ესე

ლევან ბერძენიშვილი – დანტე დღეს

dante - 8839

ფეხბურთიდან პოლიტიკამდე

დანტე. რას გვეუბნება ეს სახელი დღეს?

უპირველეს ყოვლისა, დანტე საოცრად პოპულარულია დღევანდელ მსოფლიოში. იგი თარგმნილია მსოფლიოს ყველა კულტურულ ენაზე. მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და მათ რიგებში მხოლოდ დანტეს მრავალმხრივი შემოქმედების მკითხველები და იტალიური პოეზიის მკვლევრები, წიგნის ჭიები და პროფესორები არ არიან.

მილიონობით ადამიანისთვის, მაგალითად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, დანტე ფერადკანიანი და ხუჭუჭთმიანი ბრაზილიელი ფეხბურთელია (დანტე ბონფიმ კოსტა სანტუში), შესანიშნავი მცველი, რომელიც მიუნხენის „ბაიერნის“ შემადგენლობაში სამგზის გამხდარა გერმანიის ჩემპიონი, ორგზის – გერმანიის თასის მფლობელი, იყო სუპერთასის მფლობელიც; ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც ყოფილა და უეფას სუპერთასიც მოუპოვებია, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატშიც გაუმარჯვია და ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში კონფედერაციის თასიც მოუპოვებია. სხვათა შორის, სახელის თვალსაზრისით, დანტე გამონაკლისი არ არის. ბრაზილიელი ფერხბურთელებისთვის დიდი პოეტების, ფილოსოფოსებისა თუ მსახიობების სახელების დარქმევა ჩვეულებრივი ამბავია; ამიტომ ჰყავდათ ფეხბურთელები სოკრატესი და ალენ დელონი. მეტიც, ერთ-ერთი უმცროსი ძმა საფეხბურთო ოსტატობით სოკრატესს დიდად ჩამოუვარდებოდა, მაგრამ სახელით მაინც უტოლდებოდა: სოფოკლე ერქვა.

ვიდეოთამაშების ასევე მილიონობით მოყვარულისთვის დანტე გამოგონილი პერსონაჟია, იაპონური კომპანიის, კაპკომის ვიდეოთამაშის „დევილ მეი ქრაის“ (Devil May Cry) პროტაგონისტი. იგი მთელი სერიის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც ხუთი ვიდეოთამაში შედის და რომელიც საერთო ცხრამილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ეს დანტე დაქირავებული მეომარია, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა დემონებზე ნადირობას და რომელიც სიცოცხლის აზრს ხედავს იმათ დევნაში, ვინც დედა მოუკლა. მამამისი ლეგენდარული ბნელი რაინდი სპარდაა, დემონი, რომელიც ამბოხდა საიქიოს პრინცის, მუნდუსის წინააღმდეგ და დაამარცხა მისი არმია. ვიდეოთამაშის დანტეს ზებუნებრივი უნარები აქვს, დემონური სისხლი მას ძალასა და ამტანობას მატებს, მცირე ხნით ადამიანური იერის დაკარგვა და დემონად ქცევაც შეუძლია, რაც მას განსაკუთრებით საშიშ მეტოქედ აქცევს. მთელ მსოფლიოში მოთამაშეებმა დანტე ძალიან თბილად მიიღეს და მას ხშირად მოიხსენიებენ ერთ-ერთ საუკეთესო პერსონაჟად ვიდეოთამაშების ისტორიის მანძილზე.

ვიდეოთამაშების მოყვარულებისთვის ასევე ცნობილია სხვა თამაშიც –  „დანტეს ჯოჯოხეთი“ (Dante’s Inferno) – ესაა სლეშერის ჟანრის (მთავარ გმირს უწევს აუარებელი მტრის ხოცვა-ჟლეტა სხვადასხვა იარაღით) ვიდეოთამაში საროლო თამაშის (მოთამაშე მართავს თამაშის ერთ ან რამდენიმე პერსონაჟს) ელემენტებით, რომელიც შექმნა კომპანია ვისერალ გეიმზმა (Visceral Games) და გამოსცა კომპანია „ელექტრონიკ არტსმა“ (Electronic Arts). ეს ციფრული პროდუქტი წარმოადგენს დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ თავისუფალ ინტერპრეტაციას. თამაშში მოცემულია შურისძიების ეპიკური აქცია; ამავე დროს, იგი გვთავაზობს ჯოჯოხეთის ცხრა წრეში მოგზაურობას. მოთამაშე ჯვაროსნული ლაშქრობების ვეტერანის, დანტეს როლს ასრულებს, რომელმაც უნდა გაათავისუფლოს თავისი სატრფო ბეატრისი (დანტესეული ბეატრიჩე) ლუციფერის მარწუხებიდან (ასეთი გადახვევა დანტე ალიგიერს ნამდვილად არ მოეწონებოდა). თავისი მიზნის მისაღწევად დანტე სულ უფრო ღრმად ჩადის ჯოჯოხეთში, უწევს ბრძოლა სულ უფრო და უფრო სასტიკ და საზიზღარ უჩხულებთან, ასევე აწყდება თავის საკუთარ ცოდვებსაც, თავისი ოჯახის ბნელ წარსულსა და მის უპატიებელ სამხედრო დანაშაულს.

გარდა ამისა, დანტე მულტფილმიცაა. არსებობს „ჯოჯოხეთის“ 2010 წლის ეკრანიზაცია ანიმეს სტილში – „დანტეს გაცოცხლებული ჯოჯოხეთი“, რომელიც ზუსტად ასახავს ჯოჯოხეთის ავტორისეულ სტრუქტურას, მაგრამ გარკვეული თავისუფლებით უდგება პოემის სიუჟეტს. ეს 88-წუთიანი ფილმი ოთხმა ქვეყანამ (იაპონია, აშშ, სინგაპური, სამხრეთ კორეა) ერთობლივად გადაიღო. მულტფილმი პოზიციონირდება, როგორც ფანტასტიკა/საშინელება და ეყრდნობა არა მხოლოდ დანტე ალიგიერის ორიგინალურ ნაწარმოებს, არამედ უკვე ნახსენებ ვიდეოთამაშსაც, რომელსაც „დანტეს ჯოჯოხეთი“ ჰქვია.

დანტე გემიც იყო. საბრძოლო ხომალდი „დანტე ალიგიერი“ იყო პირველი დრედნოუტი (საარტილერიო სამხედრო ხომალდი), რომელიც Regia Marina-სთვის (იტალიის სამეფო ფლოტი) აიგო. ეს ხომალდი ფლაგმანი იყო პირველ მსოფლიო ომში, თუმცა იმ კაცისგან განსხვავებით, ვის სახელსაც ატარებდა, საბრძოლო დიდებას ვერ მიაღწია – მის ქვემეხებს გემის არსებობის მანძილზე ერთხელაც არ გაუსვრია. ხომალდი განაახლეს 1923 წელს, გემების ოფიციალური ნუსხიდან ამოიღეს 1928 წელს და, შესაბამისად, ჯართში ჩააბარეს.

დანტე პარკი ან სკვერიცაა (Dante Park ან Dante Square) ლინკოლნის ცენტრის წინ, ნიუ-იორკში. იგი იტალიური წარმომავლობის ამერიკელებმა დააარსეს დანტე ალიგიერის პატივსაცემად. კარლო ბარსოტი თავდაპირველად პოეტის დიდი მონუმენტის დადგმას აპირებდა ტაიმს სკვერზე 1912 წელს, მაგრამ ფინანსურმა სიძნელეებმა შეუშალა ხელი. ასე რომ, ახლა ეტორე ხიმენესის მიერ შექმნილი შედარებით პატარა ძეგლი დგას ბროდვეიზე. ამ ძეგლის ასლი დგას ვაშინგტონშიც, რედისონ ემპაირ ჰოტელის პარკში.

დანტე არის ერთ-ერთი კრატერი მთვარის უხილავ, მეორე მხარეს, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

დანტე აკადემიაცაა – დანტე ალიგიერის კათოლიკური აკადემია (Dante Alighieri Catholic Academy – ასევე ცნობილია, როგორც Dante Alighieri Academy Catholic Secondary School) ტორონტოში (ონტარიო, კანადა), რომელიც წმ. იოანე ნათლისმცემლის დებმა დააფუძნეს 1974 წელს.

2016 წლის 31 ივლისს ამერიკული ტელევიზიის, NBC-ს ტრადიციულ დილის გადაცემაში „შეხვდი პრესას“ პოლიტიკური ექსპერტები კამათობდნენ იმაზე, შეესატყვისება თუ არა პრეზიდენტობას დონალდ ტრამპის ტემპერამენტი. რესპუბლიკელთა მხარდამჭერი ალექს კასტელანოსი შეეცადა კლინტონსა და ტრამპს შორის განსხვავება ძველ და ახალ აღთქმებს შორის სხვაობისთვის შეედარებინა, მაგრამ დემოკრატი ექსპერტი, ცნობილი ჟურნალისტი დევიდ ბრუქსი კოლეგას არ დაეთანხმა და ბრძანა, რომ ბიბლია აქ არაფერ შუაშია, სინამდვილეში ჩვენ ყველანი დანტეს ჯოჯოხეთის მეშვიდე წრეში აღმოვჩნდითო. ამერიკელ ტელემაყურებელს დილიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ დანტეს ჯოჯოხეთის მეშვიდე წრეში სხვებზე, საკუთარ თავსა და ღმერთსა და ბუნებაზე მოძალადეები იტანჯებიან (ტირანები, ავაზაკები, თვითმკვლელები, ღვთისმგმობები, სოდომიტები და მევახშეები). დევიდ ბრუქსი, როგორც ჩანს, ჯოჯოხეთის მეშვიდე წრის პირველ სარტყელს გულისხმობდა, რომელშიც დიდმა ფლორენციელმა ტირანები (ალექსანდრე მაკედონელი, დიონისიოს სიცილიელი, ატილა, პადუელი ტირანი გრაფი აძოლინო და სხვ.), მკვლელები და ავაზაკები (გრაფი დე მონფორი, პიროსი, სექსტუსი, რინიერ დე’პაცი და სხვ.) მოათავსა. ნათელი გახდა, რომ „ნიუ იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტს დანტეს ჯოჯოხეთის ამ უსიამო სივრცეში დონალდ ტრამპისთვის „კარგი“ ადგილი ჰქონია შერჩეული.

„ნევროსკეპტიკოსის“ ფსევდონიმით სამეცნიერო კურიოზების ჟურნალ „დისკავერიში“ 2010 წელს, 24 ნოემბერს გამოქვეყნდა სტატია „სამეცნიერო ჯოჯოხეთის ცხრა წრე“, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი სამეცნიერო ჯოჯოხეთის მკვიდრთა ცოდვები და მათი განლაგება დანტესეულ წრეებში. ასე მაგალითად, პირველ წრეში, ლიმბში, არა ტანჯვის, არამედ მარადიული სინანულის სავანეში, სადაც დანტემ მოუნათლავი ჩვილები და სათნოებით გამორჩეული არაქრისტიანენი მოათავსა, ნევროსკეპტიკოსმა ადგილი მიუჩინა იმათ, ვისაც სამეცნიერო ცოდვები თავად არ ჩაუდენიათ, მაგრამ თავიანთი დაუდევრობით, გრანტებითა და პუბლიკაციებით ხელს უწყობდნენ ცოდვილებს; ხოლომეცხრე წრეში მან დაასახლა ფალსიფიკატორები, რომლებიც ჩაჭედილი არიან ყინულის უზარმაზარ კუბში; თითოეულის თვალწინ გაყინულია სტატია, რომელშიც დამაჯერებლადაა დამტკიცებული, რომ ჯოჯოხეთის ამ წრეში წყალი არ იყინება. მათდა საუბედუროდ, მონაცემები სტატიაში მთლიანად ფალსიფიცირებულია.

განათლებული რუსი დეკანოზი, ფრიად და ფრიად ორიგინალური აზროვნების ანდრეი ტკაჩოვი თვლის, რომ დანტე დღეს არავითარ შემთხვევაში არ დაწერდა „ღვთაებრივ კომედიას“ და რომელიმე გაზეთის, მაგალითად, „კორიერე დე ლა სერას“ კორესპონდენტი იქნებოდა. დეკანოზის მახვილგონივრული თეზისები და სათანადო არგუმენტები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, როგორ უჭირთ ადამიანებს სხვისი ჩანაფიქრის, სხვისი მოძღვრების გაგება და როგორ დრამატულად არ ასვენებთ მათ სხვისი უჭკნობი დიდება.

დიახ, დანტე ბევრი ვინმეა და ბევრი რამეა; დანტე ალიგიერი ლათინურ და იტალიურ ენაზე დაწერილი ნაშრომების ავტორია, მას დაუწერია „ნადიმი“, ტრაქტატი „მონარქიის შესახებ“, „ახალი ცხოვრება“, ლირიკული ლექსები (La Rime); იგი ბევრი რამის შემოქმედია, მაგრამ მთავარი მის შემოქმედებაში მაინც გენიალური, სამნაწილიანი პოემა „ღვთაებრივი კომედიაა“ („ჯოჯოხეთი“, „განსაწმენდელი“, „სამოთხე“).

დიდი საიდუმლო არ არის, რომ ამ ტრიადიდან (ჯოჯოხეთი, განსაწმენდელი, სამოთხე) ნამდვილ უკვდავებას მხოლოდ პირველმა მიაღწია. რაც უნდა თქვან დანტეს სპეციალისტებმა, ფილოლოგოსებმა, ისტორიკოსებმა, „დანტისტებმა“ თუ დანტეოლოგებმა, დღეს „ჯოჯოხეთსა“ და „ღვთაებრივ კომედიას“ შორის ტოლობის ნიშანი დევს. „ღვთებრივი კომედიის“ მთელი დიდება „ჯოჯოხეთის“ დიდებაა. ამას ღიად გეტყვით ნებისმიერი იტალიელი მოსწავლე („დანტესთან მე მხოლოდ ჯოჯოხეთი მომწონს“). ამას გეტყვით ყველა ქართველი მკითხველი და, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ვეწინააღმდეგები „განსაწმენდლისა“ და „სამოთხის“ სქემატურ ოპუსებად გამოცხადების იდეას, ჩემი სტუნდენტებისგან მეც იმდენჯერ მოვისმინე ეს „იტალიური სიმღერა“, რომ ბოლოს „დიადი წიგნების“ კურსში დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ მხოლოდ „ჯოჯოხეთით“ შევიტანე. რატომ მოხდა ასე? იმიტომ ხომ არა, რომ პოემის ამ ნაწილშია ნაჩვენები ნამდვილი ადამიანური ვნებები? ის ორიოდე სტრიქონი ან ციტატა, რომელსაც იტალიელი მოსწავლე დიდობაში შეინარჩუნებს მეხსიერებაში, რა თქმა უნდა „ჯოჯოხეთურია“, ანუ მიწიერია. „სამოთხე“ საინტერესო არ არისო, ამბობენ სტუდენტები. უბედურება კი ისაა, რომ დანტეოლოგებს სურთ, ყველას შეაყვარონ სწორედ „სამოთხე“, სტუდენტების შეფასებით, სქოლასტიკური დოგმა, მოძველებული სქემები და ციტატები. მათ სურთ, აიძულონ შთამომავლობა, შეიყვარონ არა დანტე-ადამიანი, არამედ დანტე-ძეგლი, ამიტომ დანტეს ყველა იუბილე იქცევა ხოლმე გაუთავებელ სხდომებად, კონფერენციებად, სიმპოზიუმებად, სასკოლო თემებად და ქუჩების ახალი წყებისთვის უდიდესი პოეტის სახელის მინიჭებად. მიუხედავად ამისა, მაინც ცოცხლობს იმედი, რომ ამ ოფიციალურ აურზაურში იტალია და მთელი მსოფლიო გაიხსენებს დანტე-ადამიანსა და უდიდეს პოეტს, რომელსაც ცოტა ვინმე თუ შეედრება მსოფლიოში.

დანტე დღეს რომ უპირველეს ყოვლისა, „ჯოჯოხეთის“ ავტორია, ამას ირიბად მიუთითებს ის არნახული პოპულარობაც, რომელიც ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის, დენ ბრაუნის უკანასკნელმა რომანმა, „ინფერნომ“ მოიპოვა. ბუნებრივია, ჰოლივუდმაც არ დააყოვნა და წელს ამ წიგნის ეკრანიზაციაც გამოდის ლეგენდარული ტომ ჰენქსისა და ფელისიტი ჯოუნზის მონაწილეობით. სიუჟეტი ამ რომანისა, რომლის მოქმედებაც XXI საუკუნის ფლორენციასა და მთელ იტალიაში ხდება, გადაენასკვება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ სიუჟეტს. რომანს საფუძვლად უდევს „და ვინჩის კოდის“ გმირის, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, რობერტ ლენგდონის ახალი თავგადასავალი. ამჟამად ლენგდონი სიზმრად ხედავს ქალს, რომელიც ბიბლიურ ფრაზას –„ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ“ – აგონებს; ეს ფრაზა გახდება საიდუმლოს გასაღები. სიუჟეტის ცენტრშია დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ პირველი ნაწილი, „ჯოჯოხეთი“. არსებობს უტყუარი ცნობა, რომ დენ ბრაუნის წიგნის გამოსვლის შემდეგ აშშ-ის ბიბლიოთეკებიდან დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ გაცემა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფილმი კიდევ უფრო „დანტისტურ“ ბუმს გამოიწვევს.

„ღვთაებრივი კომედია“ გვიყვება დანტეს საიქიოში მოგზაურობის ამბავს; პოეტმა მოინახულა ჯოჯოხეთი, განსაწმენდელი და სამოთხე, სადაც შეხვდა და ესაუბრა მიცვალებულთა სულებს. „კომედიაში“ ცოდვილები ისჯებიან ჯოჯოხეთში, მომნანიებლები ცოდვათაგან განიწმინდებიან განსაწმენდელში, ხოლო ნეტარნი სამოთხეში არიან და ღმერთს უჭვრეტენ. თავად დანტეც ხედავს ღმერთს თავისი მოგზაურობის ბოლოს. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან შორს იყოს თანამედროვე მკითხველისგან, განსაკუთრებით იმათგან, ვინც არ იზიარებს დანტეს რწმენას; მაგრამ სინამდვილეში, დანტეს აწუხებს ის, რაც აწუხებს ნებისმიერ პიროვნებას ყველგან და ყოველთვის: რა არის ადამიანი? როგორ ვაფასებთ ადამიანის საქციელს? რა არის მნიშვნელოვანი სიკვდილსა და სიცოცხლეში? ადამიანის საქციელი, ჩვენი თუ სხვისი, არის საფუძველი სამყაროში ადამიანური გამოცდილებისა. პოემა, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ავსახოთ მრავალნაირი საქციელი, ნამდვილად თანამედროვეა და ყოველთვის აქტუალური იქნება.

გარდა ამისა, უამრავი ადამიანი სწავლობს მთავარი დანტეს, დანტე ალიგიერის, ბიოგრაფიას. უამრავი წყარო არსებობს ამ საქმიანობისთვის: დანტე თავად გვიყვება თავის ამბავს „ღვთაებრივ კომედიაში“, ამასვე გვიყვებიან პოემაში ის ადამიანები, რომლებიც მას ჯოჯოხეთის გზებზე  ხვდებიან. მისი ცხოვრების ისტორია ძალიან მიმზიდველია: იგი იყო წარმატებული და ხელმოცარული, გაღმერთებული და დაწყევლილი ერთდროულად.

დღეს, როდესაც ჯონ მაქსველ კუტზეე კინაღამ ევროპარლამენტის წევრი გახდა, ხელახლა ალაპარაკდნენ მწერლების პოლიტიკასთან ურთიერთობის შესახებ. დღეს იმ ხალხისთვის, რომელსაც პოლიტიკა ზნეობრივი ადამიანისთვის შეუფერებელ სფეროდ მიაჩნია ან იმათთვისაც, ვისაც ჰგონია, რომ პოლიტიკაში მხოლოდ ხელმოცარული ადამიანები მიდიან, ცუდი არ იქნება იმის შეხსენება, რომ გენიალური დანტე პარტიული იყო. ოჯახური გადმოცემის მიხედვით, დანტეს წინაპრები ელიზეების რომაული მოდგმის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც ფლორენციის დაფუძნებაში მიიღეს მონაწილეობა. დანტეს წინაპარი, კაჩაგვიდა, კონრად მესამის ჯვაროსნულ ლაშქრობაში იღებდა მონაწილეობას და მუსლიმებთან ბრძოლაში დაიღუპა. დანტეს პაპა, ბელინჩონე, ფლორენციიდან გააძევეს გველფებისა და გიბელინების ომის დროს და ქალაქში მხოლოდ 1266 წელს დაბრუნდა, ბენევენტოსთან მანფრედ სიცილიელის დამარცხების შემდეგ. დანტეს მამა პოლიტიკაში არ მონაწილეობდა და მთელი ცხოვრება ფლორენციაში რჩებოდა, მაგრამ პოეტი პაპისა და უფრო შორეული წინაპრების გზას დაადგა, პოლიტიკური მარცხი განიცადა, რამაც საბოლოოდ ამოუკვეთა ფეხი მშობლიური ფლორენციიდან და მარადიულ დევნილად აქცია.

დანტეს ისტორიებში არის ყველა ადამიანური ემოცია, რომელთაც ვცნობთ და ვაღიარებთ: სიყვარული, სიძულვილი, მრისხანება, შიში, სიხარული, მღელვარება, გაოგნება, სასოწარკვეთა. პოემა მოგვიხმობს, რომ ვიფიქროთ ამ მძლავრ გრძნობებსა და ადამიანის ცხოვრებაში მათს ადგილზე, რომ ისინი გავიაზროთ არა მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით, არამედ საგანთა უფრო ფართო კონტექსტშიც.

ინდივიდუალური ცნობიერების საკითხები უპირისპირდება იდეათა უფრო ვრცელ ჩარჩოს. როგორ უნდა იყოს ადამიანური საზოგადოება მოწყობილი, ადამიანის სიცოცხლეს აზრი რომ ჰქონდეს? ეს კითხვები ბუნებრივად აღიძვრება იმ ხალხის ისტორიებიდან, რომელსაც დანტე ხვდება. ჩვენ ყოველთვის ვერ ვეთანხმებით მის მოსაზრებებს, მაგრამ მისი პასუხები იმას მაინც გვაიძულებს, დავფიქრდეთ.

დანტე მუდმივად წინააღმდეგობრივი იყო. „ღვთაებრივი კომედია“ ბევრ მის თანამედროვეს საშიშ ნაშრომად მიაჩნდა, მათ შორის მისივე საკუთარ კათოლიკური რელიგიის საეკლესიო ავტორიტეტებსაც. დანტეს ყველაფერი შეიძლება დაბრალდეს, ორთოდოქსული აზროვნების გარდა. მისი ღრმა ორიგინალურობა და ჩარჩოებში ჩაუტევლობა არის მასზე მუდმივი მოთხოვნის არსებობის მყარი გარანტია – იგი ყველა დროისა და ყველა ქვეყნის მკითხველის შთაგონების წყაროა.

ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელსაც გვასწავლის პოემა, არის უსამართლობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა. დღევანდელობისთვის გასაოცარია, რომ დანტეს თვალში ყველაზე დიდი ბოროტმოქმედი იყო თავად რომის პაპი, კათოლიკური ეკლესიის მეთაური. ჩვენ ვხვდებით კორუმპირებული პაპების მთელ წყებას ჯოჯოხეთში. სასჯელი, რომელიც მათ მიესაჯათ, არის ამაღელვებელი და სიურეალისტური, რომლის მაგვარს შეიძლება მხოლოდ საშინელებათა ფილმში შეხვდე. პაპებისთვის, ისევე როგორც ყველასათვის ჯოჯოხეთში, ცოდვის თითოეული სახე სხვადასხვაგვარად ისჯება. დანტე უსასრულოდ გამომგონებლურია დანაშაულისა და სასჯელის ურთიერთშეხამებაში. კორუფცია ეკლესიაში, მთელი სამყაროს სავარაუდო სულიერ ლიდერებში, არის უცნაურ კავშირში დღევანდელობასთან.

პოემის სხვა მაგალითია ადამიანის ცხოვრებაში სიხარბის დესტრუქციული ეფექტი, იქნება ეს ფულისა თუ ძალაუფლების სიხარბე და გაუმაძღრობა. ეს ორნი, ფულისა და ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილი, როგორც წესი, ერთად დადიან. ისევ მძლავრი რეზონანსია დღევანდელ ცხოვრებასთან, ეპოქასთან, რომელსაც ახასიათებს უპატიოსნო ფონდის მენეჯერებისა და ფინანსურ სპეკულატორთა სიმრავლე. ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამცინავი, შეიძლება ითქვას, აგდებული სტრიქონი, რომელიც დანტეს ეკუთვნის, მათ ასე ახასიათებს: la gente nuova e I subiti guadagni („ახალი ხალხი და მყისიერი სარგებელი“).

დანტე დღევანდელია იმითაც, რომ სასტიკად, ამქვეყნიურად, ჩვენებურად, ტენდენციურია. ეს კაცი, რომელიც თეორიულ ცოდნას ფლობდა ზეცაზე და ცდილობდა, გრაფიკულადაც კი წარმოედგინა მიუწვდომელი სამყარო, სინამდვილეში ყველაზე მიწიერი პოეტი იყო. „ღვთაებრივ კომედიაში“ მან მთელი თავისი არსება ჩადო: არა მხოლოდ უსისტემო და არამწყობრი სქოლასტიკური თეორია, არამედ მთელი თავისი უცნაურობა, თავისი უზომო პატივმოყვარეობა, დაუოკებელი სიძულვილი, ლირიკული სევდის იშვიათი, მაგრამ ძალიან ამაღლებული მომენტები, შურისძიების მწარე სიხარული, ყველას მიმართ ზიზღი, ვინც კი არ აღიარა. რა თქმა უნდა, იგი XIV საუკუნის ფლორენციის შვილი იყო –ვაჭრების, ქურდების, მეოცნებეების, მკვლელების, მხატვრების, პატივმოყვარეებისა და მხიარული ქალების ქალაქის შვილი, ერთმანეთისადმი სიძულვილით დაპირისპირებული პარტიების ეპოქის პირმშო, გაჟღენთილი მიკერძოებული პოლიტიკური ვნებებით. ასეთი იყო იტალიური საზოგადოება, ჯერ კიდევ დაშინებული რელიგიით, მაგრამ უკვე აღმომჩენი მშვენიერებისა, ჯერაც დამფრთხალი და შეძრწუნებული იმქვეყნიური ძალების წინაშე, მაგრამ უკვე მიდრეკილი რეალური სამყაროს სიხარულისაკენ. დანტე მთლიანად ამ სასტიკ, ცრუ, თვითდაჯერებულ, დაუნდობელ, უსამართლო სამყაროში იყო ჩაფლული; უყვარდა, შეურაცხყოფდა, აიდეალებდა, ოცნებობდა. ბოლოს და ბოლოს, იმ პოლიტიკური მოვლენის მსხვერპლი გახდა, რომლის ჭეშმარიტი აზრი ბოლომდე ვერ გაიგო; პოეზიაში ძეგლი დაუდგა იმ სამყაროს, რომელიც უკვე სიკვდილის პირას იყო მისული. სასო წარეკვეთა საკუთარი მარტოობის გამო. სძულდა, იმუქრებოდა, იწყევლებოდა. შურს იძიებდა: „ღვთაებრივ კომედიაში“, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ცაში აიყვანა თავისი წინაპრები, მცირერიცხოვანი მეგობრები და საყვარელი ქალი; უმღერა საკუთარ იდეებსა და გულუბრყვილო პოლიტიკურ ოცნებებს; საკუთარ თავს უფლის ტახტის ძირთან მოუძებნა ადგილი და ჯოჯოხეთის სამარცხვინო მორევში ჩაყარა ყველა მოწინააღმდეგე, ვაჭრებითა და კონდოტიერებით დაწყებული და რომის პაპებით დამთავრებული.

მთელი თავისი ვნებებით დანტე იყო და რჩება თხემით ტერფამდე იტალიელად. როგორი „ღვთაებრივი“ ან „ადამიანურიც“ უნდა იყოს მისი კომედია, იგი, უპირველეს ყოვლისა, იტალიურია. აღორძინების ეპოქის ჰუმანიზმმა დანტეს წაართვა ყველაფერი, რაც მასში „ამქვეყნიური“ ან „ამა სოფლისა“ იყო, დაუწუნა ხელოვნური სამყარო და ასე „განწმენდილი“ მოიყვანა „ჯოჯოხეთის“ პოეტი ჩვენთან.

 

*  *  *

შექსპირის „მეფე ლირის“ თანამედროვე დადგმამ ლონდონში, რომელშიც ლირის როლი ბრწყინვალე მსახიობმა, ავტორმა და მუსიკის ისტორიკოსმა, პროფესორმა საიმონ რასელ ბილმა განახორციელა, მთელი კრიტიკა აალაპარაკა პიესის ექსტრაორდინალურ კავშირზე თანამედროვე სამყაროსთან. დემენციის, ასაკოვანი მშობლის, თაობებს შორის ძალაუფლების გადაცემის საკითხები აქტუალური აღმოჩნდა თანამედროვე სამყაროსთვის სწორედ ისე, როგორც ეს ხდებოდა  შუა საუკუნეების მითოსური მეფის ეპოქაში. პიესა ისევე მძლავრად ესაუბრება თანამედროვე მაყურებელს, როგორც შექსპირის ხანაში ახერხებდა ამას.

ასეა შექსპირთან, ასეა დანტესთანაც. იტალიის უდიდესი შუასაუკუნეობრივი პოეტი და ინგლისის აღორძინების ხანის უდიდესი დრამატურგი წარმოსახვის ძალითა და ენის გამომსახველობითი სიძლიერით თანასწორნი არიან. მათ ჰქონდათ არა უბრალოდ შედევრების შექმნის უნარი, არამედ უჟამო და უნივერსალური, დროსა და სივრცეში მუდმივი ზემოქმედების შინაგანი ძალის მქონე შედევრების შექმნის უნარი. „ღვთაებრივი კომედია“ ისევე თანამედროვეა დღეს, როგორც ოდესმე ყოფილა და როგორც მუდამ იქნება.

© არილი

Facebook Comments Box