ესე (თარგმანი),  რეპორტაჟი

სტივენ გრინბლატი – შექსპირი თეირანში

greenblat

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

2014 წლის აპრილში თეირანის უნივერსიტეტმა წერილობით შემომთავაზა, პლენარული მოხსენება წამეკითხა შექსპირისადმი მიძღვნილ პირველ ირანულ კონგრესზე.

მაშინვე გადავწყვიტე, გავმგზავრებულიყავი, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი ირანში მოგზაურობაზე. მრავალი წლის წინ, როდესაც კემბრიჯის სტუდენტი გახლდით, წავაწყდი წიგნს, რომელიც ილუსტრირებული იყო აქემენიდური ეპოქის, კიროსის, დარიოსისა და ქსერქსეს დროინდელი ხელოვნების ნიმუშებით. ამ შედევრებმა იმდენად განმაცვიფრა, რომ ლონდონში გავემგზავრე და ბრიტანულ მუზეუმში დავათვალიერე დაღარული ყანწები, გრიფონისთავიანი სამაჯურები, პაწაწინა ოქროს ეტლი, რომელშიც შებმული იყო ოთხი უმშვენიერესი ოქროს ცხენი და აწ გაუჩინარებული სპარსული სამყაროს სხვა საკვირველი ნაშთები.

კულტურამ, რომლის ნიმუშებიც გამოფენაზე ვიხილე, მყისვე მიმიზიდა. კემბრიჯელმა მეგობარმა მირჩია, წამეკითხა ერთ-ერთი მოგზაურის ჩანაწერები სპარსეთის შესახებ (ამ შესანიშნავი წიგნის სახელწოდება და ავტორი სრულიად დამავიწყდა; დამავიწყდა ისიც, რომ საერთოდ წავიკითხე. მაგრამ, საბედნიეროდ, ერთ-ერთმა მწერალმა ახლახან შემიქო და ყველაფერი ისევ თავიდან გამახსენდა. ეს იყო რობერტ ბაირონის “გზა ოქსიანისკენ”, რომელიც 1937 წელს გამოქვეყნდა). ბაირონის მიერ ირანის ისლამური და უფრო არქაული კულტურის ძეგლების საინტერესო აღწერამ გამიმძაფრა სურვილი, საკუთარი თვალით მენახა ქვეყანა, სადაც ოდესღაც ესოდენ მაღალგანვითარებული ცივილიზაცია არსებობდა.

1960-იანი წლების შუა ხანებში ამ ოცნების ასრულება ძნელი არ იყო. რამდენიმე თანაკურსელმა შემომთავაზა, ფული შეგვეკრიბა, ძველი ავტობუსი გვეყიდა და გვემოგზაურა სპარსეთსა და ავღანეთში, შემდეგ კი ჰაიბერის უღელტეხილით გადავსულიყავით პაკისტანსა და ინდოეთში. გარკვეული მიზეზების გამო გადავწყვიტე, ეს მოგზაურობა გადამედო – ვიფიქრე, რომ იქ გამგზავრებას სხვა დროსაც შევძლებდი.

როდესაც თეირანიდან მოსაწვევი ბარათი მივიღე, ვერ დამეჯერებინა, რომ ოდინდელი ოცნება სასწაულებრივად ამიხდა. ამასთან, ირანელი ნაცნობებისგან ვიცოდი, რომ მათ ქვეყანაში იღებდნენ შესანიშნავ კინოფილმებს – ბევრ მათგანს მხოლოდ საზღვარგარეთ აჩვენებდნენ – მაგრამ მედიას მკაცრად აკონტროლებდნენ. აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში ისხდნენ ადამიანები, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ იმას, რომ იქ არავის გამოეთქვა ოფიციალური იდეოლოგიის საწინააღმდეგო შეხედულებები.

ძირითადი სამოქალაქო თავისუფლებანი, რომლებიც იცავდა ქალთა, ჰომოსექსუალთა და ლესბოსელთა უფლებებს და იძლეოდა აზრის თავისუფლად გამოთქმისა და ორთოდოქსული რელიგიის მიმართ ძალზე ზომიერი და თავშეკავებული სკეპტიციზმის გამოხატვის საშუალებას, ხელისუფალთა მრისხანებას იწვევდა. ირანელი დევნილები დეტალურად აღწერდნენ, რა ზომებს – ზეწოლას, დაშინებასა, დაპატიმრებასა და ზოგჯერ წამებას – მიმართავდა მათ წინააღმდეგ ისლამური რესპუბლიკა. ზოგიერთი მცირერიცხოვანი ორგანიზაცია, მაგალითად “მეცნიერები საფრთხეში არიან” და “მეცნიერთა დახმარების ფონდი”, უაღრესად შეზღუდული ფინანსური რესურსების მიუხედავად, ცდილობდა დახმარებოდა მეცნიერებს, რათა ამ უკანასკნელთ დაეტოვებინათ ქვეყანა და საზღვარგარეთ ხელახლა შესდგომოდნენ თავიანთ საქმიანობას.

ჩემი თანხმობა ირანის შექსპიროლოგიური კონგრესის მუშაობაში მონაწილეობაზე, არ ნიშნავდა, რომ ჩვენი ფასეულობები და შეხედულებები იდენტური გახლდათ. მთავარი ორგანიზატორისგან მოსმენილ (ტელეფონით) გულთბილ სიტყვებს არ გაუბათილებია ჩვენ შორის არსებული განსხვავებები. ინტერნეტში სათანადო ინფორმაციის მოძიების მეშვეობით დავრწმუნდი, რომ ერთ-ერთ მეცნიერს, რომელმაც ხელი მოაწერა ჩემს მოწვევას, გარდა გამოკვლევისა “აჩრდილის წინააღმდეგობრივი არსი “ჰამლეტში” და “ესთეტიკური რეაქცია: მკითხველი “მაკბეტში”, დაწერილი ჰქონდა მრავალი სტატია საერთაშორისო სიონიზმის “საბედისწერო ავანტიურიზმის” შესახებ. მისი აზრით, “სიონისტური იმპერიალიზმი თანდათან ვრცელდება მთელ მსოფლიოში”; “ნაადრევი კმაყოფილების გამომხატველი ღიმილი აისახება სიონიზმის მახინჯ სახეზე”, “სიონისტური ლაბირინთები იმდენად მომრავლდა, რომ მათი აგენტები ყველგან არიან მიმოფანტული”.

ნუთუ ჩემს მომავალ მასპინძელს – ადამიანს, რომელსაც, როგორც ჩანს, ესმოდა შექსპირის ტრაგედიების ფსიქოლოგიური სირთულე – მართლაც სწამდა ეს მონაჩმახი, “სიონელ ბრძენთა ოქმებს” რომ წააგავდა? იქნებ ის, უბრალოდ, ცდილობდა, ნებისმიერი გზით მიეღწია წარმატებისთვის ან, შესაძლოა, მართლაც ფიქრობდა, რომ “ვაშინგტონი მონუსხულია სიონისტთა ეშმაკეული ხიბლით” და რომ “ამერიკელ ხელისუფალთა ყოველ ნაბიჯს, არსებითად, განსაზღვრავს სიონისტური ლობი, რომელიც მოკალათებულია აშშ-ის მმართველ სისტემაში და, სიონისტთა ნებართვის გარეშე სპარსული ანდაზისა არ იყოს, მათ იმის უფლებაც კი არა აქვთ, რომ წყალი დალიონ?”

მისთვის პირდაპირ რომ მეკითხა – რასაც არ ვაპირებდი – მაშინ, ალბათ, ირანის მთავრობის მსგავსად, ერთმანეთისგან ვერ განასხვავებდა სიონისტებსა და ებრაელებს. მან არ იცოდა, რომ თერთმეტი წლის ასაკში ბანაკ “ტევიაში”, ნიუ-ჰემპშირის ტყეებში, გატაცებით ვმღეროდი ისრაელის ჰიმნს, “ჰატიკვას”, მაგრამ ჩემი ნაწერებიდან უნდა მიმხვდარიყო, რომ ებრაელი ვიყავი. შეეძლო ადვილად დაედგინა, რომ ისრაელის უნივერსიტეტებში ხშირად ვკითხულობდი ლექციებს და იქაურ მეცნიერებთან ვთანამშრომლობდი. მაშინ რატომ მიმიწვია სწორედ მე?

რევოლუციის შემდეგ ირანის ებრაელთა თემის ლიდერი ჰაბიბ ელჰანანი დააპატიმრეს “ისრაელთან და სიონისტებთან კონტაქტის”, “ალაჰის მტრებთან მეგობრობის” და “ალაჰთან და მის ემისრებთან ბრძოლის” ბრალდებით. ელჰანანი ჯარისკაცთა რაზმმა დახვრიტა. ამის შემდეგ ირანელ ებრაელთა დიდი ნაწილი ქვეყნიდან წავიდა, დარჩენილებს კი ახსოვთ, რომ “ისრაელთან და სიონისტებთან კონტაქტები” სერიოზულ ბრალდებად რჩება. უცხოელ მოგზაურებს, რომელთა პასპორტებში მითითებულია, რომ მათ მოინახულეს ისრაელი, ირანში არ უშვებენ. მიუხედავად ამისა, ჩემ შემთხვევაში შექსპირმა თითქოს გააუქმა ეს ბრალდება და აღადგინა ჩატეხილი ხიდი ჩვენს შორის.

შესაძლოა ეს ხიდი არც არსებობდა: მოსაწვევი ბარათი ხელმოწერილი იყო რამდენიმე ადამიანის მიერ და, შესაძლოა, საორგანიზაციო კომიტეტის ყველა წევრს როდი სურდა, რომ ირანში ჩავსულიყავი. ბევრმა მათგანმა, ალბათ, იმიტომ მოაწერა ხელი ბარათზე, რომ ეგონა, კონგრესზე დასწრებას არ მოვინდომებდი, ან – ვიზას ვერ მივიღებდი. ბარათი აპრილში მივიღე და მაშინვე წარვადგინე თხოვნა ვიზის შესახებ. ირანის ხელისუფლება არ გამომხმაურებია. გავიდა თვეები. იმედი თითქმის დავკარგე. ვიზა თეირანში გაფრენამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე მომცეს. საქმის გაჭიანურების გამო არავის მოუბოდიშებია.

ასე აღმოვჩნდი ლუფტჰანზას კომპანიის თვითმფრინავში. ხომეინის სახელობის აეროპორტში დაშვების წინ გამოგვიცხადეს, რომ ყველა ქალ მგზავრს ისლამურ რესპუბლიკაში ჰიჯაბი – თავშალი – უნდა ეტარებინა, რაც ტრადიცია კი არა, კანონი იყო. “მგზავრმა ქალებმა, – თქვა სტიუარდესამ, – აუცილებლად უნდა მოიხვიონ შარფი, სანამ თვითმფრინავიდან ჩავლენ”. როდესაც დღის პირველ საათზე აეროპორტში დავეშვით, იქ მელოდებოდა სწორედ ავტორი, რომლის სტატიებშიც საუბარი იყო საიდუმლო სიონისტური ინვესტორების მიერ მსოფლიოს მართვის შესახებ. ის იღიმებოდა, გულთბილი და თავაზიანი იყო. აღმოვაჩინეთ, რომ ორივეს გვიყვარდა კინო და სიამოვნებით გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები ისეთი ფილმების შესახებ, როგორებიცაა მიხაელ ჰანეკეს “თეთრი ლენტი”, ერმანო ოლმის “ხე ფეხსაცმელებისთვის” და 1958 წლის კლასიკური ვესტერნი, “იუმაში მიმავალი მატარებელი”.

ქალაქისკენ გავემგზავრეთ. გზის პირას მრავლად შეგვხვდა სარეკლამო დაფები აიათოლა ხომეინის და აწინდელი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, გამოსახულებებით. სამი საათი იყო დაწყებული, როდესაც სასტუმრომდე, ყოფილ “შერატონამდე” მივაღწიეთ. მას ახლა “ჰომა” ეწოდებოდა. ვიცოდი, რომ კონფერენცია დილას უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ძალიან მეძინებოდა. დაწოლისთანავე დავინახე ჭერზე მიმაგრებული ალუმინის ისარი, რომელიც მიუთითებდა მიმართულებას მექისკენ. არ მასვენებდა ფიქრი იმ ძირითადი დებულებების გამო, რომლებიც ჩემს მოხსენებაში უნდა ჩამომეყალიბებინა. არ მსურდა, რაიმენაირი პროვოკაციისთვის საბაბი მიმეცა. ამჯერად საკუთარი თავი კი არ მადარდებდა, არამედ – ის, რომ უნდა ამეცილებინა შესაძლო უსიამოვნებები საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისა და სტუდენტებისთვის. მაგრამ, ამავე დროს, მინდოდა აშკარად და შეუფარავად გამომეთქვა ჩემი შეხედულებები ირანელი საზოგადოების წინაშე.

დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი. დამინახეს თუ არა ყველა ფეხზე წამოდგა და ოვაციებით შემხვდა. მობილური ტელეფონებით ფოტოსურათებსაც მიღებდნენ. ქალების უმრავლესობას თავზე ჰიჯაბები ჰქონდა მოხვეული, ზოგს კი ჩადრიც ეკეთა. სტუდენტ ჭაბუკებს დაუდევრად ეცვათ; პროფესორებს ქურთუკები ჰქონდათ მოსხმული, ჰალსტუხები არ ეკეთათ. რამდენიმე მამაკაცი განცალკევებით იდგა, არც სტუდენტებს ჰგავდნენ და არც პროფესორებს. ადვილი მისახვედრი იყო, ვინც იყვნენ. მოვისმინეთ ხანგრძლივი ლოცვა, რომლის დროსაც ეკრანზე აჩვენებდნენ ყვავილებისა და პეიზაჟების მშვენიერ გამოსახულებებს. შემდეგ გაისმა ეროვნული ჰიმნი, ბოლოს კი წარმოითქვა ძალზე ხანგრძლივი შესავალი სიტყვები. როდესაც ჩემი მოხსენების წასაკითხად გავედი, კიდევ უფრო მეტად ავფორიაქდი.

როგორ მოხდა, რომ სწორედ შექსპირის წყალობით მოვხვდი ირანში? ოთხ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ის არ ეპუებოდა კულტურების, იდეოლოგიების, რელიგიებისა და ეროვნებების გამმიჯნავ ჯებირებს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები განსაზღვრავენ თავიანთ იდენტობებს. შექსპირი, რა თქმა უნდა, ვერ დაანგრევს ამ ჯებირებს, მაგრამ გვაძლევს შესაძლებლობას იმისა, რასაც შერიგება[1] ეწოდება. შექსპირი ამ სიტყვას იყენებდა საგანგებო მნიშვნელობით, რომელიც მან ახლა დაკარგა – “გაერთიანება”[2], – ანუ საერთო დიალოგში ჩართვა იმათი, ვინც ძალზე დიდხანს უპირისპირდებოდა და მტრობდა ერთმანეთს.

ჩემი თაობის შექსპიროლოგთა უმრავლესობა ყოველთვის სკეპტიკურად ეკიდებოდა ამგვარ დიალოგს; ისინი იკვლევდნენ იდეოლოგიურ მიზნებს, რომელთაც შექსპირის ნაწარმოებები ოდესღაც ემსახურებოდა, აანალიზებდნენ მათ ამოსავალ საფუძვლებს და მათსავე აღქმას თანამედროვე პირობებში. ჩვენ გვინდოდა შეგვესწავლა, თუ როგორი იყო იმდროინდელი თეატრი და ბეჭდვითი საქმე. ამგვარ მუშაობას მე და ჩემი კოლეგები მრავალი ათწლეულის განმავლობაში ვეწეოდით, მაგრამ არასოდეს დავინტერესებულვართ იმით, თუ როგორ იქცა შექსპირის შემოქმედება მთელი კაცობრიობისთვის საერთო სივრცედ.

ჩემი მოხსენება სწორედ ამ საკითხის შესახებ მსჯელობით დავიწყე. ყველაზე მარტივია, – ვთქვი მე, – რომ ეს ფენომენი აიხსნას შექსპირის “გენიით”. ეს სიტყვა მიემართება სხვა პოეტებსაც, მაგალითად, ჰაფეზს ან რუმის – რომლებსაც თაყვანს სცემენ ირანში. მაგრამ სიტყვა “გენიოსი” გამოხატავს მხოლოდ ჩვენს აღფრთოვანებას მათი შემოქმედებით. შემდეგ აუდიტორიას შევთავაზე ბენ ჯონსონის თვალსაზრისი იმასთან დაკავშირებით, რომ შექსპირი “გულწრფელი, პირუთვნელი, შეუპოვარი იყო. მისი ნაწარმოებები გამოირჩევა დაუოკებელი ფანტაზიით, გაბედული იდეებით და დახვეწილი ენით”…

ჯონსონის შეხედულება შექსპირის შესახებ საკმარისად ცნობილი და, რა თქმა უნდა, სრულიად სამართლიანია. მაგრამ მსმენლებს ვთხოვე, ყურადღება გაემახვილებინათ გამოთქმებზე, რომლებიც, ერთი შეხედვით, შექსპირის პიროვნული თვისებების დახასიათებას წააგავს: “გულწრფელი, პირუთვნელი, თავისუფალი…”. ვივარაუდე, რომ ეს შეფასება პოლიტიკური ხასიათისა იყო. აი, რა ვთქვი შემდგომ:

მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს და მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში ინგლისი ჩაკეტილი საზოგადოება გახლდათ, სადაც უაღრესად საშიში იყო საკუთარი აზრების გულწრფელი გამოხატვა. მთავრობის ჯაშუშები ყურადღებით აკვირდებოდნენ საზოგადოებრივ ადგილებს, მაგალითად, სამიკიტნოებს და ფუნდუკებს, და იწერდნენ ყველაფერს, რასაც იქ შეკრებილნი ლაპარაკობდნენ ხოლმე. შეხედულებები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ტიუდორთა და სტიუარტთა ოფიციალურ პოლიტიკას ან ქრისტიანული ეკლესიის დოგმებს, იგმობოდა და სავალალო შედეგებსაც იწვევდა. პოლიციის აგენტი იწერდა დრამატურგ კრისტოფერ მარლოს ანტიქრისტიანულ გამონათქვამებს და ატყობინებდა მათ შესახებ დედოფალ ანას, რომელიც ეკლესიის მეთაურიც იყო. მარლო, საბოლოოდ, ელისაბედის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს, თუმცა მათვე გაავრცელეს ჭორი, თითქოს ის სამიკიტნოში მომხდარი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. მარლოს კოლეგა, დრამატურგი ტომას კიდი დაკითხვის დროს ისე აწამეს, რომ პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია.

არ არის ადვილი ამგვარ საზოგადოებაში გულწრფელობის, პირუთვნელობისა და შეუპოვრობის შენარჩუნება. თუმცა ეს შესაძლებელი და იოლიც კი იყო იმათთვის, ვისი შეხედულებებიც სახელმწიფოსა და ეკლესიის შესახებ ემთხვეოდა ოფიციალურ თვალსაზრისებს. დადასტურებულია, რომ შექსპირის პიესები ხშირად ასახავს იმას, რასაც ელისაბედის ეპოქის მსოფლაღქმას უწოდებენ. მათში წარმოდგენილია იერარქიული საზოგადოება, რომელშიც ყველაზე მეტად კეთილშობილი წარმომავლობა ფასობს, ხოლო წესრიგსა და სოციალურ მდგომარეობას უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება.

მსგავს ვითარებაში ძნელია შექსპირის შემოქმედების რამდენიმე ასპექტის ახსნა. გავიხსენოთ, მაგალითად, რომ კლავდიუსი, რომელმაც ფარულად მოკლა დანიის კანონიერი ხელმწიფე და დაეუფლა მის ტახტს, აცხადებს: “მეფეს ისეთი ღვთაებრივი ძალა იფარავს, /რომ ღალატს მარტო შორით ძალუძს იმის შეხედვა”. ელისაბედისეულ ინგლისში ძალზე წინდაუხედავი იქნებოდა იმ თვალსაზრისის გამოთქმა, რომ ღვთაებრივი ძალა, რომლის სახელითაც ესოდენ ხშირად მანიპულირებდნენ კლერიკალებიც და სახელმწიფო მოხელეებიც, გახლდათ ხელისუფლების განსამტკიცებლად განკუთვნილი ოფიციალური რიტორიკის ოდენ ერთი ნაწილი. ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა აღექვა “ჰამლეტის” მაყურებელს ეს ფრაზა? ბოროტმოქმედმა კლავდიუსმა იცის, რომ უფალს არ დაუცავს მეფე, რომელსაც თავის ბაღში ეძინა. კლავდიუსის სიტყვების მიზანია მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების მისტიფიცირება და გულუბრყვილო ლაერტის დაშოშმინება.

ან კიდევ, განვიხილოთ სცენა, რომელშიც სასოწარკვეთილი, დევნილი მეფე ლირი ხვდება დაბრმავებულ გრაფ გლოსტერს: “აბა უყურე – მსაჯული საცოდავს ქურდს რარიგადა სტუქსავს. ჩვენში კი დარჩეს და აბა ერთი მეორის ადგილას დასვი, – მაშინ, თუ კაცი ხარ, გამოიცნობ – რომელია ამათში მსაჯული და რომელი – ქურდი?”

იმხანად არავის მოუვიდოდა აზრად – და, მათ შორის, არც თეატრის რამდენიმე ათას მაყურებელს – რომ შესაძლებელი იყო, მსაჯულს ადგილი გაეცვალა ბოროტმოქმედისთვის. არც ერთი ჭკუათმყოფელი მაყურებელი არ იტყოდა, რომ მორალური წესრიგის დამცველთ იგივე სურვილები ჰქონდათ, რომელთა გამო სამართალდამრღვევნი ისჯებოდნენ, და რომ მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ისეთივე ბიწიერნი გახლდნენ, როგორც ძონძებით შემოსილი ღატაკები. ის, ვისაც სურდა მშვიდად, უსაფრთხოდ ეცხოვრა, არ იტყოდა ლირის მსგავსად: “ძალაუფლება ძაღლმა ჩაიგდო ხელში და მას უნდა დავემორჩილოთ”. როგორც ჩანს, შექსპირმა იმიტომ შეძლო ამგვარი აზრების საჯაროდ გამოთქმა, რომ ეს სიტყვები მიეწერებოდა პერსონაჟს და არა თავად ავტორს; გარდა ამისა, პერსონაჟი შეშლილი იყო; ბოლოს, ტრაგედიაში “მეფე ლირი” აღწერილია წარსულში მომხდარი ამბები და არა შექსპირის თანამედროვე ეპოქა. შექსპირს უშუალოდ არასოდეს აუსახავს მისი თანამედროვე ხელისუფალნი და არც აშკარად გამოუხატავს თავისი თვალსაზრისი სახელმწიფოს ან ეკლესიის შესახებ. მან იცოდა, რომ პოლიციას უფლება ჰქონდა ჩარეულიყო თვით ცენზურის მიერ სანქციონირებულ თეატრალურ დადგმებში, რათა სპექტაკლს ბიძგი არ მიეცა პროვოკაციული აზრებისთვის თანამედროვე მოვლენების შესახებ.

მიუხედავად ამისა, გასაკვირია, რაოდენ გაბედულებას იჩენს “მეფე ლირში” შექსპირი – მას გამოჰყავს სცენაზე მდაბიო მსახური, რომელიც ურჩევს სამეფოს კანონიერ ხელისუფალს, ძლევამოსილ გრაფ კორნუოლს, არ აწამოს ადამიანი, თუმცა, ეს უკანასკნელი, გრაფის სამართლიანი შეხედულებით – მოღალატეა. “ხელს ნუღარ ახლებთ”, ამბობს მსახური:

“ვედრებით გთხოვთ, წყრომა დათმეთ,

და თუ ამ თხოვნამ გაჭრა, ვიტყვი, რომ ამისთანა

მე სამსახური თქვენთვის ჯერ არ გამიწევია,

თუმცა სიყრმითვე თქვენ გახლავართ და თქვენ გმსახურებთ”.

იმდროინდელი აუდიტორია ისევე უნდა განეცვიფრებინა ამგვარ ქცევას, როგორც – ჯალათი კორნუოლი. თუმცა რეგანა კლავს მსახურს, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც ეს უკანასკნელი სასიკვდილოდ დაჭრის თავის ბატონს. და ყველაზე უფრო გასაოცარია, რომ აუდიტორია აშკარად თანაუგრძნობდა მდაბიო კაცის მცდელობას, წინ აღდგომოდა უზენაესი ხელისუფალის იმიერ მოღალატის დასჯას. პერსონაჟი შეშლილი არაა და თუმცა მოქმედება ხდება ძველ ბრიტანეთში, სიტუაცია ძალზე წააგავს შექსპირის თანამედროვე ინგლისის ცხოვრებას.

როგორ გადაურჩა შექსპირი ხელისუფალთა რისხვას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავიხსენოთ, რომ ელისაბედისა და იაკობის ეპოქის დესპოტური საზოგადოების მიუხედავად, ის მაინც არ გახლდათ თვალთვალში ისეთი გაწაფული და უმოწყალო, როგორც შემორჩენილი დოკუმენტები გვაფიქრებინებს. სავარაუდოდ, შექსპირისდროინდელი სამყარო გაცილებით ტოლერანტული იყო, ვიდრე ოფიციალური დოკუმენტებიდან ჩანს.

არსებობს, ჩემი აზრით, კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ შექსპირი ოთხასი წლის შემდეგ ერთმანეთთან აკავშირებს სოციალური, კულტურული და რელიგიური თვალსაზრისით განსხვავებულ ადამიანებს. შექსპირის გაბედულება იმაშიც ვლინდება, თუ როგორ განსჯიან მისი პერსონაჟები საკუთარ ცხოვრებას. ჩვენ უნდა გავითავისოთ მათი ცხოვრებისეული მოვლენები და ასევე გულწრფელად, პირუთვნელად და შეუპოვრად განვსაჯოთ ჩვენი საკუთარი ცხოვრება.

როდესაც (ერთი საათის შემდეგ) მოხსენება დავასრულე, ველოდი, რომ მსმენლები სწრაფად დატოვებდნენ დარბაზს. ჩემდა გასაკვირად, ფეხზე არავინ წამომდგარა. მომდევნი საათის განმავლობაში იძულებული გავხდი, პასუხი გამეცა უამრავ შეკითხვაზე. მათ ძირითადად მისვამდნენ სტუდენტები, რომელთა უმრავლესობას ქალიშვილები შეადგენდნენ. განმაცვიფრა ამ უკანასკნელთა გაბედულებამ, კრიტიკულმა აზროვნებამ და შეკითხვების მკაფიო ფორმულირებებმა. პედაგოგთა და სტუდენტთა ძალზე მცირე ნაწილი იყო ნამყოფი საზღვარგარეთ, მაგრამ ყველა მეტყველებდა უზადო ინგლისურ ენაზე და ძალზე კარგად იყო ინფორმირებული. რამდენიმე შეკითხვა ჩავიწერე:

პოსტმოდერნისტული ეპოქა უგულებელყოფს უნივერსალიზმის არსებობას. რამდენად შეესაბამება თანამედროვე თეორიები შექსპირის წარმოდგენას უნივერსალიზმის შესახებ?

თქვენ აღნიშნეთ, რომ შექსპირი მთელი სიცოცხლის განმავლობაში თავისი ცნობიერების ელემენტებს ნარატივებად აქცევდა. ყველანი ასევე ხომ არ ვიქცევით? რა განსხვავებაა ამ მხრივ შექსპირსა და ჩვენ შორის?

შეიძლება თუ არა ითქვას, რომ თქვენ მიერ სრულყოფილი ახალი ისტორიზმი წინ გადადგმული ნაბიჯია კულტურულ მატერიალიზმთან შედარებით?

“კულტურულ მობილობაში” თქვენ წერთ კულტურული ცვლილებების, პლურალიზმისა და განსხვავებების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების შესახებ, ხოლო წიგნში: “მეს” ჩამოყალიბება რენესანსის ეპოქაში” საუბრობთ არათავისუფალი სუბიექტის შესახებ, რომელიც ძალაუფლებრივი მიმართებების პროდუქტია. ამ წიგნში განვითარებულია ძალაუფლებრივი მიმართებების თეორია. როგორ შეიძლება, რომ პიროვნება იყოს ძალაუფლებრივი მიმართებების არათავისუფალი იდეოლოგიური პროდუქტი და, იმავე დროს, იყოს აგენტი კულტურული ცვლილებისა და მდგრადობის დიალექტიკაში?

ამ შეკითხვებმა გამოააშკარავა, რომ შექსპირი სტიმულს აძლევს ჩვენს გულწრფელ, პირუთვნელ და შეუპოვარ აზროვნებას… “გჯერათ თუ არა, – მკითხა ერთ-ერთმა სტუდენტმა, – რომ ბოლინგბროკის მიერ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება “რიჩარდ მეორეში” ნამდვილად ნიშნავდა უკეთესი, უფრო სამართლიანი საზოგადოებრივი წყობის დამყარებას? ან, იქნებ, ბოლინგბროკი მხოლოდ უტიფრად დაეუფლა ხელისუფლებასა და რიჩარდის ქონებას? – “არ ვიცი, – მივუგე მე, – თქვენ თვითონ რას ფიქრობთ? – “ჩემი აზრით, – მიპასუხა სტუდენტმა, – უბრალოდ, ერთ ბოროტმოქმედს ჩაენაცვლა მეორე”.

2

ჩემი ვიზა საშუალებას მაძლევდა, კონფერენციის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღე დავრჩენილიყავი ირანში და დამეთვალიერებინა ეს ქვეყანა, რაზეც ჯერ კიდევ 50 წლის წინ ვოცნებობდი. მთავარმა ორგანიზატორმა – ძალიან თავაზიანმა და გულთბილმა ქალბატონმა – მიშოვა ავტომანქანა, მძღოლი და მეგზური, რადგან ამერიკელებს მარტო მოგზაურობის უფლებას არ აძლევდნენ (ეს კარგიც იყო, რადგან ფარსის ენაზე მხოლოდ ორი თუ სამი სიტყვა ვიცოდი). მძღოლმა ჰუსეინმა ინგლისური არ იცოდა, ასე რომ, ვერ შევძელი გამომეხატა ჩემი აღფრთოვანება, თუ რა საოცარი ოსტატობით დაჰყავდა მას ავტომანქანა თეირანის ტრანსპორტით გადაჭედილ ქუჩებში.

მეგზური ჰასანი, მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან მწირი ინგლისურით საუბრობდა. მან მითხრა, რომ იმ წელს დაიბადა, როდესაც რევოლუცია მოხდა, და სულაც არ აინტერესებდა, თუ როგორი იყო რევოლუციამდელი ირანი, სადაც ქალები ჰიჯაბს არ ატარებდნენ და ყველა სპირტიან სასმელებს სვამდა (ჰასანი, მგონი, სულის სიღრმემდე შეძრა ჩემმა მონაყოლმა იმის შესახებ, რომ მე და ჩემი ცოლი თითქმის ყოველ საღამოს, ვახშმობისას, თითო ჭიქა ღვინოს ვსვამდით). ის მკაცრად იცავდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებს – დღეში რამდენჯერმე ლოცულობდა, ხშირად – სასტუმროებსა და სხვა საზოგადოებრივ შენობებში მოწყობილ სამლოცველოებში. მეჩეთებში ჰასანი, სხვა მორწმუნეებთან ერთად, მხურვალედ კოცნიდა წმინდათა საფლავებზე გარშემოვლებულ ლითონის ღობეებს და შემდეგ სახეზე ხელებს ისვამდა.

ჰუსეინი მარჯვედ ატარებდა ავტომანქანას თეირანის ქუჩებში, რომლის თორმეტივე მილიონი მცხოვრები თითქოს ერთდროულად გამოსულიყო ქუჩებში. მალე ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილის დიდებულ სასახლეებს შეენაცვლა საოფისე შენობები, საცხოვრებელი კომპლექსები, ქარხნები. ჰასანმა გამაფრთხილა, რომ აკრძალული იყო ყაზარმებისა და უზარმაზარი, პირქუში ევინის საპყრობილისთვის ფოტოსურათების გადაღება (ამის სურვილი არც გამჩენია). იქ დამონტაჟებული საგანგებო კამერებით დაცვის მუშაკები თვალყურს ადევნებდნენ, რომ გზაზე მიმავალი ავტომანქანებიდან ვისმე არ დაერღვია ეს აკრძალვა. სარეკლამო დაფებზე გაკრული იყო კომპიუტერების, სარეცხი საშუალებების, იოგურტების რეკლამები, რომლებსაც ენაცვლებოდა აიათოლა ხომეინის პორტრეტები, პოლიტიკური ლოზუნგები, ბიძია სემისა და ისრაელის სატირული გამოსახულებები და ირან-ერაყის ომში დაღუპულ “მარტვილთა” უამრავი, უამრავი ფოტოსურათი.

მარტვილთა პორტრეტები მრავლად იყო პროსპექტებზე, საგზაო-სატრანსპორტო მოსახვევებში, შენობების კედლებზე, ესტაკადებსა და ტროტუარებზე. ლამპიონთა ბოძებზე ორ-ორი მარტვილის პორტრეტები გაკრული: პირტიტველა ჭაბუკი და ნაწრთობი ვეტერანი, ახალწვეული და წვერულვაშიანი ოფიცერი, წვერულვაშიანი მებრძოლი და ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქალი.

ასე იყო მთელ თეირანში, მაგრამ როდესაც გადავკვეთეთ მარტვილებით დამშვენებული უკანასკნელი ესტაკადა, უეცრად აღმოვჩნდით სამხრეთისკენ მიმავალ 150 მილის სიგრძის გზატკეცილზე, რომელიც კვეთდა სრულიად უკაცრიელ უდაბნოს ქაშანამდე. ქაშანი ცნობილია თავისი ხალიჩებით – გამახსენდა, რომ ჩვენს სასადილო ოთახში (ჩემი ბავშვობისას) ეფინა ქაშანური ხალიჩა, მაგრამ ბაზარში უამრავ ხალხში ჭყლეტის თავი არ მქონდა. მინდოდა დამეთვალიერებინა მეთექვსმეტე საუკუნის მიწურულის დროინდელი “ბაღე ფინი”, რომელსაც ძველი სპარსელები “სამოთხეებს” (paradises) ეძახდნენ (ატმის, ლიმონის, ფორთოხლის, ასევე – ქამრის, ხიფთანისა და პიჟამის აღმნიშვნელი ინგლისური სიტყვებიც სპარსულიდანაა ნასესხები). აქაური სამოთხე შედარებით მომცრო, კვადრატული ფორმის ბაღი გახლდათ, რომლის ბილიკების გასწვრივ ბებერი კედრები ჩამწკრივებულიყო.

მას, ვისაც მოსწონს დორია პამფილის საპარკო ანსამბლი რომში, ლონდონის სამეფო ბოტანიკური ბაღი – “კიუ-გარდენსი”, ან ნიუ-იორკის სენტრალ-პარკი, ეს ბაღი არ მოეწონება, მაგრამ ის საოცრად მომხიბვლელად გამოიყურებოდა პირქუში, გადახრუკული უდაბნოს ფონზე. მთავარი იყო, რომ ბაღში ნაკადული მოედინებოდა. სიცხისგან გათანგული, აქ პირველად მივხვდი, რატომ იწვევდა აღტაცებას “ედემის ბაღი”, რომელსაც ოთხი მდინარე რწყავდა. ქაშანის ბაღის ნაკადული ვიწრო არხებით ჩაედინება სრულიად კვადრატულ აუზში, რომელიც ფირუზისფერი ფილებითაა ამოფენილი. ის, აგრეთვე, წყლით ამარაგებს ისტორიულ ჰამამს – აბანოს, სადაც მეცხრამეტე საუკუნის ეროვნული გმირი მოკლა მკვლელმა (“ასასინმა” – აი კიდევ ერთი სიტყვა, რომელიც სპარსულიდან ინგლისურში შევიდა).

ნებისმიერი გაჭიანურებული ნატვრის ახდენა იმედგაცრუებას იწვევს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ოდნავ იმედგაცრუებული დავრჩი სამოთხის – “ბაღე ფინის” ხილვისას. ასევე, ბულბულებითა და ღვინით სახელგანთქმული ქალაქი შირაზი – ტრანსპორტითა და 1970 წლის უსახური შენობებით გადაჭედილი ქალაქი აღმოჩნდა. აქაც, რა თქმა უნდა, ყველგან აიათოლა ხომეინისა და მარტვილთა უზარმაზარი ფოტოსურათები გაეკრათ.

მელანქოლიური განწყობილება, რომელიც თეირანის დატოვების შემდეგ დამეუფლა, დამავიწყა მხოლოდ ისპაჰანმა – ის ჩემი ოდინდელი ოცნების ჭეშმარიტი განხორციელება გახლდათ. იქაც დავლანდე ისლამური რესპუბლიკის ჩვეული პირქუში სიმბოლოები, მაგრამ ქალაქმა მნიშვნელოვანწილად აარიდა თავი თანამედროვე არქიტექტურის გამანადგურებელ ზეგავლენას. წყალუხვ მდინარე ზაიანდეზე გადებული იყო დიდებული ძველი ხიდები, ტრადიციული ჩაიხანებით. ზნეობის დამცველებმა, იმის შიშით, რომ ჩაიხანები ახალგაზრდების პაემანთა ადგილებად იქცეოდა, ახლახან დახურეს ისინი, მაგრამ ხიდებზე მათ გარეშეც დუღს ხალისიანი ცხოვრება. მეჩეთები, ბაღები და საზოგადოებრივი პარკები წარმოუდგენელად ლამაზია.

ღირსშესანიშნაობათა დათვალიერების შემდეგ ჰასანმა ტაძარში წასვლა შემომთავაზა. მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ თავს შევიკავებდი ამ ვიზიტისგან. ებრაელი ვიყავი და მხოლოდ სინაგოგის ნახვა მინდოდა, რომელიც ჩემს რუკაზე იყო მონიშნული. ჰასანი წამით დაიბნა, თუმცა სწრაფად მოეგო გონს და მითხრა, რომ მის მშობლიურ ქალაქ მაშჰადში ოდესღაც იცნობდა ებრაელების ოჯახს, მაგრამ ისინი სხვაგან გადასახლებულიყვნენ. გავემართეთ სინაგოგის საძებრად, რომელიც დახურული ბაზრის მახლობლად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ჰასანი ეკითხებოდა სინაგოგის ადგილმდებარეობის შესახებ მაღაზიათა მეპატრონეებს და გამვლელებს, ისინი კი გაკვირვებულები შემოგვყურებდნენ და ვერაფრით გვეხმარებოდნენ. ერთ წყნარ გარეუბანში მან კარზე ზარი დარეკა და რაღაც შესძახა. ფანჯრიდან გამოიხედა დედაბერმა, რომელმაც თქვა, რომ ამ რაიონში ოდესღაც მართლაც ცხოვრობდნენ ებრაელები, მაგრამ ყველას დაეტოვებინა ქვეყანა. არც იმაზე ჰქონდა წარმოდგენა, თუ რა ბედი ეწია სინაგოგას.

ვერაფერი შეედრებოდა აქაურ სასახლეებსა და მედრესეებს, ჰამამებსა და მეჩეთებს. მათგან ყველაზე ლამაზი იყო შეიხ ლოტფოლაჰის მეჩეთი უზარმაზარი ცენტრალური მოედნის მახლობლად, სადაც ოდესღაც სპარსელი დიდებულები ჯირითობდნენ. მეჩეთის გუმბათი მნიშვნელოვნადაა დაცილებული მისი მთავარი პორტალისგან, ასე რომ, საკურთხევლამდე მისასვლელად ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული დერეფანი უნდა გამევლო. გაოგნებული ვუცქერდი მოჭიქულ ფილებს, რომლებზეც ფირუზისფერი, მწვანე და მოწითალო საღებავებით აღბეჭდილი იყო ფოთლები, მოხდენილი არაბესკები და რომბები. ყოველ ნიშაში ფილებზე ამოტვიფრული იყო ყურანის სურები არაბული დამწერლობით – რომელიც, ჩემი აზრით, უმშვენიერესია ამქვეყნად.

ავხედე გუმბათს, სადაც მოციმციმე ოქროს ჭაღი დავინახე. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ იქ არანაირი ჭაღი არ ეკიდა – უბრალოდ, გუმბათის ოქროს ფილები ირეკლავდნენ თექვსმეტი ფანჯრიდან შემოჭრილ არილს. მეჩეთში ვნახეთ კიდევ ერთი ტურისტი, რომელსაც ჩემი აღტაცება გავუზიარე. ძალიან მაღალი, გამხდარი დანიელი ჭაბუკი იყო. მან მითხრა, რომ ამსტერდამის ბანკში მუშაობას თავი დაანება და ჰოლანდიიდან ირანში ველოსიპედით ჩამოვიდა. იმედოვნებდა, რომ პაკისტანამდე ჩააღწევდა. ასეთი სითამამე 1960-იან წლებში ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ბედნიერი ვიყავი, რომ მას, ჩემზე გაცილებით უფრო მამაცს ან უფრო უგუნურს, გადავულოცე იმ ოცნების, გულწრფელობის, პირუთვნელობისა და ღია სამყაროს უკანასკნელი ნამუსრევი, რომელიც ოდესღაც აღმაფრთოვანებდა და რომელიც ხორცშესხმულია შექსპირის შემოქმედებაში.

© The New York Review of Books, 2015, აპრილი

თარგმანი © არილი


[1] atonement.

[2] at-one-ment

Facebook Comments Box