ტერეზა სახოკიას ნათელ ხსოვნას
1.
მოქმედება ხდება რეალურად არსებული კაფე-ბარის ინტერიერში. ადამიანები ჩვეულებრივად უსხედან მაგიდებს. მხოლოდ ცენტრში და ბართან დატოვებულია თავისუფალი სივრცე.
უეცრად ქრება შუქი. ქალის კივილი სამზარეულოდან… აბსოლუტურ სიბნელეში. ტაშტების დაცემის ხმა ქვის იატაკზე… გაურკვეველი ხმები, კამათი…
კაცის ყვირილი:
– იდიოტები! იდიოტები!.. კიბე სად არის? მოანათეთ! რა გატირებს? აქეთ მოანათე, ფაზა უნდა მოვძებნო!
გამოდის ორმოცდაათს მიტანებული კაცი. ცალ ხელში დაკეცილი, ორფერდა კიბე უჭირავს, მეორეში – ძველებური ნავთის ფარანი. ფარანს რომელიღაც მაგიდაზე დგამს, მერე დარბაზის ცენტრში კიბეს შლის და ორივე ხელით აჯანჯღარებს – მის სიმყარეს ამოწმებს.
კაცი:
მოკლე ჩართვაა, ნუ ღელავთ!
სანამ მე სადენებს ვაერთებდი, პატარა, სულელმა გოგომ ჩამრთველს დააჭირა ხელი!..
ისე, სიბნელეს თავისი უპირატესობა აქვს.
სიბნელეში შეიძლება თავს იმისი უფლება მისცე,
რასაც სინათლეში ვერ ბედავ, მაგალითად: შეიხსნა ქამარი, თამამად გახედო გვერდით მჯდარი მანდილოსნის მუხლებს, ან მოურიდებლად გადაიღო კიდევ ერთი მსუყე ნაჭერი, ბოლო ხინკალი, ან ქათმის ბარკლის გადანახსენი…
მე ერთი ძველი მეგობარი მყავს… ძაან სქელია და ღორმუცელა, მაგრამ ხალხში ჭამას ერიდება – მოციცქნის ხოლმე რაღაცას, მერე მარტო სვამს და აღარ აყოლებს.
მაგრამ, საკმარისია ნათურა გადაიწვას,
ანდა შემთხვევით ვიღაცამ თავისი გავა ჩამრთველს მიადოს და შუქი ჩააქროს – ჩვენი უჭმელი სტოიკოსი და თავშეკავების რაინდი ღამის მტაცებლად იქცევა ხოლმე:
სწრაფი და ზუსტი მოძრაობით ნუგბარს დაითრევს, ელვის სისწრაფით გადასანსლავს და როცა შუქს აანთებენ – მის ხელში ჩანგლის ნაცვლად ისევ წითელი ღვინით სავსე ბოკალი კიაფობს.
სმა შეიძლება, სმა – მაჩოობაა; სმა – მელანქოლიისა და დუფასებელი ნიჭის ნიშანია, სმა – დახვეწილი სულის პატრონებს უყვართ…
აი, ჭამა კი, არა! ჭამა – გოიმობაა, ჭამა – გონების ძილია, სულის სიღატაკე და სიმახინჯე! ყოველ შემთხვევაში, ჩემს მეგობარს ასე ჰგონია! უფრო სწორად, ჰგონია, რომ ხალხის უმრავლესობა ასე ფიქრობს.
ჰოდა, ეს საწყალიც მხოლოდ დუმს, სვამს და საუბარშიც მაშინ ერთვება, როცა ვიღაცა რაღაცას ჰკითხავს; თან იმედი აქვს, რომ მისი მელანქოლია სხეულის სისქეს ნაკლებად შესამჩნევს ხდის.
სამაგიეროდ, სახლში მისული – სკდება ძეხვითა და ცივი სუფიდან ამოღებული კარტოფილებით.
მგონი, იმასაც ფიქრობს, რომ მოპრანჭული ქალები გულის სიღრმეში თანაუგრძნობენ – “შეხედეთ, რა ღირსეულია, მამაკაცური და სევდიანი, ის თითქმის არ ჭამს… და სვამს იმიტომ, რომ გადაიტანოს ბუნების მკაცრი უსამართლობა. განა არ არის ბედის დაცინვა, რომ ასეთი დახვეწილი სული, შეუსაბამოდ გონჯ და ძონძროხა სხეულშია გამომწყვდეული?!”
დამეთანხმებით, ამ აზრებიდან გატაცებამდე, ანდა სულაც შეყვარებამდე ძალზე მოკლე მანძილია…
რა დახვეწილი ხაფანგია კახიქსიური, რომანტიკული და მგრძნობიარე ქალებისათვის! რა მზაკვრული სატყუარაა ბანოვანთათვის, ვისაც ამ დრომდე არ დაუხარჯავს ბუნებით მონიჭებული მზრუნველობის მარაგი…
…ნუ ნერვიულობთ, სადმე მივაგნებ დაკარგულ ფაზას, სადენებს გადავაერთებ და შუქიც მოვა. თქვენც ისევ მოირგებთ არჩეულ როლებს, პოზებს და ჟესტებს, ყალბ ღიმილს, წინასწარ მოფიქრებულ სიტყვებს, დაუბრუნდებით ჩვეულებრივ ცხოვრებას. მანამ კი, დატკბით სიბნელით და თავისუფლებით, გამოუშვით თქვენი სულის პატიმარი მხეცები!.
2.
ადის კიბეზე, ზედ გადააჯდება, ჯიბიდან ბრტყელტუჩასა და საიზოლაციო ლენტის რგოლს იღებს და იწყებს რაღაც უხილავი სადენების მიერთებას.
კაცი:
ეხლა საავარიო ნათურას ავანთებ, მერე რაღაცეებს გავტესტავ და ჯერ ბარს ჩავრთავ, მერე დარბაზის ნაწილს, ბოლოს კი, თუ კიდევ რამე არ გადაიწვა, სრულ დატვირთვაზე გავალთ.
მხოლოდ ჩვენ, ელექტომონტიორებმა და გამნათებლებმა, ვიცით სიბნელის ფასი!
აი, მაგალითად, მამაჩემიც გამნათებელი იყო.
მთელი ცხოვრება ერთ თეატრში მუშაობდა.
ხანდახან სხვაგანაც იწვევდნენ ხოლმე, როცა განსაკუთრებით რთული სპექტაკლი იდგმებოდა, ანდა მეტისმეტად გაპრანჭული, შუქ-ჩრდილებზე გადარეული რეჟისორი ცდილობდა საკუთარი სიცარიელის შეფუთვას.
მეც სულ თან დამატარებდა, ცხონებული.
ხანდახან თეატრის ყოფილი დირექტორი, ბატონი ანდრო, ან ახალი კანცლერი – ლაწირაკი გიგი, ანდა რომელიმე გაჭირვებული მსახიობი სახლში გადამწვარი ჭაღის შეკეთებას, ან ახალი სადენების გაყვანას გვთხოვდა ხოლმე. ჩვენც მორჩილად მივდიოდით უცხო ბინებში და ვასრულებდით სამუშაოს. ეს ჩვენი სამსახურის ნაწილი გახდა. გასამრჯელოდ – სადილს და სასმელს გვთავაზობდნენ; უფრო ხშირად ჭაჭას, ან მაღაზიის არაყს, ხანდახან ღვინოსაც… მეზიზღებოდა ეს სადილები, მამაჩემის სადღეგრძელოები, მერე უბნელ ტიპებთან გარაჟში, ან ვინმეს სარდაფში სმის გაგრძელება, მთვრალი კამათი, ზოგჯერ ჩხუბი; გაუთავებელი მონოლოგები და საშინელი ხვრინვა, რომელიც ჩვენს ბნელ სოროს დილამდე აზანზარებდა. მოულოდნელად გარდაიცვალა; თევზის კონსერვმა მოწამლა თუ ფალსიფიცირებულმა არაყმა, ვერ დაადგინეს.
ხოდა, ერთხელ, სპექტაკლის შემდეგ ჯერ მხოლოდ მსუბუქად ნასვამმა მითხრა:
“წარმოიდგინე ვინა ვართ ჩვენ, გამნათებლები დღის სინათლეზე,
ან გაჩახჩახებულ ფოიეში?
არავინ!
არავინ ზედ არ გვიყურებს, არავინ იცის, რომ საერთოდ ვარსებობთ.
მაგრამ აი, დარბაზში ქრება შუქი, ინთება “პისტოლეტი”, ან “დიგი”,
იხსნება ფარდა და გამოდიან მსახიობები. შეიძლება ერთი, ან რამდენიმე, მნიშვნელობა არა აქვს. დგებიან იქ, სადაც სხივს მივუშვებ,
მიდიან იქით, საითაც მივანათებ.
რა არი მაგათი ცხოვრება? მორჩილება!
ჩვენი თავისუფლება კი სიბნელეშია, გაიგე, ჩემო პატარა ბიჭო?!!
იმისთვის რომ სხვები მართო, შენ თითონ სიბნელეში უნდა იყო.
ეცადე, რომ ცხოვრებაში პროჟექტორის წინ არასდროს მოხვდე”.
ეხლა რომ ვფიქრობ – მართალი იყო ეგ ცხონებული:
როცა სხვები გიყურებენ, იძულებული ხარ ითამაშო, ვიღაცის დაწერილი როლი მოირგო, საკუთარი თავი დაკარგო.
არა, კი არ დაკარგო – გადამალო!
მხოლოდ სიბნელეში ხარ დაცული სხვისი თვალებისაგან.
თვალები – სხვაზე ძალადობის იარაღია.
განსაკუთრებით, როდესაც ეგ თვალები
სიბნელიდან გიყურებენ.
ინთება ნათურა. კიბეზე გადამჯდარი კაცი შუქს დარბაზში მჯდარი ერთ-ერთი მაყურებლისკენ მიმართავს, მერე მეორისკენ, მერე მესამისკენ.
კაცი:
რას იტყვით, პატივცემულო, ხომ მართალი ვარ?……
თქვენ რას ფიქრობთ, ულამაზესო ქალბატონო?……
ან თქვენ! თქვენ რას მეტყვით, არ მეთანხმებით?………..
ნათურას უშვებს ხელს და კიბიდან ჩამოდის. კიბე განათებული წრის ცენტრშია. კაცი კიბესთან დგას.
კაცი:
მაგრამ ერთხელ სულმა წამძლია. რეპეტიცია დამთავრდა… ყველა წავიდა. მხოლოდ ხარიხაზე დამაგრებული პროჟექტორი უშვებდა სინათლის სვეტს, რომელიც მანათებელ წრეს ხატავდა ფიცარნაგზე. ეს ის წრე იყო, რომელშიც ხუთი წუთის წინ კრემონა იდგა…
კრემონა, ესპანური გიტარის სახელი…
მშვენიერი კრემონა, შავი აბრეშუმის თმებით და თეთრად მოქათქათე, სუსტი მხრებით… კრემონას დედა, დომინგა კავარუბია კაბელიო, შვიდი წლის ასაკში, ფრანკოს რეჟიმს გამოქცეულ სამი ათას ესპანელ ბავშვთან ერთად საბჭოთა კავშირში ჩამოიყვანეს. მისი ბიძა, კანდიდო კაბელიო, მემარცხენე ლიბერალი, ტოლედოს წითელი მილიციის უფროსი და ესპანეთის სამოქალაქო ომის გმირი იყო. ქალბატონი დომინგა ამაყობდა, რომ მამაც და ბიძაც მდინარე ებროსთან, ფალანგისტებთან ბრძოლაში დაიღუპნენ. ასე აღმოჩნდა პატარა ესპანელი ლტოლვილი საქართველოში. აქ დაამთავრა უნივერსიტეტი, აქ გაიცნო მომავალი ქმარი, ინჟინერი პეტრე ჯიბუტი. კრემონა მათი უმცროსი შვილი იყო…
მოკლედ, რეპეტიცია ახალი დამთავრებული იყო. გარსია ლორკას დგამდნენ…
” – საუზმე!.. საუზმე დაგავიწყდა, შვილო.
– არაუშავს, ყურძენს შევჭამ ვენახში… დანა მომაწოდე.
– დანა? დანა რაში გჭირდება?
– მტევნების მოსაჭრელად.
– დანა, დანა!.. დასწყევლოს ღმერთმა დანებიც და მათი მომგონიც; თოფებიც და პოსტოლეტებიც, ერთი ბეწო ჯაყვაც… და კიდევ წერაქვები და თოხები – ყველაფერი, რითაც კაცის მოკვლა შეიძლება!.. ლამაზი ბიჭი, ყვავილით პირში მიდის საკუთარ ვენახში, ან ზეთისხილის ბაღში, რომელიც შთამომავლობით ერგო და არ ბრუნდება…”
ერთი სიტყვით, ვგრძნობდი, რომ ეს არ უნდა მექნა, მაგრამ მაინც ფრთხილად ავედი სცენაზე, გადავდგი ხუთი ნაბიჯი და საიმედო სიბნელიდან სინათლის სვეტში შევაბიჯე.
იქ საოცრად თბილოდა.
ეს ჩემი კრემონას სითბო იყო. სინათლე, როგორც რბილი ლოგინი, მისი სხეულის სითბოს ინახავდა…
მე წელზე მოვხვიე ხელი და…
ირთვება მუსიკა. კაცი ცეკვავს უხილავ პარტნიორ ქალთან.
– ცეკვა არ იცი, მაგრამ მუსიკას გრძნობ. ვინმემ რო გვნახოს, გაუკვირდება.
– აქ არავინაა ჩვენს მეტი.
– იცი, ყველაზე მეტად რაზე ვოცნებობ, ხუან?
– არ ვიცი, მაგრამ მზადა ვარ ყველა ოცნება აგისრულო.
– მინდა იქ ვიყოთ, სადაც არავინ გვიცნობს. უცნობებს კი, როგორც წესი, ვერ ამჩნევენ, უყურებენ და ვერ ხედავენ.
– შენ გგონია, ეს არის თავისუფლება?
– ეს ბედნიერებაა, ხუან, ბედნიერება.
– მაგრამ თვალები, კრემონა, თვალები?
– თვალები, რომლებიც ვერა გვხედავენ…
ასე ვცეკვავდი სინათლის წრეში, დაუცველი და შიშველი, როგორც ჩვილი იესო. რას ჩავდიოდი, თვითონაც არ ვიცოდი. ჩიტი თავისით შეხტა ოქროს გალიაში…
და უცბად – ტაში!
მუსიკა მკვეთრად წყდება. კაცი შეშინებული მოავლებს თვალს ჩაბნელებულ დარბაზს..
კაცი:
დარბაზში ვიღაც ქალი იდგა, სიბნელიდან მიყურებდა და ტაშს მიკრავდა. მერე დაიძრა, მომიახლოვდა და მითხრა:
– ცეკვა მართლა არ იცი, მაგრამ საკმაოდ პლასტიური ხარ.
ჩვენი მოხუცი კონცერტმეისტერი იყო, დეიდა ქეთო. “სულ გამოვთაყვანდი, ნოტები დამრჩა და მოვბრუნდიო”. მინდოდა გავმქრალიყავი. იმან კი გაიცინა და მითხრა:
– გარეთ თოვლია, მეშინია არ დავეცე. აქვე, თეატრთან ვცხოვრობ, თუ დრო გაქვს, სახლამდე მიმიყვანე. თან რაღაცეებს გკითხავ. ჯერ ის მითხარი, რა გქვია?
მაშ ასე, დროა ბარი გავანათოთ და ცოტა შევზღუდოთ თქვენი თავისუფლება! მე ვწვალობ, ოფლს ვღვრი, ყოველ წუთს დენმა შეიძლება დამარტყას, თქვენ კი იღეჭებით და ღვინოს ყლურწავთ. გეფიცებით, არა მშურს თქვენი, მართლა არა მშურს.
3.
კაცი იღებს ფარანს, მიდის ბართან, ფარანს დახლზე დებს, თვითონ კი დახლს უკან უჩინარდება. ცოტა ხანში დახლის თავზე საკონტროლო ნათურა ინთება. შუქის სვეტი დახლის ნაწილს და ბარის წინ მდგარ საქანაო სავარძელს ეცემა. სავარძელს პლედი აქვს გადაფარებული. კაცი დახლში დგას და იღიმება.
კაცი:
ესეც ასე, საქმე დაიძრა! მშიერ თვალებს საკვები გაუჩნდა… ეს უნდა აღვნიშნოთ! თქვენ გაგიმარჯოთ!
მაღალფეხიან ჭიქაში ღვინოს ისხამს, სულმოუთქმელად სვამს და ისევ ივსებს ჭიქას.
კაცი:
ნეტა ახლა რას დამავალებთ, რას მაიძულებთ?
ვეცდები გამოვიცნო, რა როლში გინდათ წარმოგიდგეთ:
“… ოჰო, ამ ლაჩარ არამზადებს დარიე ხელი? აქეთ მობრუნდი, ბენვოლიო, სიკვდილს გიჩვენებ!”.
თუ ეს: “ეს რა ნათელი აელვარდა იმის სარკმელში?..”;
ანდა, კიდევ უკეთესი – “აი, თქვენ მეუბნებით, რომ ის მალე მოკვდება,
მე კი ვერა ვგრძნობ ვერც სიყვარულს, ვერც სიბრალულს. მხოლოდ რაღაც სიცარიელისა და დაღლილობის მძიმე განცდა მაქვს.
ვინმემ გვერდიდან რომ შემომხედოს, მის თვალში, ალბათ, საშინლად გამოვიყურები… თვითონაც არ ვიცი რა ემართება ჩემს სულს…”
ეს რეპლიკები და მონოლოგები ჩემი და დეიდა ქეთოს ყოველდღიური პური და წყალი გახდა. იმ პირველ დღეს მაგიდის ლამფა შევუკეთე და გადამწვარი შტეფსელი გამოვუცვალე…
კაცი ნაკლულ ღვინის ბოთლს დახლზე შემოდგამს, თვითონ კი ჭიქით ხელში ბარიდან გამოდის და სავარძელთან ჩერდება.
კაცი:
მომდევნო დღეებში ის იჯდა სავარძელში და ქარგავდა;
მე კი მის მტვრიან საწერ მაგიდასთან ხმამაღლა ვკითხულობდი დრამატულ ტექსტებს. იდიოტს ვგავდი. კიდევ კარგი, ამ ჩემი საცოდავი შტუდიების მოწმე მხოლოდ საზიზღარი, ცალთვალა კატა იყო…
ქეთო ხანდახან მაჩერებდა და მეკითხებოდა: “აბა, რათ ეუბნება ოფელიას, მონასტერში წადიო? რას ფიქრობს, ან რასა გრძნობს? შიშს, მარტოობას? მგონი თავისი თავისა ეშინია და კიდევ იმისი, რასაც გაურბის…” მერე მე ვავიწყდებოდი და თავისთვის აგრძელებდა: “შურისძიება აშინებს, თავზე კი მამის აჩრდილი ადგას”… არ ვიცი, რამდენი წიგნი წავიკითხეთ ამ გაჩერებებით, გადახვევებითა და საუბრებით; უფრო მეტად ლექსები და პიესები.
საწყალი ქეთო, იმას ეგონა, თეატრზე ვაბოდებდი, ან სცენის გარეშე ვერ ვიცხოვრებდი… თავის ჭკუაში მეხმარებოდა, მწვრთნიდა და მამზადებდა ჯადოსნობისთვის… რა უსინდისოდ ვატყუებდი…
ჭიქიდან მოსვამს და სავარძლის ზურგს ხელს უბიძგებს. სავარძელი ქანაობას იწყებს.
კაცი:
ხანდახან, ქარგვისას ფიქრს მიეცემოდა. ნოტებით, წიგნებითა და მტვრით სავსე ოთახში სიჩუმე დგებოდა. ასეთ დროს მე ჩუმად ვაგრძელებდი კითხვას, უფრო ხშირად კი კრემონაზე ვფიქრობდი, ეროტიკულ ფანტაზიებს ვეძლეოდი და უაზროდ მივშტერებოდი გაზულუქებულ კატას. ის კი თავისი ერთადერთი, ბოროტი თვალით გამომხედავდა ხოლმე, იზმორებდა და უშნოდ აფჩენდა თავის შხამიან, ვარდისფერ პირს…
და მაშინ ქეთოს ანგარიშმიუცემლად წამოსცდებოდა ხოლმე უცნაური სიტყვები: “ტუსენკა, ტუსკა! ტუსენკა, ტუსკა”…
კაცი ჯდება სავარძელში და ბოლომდე ცლის ჭიქას.
კაცი:
თვითონ ვერც ხვდებოდა, წამოიძახებდა და ისევ აუჩქარებლად აგრძელებდა ქარგვას. პირველად მეგონა, კატას ეძახდა, მაგრამ გამახსენდა, რომ ცალთვალა ურჩხულს ნიკიტა ერქვა. რა იყო ეს უცნაური წამოცდენა გარინდებისას?
ტრავმა? ძველი ტკივილი? დავიწყებული დანაშაული?..
ერთხელ ვკითხე, ვინ არის ეს “ტუსკა”, ქარგვისას რომ ეძახით-მეთქი? ჯერ გაოცებულმა შემომხედა, მერე დამნაშავე ბავშვივით თვალები დახარა, ჩაიღიმა და “არავინო”, მითხრა… იქნებ ქალური ინტუიცია კარნახობდა, რომ ბოლომდე სანდო არ ვიყავი?
დგება, ბარის დახლთან მიდის და ჭიქას ავსებს.
კაცი:
მამაძაღლი ვიყო თუ ვიცოდე, რატომ გიყვებით ამას… ალბათ, მოკლე ჩართვის, სიბნელისა და ღვინის ბრალია. რომ იცოდეთ, ალკოჰოლი და ელექტრობა საშიში ტანდემია… თანაც ირგვლივ ყველაფერი ადვილად აალებადი მასალისაა: ხის იატაკი, მუყაოს ჭერი, კედლის პანელები… ერთი შეცდომა და ჩემთან ერთად ყველანი ცეცხლში დაიბუგებით… ასე რომ, ვისაც სუსტი გული აქვს, ვურჩევ ეხლავე წავიდეს სახლში… აი, ღვინო და ფორტეპიანო კი – ტკბილი, მოსიყვარულე წყვილია… ღვთაებრივი, ჰარმონიული წყვილი… ჯანდაბას, მოდი გავრისკოთ და პიანინოც გავანათოთ.
განათებული ადგილიდან მკვეთრად გადის სიბნელეში და უჩინარდება. ცოტა ხანში საპირისპირო მხარეს მდგარი პიანინოს თავზე ბრა ინთება. კაცი სკამზე დგას, მაცხენა ხელში ღვინის ჭიქა უჭირავს, მარჯვენაში კი – ბრტყელტუჩა. გამარჯვებული სახით ბრტყელტუჩას აწკლაპუნებს.
კაცი:
რა იყო, ხომ არ შეშინდით? გინდა გავმაზოთ – ბევრ თქვენგანს მანიაკი ვგონივარ! (ირონიით) “კაკლის ნაჭუჭისხელა ჩემს ოთახს მთელ საუფლოდ ჩავთვლიდი, სიზმრები რომ არ მაწუხებდნენ…” სიზმრები და ღამეული კოშმარები… აბა რა მოუვა კაცს, თუკი ბავშვობაში პინოქიო არ წაუკითხავს და აიძულებ “ჰამლეტი” იკითხოს?!
იხრება და პიანინოს თავზე ძალიან ნელა დგამს სავსე ჭიქას, ჩამოდის სკამიდან ფორტეპიანოსთან ჯდება. უკრავს ძალიან მარტივ, სევდიან მელოდიას. ამას არც ისე კარგად აკეთებს. უეცრად წყვეტს დაკვრას და მკვეთრად ტრიალდება.
კაცი:
(აჟიტირებული და ცოტათი მთვრალი)
თქვენ არ იფიქროთ, რომ მარტო ტექსტებით, დეკლამაციითა და მეტყველების სავარჯიშოებით ვიყავით დაკავებული! 23 მარტს, ქეთოს დაბადების დღეს და ორ იანვარს, ბედობაზე ეს მტვრიანი ოთახი სტუმრებით ივსებოდა.
თამარა, რაისა, მელიტა და დორა… გულაგის დაქალები, ყოფილი “ზეკები”, ხალხის მტრების ცოლები, ჯანდაბაში გადასახლებული 27-28 წლის მზეთუნახავები! ამ “ჯანდაბას” თავისი სახელი და მისამართი ჰქონდა: მორდვის ავტონომიური რესპუბლიკა, ბანაკი პოტმა №1288… იქ, აყროლებულ, ცივ ბარაკში გაატარეს ქმრებდახვრეტილმა გოგოებმა თავიანთი ცხოვრების საუკეთესო წლები. ახლა კი, სიკვდილ-სიცოცხლის გასაყართან მოსულები, ლხინს ეძლეოდნენ: ერთი ბოთლი წითელი ღვინო, ჩაი, ქეთოს ღვეზელი და მურაბები, მელიტას ნამცხვარი, დორას ფელამუში, თამარას ფლავი… ყვებოდნენ ათასჯერ მოყოლილ ამბებს, გულაგის მეგობრებს იხსენებდნენ და გიჟებივით იცინოდნენ… მერე ქეთო პიანინოსთან ჯდებოდა და ყველანი ერთად მღეროდნენ გაბზარული და სუსტი ბებრული ხმებით…
კაცი კლავიატურისკენ ბრუნდება, უკრავს და მღერის:
“По тундре, по широкой дороге,
Где мчится курьерский Воркута-Ленингад
Мы бежали с тобою, опасаясь погони.
Вот и окрик и в спину пистолета разряд!”
კაცი:
რა აცინებდათ? ნიკიტა ხრუშჩოვი რომ არა, საეჭვოა, იქიდან ცოცხლები დაბრუნებულიყვნენ… ხანდახან ვფიქრობ, რომ მე მაგიჟებდნენ. მაგრამ ფაქტია, რომ გულწრფელად უხაროდათ ერთმანეთის ნახვა… ხრუშჩოვის ფანკლუბი!
ერთადერთი, ვინც იმ დღეებში მოიწყენდა ხოლმე, ცალთვალა ნიკიტა იყო.
ქალების მოსვლისთანავე გარდერობის თავზე ახტებოდა და მთელი საღამო იქიდან იყურებოდა შეშინებული. მისი დამფრთხალი სიფათი ენით აუწერელ ბედნიერებას მანიჭებდა… როგორ ვერ მიტანდა ეს ზანტი, გატიკნილი ურჩხული. ალბათ, ყველაზე ზუსტად მას კარნახობდა მხეცური გუმანი, რომ აქ ჩემი ადგილი არ იყო…
კაცი ჭიქას იღებს პიანინოდან და მოსვამს.
კაცი:
და კიდევ მელიტა… ყოველთვის ვგრძნობდი მის მძიმე, ეჭვიან მზერას… ერთხელ სამზარეულოში, ჭურჭლის რეცხვისას გავიგონე, როგორ ჰკითხა ქეთოს: “რას აპირებ, ბინას ამ ბიჭს უტოვებ?” ქეთო დაიბნა და სიტყვა ბანზე აუგდო. ის კი არ ეშვებოდა: “იცოდე, ფრთხილად იყავი, რამე სისულელე არ გააკეთო”. რომ მაგონდება, ახლაც ბოღმა მახრჩობს! რა ოხრად მინდოდა ეს მტვრიანი, კატის ბეწვებით გამოტენილი ბუნაგი?!
…ტელესერიალებიდან მოთრეული, პრიმიტიული, მეშჩანური აზრები!
კაცი მთელი ძალით ახეთქებს პიანინოს სახურავს, სვამს ღვინოს და ჭიქას კვლავ ინსტრუმენტზე შემოდგამს.
კაცი:
ვისთვის მეთქვა, რომ ეს ყველაფერი კრემონას გამო ხდებოდა. კეკლუცი, კაცების ყურადღებით განებივრებული კრემონასათვის, რომელიც ვერც კი მამჩნევდა. და მე, სიბნელეში მდგარს, მასთან მხოლოდ პროჟექტორის ცხელი სხივი მაკავშირებდა, რომლითაც ვანათებდი და ვეფერებოდი მის ვნებიან სხეულს, ანთრაციტივით შავ თმას და თეთრად მოქათქათე მხრებს… (ხელს იშვერს განათებული კიბისაკენ) მე, უბირს, უწიგნურს, ნახევრად ველურს როგორ უნდა დამეძლია ეს უსაშველო მანძილი გამნათებლის ჯიხურიდან სცენამდე, ამ თბილი, დედის საშოსავით მყუდრო სიბნელიდან, შემაშინებელ სინათლემდე?
კიბესთან მიდის და ხელით ეხება, როგორც ცოცხალ ადამიანს.
კაცი:
მე არც ქეთოს ღვეზელი მჭირდებოდა, არც მისი ბინა და არც მისი ბებრული განცდები… მე მინდოდა იარაღი, რომელიც კრემონას გვერდით, განათებული წრისკენ გამიკაფავდა გზას… ეს იარაღი იმ უსასრულო რეპლიკებსა და რემარკებში ინახებოდა, რომლებსაც ყოველდღე ვიზეპირებდი და მხოლოდ ქეთოს შეეძლო ესწავლებინა ჩემთვის ამ იარაღის ხმარება… ვინ არის ამის გამგები? მელიტა? თქვენ?.. რა იდიოტობაა! ეს იგივეა, რომ ცალთვალა ნიკიტას ანტიგონეზე ელაპარაკო…
4.
კიბის საფეხურზე ჩამოჯდება.
კაცი:
სამაგიეროდ, დორას ვუყვარდი. სიბერისგან ოდნავ შემღვრეული, ჭროღა თვალებით მიყურებდა და თბილად მიღიმოდა. ერთხელ, როცა ხრუშჩოვის ფან-კლუბის მორიგი შეკრებიდან სახლისკენ მივაცილებდი, მითხრა: “მე ქეთო ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ მინახავს. დიდი მადლობა”. არც ვიცი, მანამდე ჩემთვის მადლობა ვინმეს უთქვამს თუ არა. ისე დავიბენი, რომ კინაღამ ხეს დავეჯახე. უხერხულობის დასაფარად რატომღაც ვკითხე: “დეიდა დორა, თქვენ შემთხვევით ვინმე ტუსკას, ან ტუსენკას ხომ არ იცნობდით?” დორა გაჩერდა, შემომხედა და გაფითრდა… “ხშირად ახსენებს ხოლმეო?”, – მკითხა. მერე ბაღში, სკამზე ჩამოვსხედით და დორამ თქვა:
“ჩვენ, ზოგმა ერთმანეთი ენკავედეს ციხეში გავიცანით, ზოგმა – საქონლის გადასაყვან ვაგონში, ეტაპირებისას. გზაში ორი ქალი მოგვიკვდა ფილტვების ანთებით. “პატმას” დათოვლილ სადგურზე ნაგაზების ყეფა და ხიშტიანი წითელარმიელების მწკრივი დაგვხდა. ბანაკამდე ოცი კილომეტრი თოვლსა და ყინვაში გვატარეს. თან წარამარა ყვიროდნენ და უშვერი სიტყვებით გვაგინებდნენ.
კაცი ფეხზე დგება, კიბეს შემოუვლის და ფერდებს შორის ჩერდება.
მაგრამ ყველაზე მძიმე ის წუთი იყო, როცა ბარაკში შეგვყარეს. იქ ოცი ორსართულიანი რკინის საწოლი, ნახშირის პატარა ღუმელი, კედელზე დაკიდებული მომღიმარი სტალინი და შვიდი ჩვენამდე მოყვანილი პატიმარი ქალი გველოდებოდა.
უცებ მივხვდით, რომ აქ, ამ საზიზღარ ბარაკში, დამთავრდა ჩვენი ცხოვრება და იწყებოდა უიმედო, უღიმღამო, მონური შიშით სავსე არსებობა. აქვე უნდა ჩავძაღლებულიყავით. ისეთი სასოწარკვეთა ვიგრძენით, რომ ყველანი ავტირდით… ზოგი ჩუმად, ზოგი მთელ ხმაზე…
მაგრამ ბანაკში ჩვენნაირ “კონტრას” ტირილის უფლებაც არა აქვს – ჩვენს რაისას სახეში ულვაშებიანი მაიორის ხელი მოხვდა. დაგვესივნენ და უმოწყალოდ გვცემდნენ, თან ღრიალებდნენ – “გაჩუმდითო!”. და მაშინ, იმ შვიდი დამხვდური პატიმრიდან ერთ-ერთი, მაიორთან მივიდა და უთხრა: “ამხანაგო ბანაკის უფროსო, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ბარაკში წესრიგი და სიჩუმე იქნება. უბრძანეთ თქვენს მებრძოლებს გარეთ გავიდნენ, ქალებს სველი ტანსაცმლის გამოცვლა სჭირდებათ”. ყველანი რაღაც საშინელების მოლოდინში გავისუსეთ. მაიორმა შეიგინა, მერე გადაიხარხარა, ერთი ვნახავ რა წესრიგს დაამყარებო, თქვა და ბადრაგს გარეთ გასვლა უბრძანა. ასე გავიცანით ტუსენკა… ტუსია ლოგინოვა, სმოლენსკიდან… ყოფილი ტანმოვარჯიშე, თხელი, მოძრავი, მხიარულად მოციმციმე ლურჯი თვალებით…
შემოდის შორეული მუსიკის ხმა, რომელიც თანდათან ძლიერდება.
ყოველი დილა მისი სიმღერით იწყებოდა. ბროლივით წკრიალა ხმა ჰქონდა. მღეროდა, როცა ბარაკში იატაკს ვრეცხავდით, როცა ტაიგაში ნაძვების საჭრელად მიგვერეკებოდნენ, როცა ხელებეგადატყაულები მორებს ვხერხავდით… “რა გჭირთ ქალებო, რა ყურები ჩამოგიყრიათ?!.. ათი წელი მალე გაივლის. მე რო დამიჭირეს, ჩემი ლენა შვიდი წლის იყო; რომ ჩავალ – ჩვიდმეტისა იქნება. წარმოგიდგენია, ჩვიდმეტი წელი ეს ხომ არაფერია, ახალგაზრდობა, ენერგია, სიცოცხლის წყურვილი! ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს შვილებთან და მათთან ერთად დიდი, საინტერესო ცხოვრება გველოდება. ამაზე იფიქრეთ და ათი წელი სიზმარივით გაფრინდება!..” სულ თავის ლენაზე ლაპარაკობდა, გვიყვებოდა მისი ბავშვური ცელქობების ამბებს და ამ მონაყოლში სევდის ნატამალიც არ იგრძნობოდა, თითქოს გოგონა სადღაც ცხრა მთას იქით კი არა, აქვე, ბარაკში, მის გვერდით იყო. რამდენჯერ აღვნიშნეთ ლენას დაბადების დღე საკუჭნაოდან მოპარული კარტოფილებითა და სიმღერებით… ტუსიას მიბაძვით, სხვა ქალებმაც დაიწყეს თავიანთი შვილების დაბადების დღეების აღნიშვნა. დანარჩენები, ტაიგაში შეგროვილი გირჩებისგან სათამაშოებს ვაკეთებდით და დედებს ვჩუქნიდით… მარტო მე, ქეთოს და კიდევ რამდენიმეს არ გვყავდა ბავშვები – ჩვენი ქმრები ქორწინებიდან ორ-სამ კვირაში დააპატიმრეს და დახვრიტეს… ალბათ, ყველაზე საცოდავად ჩვენ გამოვიყურებოდით.
კაცი უკან დგამს ორიოდე ნაბიჯს და ბნელში უჩინარდება. ცოტა ხანში გიტარის აკორდები მოისმის. კაცი ბრუნდება ბანტიანი გიტარით ხელში, თან მარტივ, მხიარულ, რუსულ მელოდიას უკრავს.
კაცი:
ერთხელ, საღამოს, ტუსენკა გიტარით ხელში შემოვარდა ბარაკში: “ქალებო! ხალხური თვითმოქმედების ანსამბლი უნდა შევქმნათ! ბანაკის უფროსი უკვე დავითანხმე და ეს დანჯღეული გიტარაც გამოვტყუე; თუ ვივარგებთ, საახალწლოდ კლუბის შენობას და პიანინოს გვპირდებიან!” გიტარა ქეთოს მიაჩეჩა: “აბა, დაუკარი, ვნახოთ თუ ივარგებსო”. ქეთომ იუარა: “გიტარაზე ცუდად ვუკრავ, არაფერი გამომივაო”,- მაგრამ დავაძალეთ და ცოტა ხანში მთელი ბარაკი “სულიკოს” მღეროდა…
…მალე მე და თამარა დიდებაშვილი რაიონულ სანეპიდსადგურში გადაგვიყვანეს, ვინაიდან მორდვაში ექიმების დეფიციტი იყო. ქეთომ და ტუსიამ კი ანსამბლი ჩამოაყალიბეს და ქების სიგელიც კი დაიმსახურეს “გულაგის” ადმინისტრაციისაგან.
კაცი გიტარას ჩამოიღებს, იატაზე დააბჯენს და ხელებით მის ხემს ჩამოეყრდნობა.
კაცი:
ორმოცდაოთხი წლის ნოემბერში, ვადაზე ექვსი თვით ადრე, ტუსიას განთავისუფლების ბრძანება მოვიდა.
ბარაკში ცრემლიანი ზეიმი იდგა. გვიხაროდა, რომ სახლში მიდიოდა და თან გული გვეწვეოდა, რომ ამ ჯურღმულში მის გარეშე ვრჩებოდით.
“ლენოჩკასთან მივდივარ, გოგოებო! ომიც მალე გათავდება და ახალ ცხოვრებას დავიწყებთ, მეც, ლენაც და თქვენც, სუყველანი! აი, ნახავთ, სულ სხვა ქვეყანას ავაშენებთ! ერთმანეთთან ვივლით სტუმრად და აქაურობას სიცილით გავიხსენებთ! ჯერ არ ვიცი, სად ვიცხოვრებ, მაგრამ თქვენი მისამართები დამიწერეთ, მე თვითონ მოგძებნით!”, –
გაიძახოდა ტუსია და ხან ქეთოს ეცეკვებოდა, ხან დაღესტნელ გოგოს, ხან მელიტას, ხან ოდესელ შურას…
განშორების დღეც დადგა. ყველამ პატარ-პატარა საჩუქრები გავუმზადეთ, ვისაც რა შეეძლო: ჯიბის სარკე, უბრალო ძეწკვი, მარგალიტისთავიანი ქინძისთავი, ხის ჯვარი, კედარის თესლებისგან გაკეთებული ამულეტი…
ტუსენკას ბანაკის ალაყაფთან დავემშვიდობეთ. ყველას სათითაოდ გადაგვეხვია. პირველად დავინახე ცრემლი მის მოციმციმე თვალებზე. მერე მხიარულად შესძახა რაღაცა და სატვირთო მანქანის ძარაზე ახტა. იქიდან ჭრელ თავსაფარს გვიქნევდა… ძალიან ბედნიერი იყო…
კაცი კიბის საფეხურზე ჩამოჯდება და გიტარაზე იმავე მელოდიას უკრავს, ოღონდ ძალიან ჩუმად, შეიძლება წაიმღეროს კიდეც, მაგრამ უსიტყვებოდ.
კაცი:
სამ თვეში მისი დაღუპვის ამბავი გავიგეთ…
ნაომარ, თითქმის დანგრეულ სმოლენსკში რომ ჩავიდა, დიდი წვალებით იპოვა ნათესავები, ვისთვისაც შვილი ჰყავდა მიბარებული… გაირკვა, რომ იმათ ევაკუაციის დროს ლენა ბავშთა სახლში ჩააბარეს… მერე, თურმე ის ბავშვთა სახლიც სადღაც გადაუტანიათ… მარტოხელა, ნახევრადმშიერი ტუსია მთელ რუსეთში ეძებდა თავის გოგოს. ლუკმაპურის ფულს დროებითი, მძიმე სამუშაოებით შოულობდა.
ბოლოს კალუგაში მოაგნო მის კვალს.
ლენა, სადაცაა ჩვიდმეტისა გახდებოდა. უკვე კომბინატში მუშაობდა და ადგილობრივი კომკაშირული უჯრედის თავმჯდომარედ იყო არჩეული. იქვე, ქარხანის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა.
მათი შეხვედრა ვესტიბიულში შედგა. ვახტიორმა ქალმა გოგონა გამოიყვანა და უთხრა: “აი, ლენოჩკა, დედაშენმა მოგაკითხა…” ალბათ, ერთხანს უსიტყვოდ შეჰყურებდნენ ერთმანეთს… მერე კომკავშირული უჯრედის თამჯდომარემ, ლენა ლოგინოვამ, აცახცახებულ დედას ცივი სიძულვილით ჩახედა თვალებში და მიახალა: “Ну что, приехала, контра недобитая?! Жаль. что не расстреляли!”
კაცი კიბესთან მიდის და ჭერიდან ჩამოშვებულ სადენზე ჰკიდებს გიტარას.
კაცი:
ეს სიტყვები არ ითარგმნება. ეს ის კომკავშირული რუსულია, რომელიც არც ერთ სხვა ენაზე ასე დამაჯერებლად არ ჟღერს…
დიდი სოციალისტური ექსპერიმენტი, ადამიანთა ახალი ჯიშის გამოყვანის წარმატებული ნიმუში…
ჩვენ, ყველანი ამ ექსპერიმენტის პროდუქტი ვართ… ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად…
ჰოდა, ტუსენკა იდგა ამ “ახალი ადამიანის” წინაშე და ვერ წარმოედგინა, რომ ეს ლენა იყო, მისი პატარა ლენოჩკა, რომელმაც მას და მასთან ერთად კიდევ ორმოცამდე გაუბედურებულ ქალს გულაგის ჯოჯოხეთი გადაატანინა…
ტკივილი მერე მოვიდა, როცა გაოგნებული, დაპატარავებული და
გატეხილი, ვახტიორმა დედაკაცმა გარეთ გაიყვანა და ცხვირწინ მიუხურა
საერთო საცხოვრებლის კარი…
იმ დღეს ტუსიას კიდევ სამჯერ ჰქონდა ლენასთან შეხვედრის მცდელობა: მიდიოდა, მერე უკან ბრუნდებოდა, გიჟივით აბრახუნებდა კარზე და კიოდა: “შვილთან დამალაპარაკეთო!”.
ბოლოს მილიციას გამოუძახეს…
ლენა აღარ გამოსულა…
რამდენიმე დღის მერე ტუსენკა რკინიგზის სადგურის ახლოს, ავიაჭურვით დანგრეულ საწყობში, მავთულზე ჩამომხრჩვალი ნახეს…
კაცი მსუბუქად ჰკრავს ხელს სადენზე ჩამოკიდულ გიტარას და ბნელში გადის. გიტარა სრულ სიჩუმეში ქანაობს.
5.
კაცი ბარის დახლთან მიდის, იღებს ბოთლს და პირდაპირ მოიყუდებს.
კაცი:
გულის ამაჩუყებელი ამბავია, არა?
(პაუზა, მერე ქირქილით) თქვენ მე არ მიცნობთ! არ ვიცი, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, მაგრამ ფაქტია – არ მიცნობთ.
იმის წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ, რა გავაკეთე…
აი, ხომ ამბობენ, რომ ტრაგედია იწვევს კათარსისს, განწმენდას და რაღაც ეგეთებს? მაზიანს გიდებთ – ასეთმა სენტიმენტებმა შეძლება ადამიანის სრული დაცემა გამოიწვიოს!
…არა, ვერ ვიტყვი, რომ ტუსიას ამბავმა ჩემზე არ იმოქმედა… დორას სახლამდე არც ერთს ხმა აღარ ამოგვიღია. უკანა გზაზე თავში ათასნაირი აზრები მიტრიალებდა… უფრო სწორად, ერთმანეთთან დაუკავშირებელი აზრის ნაგლეჯები და მკრთალი სურათები კოსმოსური სიჩქარით დაქროდნენ თავში… როცა ჩემს სოროში დავბრუნდი, ლოგინისკენ არც გამიხედავს, არც ტელევიზორი ჩამირთავს – მამაჩემის გაქუცულ სავარძელში ჩავენთხლიე და შევეცადე საკუთარ გაცხელებულ ტვინში ჩამეხედა.
კაცი სავარძელში ჯდება და ქანაობას იწყებს. პაუზა.
კაცი (ირონიულად):
ჩავიხედე და, ტუსიას ნაცვლად სცენაზე მოცეკვავე კრემონა დავინახე…
“…როცა გამოვცდით მყუდრო მაყვლიანს
და ყრუ ძეძვნარებს, მე სველ სილაზე
გავშალე მისი დამძიმებული
და მოელვარე თმების სინაზე…”
ხილვა ისეთი მიმზიდველი და ვნებიანი იყო, რომ შიში ვიგრძენი, მაგრამ წინააღმდეგობის არც ნება და არც ძალა არ მქონდა…
“არც ვარდის ფურცლებს და არც ნიჟარებს
არა აქვთ კანი ისე ნატიფი
და მთვარიანში ისე არ ბრწყინავს
განათებული ყვითლად სათიბი…”
ლორკა, ლორკა, ლორკა… და მაშინ, განთიადის მღვრიე რიბირაბოში, მივხვდი, რომ ამდენ ხანს სისულელეს ვაკეთებდი, ჩემი და ქეთოს შტუდიები უაზრობა იყო და მე, ბნელეთის ბინადარს, ეს გზა კრემონამდე ვერ მიმიყვანდა…
სამაგიეროდ, ახლა ვიცოდი რაც უნდა მექნა! (კაცი მკვეთრად წამოდგება ფეხზე და მოქანავე გიტარისკენ გაიხედავს) დორას მონაყოლი –
სიტყვებად, რეპლიკებად და რემარკებად უნდა მექცია…
დიდი ხნის მკვდარი ტუსია, დოქტორი ფრანკენშტეინივით, საფლავიდან უნდა ამომეთხარა, გამეცოცხლებინა და ყველას თვალწინ თავიდან ჩამომეხჩო!..
“სისხლიანი მონოპიესა კრემონასათვის!” რა გენიალური და მარტივი გამოსავალია, არა?… თანაც არავითარი რამპა,
არავითარი მკვეთრი შუქი, რასაც ჩემი ბუნება ვერ იტანს;
არავითარი მსახიობობა და ძალადობა საკუთარ თავზე!
მარტო მაგიდის ლამფის რბილი სინათლე, პასტა და თეთრი ფურცელი…
(ირონიულად) ალბათ, იმ წუთს მამაჩემის დასპირტული სული დაწყნარდა.
ენით უთქმელი ენთუზიაზმი დამეუფლა,
ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდი… იმ დღესვე შევუდექი საქმეს…
მთავარია, ამის შესახებ ჯერ არავის უნდა სცოდნოდა… პირველ რიგში კი ქეთოს… პატარა, ჩია, ოპტიმისტ დეიდა ქეთოს.
კაცი კიბისკენ მიდის და მკვეთრად ჩერდება.
კაცი:
ერთხელ თეატრის ფოიეში შევეჩეხე. გაკვირვებულმა მკითხა, რატომ შეწყდა ჩვენი მეცადინეობაო? რაღაც სისულელე მოვიმიზეზე. მივხვდი, რომ არ დაიჯერა, მაგრამ ქეთოს თვალებში საყვედურის ნასახიც კი ვერ ამოვიკითხე, იქიდან, უბრალოდ, დაღლილობა და სევდა მიყურებდა…
მე კი სახლში, ჩემს სოროში მეჩქარებოდა… იქ უშნო ხელით ნაწერი ფურცლები, კრემონა, ტუსია და ტაიგაში გადასახლებული გოგოები მელოდებოდნენ…
კაცი წინ და უკან უთავბოლო სიარულს იწყებს. ბოლთას ცემს, ჟესტიკულირებს და თავისთვის ხმამაღლა ლაპარაკობს.
კაცი:
წერა უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ვწერდი ისტერიულად, დაუნდობლად, რაღაც ველური გამძვინვარებით. მაგრამ ხანდახან რამდენიმე დღით ვიჭედებოდი და არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეგრძელებინა. ასეთ დროს ქუჩებში უმიზნოდ დავძრწოდი და ჩემთვის რაღაცას ვბუტბუტებდი. გაბზარული სარკიდან კი თმააჩეჩილი და წვერგაუპარსავი ორეული მიყურებდა… აპათია, უღონობა და სრული მარაზმი…
…მაგრამ მერე ისევ ის ჯოჯოხეთური ენერგია მიბრუნდებოდა და მაიძულებდა, მაგიდას მივჯდომოდი. მეგონა, რომ ეს არასდროს დამთავრდებოდა. (ბარის დახლთან შეჩერდება) მაგრამ აპრილის ერთ წვიმიან ღამეს ბოლოში გავედი… გაოგნებული დავყურებდი ფურცლების დასტას. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ხანგრძლივი ავადმყოფობის მერე გამოვჯანმრთელდი. (დახლიდან მენიუს აიღებს, დახედავს, გადააბრუნ-გადმოაბრუნებს) ფრთხილად ავიღე ხელში კალამი და თავფურცელზე, სათაურის ზემოთ, გამოგონილი სახელი და გვარი დავწერე. მომდევნო სამ დღეს ვნებივრობდი – ტექსტს აუჩქარებლად ვასწორებდი და თავში შემდგომი მოქმედების გეგმას ვალაგებდი.
…ბოლოს და ბოლოს, როდესაც ამობეჭდილი პიესით ხელში თეატრის ფოიეში შევფრინდი – იქ, ცენტრში, წარმართული ბომონივით წამოყუდებული ლოტოტრონი, ვიღაც უცნობი ხალხი და შამპანურიანი ოფიციანტები დამხვდა… ეგ ჩვენი ახალი კანცლერის, 29 წლის ბატონი გიგის, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის “იმპლემენტაცია” გახლდათ. ახლა ჩვენს თეატრში პრემიერების ნაცვლად იმართებოდა მოდების ჩვენებები, ლატარეის გათამაშებები, ბანკეტები და ქორწილებიც კი! სიტყვა “სპექტაკლს” დაერქვა “პროდუქტი”. რეპერტუარსაც სალარო და ბუღალტერია ადგენდა.
ფული, ფული და ფული…
მოკლედ, ორი რეჟისორი თეატრიდან თავისი ნებით წავიდა, რამდენიმე უკმაყოფილო მსახიობს ჭიტლაყი ამოსცხეს და გარეთ გაუძახეს. დანარჩენები გაისუსნენ.
კრემონა კი… (პაუზა)
ერთხელ ჩვენმა ახალმა, ახალგაზრდა კანცლერმა კაბინეტში დამიბარა და კრემონას სახლში ელექტოგაყვანილობის შეცვლა მთხოვა… ხომ იცით, რაც არის უფროსის თხოვნა? ამას შეჩვეული ვარ, მაგრამ ამჯერად გული გამიჩერდა… სისხლი საფეთქლებში მომაწვა… ეს გათავხედებული, უწიგნური კიბორგი, ეს ლაწირაკი კრემონაზე ზრუნვას ბედავდა… გაკვირვებულმა შემომხედა და მკითხა, “რა დაგემართაო?” რას ვეტყოდი? გავუღიმე და “სიამოვნებით-მეთქი”, ვუთხარი… (პაუზა) ის დღე კარგად მახსოვს, როცა კრემონას და მისი დედის, დონნა დომინგა კავარუბია კაბელიოს, ბინის კარზე დავაკაკუნე. კარი შავებში გამოწყობილმა, ჭაღარა, მსუქანმა და ლოყებღაჟღაჟა ქალმა გამიღო.
“ახ, ეს თქვენა ხართ თეატრიდან? რა კარგია! შემოდით, ჩიტო, შემოდით. იცით, რა მოხდა? ვბანაობდი და უცბად ბაკმა იფეთქა! კინაღამ გული გამისკდა, პატარა გოგოსავით ერთ წამში ამოვხტი აბაზანიდან… წარმოგიდგენიათ, სასაცილო არ იქნებოდა, ესპანელ ფაშისტებს გადარჩენილი, საკუთარ აბაზანაში რომ მოვმკვდარიყავი, ა-ხა-ხა-ხა?! მოკლედ, ჩვენთან ყველაფერი გადამწვარია. ხომ ხედავთ, ზარიც კი არ მუშაობს… ის მითხარით, ხომ არა გშიათ? მართლა, მართლა, არ მოგერიდოთ… მამაჩემი კომუნისტი იყო და ასე ამბობდა, თუ ხელოსანი მშიერია, მისგან ნუ ელი შრომისნაყოფიერებასო…”
კაცი ბარის სკამზე ადის, მერე დახლზე დგება და ტესტერით რაღაცას ამოწმებს.
კაცი:
სინამდვილეში ერთი დღის სამუშაო იყო, მაგრამ სამ დღეს ვჩირთიფირთობდი იმ სახლში. არა, სამზარეულოში და სველ წერტილებში დენი ეგრევე გადმოვუყვანე. აი, ოთახებში კი საქმე გაჯანჯლდა. ფეხმორყეული არაბული ავეჯით გაწყობილ ბინაში სისუფთავისა და ყავის სუნი იდგა. დიდ ოთახში, ერთმანეთის მოპირდაპირე კედლებზე კრემონას მამის, ინჟინერ ჯიბუტისა და კომისარ კანდიდო კაბელიოს, გადიდებული ფოტოები ეკიდა, კაბინეტში – ერნესტ ჰემინგუეის… კრემონას მწვანე საძინებელში კი, საწოლთან, პაბლო პიკასოს და პენელოპა კრუზის პლაკატები იყო გაკრული. ფანჯრის რაფაზე, თიხის ქოთანში ჟოლოსფერი ბუგენვილია ყვაოდა და თაფლის, პილპილისა და ვანილის სუნს აფრქვევდა.
კრემონას მხოლოდ ერთხელ შევხვდი, ისიც დილით. აბაზანიდან ახალგამოსული ერბოკვერცხს წვავდა. დაინტერესდა, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა გაყვანილობის რემონტი. მე რაღაცის ახსნა დავიწყე, მაგრამ მივხვდი, რომ არ მისმენდა. მე მგონი, ვერც კი მხედავდა. მისი ფიქრი სხვაგან ქროდა.
ერთხელ კრემონას ოთახში ახალ ჩამრთველს ვაყენებდი. ამ დროს ქალბატონი დომინგა შემოფარფატდა, ახალმოხარშული ყავა შემოიტანა და ლოგინზე ჩამოჯდა. “ცოტა ხანს შეისვენეთ, ჩიტო, პაპიროსი მოვწიოთ. კრემონა მეჩხუბება, მაგრამ რა ვქნა, ყავას უპაპიროსოდ ვერ ვსვამ. რაღა დროს გადაჩვევაა, ძაღლის კუდს სამარე გაასწორებს… ძაღლის კუდს, ხა-ხა-ხა… არა, გამაგიჟებს ეს გოგო! ამდენი მუშაობა გაგიგონია? ხანდახან ღამეც კი თეატრში რჩება… თქვენ გეცოდინებათ, რას დგამენ ასეთს?”
კაცი დახლზე ჯდება, ფეხებს ძირს ჩამოუშვებს, ჯიბიდან საიზოლაციო ლენტს ამოიღებს და ნელ-ნელა იწყებს თითზე დახვევას.
კაცი:
მინდოდა მეთქვა, რომ დიდი ხანია ჩვენს გალოტოტრონებულ თეატრში ახალს აღარაფერს დგამდნენ. მარტო ძველ რეპერტუარს აგრიხინებდნენ, ინერციით. მაგრამ რატომღაც არ ვუთხარი. “არ მახსოვს, ვიღაც თანამედროვე ბერძენი ავტორის პიესაა-მეთქი”, მოვიტყუე.
ქალბატონი დომინგა მაინც არ ჩერდებოდა: “ნამდვილი კარგი როლი, მაგის ტალანტს რომ შეეფერება, დიდი ხანია არ ჰქონია, წლები კი გადის… მაგრამ მე ამ ახალი მთავრობის იმედი მაქვს. თქვენ რას იტყვით, ხომ კარგები არიან?… უი! უი! უი! ყვავილის მორწყვა დამვიწყებია, კიდევ კარგი, შემოვედი! იცით, გრანადაში ბუგენვილიები ღია ცისქვეშ იზრდება. ბავშვობიდან ვგიჟდები ამათზე! ძალიან პატარა ვიყავი და გრანადიდან სხვა არაფერი დამამახსოვრდა ბუგენვილიების გარდა”. მე ვკითხე – გარსია ლორკაც ხომ გრანადიდან იყო მეთქი? “ა-ა, ფედერიკო? ეგ ფაშისტებმა დახვრიტეს”, – იყო პასუხი… და მაშინ, როცა დომინგა ამას ამბობდა, მოულოდნელად სისულელის შეტევა დამეწყო. ასეთი შეტევები პერიოდულად მემართება ხოლმე; ტვინში მელნის ჩაღვრას ჰგავს, თუ რაღაც ეგეთს…
კაცი დახლიდან ჩამოხტება.
კაცი:
ასე ვუთხარი: “დეიდა დომინგა, ერთმა ჩემმა ნაცნობმა პიესა დაწერა. სერიოზული კაცია. მე მგონი, არ არის ცუდი. იქ ერთი მთავარი როლია, ახალგაზრდა ქალის. ეს ქალი სულ მხიარულია, ცოცხალი, მოციმციმე, ბოლოში კი თავს იკლავს. თუ თქვენ თანახმა იქნებით, მოვიტან და აქ დავუდებ, ლოგინის თავთან. როცა დრო ექნება, წაიკითხავს. ჩემი ჭკუით, სამაგისო როლია, თქვენ რო ბრძანებთ, ზუსტად ისეთი… და, თუ მოეწონა, ახალ დირექციასთან მოლაპარაკება არ გაუჭირდება, ეგენი მარტო კრემონას უწევენ ანგარიშს”.
6.
კაცი კიბესთან მიდის, ჩამოხსნის გიტარას, სკამზე დებს, თითზე დახვეული იზოლენტით ფუთავს სადენებს.
კაცი:
საერთოდ, მე მარტო ღვინოს ვსვამ, არაყი მეზიზღება. მაგრამ იმ დღეს, როცა დომინგას გამოვემშვიდობე, ერთი ბოთლი ჭაჭა ვიყიდე და სახლში მარტო გამოვიბრუჟე. ნეტა რას იტყოდა კრემონა, ბალიშის ქვეშ ამოდებულ ტექსტს რო ნახავდა? წაიკითხავდა, კარადის უჯრაში დამარხავდა, თუ ფანჯრიდან გადაყრიდა? რაც არ უნდა ყოფილიყო, ჩემი დანახვისას ახლა მაინც უნდა ჰქონოდა რამე რეაქცია… რამე მაინც უნდა ეთქვა – კი ან არა. ჭაჭა მოვიმარაგე და, ფაქტიურად, თეატრში გადავსახლდი. იმ დღეს კრემონა არ გამოჩენილა. გამნათებლის ჯიხურში ვიჯექი, ვსვამდი და სიბნელით ვტკბებოდი.
კაცი კიბის საფეხურზე ჩამოჯდება და გადაწვება. ზურგით და კეფით კიბის საფეხურებს არის მოწოლილი.
კაცი:
არ ვიცი რამდენი დავლიე. საშინელ, არეულ ძილ-ღვიძილში ჩავიძირე. მერე გულისრევამ და ტკივილმა გამომაღვიძა. საშველადაც ვერავის დავუძახებდი, თეატრში მარტო ვიყავი. სიბნელეში ტუალეტს ძლივს მივაგენი. მე მგონი, მთელი ცხოვრების ნაგროვები შხამი და ბალღამი უნიტაზში ჩავანთხიე. მერე პირი დავიბანე და გარეთ რომ გამოვედი, უეცრად სადღაციდან ქალის სიცილი შემომესმა. დერეფანს ფრთხილად გავუყევი. კრემონას საგრიმიოროს კარი ნახევრად ღია იყო და იქიდან შუქის ვიწრო ზოლი გამოდიოდა. ჩუმად მივუახლოვდი და შევიხედე. ტახტზე თეატრის კანცლერი გათხლაშულიყო, კრემონას კი ხელში ფურცლები ეჭირა, ხმამაღლა კითხულობდა და იცინოდა.
(გადმოდის კიბიდან) ” – ჩემს ლენოჩკასთან მივდივარ, გოგოებო!”, – პათეტიკურად თქვა კრემონამ და გადაიკისკისა. – “რა იდიოტობაა?! რა გრაფომანიაა?! მერე ნახე რეებს წერს: “ომიც მალე გათავდება და ახალ ცხოვრებას დავიწყებთ, მეც, ლენაც და თქვენც, სუყველანი! აი, ნახავთ, სულ სხვა ქვეყანას ავაშენებთ!” ხა-ხა-ხა! სად არი ეს ხალხი ჩარჩენილი! და ამ როლს მე მთავაზობენ, შენ გესმის?!” კანცლერი ტახტიდან წამოიზლაზნა, “მოგცლია, ერთი მაგის დედაც, მოდი ჩემთან!” – თქვა, კრემონას წალზე ხელი მოხვია, მთელი სხეულით მიიკრა, მეორე ხელით კი კარი მიხურა.
სამზარეულოდან ჭურჭლის მსხვრევის ხმა ისმის. კაცი ნავთის ფარანს იღებს, სამზარეულოს კართან მიდის და ვიღაცას უყვირის:
კაცი:
რას აკეთებ, ადამიანო, რას?! არ გესმის, რო ელექტრობასთან ხუმრობა არ შეიძლება?.. აბა, რას მაჩქარებ?! რა გინდა, დავიწვათ სუყველანი?! დებილი!
ბრტყელტუჩამომარჯვებული მიდის ბართან, ფარანს თაროზე დებს და რაღაც სადენების მიერთებას იწყებს.
კაცი:
ამ სიბნელეში საკმარისია შემთხვევით რამე შემეშალოს, ვთქვათ, ფაზა ნოლზე მივაერთო – მთელ შენობაში ხანძარი დაიწყება… ეს ძალიან ადვილად ხდება. აი, ჩვენი თეატრიც ასე დაიწვა – ელექტოგაყვანილობა აალდა და ყველაფერი ჩაიფერფლა.
კაცი გამოდის ბარიდან და პატარა აბგაში ინსტრუმენტების ჩალაგებას იწყებს.
იმ ღამის მერე კრემონა მხოლოდ ერთხელ ვნახე… ქეთოს გასვენებაში. არა, ანდერძი არ დაუწერია – ბინა ნათესავებმა გაყიდეს და ფული გაინაწილეს. მე მხოლოდ ბებერი, გათახსირებული ნიკიტა მერგო… ეხლა ჩემთან ცხოვრობს, უფრო სწორედ, დევს სავარძელში, ჭამს და იზმორება.
ჰოდა, იმ დღეს, სასაფლაოზე, ყველაფერი ვუთხარი კრემონას. ვუთხარი, რომ ეს ქვეყანა ფრანკენშტეინის ლაბორატორიაა, სადაც ცოცხალი ადამიანების გადადნობას და კიბერნეტიკულ ორგანიზმად გადაკეთებას ცდილობენ. რომ ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ, მგონი ვოლტერის დროს, დაიწყო. ამ ექსპერიმენტს მხოლოდ ტუსიას, ქეთოს და დორასნაირი ერთეულები გადაურჩნენ.
…შენც კიბორგი ხარ, ჩემო კრემონა. ეს არც არის გასაკვირი. შენი პატივცემული დედიკო, და კიდევ ის სამი ათასი ესპანელი ბავშვი, რომლებიც აქ ჩამოიყვანეს, იმ წითელი კიბორგების შვილები იყვნენ, ვინც ააფეთქა და გაანადგურა 20 ათასი ტაძარი, მურილიოს, სურბარანისა და ელ-გრეკოს შედევრებთან ერთად, წიგნთსაცავებთან ერთად; ვინც რვა ათასზე მეტი ბერი, მღვდელი და ეპისკოპოსი დახვრიტა, ან წამებით მოკლა. ამ ყველაფერში შენი სახელოვანი პაპის ძმა მონაწილეობდა. ეგ ის კანდიდო კაბელიოა, რომელმაც ტოლედოს ზარბაზნები დაუშინა და ალკასარის ციხესიმაგრე თითქმის მიწასთან გაასწორა.
გინდა გითხრა, ჩემო ვნებიანო კრემონა, ამ პირუტყვმა რითი გამოიჩინა თავი? (იცინის) არა, ამას სკოლებში არ ასწავლიან არც ჩვენთან და, სხვათა შორის, არც იქ!
კარგად მისმინე: 72 დღის განმავლობაში, ალკასარში გამომწყვდეული ათასი მებრძოლი, ხუთასი ქალი და ბავშვი 30 000 კიბორგისაგან იცავდა თავს. ამ გმირულ ბრძოლას მაგარი პოლკოვნიკი, მოსკადო ხელმძღვანელობდა.
და ერთხელ, ნახევრად დაქცეული ციხესიმაგრის სარდაფში ერთადერთი გადარჩენილი ტელეფონი აწკრიალდა. წითელი მილიციის უფროსი, კანდიდო კობელიო, პოლკოვნიკს ულტიმატუმს უყენებდა: “მოსკადო, იცოდე, შენი უმცროსი შვილი დაჭერილი მყავს. ან ჩაგვაბარებ ალკასარს, ან ამაღამვე დავხვრეტ, გესმის, ამაღამვე!” პოლკოვნიკმა შვილთან დალაპარაკება ითხოვა და ბიჭს ჰკითხა: “მართალია, რასაც ეგ მილიციონერი მეუბნებაო?” “ხო, მამა, თუ ალკასარს არ ჩააბარებ, დამხვრეტენ”, – იყო პასუხი. პოლკოვნიკმა გახედა მის ირგვლივ შეკრებილ მებრძოლებს, მედდებს, ქალებსა და ბავშვებს, სულგანაბულები რომ შეჰყურებდნენ კომენდანტს; მერე თავი ასწია და მტკიცე ხმით თქვა:
“იცოდე, მამა, სიკვდილის წინ არ დაგავიწყდეს დაიძახო: დიდება ესპანეთს!”
…და მაშინ ალკასარის მედდებმა, ქალებმა და ბავშვებმაც აიღეს ხელში იარაღი და მეომრების გვერდით დადგნენ პოზიციებზე… მთელი საღად მოაზროვნე და ღირსების მქონე ესპანეთი ალკასარის გადასარჩენად დაიძრა. კაბელიო და მისი ურდო გაიქცა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შენმა წინაპარმა მოასწრო, ის იყო, რომ ბიჭის დახვრეტის ბრძანება გასცა…
და კიდევ, ჩემო ტკბილო კრემონა, თუ შეიძლება, შენს მხიარულ, ლოყებღაჟღაჟა დედიკოს გადაეცი, რომ გარსია ლორკა ფაშისტებს არ დაუხვრეტიათ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი და ასე მინდა მჯეროდეს!
…სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ხმამაღლა მე ეს არ მითქვამს, საერთოდ არ დავლაპარაკებივარ… უბრალოდ, ჩემს გულში სწორედ ამ სიტყვებით დავემშვიდობე…
7.
კაცი აბგას გადაიკიდებს, მიდის დახლთან და ნავთის ფარანს იღებს.
კაცი (მღერის):
მერე რაა, რომ წლები გავიდა, ბზარიც გამიჩნდა ხმაში,
ჩემო კედლებო ისევ მიყვარხართ, როგოც მიყვარდით მაშინ… ეხლა აღარც ის კედლებია, არც სახურავი და აღარც სცენა… შეიძლება ძველ გაყვანილობას გაუჩნდა ცეცხლი…
ან, იქნებ ვიღაცამ სხვენში ნოლი გადაჭრა და ფაზა ფაზაზე მიაერთა?
(მხიარულად) გამოძიებამ ვერ დაადგინა ხანძრის მიზეზი. თეატრის მაგივრად ახლა იქ ფასიანი ავტოსადგომია!
მეც აღარა ვარ გამნათებელი… ხომ ხედავთ, ელექტრიკოსი ვარ… დავდივარ კაფეებში და რესტორნებში და, დღევანდელისა არ იყოს, მინი-ტერაქტებს ვაწყობ (თვალს ჩაუკრავს მაყურებელს). ალბათ, მიმიხვდით – მოკლე ჩართვა მაქვს მხედველობაში….
ხომ ხედავთ, როგორ შეიცვალა როლები. ახლა თქვენ ზიხართ ბნელში, მე კი სადაც მინდა, იქ ვანთებ შუქს და თვითონ ვდგები სინათლეში, სადაც მომინდება და როცა მომეპრიანება!
ვერავინ მიწესებს რეპერტუარს, ვერავინ მჩრის ათასჯერ გადაღეჭილ ტექსტს, ვერავინ მკარნახობს როლს… მე თავისუფალი ვარ…
და ვფიცავ არყითა თუ თევზის კონსერვით მოწამლულ მამაჩემს, თქვენ, ბნელში მსხდომნი, მე, სინათლეში მობორიალეს, ვერ მაიძულებთ ვითამაშო ის, რაც თქვენს გულს გაეხარდება. თეატრი დაიწვა, პატივცემულებო! სულ დაიწვა! მთლიანად, დეკორაციებიანად და კოსტიუმებიანად!
(ღიმილით) ეს რომ არ მომხდარიყო, თქვენ ხომ მე არ მომისმენდით! ახლა კი, სანამ პოლიციას გამოიძახებთ, შუქს ჩავრთავ და გავქრები; სახლში ბებერი, უკვე ორივე თვალით დაბრმავებული ნიკიტა მელოდება…
კაცი კიბეს წამოიკიდებს და ფარნით ხელში სამზარეულოში გადის.
დარბაზში სინათლე ინთება
01.05.2015
© არილი