ქალაქში მოხვედრისთანავე, უსინათლო კაცმა იმის მტკიცება დაიწყო, ცოცხალი ქვიშით სავსე უდაბნო გამოვიარეო. ჯერ მოვკვდიო, ასე ამბობდა, მერე კი ერთბაშად უდაბნო დამატყდა თავსო. ამ ამბავს ყველას უყვებოდა, ვინც კი ყურს უგდებდა, მათ ფეხის ხმას აყურადებდა და თავს აქეთ-იქით აქნევდა. ჟღალი ქვიშა ნიაღვრად სცვიოდა წვერიდან. მისი თქმით, უდაბნო უკაცური და ხრიოკი იყო და გველივით სისინებდა. რამდენ დღეს იარა, თვითონაც არ იცოდა, ვიდრე მის ფეხქვეშ დიუნები გადაიხსნა, ქვიშა მთელ სხეულზე შემოეხვია და ნიკაპამდე ამოუვიდა. მერე კი სამყაროში მხოლოდ გულისცემაღა ისმოდა. ეს ყველაზე მკაფიო ხმა იყო, რაც კი ოდესმე გაუგია. შემდგომში ყვებოდა, როდესაც მილიონობით ქვიშის მარცვალმა გამიფხაჭნაო სხეული, მხოლოდ იმწამს ვიგრძენი, რომ ნამდვილად მკვდარი ვარო.
ჯიმ სინგერი, ძეგლის შორიახლოს მდებარე სენდვიჩის მაღაზიის მფლობელი, ამბობდა, თითის წვერებში ჩხვლეტა ვიგრძენი და იმწამსვე სუნთქვა შევწყვიტეო. გულით მოვკვდიო, ამტკიცებდა და ხელს მკერდზე ისვამდა, გულის შეტევამ საკუთარ საწოლში მოუღო ბოლო. თვალები რომ დაუხუჭავს და ისევ გაუხელია, უკვე მატარებელში მჯდარა, ისეთში, გასართობ პარკებში ბავშვებს წრეზე რომ ასეირნებს. ლიანდაგი მოყავისფრო ხეების ხშირ ტყეში მიიკლაკნებოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ხეები კი არა, ჟირაფები ყოფილან, მათი წაგრძელებული კისრები ხის კორომებივით უჩინარდებოდა მაღლა ცაში. უეცრად ამოვარდნილმა ქარმა ზურგებიდან ლაქები მოსწყვიტა. ლაქების კორიანტელი თავს დასტრიალებდა, ლოკომოტივიდან ამოსული ორთქლის ჭავლს მიჰყვებოდა. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ მიხვდა, რომ ის გუგუნი, მთელი ამ ხნის მანძილზე რომ ჩაესმოდა, მატარებლის ბრობლების ხმა არ უნდა ყოფილიყო.
გოგონამ, რომელსაც პარკში ალვის ხის ქვეშ უყვარდა დგომა, გაიხსენა, სიკვდილისთანავე ალუბლისფერ ოკეანეში ჩავეშვიო; თავიდან წყალმა ამომატივტივა, გულაღმა ვიწექი და წრეზე ვტრიალებდი უმიზნოდ, თან, რაც კი მახსოვდა, ყველა პოპულარული სიმღერის მისამღერს ვღიღინებდი. მაგრამ უცებ ცამ დოლივით დაიგრგვინა, ღრუბლები შუაზე გაიპო და მის გარშემო ათიათასობით ბურთულისებრი ნაყოფი ჩამოცვივდა. იმდენი გადავყლაპე, რამდენიც შევძელიაო, ამბობდა და თან ალვის დამსკდარ ქერქს უსვამდა ხელს. თვითონაც არ იცოდა, რატომ ყლაპავდა. მუცელი სავსე ტომარასავით დაუმძიმდა და ოკეანის სიღრმეში დაიწყო ჩაფლობა. თევზებმა გუნდ-გუნდად ჩაუქროლეს, მათი ლურჯი და ყვითელი ფარფლები წყალში ერთადერთ ნათელ ფერებად მოჩანდა. და თავის გარშემო, ყოველი მხრიდან ისევ ის გუგუნი ჩაესმოდა, რაც ყველა სხვამაც გაიგონა: თითქოს ვეება გული ძგერდა.
ის, რასაც ეს ადამიანები ზღვრის გადალახვის შესახებ ჰყვებოდნენ, მათი ათიათასი სიცოცხლის მსგავსად, მრავალფეროვანი და უნიკალური ისტორიები გახლდათ, ბევრად უფრო დეტალური და საინტერესო, ვიდრე თვით გარდაცვალების მომენტი. ბოლოს და ბოლოს, ადამიანისთვის სიკვდილის სულ თითზე ჩამოსათვლელი ვარიანტი არსებობს: ან გულის ბრალი იყო, ან თავის, ან არადა – რომელიმე ახლადშემოსული დაავადების. მაგრამ არავის გაუვლია ერთხელ გაკვალული გზა ზღვარის გადალახვისას. ლევ პეილი ამბობდა, ჩემი სხეული ატომებად დაიშალა და ჩემს თვალწინ ეს ატომები შუშის ბურთილებივით სკდებოდა, შემდეგ ჩემი ატომები სიცარიელიდან ისევ აღმოცენდა და ერთმანეთს მიეკრო. ჰანბინგ ლი ამბობდა, მუხუდოს სხეულში გამეღვიძა და ერთი მთლიანი სიცოცხლე ატმის ნაყოფის რბილ ხორცში გავატარეო. გრასიელა კაბაზოსი მხოლოდ ორ სიტყვას იმეორებდა, – თოვლად დავიფერფლეო, – და, თუკი ვინმე უფრო დაწვრილებით ჩაეკითხებოდა, მორცხვი ღიმილით დუმდა.
ერთმანეთის მსგავს ორ მონათხრობს ვერ მოძებნოდით, მაგრამ უკლებლივ ყველასთან ეს დოლის ხმასავით რიტმული გუგუნი ფიგურირებდა.
ზოგიერთი ამტკიცებდა, ეს ხმა არასოდეს მტოვებსო, საკმარისია სმენა და ყურადღება მისკენ მიმართო, რომ ეს ხმა ყრუდ ჩაგესმება ქალაქის ყველა სხვა ხმაურის მიღმა: მუხრუჭებისა და საყვირების, რესტორნების კარებზე მოწკარუნე ზარების, ქვაფენილზე ყველა სახის ფეხსაცმლის ბაკუნის თუ თქარა-თქურის მიღმაც კი. ადამიანები საგანგებოდ ჯგუფდებოდნენ პარკებში თუ სახლის სახურავებზე, რათა ამ ხმისთვის მიეყურადებინათ; ჩუმად ისხდნენ ერთურთზე ზურგებით მიყრდნობილნი და უსმენდნენ: ბაა-დუმმ. ბაა-დუმმ. ბაა-დუმმ. ეს ჰგავდა მცდელობას, ცაში აფრენილი ფრინველისათვის თვალი არ მოგეშორებინა მაშინაც კი, როცა ის უკვე წერტილისოდენადღა მოჩანს.
ლუკა სიმზმა ქალაქში მოხვედრის შემდეგ პირველივე კვირას ძველისძველი მიმეოგრაფი აღმოაჩინა და გაზეთის გამოშვება მოუვიდა აზრად. ყოველ დილით მთავარ ქუჩაზე ყავახანის კართან იდგა და თავის დაბეჭდილ გაზეთს არიგებდა. “ლუკა სიმზის ახალი ამბებისა და განსჯათა ფურცელი”, ან, როგორც მას ხალხი უწოდებდა, “სიმზის ფურცელი” ერთ-ერთ უმთავრეს თემად სწორედ ამ ხმას განიხილავდა. ლუკას მიერ გამოკითხულთა მხოლოდ ოცი პროცენტი ამტკიცებდა, ეს ხმა ზღვარის გადალახვის შემდეგაც ჩაგვესმისო, სამაგიეროდ ყველა ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ ის სხვას არაფერს ჰგავდა, მეტიც: სხვა ვერაფერი იქნებოდა, თუ არა გულისცემა. თუკი ასეა, თავისთავად ჩნდებოდა კითხვა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს გულისცემა. მათი საკუთარი ვერ იქნებოდა, რადგან მათი გულები აღარ ძგერდა. მოხუც მაჰმუდ კასიმს სჯეროდა, რომ თავისი ადრინდელი გულისცემა ასე დაჟინებით იმიტომ ედგა ყურებში, რომ სიცოცხლეში მას ყურადღებას არ აქცევდა. ქალი, რომელიც მდინარის პირას სამაჯურებს ყიდდა, ამბობდა, ეს გულისძგერა სამყაროს შუაგულიდან მოისმისო, – იმ კაშკაშა და მოთუხთუხე ადგილიდან, რომელიც ზღვარზე გადასვლისას გამოიარა. “ამ აზრს რაც შეეხება,” – ასკვნიდა საგაზეთო წერილი, – “ჩვენ უმრავლესობას ვეთანხმებით იმაში, რომ ხსენებული ხმა ცოცხალთა გულისცემა უნდა იყოს. ცოცხლები თავის შიგნით მარგალიტებივით დაგვატარებენ. მხოლოდ მანამ ვარსებობთ, ვიდრე მათ ვახსოვართ.” ლუკამ თვითონაც იცოდა, რომ მცდარი მეტაფორა მოიყვანა: მარგალიტი ხომ მოლუსკზე ბევრად უფრო დიდხანს ცოცხლობს. მაგრამ საგაზეთო საქმეში უპირველესი კანონია ის, რომ, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, ვადებში უნდა ჩაეტიო. ლუკა უკვე კარგა ხანია, შეეშვა სრულყოფილებისაკენ სწრაფვას.
ქალაქში დღითიდღე მატულობდა ხალხი და, მიუხედავად ამისა, მათი დაბინავება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. შეიძლებოდა წლების მანძილზე ნაცნობ ქუჩაზე გევლო და ერთხელაც მის ბოლოში ახალთახალ შენობას ან სულაც ახალ კვარტალს გადაჰყროდი. კერსონ მაკკორინს, ერთ-ერთი შავი პრიალა ტაქსის მძღოლს, კვირაში ერთხელ მაინც უწევდა თავისი რუკების ხელახლა დახაზვა. ყოველდღიურად ოცჯერ, ოცდაათჯერ, ორმოცდაათჯერ უსხდებოდნენ ქალაქში ახლადჩამოსული მგზავრები და ისეთ ადგილას სთხოვდნენ წაყვანას, რომლის შესახებაც კერსონს მანამდე არ სმენია. წარმოშობით აფრიკიდან, აზიიდან, ევროპიდან და ორივე ამერიკიდან იყვნენ. ზოგი გადატვირთული მეტროპოლისიდან მოსულიყო, ზოგიც – ოკეანეში ჩაკარგული პატარა კუნძულიდან. ერთმა ბებერმა ქუჩის მუსიკოსმა, შემოდგა თუ არა ქალაქში ფეხი, მაშინვე წითელი აგურით ნაგებ უბანში დაიწყო დაკვრა, მისი ტუჩის გარმონი ნელ, სევდიან ოხვრებს გამოსცემდა. ერთმა იუველირმა, სრულიად ახალგაზრდა კაცმა, მეიფლისა და ქრისტოფერის ქუჩების კუთხეში მაღაზია გახსნა, სადაც ვერცხლის კულონებში ჩასმულ ბრილიანტებს ყიდდა. ჯესიკა ოფერტს, აგერ უკვე ოცდაათი წელი იყო, რაც საკუთარი საიუველირო მაღაზია ჰქონდა იმავე კუთხეში, მაგრამ კონკურენტის გამოჩენა აშკარად არ აღელვებდა, პირიქით, ყოველ დილით ახალგაზრდა კაცს შავი ყავით უმასპინძლდებოდა, თავადაც ჩამოუჯდებოდა ხოლმე მაღაზიის წინა ოთახში ყავის დასალევად და საჭორაოდ. ყველაზე მეტად აკვირვებდა ის, რომ კაცი ასე ახალგაზრდა იყო, რომ საერთოდ ბოლო დროს ძალზე ბევრი ახალგაზრდა მკვდარი გამოჩნდა ქალაქში. კარგად რომ დაჰკვირებოდი, მათ დიდ ნაწილს ბავშვები შეადგენდნენ, ფანჯრების წინ სქეითბორდით რომ დაქროდნენ ანდა სათამაშო მოედნისაკენ მიიჩქაროდნენ. ერთი ბიჭი, ლოყაზე მარწყვის ფერისა და ფრომის ლაქა რომ ჰქონდა, საქანაო ცხენებს ეთამაშებოდა, უყვარდა იმის წარმოდგენა, თითქოს ცოცხალი ცხენები იყვნენ, რომლებსაც თავის ფერმაზე უვლიდა, ვარცხნიდა და აპურებდა, ვიდრე დაბომბვისას ყველანი არ დაიხოცნენ. მეორეს დაღმართზე უყვარდა ჩარბენა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ტერფებს მიწას ურტყავდა, როდესაც თავის ჯერ კიდევ ცოცხალ მშობლებსა და უფროს ძმებზე ფიქრობდა. მის თვალწინ გამოჯანმრთელდნენ იმავე დაავადების შემდეგ, თავად მას ნელ-ნელა რომ გამოსწოვა სიცოცხლე. ამის შესახებ ლაპარაკს ერიდებოდა.
ეს მოხდა ომის დროს, მაგრამ ვერც ერთი დანამდვილებით ვერ გეტყოდათ, რომელ ომზეა საუბარი.
დროდადრო რომელიმე მკვდარი, ვისაც ეს-ეს იყო გადმოელახა ზღვარი, ქალაქს შეცდომით სამოთხედ მიიჩნევდა, თუმცა ეს მცდარი შთაბეჭდილება მუდამ მალევე განქარდებოდა ხოლმე. განა შეიძლება სამოთხეში დილაობით ნაგვის მძიმე მანქანების გრიალი ისმოდეს, ქვაფენილზე საღეჭი რეზინი ეგდოს, მდინარის პირას კი დამპალი თევზის სუნი იდგას? მეორე მხრივ, ჯოჯოხეთში სად ნახავთ საკონდიტროებს, შინდის ხეებსა და ისეთ ლაჟვარდოვან, კრიალა დღეებს, როცა სიხარულისაგან მთელ კისერსა და ზურგზე გბურძგლავს? არა, ეს ქალაქი არც სამოთხე იყო, არც ჯოჯოხეთი და, ცხადია, მას ვერც ამქვეყნიურ სამყაროს მიაკუთვნებდით. მაშასადამე, რაღაც სულმთლად განსხვავებული უნდა ყოფილიყო. სულ უფრო მეტი ადამიანი მიდიოდა იმ დასკვნამდე, რომ ქალაქი უბრალოდ სიცოცხლის გაგრძელებაა, – რაღაც წინკარის მსგავსი, – და რომ მასში მხოლოდ იმდენ ხანს ვყოვნდებით, ვიდრე ცოცხალთა ხსოვნაში ვრჩებით. როგორც კი ჩვენი უკანასკნელი ნაცნობ-ახლობელი გარდაიცვლება, მაშინვე რაღაც მომდევნო სამყოფელში გადავინაცვლებთ. ქალაქის მკვიდრთა უმრავლესობა მართლაც სამოცი-სამოცდაათი წლის შემდეგ სადღაც ქრებოდა. ეს, მართალია, ამ თეორიის მტკიცებად არ კმაროდა, მაგრამ მის გავრცელებას მაინც უწყობდა ხელს. ხალხში დადიოდა ამბები ისეთ მამაკაცებსა და ქალებზე, ქალაქში საუკუნეების მანძილზე რომ სახლობდნენ, მაგრამ ამგვარ ამბებს ყველა დროსა და სივრცეში ჰყვებიან და ვინ იცის, რამდენად დამაჯერებელია ისინი?
თითოეულ სამეზობლოს საკუთარი თავშეყრის ადგილი ჰქონდა, სადაც ადამიანები ერთმანეთს სხვა სამყაროდან მოღწეულ ახალ ამბებს უზიარებდნენ. ძეგლის მიდამოებში ასეთი ადგილი სვეტებიანი თაღი გახლდათ, სუპერმარკეტის უბანში – “ერთადერთი და განუმეორებელი ტავერნა”, ხოლო კონსერვატორიის უბანში, ორანჟერეის გვერდით ანდრეი კალატოზოვის რუსული საჩაიე მდებარეობდა. კალატოზოვი თითბრისფერ სამოვარში ადუღებული წყლით ჩაის აზავებდა და გლუვი ხის ლამბაქებზე შემოდგმულ ფაიფურის მომცრო ფინჯნებში ასხავდა. ცოლმა და ქალიშვილმა ორიოდ კვირით დაასწრეს სიკვდილი, უბედური შემთხვევის გამო დაიღუპნენ, როდესაც თავიანთი ბაღის მიწაში ჩაფლულ ჭურვს გადააწყდნენ. ანდრეიმ ყველაფერი სამზარეულოს ფანჯრიდან დაინახა. ცოლის ნიჩაბმა საუკუნოვანი ჟანგით დაფარულ რკინის ზედაპირზე რომ დაიღრჭიალა, ვერავინ მიხვდა, რა იყო ეს, ვიდრე მიწაში ჩაფლული საგანი არ აფეთქდა. ორი კვირის შემდეგ ყელზე სამართებელი იმ იმედით გადაისვა, რომ ზეცაში ისევ შეხვდებოდა თავისიანებს, და მართლაც აგერ იყვნენ – ცოლიც და ქალიშვილიც – საჩაიეს სტუმრებს უღიმოდნენ და პალტოებს ართმევდნენ. კალატოზოვი მათ გაჰყურებდა და თან ლამბაქზე ლამაზად აწყობდა ლიმონის ნაჭრებს. ის უბედნიერესი კაცი იყო ამ ოთახშიც და ნებისმიერ სხვა ოთახში, სადაც კი შევიდოდა. ეს ქალაქი სამოთხე თუ არ იყო, პირადად მისთვის სამოთხესაც კი ჯობდა. დილიდან საღამომდე ყურს უგდებდა კლიენტების საუბრებს ომის შესახებ. როგორც ამბობდნენ, ამერიკამ და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს, ასევე ჩინეთმა, ესპანეთმა, ავსტრალიამ და ნიდერლანდებმაც. ბრაზილია მორიგი მუტოგენური ვირუსის შემუშავებას განაგრძობდა, რომელიც უახლეს ანტიტოქსინებს დაამარცხებდა. თუ იქნებ ამას ბრაზილია კი არა, იტალია აკეთებდა. ანდა ინდონეზია. ამდენ მიეთ-მოეთში სიმართლის გარკვევა ძალზე ძნელი იყო.
დროდადრო თავშეყრის რომელიმე ადგილას – ტავერნაში, საჩაიეში, ბაზრის მოედანზე თუ სვეტებიანი თაღის ქვეშ – ერთი-ორი დღის წინ გარდაცვლილი პიროვნება გამოცხადდებოდა და იმწამსვე მკვდრების მთელი ჯარი შემოეხვეოდა ხოლმე, ერთმანეთს ამბების გამოკითხვას არ აცლიდნენ. მუდამ ამდაგვარი შეკითხვები ისმოდა: “სად ცხოვრობდი?”, “ცენტრალური ამერიკის შესახებ თუ იცი რამე?”, “მართალია, რასაც მყინვარების შესახებ ამბობენ?”, “ბიძაშვილის ამბების გაგებას ვცდილობ. არიზონაში ცხოვრობდა. ლუის ზაიგლერი ერქვა, ლუ-ის…” “აფრიკის სანაპირო ზოლზე თუ შეიცვალა სიტუაცია? იცი რაიმე?” “გვიამბე, რაც იცი, გთხოვ, ყველაფერი, რაც კი იცი!”
კაირან პეტელი თითქმის მთელი საუკუნე ბომბეის სასტუმროს უბანში ყიდდა მძივებს. მისი თქმით, მის ქვეყანას სულ უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან თვით მისი ქვეყანა სულ უფრო კლებულობდა და სანახავიც თითქმის აღარაფერი შერჩა. სპილოსძვლის მძივები, ახალგაზრდობაში რომ დაჰქონდა ქუჩა-ქუჩა, თანდათან იშვიათი, ბოლოს კი სულმთლად მიუწვდომელი გახდა. უკანასკნელი ცოცხალი სპილოები სხვა ქვეყნების ზოოპარკებში დაემწყვდიათ. ის “ნატურალური სპილოსძვალი”, სიცოცხლის ბოლო წლებში რომ ყიდდა, სინამდვილეში კორეის ქარხანაში ათასობით დაშტამპული პლასტმასის ბურთულები იყო. თუმცა აღარც ამას ჰქონდა რაიმე მნიშვნელობა. მის დახლთან გაჩერებული ტურისტები ყალბს ნამდვილისაგან ვერ ასხვავებდნენ.
თექვსმეტი წლის ჯეფრი ფელონმა პარკ ფოლიდან, ვისკონსინის შტატში, თქვა, ბრძოლები ჯერ მხოლოდ სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს, მაგრამ ინფექციამ უკვე კონტინენტის სიღრმეში შემოაღწია, ამის ცოცხალი საბუთი აგერ ვარო. “ცოცხალი თუ არა, საბუთი ხომ მაინც ვარ”, – თავისი სიტყვები თვითონვე შეასწორა. თავიდან პაკისტანი იყო მტერი, შემდეგ – არგენტინა და თურქეთი, ამის შემდეგ კი უკვე ვეღარაფერი გაეგო. “მაინც რა გინდათ, რომ გიამბოთ?” – ეკითხებოდა გარს შეკრებილთ და მხრებს იჩეჩდა, – “ყველაზე მეტად ჩემი მეგობარი გოგონა მენატრება”. გოგონას ტრეისი ტიპტონი რქმევია და ყურის ბიბილოზე მეჩხერი კბილებით ისეთნაირად იცოდა კბენა, რომ ბიჭს მთელი სხეული გიტარის სიმივით უთრთოდა. ახლა სულ იმას იმეორებდა, ადრე ჩემი ყურის ბიბილოებისთვის არასოდეს მიმიქცევია ყურადღება, ახლა კი სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობო. ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენდა?
კაცს, რომელიც მთელ დღეებს გინზას ქუჩაზე სუპერმარკეტის ესკალატორებზე ასვლა-ჩამოსვლას ანდომებდა, საკუთარი სახელის გამხელა არ სურდა. თუკი ვინმე ჰკითხავდა, სიკვდილამდელი არსებობიდან რა გახსოვსო, მხოლოდ ტაშს შემოჰკრავდა, ბრახო, დაიძახებდა და ხელებს ისე იქნევდა, თითქოს საახალწლო ტკაცუნა გასკდა.
ქალაქის ცენტრში აღმართული, ფოლადსა და პოლიმერში ჩასმული მდიდრული შენობები, რომელთა ბრდღვიალა ფანჯრები თითოეული ღრუბლის უმცირეს ნაპრალსაც კი ირეკლავდა, ორასი-სამასი კვარტლის შემდეგ სადა ქვის, აგურის და, ბოლოს, ხის სახლებსაც უთმობდნენ გზას; თუმცა, ეს გადასვლა იმდენად შეუმჩნეველი იყო, ქუჩები კი – იმდენად გადატვირთული, რომ მხოლოდ რამდენიმე საათის აუჩქარებლად სიარულის შემდეგ თუ გაიაზრებდი, რომ შენს გარშემო არქიტექტურამ სახე იცვალა. ტროტუარებს ამრავალფეროვნებდა კინოთეატრები, გიმნაზიები, რკინაკავეულის მაღაზიები, კარაოკე-ბარები, კალათბურთის დარბაზები და ფალაფელის ჯიხურები. იყო ბიბლიოთეკები და თამბაქოს მაღაზიები. საცვლების ბუტიკები და ქიმწმენდის საამქროები. ქალაქის ნებისმიერ უბანში ასობით ტაძარს ნახავდით – პაგოდები, მეჩეთები, საყდრები და სინაგოგები. ბოსტნეულის ბაზრებსა და ვიდეო-გაქირავების სტუდიებს შორის გამომწყვდეულებს, ცისკენ აღემართათ თავიანთი ჯვრები, სამრეკლოები თუ მინარეთები. მართალია, ზოგიერთი მკვდარი სიცოცხლისდროინდელ რელიგიას ზურგს აქცევდა, რადგან თვლიდა, რომ რასაც ამდენ ხანს თაყვანს სცემდა და რაც მას დიდებულ საიქიო ყოფნას ჰპირდებოდა, იმედგაცრუებით დასრულდა. მაგრამ ყოველი ასეთი იმედგაცრუებულის სანაცვლოდ ისეთი ადამიანი მოიძებნებოდა, ვინც თავისი რწმენის ერთგული დარჩა, ანდა ვინც სწორედ ახლა, სიკვდილის შემდეგ პირველად მიუბრუნდა რელიგიას. უმარტივეს ჭეშმარიტებად მაინც ის რჩებოდა, რომ არავინ იცოდა, საით წავიდოდა ამ ქალაქიდან, და ის, რომ სიკვდილისთანავე არ წარსდექი ღვთის წინაშე, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ეს აღარასოდეს მოხდება.
სწორედ ასეთი გახლდათ ხოსე ტამაიოს ფილოსოფია, ვინც ნებაყოფლობით დათანხმდა, კვირაში თითო დღეს იესოს წმინდა გულის ეკლესია დაესუფთავებინა. ყოველ კვირადღეს დასავლეთის კართან იცდიდა, ვიდრე ხალხი წირვის შემდეგ ქუჩას დატბორავდა და ისევ ქალაქს დაუბრუნდებოდა, შემდეგ კი ქვის ფილებით მოპირკეთებულ იატაკს ხვეტდა, მერხებსა და საკურთხეველს აპრიალებდა და ზიარების კუთხეში ჩამწკრივებულ ბალიშებს მტვერსასრუტით წმენდდა. ყველაფერს რომ მოამთავრებდა, ფრთხილად ჩაუყვებოდა ეკლესიის ჩვიდმეტ საფეხურს, გვერდზე ჩაუვლიდა უსინათლო კაცს, ყველას უდაბნოში მოგზაურობის შესახებ რომ უამბობდა, და გაჭირვებით გაუყვებოდა გზას თავისი ბინისკენ. დიდი ხნის წინათ ფეხბურთის თამაშისას დაიზიანა მუხლი და მას შემდეგ, რამდენჯერაც ფეხს გაჭიმავდა, ციცქნა აფეთქებასავით ტკივილის ჩხვლეტას გრძნობდა ხოლმე. ტრავმამ ზღვარის გადალახვის შემდეგაც კი არ გაუარა, ამიტომ შორ მანძილზე სიარულს თავს არიდებდა. იესოს წმინდა გულის ეკლესიაც იმიტომ ამოირჩია, რომ მის ბინასთან ყველაზე ახლოს იყო. არადა, ბავშვობიდან მეთოდისტურ სარწმუნოებას ეკუთვნოდა, ხუან ტულას ერთადერთ არაკათოლიკურ სამრევლოში იზრდებოდა. გამუდმებით ახსენდებოდა ის დრო, როდესაც საკვირაო სკოლის ბიჭებთან ერთად ეკლესიის საკუჭნაოდან მინერალური წყლის ექვსბოთლიანი შეფუთვა მოიპარა. მასწავლებლის ნაბიჯების ხმა გაიგონა და კარი შიგნიდან ჩაკეტა, ყველანი სიბნელეში ისხდნენ, მხოლოდ კარის ვიწრო ღრიჭოდან ეცემოდა სინათლის ზოლი საკუჭნაოში მდგარი ურიკის სახელურს, რომელშიც ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი დასაკეცი სკამები ეწყო, გადახლართული თითების სახსრებს რომ წააგავდა. ხოსეს მახსოვრობაში სამუდამოდ ჩაებეჭდა ეს ურიკა, მასწავლებლის ფეხის ხმა და ენაზე მოთამაშე გაზის ბურთულები, პირში რომ უსკდებოდა და სასაზე უღიტინებდა.
ამგვარი მოგონებები ხშირად აოცებდათ მკვდრებს. ზოგჯერ კვირები და თვეები გადიოდა ისე, რომ არც თავიანთი ოჯახები აგონდებოდათ, არც მშობლიური გარემო, არც ცხოვრების უდიდესი დაცემა თუ გამარჯვება; უკვალოდ გამქრალიყო ის სამუშაო, გატაცება თუ ყოველდღიური რუტინა, რასაც ცხოვრების წლები შეალიეს, და, აი, ამგვარი წვრილმანი, მეტწილად უმნიშვნელო ეპიზოდი დღის მანძილზე ასჯერ მაინც ამოუტივტივდებოდათ გონებაში, იმ თევზის მსგავსად, ტბის ზედაპირთან ამოსული, თავს თუ კუდს უეცრად რომ ამოჰყოფს წყლიდან. იმ მოხუც ქალს, მეტროში რომ მათხოვრობდა, ყველაზე ხშირად აგონდებოდა, ერთხელ ჩიზპიკის პორტში კიბორჩხალას ღვეზელითა და ბოლოკით რომ ისადილა. კაცი, რომელიც თეატრის უბანში ქუჩის ფარნებს ანთებდა, იხსენებდა, სუპერმარკეტში სარეკლამო პირამიდის შუაგულიდან როგორ გამოიღო მწვანე ბარდას ერთი ქილა და რა სიამოვნებამ და სიამაყემ დაუარა გულში იმის გამო, რომ პირამიდა არ დაშლილა. ანდრეას ანდრეოპულოსს, რომელმაც ზრდასრული ცხოვრების ორმოცივე წელიწადი კომპიუტერული თამაშების კოდების შექმნას მოანდომა, ახსენდებოდა, თითისწვერებზე დამდგარმა ხიდან ფოთოლი როგორ მოწყვიტა, მოდების ჟურნალი როგორ გადაშალა და სუნამოს სარეკლამო ნიმუში დაყნოსა და ცივი ლუდისაგან შეორთქლილ ჭიქაზე საკუთარი სახელი როგორ დაწერა. ეს აზრსმოკლებული, თითქმის უადგილო მოგონებები მოსვენებას არ აძლევდა. მათ ბევრად მეტი წონა ჰქონდათ, ვიდრე წესით უნდა ჰქონოდათ, თითქოს მისი ცხოვრების მთავარი ტვირთი და საზრისი სინამდვილეში სწორედ ამ წვრილმანებში ჩაკარგულიყო. ისიც კი უფიქრია, ავტობიოგრაფიის სახით ხომ არ აღვწერო ეს ყოველივე, ანდა ჯიბის ფორმატის ნაკვესებად გამოვცე, სამსახურის, ოჯახისა და სხვა ფაქტების მაგიერ. ამ ეპიზოდებს უბის წიგნაკის პატარა უხაზებო ფურცლებზე იწერდა. კომპიუტერს აღარასოდეს გაჰკარებია.
ქალაქში იყო რამდენიმე იმდენად ხალხმრავალი ადგილი, რომ გავლისას გზა იდაყვებით უნდა გაგეკაფა და ყოველ წუთს გარდუვალად ეტაკებოდი ვინმეს მკლავს, გვერდსა თუ მუცელს. გარდაცვლილთა რაოდენობის მატებასთან ერთად ეს ადგილებიც სულ უფრო იტვირთებოდა. ამის მიზეზი არ გახლდათ ის, რომ ქალაქი თავის მაცხოვრებლებს ვეღარ იტევდა, უბრალოდ, როცა ერთად უნდოდათ შეკრება, ამისათვის სულ ერთსა და იმავე განსაზღვრულ ადგილებს ირჩევდნენ და, რაც უფრო მატულობდა მოსახლეობა, ამ ადგილებსაც ემატებოდა დაძაბულობა. ვისაც სიმარტოვე და სიმშვიდე ერჩივნა, იქაურობას შეგნებულად არიდებდა თავს. როდესაც ძეგლის მახლობლად სკვერში ჩამოჯდომა სურდათ, ანდა ნეონით განათებულ უბანში შადრევნებთან მისვლა, საამისოდ ხალხის კლებას ელოდებოდნენ. ეს კი, როგორც ჩანს, მუდამ ომების, ეპიდემიების ან შიმშილის პერიოდებში ხდებოდა.
მდინარისპირა პარკი თეთრი პავილიონებითა და მწვანე მოლის ზოლით ამ ხალხმრავალ ადგილთა შორის ყველაზე ხალხმრავალი იყო. ბილიკების გასწვრივ ფრანებით მოვაჭრეები და წვენების ჯიხურები ჩამწკვრივებულიყვნენ, ქვის გლუვი ბორდიურები წყალთან მომრგვალებულ ყურეებს ქმნიდა. ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთი პავილიონიდან ხშირი რუხი წვერითა და აბურძგნული თმით სახედაბურული მამაკაცი გამოტორტმანდა, ხან ერთ მოსეირნეს გაჰკრა მხარი, ხან მეორეს. გზააბნეულს ჰგავდა და ყველასათვის ნათელი იყო, რომ ეს-ესაა გადალახა ზღვარი. პროფესიით ვირუსოლოგი ვარო, ასე თქვა. ისიც აღიარა, უკანასკნელი ხუთი დღის მანძილზე გიგანტური ნეკერჩხლის ტოტებზე მივბობღავდიო. მართლაც, ტანისამოსი ხის წვენისაგან მთლიანად გაპოხილი ჰქონდა. ასე ეგონა, ყველა, ვინც კი პარკში იმყოფებოდა, მასთან ერთად ამოძვრა ხეზე. როდესაც ვიღაცამ ჰკითხა, თუ როგორ მოკვდა, კაცმა მძიმედ ამოიქშინა და უპასუხა: “მართალი ხართ, მოვკვდი. ეს ხშირ-ხშირად უნდა შევახსენო საკუთარ თავს. ამ ნაძირლებმა ბოლოს და ბოლოს მაინც თავისას მიაღწიეს, იმდენი ქნეს, ყველაფერი წყალში ჩამიყარეს,” – წვერიდან ხის წვენის წვეთები ჩამოიწურა, – “ჰო, მართლა! ვინმემ თუ შენიშნეთ, ხიდან რაღაც გუგუნი რომ მოისმოდა?”
ამის შემდეგ დიდი დრო არ გასულა, რომ ქალაქმა დაცარიელება დაიწყო.
“ლ. სიმზის ახალი ამბებისა და განსჯათა ფურცლის” ერთადერთი ოთახისაგან შემდგარი რედაქცია ქალაქის ერთ-ერთ უძველეს შენობაში განთავსებულიყო, შოკოლადისფერი აგურითა და ვერცხლისფერი გრანიტით რომ იყო ნაგები. მკრთალი ყვითელი ფერის ხავსის არშია დაჰყვებოდა სახლის ზედა სართულს, შემოსასვლელი კარის თავზე ფოჩებად ეკიდა და დილაობით, როდესაც ლუკა სიმზი თავის მიმეოგრაფს აზუზუნებდა, ფანჯრის თავზე ხავსში გაფილტრული მზის სხივები ყვითლად ეფინებოდა ოთახს. ამ წუთებში მას არ ტოვებდა შეგრძნება, თითქოს ქალაქს მომაკვდავი ტყის ტევრებიდან გაჰყურებდა. შვიდი საათისათვის გაზეთის რამდენიმე ათასი ახლად დაბეჭდილი ეგზემპლარი უკვე მთავარი ქუჩის კაფეში მიჰქონდა, რათა გამვლელებისათვის დაერიგებინა. სიამოვნებას ჰგვრიდა იმის წარმოდგენა, რომ თითოეული, ვისაც ის თავის ნქმუშევარს აწვდიდა, წაკითხვის შემდეგ სხვას გადასცემდა, ისიც წაიკითხავდა და მომდევნო მკითხველს გადასცემდა, ის კი – მომდევნოს და ასე შემდეგ, თუმცა კარგად იცოდა, რომ ასე არ ხდებოდა. შინ მიმავალი, ნაგვის ურნაში მუდამ ერთ-ორ გაზეთს მაინც ხედავდა, იმასაც ამჩნევდა, ქაღალდი მზეზე თანდათან რომ იბრიცებოდა. და მაინც, ძალიან ხშირად შეუხედავს კაფეში და ასე, ოცი-ოცდაათი ადამიანი უნახავს ბოლო ნომრის კითხვაში ჩაღრმავებული. ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებ რეპორტაჟებს უთმობდა ქალაქის მოვლენებს და სულ უფრო მეტს წერდა ცოცხალთა სამყაროზე, ახლადგარდაცვლილ ადამიანებთან ინტერვიუებს აქვეყნებდა და უმეტეს მათგანში საუბარი ეგრეთ წოდებული “ეპიდემიის” გარშემო ტრიალებდა. შენიშნა, რომ ეს ადამიანები თვალებს სხვებზე უფრო ხშირად ახამხამებდნენ და გამუდმებით ისრესდნენ ქუთუთოებს. არაერთხელ უფიქრია, ნეტავ ეს იმ ვირუსს თუ უკავშირდება, მათი სიკვდილის მიზეზი რომ აღმოჩნდაო.
ლუკას ყოველ დღე ერთსა და იმავე სახეები ხვდებოდა თვალში კაფეს ფანჯარაში. “ასობით ინფიცირებული ტოკიოში. ახალი ეპიცენტრები გაჩნდა იოჰანესბურგში, კოპენჰაგენში, პერთში.” ნამცხვრების მცხობელი ელსონ ბრაუნი, ვიდრე სათაურებს გადახედავდა, მუდამ ელოდა, ლუკა როდის დატოვებდა კაფეს. ცოლი პოეტი ჰყოლია და, სანამ ქმარი მის მორიგ ლექსს კითხულობდა, ჩვეულებისამებრ შეშფოთებული სახით დასტრიალებდა თავს, ამიტომაც კაცს არაფერი ისე არ აღიზიანებდა, როგორც კითხვისას ვინმეს დაჟინებული მზერა. “საინკუბაციო პერიოდი ხუთ საათზე უფრო ხანმოკლეა. შუადღისას გამოვლენილ სენს შუაღამისას ლეთალური შედეგი მოსდევს”. შარლოტა სილვენი ციცქნა ყლუპებით წრუპავდა ყავას და თან გაზეთში პარიზთან დაკავშირებულ რაიმე სიახლეს ეძებდა. პარიზი მშობლიურ ქალაქად მიაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ორმოცდაათი წლის წინათ დატოვა. ერთხელ საგაზეთო სათაურში თვალი მოჰკრა სიტყვას “სენა” და უნებლიეთ ნერვიულად ჩაბღუჯა ფურცელი, მაგრამ, როგორც აღმოაჩინა, სიტყვა “სიენა” ყოფილა არასწორედ დაბეჭდილი; კიდევ ერთხელ გააცნობიერა, რომ სამშობლოს ვეღარასდროს ნახავდა. “ვირუსი ახლა უკვე ჰაერითა და წყლითაც გადადის. ორი მილიარდი დაღუპული აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში”. მაი მაცუდა რაის სიტყვებით თამაში იტაცებდა. გაზეთის ყოველ ნომერს ორ-ორჯერ კითხულობდა: ერთხელ შინაარსის გასაგებად, მეორედ – რათა ყველანაირი შეფარული ქარაგმისათვის მიეგნო: იქნებოდა ეს გადანაცვლებული მარცვლები, ანაგრამები თუ ტექსტში მიმოფანტული მისივე სახელის ასოები. ამგვარი რამეები მხედველობიდან არასოდეს გამორჩებოდა. “ოცდაოთხსაათიანმა ვირუსმა უკვე ატლანტიის ოკეანე გადალახა. სასიკვდილო აღსასრულის პროცენტმა ასს მიაღწია”.
იმ ხალხმა, ვისაც საქმიანობა კარდაკარ სიარულს აიძულებს, ბოლო დღეებში უცნაური რამ შენიშნა. ევანგელისტები და კომერსანტები, ხელმოწერების შემგროვებლები და მოსახლეობის აღრიცხვის ორგანიზატორები ერთხმად აღნიშნავდნენ: მკვდრების რაოდენობამ კლება დაიწყო. სრულებით დაცარიელდა მთელი შენობები, სადაც ჯერ კიდევ ორიოდ კვირის წინ ოთახებში ტევა არ იყო. აღარც ქუჩები ჩანდა უწინდებურად გადატვირთული. ამის მიზეზად ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა ის, რომ ადამიანები აღარ იხოცებოდნენ. პირიქით, ახლა ყოველდღიურად უწინდელზე ბევრად მეტი იხოცებოდა. ყოველ წუთსა და ყოველ საათს ათასობით, ათიათასობით ახლადმოსული ჩნდებოდა, ახალი სახლები, სკოლები და უბნები წამში ივსებოდა. მაგრამ ყოველი ახალგადმოსულის სანაცვლოდ, როგორც ჩანდა, ორი ან სამი ადამიანი მაინც ტოვებდა ქალაქს. რასელ ჰენლიმ, კედარის ტოტებისაგან პლასტიკის ბაწრით შეკრულ ცოცხებს რომ ყიდდა, ქალაქი გახვრეტილ ქვაბს შეადარა: რამდენი წყალიც უნდა ჩაასხა, მაინც უფრო მეტი გადმოიღვრება. ძეგლის უბანში პატარა ჯიხური ჰქონდა გახსნილი, იქ ელაგა ცოცხები და გამვლელებს სთავაზობდა, უწინ ქუჩას წალეკვით რომ ემუქრებოდნენ, ახლა კი დღეში რამდენიმე ასეულსღა ითვლიდა. თუკი, როგორც რასელს მიაჩნდა, ერთადერთი, რაც კიდევ ასულდგმულებდათ, ცოცხალთა მახსოვრობა იყო, მაშ, რაღა მოხდებოდა, თუკი ცოცხლები ყველანი ამ ქალაქში გადმობარგდებოდნენ? თუკი ის მეორე, უფრო დიდი ოთახი, რასაც ცოცხალთა სამყაროს უწოდებენ, ერთბაშად სრულებით დაცარიელდა?
ცხადია, ქალაქში ყველაფერი შეიცვალა. ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანები უსწრაფესად მოდიოდნენ და კვლავ ქრებოდნენ, ზოგჯერ ორიოდ საათსაც ვერ ჩერდებოდნენ ქალაქში. გვიან გაზაფხულზე მოსულ თოვლს ჰგავდნენ, ღამით რომ ფარავს მიდამოს, მზის ამოსვლისთანავე კი დნება. ერთ დილით ფიჭვების უბანში ახლადმოსულმა კაცმა ცარიელი მაღაზია იპოვა და ვიტრინის მინას ფერადი საპნით დააწერა: “შერმენის საათების სახელოსნო. სწრაფი შეკეთება. მალე გაიღება”. ამის შემდეგ კარი გამოიკეტა, სადღაც წაფრატუნდა და აღარასოდეს დაბრუნებულა. კიდევ ერთმა კაცმა უთხრა ქალს, რომელთანაც ღამე გაატარა, სამზარეულოში წყლის დასალევად გავდივარო, მაგრამ ერთი-ორი წუთის შემდეგ, როდესაც ქალმა გასძახა, პასუხი აღარ გაუცია. მთელ ბინაში ეძება, თავის ტუალეტის მაგიდის გვერდით ფანჯარა ღია დახვდა, გეგონებოდათ, კაცი აივანზე გადაძვრაო, მაგრამ თვით მის კვალს ვერსად მიაგნო. ერთ მოწმენდილ, ქარიან დღეს ქალაქში წყნარი ოკეანის ერთ-ერთი პატარა კუნძულის მთელი მოსახლეობა გაჩნდა, რამდენიმე საათით საზოგადოებრივი გარაჟის თავზე შეიკრიბა, დღის ბოლოს კი უკვალოდ გაქრა.
მაგრამ ცვლილებებს ყველაზე მეტად მაინც ის ადამიანები შეიგრძნობდნენ, ვისაც აქ ყველაზე მეტი ხანი გაუტარებია. მართალია, მათგან არც ერთმა არ იცოდა და არც ოდესმე სცოდნია, თუ რამდენ ხანს დაჰყოფდა ქალაქში, მაგრამ ამ დროებით არსებობას ჩვეულებრივ გარკვეული რიტმი ჰქონდა და მისგან გარკვეულ რამეს მოელოდნენ: ზღვარის გადალახვის შემდეგ, როგორც წესი, ბინასა და სამუშაოს პოულობდი, მეგობრებსაც იძენდი, ასე გაირბენდა ექვსი თუ შვიდი ათწლეული და, მართალია, ოჯახს ვერ ქმნიდი, რადგანაც აქ ასაკი არავის ემატებოდა, მაინც შეგეძლო შენს გარშემო ახლობელ ადამიანთა წრე შემოგეკრიფა.
აი, თუნდაც მარიამა ეკუენზი, ოცდაათი წელია პატარა შეთეთრებული სახლის პირველ სართულზე რომ ბინადრობდა. მაღალი, გრძელკიდურება ქალი იყო, ვერასოდეს მოიცილა ერთბაშად ტანაყრილი მოზარდი გოგონას გამომეტყველება, გაოგნებასა და თავგზააბნეულობას რომ გამოხატავდა. ბავშვის ნახატზე გამოსახული მზის ფერის ბამბაზიის კაბებს ატარებდა და შინ როდესაც ბრუნდებოდა, მეზობლები მუდამ უბნის ბოლოშივე დალანდავდნენ ხოლმე. მარიამა ქალაქის ერთ-ერთ მრავალრიცხოვან ბავშვთა სახლში მუშაობდა აღმზრდელად. საკუთარ თავს კარგ მასწავლებლად თვლიდა, მაგრამ ამასთანავე იცოდა, რომ დისციპლინას ვერასოდეს დაამყარებდა. ხშირად უწევდა, ბავშვები სხვა აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ დაეტოვებინა და რომელიმე გაქცეულ ბავშვს დადევნებოდა. უმცროს ბავშვებს წიგნებს უკითხავდა შორი მოგზაურობებისა და ისეთი ცხოველების შესახებ, გარდასახვა რომ შეუძლიათ, უფრო მოზრდილები კი პარკებსა და მუზეუმებში დაჰყავდა და საშინაო დავალებების შესრულებაში ეხმარებოდა. ბევრ მათგანს ყოფაქცევა არაფრად უვარგოდა, ლექსიკონი კი ისეთი ჰქონდა, რომ მარიამა სირცხვილით წითლდებოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, ამ პრობლემებთან გამკლავება მის შესაძლებლობებს აღემატებოდა. მაშინაც კი, როდესაც უბრაზდებოდათ, ბავშვები მშვენივრად ამჩნევდნენ, რომ ამას სიყვარულით სჩადის. სწორედ ეს უქმნიდა მთავარ სირთულეს. ერთ-ერთი ბიჭი, ფილიპ უოკერი, განსაკუთრებით ურჩი იყო: როცა კი შესაძლებლობა მიეცემოდა, იმწამსვე მაღაზიების უბნისკენ გაჰქუსლავდა. როგორც ჩანს, სახალისოდ მიაჩნდა ის, რომ მრისხანე მარიამა მძიმე ნაბიჯებით მისდევდა უკან და ვერასოდეს ეწეოდა, ვიდრე ქანცგამოლეული ბიჭი სიცილით არ ჩაიკეცებოდა ქუჩის რომელიმე სკამზე. ერთხელაც, ასეთი რბოლის დროს, კუთხეს შემოურბინეს, ბიჭმა ხეივანი გაირბინა და დიდხანს ელოდა, მაგრამ ქალი არ გამოჩენილა. ფილიპი ნახევარი საათის შემდეგ დაბდუნდა ბავშვთა სახლში. აღმზრდელი უკვალოდ გამქრალიყო.
ვილ ტოლვანენი ყოველ საღამოს თამაშობდა ბილიარდს მერვე ქუჩისა და ვაზის შესახვევის გადაკვეთაზე მდებარე ბარში. აქ იმავე მეგობრებს ხვდებოდა, ვისთანაც სიცოცხლეში მეგობრობდა. ოდესღაც, ულუში, დასალევად რომ იკრიბებოდნენ, თავიანთი სიმღერა ჰქონდათ, ასე მღეროდნენ ხოლმე: “სიკვდილის შემდეგ ბარში შეგხვდები, მერვეს და ვაზის ქუჩის კუთხეზე”. ჰოდა, ადრე თუ გვიან, ყველას მოუწია ზღვრის გადალახვა; სათითაოდ მიაგნეს მერვე ქუჩისა და ვაზის შესახვევის კუთხის ბარს, გაუბედავად, ეჭვით შეაღეს ბარის კარები და ბილიარდის მაგიდასთან ერთმანეთი აღმოაჩინეს; ასე, თანდათან უკლებლივ შეიკრიბა ძველი სამეგობრო. სხვა ყველაზე ბოლოს ამქვეყნიდან ვილი წავიდა და მეგობრებთან შეხვედრამ ისევე გაუხარა გული, როგორც ახალგაზრდობაში. ყველას სათითაოდ ჩამოართვა ხელი, მათაც მსუბუქად შემოჰკრეს ზურგზე. დაიჟინა, ყველას სასმელზე გპატიჟებთო. “მეტი აღარასოდეს…” – იმეორებდა და, თუმცა წინადადებას ვერ ასრულებდა, ყველანი მიხვდნენ, რასაც გულისხმობდა. თვალებიდან ცრემლი რომ არ წასკდომოდა, ყურებამდე იღიმებოდა; ვიღაცამ მიწის ტხილის ნაჭუჭი ესროლა, არც ვილი დარჩენილა ვალში და მალე მთელი იატაკი ისე იყო მოფენილი ნაჭუჭით, რომ ფეხის გადადგმისას ხრაშუნი გაუდიოდა. უკვე რამდენიმე თვე გასულიყო, რაც გარდაიცვალა და ბარში ერთი საღამოც კი არ გამოუტოვებია, ამიტომ, ერთხელაც, როდესაც ვილი არ გამოჩნდა, მეგობრები მის საძებნელად გაეშურნენ. პირდაპირ მისი ბინის კარს მიადგნენ რკინაკავეულის მაღაზიის თავზე, მუშტები ურტყეს და, რომ არავინ გაუღო, ბანქოს ქაღალდის კუთხით გააღეს კლიტე. ვილის ფეხსაცმელი, მაჯის საათი და ქურთუკი ბინაში დახვდათ, თვით ის კი ვერსად იპოვეს.
ვირუსოლოგი ითენ ჰესი ბარებში არაფერს სვამდა, სასმელი ბოი-სკაუტივით ქამარზე ჩამობმული მათარით დაქჰონდა. ვიდრე მოკვდებოდა, ოცდაათი წელი ადევნებდა თვალყურს თავის პროფესიულ სფეროში მიმდინარე მოვლენებს, კითხულობდა ჟურნალებს, ისმენდა კონფერენციებზე შეკრებილი კოლეგების მითქმა-მოთქმას და ზოგჯერ ეჩვენებოდა, თითქოს ყველა მთავრობა, ყველა დაინტერესებული ჯგუფი თუ ფრაქცია ერთსა და იმავეს ძებნაში იყო: ისეთი სრულყოფილი ვირუსის შექმნა სურდათ, ყველა შესაძლო მიმართულებით რომ გავრცელდებოდა და მოსახლეობას გუბეში ჩავარდნილი წვეთის გარშემო აგორებულ წრესავით მოედებოდა. ბოლო დროს მისთვის ნათელი შეიქნა, რომ ვიღაცამ, როგორც იქნა, მიაღწია ამ მიზანს. კი მაგრამ, როგორ განხორციელდა ეს? ვერაფრით მიმხვდარიყო. ახლადგარდაცვლილთა ნაამბობი ძალზე მწირი და არაზუსტი იყო. ერთ დღეს ხელოვნების მუზეუმის საპირფარეშოში ჩაიკეტა და იქიდან სლუკუნით აყვირდა, გაიძახოდა რაღაცას ჰაერის, წყლისა და საკვების მარაგზე. გამოძახებული დაცვის თანამშრომელი, რაც შეიძლება ნელი, დამამშვიდებელი კილოთი შთააგონებდა: “დაწყნარდი, მეგობარო. გარეთ არც წყალი მოგაკლდება, არც ჰაერი. იქნებ გაგვიღო კარი?” მაგრამ ითენი მხოლოდ ყვირილს განაგრძობდა: “ყველანი! ყველაფერი!” და ერთმანეთის მიყოლებით აღებდა წყლის ონკანებს. მერე ერთბაშად დადუმდა და, როდესაც დაცვამ კარი შეანგრია, შიგნით აღარავინ დახვდა.
გეგონებოდათ, ერთბაშად ჭიშკარი გაიღო, ანდა კედელი ჩამოიქცაო: ქალაქი მკვდრებისაგან იცლებოდა. გუნდ-გუნდად ტოვებდნენ მის საზღვრებს და მალე პარკები, ბარები, სავაჭრო ცენტრები სრულებით დაცარიელდა.
ერთ დღეს, უკანასკნელი რესტორნის დაკეტვის შემდეგ, უსინათლო კაცი ეკლესიის კართან იდგა და გამვლელს ელოდა, რათა თავისი ამბავი ეამბნა. მთელი დღის მანძილზე არავის ჩამოუვლია და კაცი ფიქრობდა, ნეტავ ერთხელ და სამუდამოდ თუ დასრულდა ყველაფერიო. იქნებ ეს ძილში დაემართა, ან იქნებ დილით, იმ ნახევარი წუთის განმავლობაში, როცა დამწვარი თაფლის სუნი იყნოსა. ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან კანტი-კუნტად მოესმა მანქანის საყვირის ხმა, მერე მეტროს მატარებლის გუგუნი გაიგონა და – მორჩა, მხოლოდ ქარიღა ოხრავდა შენობებს შორის და, საბოლოოდ, ისიც ჩაწყნარდა. დაჟინებით აყურადებდა, მაგრამ აღარც საუბრის, აღარც ნაბიჯის ხმა გაუგია.
ხელები რუპორად დაიჭირა და დაიყვირა: “ეჰეი! ეჰეი!”, მაგრამ პასუხი არავინ გასცა.
უცნაური წუხილი დაეუფლა. ხელი მკერდზე იტაცა. შიშით გაიფიქრა, ეს გულისცემა, ახლა რომ ჩამესმის, ჩემი არ არისო.
ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ
The New Yorker, 2003