ესე (თარგმანი),  კრიტიკა,  რეცენზია

კოლმ ტოიბინი – კონრადის გული

მაია ჯასანოვის „განთიადი: ჯოზეფ კონრადი გლობალურ სამყაროში “

ჯოზეფ კონრადის გმირები, ძირითადად, მარტონი ებრძოდნენ მტრულ გარემოცვას და სხვადასხვაგვარ საშიშროებას. ზოგჯერ, როდესაც მწერალს წარმოსახვა იტაცებდა (ასეთ შემთხვევებში ის ვირტუოზულად იყენებდა ინგლისურ ენას), საშიში ძალები თვით პერსონაჟების სულში იჩენდნენ ხოლმე თავს. ისეც ხდებოდა, რომ ამ ძალების სახელდება შეუძლებელი გახლდათ. კონრადი ასეთ შემთხვევებში კი არ განმარტავდა, არამედ – აღწერდა: აცოცხლებდა უამრავ შთამბეჭდავ, ზუსტად დანახულ დეტალს და მიმართავდა, ასევე, ალუზიებსა და სიმბოლიზებას.

უცნაურია, მაგრამ კონრადისეული ტერმინები, მაგალითად, „უთქმელი“, „უკიდეგანო“, „იდუმალი“, „შეუცნობელი“ იმდენად ზუსტი იყო, რომ მწერალი სწვდებოდა სამყაროში ჩვენი არსებობის საზრისსაც და სამყაროს არსსაც და ეს საზრისი მხოლოდ მის მიერ აღწერილ დროსა და მისი პერსონაჟების ბედ-იღბალს როდი მოიცავდა. „მიღმურობის“ იდეა მისი წარმოსახვის განუყოფელი ნაწილი გახლდათ. კონრადი თითქოს ერთდროულად იმყოფებოდა როგორც ხომალდის რთული მექანიზმების მახლობლად, ისე – უკიდეგანო ზღვის ბუნდოვან ჰორიზონტს მიღმა.

ობიექტურად არსებულსა და წარმოსახულს, იდეალურს შორის გადაულახავი დისტანცია არსებობს. კონრადის შემოქმედებაში ორივე მათგანია ასახული და, შეიძლება ითქვას, ის არა მარტო სათავგადასავლო ნაწარმოებების და თავისი ეპოქის აქტუალური მოვლენების აღმწერია, არამედ – ის მწერალიც, რომელიც ზნეობრივ პრობლემებს დრამატიზებული ფორმით წარმოგვიდგენს. ამიტომ კონრადის ნაწარმოებები მდიდარი მასალაა ინტერპრეტაციისა და, რაღა თქმა უნდა, კრიტიკისთვის. ბუნებრივია, რომ 1970-იანი წლების შუა ხანებში მისმა ნაწარმოებებმა მიიპყრო ეპოქის ორი ყველაზე ცნობილი რომანისტის – ვ.ს. ნაიპოლისა და ჩინუა აჩებეს ყურადღება. პირველმა მათგანმა თავისი შეხედულებები გამოთქვა ესეში „კონრადისა და ჩემი წყვდიადი“, მეორემ კი – ესეში „აფრიკის ხატი: რასიზმი კონრადის „წყვდიადის გულში“.

ნაიპოლი, ძირითადად, განიხილავს კონრადის ქმნილებების სტილსა და ფორმალურ თავისებურებებს. მისი აზრით, „კონრადი ზედმეტად ერევა თხრობაში, რადგან შიშობს, რომ იდუმალება დაყვანილ იქნება მარტივ სიტუაციამდე“. ნაიპოლი მაღალ შეფასებას არ აძლევს კონრადის ისეთ ნაწარმოებებს, როგორებიცაა „ლორდი ჯიმი“, „საიდუმლო აგენტი“, „დასავლეთის აზრით“, „გამარჯვება“: „კონრადის მრავალფეროვნება ერთფეროვნებად მიმაჩნია. მისი ნებისმიერი რომანი წააგავს მარტივ ფილმს, რომელსაც რთული კომენტარი ახლავს.“ კონრადის შემოქმედების მიმოხილვის შემდეგ ნაიპოლი აღშფოთებით წერს: „წამიკითხავს სხვა ისტორიებიც მარტოხელა თეთრკანიანი ადამიანების შესახებ, რომლებიც შეიშალნენ ცხელ ქვეყნებში“. შესაბამისად, განაგრძობს ის, კურცი „წყვდიადის გულში“ – ესაა „სპილოს ძვლით მოვაჭრე, რომლის ბარბაროსული ქცევისა და უგუნურების მიზეზია მისი შეუზღუდავი ძალაუფლება აფრიკელ პირველყოფილ ადამიანებზე. მისმა ამბავმა დიდად როდი დამაინტერესა“.

თავის ესეში ნაიპოლი ახასიათებს კონრადს როგორც „მწერალს,რომელსაც აკლია საზოგადოებაში ცხოვრების გამოცდილება… კონრადის გამოცდილება მწირია; ის ზედაპირულად იცნობდა ბევრ ხალხს, მაგრამ არც ერთ მათგანს არ იცნობდა ღრმად“. შემდეგ ნაიპოლი დრტვინავს: „დიადი საზოგადოებები, რომლებიც ქმნიდნენ წარსულის დიად რომანებს, აღარ არსებობს… რომანმა როგორც ფორმამ თავისი მნიშვნელობა დაკარგა.. რომანისტი, ისევე, როგორც მხატვარი, აღარ აღიარებს თავის ინტერპრეტაციულ ფუნქციას და უგულებელყოფს კიდეც მას; შესაბამისად, მისი აუდიტორია მცირდება. ამიტომ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც გამუდმებით იცვლება, ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება, ისე, თითქოს ამ სამყაროს მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივ ფოტოკამერით ვიღებდეთ, მისი გააზრების გარეშე!“.

ამასთან, ნაიპოლი აკავშირებს კონრადის ნაწარმოებებში აღწერილ ზოგიერთ მომენტს თავის საკუთარ გამოცდილებასთან, ბავშვობისდროინდელ მოგონებებთან და, აგრეთვე, იმასთან, რომ ტრინიდადში არ არსებობდა მკაფიოდ სტრუქტურირებული საზოგადოება, რომელიც შეიძლებოდა მწერალთა ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო: „ვფიქრობდი, რომ დიდი რომანისტები ყოველთვის წერდნენ მაღალორგანიზებული საზოგადოებების შესახებ. ტრინიდადში, სადაც ბავშვობა და სიჭაბუკის წლები გავატარე, ამგვარი საზოგადოება არ არსებობდა; ამიტომ საშუალება არ მქონდა გავცნობოდი მწერალთა თვალსაზრისებს ჩემი სამყაროს შესახებ; ტრინიდადის კოლონიური საზოგადოება შედარებით უფრო შერეული და ამორფული გახლდათ“.

ნაიპოლის აზრით, მისი განცდები ამის შესახებ ზუსტად აისახა კონრადის ერთ-ერთ ნაწარმოებში:

„ეს იყო ქვეყანა მოგონებების, სინანულისა და იმედების გარეშე – ქვეყანა, სადაც დაღამებისას ყველაფერი კვდებოდა; სადაც არ არსებობდა არც „გუშინ“ და არც „ხვალ“, ხოლო ყოველი ცისკარი შესაქმეს თვალისმომჭრელ აქტს წააგავდა“.

ვინაიდან ნაიპოლი თავის თავს, როგორც მწერალს, გაიაზრებს იმ „ამორფული და ნახევრადჩამოყალიბებული საზოგადოებების“ წარმომადგენლად, „რომლებიც თითქოს განწირულნი არიან იმისთვის, რომ სამუდამოდ ასეთებად დარჩნენ“, ის ფიქრობს, რომ „კონრადმა სამოცი წლის წინ ჩემზე ადრე დაახასიათა ეს საზოგადოებები“. „საიდუმლო აგენტის“ პერსონაჟები და ფრაზები, მისი შეხედულებით, საოცრად „რეალურნი“ არიან. ერთ-ერთი ტერორისტის შესახებ კონრადი შენიშნავს, რომ მას უნარი ჰქონდა, „გამოეწვია ავბედითი ლტოლვების კადნიერ გამოვლინებები, რომლებსაც ბიძგს აძლევს უმეცრების ბრმა შური და ამაზრზენი პატივმოყვარეობა“.

ნაიპოლი ახასიათებს კონრადის ორიგინალურ სტილს: „თუ დავაკვირდებით არსებით სახელებს (რომლებიც თითქოს შესუსტებული ან გაუფერულებულია ზედსართავებით, ისე, თითქოს ავტორს სურდეს, უბრალოდ, ლამაზი ფრაზის შექმნა ან იდუმალების გამძაფრება), შევამჩნევთ, რაოდენ ზუსტად გამოხატავენ ისინი სათქმელს. ის შენიშნავს, რომ თუმცა კონრადის ტექსტებში უპირატესად უთქმელს ეთმობა ყურადღება, მაგრამ ლექსიკას საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება: „სიტყვებს, რომლებსაც პირველი წაკითხვისას მექანიკურად აღვიქვამთ, – წერს ნაიპოლი, – მოგვიანებით შევიგრძნობთ მთელი მათი სიცხადითა და ბრწყინვალებით.“ და თუმცა ნაიპოლი არ უარყოფს, რომ, ზოგადად, მისი „კრიტიკული შენიშვნები კონრადის, როგორც რომანისტის შესახებ, სამართლიანია“, ის მაინც აღიარებს: „კონრადის ღირებულება ჩემთვის იმაში მდგომარეობს, რომ ის სამოცი თუ სამოცდაათი წლის წინ ფიქრობდა ხალხის ბედის შესახებ, ხალხისა, რომელიც დიდწილად მისი წყალობით შევიცანი. ამგვარი დამოკიდებულება არც ერთი თანამედროვე მწერლის მიმართ არა მაქვს“.

შესაძლოა, სწორედ ესაა დილემა, რომელსაც ნაიპოლი ხაზს უსვამს: მართალია, ამჟამად „რომანისტი, ისევე, როგორც მხატვარი, აღარ აღიარებს თავის ინტერპრეტაციულ ფუნქციებს“, მაგრამ, მეორე მხრივ, კონრადის შემთხვევაში, ეს აზრი მართებული არაა. იმ რომანისტებისგან განსხვავებით, რომლებიც ასახავენ ადამიანის იზოლაციას, მარტოობას, მერყეობას და არ ცდილობენ სამყაროს განმარტებას, კონრადის შემოქმედებას შემეცნებითი ღირებულება აქვს. მისი პერსონაჟები ყარიბები გახლავან, სულიერ და ფიზიკურ მარტოობას განიცდიან. და ის, თუ როგორ გაიაზრებს კონრადი დროს და აკვიატებულ იდეას „გამარჯვებაში“, ან ჩურჩულსა და ორეულების თემას „საიდუმლო თანამზრახველში“, ან კიდევ – ამბის გადმოცემის ხერხებს „ლორდ ჯიმში“ და, ასევე, მისი პერსონაჟების საარსებო უკიდეგანო სივრცეებს, სადაც აღგზნებული, მშფოთვარე „მე“ ვერ პოულობს განსასვენებელს, კონრადს ჩვენს თანამედროვე მწერლად აქცევს.

მარლოუ, რომელიც მთხრობელია „ლორდ ჯიმში“ და „წყვდიადის გულში“, ენაწყლიანი, ცინიკური, უდარდელი კაცია, ზოგჯერ – აგრესიული, ულმობელი და ძალზე ბრუტალურიც. ისე მეტყველებს, თითქოს არაერთხელ გადაუკითხავს უოლტერ პეიტერი. ბევრგანაა ნამყოფი და არაფერი აკვირვებს და, განსაკუთრებით, „წყვდიადის გულში“, მონაწილეობს თვით ამბავში, რომლისგანაც დისტანცირებას ცდილობს. როდესაც ის მოგვითხრობს და ცდილობს ამბის ფარული საზრისის გამოვლენას, მისი მსმენლები და, რა თქმა უნდა, მკითხველები, მეტს იგებენ, ვიდრე მან – ყველაზე გათვითცნობიერებულმა მთხრობლებს შორის – იცის“.

ამგვარად, ნაიპოლის აზრით, კონრადის ენა ზუსტი და სხარტია. მაგრამ ჩინუა აჩებეს მიაჩნია, რომ განყენებული ცნებების დახვავება კონრადის პროზაში ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ტოვებს:

„როდესაც მწერალი თვალთმაქცობს, რომ იწერს სცენებს, ინცინდენტებს, ხოლო სინამდვილეში ჰიპნოზურ ზეგავლენას ახდენს მკითხველებზე ემოციური ფრაზების დახვავებისა და სხვა ხრიკების მეშვეობით, ეს რიტორიკულ ხერხებს სულაც არ წარმოადგენს“.

1977 წელს აჩებე წერდა, რომ კონრადის ნაწარმოებები სხვა არაფერია, თუ არა მანუგეშებელი მითები.

„წყვდიადის გულში“ ქალ-პერსონაჟთა ნაკლებობა შეინიშნება, მაგრამ აჩებე ადარებს ორ ქალს – ერთი კონგოს მკვიდრია, მეორე კი ბრიუსელში ცხოვრობს. პირველი მათგანი იყო „ველური ქალი, რომელსაც ულამაზესი თვალები ჰქონდა. მის დინჯ ქცევაში იგრძნობოდა რაღაც ავბედითი და დიდებული. და ასეთივე ავბედითი და დიდებული იყო სიჩუმე, რომელმაც უეცრად მოიცვა ეს სევდიანი ქვეყანა, ეს თვალუწვდენელი მიწა, ეს ნაყოფიერი და იდუმალი სიცოცხლე, რომელიც თითქოს ჩაფიქრებით უმზერდა ქალს და მასში თავისი პირქუში და მგზნებარე სულის განსახიერებას ხედავდა“.

მეორე ქალი ევროპელია, დახვეწილი: „ქალი ბინდბუნდში მოდიოდა ჩემკენ. თალხები ემოსა. ერთ წელზე მეტი გასულიყო კურცის სიკვდილის შემდეგ – ერთ წელზე მეტი მას შემდეგ, რაც ქალმა შეიტყო კურცის სიკვდილის შესახებ. ის თითქოს აპირებდა, სამუდამოდ ხსომებოდა კურცი და ეგლოვა. ქალმა მხრებზე ხელები დამადო და წაიჩურჩულა: – მითხრეს, რომ ჩამოხვედით“. მას ერთგულების, რწმენის, ტანჯვის უნარი აქვს.

„ყველაზე უფრო არსებითი განსხვავება, – წერს აჩებე, – ისაა, რომ ავტორი ერთ ქალს აჯილდოებს თვითგამოხატვის უნარით, მეორე ქალ-პერსონაჟს კი – არა“.

აჩებე არ იზიარებს იდეას იმის შესახებ, რომ მარლოუ მხოლოდ და მხოლოდ ნარატორია. კონრადს რომ სდომებოდა თავისი გამიჯვნა მარლოუსგან, „მისი მცდელობა, ჩემი აზრით, ამაო იქნებოდა, რადგან ის მკაფიოდ არ მიგვანიშნებს რეფერენციის ალტერნატიულ სისტემაზე, რომლის მეშვეობითაც შევძლებდით გვემსჯელა პერსონაჟების ქმედებებისა და თვალსაზრისების შესახებ“. მოგვიანებით დაწერილ ესეში აჩებე აღნიშნავს: „ჯოზეფ კონრადი თავგადადებული რასისტი იყო“. რამდენიმე გამჭრიახი არგუმენტით ამ თვალსაზრისის დასაბუთების შემდეგ, აჩებე დასძენს: „კონრადთან შეინიშნება ერთგვარი ანტიპათია შავკანიანების მიმართ, რაც შეიძლება აიხსნას მისი სპეციფიკური ფსიქოლოგიით“. აჩებე ერთმანეთს ადარებს შთაბეჭდილებას, რომელიც კონრადზე მოახდინა ინგლისელი ადამიანის პირველად ნახვამ, მეორე მხრივ კი , სრულიად საპირისპირო რეაქციას, რომელიც მას ჰქონდა შავკანიანის პირველად ნახვისას, და შენიშნავს: „ირაციონალური სიყვარული და ირაციონალური სიძულვილი თანაარსებობდა ამ ნიჭიერი, მგრძნობიარე ადამიანის სულში“.

ამასთან, აჩებე აღიარებს, რომ კონრადს აღაშფოთებდა ის, თუ როგორ ექცეოდნენ ევროპელები აფრიკელებს: „კონრადი გმობდა იმპერიულ ექსპლუატაციას, მაგრამ უცნაურია, რომ მან თითქოს არაფერი იცოდა რასიზმის შესახებ“. ამგვარად, კონრადი, აჩებეს აზრით, წერდა ნაწარმოებებს, რომლებიც ეძღვნებოდა კოლონიური ჩაგვრის მთელ სიმახინჯეს და ააშკარავებდა იმ იდეოლოგიის ასპექტებს, რომელიც ამ კოლონიალიზმის აყვავებას უწყობდა ხელს“.

აქედან გამომდინარე, აჩებე ასკვნის, რომ „წყვდიადის გული“ არ გახლავთ „ხელოვნების დიადი ქმნილება“. მიუხედავად ამისა, რომანი გულწრფელი ხელოვანის მიერ დაწერილი ფასეული დოკუმენტია, ხელოვანისა, რომელიც ვერ გაერკვა საკუთარ დამოკიდებულებებსა და საკუთარ თავში, რაც აჩებეს აღშფოთებას იწვევს.

წიგნში „განთიადი: ჯოზეფ კონრადი გლობალურ სამყაროში“ ისტორიკოსი მაია ჯასანოვი აგვიწერს კონრადის მოგზაურობას იმ ქვეყანაში, რომელსაც ახლა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ეწოდება. ამასთან, მისი წიგნის უმეტესი ნაწილი ეძღვნება კონრადის თხზულებებს, კერძოდ, „წყვდიადის გულს“, „ნოსტრომოს“ და „საიდუმლო აგენტს“. ავტორი პარალელებს ავლებს კონრადის ნაწარმოებებში აღწერილ ამბებსა და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს შორის. „კონრადის ქმნილებები, – წერს ჯასანოვი, – ჯადოსნურ სარკეს ჰგავდა და მომავლის სურათებს გვიჩვენებდა: 11 სექტემბრისა და ისლამური ტერორიზმის გაძლიერების შემდეგ გამაოგნა იმ ფაქტმა, რომ მწერალმა, რომელმაც დაგმო იმპერიალიზმი „წყვდიადის გულში“, ასევე, დაწერა „საიდუმლო აგენტი“ (1907), რომელშიც აღწერილია ტერორისტული ბომბის აფეთქების გეგმა ლონდონში. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გამაკვირვა იმან, რომ კონრადის „ნოსტრომოში“ (1904) კაპიტალიზმი იმავე მეთოდებით და ხრიკებით მოქმედებს, რომელთა შესახებაც ვკითხულობდი ყოველდღიურ გაზეთებში. ციფრული რევოლუციის განვითარებამ გამახსენა, რომ კონრადი „ლორდ ჯიმში“ (1900) და მრავალ სხვა ნაწარმოებში წერდა ტექნოგენური კატასტროფების შესახებ იმ სფეროში, რომელსაც ყველაზე უკეთ იცნობდა – ნაოსნობაში. როდესაც ევროპა და შეერთებული შტატები ვერ შეთანხმდნენ საკითხში იმიგრაციის შესახებ, კვლავ და კვლავ მაოცებდა ის, რომ კონრადი თავის წიგნებს წერდა ინგლისურ ენაზე – მესამე ენაზე, რომელიც მან შეისწავლა უკვე ზრდასრულობის ასაკში“.

მაია ჯასანოვის აზრით, ჯოზეფ კონრადი მისი თანამედროვეა, რომლის შემოქმედებაში აისახება მსოფლიოს ამჟამინდელი მდგომარეობა; მას თავიანთ თანამედროვედ მიიჩნევენ ის რომანისტებიც, რომელთაც ხიბლავს კონრადის ნაწარმოებებში ასახული იდეები, სტილი და ფორმალური ღირსებები.

ჯოზეფ კონრადი (იუზეფ ტეოდორ კონრად კორჟენიოვსკი) დაიბადა უკრაინაში, 1857 წელს, აპოლონ და ეველინა კორჟენიოვსკების ოჯახში. მამამისი პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე და პოლონელი ნაციონალისტი გახლდათ. როდესაც კონრადი სამი წლისა იყო, აპოლონ პორჟენიოვსკი ცარისტულმა პოლიციამ დააპატიმრა და ვარშავის ციტადელში გამოამწყვდია. მალე კონრადის დედაც დააპატიმრეს. მოგვიანებით კონრადი წერდა, რომ სწორედ „ამ ციტადელის ეზოში – რაც ნიშანდობლივია ჩვენი ერისთვის – იწყება ჩემი ბავშვობისდროინდელი მოგონებები“. 1861 წელს აპოლონ კორჟენიოვსკი ვოლოგდაში გადაასახლეს. ეველინა, შვილთან ერთად, თან გაჰყვა ქმარს.

როდესაც ბავშვი რვა წლის იყო, დედამისი დაავადდა (ვერ გაუძლო მძიმე პირობებს, რომელშიც იმყოფებოდა გადასახლებაში) და გარდაიცვალა. კონრადის მამა, მცირეწლოვან ვაჟიშვილთან ერთად, კრაკოვში დასახლდა. თერთმეტი წლის ასაკში ბიჭს მამაც გარდაეცვალა და მასზე მეურვეობა ბიძამ იკისრა. მამის სიკვდილიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ კონრადი ასე იხსენებდა მამის დაკრძალვას კრაკოვში: „ძველ ქალაქში მთვარის შუქი ეფრქვეოდა დიდებულ აკლდამებსა და გარდაცვლილთა ძეგლებს. კვლავ დავინახე პატარა ბიჭი, რომელიც კატაფალკს უკან მისდევდა; მივდიოდი და უკან ურიცხვი ხალხი მომყვებოდა.. კრაკოვის მოსახლეობის ნახევარი აქ მოვიდა მაისის იმ მშვენიერ საღამოს. მოვიდნენ, რათა პატივი მიეგოთ იმ ადამიანის ხსოვნისთვის, ვინც სიცოცხლის ბოლომდე სიტყვისა და საქმის ერთგული დარჩა. მას თითოეული ადამიანი თანაუგრძნობდა ამ ბრბოში“.

ინგლისური და ფრანგული სათავგადასავლო რომანების ზეგავლენით, კონრადმა გადაწყვიტა, მეზღვაური გამხდარიყო. ამ გადაწყვეტილებამ კრაკოვში ყველა გააკვირვა. თექვსმეტი წლის კონრადი მარსელში გაემგზავრა და მალე ბრიტანულ სავაჭრო ხომალდებზე დაცურავდა. „იმ დროს (1878 წელს) როდესაც კონრადი მეზღვაურად მოეწყო გემ „ჰერცოგ საზერლენდზე“, – წერს ჯასანოვი, – ბრიტანელი გემთმეპატრონეები აკონტროლებდნენ მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 70 პროცენტს“. აქ პირობები მძიმე იყო, ჯამაგირი – არცთუ სახარბიელო, და როგორც საადმირალო უწყების ერთ-ერთი მოხელე აღიარებდა, „შეუძლებელი გახდებოდა მეზღვაურების დაქირავება, რომ არა რომანტიკულად განწყობილი ჭაბუკები, რომელთაც ხიბლავდა შორეული მოგზაურობების პერპექტივა“. კონრადმა თავისი პროფესიული სერტიფიკატი 1886 წელს მიიღო და იმავე წელს ბრიტანეთის მოქალაქე გახდა.

კონრადს ხშირად უთანხმოება მოსდიოდა კაპიტნებთან. „მართალია, ეს უთანხმოებები უმეტესად პროვოცირებული იყო, – წერს მაია ჯასანოვი, – მაგრამ მათი სიხშირე ააშკარავებს კონრადის მგზნებარე, ბობოქარ ტემპერამენტს“. როდესაც იალქნებს ორთქლი შეენაცვლა, იალქნიანი გემების რაოდენობა 30 პროცენტით შემცირდა, რაც აძნელებდა სამუშაოს მოძებნას. კონრადი გემის კაპიტნად მუშაობდა მხოლოდ ერთხელ; დანარჩენ დროს თანახმა იყო, უბრალო მეზღვაური ყოფილიყო. მისმა ერთ-ერთმა ძველმა ბიოგრაფმა მიაგნო კაპიტანს, რომლის გემზეც კონრადი მუშაობდა 1887-1888 წლებში. კაპიტანმა გაიხსენა, რომ ერთხელ, როდესაც კაიუტაში ჩავიდა, რათა თავის პირველ თანაშემწეს (კონრადს) რაღაც საკითხთან დაკავშირებით მოთათბირებოდა, დაინახა, რომ ის გამალებით წერდა“. ჯასანოვი აღწერს კავშირს მეზღვაურის ცხოვრებასა და თხრობის კონრადისეულ სპეციფიკურ მანერას შორის, რომელიც თავს იჩენს, მაგალითად, „ლორდ ჯიმში“:

„გემის ჟურნალში აღირიცხება მოძრაობის ყოველი მომენტი. ყოველდღიურად ჩაიწერება ხოლმე შემდეგი რიცხობრივი მონაცემები: თარიღები, გრადუსები, რუმბები, სიღრმე… ამის გამო მეზღვაურს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს დროსთან… რაკი აწმყოს შესახებ ყველაფერი ცნობილია, წარსული და მომავალი იქცევა არაჩვეულებრივად მრავალფეროვანი წარმოსახული მოვლენებით შეფერადებულ სფეროებად ..“, “კონრადმა რამდენიმე წელი გაატარა ყველაზე გრძელ მარშრუტებზე, რომლებზეც რეგულარულად დაცურავდნენ იალქნიანი გემები მცირერიცხოვანი ეკიპაჟებით, მგზავრების გარეშე. ისინი მხოლოდ რამდენიმე ნავსადგურში შედიოდნენ… შედეგად, „ლორდ ჯიმში“ თხრობა სწორედ დროის მეზღვაურისეულ აღქმას შეესაბამება“.

1890 წლის დასაწყისში, როდესაც გემის კაპიტანი მდინარე კონგოზე გამართული შეტაკების დროს მოკლეს, მისი ადგილი კონრადმა დაიკავა. აფრიკაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც კონრადმა „წყვდიადის გულში“ ასახა, მიეძღვნა შემდეგი ნაშრომები: ნორმან შერის „კონრადის დასავლური სამყარო“ (1971), სვენ ლინდკვისტის „გაანადგურეთ ყველა ველური“ (1992) და ადამ ხოხშილდის „მეფე ლეოპოლდის აჩრდილში“ (1998), ასევე – მაია ჯასანოვის წიგნი.

1885-1908 წლებში კონგოს თავისუფალი სახელმწიფო ბელგიის მეფის, ლეოპოლდ მეორის მფლობელობაში იყო. კონრადის აფრიკაში ყოფნის პერიოდში, კონგოდან ბელგიელებს სპილოს ძვლები გაჰქონდათ; მოგვიანებით იქ მოიპოვებდნენ კაუჩუკს. 1896 წელს კონგო კაუჩუკის უმსხვილეს ექსპორტიორად იქცა ევროპაში. მართალია, ლეოპოლდ მეორე აცხადებდა, რომ ჰუმანური მიზნები ამოძრავებდა, მაგრამ მალე გამოაშკარავდა, რომ ის მხოლოდ ქვეყნის ძარცვით იყო დაინტერესებული.

კაუჩკს მდინარე კონგოს აუზის უმეტეს ნაწილში მოიპოვებდნენ. ხოხშილდის თქმით, ეს აუზი „განლაგებულია ზეგანზე, აფრიკის სიღრმეში. ამ ზეგანის დასავლეთ კიდეზე, მდინარე თითქმის ათასი ფუტის სიმაღლიდან  ეშვება. ის მიედინება ვიწრო კანიონებში, სადაც ოცდათორმეტზე მეტ ჩანჩქერსა და ჭორომს წარმოქმნის“.

ამასთან, კონგოს შენაკადები სანაოსნოდ გამოსადეგია. მათში წყლის დონე არ იცვლება. კონგოს აუზი ინდოეთზე უფრო დიდ ტერიტორიას მოიცავს და მისი შენაკადების სიგრძე შვიდი ათას მილს აღემატება. ლეოპოლდ მეორის მიერ კონგოს ანექსიის მომენტში აქ ცხოვრობდა ორასი განსხვავებული ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც ლაპარაკობდნენ ოთხ სხვადასხვა ენასა და დიალექტზე. ამ ეთნიკური ჯგუფების რიცხოვნობა მონებით ორსაუკუნოვანი ვაჭრობის შედეგად ძალზე შემცირდა. რკინიგზის გაყვანამდე (1898 წ.) საქონელი გადაჰქონდათ სახიფათო გზით, რომელიც ნავსადგურ მატადის ქვეყნის შიდა რაიონებთან აკავშირებდა.

1890 წლის ივნისში მატადიში ჩასულმა კონრადმა გაიცნო როჯერ კეისმენტი, რომელიც მოგვიანებით, 1904 წელს, აღწერს მეფე ლეოპოლდის მიერ კონგოს ბარბაროსულ ექსპლუატაციას. ლეოპოლდმა, ფაქტობრივად, მონებად აქცია მოსახლეობა, რომელსაც უჩვეულო სისასტიკით აიძულებდა, კაუჩუკი საოკეანო ნავსადგურში გადაეზიდათ. კონრადი, ისევე, როგორც მარლოუ „წყვდიადის გულში“, ნავსადგურიდან ქვეყნის სიღრმისკენ გაემართა. მას ოცდათერთმეტკაციანი რაზმი ახლდა. 1890 წლის 4 ივლისს კონრადი წერდა: „ვნახე კიდევ ერთი მიცვალებული, რომელიც გზაზე იწვა და თითქოს მედიტირებდა“. ის ექვსი თვის განმავლობაში დარჩა კონგოში.

1898 წელს, როდესაც მან მოთხრობის წერა დაიწყო, სპილოს ძვლის მოპოვებას კონგოში ჩაენაცვლა რეზინის მრეწველობა. მოსახლეობის ჩაგვრა კიდევ უფრო გაძლიერდა. კონრადი, საზოგადოდ, უფრთხოდა პოლიტიკურ საქმიანობას, რომელმაც ტრაგიკული კვალი დააჩნია მის ბავშვობას და შეიწირა მისი მშობლები. ამიტომ, კეისმენტის არაერთი თხოვნის მიუხედავად, მონაწილეობა არ მიუღია ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებში. „ეს ჩემი საქმე არ არის“, – სწერდა ის მეგობარს, –           „მე მხოლოდ ერთი საწყალი რომანისტი ვარ, რომელიც უბადრუკ ნაწარმოებებს თხზავს და ახლოსაც არ ეკარება ამგვარ თამაშებს“. კონრადმა მისწერა კეისმენტს, რომ მისი მოთხრობა „უბრალოდ, გამონაგონი“ იყო და კონგოსთან რეალურად არაფერი აკავშირებდა.

კონგოში მოგზაურობიდან ერთი წლის შემდეგ კონრადმა ორჯერ იმოგზაურა ავსტრალიაში. ის კაპიტნის პირველი თანაშემწე გახლდათ გემზე, სახელწოდებით „ტორენსი“. ერთ-ერთი რეისის დროს გემზე იმყოფებოდა რომანისტი ჯონ გოლსუორთი, რომელმაც მისწერა თავის მშობლებს:

„კაპიტნის პირველი თანაშემწე არის პოლონელი, გვარად კონრადი… უცნაური ვინმეა. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა  აქვს მოვლილი. ნამყოფია კონგოში, იმოგზაურა მალაკასა და ბორნეოზე, აგრეთვე – სხვა ქვეყნებში. სიჭაბუკისას კონტრაბანდისტი ყოფილა“.

1894 წელს კონრადმა თავი დაანება საზღვაო სამსახურს. მომდევნო წელს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი, ხოლო 1896 წელს დაქორწინდა ჯესი ჯორჯზე. ის დასახლდა ესექსში, შემდეგ – კენტში და გაიცნო ცნობილი მწერლები, მათ შორის – ჰენრი ჯეიმსი, სტივენ კრეინი, ჰერბერტ უელსი და ფორდ მედოქს ფორდი, რომელთან ერთადაც ორი რომანი დაწერა.

ესეში კონრადის შესახებ ვ. ნაიპოლი სინანულით აღნიშნავს, რომ საზღვაო სამსახურის მიტოვების შემდეგ კონრადის სულიერი ძიებანი თითქოს შეწყდა. „უფრო მდიდარი წარმოსახვის მქონე მწერლებისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარ თავსა და თავიანთ შინაგან სამყაროს შემოქმედების პროცესში აღმოაჩენენ ხოლმე, კონრადის ხასიათი მანამდე ჩამოყალიბდა, სანამ ის წერას დაიწყებდა“. მაგრამ თითოეული თავისი ნაწარმოებისთვის კონრადმა შექმნა ახალი სტილი, თხრობის ახალი სისტემა. ზოგიერთ ნაწარმოებში მან აღწერა ქვეყნები, რომლებიც ნახა ან რომლებშიც იმოგზაურა; ადგილები, რომლებითაც მოიხიბლა და რომლებიც ოცნებებში წარმოედგინა, მაგრამ სხვა ქვეყნები მთლიანად მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო. მეგობარს, რომელმაც ჰკითხა, შენი რომელი ნაწარმოები მიგაჩნია საუკეთესოდო, კონრადმა უპასუხა:

„არ ვიცი. ისინი ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან. ექსპერიმენტები მიტაცებს და ერთნაირად ვერასოდეს ვწერ. ასე მგონია, „ნოსტრომო“ ჩემი უდიდესი ნაწარმოებია, ჩემი პატივმოყვარეობის გვირგვინი. შესაძლოა, ის მართლაც საუკეთესოა. არ ვიცი“.

„ნოსტრომოს“ წერისას, სადაც მოვლენები გამოგონილ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში მიმდინარეობს, კონრადს არა მარტო ლანდშაფტი უნდა წარმოედგინა, არამედ ისიც დაენახა და გაეაზრებინა, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში, რადგან იმხანად შეერთებული შტატების გავლენა მსოფლიოს ქვეყნებზე გაძლიერდა, ინგლისისა კი – შესუსტდა. მაია ჯასანოვის წიგნის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ღირებულ და საინტერესო ნაწილში „ნოსტრომოს“ წერის პროცესი დაკავშირებულია პანამის არხის გაყვანასთან. ჯასანოვი წერს, რომ 1903 წლის იანვარში, როდესაც კონრადმა „ნოსტრომოს“ წერა დაიწყო, ამერიკისა და კოლუმბიის სახელმწიფო მდივნებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც შეერთებულ შტატებს უფლებას აძლევდა ასწლიანი (განახლებადი) იჯარით აეღო არხის მოსაზღვრე ექვსმილიანი ზოლი. მაშინ, როდესაც გაზეთებში იუწყებოდნენ კოლუმბიის რევოლუციის შესახებ, კონრადმა „ნოსტრომოს“ ახალ თავში აღწერა ამბოხება კოსტაგუანაში (გამოგონილ ადგილას)“.

კონრადი არ იცნობდა სამხრეთ ამერიკას. ამდენად, საინტერესოა კავშირი, რომელიც აღმოაჩინა მაია ჯასანოვმა კონრადის მიერ გაზეთებიდან ამოკითხულ ამბებსა (1903 წელს) და, მეორე მხრივ, „ნოსტრომოს“ შორის: „კოსტაგუანაში, ქალაქ სულაკოში მომხდარი ამბოხების კონრადისეული აღწერა ემთხვევა პანამაში რეალურად დაწყებულ სეპარატისტულ მოძრაობას“. როდესაც მან 1904 წლის 1 სექტემბერს დაამთავრა თავისი ნაწარმოები, შენიშნავს მაია ჯასანოვი, „პანამაში ისეთივე მდგომარეობა სუფევდა, როგორიც სულაკოში იყო. პანამის მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობა მყისვე აღიარა შეერთებულმა შტატებმა და მისმა ეკონომიკამ, რასაც მოწმობდა ამერიკული კაპიტალდაბანდებები პანამის არხში. სულაკომაც მოიპოვა დამოუკიდებლობა, რომელიც დაუყოვნებლივ აღიარა შეერთებულმა შტატებმა, რომლის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი იყო კაპიტალდაბანდებები სან-ტომეს (გამოგონილ) მაღაროში“.

მაია ჯასანოვის მიზანია, განსაზღვროს კონრადის დამოკიდებულება „გლობალური სამყაროს“ მიმართ (ეს სიტყვები მისი ნაშრომის ქვესათაურშია გატანილი). მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ (თუ „ნოსტრომოს“ მიხედვით ვიმსჯელებთ), კონრადი არა მარტო გათვითცნობიერებული იყო მისი თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნების გეოპოლიტიკურ ვითარებაში, არამედ მათ მომავალსაც წინასწარმეტყველებდა. ჯასანოვს მოჰყავს ციტატა 1905 წელს დაწერილი კონრადის ვრცელი ესედან, სახელწოდებით „თვითმპყრობელობა და ომი“. აქ მწერალი აღნიშნავს, რომ ევროპის, როგორც მსოფლიოს გავლენიანი რეგიონის ეპოქა დასრულდა:

„არსებობს მხოლოდ იარაღითა და ვაჭრობით დაინტერესებული ერთადერთი კონტინენტი, სადაც თანდათან მწიფდება ნიადაგი სამკვდრო-სასიცოცხლო ეკონომიკური კონკურენციისთვის და ხმამაღლა გაცხადებული მსოფლიო ამბიციებისთვის“.

კონრადის მიხედვით, შეერთებული შტატები ერთადერთი ანგარიშგასაწევი ძალაა. მისი აზრით, მომავალში „არავითარი ომი არ წარმოიშობა იდეების დასაცავად“. მაია ჯასანოვი დასძენს : „ყველა ომის მიზეზი ფული იქნება“.

ფული კონრადმაც იშოვა. მისი პირველი ბესტსელერი გახლდათ ორმოცდათექვსმეტი წლის ასაკში დაწერილი რომანი „შანსი“, ხოლო მეორე ბესტსელერი იყო  „ოქროს ისარი“ (1919). მაია ჯასანოვი იმოწმებს ციტატას გაზეთიდან: 1920 წელს გაიყიდა ჯოზეფ კონრადის ოცდათექვსმეტჯერ მეტი წიგნი, ვიდრე – 1911 წელს.

1924 წელს, კონრადის გარდაცვალების შემდეგ, ვირჯინია ვულფმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონრადი უცხოური წარმომავლობის მწერალი იყო. მან კონრადს „ჩვენი სტუმარი“ უწოდა და ხაზი გაუსვა კონრადის ნაწარმოებების „იდუმალებით აღსავსე ატმოსფეროს“ და წერის უცხოურ მანერას. მაგრამ კონრადმა თავის რომანებში აღწერა დასავლეთიც და აღმოსავლეთიც, მალაიაც და ლონდონიც, სამხრეთი ამერიკაც და აფრიკაც. აქედან გამომდინარე, ის, ზოგადად, მთელი მსოფლიოს სტუმრად უნდა მივიჩნიოთ, რომელმაც, ნამდვილად გაუსწრო თავის ეპოქას.

ამასთან, რუსეთის მიმართ კონრადის დამოკიდებულება სპეციფიკური ხასიათისა იყო, რაც აისახა ესეში „თვითმპყრობელობა და ომი“: „.. „ჭეშმარიტება ისაა, რომ ჩვენი მამებისა და ჩვენი ბავშვობის დროინდელი რუსეთი პეტრე დიდის ნაანდერძევია… და მასთან ბრძოლა შეუძლებელია. შეუძლებელია იმის გამო, რომ აღარ არსებობს – ბოლოს და ბოლოს, გაქრა, და ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულა არავითარი ახალი რუსეთი, რომელიც შეენაცვლება ამ ავბედით წარმონაქმნს. ის თითქოს შეშლილის ფანტაზიის ნაყოფია – ოდენ კოშმარული ფიგურა, რომლის ერთადერთი მიზანი სხვა ერების დაშინება და დაბეჩავებაა. აჩრდილივით არსებობდა, აჩრდილივით გაუჩინარდა და მეხსიერებაში არ დაუტოვებია არც ერთი კეთილშობილური ან უანგარო (თუნდაც უნებური) ქმედება სხვა ერებისა და სახელმწიფოების მიმართ. არსებობდა სხვა დესპოტური სახელმწიფოებიც, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა ესოდენ ზნედაცემული, არც ერთი მათგანის შექმნის პერიოდი არ ყოფილა ესოდენ სამარცხვინო“.

დავასახელებთ კიდევ ერთ მაგალითს (მრავალთაგან), რომლებიც ააშკარავებს კონრადის ღრმა სიძულვილს რუსეთის მიმართ. ფრედერიკ რ. კარლი „ნოსტრომოს“ ანალიზისას (თხზულებაში „ჯოზეფ კონრადი: სამი სიცოცხლე“) აღნიშნავს, რომ სულაკოს სახით კონრადმა პოლონეთის მდგომარეობა ასახა (და არა პანამისა), ხოლო შეერთებული შტატების პოლიტიკა რომანში რუსეთისას შეესაბამება: „კონრადი გვაუწყებს, – წერს კარლი, – რომ მთელი ქვეყანა (იგულისხმება რუსეთი)  მოუცავს ბოროტმოქმედებებსა და ზნეობრივ გახრწნილებას. სწორედ ეს თვალსაზრისი უდევს საფუძვლად მის ნაწარმოებებს: „საიდუმლო აგენტი“, „დასავლეთის თვალთახედვით“, „შანსი“ და „გამარჯვება“. ეს, და არა თეორია დემოკრატიის, მისი დამარცხებებისა და გამარჯვებების შესახებ, წარმოადგენს კონრადის პოლიტიკურ ბაზისს“.

მაია ჯასანოვს მოჰყავს კონრადის სიტყვები, რომლებიც დაიწერა პოლონეთში მისი მოგზაურობის დროს, 1914 წელს: „1874 წელს კრაკოვში ჩავჯექი მატარებელში (ვენის ექსპრესში) და გავემართე ზღვისკენ, ისე, თითქოს საოცნებო სამყაროსკენ მივემართებოდი. ეს ოცნება დღესაც გრძელდება“. კონგოს, ბორნეოს, ლონდონისა და სამხრეთ ამერიკის შესახებ ოცნებების დროს კონრადს არ ავიწყდებოდა ქვეყანა, რომელიც დატოვა – და რომლის შესახებაც (იმისდა მიუხედავად, რაოდენ შორს იმყოფებოდა ის სამშობლოსგან) ყოველთვის ოცნებობდა – მშობლიური პოლონეთი.

კონრადი, როგორც ორი ერის წარმომადგენელი, შეიძლება ჩვენს თანამედროვედ ჩავთვალოთ. ამასვე მოწმობს ის, რომ განსაცდელის დროს, ისევე, როგორც ცხოვრების ბედნიერ მომენტებში, მისთვის იუმორის გრძნობას  არ უღალატია. როდესაც კონრადს ჰკითხეს, რატომ არ წერდა პოლონურ ენაზე, ინგლისელმა მწერალმა მიუგო: „იმდენად დიდ პატივს ვცემ მშვენიერ პოლონურ ლიტერატურას, რომ თავს უფლებას არ მივცემ, ის ჩემი უსარგებლო ყბედობით „გავამდიდრო“. ინგლისელებს კი მოსწონთ ჩემი ყბედობა და მეც სწორედ ამის მეშვეობით ვშოულობ ლუკმაპურს“.

 The New York Review of Books

 February 22, 2018

Facebook Comments Box