პროზა

კობა ცხაკაია – მშობლებთან ვიზიტი ანუ ავადმყოფი ბებიის მონახულება

  

კომედია დელ არტეს სტილში გასათამაშებელ ამბავზე შექმნილი მიმომავალი მოთხრობა

 

— (რიცხვი) ——- (თვე) —- (წელი)

 

დღე.

ოჯახის წევრების მიერ ნაოპერაციები ბებიის საავადმყოფოდან სახლში მოყვანა.

ინფორმაციების გარკვევა-მოგროვება და ქმედებები, ანუ ბიულეტენზე სირბილის, აუცილებელი წამლების, კატასტროფული ფასებისა და მკურნალობისათვის საჭირო პროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით “მოდზრაობა” – მსჯელობა-ანგარიში.

 

“”ზღალში” ვდგავართ, “ზეზღლი: გვიკიდია” – დედის და მამის მწარე ირონიული ღიღინი… მხოლოდ ისე, რომ ბებიამ არაფერი გაიგოს.

 

ხატებთან სანთლის დანთება.

 

საღამო.

ფეხმძიმე მეუღლის სახლიდან, ანუ ცოლოურობიდან “უცფათ დაავანტყოფებული”, “დზალა მილეული” შვილის მოსვლა “სახლშჩი”, შესაბამისად სამსახურში არ წასვლა, და აქ გამოსაშუშებლად დარჩენის “მდზიმე” წონიანი არგუმენტი და მოულოდნელი “დაავადების” შესახებ მოთხრობილი ნიშან – მიზეზები.

“ოდჟახის” წევრთათვის მრავალმნიშვნელოვნად თვალის ჩაპაჭუნება. ხანგრძლივი ტუალეტი.

საკუთარ ოთახში შეკეტვა-შეწოლა.

 

ვახშამი.

 

“გამოზოზღლებული” შვილის ხუთწუთიანი სწრაფი ბრიფინგი. მისი, როგორც პიროვნების “მნიშვნელოვანი რაობის”, სამყაროში ქმედითუნარიანობისა და ცხოვრების ეფემერულობის და კრეატიული აზროვნების დაუფასებლობის შესახებ წარმოთქმული, ლაკონური მონოლოგი…

 

დასასრულს, შვილის საკუთარ ოთახში შეკეტვა-შეწოლა ასე ვთქვათ გ ა მ ო ს ა შ უ შ ე ბ ლ ა დ.

ოჯახის ფორიაქი ბებიის ირგვლივ, დაღამება.

 

— (რიცხვი) ——- (თვე) —- (წელი)

 

შუაღამისას.

“აბეზარ მეგობართან” შვილის მოულოდნელი წასვლა:

– “იიქ, ახალი სამკურნალო მეთოდით “გ ა მ ო ს ა შ უ შ ე ბ ლ ა დ”.

ნახევრადმძინარე ოჯახის დაბნეულობა-გაოგნება.

 

რიჟრაჟზე, შვილის სახლში მოსვლა. შეწოლა-შეკეტვა ოთახში.

 

გათენება.

ოჯახის ფორიაქი ავადმყოფი ბებიისა და სამსახურში წასვლის ირგვლივ.

შვილის დილით გამოსვლა ოთახიდან, სადილი და კვლავ შეკეტვა-შეწოლა ოთახში.

 

შუადღისას გამოსვლა, სახლში დარჩენილი ოჯახის წევრებისთვის მრავალმნიშვნელოვნად თვალების ჩაპაჭუნება.

ხანმოკლე ტუალეტი, კვლავ შეკეტვა-შეწოლა ოთახში.

ოჯახის ფორიაქი ავადმყოფი ბებიის ირგვლივ.

 

ოთახიდან შვილის გამოსვლა. ოცდაათწამიანი დიმპიტაურდამპიტაური.

საუზმე.

შვილის გ ა მ ო ს ა შ უ შ ე ბ ლ ა დ სამსახურში არ წასვლა, და კვლავ შეწოლა ოთახში.

მისი უეცარი და დაუგეგმავი გამოსვლა ოთახიდან, თვალების ჩაპაჭუნება.

ხანმოკლე ტუალეტი, კვლავ შეწოლა-შეკეტვა ოთახში.

 

მამიმისის მოსვლა და ავლა-ჩავლის პრინციპით, შვილის ოთახის დახურულ კართან, უშნოდ ბუზღუნ-ქილიკი “ოდჟახში” ყოფიერების, საზრდოს უკმარისობის, ურთიერთობის და თანადგომის შესახებ.

 

სამსახურიდან მოვარდნილი დედის მიერ, შვილის ოთახის დახურულ კართან შეჩერება-შესვენების პრინციპით გამოთქმული რეპლიკა ოჯახის ე.წ. “სამარჩენალო” შვილის, საშინაო და საგარეო ურთიერთობების და ეკონომიური „ლგოტების“ შესახებ.

 

ყმუილის მეთოდით, ოთახიდან გამოუსვლელად, შვილის ორწუთიანი ბრიფინგი, საკუთარი სახელფასო ფინანსების განკარგვის და მოსალოდნელი კრიზისის შესახებ.

 

მიღებული ინფორმაცის გააზრებით, თანადგომის იმედით მცხოვრებ, იმედგაცრუებულ ოჯახის წევრთა, ლამის უხმო და დრამატული დაზაფვრა.

 

დუმილი, სახის მიმიკითა და მწირი ჟესტებით, თავსდამტყდარი გარემოებების ტრაგიკული შეფასება.

შვილიშვილის შეძენასთან დაკავშირებით, გასაწევი ხარჯების დასაფარად აღებული, საბანკო ვალის სიმძიმისაგან ხმადაბალი კრიახ-კრუსუნი.

 

შვილის გამოვარდნა ოთახიდან.

მშობლების მრავალმნიშვნელოვნად უხმო გადახედვა და შეფასება.

ხანმოკლე ტუალეტი, კვლავ შეკეტვა-შეწოლა ოთახში.

 

მამისა და დედის ჩუმი ღიღინი:

– “თავო ჩვენო, ბედი არ გვიწერია!”

და “სადმე ტყე-ღრეში, (სადაც არც მეზობლები და არც ავადმყოფი ბებია იქნება) მოურიდებელ-ცხოველურ ღრიალ-ბღავილზე” ო ც ნ ე ბ ა.

 

შვილის გამოვარდნა ოთახიდან. მრავალმნიშვნელოვნად თვალების ჩაპაჭუნება.

ხანგრძლივი ტუალეტი, კვლავ შეკეტვა-შეწოლა ოთახში.

 

მოხვეტა-მოწმენდის პრინციპით, დედის ჩასლუკუნება მოკეტილ კართან.

 

ოთახიდან გამოუსვლელად შვილის ხმამაღალი და თავდაჯერებული განცხადება იმის შესახებ, რომ კვლავ ესაჭიროება გ ა მ ო შ უ შ ე ბ ა და აქედან გამომდინარე, სამსახურში არწასვლის გადაწყვეტილება…

გარდა ამისა, უკვე ყველასთვის აბუჩად ასაგდები დედამისის თავხედობისა და თავშეუკავებლობისადმი გამოთქმული მკაცრი და საქმიანი კრიტიკა.

 

ოჯახის ფორიაქი ავადმყოფი ბებიის ირგვლივ.

 

მოხვეტა-მოწმენდის პრინციპით, დედის სლუკუნი მოკეტილ კართან.

მამისა ღიღინი:

– “თავო ჩემო, ბედი არ გიწერია!”

 

შვილის ლოგიკური და მძიმე დასკვნა და აქედან გამოდინარე, მისივე ულმობელი ულტიმატუმი: – ააქ, მატერიალზმითა და კუჭის მარქსიზმით გაჟღენთილ ატმოსფეროში ვეღარ იცხოვრებს, უფრო მეტიც, აღარ მოვა, უფრო ზუსტად კი ამ ოთახში აღარ შეწვება!

 

შვილის გამოვარდნა ოთახიდან.

მშობლების მრავალმნიშვნელოვნად უხმო გადახედვა და შეფასება.

ხანმოკლე ტუალეტი, კვლავ შეწოლა-შეკეტვა ოთახში.

 

“მარქსისტი” მშობლების ირონია და ეჭვი შვილის აზროვნების რეალობასთან კავშირსა და საერთოდ სამყაროში, მისი, როგორც რაიმე სასარგებლოს მკეთებელის მნიშვნელობაზე.

მოულოდნელი დადგენილება – შვილის, როგორც უცხოპლანეტიდან ჩამოფრენილის ან გაფრენილის შესახებ.

 

კარს იქიდან შვილის ბოროტი ბუტბუტი.

“ოდჟახის” წევრთა მიერ ტელვიზორისთვის ხმის აწევა. უცხოური სერიალით ოჯახის ატმოსფერული ხმაურების “გაძეძგვა”.

 

შვილის სწრაფი გამოსვლა ოთახიდან, თვალების მრავალმნიშვნელოვანი პაჭუნი.

სამზარეულოში შევარდნა, ნუგბარის შეტანა – ჩაკეტვა-შეწოლა ოთახში, და იქიდან საწოლში გორიალისა და ჭამის სარგებლიანობის გენიალური და კრეატიული არგუმენტის გაჟღერება…

 

“ოდჟახის” ცისფერ ეკრანთან მჯდომარე წევრთა, ენერგიული ჟესტებითა და სახის მიმიკით გადმოცემული დათრგუნული სულიერი მდგომარეობა, რომელიც უცხოური სერიალის მთავარი ტაშ-ფანდურული მელოდიითაა გაზავებული.

 

დედის მიერ მაცივრის გამოღება და ახალი “ტრაღიკული” ინფორმაცია პროდუქტის ამოწურვის შესახებ……

ოჯახის წევრთა ფიქრი.

 

ს ი ჩ უ მ ე.

 

ბებიის პირველი და მოულოდნელი გამოსვლა ოთახიდან. საერთო სიხარული.

– “ეს ხომ მაინცაა კარგის ნიშანი?”

 

შუქის გამორთვა და მიძინება.

 

ოთახიდან შვილის გარეთ გამოვარდნა. დაცარიელებულ-ჩაბნელებული ოთახების მრავალმნიშვნელოვნად, უხმო გადახედვა და ძალიან ხმადაბალი კითხვადქცეული შეფასება:

– “ქვეყანაში, სადაც ყველა, ვინც პოლიტიკაში იყო გამდიდრდა და ახლა, თითქმის ყველა მდიდარი – პოლიტიკაშია, ყველა ჩინოვნიკი კი – პოლიტიკოსის ნათესავი ან “დზალიან” ახლობელია, ვინ რას გაგაკეთებინებს?”…

 

ხანმოკლე ტუალეტი, კვლავ შეწოლა-შეკეტვა ოთახში.

მამაპაპური “დზილი”.

 

 

— (რიცხვი) ——- (თვე) —- (წელი)

 

რიჟრაჟზე, შვილის მხრიდან ტუალეტში სწრაფი შეჭრა და კვლავ შეწოლა-შეკეტვა ოთახში.

შვილის ოთახიდან გამომავალი, ლუკმვა-ხრაშუნის დამაფიქრებელი ხმაური.

გათენება…

 

მშობელთა ფიქრი და ხმადაბალი ეჭვი:

“ჭამისა და ძილის გარდა, რა არის ცხოვრების აზრი?

არსებობს კი მიზანი, რომელიც სიამოვნების მაძიებელ, მოლაპარაკე არსებას, მოაზროვნე და პასუხისმგებელ პიროვნებად ჩამოაყალიბებს და მხოლოდ ინსტინქტების დაკმაყოფილებაზე დაფუძნებულ ყოფიერებას, ადამიანური ღირებულებებით გამდიდრებულ ცხოვრებად გადააქცევს?”

 

შვილის ოთახიდან მთქნარებით გამოვარდნა, მრავალმნიშვნელოვნად თვალების პაჭუნი.

ხანმოკლე ტუალეტი, კვლავ შეკეტვა-შეწოლა ოთახში.

 

დედისა და მამის ერთნაირად ეპიკურ-ჰეროიკულ-დრამატული ფიქრები:

“- ცხოვრება გაიქცა. არა და არ ვართ ბებრები…

– ის, უკვე ძალიან დიდია და აღარაა ბავშვი”.

– მის ასაკში, ადამიანები პასუხისმგებლობას იღებენ და ზრუნავენ სამყაროზე, გარშემომყოფებზე და ყველას უმტკიცებენ, რომ გაიზარდნენ, მოძლიერდნენ იმისათვის, რომ მისცენ იმედი ქვეყანას, ახლობლებს, მადლიერება გამოხატონ, აკეთონ და თესონ სიკეთე……

– გავზარდეთ… ვალი მოვიხადეთ… ვუდგევართ გვერდით… და მათ შემხედვარე…

– … ჩვენი ასაკის ადამიანებმა, პიროვნულად რომ არ დაიმარხონ, ახალი ცხოვრება უნდა დაიწყონ. ახალი ჰორიზონტებისკენ უნდა ესწრაფვონ…

– …სინამდვილეში კი, აწმყოთი ვცხოვრობთ, რომელიც მხოლოდ ერთი წამი გრძელდება და სამწუხაროდ, მხოლოდ ესღა მოგვეკითხება… არც წარსული გვეკუთვნის და არც მომავალი…

– რატომ, ან რისთვის ვარსებობთ?

ან საერთოდ ვარსებობთ კიი?..”

 

ოჯახის ფორიაქი ავადმყოფი ბებიის ირგვლივ…

ხატებთან სანთლის დანთება.

“ – გული მიგრძნობს, ბავშვთან დაკავშირებული ბედნიერი ამბის გარდა, რაღაც კაი და საოცარი კიდე იქნება!

– “კანეშნა!” იქნება, ღვთის წყალობით!”

 

…ახალი, მაგრამ ჩვეული სამუშაო დღის დაწყება!

 

პირველად ისმის ტელეფონის ზარი…

ყურმილს დიდხანს არავინ იღებს.

დახურულ კარს იქიდან შვილის ყმუილისებრი დამოკიდებულება ტელეფონის გამაყრუებელ ზარზე.

ბებიის მისუსტებული ხმა:

– “დედა, რა ხთეფა? დაყრუვდით ყველა?”

© არილი

Facebook Comments Box