი საუბრიდან, რომელსაც ხშირად სიცილიც ახლდა თან [1].
გაზეთი “სეზარი” – ორი სიტყვით მოგვიყევით ამ ადგილის შესახებ. მამათქვენმა, რომელიც ხშირად სტუმრობდა რენე შარს ლ’ილ სიურ სორგში, ამ სახლის შეძენით ოჯახს სიურპრიზი მოუწყო?
კატრინ კამიუ – მან ეს სახლი 1958 წლის სექტემბერში აღმოაჩინა. ჩვენც ჩამოგვიყვანა. მახსენდება სექტემბრის ნისლიანი, ძალიან წყნარი დღე და ლურმარენის შარაგზა… გვკითხა, ზღვა ხომ არ გენატრებათო. ჩემმა ძმამ იუარა, მე კი ვთქვი, რომ მენატრებოდა. შემდეგ მან იყიდა ეს სახლი და თავიდან ბოლომდე მოაწყო, სანამ ჩვენც ჩამოგვიყვანდა. ყველაფერი დაგვახვედრა: ფარდები, საწოლები, ფინჯნები, თეფშები, ავეჯი. ყველაფერი ხელოსნებთან და ძველი ნივთებით მოვაჭრეებთან ერთად მოაგვარა. ეს დიდებული საჩუქარი გახლდათ, ჩვენთვის სრულიად წარმოუდგენელი, რადგანაც ისე გავიზარდეთ, რომ მოჭარბებული არაფერი გვქონია.
– რა მოსწონდა ამ სახლში?
– აქედან შესანიშნავი ხედი იშლება. ლაღად სუნთქვის, მშვენიერების შეგრძნება გეუფლება. მამას მთებს იქით ზღვა ეგულებოდა, ზღვის იქით კი – ალჟირი.
– როცა ალბერ კამიუზე საუბრობენ, იგი წარმოგვიდგება, როგორც მითი. მაგრამ თქვენთვის იგი მამა იყო. როგორ დაახასიათებდით მას?
– მასთან თავს მშვიდად იგრძნობდი. იყო სამართლიანი. მკაცრი. ზნეობრივი. და თბილი.
– რას იტყვით ტონალობებზე, რომელთაც მის ნაწერებში ვხვდებით? თუ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ალბერ კამიუ ზრდის, ავითარებს მკითხველს, ამშვიდებს, კითხვებს ბადებს მასში?
– მართლაც ასეა, იგი თქვენს ნაცვლად არ იძლევა პასუხებს. მამაჩემი კითხვებს გვისვამდა. მისთვის მთავარი იყო, თუ ვინ იყავი, რა გქონდა გაკეთებული. გვეკითხებოდა, რას ვფიქრობდით ამის შესახებ. მან მასწავლა, რომ არ უნდა ვიცრუო. სიცრუე მომაკვდინებელია, იგი სიცოცხლეს სპობს. ჩვენ თავისუფლები და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსენი ვიყავით. ცხადია, ეს დამღლელია. სწორედ ამის გამოა, რომ ბევრ ადამიანს არ უნდა, იყოს თავისუფალი. ეს გულისხმობს მუდმივად საგანგაშო მდგომარეობაში ყოფნას. თავისუფლება არ არსებობს პასუხისმგებლობის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარაზიტი გამოდიხართ. თქვენ პასუხს აგებთ საკუთარ თავზე და საკუთარ ქმედებებზე. დღის ნებისმიერ დროს არჩევანის გაკეთება გიწევთ და ამ არჩევანს მოსდევს შედეგები. დღეს პასუხისმგებლობები უკიდურესად შესუსტებულია. თქვენ იღებთ გადასახადის ქვითარს, ამბობთ, რომ გადახდილი გაქვთ, მაგრამ გეუბნებიან, რომ კომპიუტერი საწინააღმდეგოს აჩვენებს. ხსენებული კომპიუტერი შეიძლება იქამდეც კი მივიდეს, რომ კომისარი ან საკეტების ოსტატი გამოგიგზავნოთ. არავინ იცის, როდის მოეღება ამას ბოლო, მაგრამ ეს არავის ბრალი არ არის. ანდა, ეს ტრანსვერსალურობის პრინციპი, რომლითაც ყურები გამოგვიჭედეს, ესეც ინდივიდუალური პასუხისმგებლობის შესუსტებაა.
– როგორ ვლინდებოდა ეს მომთხოვნელობა თქვენი ძმისა და თქვენს მიმართ?
– იგი გამუდმებით ვლინდებოდა, ცუდშიც და კარგშიც. მაგალითად, მამას მოჰქონდა ჩემთვის წიგნები და მეკითხებოდა, რას ვფიქრობდი მათ შესახებ. ჩემი პასუხები ალბათ არ იყო მაღალინტელექტუალური, მაგრამ მამას არასოდეს უთქვამს ჩემთვის, რომ იდიოტობას ვამბობდი. პირიქით, მეკითხებოდა, რატომ მიმაჩნდა ასე, ჩამეძიებოდა ხოლმე ამა თუ იმ თვალსაზრისთან დაკავშირებით. თუ რაიმე სისულელეს ჩავიდენდით, არ გვიყვიროდა. ჩვენს აზრს გვეკითხებოდა. მამა ყოველთვის ამბობდა: “რისი შეცვლაც არ შეგვიძლია, ის უბრალოდ მხედველობაში უნდა მივიღოთ, თუმცა არ უნდა დავემორჩილოთ”. როცა რაიმე დიდი პრობლემა ჩნდებოდა, იგი ამბობდა, რომ საჭირო იყო “მისადმი განწყობის შექმნა”. ეს მთელი ცხოვრების მანძილზე დამეხმარა. და ღმერთმა იცის, რომ ჩემი ცხოვრება იოლი არ ყოფილა. მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება ჩემი ცხოვრებაა, ის ერთადერთია, რომელიც გამაჩნია. და ერთადერთი თავისუფლება, რომელიც მე მაქვს, არის ის, რომ შევძლო მივიღო მიუღებელიც კი, თუკი ის გარდუვალია. წინააღმდეგ შემთხვევაში თავს დაკარგავ. ჰოდა, რა შეგიძლია მისცე სხვას, თუკი საკუთარი თავი დაკარგე?
– მამათქვენის პიროვნების სხვა ასპექტზე რომ ვისაუბროთ, ის სპარტანული სულისკვეთების უფრო იყო, ნაკლებად მხარჯველი.
– მამა სიდუხჭირეში გაიზარდა. სულ საფიქრალი ჰქონდა, მეორე დღეს ლუკმაპური ან ფული ექნებოდა თუ არა. ზუსტად იცოდა, როგორ დაეხარჯა თავისი ფული. მეც ამგვარად ვარ აღზრდილი. ცოტა მიჭირს, მივიღო ის ეპოქა, რომელშიც ვცხოვრობთ. დღეს ისე წაგვლეკა რეკლამამ, რომ ადამიანებს თავი უბედურად მიაჩნიათ, თუ საკმაო რამ არ შეიძინეს ან თუ მატარებელმა დაიგვიანა (აქ გავიხსენეთ პიერ რაბი, რომელიც მას ძალიან უყვარდა, და მისი მოსაზრებები “ბედნიერი ზომიერების” შესახებ).
– თქვენ დაწერეთ წიგნი: “ალბერ კამიუ, მარტოსული და სოლიდარული” (სიტყვების თამაშია – Solitaire et Solidaire). რატომ აირჩიეთ ეს ორი ტერმინი?
– ერთხელ მამას ვეკითხები: “მოწყენილი ხარ?” და იგი მპასუხობს: “მარტო ვარ”. ეს იმ დროს იყო, როცა “ამბოხებულ ადამიანს” წერდა და მე ბევრად უფრო გვიან მივხვდი, რატომ მიპასუხა ასე, რადგან როცა ცხრა წლის ხარ, ყველაფერს ვერ ხვდები. გაკვირვებით გადავხედე, იმედი მქონდა, მიმიხვდებოდა. იმიტომ, რომ ჩემს თვალში მარტო არ იყო, მეც ხომ იქვე, მის გვერდით ვიყავი! მაგრამ ცხადია, რომ ის მარტო იყო! არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მარტოობის ერთგვარი კრისტალი აკრავთ გარს, რომელიც სამყაროსა და მათ შორის უხილავ ზღუდეს წარმოქმნის, მაგრამ შენ გვერდით მათ არსებობას მაინც გრძნობ.
– უნდა დავინახოთ თუ არა ამ სიმარტოვეში ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მისი ნაწერი, რომლებშიც ადამიანური ნიუანსების წარმოჩენის სურვილი მჟღავნდება, განსხვავდებოდა იმ ეპოქის იდეოლოგიური ლოგიკისგან, კერძოდ, საშინლად მანიქეისტური ცივი ომის ლოგიკისგან?
– დიახ! და სწორედ ამიტომ იყო იგი მარტო. მით უმეტეს, რომ ზურგს არ უმაგრებდა არც რომელიმე პარტია, არც თანამოაზრეთა გუნდი, როგორც ბევრ ადამიანს, რომლებიც საკუთარი აზრის გამოთქმამდე ჯერ ფრთხილად ამზადებენ ხოლმე ნიადაგს. ის კი მარტო იყო, მარტო იდგა ადამიანის გვერდით. ყველა ადამიანის გვერდით. მათ გვერდით, ვისაც აზრის გამოთქმის საშუალება არ ჰქონდა.
– სიტყვა “სოლიდარულის“ შესახებ გვინდა გკითხოთ. შეგვიძლია თუ არა უკეთ გავუგოთ კამიუს იმ მეტაფორის მეშვეობით, რომელიც ფეხბურთის თამაშისას მიწოდებულ პასს ეხება? იგი ხომ ამბობდა: “სწორედ ფეხბურთს უნდა ვუმადლოდე ყველაფერ იმას, რაც დანამდვილებით ვიცი ადამიანების ზნეობისა და ვალდებულებების შესახებ“?
– რა თქმა უნდა. პასი იგივე სოლიდარობაა. სხვების გარეშე თქვენ არაფერს წარმოადგენთ. სხვათა შორის, 2008 წელს, ლურმარენის “ალბერ კამიუს ხმელთაშუა ზღვის შეხვედრებისთვის” ვალი როზელმა გენიალური რამ დაწერა: პასის ქებათა ქება, ამოღებული ანარქისტულ-კამიუსეული ფეხბურთის დამფუძნებელი აქტიდან.
– როგორი იყო ალბერ კამიუს დამოკიდებულება ანარქისტებთან?
– ეს საკითხი ხშირად წამომიჭრია მაღალი თანამდებობის პირებთან, მაგრამ ისე შემოუხედავთ, რომ ცხადი იყო, ერთმანეთს ვერ გავუგებდით. ამიტომ ამ თემას “ხმელთაშუა ზღვის შეხვედრებზე” შევეხეთ. ამასთან დაკავშირებით მის ორგანიზატორს, ანდრე ფოსტის ვუთხარი: “გარწმუნებთ, რომ საინტერესოა. თუკი ანარქისტები ჩამოვლენ ლურმარენში, აი, მაშინ ნახეთ სიამოვნება!”. სინამდვილეში გამოცოცხლება იქ ფეხბურთის გარდა არაფერს გამოუწვევია. ვალი როზელმა, რომლის ბიძაც ეს შესანიშნავი ანარქისტი, მორის ჟუაიო გახლავთ, დაიწყო ახსნა-განმარტება, რომ გუნდში საუკეთესო ადგილზე ნახევარმცველი თამაშობს (სიცილი)…
– თავად მამათქვენი ალჟირის “რესინგ უნივერსიტერის“ მეკარე იყო, არა?
– დიახ. და მგონი, ურიგო მეკარე არ გახლდათ! ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან “მარსელ-პროვანსი 2013” ჩაიშალა, მე შევთავაზე, რომ “ლურმარენ-პროვანს 2013”-მა ჩაატაროს 15 ივნისს საფეხბურთო მატჩი ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატ პირველი მეკარის პატივსაცემად. კამიუს გუნდი ითამაშებს ლურმარენის სპორტული ახალგაზრდობისა და ემიგრანტი მუშების გუნდის წინააღმდეგ. მატჩის არბიტრი იქნება ფოსტალიონი, რომელიც ფეხბურთს მშვენივრად თამაშობს!
– 1980 წლიდან თქვენ პატრონობთ მამის შემოქმედებას, მაგრამ არასოდეს გსურდათ ყოფილიყავით “ტაძრის მცველი“. როგორია თქვენი ფილოსოფია იმ თხოვნების მიმართ, რომლებიც თქვენამდე აღწევს?
– იგი არ არსებობს (სიცილი). თუ დაცულია მამაჩემის სულისკვეთება, მისი ეთიკური ღირებულებები, თანხმობას ვაცხადებ. თხოვნები ისეთივე განსხვავებულია ერთმანეთისგან, როგორც განსხვავდებიან ადამიანები. და მათ, ვინც მე მომმართავს, ოპორტუნისტების ჩათვლით (რომლებიც მამას სკამისგან არ განასხვავებენ), რომელთათვისაც მამა მნიშვნელოვანს არაფერს წარმოადგენს, თხოვნას ვუსრულებ, თუ იგი კორექტულადაა შედგენილი. მე კამიუს შემოქმედების ისეთივე ხედვა მაქვს, როგორც სხვა მკითხველებს. არანაირ განსაკუთრებულ ჭეშმარიტებას არ ვფლობ.
– ამ შემოთავაზებებში, ალბათ, უცნაურებიც გამოერევა ხოლმე?
– ისეთებიც არის, ცუდ ხასიათზე რომ დაგაყენებს და, სხვათა შორის, “უცნაურობათა” (სიცილი) საქაღალდეც კი გავხსენი. მაგრამ სიხარულის მომტანიც ბევრია. მაგალითად, ძალიან გამიკვირდა, როცა აბდ ელ მალიკმა “სარჩული და პირის” წინასიტყვაობაზე მოისურვა მუშაობა. ეს ნაშრომი არ არის ფართოდ ცნობილი და მის ძალზე მნიშვნელოვან წინასიტყვაობას კიდევ უფრო ნაკლებად იცნობენ. როცა ამ არაჩვეულებრივმა ახალგაზრდამ თავისი ტექსტები გამომიგზავნა, ჩავთვალე, რომ ისინი ჰარმონიულად ესადაგებოდა წინასიტყვაობას. და მიუხედავად იმისა, რომ რეპი არ მიტაცებს, როცა მის მოსასმენად წავედი და ძლიერ მოვიხიბლე მისი ნამუშევრით, დამეუფლა განცდა, რომ მამაჩემი აქ თავის ადგილზე იყო.
– “პირველი ადამიანის” (რომანი, რომელსაც კამიუ წერდა, როცა სასიკვდილო ავარიაში მოყვა. მასში არის ავტობიოგრაფიული აქცენტები და დიდი სითბოთია გადმოცემული ბავშვობის მოგონებები – მთარგმ. შენიშვნა) ხელნაწერზე რვა წელი იმუშავეთ, სანამ გამოაქვეყნებდით. რა აღმოაჩინეთ ამ ტექსტის მეშვეობით?
– ვიცოდი, რაც იყო “პირველ ადამიანში”. ჩემთვის ერთი რამ შეიცვალა მხოლოდ: სხვანაირად აღვიქვი ჩემი ბებია დედის მხრიდან. ქალი, რომელიც სხვათა შორის ხარის კისრის ძარღვისგან გაკეთებული მათრახით ხელში დადიოდა. იგი არ მიყვარდა, რადგანაც მამას მაგალითად მოჰყავდა ხოლმე, როცა ჩვენ რაიმე ზედმეტს მოვინდომებდით და გვიხსნიდა, რომ გვქონდა მთავარი: ჭერი, ლუკმაპური და წიგნები; ან მაშინ, როცა გვიყვებოდა, თვითონ როგორ იხდიდა ფეხსაცმელებს ფეხბურთის სათამაშოდ. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ბებია, ცოტა არ იყოს, სასტიკ მეთოდებსაც კი მიმართავდა, მაგრამ მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
– თქვენ ბრძანეთ, რომ ამ წიგნზე მუშაობისას თითქმის გრძნობდით, როგორ წერდა კამიუ…
– შეუძლებელია დიდი ხნის განმავლობაში იმუშაოთ მამას ხელნაწერზე ისე, რომ სწორი გზიდან აცდენის რისკი არ იგრძნოთ. ეს ქსოვის პროცესს წააგავს. ორი თვალი თუ გამოგრჩა, ნაქსოვში ნახვრეტი გაჩნდება ან სახელოს არასწორად მიაქსოვთ. ყურადღებით უნდა იყო ყოველი სიტყვის მიმართ. მოკლედ, ამ წიგნზე დღეში სამ საათს ვმუშაობდი. რაღაც მომენტებში მეჩვენებოდა, რომ ნაწერს ჩემი ტვინი ვერ ატარებდა, მაგრამ საჭირო სიტყვას ვპოულობდი. ეს სწორედ იმიტომ ხდებოდა, რომ ტექსტთან ხელჩართული ბრძოლა გავმართე. ამაზე მეტი შთაბეჭდილება რაღა უნდა იყოს! ნამდვილად იგრძნობ, რომ მონფავეს ფსიქიატრიული საავადმყოფო შორს არ არის (იცინის).
– როგორი იყო ეს ხელნაწერი?
– ძალიან ბევრჯერ გადასწორებული. მასში იყო უამრავი ჩამატება, კითხვის ნიშნები, რომლებსაც ანგარიში გავუწიე. ზოგიერთი ფურცელი პარიზის ვარსკვლავის მოედანს ჰგავდა. თითი უნდა გაგეყოლებინა, რომ გენახა, რამე ხომ არ შეგეშალა…
– როცა ჰყვებოდით, რომ “დაცემა“ 17 წლის ასაკში წაიკითხეთ, თქვენ ბრძანეთ: “მიმაჩნდა, რომ იგი უდანაშაულო იყო“.
– “დაცემა” მტკივნეული წიგნია. როცა იგი ჩვიდმეტი წლისამ წავიკითხე, საკუთარ თავს ვკითხე: “განა მან არ იცოდა, რომ ადამიანებს ორმაგი ბუნება გვაქვს?” მაგრამ ეს მისგან უნდა გამეგო. სწორედ ამიტომ მივიჩნიე უდანაშაულოდ. თუმცა ისიც მართალია, რომ “დაცემა” მძაფრი განცდებიცაა უმანკოების დაკარგვის გამო…
– ამას როცა ვამბობთ, იგულისხმება, რომ ალბერ კამიუს ნაწერებში სტრიქონებს შორის კვლავაც იკითხება უდანაშაულობა?
– დიახ, მისი თავდაპირველი მნიშვნელობით, რაც არაფერს ვნებს. და ამ თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, რომ მამაჩემის ნაწერები ეხმარება სხვა ადამიანებს. იგი ამბობს: “ხელოვანი არ განსჯის, იგი ცდილობს გაიგოს.” მაგრამ ჩვენ ყველანი ასე უნდა მოვიქცეთ, ხელოვანნი ვიქნებით თუ არა. რა თქმა უნდა, არსებობს ის, რაც მიუღებელია და შესაძლებელია ჩავთვალოთ, რომ ვიღაცის მიერ ომის დროს ვინმე ებრაელის დაბეზღება გაუგებარია, მაგრამ ექსტრემალური სიტუაციის გარეშე, ჩვეულებრივ ცხოვრებაში შეიძლება შეეცადო გაიგო ეს საქციელი, ოღონდ იგი არ უნდა დაუშვა.
– გინახავთ, როგორ წერდა?
– დიახ, ფეხზე იდგა თავის საწერ მაგიდასთან. მე ვფიქრობ, რომ როცა მძიმედ ხარ ავად და სიკვდილზე ნაფიქრი გაქვს (კამიუ ტუბერკულოზით იყო დაავადებული, მთარგმნ. შენ.), საწოლი რაღაც ძალიან შფოთისმომგვრელია. ამ დროს მოძრაობა გჭირდება…
– მამათქვენი მომთხოვნი იყო ფრანგულ ენასთან მიმართებაში, იმდენად, რომ როცა სტოკჰოლმში, ლიტერატურაში ნობელის პრემიის მიღების დროს სიტყვა წარმოთქვა, მადლიერებით მოიხსენია თავისი მასწავლებელი ლუი ჟერმენი. იგი ფიქრობდა, რომ პრემია მისთვის მიღწევა იყო?
– ნამდვილად იყო! ბავშვობაში იგი ალჟირულ ფრანგულზე, ბელკურის უბნის ქუჩის ენაზე ლაპარაკობდა. ამით განსხვავდება იგი მისი თანამედროვე ფრანგი მწერლების უმეტესი ნაწილისგან, რომლებიც საზოგადოების შეძლებულ ფენებს მიეკუთვნებოდნენ.
– როგორ აღიქვამდა ამ პოპულარობას?
– ყველა ხელოვანის მსგავსად, მასაც მოსწონდა, რომ ცნობდნენ. მაგრამ მორიდებული იყო და თავი პიკო დე ლა მირანდოლა არ ეგონა. იმიტომ, რომ პოპულარობის გამო შეიძლება ადამიანობა დაკარგო.
ფრანგულიდან თარგმნა გურანდა დათაშვილმა
© “არილი”
[1] ინტერვიუ გამოქვეყნდა გაზეთ “César”-ში, 2013 წლის 7 ივლისს.