პროზა

კობა ცხაკაია – ყირამალა

ამ ცოტა ხნის წინ, ოპერის ვარსკვლავმა, ჩვენმა ბროლის ხმამ, ქალბატონმა ელზამ ხმა დაკარგა.

ეს უდიდესი ტრაგედიაა და უმძიმესი დარტყმაა ჩვენი, და მსოფლიო საოპერო ხელოვნებისთვის…

ღვაწლმოსილი დირიჟორი, ბატონი ელიაზარი, მეუღლის, მომაჯადოებელი ელზას სოლო კონცერტს ამზადებინებდა. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, აფიშები უკვე გაკრული იყო, ბილეთები გაყიდული, EL-EL-ის (თაყვანისმცელმები, ასე უწოდენდნენ ვარსკვლავურ წყვილს, სათაყვანებელი კეპების სახელების პირველი ასოების გამო, ელიაზარ – ელზა) კონცერტის სატელევიზიო ტრანსლაციას თითქმის ყველა წამყვანი ტელევიზია ითხოვდა. ბოლო რეპეტიციები, საყვარელი მეუღლისა და ერთგული ორკესტრის თანდასწრებითა და თანამონაწილეობით ტარდებოდა.

და, აი, უკვე საიუბილეო კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ…  ქალბატონმა ელზამ ხმა დაკარგა.

საქმე ისაა, რომ ბატონი ელიაზარი საკუთარ სიზმარში, ლა სკალას სცენაზე, ვირტუოზულად ცეკვავდა… ის ასრულებდა უცნაურ საბალეტო პარტიას და დიდ დირიჟორს ეს კარგს არაფერს უქადდა. მას ცუდად ჰქონდა დაცდილი ამგვარი საცეკვაო, განსაკუთრებით კი საბალეტო პარტიები.

ჰოდა, ამ Balançoire, battement და Pas de chat-ების  შესრულების დროს, ის ძილში შეხტა, შემდეგ აყირავდა და ბოლოს საძინებლის ჭერზე ფეხებით დაეკიდა… როცა ძილბურანში მყოფმა ელიაზარმა, თავისი უცნაური მდგომარეობა გაიაზრა, ჯერ შეეშინდა “არ ჩამოვვარდეო!”, მერე დაინტერესდა, ბოლოს კი დირიჟორს ეს “ყირამალობის” მდგომარეობა მოეწონა კიდეც…

“Eliazar culbute (ელიაზარის ყირმალა) – შემოქმედების ქვეცნობიერის ფიზიკური გამოვლინება, ანუ  მიზიდულობის კრეატიული – ხელოვანისეული კანონი” – ასე შევა ეს ფენომენი ენციკლოპედიაში!” – გაიფიქრა ბატონმა ელიაზარმა და გადაწყვიტა  ეს უჩვეულო ამბავი ტკბილად ჩაძინებული მეუღლისთვის ეცნობებინა.

როგორც კი ღრმადჩაძინებულ ქალბატონ ელზას გამოეღვიძა და ფეხებით დაკიდებული, შიშველი მამაკაცი დაინახა, ელდა ეცა. ხოლო როცა მასში, ბედნიერად მოღიმარი მეორე ნახევარი ამოიცნო, თვალებდაჭყეტილმა ისე ხმამაღლა დაიბღავლა, რომ ხმა იმწამსვე დაკარგა…

მეუღლის ბღავილმა, ბატონი ელიაზარი შეაშფოთა. შეძრა და დააბნია კიდეც… ამან კი დაარღვია მისი ე.წ. “Eliazar culbute (ელიაზარის ყირმალას) – შემოქმედების ქვეცნობიერის ფიზიკური გამოვლინების, ანუ  მიზიდულობის კრეატიული – ხელოვანისეული კანონი”, მოსწყვიტა ჭერს და თავით იატაკს დაანარცხა… რის გამოც მსუბუქი, მაგრამ საბედისწერო ტრამვა მიიღო და სმენა დააკარგვინა.

ასე რომ, ბატონი ელიაზარის “ყირამალობამ” ჩვენს ოპერას დაუკარგა ორი მეტრი – საოცარი სმენა, დირიჟორის და უნიკალური ხმა, საოპერო კერპის სახით…

ორივემ, სასწრაფოდ მიაკითხა მსოფლიო დონის სპეციალისტებს, ჯადოსნური და ღვთიური ნიჭით დაჯილდოებულ ექიმებს. თუმცა, EL-EL-ის ხანმოკლე და საკმაოდ ძვირადღირებულმა მკურნალობამ, არც ხმა დაუბრუნა მსოფლიო კლასიკურ მუსიკას და არც სმენა…

ამასთანავე ბატონ ელიაზარს უკვე აღარ შეეძლო ჩეულებრივად ცხოვრება, ჯდომა, ძილი, ან სიარული. ტრავმამ ის საბოლოოდ ამოაგდო ჩვეული კალაპოტიდან. ყოფილი დირიჟორი მხოლოდ ყირამალა გადაადგილდებოდა.

ხეების ტოტების, ჰორიზონტალური შვერილების, ჭერის, კედლების, სატელეფონო და ელექტროენერგიის სადენების მეშვეობით დასეირნობდა ქალაქში და თან, დეპრესიაში ჩავარდნილ მეუღლესაც, ხელში ატატებულს დაატარებდა.

ოპერის ადმინისტრაცია და უბრალო ხალხი ჯერ თანაგრძნობით, მერე კი გაკვირვებული უყურებდა მათ უკუღმართ სიარულს… ბოლოს კი, დაცინვისაგან თავს ვეღარ იკავებდა, რადგან ქალბატონ ელზას კაბის ქვეშიდან, მუდმივად მოუჩანდა საცვლები… თუმცა ამის გამო EL-EL-ები არც კი დადარდიანებულან და პირიქით. ოპერის ყოფილ დივას  დეპრესიამ გადაუარა… რის გამოც წყვილი კისკისით “დაქროდა” ქალაქელების თავზე… და ყურადღებას არავის აქცევდა.

“შემოქმედებითად გარდაცვლილნი”, ისინი ბედნიერნი იყვნენ, ამას ასაბუთებდნენ კიდეც.

“ერთმანეთი არა ნიჭის, პოპულარობის, ან გარეგნობის გამო, არამედ სულიერი სილამაზის გამო გვიყვარს.” – ჩამოსძახა ბატონმა ელიაზარმა ინტერვიუს ასაღებად მისულ ტელე-ჟურნალისტს, – “უნდა გარდავცვლილიყავით, რომ ეს სრულფასოვნად  შეგვეგრძნო!”

“რაც შეეხება ჩემს საცვლებს, ნუთუ ამ მშვენიერ ცაზე მეტი ვერაფერი დაინახეთ?”- ხრინწიანი ჩურჩულით დააყოლა, ჟურნალისტის უტაქტო შეკითხვისგან წამოწითლებულმა ელზამ…

ამ ცოტა ხნის წინ, კი ბატონმა ელიაზარმა შეიტყო, რომ მისი მეუღლე როგორც იქნა დაფეხმძიმდა… სიხარულისგან ფრთაშესხმულა გაბედა, ბოლოს და ბოლოს გაბედა და ღია ცისკენ გადადგა პირველი ნაბიჯი…

ვინც კარგად იცნობდა ბატონ ელიაზარს, იცის, რომ ეს, საოცრად გმირული და თავგანწირული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან, რადგან ჩვენთვის, ჩვეულებრივი მოკვდავთათვის, უფსკრული ქვევითაა, მისთვის ანუ ყირამალად მოსიარულისთვის, უფსკრული ზევით, ცაში იყო. სიმაღლისა, ანუ “ამჟამინდელი” სიღრმისა, ყოფილ დირიჟორს კი ბავშვობიდან ეშინოდა. ფანჯარასთანაც კი თვალდახუჭული მიდიოდა და ქვევით არასოდეს იხედებოდა.

მოკლედ, მომავალმა მამამ  გადადგა ეს ნაბიჯი და ჰოი საოცრებავ, ცაში კი არ “გადაიჩეხა”, არამედ შეფრინდა… დიახ, მან  სივრცეში ნარნარი, ფრენა იწყო…

ჰოდა იმ დღის მერე ცოლ-ქმარი, თავისი ფრენებით  უფრო მეტად აღიზიანებდა ჩვენი ქალაქის ღირსეულ ადამიანებს…

წარმოიდგინეთ, მიდიხართ ქუჩაში და თქვენს თავზე ვიღაცეები დაფარფატებენ, და ეს ვიღაცეები ანგელოზებიც არ არიან და პერიოდულად საცვლები და შიშველი ფეხები მოუჩანთ…

ბოლოს და ბოლოს, ნორმალურ ხალხს ასეთი ამბები რწმენასაც დააკარგვინებს და თავსაც.

ჰოდა, ასე მანამ გაგრძელდა, სანამ ნადირობის სეზონი არ დადგა…

ამით იმის თქმა მინდა, რომ ტრამვისგან დაკარგული ნიჭი და მივიწყებული პოპულარობა, სულაც არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ ცაში კამარები კრათ და სიცილ-კისკისით იფარფატოთ, პრობლემებით გათანგული ქალაქელების თავზე.

© არილი

Facebook Comments Box