
საკუთარი მიზნების მიღწევაში ბოლშევიკურ ხელისუფლებას, ეტყობა, ძალიან უშლიდა ხელს ინტელექტუალური ელიტა და ამიტომაც კომუნისტებმა გადაწყვიტეს საზოგადოების ყველაზე გამორჩეული და ზნეობრივი ნაწილის განადგურება. საქართველოში ბოლშევიკური რეპრესიები ჯერ კიდევ 1924 წლის აჯანყების სასტიკი ჩახშობით დაიწყო, შემდეგ კი თანდათანობით, გარკვეული პერიოდულობით, იმატა და ყველაზე საშინელი სახე 1937 წელს მიიღო, თუმც ამით არ დასრულებულა და ლამის 80-იანი წლების შუა პერიოდამდე მოატანა.
ამ რეპრესიებმა შეაჩერა საქართველოს ბუნებრივი განვითარება. XX საუკუნის დასაწყისში ქართული კულტურაც და მეცნიერებაც ევროპული გზით ვითარდებოდა: 1918 წელს ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით დაარსებულმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თავი მოუყარა მთელ მსოფლიოში გაბნეულ საუკეთესო ქართველ მეცნიერებს და სწორედ აქ, პირველ ქართულ უნივერსიტეტში, მეცნიერების თითქმის ყველა დარგში მსოფლიო მნიშვნელობის სკოლები შეიქმნა. ნამდვილი რენესანსი იყო ეს პერიოდი ქართული მწერლობისთვის, მხატვრობისა და თეატრისათვის, მაგრამ სტალინურმა რეპრესიებმა (განსაკუთრებით 1937 წლის ტერორმა) ყველაფერი მოსპო და გააცამტვერა. რატომ ცდილობდნენ კომუნისტები ასე გააფთრებით საზოგადოების საუკეთესო ნაწილის განადგურებას? ამ კითხვაზე ძალზე საინტერესო და დამაჯერებელ პასუხს სცემს გრიგოლ რობაქიძე თავის რომანში „ჩაკლული სული“ (გერმანულიდან თარგმნა ალექსანდრე კარტოზიამ), სადაც საბჭოთა იმპერიის მთავარი დიქტატორის, სტალინის, შესახებ ასე მსჯელობს:
„აშკარად ტანჯავდა სამყაროს ორგანული მრავალფეროვნება. მეტიც: თვით სიცოცხლის ატანა არ შეეძლო. მკრეხელურად ოცნებობდა ნგრევაზე, რათა თავისი გამანადგურებელი თვითნებობა გამოეცადა და გაეტარებინა. ნიჰილიზმი ზედგამოჭრილი იყო საამისოდ. ვლადიმერ სოლოვიოვმა ერთ ირონიულ წინადადებაში შეაჯამა რუსეთის ნიჰილისტური ინტელიგენციის ღვაწლი: ადამიანი მაიმუნისაგანაა წარმოშობილი, მაშასადამე, გაუმარჯოს თავისუფლებას!“ „მაშასადამე“ აქ უაზრობაა: ძნელი დასაჯერებელია, რომ მაიმუნისაგან წარმომავლობას ადამიანისთვის თავისუფლების მიცემა შეეძლოს. მაგრამ ლოგიკას ხშირად მოულოდნელად თავს ესხმის ფსიქოლოგია, და ამ სილოგიზმშიც უთუოდ ფსიქოლოგიური ალღო იყო ჩადებული. თუ დამტკიცდებოდა, რომ ადამიანი მაიმუნის მოდგმისაა, მაშინ თვით რჩეულნიც კი ყოველგვარ ხიბლს დაკარგავდნენ. ნაპოლეონი „ვინმეზე“ უფრო არაჩვეულებრივი აღარაფრით იქნებოდა, ხოლო კლეოპატრა – არაფრით მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი ქალი. ხიბლთან ერთად მოწიწებაც გაქრებოდა. ასე ფიქრობდა ნიჰილისტი. მაგრამ უფრო ღრმად აქ სხვა აზრიც იყო დაფარული. თუ ადამიანი არსებითად იგივეა, რაც მაიმუნი, მაშინ შესაძლებელი გახდება გაშიშვლება შესაქმის მცდარი მოძღვრებისა, თითქოს ადამიანი ღვთის ხატი იყოს, და, მაშასადამე, ღვთის ხატისა და მსგავსების დამხობა… არსებითი ეს იყო: თუ ღმერთი მოკვდებოდა, თავისუფლებას მოიპოვებდნენ… შესაძლოა, ქვეცნობიერად სტალინს სწორედ ეს სურდა. თუ დაირღვეოდა საკრალური კავშირი საგნებს შორის, მაშინ თვითონ სიცოცხლე აღმოჩნდებოდა საფრთხეში. ის, ვისაც სიცოცხლე თავიდანვე სტანჯავდა, ანგარიშში არ ცდებოდა“.
ეს ტექსტი რობაქიძეს 1931-32 წლებში აქვს დაწერილი და, მიუხედავად იმისა, რომ სტალინის პიროვნებაზეც და დიქტატურასა თუ რეპრესიებზეც უზარმაზარი ლიტერატურა არსებობს, ასეთი ღრმა ანალიზი ძნელად თუ მოიძებნება სადმე, მით უმეტეს, თუ შექმნის თარიღსაც გავითვალისწინებთ.
„ყველას აკვირვებდა სტალინის ასკეტიზმი, ყველა აღტაცებული იყო იმით, რომ მას არ იზიდავდა მიწიერი სიამოვნებანი: არც ქალი, არც თამაში, არც ღვინო. მაგრამ ვერ ამჩნევდნენ, რომ სტალინს სრულებით არ სჭირდებოდა ასკეტიზმი: ასეთი რაღაცეებისათვის მას უბრალოდ ორგანო აკლდა. უნდა გიყვარდეს, რათა სიამოვნება იგრძნო – თავდავიწყებამდე. მაგრამ სტალინს არასოდეს დავიწყნია თავი. ხოლო დოსტოევსკის სიტყვებს ჯოჯოხეთის შესახებ – თუმც არც ჯოჯოხეთისა სწამდა და არც სამოთხისა და ყოველგვარ ღვთის რწმენას, ლენინის მსგავსად, გვამთმავლობას ადარებდა – დოსტოევსკის სიტყვებს: „ჯოჯოხეთი არის ტკივილი იმის გამო, რომ აღარ ძალგიძს სიყვარული“, ყველაზე მეტი თავსატეხი უნდა გაეჩინა მისთვის. მას არ ჰქონდა სიყვარულის ნიჭი. აქ დაეღო ხახა უღრმეს სიცარიელეს მისი კაეშნისას, დამნაშავეობის შეუვალ ნიღაბს რომ ამოფარებოდა“.
ბოლშევიკური რეალობა, გასაბჭოების დღიდან რომ ნელ-ნელა მკვიდრდებოდა ჩვენს ქვეყანაში, უცხო და მიუღებელი იყო ქართული საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილისათვის. ცხადია, ზოგიერთი პიროვნება ადვილად ეგუებოდა ზნეობრივ კომპრომისს, თავს ირწმუნებდა, რომ ბოლშევიკებს ბოროტება კი არა, განახლება და ბედნიერება მოჰქონდათ ქვეყანაში. ასე ერგებოდა კონფორმიზმს მიჩვეული ხალხი დამპყრობელს და თავს იმით იმშვიდებდა, რომ არც ისე ცუდად იყო საქმე და მალე ყველაფერი მოგვარდებოდა.
ეს აზრი – რომ ბოლშევიკებთან დაპირისპირება კი არა, თანამშრომლობაა საჭირო – საბჭოთა იმპერიის არსებობის მთელ პერიოდში არსებობდა და სწორედ ამგვარი პოზიციით იმართლებდნენ თავს კომუნისტების გვერდით მდგარი ინტელიგენციის წარმომადგენლები: მწერლები, მხატვრები, რეჟისორები, მეცნიერები… ეს თვალთახედვა იმდენად გავრცელდა ჩვენში, რომ დღესაც კი ხელს უშლის XX საუკუნის ისტორიული თუ კულტურული მოვლენების საღად შეფასებას. ეს განსაკუთრებით ეხება XX ს-ის პირველ ნახევარსა და ქართველ მწერალთა ბედს იმ პერიოდში, რომლის შეფასების დროსაც ჩვენი საზოგადოება ხშირად ჭორებსა და ზეპირ გადმოცემებს აჰყვება ხოლმე, იმის ნაცვლად, რომ სანდო წყაროებს გაეცნოს და პროფესიონალებს ენდოს.
„ცისფერყანწელთა“ შემოქმედების ყველაზე ცნობილ და კომპეტენტურ მკვლევარს, ლალი ავალიანს, გამოქვეყნებული აქვს უაღრესად საინტერესო ნარკვევი – „პაოლო იაშვილი 1921 წლიდან 1937 წლამდე“, სადაც ავტორი წერს: „ლევან მეტრეველის ბროშურა „1921 წლის 25 თებერვალი“ – ეს, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული წიგნაკი, მხოლოდ ერთხელ ჩამივარდა ხელთ, (გამოცემულია, ვგონებ, 1925 წ.): თბილისში, მისი მოწმობით, სრული განუკითხაობა, შიში და პანიკა სუფევდა. კოჯრის მისადგომებთან კანონადით დამფრთხალი ნახირი თბილისის შემოგარენიდან ქალაქში შემოსულიყო და უპატრონოდ, ზმუილით დაეხეტებოდა. აშკარა იყო მაროდიორობის საფრთხეც. სწორედ ასეთი „პროზაული“ ამბების წინააღმდეგ შექმნილ მოქალაქეთა ცხენოსან რაზმს მეთაურობდა ნაბადმოსხმული, სანადირო თოფით შეიარაღებული პაოლო იაშვილი.
რაზმი, როგორც ჩანს, მთელ ქალაქს აკონტროლებდა, რადგან იმავე ღამით სანდრო ახმეტელის მომავალმა მეუღლემ, იმხანად გიმნაზიელმა თამარ წულუკიძემ პაოლო და მისი რაზმელები პლეხანოვის პროსპექტზე ნახა…“
რას ნიშნავს და რაზე მეტყველებს ეს უჩვეულო სურათი – ცნობილი პოეტი სანადირო თოფით ხელში თბილისის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ დღეს? ჩვენს საზოგადოებაში კარგა ხანს იყო გავრცელებული მითი, რომ თეთრ ცხენებზე ამხედრებული პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე სიხარულით შეეგებნენ წითელი არმიის შემოსვლას თბილისის მისადგომებთან.
ამ უმსგავსობას მაშივე უნდა მოღებოდა ბოლო, როგორც კი გიორგი მაზნიაშვილის მოგონებები გამოქვეყნდა, მაგრამ რაკი ეს ცილისწამება შეიძლება დღესაც გაიგონოთ, საჭიროა კარგად გავერკვეთ, სინამდვილეში რა მოხდა და რატომ დაჰბრალდა ქვეყნისთვის თავგანწირულ ხალხს უღირსი საქციელი.
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი თავის მოგონებებში წერდა: 1921 წლის 25 თებერვლის წინა დღეს, „როცა ჩემი რაზმით რკინის გზის სადგურს დავუპირისპირდი, სადგურის შესავალთან შევამჩნიე მრავალი ავტომობილი. იმ ფიქრით, რომ შეიძლებოდა მენახა მთავარსარდალი, ან მთავრობის რომელიმე წევრი და გამეგო დაწვრილებით უკან დახევის მიზეზი, გავუხვიე სადგურისაკენ. დარბაზი გაჭედილი იყო ქალაქის მცხოვრებლებით. ყველა ჩქარობდა წასულიყო მატარებლებით, რომლებიც ერთი მეორეზე მიდიოდნენ მცხეთისკენ. მგზავრთა შორის შევამჩნიე პოეტების ჯგუფი, რომელთა შორის იყვნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და ვგონებ, ლევან მეტრეველი, ესენი მოვიდნენ ჩემთან და რჩევა მთხოვეს… – ყმაწვილებო, არ ვიცი, რად აიღეს ხელი თბილისის დაცვაზე და რად წავიდნენ მთავრობა და მთავარსარდალი. …არ მესმის, თქვენ რაღად სტოვებთ დედაქალაქს! რამდენადაც გიცნობთ, თქვენ არც მეომარი ხართ და არც პოლიტიკოსები. მოქალაქის მოვალეობა გავალებთ დარჩეთ ტფილისში, მიიღოთ ენერგიული ზომები მცხოვრებლების დასამშვიდებლად. ჩემი აზრით, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა წახვიდეთ მოწინააღმდეგესთან, უნდა უთხრათ, რომ საქართველოს მთავრობამ და მისმა ჯარებმა ტფილისი დატოვეს და სთხოვოთ მიიღონ ზომები, რომ ხალხის ნაძირალა ელემენტებმა არ ისარგებლონ არეულობით ბოლშევიკური ჯარების შემოსვლის დროს და ძალადობასა და ძარცვა-გლეჯას არ მიჰყონ ხელი.“
რა მოხდა ამის შემდეგ? ტიციანმა და პაოლომ მართლაც თავის თავზე აიღეს ეს უმძიმესი ფუნქცია და… ახლანდელი ჩიტაძის ქუჩით ჩამოვიდნენ თეთრ ცხენებზე ამხედრებული ტიციანი და პაოლო, დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ ამჟამად უკვე აღარ არსებულ „სობოროში“ ილოცეს და თბილისის შემოსასვლელისკენ გაემართნენ. ეს იყო ნამდვილი თავგანწირვა, რადგან ვერავინ იტყოდა მაშინ, რა მოჰყვებოდა 26-27 წლის ახალგაზრდების ასეთ საქციელს: ისინი წინ დახვდნენ თბილისში შემომავალ დამპყრობლებს და უთხრეს, რომ ქალაქში აღარც მთავრობა იყო და აღარც სამხედრო ნაწილი. დაჰპირდნენ, რომ მათ წინააღმდეგობას არავინ გაუწევდა და ნათქვამის სიმართლეში დასარწმუნებლად მძევლებად ჩაბარდნენ მტრებს.
ეს ზეპირი გადმოცემა რომ სარწმუნოა, ჩანს გიორგი მაზნიაშვილის მოგონებაშიც: „…შემდგომში გავიგე, რომ ზოგიერთმა მათგანმა მიიღო ჩემი რჩევა. ბოლშევიკების ჯარების შემოსვლის დროს ტფილისში რომ არ ჰქონდა ადგილი ძალმომრეობას და ძარცვას, ეს გარემოება, ჩემის აზრით, უნდა მიეწეროს ჩვენი პოეტების ზემოხსენებული ჯგუფის უნარიანობასაც.“
რეპრესირებულ მწერალთა მკვლევარს, რევაზ კვერენჩხილაძეს მისხალ-მისხალ შეუკრებია შინსახკომის მასალები, პაოლოს რომ ეხება: მისთვის თვალთვალი 1929 წლიდან დაუწესებიათ, ცნობებს პოეტზე კი აგენტურა ხშირად აწვდიდა უფროსობას (1935, 1936 და 1937 წლებში – უფრო ინტენსიურად).
პაოლოს ცოცხლად დარჩენილი მეგობრები მოგვითხრობენ მისი ხასიათის საოცარ ცვლილებაზე 30-იანი წლებიდან. ეს ის დროა, როცა მიხეილ ჯავახიშვილის თქმით, „ცხოვრება გახევდა“, პოეზიის სული ჩაკლულია, სადღა არის ძველი მეგობრობა, ინტიმი და გულის გადაშლა, პაოლოსა და ტიციანის დიდი ძალისხმევით ჩამოყალიბებული მწერალთა კავშირი ბერიას დამქაშებს იდეოლოგიური ბრძოლის იარაღად უქცევიათ.
მასობრივმა დაპატიმრებებმა და გაურკვევლობამ (ვის მაშინვე ხვრეტდნენ, ვის ასახლებდნენ, მათი ასავალ-დასავალი კი ჭირისუფალმაც არ იცოდა), გამუდმებულმა შიშმა და ძრწოლამ, ცილისწამებათა ნიაღვარმა, დასმენა-დაბეზღებამ და ყოველივე ადამიანურის ჩაწიხვლამ გაუგონარი ატმოსფერო შექმნა.
გრიგოლ ჩხარტიშვილი (ბორის აკუნინი) სუიციდისადმი მიძღვნილ ცნობილ წიგნში „მწერალი და თვითმკვლელობა“ აქვეყნებს 350 თვითმკვლელი მწერლის ნუსხას. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, უეჭველია, რომ ერთადერთი პოეტი, რომელმაც 1937 წელს საბჭოთა კავშირში პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, პაოლო იაშვილი იყო.
მისი ბუნების ადამიანისთვის ჯოჯოხეთი იყო ბოლშევიკების მიერ დაპყრობილ საქართველოში ცხოვრება. 1927 წელს პაოლო წერდა:
„მე მენატრება ცხოვრება
პატიოსანი,
მაგრამ რა ვქნა, რომ გამათხოვრება
ბედი ყოფილა ქართველ მგოსანის“.
1933 წელს დაწერილ პაოლოს ერთ ლექსში კი ვკითხულობთ:
„უფალო! უსმინე შავარდენს,
მის ხელით გიგზავნი ბარათს,
მიშველე ღორებში ჩავარდნილს,
ღორებში დარჩენილს მარად“.
ეს ტრაგიკული ინტონაციები ახასიათებს ტიციანის პოეზიასაც, რაც უკვე 1922 წელს დაწერილ ლექსში („ნინა მაყაშვილს“) ნათლად ჩანს:
„მუხრანის ხიდზე დასახრჩობად კიდევ დავდგებით,
საქართველოში ცხოვრება ხომ – თვითმკვლელობაა.
ამიტომ გვიყვარს საქართველო ჩვენ თავდადებით
ამიტომ მოგვწოვს და შეგვიდნობს ჩვენ ეს ობობა“.
1924 წლის ამბოხების უსასტიკესი ჩახშობის შემდეგ ტრაგიზმი ბევრად უფრო მძაფრია:
„გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები,
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები“.
1937 წლის მაისში, საქართველოს კომპარტიის X ყრილობაზე, ბერიამ მკაცრად გააკრიტიკა პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და მიხეილ ჯავახიშვილი. ამას მოყვა სულგაყიდული კრიტიკოსების ამაზრზენი ცილისწამებით შეთითხნილი „მამხილებელი“ წერილები ქართულ პრესაში და სულ მალე ცოცხლები აღარ იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძე.
„არ დაუხვრეტიათ, მაგრამ მაინც რეპრესიების მსხვერპლია“, – ასე დაასათაურა რევაზ კვერენჩხილაძემ თავის მრავალწლიან ფუნდამენტურ ნაშრომში – „წამების გზა“ – პაოლო იაშვილის ტრაგიკული აღსასრული.
სამარცხვინოა საზოგადოება ჭორებს აჰყვეს მაშინ, როდესაც ჩვენ თვალწინაა აკაკი ბაქრაძის („მწერლობის მოთვინიერება“, „კარდუ“), რევაზ კვერენჩხილაძის („საქართველოს მწერალთა კავშირის ისტორია 1917 წლიდან“, „წამების გზა“ ორ წიგნად) და სხვა ავტორთა ძალისხმევა სამართლიანობის დასადგენად და აღსადგენად.
პაოლოს ტრაგიკული ბედის შესახებ კი, როგორც უკვე ითქვა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ლალი ავალიანის ნაშრომი, რომელსაც, ვფიქრობ, არ იცნობს ფართო მკითხველი და ამიტომ ვრცელ ნაწყვეტს მოვიყვან:
„პაოლოს მეუღლე თამარი იგონებს 1937 წლის 21 ივლისს, როცა პოეტი ბერიასთან დაიბარეს. მთელი ნათესაობა (ძმები, და, რძლები) შეიკრიბა პაოლოს მოლოდინში, მათ კიდევ ჰქონდათ მცირე იმედი. ღამის ორ საათზე დაბრუნებულმა პაოლომ, რომელიც ძალიან აგზნებული ჩანდა, როგორღაც დაამშვიდა და დააიმედა ნათესაობა. მაგრამ მეუღლეს არაფერი გამოეპარებოდა – გიჟივით თვალები ჰქონდაო… დილის 7 საათისათვის ღამენათევი პაოლო, საწერ მაგიდასთან მჯდომი, ფანჯრიდან დაინახა მისმა დამ პაშამ: არ მეძინა და ხელნაწერების მოწესრიგება გადავწყვიტეო, – დაამშვიდა და. ეს „ხელნაწერები“ კი არა, პაოლოს გამოსათხოვარი წერილები იყო – ქალიშვილისადმი, ცოლისადმი და უფროსი ძმისადმი. ცნობილია, რომ ერთი წერილი მან ბერიასაც გაუგზავნა.
ასეთი რა მოსთხოვა ბერიამ პაოლოს მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების სანაცვლოდ? პაოლოს ხომ უკვე ბევრი რამ ჰქონდა „მონანიებული“? ეს საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია.
ახლა ძნელია მარჩიელობა, მოიკლავდა თუ არა თავს პაოლო მხოლოდ დაჭერის ან დახვრეტის შიშით. საქმე ის გახლავთ, რომ შინსახკომმა, დაკითხვებზე გამოძახებით, ცილისწამების ხლართებში გააბა იგი და პოეტის სახელის გატეხაც სცადა. შინსახკომში მას უთუოდ წააკითხებდნენ ნიკოლო მიწიშვილის, სანდრო ახმეტელის, ვლადიმერ ჯიქიას, გოგი ელიავას და სხვა პატიმართა არნახული წამების შედეგად შეთითხნილ „ბრალდებებს“: პაოლო უცხოეთის აგენტი და ტროცკისტი იყოო; მისგან კი, როგორც ამბობენ, ცისფერყანწელთა მთელი ჯგუფის უცხოეთის ჯაშუშებად გამოცხადებას მოითხოვდნენ.
„ჭეშმარიტი ქართველის თავმოყვარეობამ უბიძგა პაოლო იაშვილს ფატალური ნაბიჯისადმი“ (აკაკი გაწერელია).
„ღმერთო, შეგცოდე (ასე იტყვიან), მე არ მეგონა, თუ იგი თავს გაიმეტებდა და ამიტომ ვიფიქრე, რომ იგი დაჭრილია, მაგრამ მკვდარი არ არის, თურმე საშინლად შემცდარი ვიყავი, ყველაფერი ეს ერთი თვალის დახამხამებაში მოხდა, ანი (ჩვენი დამლაგებელი ქალი) ჩამორბოდა კიბეზე და იძახდა: „ვაიმე შვილო, ვაიმე შვილო, შე უბედურო!“ მივაძახე ანიჩკას: სულ მოკვდა? სულ მოკვდა, შვილო, სულ მოკვდა, თავი გაპობილი აქვს და ტვინი დაქცეული…“ (სიმონ ჩიქოვანი).
ჩანს, პაოლო კვლავ ზუსტად მოქმედებდა: ავიდა მეორე სართულზე, ოთახში, სადაც შეფუთული „ლებო“ გახსნა, ააწყო; გამოვიდა კორიდორში, წაიძრო ფეხსაცმელი, თოფის ლულა პირში ჩაიდო და ფეხის ცერი ჩახმახს გამოჰკრა… დასაწერად ადვილია, მაინც თვალ-ცრემლიანი ვწერ ამ სტრიქონებს და დიდი სიყვარულით ვიგონებ ულამაზეს მედეა იაშვილს, რომელსაც მამის, მეტადრე – მისი თვითმკვლელობის და გამოსათხოვარი წერილების ხსენებაზე წამსვე ცრემლით ევსებოდა პაოლოს მსგავსი სხივიანი და ბრიალა თვალები…
„ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო,
ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა!
მაპატიე,
გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენს წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ვერც შენ გადამარჩინე…“
– ოჯახი არ ამიწიოკო, ხომ იცი, რომ უდანაშაულო ვარო, – სწერდა პაოლო ბერიას. მოხდა პირიქით: დაუხვრიტეს ძმა კონსტანტინე და სიძე, გადაუსახლეს ძმისშვილი, მოგვიანებით გადაასახლეს მისი უმცროსი ძმა ტუპია. პაოლოს დარდს გადაჰყვა მისი დედა და სიმამრი, რომელიც სამსახურიდანაც დაითხოვეს. ოჯახისა და ახლობელთა დაცვის ამ სურვილის სანაცვლოდ, ბერიამ შური იძია მათზე.
შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ პაოლო იაშვილმა, თავისი წინასწარგანზრახული, გულითა და გონებით გამოტანჯული ქმედება, – საჯარო თვითმკვლელობა (მან ხომ სრულიად შეგნებულად აირჩია დრო და ადგილი – მწერალთა კავშირი და გარეწართა მიერ დანიშნული სხდომა) პოლიტიკური პროტესტის უკიდურეს ფორმად გადააქცია. ეს იყო პრეცედენტი იმ შიშიანობის დროს, პრეცედენტი, რომელსაც ანალოგი არ დაეძებნება არამცთუ საქართველოში, – მთელ საბჭოთა კავშირში. თანაც, ეს იყო ბერიასათვის გაწნული სილა…
პაოლოს თვითმკვლელობა შეფასდა როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული „პროვოკაციული აქტი“. ექვსიოდე დღის შემდეგ მწერალთა კავშირის საგანგებოდ პაოლოს თვითმკვლელობის გამო მოწვეულ კრებაზე „პროვოკაციულ აქტს“ სხვა უამრავი ცოდვაც მიუმატეს; დოკუმენტი შეთითხნეს, რომლის თანახმად, პოეტი „ტროცკისტ-ბუხარინულ ბანდიტებთან ერთად სისხლიანი ფაშიზმის სასარგებლოდ მუშაობდა!“
ძალზე სარწმუნო ვარაუდს გამოთქვამს ლალი ავალიანი იმის შესახებ, თუ რატომ გავრცელდა ჭორი – ტიციანი და პაოლო სიხარულით შეეგებნენ მეთერთმეტე არმიის შემოსვლასო: „დარწმუნებული ვარ, 1924 წლის შეთქმულების ჩახშობის შემდეგ ან 30-იანი წლების გამძაფრებული დესპოტიის პირობებში თვით პაოლოც კი არ უარყოფდა ამ „ლეგენდას“, პირიქით, თავის გადასარჩენად გამოიყენებდა.
უსაფუძვლოდ არაფერი ხდება: 50-იანი წლების დასასრულს კვლავ გახმაურდა ეს ლეგენდა; იგი პაოლოს, ტიციანის, მიხეილ ჯავახიშვილის, ნიკოლო მიწიშვილისა და სხვათა რეაბილიტაციის დასაჩქარებლად, მათი თხზულებების ხელახალი პუბლიკაციის ნებართვისათვის გამოიყენეს.“
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა ელოდათ ასეთ თავისუფალი სულისა და მაღალი ინტელექტის ადამიანებს საბჭოთა დიქტატურის პირობებში. 1926 წელს სერგეი ესენინისადმი მიძღვნილ ლექსში ტიციან ტაბიძე წერდა:
„განა შენ დარჩი მარტო ცოცხალი,
რომ გადარჩენა არ გხარებია?..
ვინ დაითვალოს ცრემლის კურცხალი,
სირცხვილი, რაც გულს გაჰკარებია?
არ გამოცვლილა ხომ პოეზია,
მუზები ცისკრის კარებს აღებენ,
მაგრამ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწია,
ჩვენც ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ.
და გულში სტირის შენი ანდერძი:
სადღეგრძელოში გვახსოვდე მარად.
წითელ ღვინოში – შენ პურის კერძი
წამოიზრდები სისხლის ტომარად.
ღმერთი და სჯული… არა ვართ შორი,
მონღოლის სისხლი გვიდუღს ორთავეს,
სული დააპეს და მერე მძორი…
მძორიც ძერებმა გამოათავეს.
ასე უჭირდა ალბათ ამირანს,
რომ დაულეწეს ჩვენსავით მკერდი…
შევსვამთ საწამლავს… ჩვენ როგორც მირონს _
პირველად შენ სთქვი ეს ალავერდი“.
მაშინ ეს ყოველივე ჯერ კიდევ მხოლოდ ბუნდოვან და შემაშფოთებელ წინათგრძნობად რჩებოდა და მაინც ცოცხლობდა იმედი, რომ ეს უბედურება გადაივლიდა და ყველაფერი მოგვარდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სრულიად უსაფუძვლო იმედები იყო. სხვებზე ადრე გრიგოლ რობაქიძე დარწმუნდა, აღარაფერი კარგი აღარ ელოდა და საკუთარი თავისთვის თავად უნდა ეშველა. 1931 წელს მან თავის მეგობრებს უთხრა, რომ გერმანიაში აპირებდა წასვლას და მათაც შესთავაზა ემიგრირება, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არავინ ელოდა, რომ საბჭოთა მთავრობა სრულიად უდანაშაულო ხელოვანებსა და მეცნიერებს მასობრივად გაანადგურებდა. რობაქიძე მარტო გაემგზავრა გერმანიაში იმ იმედით, რომ საქართველოში ოდესმე მაინც დაბრუნდებოდა, მაგრამ ამ ნატვრას ასრულება აღარ ეწერა.
პირველივე რომანი, რომელიც ემიგრაციაში წასულმა რობაქიძემ გამოაქვეყნა, იყო „ჩაკლული სული“, სადაც დოსტოევსკის „ეშმაკნის“ შესახებ ასეთი განსჯაა გადმოცემული:
„ვერხოვენსკი შიგალიოვის გეგმას უამბობს სტავროგინს:
შიგალიოვს კარგად უწერია ჯაშუშობაზე. მისი საზოგადოების წევრებში ყველანი ერთმანეთს უთვალთვალებენ, ყოველი წევრი მოვალეა მეორე დაასმინოს. ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის. ყველა მონაა და ყველას ერთნაირი უღელი ადევს. თუ გაჭირდა, ცილისწამება და მკვლელობა, ისე კი – თანასწორობა. პირველ ყოვლისა დაეცემა განათლების, მეცნიერებისა და ხელოვნების დონე. მეცნიერება და ხელოვნება მხოლოდ დიდი ნიჭის ხალხისთვის არის მისაწვდომი, არ გვინდა ჩვენ დიდი ნიჭის ხალხი. დიდი ნიჭის ადამიანებს მუდამ ძალაუფლებისაკენ ეჭირათ თვალი და მუდამ დესპოტები იყვნენ. დიდი ნიჭის ადამიანები არ შეიძლება დესპოტები არ იყვნენ, ისინი მუდამგზის უფრო რყვნიდნენ ხალხს, ვინემ სარგებლობა მოჰქონდათ. მათ გააძევებენ ანდა მოკლავენ, ციცრეონს ენას მოაჭრიან, კოპერნიკს თვალებს დასთხრიან, შექსპირს ქვებით ჩაქოლავენ. აი, შიგალიოვის მოძღვრების დედაარსი! მონები თანასწორნი უნდა იყვნენ. უდესპოტიზმოდ არც თავისუფლება ყოფილა ქვეყნად და არც თანასწორობა. მაგრამ ფარაში კი თანასწორობა უნდა სუფევდეს“.
„ჩაკლული სულის“ მთავარი პერსონაჟი თამაზ ენგური დოსტოევსკის ამ რომანის აშიაზე მიაწერს: „[ეს] უკვე აღარ არის გეგმა. არსებითად ის უკვე განხორციელდა. ჯაშუშობა ახლა ატმოსფერული მოვლენაა და გამორიცხული არ არის, რომ თვით ასტრალურმა სხეულებმაც ჯაშუშობა დაიწყონ. დესპოტიზმის გარეშე წარმოუდგენელია თანასწორობა, – დღეს სიტყვა „დესპოტიზმი“ „დიქტატურით“ უნდა შეიცვალოს… ერთში ცდება დოსტოევსკი: ციცერონს არ აჭრიან ენას, კოპერნიკს არ სთხრიან თვალებს, არც შექსპირს ქოლავენ ქვებით, – სამაგიეროდ ციცერონმა მარქსისტულად უნდა ილაპარაკოს, კოპერნიკმა მატერიალისტურად უნდა ჭვრიტოს სამყარო, ხოლო შექსპირმა პროლეტარულად თხზას“.
როგორც აღმოჩნდა, შეცდა თამაზ ენგური და არა დოსტოევსკი: საბჭოთა ხელისუფლებამ არც დიდი მეცნიერები დაინდო და არც უნიჭიერესი ხელოვანები. ამდენად, „ეშმაკნი“ წინასწარმეტყველური რომანი აღმოჩნდა ისევე, როგორც რობაქიძის „ჩაკლული სული“. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ რუსმა მწერალმა თითქმის საუკუნით ადრე განჭვრიტა, რა მოჰყვებოდა უღმერთო ეპოქას, გრიგოლ რობაქიძე კი ერთ დიქტატურას გაექცა და მეორეს მიემხრო იმ იმედით, რომ ეს უკანასკნელი ბოლშევიზმს ბოლოს მოუღებდა და მისი სამშობლო გათავისუფლდებოდა. მაგრამ არც ამ ოცნებას ეწერა ასრულება და გრიგოლ რობაქიძეს ჰიტლერისა და მუსოლინიზე დაწერილი წიგნების მერე ევროპელი ინტელექტუალებიც განუდგნენ და იგი სრულიად მარტო დარჩა, უსამშობლოდ და უთვისტომოდ, მხოლოდ ქართული ემიგრაციის ორიოდე წარმომადგენლის ამარა. 1962 წელს იგი სრულ მარტოობაში გარდაიცვალა ჟენევაში, თუმც სიკვდილის წინ მაინც გაუმართლა და შვეიცარიაში ჩასული სუხიშვილების კონცერტებს დაესწრო. მისი უკანასკნელი ესეც – „ქართული გენია როკვით განფენილი“ – ამ ბედნიერი საღამოებით გამოწვეულ აღფრთოვანებას გამოხატავს. როგორც ილია თაყაიშვილი იგონებდა, შვეიცარიაში გამართულ ოთხივე კონცერტზე, წინა რიგში, ერთსა და იმავე ადგილას, იჯდა წარმოსადეგი მოხუცი, თვალმოუშორებლად მისჩერებოდა სცენას და ტიროდა… ასე იგლოვდა იგი სამუდამოდ დაკარგულ სამშობლოს (სადაც მისი სახელის ხსენებაც კი სასტიკად აკრძალული იყო) და, როგორც თავად უწოდებდა, თავის ძმებს – მზის შვილებს – ბოლშევიკური დიქტატურის მიერ განადგურებულ ტიციანს, პაოლოს, მიხეილ ჯავახიშვილს…
© არილი