ესე,  პოეზია (თარგმანი)

კოსტას მონტისი – ისტორია, მეხსიერება, აწმყო

მეამბოხე კვიპროსელი პოეტის, კოსტას მონტისისთვის მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მშობლიურ კუნძულზე განვითარებული ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები შემოქმედებითი მოღვაწეობის განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა. მან ჯერ კიდევ მოწაფეობისას მიიღო მონაწილეობა ინგლისელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ მიმართულ 1931 წლის „ოქტომბრის“ აჯანყებაში. მოგვიანებით კი „კვიპროსელ მებრძოლთა ეროვნული ორგანიზაციის“ (E.O.K.A.) პოლიტიკური მრჩეველიც (კოორდინატორი) გახდა ნიქოზიის ოლქში. ამ ორგანიზაციის ძალისხმევითა და თაოსნობით 1955-1959 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი ინგლისელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ ნაწილობრივი წარმატებით დასრულდა, მაგრამ საბერძნეთთან „გაერთიანების“ ოცნება ოცნებად დარჩა. პოეტმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა თავისი ხალხის სამსახურს, გაუხმაურებელი არ დარჩენია არც ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი, რომელიც შეეხებოდა იმ ეპოქას, რომლის ფერხულშიც იდგა მონტისი. როგორც ირკვევა, აქტიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბრძოლის ავანგარდში ყოფნამ განსაზღვრა კიდეც მისი შემოქმედების ორიგინალობა. პოეტი დროის უქონლობით ხსნის მისი ლექსების სრულიად ინდივიდუალურ სტილის, რომელიც დროთა განმავლობაში „წუთების“ პოეზიად იქცა.

კოსტას მონტისის შემოქმედებას განსაკუთრებული დაღი დაასვა 1974 წლის თურქთა შემოჭრითა და კუნძულის ოკუპაციით გამოწვეულმა ტრაგედიამ, რომლის თემატიკაც ფართოდ გაიშალა კრიტიკოსთა მიერ მონტისის შემოქმედების მწვერვალად აღიარებულ დედისადმი წერილებსა და „წუთების“ პოეზიაში, რომელიც „გაერთიანების“ იდეისა და ოკუპაციით გამოწვეული ტრავმების მუდმივ ჭიდილს ეძღვნება. მისი ლექსების მაგალითზე შეგვიძლია თამამად ვიმსჯელოთ მხატვრული ტექსტის როლსა და მნიშვნელობაზე ისტორიული სინამდვილის დადგენისას, რადგან მისი პოეზია გამოირჩევა რეპრეზენტატულობის მაღალი ხარისხით კუნძულ კვიპროსზე XX საუკუნის მეორე ნახევარში მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესების აღწერისას. საინტერესოა, თუ რა ხერხებს მიმართავს თავად მონტისი ქვეყნის ცხოვრებაში აქტუალური პრობლემატიკის წარმოსაჩენად და რა მხატვრულ-ტექნიკური საშუალებებით აღწევს საზოგადოებაში ეროვნული იდენტობისა და კოლექტიური მეხსიერების ფორმირებას, წარსულის სოციალური სახის გაანალიზებას თუ ისტორიული „შეცდომების“ აწმყოზე ზეგავლენის ხაზგასმას, რაც, ნებსით თუ უნებლიედ, აქცევს მის შემოქმედებას ისტორიულ პირველწყაროდ. თუ თავად მონტისს დავეკითხებით, ისტორიისადმი მისი განწყობის გათვალისწინებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ მისთვის „ისტორიის სამსახურში ყოფნა“ იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ აცხადებს: „მე არ ვთხზავ ისტორიას, ღვთის გულისათვის! ან სულაც „არა, ისტორიისგან უცოდველი ვარ“ . თუმცა არ უარყოფს, რომ მთელი თავისი ცნობიერი არსებობა დაუთმო სწორედ საწინააღმდეგოს მტკიცებას და შემოქმედის ძირითად ფუნქციად განსაზღვრა ხელოვანის ისტორიულ ქარტეხილებში აქტიური ჩართულობა. კოსტას მონტისის თითქმის მთელ შემოქმედებაში გაშლილია კვიპროსის თანამედროვე ისტორიის კომპლექსური სურათი. მის ლექსებში ცოცხლდება ისტორიული პერსონაჟების, მოვლენების, ისტორიულ-პოლიტიკური ფაქტებით ინსპირირებული სიუჟეტების სიმრავლე, რაც უფრო გასაგებს ხდის ოკუპაციის სიმწვავეს. ამ ცვლილებათა ადეკვატურად იცვლება პოეტის მიდგომები, განწყობები და მოლოდინები ისტორიული რეალობის მიმართ. მისი ლექსები დოკუმენტური სიზუსტით აღწერს თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემატიკას და ამიტომაც ვუწოდებთ მის შემოქმედებას „მეხსიერების პოეტურ ხმას“ (პიერისი).

ცხადია, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაა ლიტერატურის უმთავრესი მისია და კაცობრიობის, ქვეყნისა და კუნძულის ბედ-იღბალზე ზრუნვისას პოეტი ნაკლებად უთმობს პოზიციებს ისტორიას ანუ, ციცერონის შეფასებით, „ცხოვრების მასწავლებელს“. რადგან ამ სამყაროს „წინასწარ განსაზღვრულობის ჩარჩოებშიც“ კი პოეტები მარადიულ მეოცნებეებად გვევლინებიან და არ ნებდებიან დროის წარმავალობას. საინტერესოა, აქვე დავიმოწმოთ კოსტას მონტისის შეფასება მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან: „რა თქმა უნდა, ვოცნებობ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაზე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მას მივიღებთ. სწორედ ამისკენ ისწრაფვის პოეზია და ეს მიზანი ამოძრავებს“ .

 წუთები

– სულ მთლად ამაოა ეს ბრძოლები.

– ვიცი. ამიტომაც ჩავერიე.

სწორედ ამიტომ ჩავერიე.

 უნდა აღინიშნოს, რომ გარდა თეორიული ჰიპოთეზებისა, მონტისის მხიდან კვიპროსის თანამედროვე ისტორიის შესაცვლელად ჩარევას აქვს მყარი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები. ამასვე კარნახობს პოეტს მდიდარი ანტიკური ტრადიცია. ფილოსოფიის მწვერვალად, ძველი დროის უდიდეს მოაზროვნედ აღიარებული არისტოტელესგან, რომელმაც რამდენიმე მეცნიერებას დაუდო საფუძველი, პირველ სისტემატიზებულ ტრაქტატში „პოეტური ხელოვნების (პოეტიკის) შესახებ“, მეცხრე თავში დასმულია პოეტისა და ისტორიკოსის როლების დაპირისპირების საკითხი, სადაც პოეტი აშკარა უპირატესობით სარგებლობს; ვინაიდან ისტორიკოსი აღწერს იმას, რაც მოხდა, ხოლო პოეტი იმასაც კი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, „ამის გამო პოეზია უფრო ფილოსოფიურია და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ისტორია. პოეზიას უფრო მეტად მხედველობაში აქვს ზოგადი“. ამასთანავე, სინამდვილის პოეტური წარმოსახვის თავისებურება ასახვის, ბაძვისა და შემოქმედების ცნობიერ პროცესში მდგომარეობს, რაც თავისი მხატვრულობით უფრო გასაგებს, მიმზიდველს ხდის სინამდვილეს და ადამიანთა სულიერ ამაღლებას, ტკბობას იწვევს. „აქედან ცხადია, რომ საჭიროა პოეტი იყოს უფრო მეტად ამბის შემთხზველი, ვიდრე ლექსისა, რამდენადაც იგი ასახვის გამო არის პოეტი, ხოლო ასახავს იგი მოქმედებებს“.[1] მონტისის შემოქმედება, მთლიანობაში, ისტორიის აღქმისა და რეპრეზენტაციის კუთხით, იძლევა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ მისი პოეზია სხვა არაფერია, თუ არა პოეტური ხერხებით წარსულის გამოცდილებათა პარალელური ინტერპრეტაციის მცდელობა ისტორიული აწმყოს შესაცვლელად.

ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბება არ არის მხოლოდ ისტორიკოსთა საქმე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხელოვნების სხვადასხვა დარგები; მედია, მხატვრული შემოქმედება. ისტორია არ “ეკუთვნის” მხოლოდ და უპირატესად ისტორიკოსებს.[2] ძნელია იმის თქმა, რამდენად იცნობდა მონტისი ანალების ფრანგული სკოლის წარმომადგენელთა შრომებს, მაგრამ ერთი კი ფაქტია, იგი ბოლომდე იზიარებს და პრაქტიკაში განახორციელებს მათ ნააზრევს. მისთვის ისტორია საინტერესო დასანახია არა „ზემოდან ქვემოთ“, არამედ „ქვემოდან დანახული“ რეალობა, ისტორიულ პროცესებში რიგითი ადამიანების ცხოვრებაზე დაკვირვება და ოკუპაციის პრობლემატიკის პოეტური ინტერპრეტაცია გვაგრძნობინებს ისტორიის მაჯისცემას. ალბათ, ამიტომაც გვიცხადებს მონტისი დაჟინებით, რომ ისტორიას არ წერენ ისტორიკოსები. ისტორიას მწერლები (ლიტერატორები) წერენ. მათგან გაიგებ სიმართლეს“.

ამგვარი გამომწვევი სითამამე და ისტორიის კანონზომიერების ეჭვქვეშ დაყენება კიდევ უფრო წარმოაჩენს ამ „შემაწუხებელი“, ერეტიკოსი პოეტის (მიხალის პიერისი) განსხვავებულ სახეს. იგი აცნობიერებს, რომ არ არსებობს სინამდვილის ავთენტური გადმოცემა და ისტორიული ნარატივი სხვა არაფერია, თუ არა სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებებზე მორგებული იდეოლოგიური შეფუთვა ამა თუ იმ აღმნუსხველ-დამკვირვებლის მიერ, სადაც სუბიექტურ მიდგომებს ვერავინ გაექცევა. ამრიგად, თუ ამგვარი ჭეშმარიტება ვრცელდება ხელოვანებზე, მწერალთა და პოეტთა მიერ დანახული სინამდვილეც უდავოდ სუბიექტურობის ჩარჩოებში მოექცევა და მეხსიერების ერთგვარ რეპრეზენტაციას წარმოადგენს. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ მათ „საკუთარ ტყავზე“ გამოცადეს მოვლენათა სიმწვავე და პოეტის ნააზრევი ერთგვარი „კრებითი განწყობების“, სოციალური ტენდენციების გამომზეურების ან, სულაც, ეროვნული ინტერესების წარმოჩენის მცდელობაა, რაც ისტორიისთვის, როგორც ფაქტი, ნაკლებ საინტერესოა. იქნებ მონტისის ანტიისტორიული, ფილოსოფიური მიდგომა ობიექტური სინამდვილის გასააზრებლად მხოლოდ სურვილია, წინა პლანზე წამოწიოს მწერლობის როლი ისტორიის ფუნქციის დაკნინების ხარჯზე. უფრო მეტიც, მონტისის პოეზიაში ხშირად ვხვდებით ისტორიასთან „შეჯახებას“ და ეს პაექრობა კიდევ უფრო მწვავდება პოეზიის მისიის ზეაღმატებულ ხარისხში წარმოჩენის ფონზე. იგი გამუდმებით ეჭვქვეშ აყენებს მეცნიერების ამ დარგის ავტორიტეტულობის, სანდოობისა და ობიექტურობის საკითხს. პოეტი ხშირად ეწინააღმდეგება და უპირისპირდება კიდეც ისტორიას, სარკასტულ დამოკიდებულებას ავლენს მის „შემოქმედთა“, ისტორიკოსთა მიმართ. ვფიქრობთ, მსჯელობის მეტი სიზუსტისათვის უპრიანია, პირველ რიგში, გაგაცნოთ კოსტას მონტისის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია და ის „წუთები“, სადაც პოეტი ისტორიისადმი დამოკიდებულებას ცხადზე ცხადად წარმოაჩენს:

„ერთი დამიხედეთ, ისტორიაო!“

„და უდავოდ არის

მაღალფარდოვანი ისტორია,

ეს წარსულით

იაფფასიანი მოვაჭრე.

 „და ისტორიაც თავისი დამაჯერებლობით,

                                     და ისტორიაც თავისი „მწერლებით“,

                                     და ისტორიაც თავისი ანგარებიანი მესაფლავეებით.

                                     და ისტორიაც თავისი მლიქვნელებით (პირფერებით),

                                     თავისი მატყუარებით?

ისტორია

ელოდება მივუთითოთ (ვუკარნახოთ)

            მოუმარჯვებია კალამი და იცდის.

ისტორია

დაწყევლილი წუთი,

როცა გადაშალე შენი დავთრები

რომ ჩაგეწერა პირველი მოვლენა!

                        ფიქრები ისტორიაზე (მოსაზრებები)

შეუტიეთ, მეგობრებო (საპასუხო დარტყმა მიაყენეთ),

დაწერეთ მისი ისტორია

ვნახოთ ერთი, როგორ მოეწონება!

პოეტი მოუხმობს მსოფლიო ისტორიას, რათა იცხოვროს აწმყოში. იგი არწმუნებს მკითხველს, რომ ისტორიის რეპრეზენტაცია სწორედ რომ შემოქმედის ვალია, რათა ისტორიულ ანალოგიათა მოხმობით თავიდან ააცილოს საზოგადოებას წარსული შეცდომების გამეორება და ამ კუთხით წარმართოს მისი მეხსიერება. აწმყო წარსულის ლოგიკურ გაგრძელებად განიხილება, მაგრამ პოეტი ცდილობს მზერა მიმართოს დღევანდელობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფაქტებზე უახლესი ისტორიიდან, რადგან წარსულის აღქმისას მისთვის მნიშვნელოვანია რას იმახსოვრებენ არა ინდივიდები, არამედ ერთობები, კონკრეტულ შემთხვევაში კი კვიპროსელი ხალხი. „ჩემი შემოქმედება მოჭარბებულად კვიპროსული ხასიათისა, სწვდება ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკას, რაც მეტწილად კვიპროსული შთაგონების გამოძახილია. მინდა ვთქვა, რომ ამ კუნძულს მტრებმა თუ მოკეთეებმა თავს დაატეხეს იმდენი განსაცდელი, რომ მათი თვალის გადავლებით, იმავდროულად, ჩვენ თვალწინ იშლება მთელი მსოფლიოს პრობლემატიკა. ამდენად, კვიპროსი თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი მაგალითია სამყაროს ვრცელი ბიბლიოგრაფიიდან“ .

ნანა ტოხვაძე

კოსტას მონტისი

ახალ ბერძნულიდან თარგმნა ნანა ტოხვაძემ

ისტორია

გავათავხედეთ და უბრალოდ კი აღარ ინიშნავს,

გავათავხედეთ და ერევა.

განსხვავება იმაშია, რომ თუ თავს არ დახრი,

ვერ შეძლებ წერას.

და უდაოდ არის

მაღალფარდოვანი ისტორია,

ეს წარსულით

იაფფასიანი მოვაჭრე.

და ისტორიაც თავისი დამაჯერებლობით,

და ისტორიაც თავისი „მწერლებით“,

და ისტორიაც თავისი ანგარებიანი მესაფლავეებით.

და ისტორიაც თავისი პირფერებით,

თავისი მოტყუებულებით?

ისტორია

ელოდება ვუკარნახოთ,

მოუმარჯვებია კალამი და იცდის.

ისტორია

დაწყევლილი წუთი,

როცა გადაშალე შენი დავთრები

რომ ჩაგეწერა პირველი მოვლენა!

ფიქრები ისტორიაზე

შეუტიეთ, მეგობრებო,

დაწერეთ მისი ისტორია

ვნახოთ ერთი, როგორ მოეწონება!

პოეტები

როცა ისინი ჩუმდებიან,

იკავებს ნაბიჯს გაზაფხული.

როცა ისინი ჩუმდებიან,

ცხოვრება გეგმებს გადახედავს ხოლმე და

ითხოვს სხვა ინსტრუქციებს.

პოეზია

როცა ყველაფერი დაბლა იყურება,

ის ცას შესცქერის.

პოეზია და ადამიანი

ბოლო წუთს, როცა ტოვებდა სამოთხეს,

შეებრალა ღმერთს და დაუძახა:

– მისმინე, ეს თან წაიღე.

პოეზიის შესახებ

ასე ნუ უყურებ, ზემოთ სამეზობლოდან არის,

ის მაღლა სამეზობლოდანაა, შენ არ იცნობ.

პოეზიის სიმამაცე

სიმამაცე ჭირდება პოეზიას,

სხვა სიმამაცე,

თავისებური.

პოეზია

ვერ ეგუება „ვარიაციებს“,

ვერ ეგუება „დამუშავებას“, „გადაკეთებას“

რაც თქვა და როგორც თქვა, სწორედ ისეა.

პოეტები

ჩვენც გვაქვს ჩვენი წყაროები,

ჩვენც გვაქვს ჩვენი, საკუთარი წყაროები,

გამორჩეული კრიპტოგრამები

სხვა მხრიდან.

ეს როგორ, ჩემო კარგო?

მე ვიცი, რომ პოეტები არ ექვემდებარებიან მითითებებს,

მე ვიცი, რომ პოეტები არ ემორჩილებიან.                                   

პოეზიის შესახებ

ყველაფერში ვამართლებ.

აქვს წარმომავლობა, უფლება აქვს.

სხვაგვარად როგორ?

თქვენი წარსული ჩემი ნაოჭებია, გეთაყვა,

თითო-თითო, მწყობრად დალაგებული თქვენი წარსული!

იტირე საკმარისად, რამდენიც უნდა გეტირა,

გეტკინა საკმარისად, რამდენიც უნდა გტკენოდა?

ღრმა პატივისცემის მიუხედავად,

უფრო სერიოზული საკითხებიც გვაქვს,

ვიდრე აკროპოლისია.

რაც უნდა იყოს აკროპოლისი,

იცოდეს, რომ ჩვენს ზურგს ეყრდნობა

წინაპრები

ბოლოსდაბოლოს რატომ?

გვკითხეს, ვიდრე შექმნიდნენ „ისტორიას“,

გვკითხეს ვიდრე გვიანდერძებდნენ?

ოჰ, ეს წინაპართა ღირსებების მავთულხლართები,

წინაპართა ისტორიის ეს მავთულხლართები!

გმირთა ძეგლებზე

მეშინია მთავარი განზრახვის,

მეშინია, რომ უბრალოდ

წავაქეზებთ სხვებსაც ჩაიხოცონ.

დროშები

როგორ შეთანხმდნენ ასე ერთხმად,

როგორ შეთანხმდნენ ყველანი ერთხმად.

რა ღრმა აზრი დევს ერთ ოთხკუთხა ნაჭერში,

რა აზრი დევს ერთ ოთხკუთხა ნაჭერში, რომელიც ფრიალებს?

დროშები

ჩააწყო მწკრივში ყველა და სიკვდილით დასაჯო!

აი, ეს უნდა ქნა!

არ არსებობს „კი“ და „არა“,

ყველაფერი ერთი დაწყევლილი წრეა,

გადაჯაჭვული

და მე ტყუილად ვმასხარავდები.

მთელი დედამიწა სხვა არაფერია, თუ არა წრიული თეატრი,

სულ ციცქნა მბრუნავი თეატრი,

რომელსაც თვალს ადევნებენ სხვები ბინოკლებით და იცინიან.

საუბედუროდ ისტორია არ ერევა რომ ხელი შეუშალოს,

საუბედუროდ ისტორიას არ აინტერესებს, რომ ხელი შეუშალოს,

პირიქით, მისი ლუკმა-პური ჩვენს შეცდომებზე კიდია.

ისტორია

პირველივე ბიძგისას წამოფრინდება:

– მზად ვარ!

ისტორია

უძველესი ლითონის ჟანგივით,

როცა უფრო დაოსტატებულნი ვბრუნდებით,

კვლავაც ბოროტად გვიყენებს.

ის „არა“ ვერ გაიმეორა ექომაც კი,

ძალიან მძიმე იყო გადასატანად.

თავისუფლება

ბევრი უძილობა, სიფხიზლე ჭირდება თავისუფლებას, მეგობრებო,

წამითაც არ მოაშოროთ თვალი. ნუ შეისვენებთ.

არ გამოგვიჭიროს ძილის დროს ისტორიამ

იმ დროს, როცა წერს.

1955-1959

ეს მაშინ იყო, როცა ჩვენს მუშტისკვრას მიბაძა თავისუფლებამ,

ეს იყო მაშინ, როცა თავისუფლებამ გაიმეორა ჩვენი მჯიღის ცემა,

ეს მაშინ იყო, როცა გააერთიანა ჩვენი მუშტის კვრა თავისუფლებამ.

კვიპროსული აჯანყება

და უცებ მხარზე ხელი დაგვკრა თავისუფლებამ,

როგორც ქუჩაში შეხვედრილმა ძველმა თანაკლასელმა.

ნეტავ რამდენი დაცემა დაგვრჩა მწვერვალამდე?

მოგონებები

როგორ მშვენდებით, რაც უფრო შორდებით

როგორ შორდებით, რაც უფრო მშვენდებით.

მოგონებები

ხანდახან ვფიქრობ,

იქნებ თავგზა აებნათ

და გვახსენებენ ისეთ ფაქტებს, რაც არ გვიცხოვრია?

კვიპროსი

დავკარგეთ სახაზავი,

რომელიც გვიჩვენებდა სწორ ხაზებს.

ათას ცხრაას სამოცდაოთხი

მტრებით გაჯერებული ჰაერი

მტრებით გაჯერებული ზღვა.

ეპიგრამა

და საბერძნეთი უკანასკნელი ბუჩქი უფსკრულთან,

რომ მოეჭიდოს თავისუფლება.

მეხსიერება და დავიწყება

საუბედუროდ მათ ხელში ვართ.

ახლა, უკვე კარგად ვიცით, საიდან იღებს

წყაროებს ისტორია.

აწ უკვე

რამდენ მრავალმარცვლიან, ვრცელ ისტორიას იტევს

ეს კლდესავით ერთმარცვლიანი „აწ“.

ისტორია კი არა, ჩემო კარგო,

მხეცივით ულმობელია, გველგესლაა,

ვაი, იმას ვინც კუდზე ფეხს დაადგამს.

გაერთიანება

ბევრი გამოუყენებლობით დაგვავიწყდა, როგორ იწერება

და იშვიათად ვხედავთ ზოგჯერ

შეცდომით მიწერილს ლევკოსიის შარაზე

ძველი, დიდებული ომეღას გარეშე,

რომელიც ჩია ომიკრონით ჩანაცვლდა.

გაერთიანება                  

რომ იცოდე, როგორ შემაჩოჩქოლე

დღეს, როცა დაგინახე უცაბედად,

ამდენი წლის შემდეგ, ნიქოზიის ძველ, ღარიბულ სახლის

კედელზე მიწერილი.

რომ იცოდე, რა მოგონებები გამიღვიძე,

რომ იცოდე, რა მოგონებები აღმიბეჭდე.

კვიპროსი 1974-1976 წლებში

და რა მოხდება ახლა?

დავხიოთ ძველი რვეულები,

რომლებიც გადავსებულია შეფერადებული „გაერთიანებით“.

დავხიოთ ძველი სასკოლო რვეულები,

რომლებიც გადავსებულია მორთული „გაერთიანებით“

ჟასმინის, ლიმონის ყვავილებითა და ზიზილოებით.

დავხიოთ ჩვენი ბავშვების ძველი სახელმძღვანელოები

ბერძნული დროშებით,

გადავაგდოთ გიმნაზიის სამახსოვრო საყვარელი ქუდი

„გაერთიანებით“ კანტად,

გადავყაროთ სახაზავი,

ჩანთა, ბურთი და ველოსიპედიც,

რომლებზეც ეწერა„გაერთიანება“?

მართლა, მითხარით, რა მოხდება ახლა?

დასანანია, რომ მართლები ვართ!

ვნახოთ, დროც თავისას იტყვის!

წამოვაყენეთ წინადადება.

ამის იქით…

კრეტა და კვიპროსი

გარიყულო ბავშვებო, რომელნიც მიმოიფანტეთ ქარაფშუტულად და რა ძვირად დაგიჯდათ?!

კვიპროსი 1968

არ შეგიმჩნევიათ, რომ ქანდაკებებმა სხვა მხარეს დაიწყეს ყურება?

კვლავ ალმაცერად დაგვიწყო ყურება თავისუფლებამ!

ჰიმნი თავისუფლებას – 1968, 1969, 1970

უკვე კარგად გვიცნობს, ამბობს თავისუფლება,

და არ გვენდობა.

შევიცვლიო სახელს, ამბობს თავისუფლება,

გააუქმებს თავის ქანდაკებებს,

„მაცადეთ მშვიდად ყოფნა“, ამბობს,

ბოლოს და ბოლოს ჩამომეხსენით, დამინდეთ

რა იყო ეს?

რა არის ეს“?

კვიპროსი 1970

დასახლებულია ეს კუნძული?

თავისუფლება ჩივის და ამბობს

ნუ ამბობთ, „თავისუფლებას უნდა ეს“ და „თავისუფლებას უნდა ის“.

მე არაფერი მინდა. ხელს ნუ შემაწმენდთ,

ნუ ამკიდებთ თქვენს სისხლს.

მოსყიდული იყო ეს კედლები,

რომ შეენახათ ეოკას ლოზუნგები?

წაშალეთ ისინი, ღვთის გულისათვის!

ათენი

არ უნდა დაეშვათ,

რომ ასე შეგვყვარებოდა ეს ქალაქი.

არ უნდა მივეშვით,

ასე ძლიერ შევთავსებოდით ამ ქალაქს,

რადგან სხვა მხარეს გვისტუმრებდნენ.

დაგპირდი, რომ ისევ მოგწერ

და აი, ისევ გწერ, დედა.

არ ვიცი რამდენად დავაგვიანე,

რადგან ნებას აღარ ვრთავ მოვალეობებს

წინ გადამიდგნენ

და მიყურონ,

თვალყური მადევნონ

და დამაბეზღონ.

ნებას აღარ ვრთავ უმნიშვნელო ტიკტაკს,

რომ ითვლებოდეს გულისცემის გვერდით,

რომ გადააჭარბონ გულისცემას,

და რომ შემოიჭრან

და რომ შემახსენონ

და რომ იძალადონ

და რომ იბატონონ.

ზოგადად, ვფიქრობ, დადგა დრო მოვიპოვოთ ადგილი, დედა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რომ ვაქციეთ ჩვენიანებად უცხოები,

რომ გავიხადეთ მსაჯულებად უცხოები,

რომ დავრთეთ ნება, სათვალავში შედიოდნენ,

რომ დავრთეთ ნება, გადააბიჯონ ჩვენს თავის ქალას,

რომ დავრთეთ ნება, გადააბიჯონ ჩვენს გულს,

რომ გავათავხედეთ,

რომ ვასარგებლეთ და ბედავენ…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დედა, გეუბნები და ნუ შეცბუნდები, რომ საჭიროა უსწრაფესად

დავუბრუნდეთ საწყის მიზეზებს,

დედა გეუბნები, რომ იცოდა ღმერთმა ჩვენი ამბავი

და დაგვიმალა,

ისე, როგორც ბავშვებს ვუმალავთ სახიფათო ნივთებს,

იცოდა ღმერთმა ჩვენი ამბავი და ასე ბრძნულად გადამალა,

ასე ბრძნულად შეურია ქვაში,

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩვენ კი სულელები ჩავერიეთ და გამოვაცალკევეთ ქვიდან,

ჩვენ კი სულელებმა ჩავანაცვლეთ მათი ძალა,

დავშალეთ მათი ერთობა,

გავათავისუფლეთ მათი დემონები

და ვიკვეხნიდით ჩვენს მიღწევას,

ვტრაბახობდით ჩვენი წარმატების გამო,

ვინიშნავდით რა თარიღებსა და სახელებს

ისტორიის სახელმძღვანელოებში

და არც კი ვიკვლევდით

– ან კი როდის ვიკვლევდით,

და აქ არის მთავარი შეცდომა –

ხომ არ იყო ნაადრევი ეს წარმატება,

და არც კი ვიკვლევდით

– ან კი როდის ვიკვლევდით,

და აქ არის მთავარი შეცდომა –

ვიყავით კი მომწიფებული ამ მიღწევისთვის,

ვიყავით კი მომწიფებული მისი შედეგებისთვის.

არ ვიცი, რამდენად დავაგვიანე მოწერა, დედა.

თანაც ეს ხომ არ ითვლება წლებით,

ახლა ეს ტკივილით იზომება.

არც კი ვარ დარწმუნებული, დედა, რომ არ გავიმეორებ იმას,

რაც რაღაც ხერხებით მოგიყევი წინა წერილში,

დედა, უკვე არც ისე იოლია გამოვაცალკეო ისინი,

არაფრის გამოყოფა აღარაა იოლი, დედა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არაფერია იგივე, მათ შორის კერინიის უცვლელი მთებიც კი,

რომელსაც დღეს ხელით ეხები,

დღეს შენს სახლზეა მომდგარი საჩრდილობლად,

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და ხვალ აღარ არის,

დღესაა

და ხვალ არ იციან, არც გაუგონიათ,

რომელსაც დღეს სახელი აქვს,

ხვალ კი აღარ,

უკვე აპროტესტებენ გეოგრაფიული რუკები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არც კი ვარ დარწმუნებული, დედა,

რაც მოგიყევი წინა წერილში,

შეეხება კუნძულს და მე,

ან იქნებ გადაშორდა საზღვრებს.

თუმცა, ასეც და ისეც განასხვავებ ჩვენეულს,

ან კი რატომ განასხვავებ,

ან კი როგორ განასხვავებ,

მაშინ, როცა კუნძული აღარ ჰგავს კუნძულს,

მაშინ, როცა აგვირიეს საზღვრები,

მაშინ, როცა აგვრიეს მოსაზღვრე ზღვებმა,

მაშინ, როცა აგვრიეს მოსაზღვრეთა ინტერესებმა

და გვეუბნებიან „ასეც“ და „ისეც“ ,

და გვყრიან ჩვენს ოთახებში

თვალხილულად გაძვალტყავებული შავები.

რატომ ვწერდით ამდენი წელი ლექსებს?

რას ვკრავდით ამდენი წელი ჩვენი ლექსებით?

მივცეთ ნება, ახლა გამოჩნდეს უკეთესად,

ვიდრე ჩვენ ვწერდით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეჰ, არა, დედა,

ვერ შევძლებთ, შევინარჩუნოთ მუდმივად

ინსტინქტებითა და ქვეცნობიერით,

ვერ შევძლებთ შევინარჩუნოთ მუდმივად

მხოლოდ „გარდაუვალით“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რადგან, დედა, ჩვენში დაირღვა წყობა,

რადგან ჩვენში დაირღვა წესრიგი,

რადგან კანონით წაიღეს ჩვენგან ყველაფერი,

მსჯელობენ,

ეჭვი შეაქვთ,

არ ეთანხმებიან,

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მეხსიერების ნაგროვებს იწვევენ, დედა,

დავიწყებული მეხსიერების ნაგროვებს, დედა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დედა, შეთქმულებას გვიწყობენ დაუსრულებლად აჯანყებები,

შეთქმულებას გვიწყობენ დაუსრულებლად ამბოხებები,

შეთქმულებას გვიწყობენ დაუსრულებლად მცდელობები.

და ყველაზე უარესი ისაა, რომ არაფერი ხდება ამის იქით,

ყველაზე უარესი ისაა, რომ ჩამყაყდა აჯანყება

და როგორც იცი, უფრო საშიშია

დაჭაობებული რევოლუცია,

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რომელიც საგანგებოდ მოეწყო, რომ არ ჰქონოდა წარმატება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დედა, ვგრძნობ, რომ ჩემმა წერილმა დაიწყო

დანაწევრება,

ვგრძნობ, რომ მთლიანობამ, რომელსაც მივაღწიე,

დაიწყო დანაწევრება…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და ვრცელდება შეტყობინება

და მოდიან სხვანი და სხვანი

და ეჭეჭყებიან?

ვტოვებ მთლიანობას, დედა,

ვტოვებ წყობას, დედა,

ვტოვებ შედეგს,

ვინაიდან შეუძლებელია არსებობდეს შედეგი,

ასე, როგორც ახლა, ვსაუბრობ ყველას მაგიერ

და ახლა ჩემს მაგიერ,

ასე, როგორც ვარ ყველა

და ახლა, როცა ვარ მარტო,

ასე, როგორც გამოვცალკევდები სრულიად,

და ახლა, როცა ვუერთდები სრულიად.

დედა, ყველაფერი ერთი მოჯადოებული წრეა,

დედა, ყველანი ერთ დაწყევლილ წრეში ვტრიალებთ,

სამასხაროები.

ვსხედვართ მერხებთან და ჯერ კიდევ ვუსმენთ

მომხსენებლებს, რომლებიც იტყუებიან,

ვსხედვართ მერხებთან და ჯერ კიდევ ვუსმენთ

მომხსენებლებს, რომლებიც იტყუებიან,

რომლებმაც იციან, რომ ვიცით მათი ტყუილის შესახებ.

არსებობს, რა თქმა უნდა, მოსაზრება,

რომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა ამ ყველაფერს,

რადგან სხვა შესახვევთან ვიცდით.

მაგალითად, არის მოსაზრება, რომ ახლა, მოხდება რევოლუცია,

და ხდება რევოლუცია,

და არაფერი იცვლება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დედა, გვითხრეს, რომ არა ვართ ინფორმირებულნი,

დედა, გვითხრეს, რომ კარგად არ გვახსოვს,

გვითხრეს, რომ გულმავიწყები ვართ,

გულმავიწყები წარსულის,

გულმავიწყები აწმყოსა

და მომავლის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თითქოს ვაგრძელებთ საუბარს, რაღაც ენაზე,

ისეთზე, რომელიც ვერ უნდა გაგვეგო,

თითქოს აღარც ვსაუბრობდით ბერძნულად,

რომ მოხსნილიყო პასუხისმგებლობა,

სიტყვა ვალდებულება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყველაფერი მიუღებელია, დედა,

სამწუხაროდ, ეს კუნძული განსაკუთრებით მიუღებელია,

სამწუხაროდ, ეს კუნძული განსაკუთრებით საყვარელია, დედა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შენ გიხმობ, დედა,

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შენ უნდა იცოდე, დედა,

ახლა როცა აღარც წიგნებმა იციან,

-ან კი როდის იცოდნენ-

ახლა, როცა აღარც ბრძენკაცებმა იციან,

-ან კი როდის იცოდნენ-

ახლა, როცა აღარც ჩვენმა პოეტებმა იციან,

– ან კი როდის იცოდნენ –

შენ უნდა თქვა სათქმელი, დედა,

ახლა, როცა სხვები აღარ საუბრობენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დედა, ვახსენე დასაწყისში ჭრილობა,

სწორედ ეს ჭრილობაა ახლა ჩვენი იმედი, დედა,

ეს სისხლმდინარი ჭრილობა,

ეს ცოცხალი ჭრილობა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არ ვიცი, თუ ისევ მოგწერ.

პოეტი და ომი                                           

რა დილემის წინაშე მაყენებ, სამშობლოვ,

რა საშინელი დილემის წინაშე, სამშობლოვ!

რა დილემის წინაშე მაყენებ სამშობლოვ!

ნუ მომცემ, გეთაყვა, ხელში ამ იარაღს.

ნუ მომცემ, გეთაყვა, ხელში ამ იარაღს!

თვით ისტორიაც კი

დავაბნიეთ და ეჭვობს,

უნდა განაგრძოს თუ არა

ჩაწეროს ის, რასაც ჩავდივართ.

კვიპროსის ისტორია ინგლისელ და თურქ დამპყრობლებს

ორ-ორჯერ მაინც არ გინდათ, ბიჭებო.

სხვებიც ელოდებიან რიგს!

ბერძნული დროშა კვიპროსზე

იმ ყველაფრის შემდეგ, მიდით, აბა, ამოძირკვეთ ახლა!

უცნაურად მომეჩვენა, რომ ამ საღამოს ვიცოდი ბერძნული.

თურქთა შემოჭრის შემდეგ

ახლა როგორღა შევძლებთ გარდაცვალებას?

ახლა როგორღა შევძლებთ გარდაცვალებას?

ამ საფიქრალით ჩვენს უკან?

ძალაუნებურად გადავდებთ.

ბერძნულ ჯარზე, რომელიც წავიდა

არ გვმართებდა, ამრიგად, არც ერთი ეპიგრამა,

არ გვმართებდა ამრიგად, არც ერთი ლექსი ?

„დატყვევებული“ გოგონა კერინიიდან ბრუნდება ნიქოზიაში – ბერძნული დროშის წინ

დედა, ჩვენი დროშა!

მთვარე თურქებდაპყრობილ მორფუში

შარს აგვიტეხს ეს მთვარე,

რომელმაც არ იცოდა და ძველებური გაბედულებით შემოაბიჯა,

და შემოაბიჯა ძველებური სითამამით.

პენდადაქტილოსი – ივლისი, აგვისტო 1974

ახლა, უკვე, ვისხდებით ყოველდღე

ერთმანეთის პირისპირ

მწუხარედ მომზირალნი.

თურქები პენდადაქტილოსზე

მიკვირს, როგორ თანხმდებიან მასთან!

მიკვირს, რა ენაზე ესაუბრებიან?!

ძნელია, დავიჯერო,

რომ ისინი მოგვიყვანა კერინიის ზღვამ,

ძნელია, დავიჯერო,

რომ ისინი მოგვიყვანა კერინიის უსაყვარლესმა ზღვამ.

ბედკრულო ზღვაო, კერინიისა,

უკან უნდა დავიბრუნოთ

რაც კი სტრიქონი მოგვიძღვნია შენთვის.

თურქეთის შემოჭრა

მომეცით, ერთი კასრი კერინიის ზღვა.

კერინიის ზღვას

(თურქების შემოჭრის შემდეგ)

ოჰ, როგორ გაგვაცურე, ფარისეველო!

კერინიის ზღვას

(თურქების შემოჭრის შემდეგ) I

ნუთუ, ასე გვიხდი ლექსებისათვის, რომელსაც გიძღვნიდით,

ნუთუ, ასე გვიხდი სიყვარულისთვის, რომლითაც გვიყვარდი?

თურქების დაპყრობილი მორფუ

ამ შთაგონებას ელოდებოდნენ ამდენი წლები ჩემი ლექსები

და არ გიმღეროდნენ?

ამ გლოვას ელოდნენ?

იცოდნენ ესე იგი, წინასწარ გრძნობდნენ ესე იგი?

ლაპითოსი

კარგია ლაპითოსი თავისი წყლებითა და ხეებით,

მაგრამ მის უკან არის პენდადაქტილოსის ქვა,

ორი ნაბიჯით ქვევით, პენდადაქტილოსის ქვა

მკაცრი, შეუვალი, საბედისწერო.

გალიის ღია კართან

ახლა სადღაა ფრთები თავისუფლებისთვის! სადღაა ხალისი!

სოკრატეს მიხედვით

ვწერ: რომ არაფერი დამიწერია.

კვიპროსელები

ვბერდებით ჭკუის უსწავლელნი და მერე?

ისტორია

კურდღელივით თვლემს და ელოდება შენს ხელის წაკვრას.

კვიპროსის ისტორია – განმეორებად დამპყრობლებს

მე ვამბობ, უნდა გვიხაროდეს მოთხოვნა

რომელიც კუნძულზე აქვთ

აგერ უკვე ხუთი ათასი წელია!

კარავასა და ლაპითოსის მიდამოები, 1974

რა ბედისწერამ დადაღა თქვენი წლევანდელი ყვავილობა,

რა შავმა ბედისწერამ მწარე წლებისა?

პირტიტველა ბიჭების ძვლებმა გაგიპოხეს მიწა,

სისხლი იხდება ლიმონის წვენად.

კვიპროსი 1974-1976

მაინც რას ლამობდნენ პოეტები ამ დროს, გეთაყვა?

პოეტები კვიპროსზე 1974, 1975, 1976

აბა უყურეთ, ესენიც თავისას დაწერენ!

მესამე წერილი დედას

გენახეთ მაინც, დედა, როცა თავს დაგვატყდა უბედურება,

გენახეთ მაინც, როგორ ველოდებოდით საბერძნეთს!

არასდროს აგვისტოს დაგვალული მიწა

ისე არ ელოდა პირველ წვიმას,

არასდროს დამხრჩვალი ისე არ ეპოტინებოდა ნაფოტს,

არასდროს მომაკვდავი ბავშვი ისე არ ეძებდა დედის ხელს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მას ველოდებოდით ყელამდე ჩაყვინთულნი

კერინიის ზღვაში,

ვიკავებდით რა სულის გაფრთხობას, რომ მოესწრო.

ვფურცლავდით მის ისტორიას,

ვფურცლავდით, როგორც სახარებას, მის ისტორიას

-„აი, აქ და კიდევ აქ“-

და მას ველოდით,

არა, „არ შეიძლება არ მოვიდეს“, ვამბობდით,

არა, „არ შეიძლება არ მოვიდეს“, ვამბობდით

და სადაცაა გამოჩნდება თავის სპარტელებით..,

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და მართლაც, ერთ ღამეს ხმა დაირხა, რომ მოვიდა.

და ეს რა ღამე იყო, დედა,

მაინც რა გამოძახილი მოყვა,

რა ექო, რა ყიჟინამ მოიცვა მთელი კუნძული!

ტირილით ვეხვეოდით ერთმანეთს და ვხტოდით,

ვკოცნიდით და ვგრძნობდით,

ვიდრე მომდევნო დღეს, არ დავენარცხეთ უფსკრულამდე,

და მკერდი გვებერებოდა გასკდომამდე,

გული ხტოდა ბაგაბუგით, ლამობდა გამოვარდნას.

გახარებულებს დაავიწყდათ თავიანთი შვილები,

ძმები და მამები

და უკვე, მარტო საბერძნეთისთვის ტიროდნენ,

და ერეოდათ სიცილ-ტირილი.

და ამბობდნენ მასწავლებლები -„ნახეთ“?

და ვამბობდით ყველანი – „ნახეთ“?

ვიდრე მომდევნო დღეს, არ დავენარცხეთ უფსკრულამდე,

ვიდრე მომდევნო დღეს, არ დავენარცხეთ უფსკრულს მიღმა,

ვიდრე მომდევნო დღეს, არ ჩაიძირა ტრიპილოსი,

ვიდრე მომდევნო დღეს, არ დაიხია მდუმარედ ტროოდოსმა,

რომ კლდეზე მაინც ჩამომჯდარიყო.

ვიდრე მომდევნო დღეს, არ გადმოკარკლა თვალები ეპიამ,

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და ნიქოზიამ სახრჩობელებით,

რადგან საბერძნეთი არ მოვიდა,

რადგან ტყუილი იყო შეტყობინება,

ტყუილი ბერძენთა გადანაწილება პაფოსზე,

რადგან ტყუილი გვითხრეს ცებმა და ზღვებმა,

ტყუილი მერცხლებმა და გულმა,

ტყუილი ჩვენმა ისტორიებმა,

ტყუილი და ყოველივე ტყუილი.

თქვეს, სხვა საქმე ჰქონდაო საბერძნეთს,

რაღაც დღესასწაულები,

და თანაც, შორს ვართო და ვერ შეძლო,

წუხდა, არ ელოდა,

გულწრფელად წუხდა,

გულწრფელად ძალიან წუხდა.

და ჩვენმა მასწავლებლებმა თავი ჩაქინდრეს დარცხვენით,

და „სახელმძღვანელოებმაც“ თავი ჩაქინდრეს დარცხვენით,

და ჩვენი მასწავლებლები უკვე თრთიან,

და „სახელმძღვანელოებიც“ უკვე თრთიან,

როცა უახლოვდებიან თერმოპილესა და სალამინას ისტორიებს…

არ ვქმნი პოეზიას, დედა,

მაქვს ასლები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და მოდის, დედა, საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი,რომელმაც გადმოინაცვლა სხვა მხრიდან,

და გვაგულიანებს, რომ გავმაგრდეთ

და გვაგულიანებს, რომ დავიხოცოთ, რაც შეიძლება მეტნი

და არ შევშინდეთ, რადგან ჩვენი საქმე მათი საქმეცაა,

რადგან ჩვენი საკითხი, მთელი მსოფლიოს საკითხია.

ზუსტად იგივე, რასაც ეუბნებოდა სხვებსაც,

ხოლო მოგვიანებით აღმოჩნდა,

რომ არ იყო მთელი მსოფლიოს საქმე,

არამედ მხოლოდ მათი საქმე,

და მოგვიანებით აღმოჩნდა,

რომ არ არსებობდა „მთელი მსოფლიო“,

რომ არაფერი არ არსებობდა, არაფერი…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გახსოვს, დედა, მეშინოდა, რომ ბოლო წერილს

არ დახვდებოდი ფანჯარასთან,

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დამიჯერებ, რომ ახლა, იმის იმედადღა ვარ,

რომ არ არსებობდე,

რომ აღარ წამიკითხო,

რამდენიც უნდა გეძებოს ჩემმა წერილმა,

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დედა, ამჯერად დარწმუნებული ვარ,

რომ აღარ მოგწერ.


[1] არისტოტელი, პოეტიკა, წინასიტყვაობა, თარგმანი და კომენტარები პროფ. ს. დანელიასი, 1944, გვ. 20-22

[2] საკითხში გასარკვევად ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია პროფ. ნ. ჩიქოვანის სალექციო კურსის ფარგლებში გაცნობილმა მასალებმა, საიდანაც ვხელმძღვანელობთ – ისტორიის აღქმა და რეპრეზენტაცია. მეხსიერების პოლიტიკა 2011-2012.

© არილი

Facebook Comments Box