პროზა (თარგმანი)

კოლმ ტოიბინი – ხუთი ხიდი

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

ჯერალდინმა თქვა, ამ მთაზე ასვლა არ გაგვიჭირდებაო. და დასძინა: „შენც კი ადვილად ახვალ“.

„რამდენი ხანს მოვუნდებით?“

„ერთი საათს. ან, შეიძლება, ორს. ან სამს“.

ორი კვირის წინ პოლმა ჯერალდინს აცნობა, რომ სამშობლოში მიემგზავრებოდა და უკვე ბარგსაც ალაგებდა. ახლა უთხრა, შეგიძლია ირლანდიაში ჩამოხვიდე ხოლმე ჩემთანო.

„მშობლებთან ვიცხოვრებ, ყოველ შემთხვევაში, ცოტა ხანს მაინც. შენი გაცნობა მოხუცებს გაახარებს. კარგი იქნება, თუ ჩამოხვალ.“

            „დასანანია, რომ აქ ჩამოსვლა ვერ შეძლეს“, თქვა ჯერალდინმა.

            „ალბათ, საკმარისი ფული არა აქვთ. და გზაც შორია.“

            სტინსონ-ბიჩიდან ერთი თუ ორი მილის მანძილზე იმყოფებოდნენ. პოლს დროულად უნდა მიეყვანა შინ ჯერალდინი, რომელსაც აღელვებდა, რომ დედა ელოდებოდა.

            „დედას შევატყობინე, რომ მიემგზავრები,“ თქვა ჯერალდინმა, „ასე თქვა, თუ თავისი ნებით არ დატოვებს ქვეყანას, შეიძლება იძულებით გაასახლონო“. ჯერალდინი მოზრდილი ადამიანის კილოთი ლაპარაკობდა.

„ხომ შეიძლება, შენთან მარტო ჩამოვიდე?“ – ჰკითხა გოგონამ.

„დუბლინში? რასაკვირველია, შეიძლება.“

            „ერთხელ მითხარი, რომ შემიძლია რაიმე სურვილი ჩავიფიქრო, სანამ გაემგზავრები. დედასაც ვკითხე და მითხრა, რომ შემიძლია ჩავიფიქრო სურვილი, რომელიც არც ისე ფანტასტიკურია.“

            „დედაშენი არ იცვლება, არა?“

            „მითხრა, ბევრი რამ არ უნდა ინატროო. იცი, დედაზე ზოგჯერ ვბრაზობ“.

            ეს ჩვეულებრივი სეირნობა რომ ყოფილიყო, პოლი ეტყოდა, დედაზე არ უნდა გაბრაზდეო. ახლა ამჯობინა, არაფერი ეთქვა და თავისი დუმილით დამტკბარიყო.

            „ვფიქრობ, ბოლოს დამეთანხმება,“ – განაგრძო ჯერალდინმა.

            პოლმა იცოდა, რომ გოგონა ელოდა, როდის ჰკითხავდა მამა, რას ნატრობ, რა სურვილის ჩაფიქრება გინდაო.

            „დედამ თქვა, რომ თუკი დაგაპატიმრებენ, ალბათ, მასაც მიაკითხავენ.“

            „შეუძლებელია! ის ხომ ამერიკელია!“

            „იმისთვის მივლენ, რომ შეიტყონ, რაიმეთი ხომ არ დაგეხმარება. მაგალითად, ადვოკატებს ხომ არ დაგიქირავებს“.

            „შეიძლება დამეხმაროს“.

            „არა მგონია,“ – მიუგო ჯერალდინმა.

            მან ტელეფონი აიღო და ჩააშტერდა, თან ეკრანს თითს უსვამდა. პოლმა იცოდა, რომ გოგონა მამასთან ყოფნისას ტელეფონში იშვიათად იყურებოდა, ისიც კი სთხოვა, თუკი ღიზიანდები, ჩემი ტელეფონი გამომართვი და შეინახეო. მაგრამ პოლს ახლა არაფერი უთქვამს. დაე, რაც უნდა, ის აკეთოსო, გაიფიქრა.

            იმ დროისთვის, როდესაც სოსალიტოს მიაღწიეს და ხიდისკენ გაემართნენ, უკვე ბნელოდა. გოგონამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.

            „იცი, რა მინდა?“, ჰკითხა მამას, „მინდა, რომ შენ, მე, დედა და სტენი ტემის მთაზე ავიდეთ. ხშირად ავდივართ ხოლმე. მთაზე ჰოსტელია. იქ ყოფილხარ?“

            ჯერალდინი კვლავ მოზრდილი ქალის ხმით ლაპარაკობდა. პოლმა გაიფიქრა, რომ, ალბათ, გოგონა სტენსაც ასე ესაუბრებოდა ხოლმე.

            „არ მახსოვს“.

            „ტურისტებისთვისაა.“

            გოგონამ თქვა, რამდენი დრო დასჭირდებოდა მთის დალაშქვრას.

            „ასვლას თუ ჩამოსვლას?“

            „ასვლასაც და ჩამოსვლასაც. იქიდან ყველაფერი ჩანს. მგონი ხიდებიც კი ჩანს.“

            „ყველა ხიდი?“

            „ხუთივე. შეიძლება, მეტიც.“

            „დედაშენი დათანხმდება?“

            „მთავარია, შენ დათანხმდე.“

            „რატომ არ გინდა, რომ მხოლოდ მე და შენ ავიდეთ იმ მთაზე?“

            „მინდა, რომ ყველანი ავიდეთ. მხოლოდ ერთი ღამით“

            „ჩემგან რა გინდა?“

            „მინდა, რომ დათანხმდე“.

            „თანახმა ვარ“.

როდესაც ჯერალდინმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, პოლმა გააფრთხილა: „დედაშენს უთხარი, რომ ეს შენი სურვილია, და რომ დიდი დრო დაგჭირდა

იმისთვის, რომ დაგეყოლიებინე“.

„ასეც იყო“.

* * *      

            როგორც კი შინ მივიდა, პოლმა სანდრას მისწერა, რომ  ირლანდიაში სასწრაფოდ დაბრუნებას აპირებდა.

            ერთი წუთის შემდეგ სანდრასგან ჩვეული პასუხი მიიღო: „Txt recvd“.

            მეორე დღეს ჯერალდინმა მოსწერა: „უთხარი დედას, რომ ნამდვილად თანახმა ხარ, ჩვენთან ერთად ახვიდე ტენის მთაზე“.

და, თითქმის მაშინვე, კიდევ ერთი შეტყობინება სანდრასგან: „ეს შენი სურვილია?“

პოლს უნდოდა ეპასუხა, არაო, მაგრამ შემდეგ გაიფიქრა, რომ უმჯობესი იქნებოდა, პასუხი არ გაეცა, ისე, თითქოს არავითარი შეტყობინება არ მიეღო. მაგრამ იცოდა, რომ ეს საკითხი ახლავე უნდა გადაეწყვიტა, სანამ სანდრა და ჯერალდინი ტელეფონით შეტყობინებებს უგზავნიდნენ. შესაძლოა, თავს სტენი ადგათო, გაიფიქრა. სანამ პასუხს გაუგზავნიდა, ტექსტი გადაიკითხა. არ სურდა, ეფიქრათ, თითქოს ძალზე დამთმობი იყო. „ჯერალდინმა მითხრა, რომ, სანამ გავემგზავრები,  ყველანი ტენის მთაზე  უნდა ავიდეთ. სიამოვნებით წამოვალ, თუკი შენ და სტენიც დათანხმდებით“.

*

 კვირადღეს პოლს უამრავი საქმე ჰქონდა. თავს სანტექნიკოსს უწოდებდა, თუმცა ლიცენზია არასოდეს ჰქონია და ამ ხელობაში გაწაფული არ იყო. მაგრამ შეეძლო, ნახვრეტი ამოევსო, სარჩილავი გამოეყენებინა, ჭანჭიკი ან სარქველები შეეცვალა, ახალი ონკანები დაეყენებინა. მილების გასაწმენდად საგანგებო ხერხი გამოიგონა. უფრო რთულ საქმეებს სხვებს ანდობდა ხოლმე. აღარ ლოთობდა და ამიტომ შეეძლო გამოძახებისთანავე მისულიყო კლიენტთან. რეკლამა არ სჭირდებოდა, რადგან კლიენტები მისი ტელეფონის ნომერს ერთმანეთს გადასცემდნენ ხოლმე. სანდო ხელოსანი იყო და მისი მომსახურებით სან-ფრანცისკოს ყურის რაიონში მცხოვრები უამრავი ადამიანი სარგებლობდა.

          *

 პოლი თავის პაწაწინა სააბაზანოში შევიდა და სარკეში ჩაიხედა. თმა უნდა შეეკრიჭა, სანამ ირლანდიაში გაემგზავრებოდა ან თუნდაც მანამ, სანამ ტენის მთის დასალაშქრად წავიდოდა. და წარბები მოეწესრიგებინა. და უფრო ხშირად გაეპარსა პირისახე. ამ ბინაში მის გარდა, თითქმის არავის უცხოვრია მას შემდეგ, რაც პოლი დასცილდა ნუალა ბრეტნექს, რომელიც ხუთშაბათობით ოკლენდის ერთ-ერთ ბარში მღეროდა. თავდაპირველად, ნუალა ამბობდა, რომ მოსწონდა ეს ვიწრო, ავეჯით გატენილი ოთახი, რომლის ფანჯრები ჟღრიალებდა, როდესაც ქუჩაში ავტობუსები და სატვირთო მანქანები მოძრაობდა.

            ბოლოს ნუალამ უთხრა პოლს და თავის ყველა ნაცნობს, რომ პოლის ბინაში ცხოვრებისას მოჰბეზრდა საშინელი ზეწრები, ბრტყელი ბალიშები, ძველ სავარძელზე დაყრილი ტანსაცმელი, ამჟავებული ლუდის სუნი.

            მალე პოლიც აღარ იცხოვრებს ასე. ბინა უნდა გაათავისუფლოს, თავისი ბარგი-ბარხანა ჩანთებში ჩააწყოს და სადმე წაიღოს. მოსწონდა, რომ სამშობლოში თითქმის ბარგის გარეშე დაბრუნდებოდა, ფულს კი ჯიბეებსა და წინდებში შეინახავდა. გარკვეული თანხა სანდრასთვის უნდა დაეტოვებინა მომავალში ჯერალდინასთვის გადასაცემად, თუმცა, სანდრას შეეძლო გესლიანად ეკითხა, ხომ არ იყენებ ქალიშვილს იმისთვის, რომ შენი ფული საიმედოდ შეინახოო.

ორი დღის შემდეგ სანდრამ მოსწერა: „Hike bookd for Stday 18th“. შემდეგ ჯერალდინისგან შეტყობინება მიიღო, ცხრა საათზე გამომიარეო. სანდრასა და სტენს კი ავტოსადგომზე უნდა შეხვედროდნენ.

            ახლა ისღა დამრჩენია, სტენმა მომწეროს, რომ ჩემთან შეხვედრას მოუთმენლად ელისო, ჩაიცინა პოლმა.

            სანდრას, ჯერალდინს და სტენს უნდა სცოდნოდათ, რომ შეერთებულ შტატებში ტურისტული ვიზით ოცდაათწლიანი ცხოვრების შემდეგ პოლს უკან აღარასოდეს მიიღებდნენ. პოლმა პასპორტის ვადა გააგრძელა, მაგრამ ეს ირლანდიური პასპორტი იყო. რამდენიმე მეგობარს ჰკითხა, იქნებ, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს, რომ ამერიკაში ქალიშვილი მყავს და აქ დარჩენის უფლება მომცესო, მაგრამ დადებითი პასუხი არავისგან მიუღია. ერთხელ, პანდემიის დასასრულს, დეილი-სიტიში, ირლანდიელთა თავყრილობაზე, ირლანდიის კონსულს ჰკითხა, რამით ხომ ვერ დამეხმარებითო. კონსულს არ დაუიმედებია.

            თუკი ჯერალდინი მამის ნახვას მოისურვებდა, ირლანდიაში უნდა ჩამოსულიყო. ამერიკულ პასპორტთან ერთად, ირლანდიურის მიღებაც შეეძლო.

            ზოგჯერ პოლი სანდრას ადანაშაულებდა იმაში, რომ უწინ ქალი ჯერალდინის ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდა, მაგრამ როდესაც დაფიქრდა, მიხვდა, რომ ამაში მხოლოდ თვითონ მიუძღოდა ბრალი. როგორც კი შეიტყო, რომ სანდრა ფეხმძიმედ იყო, მხარში უნდა ამოსდგომოდა, ფინანსურად დახმარებოდა, – მას შემდეგაც კი, რაც ქალმა მკაფიოდ აგრძნობინა, რომ შენი ნახვა არ მსურსო. იმხანად პოლი ლოთობდა. თუმცა, შესაძლოა, სანდრას გული სხვა მიზეზით გაუცივდა.

            პოლი ყოველთვის მერყეობდა, ამერიკაში დავრჩე თუ სამშობლოში დავბრუნდეო. მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება არასოდეს ეხერხებოდა, არაფრად ენაღვლებოდა, რომ საბუთების გარეშე ცხოვრობდა ამერიკაში იმ პერიოდში, როდესაც არალეგალ ირლანდიელებს ხელისუფლება არ დევნიდა, მაგრამ როდესაც შეიტყო, რომ მალე მამა გახდებოდა, უნდა შეცვლილიყო. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, სანდრა ცოლადაც კი გაჰყოლოდა.

ერთხელ, როდესაც ქალი უკვე რვა თვის ფეხმძიმე იყო, რესტორანში შეხვედრა დათქვეს. პოლს სურდა დაერწმუნებინა სანდრა, რომ ყოველნაირად დაეხმარებოდა. მაგრამ, როდესაც რესტორანში წასასვლელად ემზადებოდა, ძველმა კლიენტმა გამოიძახა. მას უარს ვერ იტყოდა. რესტორანში მისვლა დააგვიანდა. განრისხებულმა სანდრამ უფლება არ მისცა, შინ მიეცილებინა და ამის შემდეგ მის შეტყობინებებს აღარ პასუხობდა. სანდრა უკვე ოთხი წელია არ ენახა.

 *

             პოლმა თავის ბინას თვალი შეავლო. სააბაზანოში შევიდა და რამდენიმე სამართებელი და შამპუნის ფლაკონი გადაყარა. კაფელის გაწმენდა დააპირა, მაგრამ გაიფიქრა, არაფერი უჭირს, სუფთააო. შავი ცელოფნის პარკი აიღო და სამზარეულოს კარადები დააცარიელა. შეიძლებოდა, ზოგიერთი ნივთი ნახმარი საქონლის მაღაზიაში ჩაებარებინა, მაგრამ ვის უნდა დასჭირვებოდა ასეთი ხარახურა? მრავალი წლის წინ უნდა ეყიდა ახალი ნივთები, ჩარჩოებში ჩაესვა პოსტერები – ისინი, რომლებიც ძირს არ დაცვენილა და არ გახუნებულა. შვება იგრძნო, როდესაც ირგვლივ მიიხედ-მოიხედა. ახლა ბინის პატრონისთვის უნდა შეეტყობინებინა, რომ მიემგზავრებოდა. არ სურდა, აქ დარჩენილიყო სიბერემდე, როდესაც ხელისუფლება ქვეყნიდან გააძევებდა, როგორც უხუცეს არალეგალურ იმიგრანტს. კიდევ უფრო უარესი იქნებოდა, თუკი ლოთობას გააგრძელებდა ან ისე იცხოვრებდა, რომ ვერასოდეს ენახა ჯერალდინი. ისე დაბერებულიყო, რომ თავის ქალიშვილს ქუჩაში შეხვედრისას ვერც კი ეცნო.

            ყველაფერი ასეც მოხდებოდა, მაგრამ ის შონ ფ. კირვანმა იხსნა.

            კირვანს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა სიტყვა „იხსნა“.

            ის ირლანდიის ქალაქ უექსფორდიდან იყო და ბარ Greyhound Track-ის მფლობელი თუ მმართველი გახლდათ.

            კირვანი შერჩევით უდგებოდა თავის კლიენტებს, ისევე, როგორც მომსახურე პერსონალს: „სამსახურში არ ვიღებ უიღბლო ადამიანებს, ავანტიურისტებსა და სუონლიბარიდან ჩამოსულ ირლანდიელებს“, ამბობდა ის. თუკი მუდმივ კლიენტს ირლანდიიდან სტუმრად ნათესავები ეწვეოდნენ, კირვანი მათ უფასოდ უმასპინძლდებოდა. არაირლანდიელ კლიენტებთან ერთად ცეკვავდა ხოლმე, იმის ნიშნად, რომ Greyhound Track-ში ყველა ეროვნების ხალხს სიხარულით ხვდებოდნენ. თუკი რომელიმე მამაკაცი განმარტოებით ჯდებოდა და სვამდა, კირვანი თვალყურს ადევნებდა, რომ ის არავის შეეწუხებინა. პოლს გაუკვირდა, როდესაც ერთხელ კირვანი მასთან მივიდა და ბარის ტაბურეტზე ჩამოჯდა.

            „ერთი ირლანდიელი ყმაწვილი თავის ბინაში მკვდარი იპოვეს, აეროპორტის მახლობლად, ოკლენდში. იქ დაახლოებით ერთ კვირას ცხოვრობდა“. და პოლს ფოტოსურათი აჩვენა. „იცნობდი?“

            „არა“.

            „მხოლოდ ფულის შეგროვება როდი მინდა, რომ ნეშტი სამშობლოში გავგზავნო. ეს ძნელი არაა. მაინტერესებს, ხომ არ ცხოვრობენ აქ სხვა ირლანდიელები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. უნდა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზე აქვთ.

            კირვანმა ბარათზე ექვსი ასო დაწერა:

SIMIBA.[1]

            „საიდან იცი, რომ მარტოხელა ვარ?“

„მარტოხელა კაცივით გამოიყურები.“

            პოლი გაიზმორა. დაამთქნარა.

            „კარგი იქნებოდა, რომ აქაურ ირლანდიელებთან – შენი ჩათვლით – შეხვედრა მომეწყო“ – თქვა კირვანმა და ფოტოსურათი კვლავ აჩვენა პოლს. „მინდა, დავრწმუნდე, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება.“

            პოლმა არაფერი უპასუხა.

            „უექსფორდიდან ვარ“, – თქვა კირვანმა და პოლთან ახლოს მიიწია, თითქოს რაღაც საიდუმლოს ანდობდა. „ალბათ, ეს უკვე იცი. დედაშენიც იქიდანაა, ხომ?“

            „იქიდანაა. ისევე, როგორც შენ…“

             „შენი ტელეფონის ნომერი მომეცი და შეხვედრის თარიღს შეგატყობინებ. იმ ყმაწვილის დასამარხად ფულს ხომ მომცემ? რამდენსაც შეძლებ“.

            ერთ ღამეს, როდესაც პოლი Greyhound Track-ის მახლობლად იმყოფებოდა, ტელეფონმა დარეკა. კირვანი იყო. ისინი ბარში შეხვდნენ ერთმანეთს.

            „დიდხანს ვერ დავრჩები, მეჩქარება,“ თქვა პოლმა.

            „მეც მეჩქარება, აგერ, იმ კაცსაც და მის მეგობარსაც. არც ერთ ჩვენგანს არ სცალია“, მიუგო კირვანმა.

            „საიდან შეიტყვე დედაჩემის წარმომავლობა?“ ჰკითხა პოლმა.

            „წარმოდგენა არა მქონდა, საიდან იყო დედაშენი. რაღაცებს ვხვდები ხოლმე. ხომ გახსოვს, მინდა შევკრიბო აქ მცხოვრები მარტოხელა ირლანდიელები.“

            „ეს უკვე ვიცი “, თქვა პოლმა.

„შენი დახმარება მჭირდება.“

„მღვდელივით ლაპარაკობ“.

„ძალიან შემაწუხა იმ ყმაწვილის სიკვდილმა, ესაა და ეს.“

*

ერთი კვირის შემდეგ პოლი Greyhound Track-ის მეორე სართულზე ავიდა, რათა შეხვედროდა კირვანსა და ოთხ თუ ხუთ სხვა ადამიანს, რომელთაგან ორი ეცნო.

„მალე უნდა წავიდე“, თქვა პოლმა. „არ ვიცი, აქ რას ვაკეთებ“.

„მეგონა, მეტნი ვიქნებოდით“, – ამოიოხრა კირვანმა. და ირლანდიის შესახებ ლაპარაკი დაიწყო. აღტაცებით ლაპარაკობდა.

„საქმეზე ილაპარაკე“, შეაწყვეტინა კაცმა, რომელსაც ირლანდიური კილო ჰქონდა. „ქადაგების მოსმენა რომ მნდომოდა, ეკლესიაში წავიდოდი“.

*

მომდევნო თვეების განმავლობაში ამ ყოველკვირეულ თავყრილობებზე სულ უფრო მეტი ადამიანი მოდიოდა. ოთხკაციან ჯგუფებად გაერთიანდნენ, თითქოს ბანქოს თამაშს აპირებდნენ. საუბრობდნენ სამედიცინო დაზღვევის შესახებ, და, ასევე, ICE და IRS-ის პრობლემებს იხილავდნენ. რამდენიმე მათგანს სურდა შეექმნათ მუსიკალური ანსამბლი, რომლის რეპერტუარში ქანთრი და ირლანდიური მუსიკა იქნებოდა. ერთ-ერთმა მინი-ფეხბურთის თამაშების ორგანიზებაც მოინდომა. არავის არ უთქვამს, ამ შეხვედრებზე ქალები მოვიწვიოთო.

კირვანი ხან ერთ ჯგუფს უერთდებოდა, ხან კი – მეორეს, მაგრამ, როგორც წესი, არ ლაპარაკობდა. სპირტიან სასმელებს არავინ სვამდა. შეკრებილთაგან ორი ირლანდიელი ტექნოლოგიათა სფეროში მუშაობდა, ერთი – ბუხჰალტერი იყო, ორი – ბარმენი. დანარჩენები ხელს ჰკიდებდნენ ყოველგვარ სამუშაოს, რომელსაც მათთვის გარკვეული შემოსავალი მოჰქონდა.

ერთ საღამოს, როდესაც თავყრილობა დასასრულს უახლოვდებოდა, კირვანი დინჯად მიუახლოვდა პოლს, რომელიც Greyhound Track-ში გაცნობილ ირლანდიელებს ეუბნებოდა, ქალიშვილი მყავსო.

„ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობ. მახსოვს, ჩემს შეყვარებულს უთხრეს, გოგონა გეყოლებაო.“

ყველა დუმდა. პოლი მიხვდა, რომ თხრობა უნდა განეგრძო.

„გოგონა არასოდეს მინახავს, ხშირად ვფიქრობ მასზე. ალბათ, ოთხი წლისა იქნება, მგონი, სადღაც, სან-ფრანცისკოს ყურის რაიონში ცხოვრობს.“

კირვანმა თვალი თვალში გაუყარა. პოლი ელოდა, რომ კირვანი ახლა, ყველას წინაშე, ეტყოდა, ასე და ასე მოიქეციო. მაგრამ კირვანს არაფერი უთქვამს და ჯგუფი მალე დაიშალა.

შინ დაბრუნებული პოლი ინტერნეტით შეეცადა სანდრას პოვნას.

იპოვა! სანამ წერილს მისწერდა, თმა შეიკრიჭა და ბინა დაალაგა. როდესაც პასუხი არ მიიღო, დაურეკა. სანდრა არ გამოეპასუხა. საღამოს პოლმა ბარიდან კირვანს დაურეკა.

„ნასვამი ხარ“, უთხრა კირვანმა. „ხვალ შევხვდეთ, როდესაც ფხიზელი იქნები“.

მეორე საღამოს კირვანმა ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა და ურჩია, ქალისთვის ტელეფონით შეტყობინება გაეგზავნა.

„ისე დაწერე, რომ მიხვდეს: შენს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა“.

„მერე?“

„აუხსენი, რომ დედაშენი უექსფორდიდანაა და რომ კარგი ადამიანი ხარ“.

პოლს გაეცინა.

*

 სანდრა ერთი თვის განმავლობაში არ შეხმიანებია, მაგრამ პოლმა მიიღო შეტყობინება: „წერილი მიღებულია“. ეს შეტყობინება კირვანს აჩვენა, რომელმაც ურჩია, არ იჩქაროო.

„საქმე უკვე სანახევროდ გაჩარხულია“, თქვა მან.

მალე სანდრამ ნება დართო პოლს, მისულიყო სახლში, სადაც ცხოვრობდა. შაბათობით პოლი რამდენიმე საათის განმავლობაში ეთამაშებოდა ხოლმე ჯერალდინს. გოგონა უკვე ოთხი წლისა იყო, დიდხანს ეტიტინებოდა ხოლმე მამას და ვიდეოთამაშებით მასთან ერთად ერთობოდა. მამის წასვლისას დიდად როდი წუხდა. ყოველ შაბათს ისე განაგრძობდა წინა შაბათს დაწყებულ თამაშს, თითქოს სულ მცირეოდენი დრო გასულიყო.

სანდრა პოლთან შეხვედრებს თავს არიდებდა და მეზობლებს ავალებდა პოლის შეხვედრასა და გაცილებას. ახლა პოლს ჯერალდინი პარკში მიჰყავდა ხოლმე. შემდეგ უფლება მისცეს, გოგონა თავისი მანქანით გაესეირნებინა. იცოდა, რომ გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს. ერთხელ მაინც რომ დაეგვიანებინა და ჯერალდინი დროულად არ მიეყვანა შინ, ან მისგან ლუდის სუნი რომ ეგრძნოთ, სანდრა ჩაერეოდა. უკანასკნელი შეხვედრისას, როდესაც სანდრა ფეხმძიმედ იყო, მან პოლს უთხრა, როგორ მომაბეზრე თავიო. შესაძლოა, ახლაც ასე ფიქრობდა. როდესაც სტენი გაიცნო და ცოლად გაჰყვა, პოლმა ამის შესახებ  SMS-შეტყობინებიდან გაიგო.

ახლა ჯერალდინი ხშირად ახსენებდა ხოლმე სტენს, როდესაც მამას ეტიტინებოდა.

პოლს თავის მობილურ ტელეფონში ჯერალდინის ფოტოსურათი ჰქონდა შენახული და ხშირ-ხშირად დაჰყურებდა. თავს იმით იმშვიდებდა, რომ ჯერალდინი იმავე ქალაქში ცხოვრობდა, რომ მამას ყოველ შაბათს შეეძლო შვილის ნახვა და რომ გოგონა ბედნიერი იყო და არაფერი აკლდა.

პოლი აღარ დადიოდა ყოველკვირეულ თავყრილობებზე, მაგრამ კირვანთან მეგობრული ურთიერთობა არ გაუწყვეტია და ესაუბრებოდა ხოლმე, როდესაც Greyhound Track-ში მიდიოდა. პოლი და კირვანი ლაპარაკობდნენ კირვანის დამოკიდებულებაზე Grindr[2]-ს მიმართ.

„Grindr-ს ბარში ვერ ვრთავ ხოლმე, მაგრამ ერთხელ ჩავრთე – ხუთშაბათი დღე იყო, დაახლოებით შვიდი საათი – და Grindr-ზე გავიცანი ჩემი ბარის ხუთი კლიენტი. წარმოგიდგენია?“

„მეც მქონდა ერთხანს ასეთი აპლიკაცია“, – უპასუხა პოლმა. „ჩვეულებრივი აპლიკაცია. ვყოყმანობდი, ჩემი რომელი ფოტოსურათი დამედო, ამიტომ თვითმფრინავთან გადაღებული ფოტოსურათი დავდე. მაგრამ მაინც გავიცანი რამდენიმე ქალიშვილი. ლამაზები იყვნენ, ყოველ შემთხვევაში – ზოგიერთი მათგანი“.

*

დაახლოებით იმ დროს, როდესაც პოლს პირველად დართეს ნება, ჯერალდინი მანქანით ესეირნებინა, ყურის რაიონის საცხოვრებელი კომპლექსების სააბაზანოებსა და სამზარეულოებში ახალი ტიპის წყალსადენი მილები დაამონტაჟეს. როდესაც გადამყვანებიდან წყალმა ჟონვა დაიწყო, კლიენტები პოლს დღეში ოთხ-ხუთჯერ ურეკავდნენ, შემდეგ კი – უფრო ხშირადაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიაგნო მაღალხარისხოვან გადამყვანებს, რომლებითაც გაბზარულების შეცვლა შეიძლებოდა. პოლი დროულად მიდიოდა კლიენტებთან. გასამრჯელოს ხან ჩეკებით იღებდა, ხან კი – ნაღდი ფულით.

იცოდა, რომელი ხელსაწყოები და გადამყვანები დასჭირდებოდა, ამიტომ წყალსადენი მილების შეკეთებაზე ბევრ დროს არ კარგავდა. სასიხარულო ის იყო, რომ კლიენტები ჩვეულებრივზე მეტ გასამრჯელოს უხდიდნენ.

ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანია რამდენჯერმე დაუკავშირდა და სამუშაო შესთავაზა, მაგრამ როდესაც პოლი დანიშნულების ადგილას მივიდა, დაინახა რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც მას ელოდებოდნენ. „გამონაჟონის სანახავად მოხვედი?“ იკითხა ერთმა მათგანმა, სხვები კი ახარხარდნენ. საბედნიეროდ, პოლს მანქანა იქვე ეყენა და შეძლებისდაგვარად სწრაფად გაეცალა იქაურობას.

მეორედ მაშინ დაეჭვდა, როდესაც ტელეფონის ეკრანზე უცნაური ნომერი გამოჩნდა. როდესაც პოლმა ტელეფონი აიღო, ვიღაც ქალმა არარსებული მისამართი დაუსახელა. მიუხედავად ამისა, პოლმა მას იგივე უთხრა, რასაც თავის ყველა კლიენტს ეუბნებოდა – თუკი ქალი ერთი საათის განმავლობაში ხელახლა დაურეკავდა და დაადასტურებდა თავის თხოვნას, პოლი მალევე მივიდოდა, დაზიანებულ მილს შეაკეთებდა და გასამრჯელოს ჩეკით ან ნაღდი ფულით აიღებდა. ქალს აღარ დაურეკავს, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში იმავე ნომრიდან მას განუწყვეტლივ მოსდიოდა შეტყობინებები თხოვნით, რომ ბმულზე გადასულიყო.

როდესაც ბმულზე პირველად დააჭირა თითი, IRS-სგან გაფრთხილება მიიღო. უხაროდა, რომ იაფფასიანი ტელეფონით სარგებლობდა და მისთვის თვალის დევნება ადვილი არ იყო.

პანდემიის დროს სტენი, რომელიც ტექნიკაში კარგად ერკვეოდა, ყოველ კვირადღეს აძლევდა საშუალებას პოლსა და ჯერალდინს, „ზუმით“ ესაუბრათ. პოლმა მხოლოდ ერთხელ, ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ, შენიშნა სტენი, რომელმაც ოთახი გადაჭრა და სწრაფად გაუჩინარდა კადრიდან. უფრო ახალგაზრდული იერი ჰქონდა, ვიდრე პოლს ეგონა. კოსტიუმი ეცვა და ჰალსტუხი ეკეთა. ერთ დილას, როდესაც პოლი შინ დაბრუნდა რამდენიმე კლიენტის მონახულების შემდეგ და გამომუშავებული თანხა ახალ წინდებში ჩადო და უჯრაში შეინახა, სადაც ფულით გამოტენილი სხვა წინდებიც ეწყო, გადაწყვიტა, დედასთან დაერეკა დუბლინში და ჯერალდინის შესახებ ეამბა. იცოდა, რომ უფრო გონივრული იქნებოდა, თავდაპირველად თავის ერთ-ერთ დასთან დაერეკა, მაგრამ არ სურდა, მისგან რჩევები ან საყვედურები მოესმინა.

„კარგია, რომ გოგონა გეყოლა, “დაბნევით უთხრა დედამ. „როდის დაიბადა?“

„თითქმის რვა წლისაა.“

„ამერიკელია?“

            „თავის დედასთან ცხოვრობს, რომელიც ამერიკელია.“

            დედას ეტყობოდა, რომ გონება ერეოდა.

            „ალბათ, შენ და დედამისი დაქორწინებულნი არა ხართ, ხომ?

            „არ ვართ“.

„რა ჰქვია?“

            „გოგონას თუ დედამისს?“

            „ახლა ტელეფონს მამაშენს გადავცემ. მეორე ოთახშია. უკმაყოფილოა, რომ ვწმენდ ყოველ პაკეტს, რომელიც ჩვენს სახლში მოაქვთ. საშინელებაა! ჰაერიც კი მტვრიანია. მადლობელი ვიქნები, თუკი ეტყვი, რომ მართალი ვარ და დააჯერებ ამაში“.

            დედას ჯერალდინი აღარ უხსენებია.

            პანდემიის ბოლო თვეებში პოლის დედა, მამა, თვით პოლი და ჯერალდინი ზოგჯერ „ზუმში“ ერთმანეთს ხვდებოდნენ დილის ათ საათზე (კალიფორნიის დროით). ჯერალდინი და პოლის დედა ადვილად შეეგუვნენ „ზუმს“. გოგონა ბებიას აჩვენებდა თავის ახალ ნახატებს, ბებია კი აჩვენებდა წიგნების დასტას, რომელიც პანდემიის განმავლობაში წაიკითხა.

            „როდესაც  ეს ყველაფერი დამთავრდება“, უთხრა ბებიამ ჯერალდინს, „შეიძლება ატლანტის ოკეანე გადავლახოთ – რასაკვირველია, ეს არც ისე შორი მანძილია – და ცოცხლად გნახოთ.“

            „ცოცხლად“ ნიშნავს „პირადად,“ ჩაერია პოლი.

            „ჯერალდინმა იცის, რასაც ნიშნავს“, უთხრა დედამისმა.

            „დედას და სტენს უნდა ვთხოვო ნებართვა“, თქვა ჯერალდინმა. „მაგრამ თქვენთან შეხვედრა ძალიან გამახარებს.“

            *

არჩევნების მომდევნო ღამეს პოლი Greyhound Track-ში წავიდა. ბარში კირვანი იჯდა.

„მე არაფერი მაქვს სადარდებელი, ქვეყნიდან არ გამაძევებენ“, უთხრა კირვანმა. „როგორც კი ჩამოვედი, აქაურ ქალზე დავქორწინდი. და ყოველთვის მისი მადლობელი ვიქნები. შენი საქმე როგორაა? ქუჩაში რომ დაგინახონ, მაშინვე გაგაძევებენ. გარეგნულად ნამდვილი არალეგალი ხარ და აქ ვერაფერს გააწყობ. რატომ არ გინდა დაქორწინება? ამერიკელები მეტი რაში გამოგადგებიან? რისთვის დაგჭირდებიან?

            „არავისზე დაქორწინება არ მინდა“.

            „რამდენი ფული გაქვს?“

            „სწორედ ეს მინდოდა მეკითხა შენთვის: შეგხვედრია ვინმე, ვისაც ბევრი ნაღდი ფული აქვს და არ იცის, რა უყოს მას?“

            „წინდებში გახვეული?“

„საიდან იცი?“

„რამდენი გაქვს?“

„ჩემთვის ბევრია“.

„საბანკო ანგარიში გახსნილი გაქვს?“

            „კი, ანგარიშზე საკმარისი ფული მაქვს, რომ ზედნადები ხარჯები დავფარო. ჩეკებს კი ვანაღდებ და ფულს შინ ვინახავ.“

            „შენს კლიენტებს, ალბათ, სძულხარ. აქაურებს არ მოსწონთ, როდესაც ვინმეს ნაღდი ფული აქვს. ამჯობინებენ თაღლითები იყვნენ, მაგრამ წმინდანებად მოგვაჩვენონ თავი. იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახური თუ დაინტერესდა შენით, შინ მოგაკითხავენ და დანაზოგ ფულს ვეღარ იხილავ“.

„წამართმევენ?“

„არა, მაგრამ სანამ ფულის თვლას დაამთავრებენ, აუცილებლად უნდა გაემგზავრო აეროპორტში ან რაიმე სხვა გზით დატოვო ქვეყანა“.

            „გეცინება? ეს სასაცილო სულაც არაა“.

            „ვფიქრობ, შენი ფულიანად უნდა გაიძურწო ამ ქვეყნიდან, სანამ გაუძევებიხართ“.

            „თუკი გამგზავრებას შევეცდები, გზად ხომ არ დამაკავებენ?“

            „არა, მაგრამ თუკი გაემგზავრები, ვეღარ დაბრუნდები“.

            „აქ რომ ჩამოვედი, თვრამეტი წლისა ვიყავი“.

            „ფაქტობრივად, აქ დავაჟკაცდი“.

            „ამერიკაში შვილი მყავს. ხომ გითხარი“.

            „იქნებ, რომელიმე ამერიკელმა პრეზიდენტმა მომავალში გაითვალისწინოს ირლანდიელი სანტექნიკოსებისა და მათი შვილების სავალალო მდგომარეობა, მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება“.

*

            როდესაც დაგეგმილი ლაშქრობის დღეს პოლმა დაინახა, როგორ მოჰყავდა სტენს ჯერალდინი მისი მანქანისკენ, მაშინღა გაახსენდა, რომ უკანა სავარძელზე დაჟანგული ხელსაწყოები და მილები ეწყო. ინანა, რომ ეს ნივთები საბარგულში არ შეინახა და მანქანა არ დაასუფთავა. კარი გააღო, მათ მისასალმებლად გადმოვიდა და სტენს ხელი ჩამოართვა.

            „ავტოსადგომი უმეტესად მანქანებითაა გადაჭედილი“, თქვა სტენმა, „თუკი შეძლებთ, შეეცადეთ, ჩვენი მანქანის გასაჩერებელი ადგილიც შეგვინახოთ.“

            „შეძლებისდაგვარად, ყველაფერს ვიღონებ“, თქვა პოლმა.

            „მინდოდა შენი ბინა დამეთვალიერებინა, სანამ ირლანდიაში გაემგზავრები,“ თქვა ჯერალდინმა, როდესაც პოლმა მანქანა დაძრა. „მაგრამ დედამ ამიკრძალა.“

            „ჩემი ბინა ცარიელია,“ უთხრა პოლმა. „ბევრი რამ გადავყარე.“

            მიუირის პლაჟის მახლობლად მანქანის დასაყენებელი ადგილი იპოვეს და მეორე ადგილიც დაიკავეს. პოლმა საბარგულიდან ყელიანი ფეხსაცმელები ამოიღო და რის ვაი-ვაგლახით ჩაიცვა.

            „არა მგონია, რომ ოდესმე სალაშქროდ გევლო“, თქვა ჯერალდინმა.

            „უნდა დამეხმარო ხოლმე“, უთხრა პოლმა., „როდესაც დაინახავ, რომ ჩამოგრჩი, სვლა შეანელე.“

            „ირლანდიაში როდის მიემგზავრები?“

            პოლი პასუხისთვის მზად არ იყო. არ სურდა ეთქვა, რომ ორშაბათს მიფრინავდა დუბლინში. ამერიკაში კიდევ ორ დღეს უნდა დარჩენილიყო. სამშაბათ საღამოს უკვე მშობლიურ სახლში, თავის ძველ ოთახში დაიძინებდა. აქაური ბინა, რომელშიც ოცი წელი გაატარა, ცარიელი იყო; ვერავინ მიხვდებოდა, რატომ დატოვა მან ამდენი წყვილი ჩაუცმელი წინდა. გადაწყვიტა, რომ აუცილებლად უნდა შეემოწმებინა, რომელიმე წინდაში ბანკნოტები ხომ არ ჩარჩა.

               *

            რა უცნაურია, გაიფიქრა მან, ამდენი წლის შემდეგ კვლავ მგონია, რომ ამერიკელები ირლანდიელებს ჰგვანან. ამიტომაც ვივარაუდე, რომ სტენმა თავისი კომენტარი პოლის მანქანის მდგომარეობის შესახებ გადადო იმ დროისთვის, როდესაც სანდრასთან ერთად მოვიდოდა ავტოსადგომზე. ველოდი, რომ სტენი იტყოდა, პოლის ჯაბახანა მანქანა ბინძურიაო, სანდრა კი გულცივად შენიშნავდა, მამაკაცები არასოდეს იცვლებიანო.

            მაგრამ სტენს არაფერი უთქვამს. უბრალოდ, გაიღიმა. სანდრას თითქოს არც კი შეუმჩნევია პოლის მანქანა.

            ნეტავ, კვლავ სასაცილოდ იგდებენ თუ არა ირლანდიელები ერთმანეთის მანქანებს? ამის შესახებ კირვანს ჰკითხავს, როდესაც ხვალ მასთან ერთად უკანასკნელად დალევს ამერიკაში.

            სტენმა განუმარტა, რომ ისინი აპირებდნენ, გაჰყოლოდნენ ბილიკს მიუირის ტყეში. თუკი საშუალო სიჩქარით წავიდოდნენ და მხოლოდ ერთხელ შეჩერდებოდნენ წასახემსებლად, მაშინ ჰოსტელამდე დაბნელებამდე მიაღწევდნენ.

 „ექვსის ნახევარზე ბნელდება“, თქვა მან, „შევამოწმე.“

            პოლმა შეამჩნია, რამდენად სერიოზულად ეკიდებოდა სტენი თავისი, როგორც მეგზურის, მოვალეობებს და გაახსენდა, რომ ჯერალდინს არასოდეს უხსენებია, სად მუშაობდა სტენი. ახლა, როდესაც ბილიკს მიჰყვებოდა, ოფისის ბეჯით მოხელეს ჰგავდა. იქნებ, იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების პოლიციაში ან საგადასახადო დეკლარაციების სამსახურში მუშაობდა?

            „დამავიწყდა, შენთვის მეთქვა“, უთხრა ჯერალდინმა. „რომ ზურგჩანთით შენი საყვარელი ლიმონათი მომაქვს. ორი ქილა.“

            „ჯერი, როგორ გამახარე,“ თქვა პოლმა. „შენ…“

            „ჯერის ნუ უწოდებ“, ჩაერია სანდრა, რომელიც წინ მიდიოდა. „განა არ იცი, რა ჰქვია შენს ქალიშვილს?“

            ჯერალდინი შეჩერდა. მოტრიალდა და პოლს შეხედა, თან თვალები მაღლა აღაპყრო.

            „მშვენიერი სახელი მაქვს“, თქვა მან, შემდეგ კი წაიჩურჩულა: „ან აქამდე მქონდა“.

            „აქ ამოდით“, დაუძახა სტენმა ფლატედან.

ჯერალდინი პოლის გვერდით მიდიოდა. მალე სტენი და სანდრა თვალს მიეფარნენ.

„მე მგონი, მეორე გზით ასვლა უფრო გაგვიადვილდებოდა“, თქვა ჯერალდინმა, როდესაც შეამჩნია, როგორ ქოშინებდა პოლი.

პოლმა აღარ ჰკითხა, თუ ასეა, ეს გზა რატომ ავირჩიეთო. როდესაც გოგონა მის წინ მიდიოდა, შეამჩნია, როგორი გრძელი ფეხები ჰქონდა და როგორ მტკიცედ მიაბიჯებდა. ინანა, რომ სხვა ქურთუკი არ წამოიღო, რადგან რაც უფრო მაღლა ადიოდნენ, მით უფრო ციოდა.

„მართლა არალეგალი ხარ ამერიკაში?“ ჰკითხა ჯერალდინმა.

„კი“.

„სამედიცინო დაზღვევა გაქვს?“

„მგონი, მაქვს“.

„რას იზამდი, მძიმე დაავადება რომ შეგყროდა?“

„ირლანდიაში დავბრუნდებოდი“.

„ახლა ამის გამო ხომ არ ბრუნდები ირლანდიაში?!

„როგორი ჭკვიანი გოგო ხარ!“

„იქნებ, დროდადრო იცხოვრო ირლანდიაში, ზაფხულობით კი აქ დაბრუნდე ხოლმე?“

„კარგი აზრია“.

„სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც სტენთან და დედასთან ერთად ავდივარ ხოლმე ამ მთაზე,“ უთხრა ჯერალდინმა, „მაგრამ მირჩევნია, პოინტ-რეიესში გავემგზავრო შენთან ერთად“.

*

კირვანმა პოლს ურჩია, როდესაც ირლანდიაში დაბრუნდებოდა, რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინა დუბლინი და მშობლიური სახლი.

„შინ დაბრუნება ტრავმაა. ამ ტრავმის გამო ჯავრს დედაზე და მამაზე ნუ იყრი. დუბლინში ნუ იცხოვრებ. მიდლენდსში დასახლდი. იქ სანტექნიკოსები სჭირდებათ“.

„სინამდვილეში სანტექნიკოსი არა ვარ“.

„იქნებ, სამშობლოში დაბრუნებისთანავე დაიწყო სანტექნიკოსთა კურსებზე სწავლა?“

„საცაა, ორმოცდაათი წელი შემისრულდება“.

*

„სტენი კარგი კაცია“, უთხრა მამას ჯერალდინმა, როდესაც ბილიკს მიუყვებოდნენ…

„სტენი მეც მომწონს“, უპასუხა პოლმა.

„ზოგჯერ უცნაურ მუსიკას უსმენს.“

„იდეალური არავინ არაა.“

„მართლა ასე ფიქრობ?“

პოლს მოეჩვენა, რომ ჯერალდინს სტენის შესახებ საუბრის გაგრძელება სურდა . რასაკვირველია, პოლს თავშეკავებით უნდა გამოეთქვა თავისი აზრი.

„ჩემი აზრით, სტენი და სანდრა იდეალური წყვილია.“

ჯერალდინმა ოკეანეს გადახედა.

            „თუ ბებიაჩემი აქ ჩამოვა, სად უნდა დაბინავდეს?“

            „იქნებ, თავდაპირველად შენ ჩამოხვიდე ირლანდიაში.“

            „ირლანდიური პასპორტი დამჭირდება?“

            „ირლანდიურ პასპორტს ადვილად მიიღებ. ამერიკული პასპორტიც გამოდგება.“

            *

            როდესაც პოლმა და ჯერალდინმა ჰოსტელამდე მიაღწიეს, სტენი და სანდრა უკვე ტერასაზე ისხდნენ და თეთრ ღვინოს შეექცეოდნენ .

            „კარგი ამბავი გითხრათ თუ უსიამოვნო?“ იკითხა სტენმა.

            „უსიამოვნო რა არის?“ გაუკვირდა ჯერალდინს.

            „კარგი ამბავი ისაა, რომ ეს ადგილი ისეთივე მშვენიერია, როგორც ყოველთვის. ალბათ, თქვენ ეს იცოდით, პოლ. ჰო, მართლა, ერთ საათში სამზარეულო ჩვენს განკარგულებაში იქნება და არაჩვეულებრივ სპაგეტის მოვამზადებ.“

            „ჩვენთვის მხოლოდ ორი ნომერია დაჯავშნილი“, შეაწყვეტინა სანდრამ.

            „ეს ცუდია.“

            „ერთ ნომერში ერთადგილიანი საწოლია,“ თქვა სტენმა, „მეორეში – ორი ერთადგილიანი საწოლი. ამ ნომერს აივანი აქვს, მაგრამ  შუა იანვარში აივანზე ვერავინ დაიძინებს.“

            პოლი მიხვდა, რომ მისთვის დასაძინებელი ადგილის გამონახვა გაჭირდებოდა.

            ისინი ისხდნენ და უყურებდნენ, როგორ ეფინებოდა ჩამავალი მზის სხივები ოკეანის წყნარ, თითქოს მინის ზედაპირს. როდესაც პოლი მიდამოს დასათვალიერებლად წავიდა, იპოვა ადგილი, საიდანაც ქალაქი მოჩანდა. ოქროს კარიბჭე ნისლით იყო დაფარული. სტენმა და სანდრამ ნომერი დაჯავშნეს. იქნებ, სტენს მასთან ერთად გაეთია ღამე იმ ნომერში, სადაც ორი ერთადგილიანი საწოლი იყო?

            როდესაც პოლი დაბრუნდა, სტენი ტერასაზე მარტო იჯდა და ფეხები ხის მოაჯირზე ეწყო.

            „ნამდვილი სამოთხეა“, თქვა მან.

            „კი, ძალიან ლამაზი ადგილია“, შეეპასუხა პოლი.

            მალე სანდრა და ჯერალდინი კვლავ გამოჩნდნენ.

            „ჯერალდინი ამბობს, რომ ღამეს მამამისთან ერთად გაათევს“, თქვა სანდრამ.

            „მართლა?“ იკითხა სტენმა.

            „ეს ერთადერთი გამოსავალია“, უპასუხა ჯერალდინმა. „შენ და დედაჩემი ერთსაწოლიან ოთახში დაიძინებთ, მე და მამა კი – მეორეში, სადაც ორი საწოლია“.

            *

            როდესაც ტერასაზე აცივდა, ისინი შენობაში შევიდნენ. სტენი ვახშმის მზადებას შეუდგა, სანდრამ და ჯერალდინმა ნარდის სათამაშო დაფა იპოვეს და თამაშს შეუდგნენ. პოლი ცდილობდა თვალყური ედევნებინა თამაშისთვის, მაგრამ დედა-შვილი ძალიან სწრაფად თამაშობდა.

            სტენი სამზარეულოდან გამოვიდა და თქვა, რომ სალათის ფურცლების დაჭრაში დახმარება ესაჭიროებოდა, მაგრამ პოლმა ყურადღება არ მიაქცია. ბოლოს სანდრამ პარტია მოიგო და სამზარეულოში წავიდა. ამასობაში ჯერალდინი პოლს ნარდის თამაშის წესებს უხსნიდა.

            ისინი სხვა ტურისტებთან ერთად ისხდნენ მაგიდასთან. როდესაც პასტა შეჭამეს, სანდრა ადგა და თქვა, რომ იკითხავდა, ხომ არ გათავისუფლდა კიდევ ერთი ნომერი, მაგრამ სწრაფადვე დაბრუნდა და თქვა, არაფერი შეცვლილაო. სტენი მის მაგიდასთან მსხდომ ტურისტებს გამოელაპარაკა და აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ცოლ-ქმრის ქალიშვილი იმავე სკოლაში სწავლობდა, რომელიც მან დაამთავრა.

            პოლმა და ჯერალდინმა მაგიდა აალაგეს და ჭურჭელიც გარეცხეს. შემდეგ ოთხივემ პალტოები მოიხურეს და ეზოში გავიდნენ. ოკეანეს მცხრალი მთვარე დაჰყურებდა. სტენი თავისი ტელეფონით ღამეული ცის ფოტოსურათებს იღებდა და ცდილობდა, ზოგიერთი ვარსკვლავი ამოეცნო.

            „მცივა და დავიღალე,“, წაუჩურჩულა ჯერალდინმა მამას. „იქნებ, შენობაში შევბრუნდეთ?“

            პოლმა სანდრა და ჯერალდინი მიაცილა იმ ოთახამდე, სადაც ორი ერთადგილიანი საწოლი იდგა. ჯერალდინმა ჩანთიდან კბილის ჯაგრისი ამოიღო და დერეფანს გაჰყვა – სააბაზანოსკენ წავიდა. ახლა, პირველად მრავალი წლის შემდეგ, პოლი მარტო აღმოჩნდა სანდრასთან ერთად. თავს უხერხულად გრძნობდა. სანდრა ისე იღიმებოდა, თითქოს მათ შორის არავითარი განხეთქილება არასოდეს ყოფილა.

            „ჯერალდინი, ჩვეულებრივ, სწრაფად იძინებს“, თქვა მან.

პოლი იმედოვნებდა, რომ ჯერალდინი მალე დაბრუნდებოდა.

„ლამაზი ადგილია“, თქვა მან. „არაფერი ვიცოდი აქაურობის შესახებ“.

„ჰო, ჩვენ ხშირად მოვდივართ ხოლმე აქ“.

არც ერთ მათგანს არ სურდა უფრო სერიოზულ საკითხებზე ლაპარაკი, პოლი უეცრად მიხვდა, რომ ოდნავ იღიმებოდა და თავს იფხანდა.

როდესაც ჯერალდინი დაბრუნდა, სანდრამ  შვილს აკოცა, მათ ღამე მშვიდობის უსურვა და თავისი საძინებლისკენ გაემართა. ჯერალდინი ოთახში შევიდა. პოლი არ შეჰყოლია და ტერასაზე გავიდა, რათა გოგონასთვის საშუალება მიეცა, ტანსაცმელი გაეხადა და ღამის პერანგი ჩაეცვა. ტერასაზე არავინ იყო. როგორც ჩანს, სტენი უკვე დაწოლილიყო.

პოლმა თვალი შეავლო მთვარის შუქზე მოლაპლაპე ოკეანეს, შემდეგ შენობაში შევიდა და ერთ-ერთ სააბაზანო ოთახს მიაშურა.

როდესაც საძინებელში შევიდა, კარი ჩუმად მიხურა, რათა გოგონასთვის ძილი არ დაეფრთხო.

 მიუხედავად ამისა, ჯერალდინმა მაშინვე თავი ასწია.

            „მაპატიე, რომ გაგაღვიძე,“ მოიბოდიშა პოლმა.

            „მინდოდა შენთვის ღამე მშვიდობისა მესურვებინა, მაგრამ არ ვიცოდი, სად იყავი.“

            „შორს არ წავსულვარ.“

            „აუცილებლად გამაღვიძე, როგორც კი თვითონ გაგეღვიძება,“ სთხოვა გოგონამ და მაშინვე კვლავ დაიძინა. პოლმა დაღლილობა იგრძნო. როდესაც ჯერალდინმა ძილში ამოიოხრა, პოლმა სინათლე ჩააქრო, რომ შუქს გოგონა არ შეეწუხებინა. რა მშვენიერია ახლაო, გაიფიქრა მან. ისეთივე ლამაზი, როგორც მაშინ, როდესაც ბილიკზე მის წინ მიდიოდა.

            ალბათ, ამერიკაში შვილს მეტად ვეღარ ნახავს. მოენატრება, მაგრამ ჯერალდინი ირლანდიაში ჩამოვა – პოლი დარწმუნებული იყო, რომ ასეც იქნებოდა. და, შესაძლოა, ჩამოვა ხოლმე მერეც, როდესაც საკუთარი შვილები და ქმარი ეყოლება.

            ფეხსაცმელები გაიხადა, პალტო მოიხურა და ფეხაკრეფით გავიდა აივანზე. აივანი ოკეანეს არ გადაჰყურებდა. პოლს მოეჩვენა, რომ ვერაფერს ხედავდა, მაგრამ მალე ცაზე ვარსკვლავები გაარჩია.

            დილას ისინი დაინახავენ ერთ ან ორ ხიდს, თუ აქედან არა, მაშინ სხვა აივნიდან ან ტერასიდან. შესაძლოა, მოცდა მოუხდეთ, სანამ ნისლი გაიფანტება. ის აჩვენებს ჯერალდინს ზოგიერთ შენობას, სადაც მუშაობდა, უამბობს, როგორ მიდიოდა ხოლმე თავისი მანქანით ახალ საცხოვრებელ სახლებში, ძველ ბუნგალოებში ან დიდ აგარაკებში. უამბობს ადამიანებზე, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ, როდის შეაკეთებდა პოლი მათ ონკანებს; აღწერს ზოგიერთ მათგანს. იცოდა, რომ გოგონას ეს მოეწონებოდა.

            პოლს გაეღიმა, როდესაც გაახსენდა, რამდენ სახლს ეწვია ოცდაათი წლის განმავლობაში. რამდენი ონკანი ან სარეცხი მანქანა შეაკეთა. ახლა ცოტა ხნით დაიძინებს და დილას აუცილებლად გააღვიძებს ჯერალდინს, ისე, როგორც გოგონამ სთხოვა.

© The New Yorker

მარტი, 2025


[1] SIMIBA – აბრევიატურა სიტყვებისა Single Irish Men in Bay Area (მარტოხელა ირლანდიელები ყურის რაიონში).

[2] Grindr-ი არის ონლაინ აპლიკაცია, რომელსაც იყენებენ ჰომოსექსუალები, ბისექსუალები, და ტრასგენდერები ერთმანეთის გასაცნობად.

© არილი

Facebook Comments Box