ავტორი: უილ რისი
გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ფრანც კაფკამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი მოთხრობა „სორო“ დაწერა, რომელშიც გარედან მომავალი საფრთხისგან თავის დასაცავად პარანოიკი არსება მიწისქვეშ გულდასმით იშენებს თავშესაფარს. „სორო მოვაწყე და თითქოს კარგი გამოვიდა,“ – ასე იწყებს მთავარი გმირი თხრობას. თუმცა, ნელ-ნელა თავდაჯერებულობასა და თავისივე ნაშრომისადმი ნდობას კარგავს და აღარ ასვენებს ფიქრი, რომ ბოლომდე ვერასდროს დარწმუნდება, სორო ყველა საფრთხისგან თუ დაიცავს.
პროტაგონისტს დააკმაყოფილებს მხოლოდ სრული უსაფრთხოების გარანტია, ამიტომ დაუშვებელია რომელიმე დეტალის თვალსაწიერიდან გაშვება. მისი ცხოვრება ამ ფიქრებში, საზარელ ცხოველთან შეხვედრის ლოდინში ილევა, „მაგრამ ყველაფერი უცვლელი რჩება“.
როგორც ჩანს, „სორო“ დაავადებული მწერლის საკუთარ ცხოვრებაზე რეტროსპექტიული დაკვირვებაა. მანამდეც, სანამ 34 წლისას ტუბერკულოზის დიაგნოზს დაუსვამდნენ, კაფკას თავის ავადმყოფობაზე ფიქრი ათწლეულები არ ასვენებდა. არდადეგებს ბალნეოლოგიურ კურორტებზე ატარებდა, საიდანაც მეგობრებისა თუ პარტნიორებისთვის გაგზავნილი წერილები სიმპტომების მოკლე ანგარიშს უფრო წააგავდა. თავად ამის მიზეზად იპოქონდრიას ასახელებდა.
შეხედულება, რომ მწერალს საკუთარი ავადმყოფობა აწერინებს, კაფკას რომანტიზმის ეპოქამ უანდერძა. ამ იდეას პირველად რობერტ ბარტონის დაუსრულებელ ნაშრომში ვხვდებით -„მელანქოლიის ანატომია“, სადაც მწერალი „იპოქონდრიულ სევდას“ ასახელებს სტუდენტებისა და პროფესორების გარდაუვალ სნეულებად. 1913 წელს კაფკა მომავალი სიმამრისთვის განკუთვნილ წერილში თავს ახასიათებდა, როგორც არაკომუნიკაბელურ, გულჩათხრობილ, ეგოისტსა და იპოქონდრიკს, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, აღიარებდა, რომ ამის გამო სულ არ წუხდა. მტკიცედ სჯეროდა, რომ იპოქონდრიას “ლიტერატურისგან შექმნილი ადამიანი” ვერსად გაექცეოდა.
ეს აკვიატება კაფკას ჯანსაღი ცხოვრების წესისა და, დღეს ფართოდ გავრცელებული, „კეთილდღეობის“ კულტის მითითებების დაცვისკენ უბიძგებდა. ერთგულად მიჰყვებოდა გერმანულ ბურჟუაზიაში პოპულარულ „ცხოვრების რეფორმის“ (Lebensreform) მოძრაობას, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიულ ცხოვრებას, ალკოჰოლისა და თამბაქოსგან თავის შეკავებას, ვეგეტარიანელობას, უბრალო ჩაცმასა და მზის სხივებში ნებივრობას ქადაგებდა. კაფკა საეჭვო ექსპერტთა რჩევებს ზედმიწევნით ასრულებდა – არცერთი დეტალი არ უნდა გამოპარვადა.
სხეულთან მწერლის პედანტურ ურთიერთობაზე დაკვირვებამ, შესაძლოა, უფრო ცხადად დაგვანახოს გზა, რომლითაც კაფკა საკუთარ ტანჯვას ლიტერატურად აქცევდა. იპოქონდრიკობა ფუნდამენტურად განსაზღვრავდა სამყაროსადმი მის მიმართებასა და მიდრეკილებას – თავისი ცხოვრება და ურთიერთობები გაუთავებლად მიკროსკოპის ქვეშ ეთვალიერებინა.
ცნობილია, ბავშვობიდან ზედმეტი სიგამხდრის კომპლექსი აწუხებდა. „სუსტი აღნაგობის გამო“ სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებელი აღმოჩნდა, რამაც დაბალი თვითშეფასება კიდევ უფრო გაუმყარა. „ყველაზე გამხდარი კაცი ვარ, ვინც კი ოდესმე მინახავს,“ – სწერდა საცოლეს.
ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში კაფკა კეთილდღეობის არაერთმა ქადაგმა აცდუნა: მოღონიერების იმედით თანამედროვე ბოდიბილდინგის დამფუძნებლის ევგენი სენდოუს ორი წიგნი შეიძინა, ზოგჯერ მხოლოდ თხილითა და კენკრით იკვებებოდა, ხან ჰორას ფლეტჩერის მითითებით საჭმელს რამდენიმე წუთი ღეჭავდა, პრაღის ცივ ზამთარში პერანგის ამარაც კი სეირნობდა, რომ დაავადებების მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი გამოემუშავებინა.
ამ კვლევა-ძიების გზაზე ფიტნეს გურუ პიტერ მიულერის ჰოლისტიკურ რეჟიმსაც წააწყდა, რომელსაც დიდხანს ერთგულად იცავდა. მართალია, დღეს მიულერს სერიოზულად არავინ უყურებს, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბესტსელერად იქცა მისი წიგნი „ჩემი სისტემა: დღეში 15 წუთი ვარჯიში ჯანმრთელობისთვის“ (1904), რომლის ასლსაც კაფკა საწოლის გვერდზე ინახავდა.
მიულერი ბერძნულ იდეალს მიუბრუნდა და მტკიცედ უარყო ავადმყოფ სხეულში ჯანსაღი სულის არსებობის იდეა. პირდაპირ მოუწოდებდა ხელოვანებსა და მეცნიერებს ყურადღება ფიზიკური ჯანმრთელობის სრულყოფისკენაც გადაეტანათ. კაფკაც სწერდა ფელისის: „ასეთი ცხოვრების რეჟიმი ერთადერთი მიზეზის გამო მაქვს… უკეთ რომ შეეწყოს ჩემს სამწერლობო საქმიანობას.“
მიულერისთვის, ფიზიკური ძალა ჯანმრთელობის მხოლოდ ერთ კომპონენტს წარმოადგენდა. მისი წიგნი ყურადღებას ჭამაზე, ძილზე, ჩაცმაზე, ტემპერამენტის კონტროლსა და ჰიგიენაზეც ამახვილებდა. ფანჯრები მუდამ ღია უნდა ყოფილიყო ოთახის გასანიავებლად, ხოლო 15 წუთიანი ვარჯიშები შხაპითა და სკრაბით უნდა დაემთავრებინათ, კანის “გასავარჯიშებლად”. მისი თქმით, კანი იყო სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი „ორგანო“, საზღვარი შინაგანსა და გარეგანს შორის, სადაც მტვრისა და ჭუჭყის დაგროვება თვითმკვლელობას უტოლდებოდა. ჯანსაღი ცხოვრების წესი ცხოვრების ყველა ასპექტზე გამუდმებულ ყურადღებას მოითხოვდა.
მიულერით შთაგონებული კაფკა ყოველ დილას რვა საათისთვის ოფისში მიდიოდა, ლანჩისთვის სახლში ბრუნდებოდა და 10 წუთი ვარჯიშობდა – მითითებისამებრ, „შიშველი, ღია ფანჯრებთან“. შემდეგ სადილობდა და ჰაერზე სეირნობდა. საღამოს 10 საათისთვის მუშაობას იწყებდა. დილამდე მაგიდას ეჯდა, ხოლო მორიგი ვარჯიშისა და წყლის გადავლების შემდეგ დაჭიმული კუნთებით საწოლს მიაშურებდა.
კაფკას სჯეროდა, რომ მის მაღალ პროდუქტიულობას სწორედ ასეთი რეჟიმი განაპირობებდა. 1912 წლის ბოლო რამდენიმე კვირაში დაწერა მოთხრობა „განაჩენი“, „ამერიკის“ პირველი თავები, შემდეგ, ნოემბრიდან დეკემბრამდე კი – „მეტამორფოზა“, სადაც მიულერის ერთ-ერთი ფუნდამენტური რწმენა საუკეთესოდ გამოჩნდა – „ავადმყოფობა ყოველთვის ადამიანის სურვილის ბრალია“.
კაფკა აცნობიერებდა, ამ მსოფლმხედველობის პრობლემურობას, მაგრამ არჩევანის თავისუფლების იდეა საოცრად ხიბლავდა – თუ ფიზიკური ავადმყოფობა არჩევანს ექვემდებარებოდა, მაშინ შეეძლო უბრალოდ ეთქვა “არა”. თუმცა მისი ჯანმრთელობა „მატყუარა“ აღმოჩნდა – მიულერის პრინციპებს ზედმიწევნით მიჰყვებოდა, მაგრამ სხეული მის „მორჩილ მსახურად“ ქცევას რატომღაც აყოვნებდა.
ფიზიკური კეთილდღეობისადმი კაფკას აკვიატებული თავდადება, როგორც ჩანს, მარტოობისაკენ მიდრეკილებაში გადაიზარდა. 1912 წელს მაქს ბროდის ბინაში ფელისი ბაუერი გაიცნო, 5 კვირაში პირველი სასიყვარულო წერილი მისწერა, მომდევნო ზაფხულს წერილობით გრძნობებში გამოუტყდა და დაინიშნნენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ კავშირი მაინც არ შედგა.
რამდენადაც კაფკას სურდა ფელისიზე დაოჯახება, იმდენად ეს აზრი საშინლად ტანჯავდა. რა დაუზოგავ ყურადღებასაც თავის სხეულზე ზრუნვას უთმობდა, იმდენივე ნიშნობის დეტალურ ანალიზსა და გამუდმებულ დაეჭვებას მოახმარა. ყოველი წვრილმანი აშინებდა და აწონ-დაწონვის ჩაკეტილი წრისგან ვერ თავისუფლდებოდა. ერთი მხრივ, იცოდა, მარტოობის წნეხს ვერ გაუძლებდა, თუმცა, მეორე მხრივ, მსხვერპლად სამწერლობო საქმიანობის გაღება მოუწევდა.
ურთიერთობის პირველივე დღეებში კაფკას მეწვრილმანეობა ფელისის სხეულზეც გავრცელდა. გამუდმებით აკრიტიკებდა მის ცხოვრების წესს, სთხოვდა მიულერის რჩევებს მიჰყოლოდა და ერთად ევარჯიშათ. საკუთარ რეჟიმში ჩათრევით კაფკა საცოლეს “დაცულ” სოროში ეპატიჟებოდა.
1914 წლის ივნისში ოფიციალურად დაინიშნნენ. „კრიმინალივით შემიკრეს ხელ-ფეხი,“ – ცერემონია ასე აღწერა თავის დღიურში. შემდეგ წყვილი ავეჯის საყიდლად წავიდა და კაფკა შეძრა საცოლის მდარე გემოვნებამ, რომელიც Lebensreform-ის მინიმალისტურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. ყველაფერი ზედმეტი მწერლისთვის ჭუჭყთან ასოცირდებოდა. ორი წლის შემდეგ დაწერა: „მას არ გაუგია, ავეჯის მაღაზიაში შესვლისას როგორ დაისმა უბედურების მომასწავებელი, დაკრძალვის ზარის ხმა.“
ამ ინციდენტიდან ორი კვირის შემდეგ კაფკამ ფელისის მეგობარს წერილში განუმარტა, რომ მის სიჯიუტეს სუსტი ჯანმრთელობა განაპირობებდა. „უფრო ღონიერი რომ ვყოფილიყავი, ყველა სირთულეს გადავლახავდი“. ეჭვი არ ეპარებოდა, ამ შემთხვევაში როგორც საცოლესთან, ისე მთელ მსოფლიოსთან ურთიერთობას დაალაგებდა. წერილის საპასუხოდ ფელისი მეგობართან ერთად კაფკას ბერლინის ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში გაესაუბრა და მათ ურთიერთობას (დროებით) წერტილი დაუსვა. დამცირებულმა მწერალმა მისი ცხოვრების ეს ეპიზოდი დღიურის ჩანაწერებში პროცესს შეადარა.
[…]
1917 წელს კაფკა ტუბერკულოზის პირველმა შეტევამ გამოაღვიძა. მთელი ღამე სისხლის ხველებას ვერ იჩერებდა, ხოლო მზის ამოსვლისას უჩვეულოდ მშვიდი საწოლს დაუბრუნდა და ღრმა ძილს მიეცა.
იპოქონდრიკებად მონათლულთათვის, რეალური დიაგნოზის ერთგვარი საბუთია, რომ იპოქონდრიკები არც არასდროს ყოფილან („განა ვარ ვამბობდი, რომ ავად ვარ?“). რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს დაავადება, ზოგიერთისთვის თან შვება მოაქვს, რომელიც წერტილს უსვამს დაუმთავრებელ ინტერპრეტაციებისა და კვლევა-ძიებას. როცა ალისა ჯეიმზს (ვილიან და ჰენრი ჯეიმზების დას) მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, განაცხადა, რომ ეს მისთვის ერთადერთი წამი იყო, როცა სიცოცხლე ცხოვრებას დაემსგავსა.
მაგრამ კაფკას სიმშვიდეს მხოლოდ ეს არ ასაზრდოებდა, რადგან თავს კვლავაც იპოქონდრიკად მოიხსენიებდა – მისი აზრით, ნამდვილ ავადმყოფობასთან ლოგიკური აუცილებლობით წლების განმავლობაში წარმოსახვითი სნეულებების გრადაციულმა ზრდამ მიიყვანა. „ჩემი ფილტვების დაავადება მხოლოდ და მხოლოდ სხეულში გადმოღვრილი მენტალური პრობლემებია“.
რამდენიმე წლით ადრე, ფელისს არიგებდა, რომ ადამიანს არ უნდა ეცადა თავისტკივილის შემსუბუქება. პირიქით მის მიზეზებს უნდა ჩაჰყოლოდა და კარგად შეესწავლა. ეს იყო გაკვეთილი, რომელიც მიულერისგან ისწავლა – ადამიანი თავად ირჩევს ავადმყოფობას. და ახლა, სანატორიუმში მწოლიარე, საკუთარ ცხოვრებას აკვირდებოდა, რომ როგორმე ტუბერკულოზის სათავე ეპოვა. სასჯელი სახეზე იყო, დანაშაული კი ჯერ-ჯერობით არ ჩანდა.
შემუშავებული თეორიებიდან ფელისთან დაულაგებელი სასიყვარულო ურთიერთობა ამოარჩია. „მოვლენები ასე არ უნდა ვითარდებოდნენ,“ – თქვა გონებამ, რაც ხუთი წლის შემდეგ ფილტვებმა დაუდასტურა. კაფკასთვის როგორც წარმოსახვითი, ისე რეალური სნეულებები ინტერპრეტაციის ერთ პლანზე არსებობდა: ორივე სიმბოლურად ასახავდა მის სულიერ მდგომარეობას. შესაძლოა, ამიტომაც იმეორებდა ასე დაჟინებით, რომ შექმნილი იყო ლიტერატურისაგან. სასიკვდილო სარეცელზეც დაავადებას მეტაფორის როლი არ შეუცვლია. ხოლო სულისა და სხეულის დაუსრულებელი იპოქონდრიული ინტერპრეტაციები მისი სიკვდილის შემდეგაც არ შემწყდარა.
© არილი