რეცენზია

ლაშა მილორავა – “ბობი და სხვა დანარჩენი”

malkhaz kharbedia mamachemi bob dylan

მალხაზ ხარბედია, მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან, თბ., დიოგენე, 2013.

დიდხანს ვფიქრობდი როგორ დამეწყო ეს სტატია. ისეთი ცნობილი ნონ-ფიქშენერების ციტატები მომეყვანა, როგორიცაა იან ფრეზიერი, ბილ ბარიხი და რიჩარდ კორნუელი? ან იქნებ ბეგბედერივით ერთი ტონი დამეყენებინა და თითოეული ესეს განხილვისას აურება სახელი და გვარი დამეხვავებინა?

შემეძლო, თვითონ “მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან” ამომეღო რომელიმე მონაკვეთი, მოკლე შესავლად წარმომედგინა და დანარჩენი ტექსტი მასზე ამეგო. სულაც, დილანის უკვდავ “Black Diamond Bay”-დან წავიღიღინებდი: As the mornin’ light breaks open, the Greek comes down And he asks for a rope and a pen that will write და შემდეგ ასე ღიღინ-ღიღინით გავაგრძელებდი ლაყბობას.

თუმცა, მართლაც, ამ ყბედობაში შესავალი უკვე თავისით დაიწერა, ახლა კი დროა უშუალოდ მალხაზ ხარბედიას ესეებისა და ბლოგების კრებულზე გადავიდეთ, საინტერესო სათაურით, საკმაოდ ლამაზი, თუმცა სადა თეთრი ყდითა და პატარა წითელი ჭიამაიით ყდის ძირში.

შეიძლება ითქვას, პირადად მე მალხაზს არ ვიცნობ. ძველი “არილის”  დროს ჯერ პატარა ვიყავი და რადიო “თავისუფლების” ბლოგისთვისაც ინტენსიურად არასდროს მიდევნებია თვალი. შეხვედრითაც მალხაზს მხოლოდ ერთხელ შევხვდი – განახლებული “არილის” პრეზენტაციაზე. Facebook-ზე მაქსიმუმ სამჯერ თუ მიმიწერია. ძირითადი შეხედულებები ამ ღვინის მოყვარულ კაცზე, მისი სტატუსებითა და ერთი-ორი სტატიით ჩამომიყალიბდა, ასე რომ, დაბრალებით მგონი ვერავინ დამაბრალებს, ნაცნობობით ასხამ ქება-დიდებასო, მითუმეტეს, რომ  “მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან” არ არის ისეთი წიგნი, ტყუილი ქება-დიდება სჭირდებოდეს.

ნონ-ფიქშენი ძალიან მიყვარს. ჩეხოვის “კუნძული სახალინი” დღემდე ჩემი ერთ-ერთ ფავორიტია. საერთოდ, რომ დავუფიქრდი, ცუდი ნონ-ფიქშენი ვერ გავიხსენე. როგორც ჩანს, არსებობს დოკუმენტალისტიკის ორი სახეობა: წიგნები, რომლებიც კარგად გამახსოვრდება და წიგნები, რომლებიც მათზე კარგად გამახსოვრდება. მალხაზ ხარბედიას წიგნამდე ბოლოს წაკითხული ნონ-ფიქშენი ნენსი ორტბერგის “Looking for God: An Unexpected Journey through Tattoos, Tofu, and Pronouns” იყო. “მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან” დღეს, 4 იანვარს დილით დავიწყე და შუადღეს დავამთავრე და როგორც ვხვდები, ამ უკანასკნელმა უფრო კარგი შეგრძნება დამიტოვა.

ასე რომ…

როგორც თვითონ მალხაზი წერს, წიგნში შეგვხვდება ავტობიოგრაფიული ესეები, ბლოგები ლიტერატურაზე, მწვავე გამოხმაურებები მედიის, კულტურისა თუ პოლიტიკის საკითხებზე, 2008 წლის ომისადმი მიძღვნილი ორი დიდი მიმოხილვა, ლიტერატურული ენტომოლოგია, ქალაქი და ალტერნატიული ქალაქი, ეკოლოგია და ყოფითი ცხოვრება.

და მართლაც, ამ 255 გვერდზე თითქმის ყველაფერს ნახავთ.

გარდა სასიამოვნო გარეკანისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წიგნი ჯიბის ფორმატისაა, რაც საშუალებას მოგცემთ თან ატაროთ და ნებისმიერ დროს შეძლოთ გადაშალოთ და ხელახლა დააგემოვნოთ, იქნება ეს დამღლელი მოგზაურობის დროს თუ უბრალოდ ლაშქრობისას.

თავიდანვე, ესეში “ვკითხულობთ ჩეროში”, ავტორი ზაფხულში კითხვის უპირატესობაზე საუბრობს. მართლაც, ხშირად გამიგია, რომ დატვირთული წლის განმავლობაში, კითხვის მოყვარულნი დიდი შემართებით ელიან სანატრელი ზაფხულის დადგომას, უკვე შერჩეული წიგნებისთვის რომ მოიცალონ და დროებით მაინც მათთვის სანატრელ სამყაროში გადაინაცვლონ.

ზაფხულში ყველა სხვადასხვანაირად ისვენებს, – ზოგნი ბათუმისა და კვარიათის ცხელ პლაჟებს მიაშურებენ, შეზლონგზე წამოწვებიან და ზურგზე კრემწასმულები მზის მწველ სხივებს მიანდობენ საკუთარ სხეულებს. ზოგნი კი სოფელს გაემგზავრებიან, ბებია-ბაბუებისა თუ უბრალოდ გულკეთილი თანასოფლელების მიერ გაშლილ სუფრაზე გემრიელად მოილხენენ და არც ვაშლის ხეებს შორის გაბმულ ჰამაკში წამოგორება დაავიწყდებათ. მალხაზი წერს: “სხვათა შორის, ერთმანეთისგან განსხვავდება ზღვაზე და სოფელში წასაკითხი წიგნები. რატომღაც მგონია, რომ ზღვა უფრო ენერგიულ, გაბმით საკითხავ წიგნებს იტანს, სოფელს კი, მე მგონი, ყველაზე ღრმა და ფიქრიანი წიგნები უყვარს”. მართალია. ზღვაზე მაქვს წაკითხული მურაკამის თითქმის ყველა რომანი, ისევე როგორც ჯეიმს როლინსის “სიგმა რაზმის სერიები” და ჩეიზის დეტექტივები. ყოფილა შემთხვევა, “წითელი და შავიც” რომ ჩამვარდნია ხელში და უარი არ მითქვამს. თუმცა, გასაგებია, რას გულისხმობდა ავტორი. ის ჰედონისტური განწყობა, სიმსუბუქის შეგრძნება, ირგვლივ მოფუსფუსე ხალხისგან წამოსული დიფერენცირებული და ერთმანეთში აზელილი ენერგია, რომელიც ზღვაზე ყოფნისას შენში გროვდება, საშუალებას არ გაძლევს გონება ეგზისტენციალურ საკითხებსა და ნიცშეს მოწოდებებზე დაძაბო, სოფლის მყუდრო გარემო კი, ჭრიჭინების ჭრიჭინი, ღორების ღრუტუნი, სათოხარიდან დაბრუნებული მამაკაცების ჩუმი ლაპარაკი, მიწიერ კათარზისად გესახება და საშუალებას გაძლევს ფილოსოფიის უშველებელ ტალღებში გადაეშვა.

საინტერესოა ასევე 2008 წლის ომისადმი მიძღვნილი სტატია. როგორც ავტორმა თავიდანვე აღნიშნა, ჩანს რომ მართლაც აუარება თემასა და სტატიაში გახლართულა. თვალებიც კი ამიჭრელდა ჟურნალებისა და მათი წარმომადგენლების სახელებით, უამრავი ციტატით. თუმცა, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, სანამ მთლიანად არ წავიკითხე, წიგნი გვერდზე არ გადამიდია. მალხაზი არა მხოლოდ 2008 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე ქვეყნის შიგნით შექმნილ სიტუაციაზე მოგვითხრობს, არამედ გარე პოლიტიკისა და საქართველოს “ორივე მხრის პერსპექტივების” საკმაოდ საინტერესო ანალიზს წარმოგვიდგენს. ჩემი სათქმელი კი ამ თემასთან დაკავშირებით, 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ “ნიუ-იორკ თაიმსის” სარედაქციო სტატიაში ნათქვამს დაემთხვა: “საქართველო იმიტომაა დამნაშავე, რომ ამ ქვეყნის შფოთიანმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უგუნური გადაწყვეტილება მიიღო და სამხრეთ ოსეთს შეუტია. რუსეთი დამნაშავეა იმის გამო, რომ სააკაშვილს აშინებდა და აქეზებდა, შემდეგ კი მომენტით ისარგებლა და საქართველოს თავს დაესხა. აშშ დამნაშავეა, რადგან თავისი დუმილით სააკაშვილს უბიძგებდა, ევროპა კი – იმის გამო, რომ საერთოდ არაფერს აკეთებდა. <…> შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ასევე უნდა გაიგონ, რომ კონფლიქტების აღკვეთა გაცილებით მარტივია მანამ, სანამ ისინი წარმოიქმნება, და არა შემდეგ ნამსხვრევების შეგროვება”. 2008 წლის ომის დროს ვანში, ტობანიერში ვიყავი და მესმოდა კოპიტნარში ჩამოყრილი ბომბ(ებ)ის აფეთქების ხმა, მაგრამ რატომღაც ეს ომის თემატიკა ადვილად გავატარე ჩემში. “ამბავისტის ჩანაწერები” კი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწარმოებია 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტზე შექმნილი ტექსტებიდან.

თუმცა, ჩემი აზრით, საუკეთესო ნაწილი წიგნის ბოლოშია. “ალტერნატიული ტფილისი” forum.ge-ზე გამოქვეყნებული ნაწარმოებია (წიგნში მხოლოდ ავტორის წილი ტექსტებისაა შესული), რომელიც სხვადასხვა იუზერის მიერ დანახულ ალტერნატიულ თბილისს გვისახავს, სადაც, მაგალითად, ელა ფიცჯერლადი და თენგიზ მუშკუდიანი, 1956 წლის 9 მარტს თამამშევის ქარავან-სარაიში “პორგი და ბესს” მღერიან. თბილისზე არა, მაგრამ ჩემს ქალაქზე, რუსთავზეც ხშირად წარმომიდგენია მსგავსი რამ, ოღონდ ჩემს ფანტაზიებში, ზურაბ ლეჟავას მოთხრობის არ იყოს, შოთა რუსთაველის ათასგზის რეკონსტრუირებული ძეგლი ცოცხლდება და “ყველაფერს თავის ადგილს უჩენს”.

 

© “არილი

Facebook Comments Box