„მე ევროპამ სახლში არ შემიწვია, რადგან თბილისს მწვადი მეც შემიწვია“, – დაიჩივლა იოსებ გრიშაშვილმა 1920 წლით დათარიღებულ ლექსში, რომლის სათაურია „მაჯამა“. მაგრამ 1960-იანი წლების ბოლოს ქართული პოეზიის ანთოლოგიის შესადგენად და სათარგმნელად ჩვენი კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა კავშირის მოწვევით თბილისში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან ჩამოსული პოეტები რაინერ კირში და ადოლფ ენდლერი სწორედ გრიშაშვილის შემოქმედებამ დააინტერესა ძალიან. რაინერ კირშისა და ადოლფ ენდლერის მიერ შედგენილ-თარგმნილი ანთოლოგია სათაურით „რვასაუკუნოვანი ქართული პოეზია“ 1971 წელს გამოიცა ბერლინში. მასში იოსებ გრიშაშვილის ოთხი ლექსია შეტანილი, ადოლფ ენდლერის თარგმნილი: „ტრიოლეტები შეითანბაზარში“, „თათრის ქალი სუბსარქისში“, „ქორწილი ჩვენს უბანში“ და „გამოთხოვება ძველ თბილისთან“.
მაგრამ ამ გერმანელი პოეტების დამოკიდებულება იოსებ გრიშაშვილის მიმართ ყველაზე კარგად ჩანს ადოლფ ენდლერის წიგნში „საქართველოს შესახებ თხრობის ორი მცდელობა“, რომელიც პირველად 1976 წელს გამოიცა, ხოლო მეორედ ახლახან – ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობასთან დაკავშირებით, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ეს გამოცემა (გამომცემლობა „ვალშტაინი“), აწ უკვე გარდაცვლილი ადოლფ ენდლერის მეუღლის მიერ მომზადებული, ისეთ ნაწილებსაც შეიცავს, რომლებიც პირველ გამოცემაში სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შესულა. აქვეა ქართველი პოეტების ენდლერისეული თარგმანები. ახალ გამოცემას სათაურად „მცირე კავკასიური დივანი. თხრობა საქართველოზე“ ჰქვია. გავეცნოთ ორ ფრაგმენტს ამ წიგნიდან:
„…ჩვენ კვლავ ვფურცლავთ ჩვენს ხელნაწერებს და ხმამაღლა ვკითხულობთ იოსებ გრიშაშვილის ლექსს, იმ პოეტისას, რომელიც ახლოა ჩვენს გულებთან: „მიყვარს თბილისი! ირაკლივით მუდამ მშფოთარი! / და მსურს აქ მოვკვდე, რომ მისი მზე სწვავდეს ჩემს კუბოს…“. მაგრამ ანგელო, რომელიც ამჯერად ცოტა გაგვიბრაზდა, გვაწყვეტინებს: „გრიშაშვილი – ნამდვილქართული არ არის!“ [ანგელოს შესახებ ახალი გამოცემის კომენტარებში ვკითხულობთ: „ბეროძე, ანგელი (1940-2016), ქართველი გერმანისტი და ლიტერატურათმცოდნე“. – ლ. ბ.] – „ჰო, მაგრამ ის ჩვენ მაინც მოგვწონს, თუმცა მისმა პოეზიამ (ჩვენ ვამჩნევთ ამას), თათრული თუ სპარსული მოტივები აითვისა, ეს ქალაქური პოეზიაა, რომელშიც ბევრი რამაა შერწყმული…“ – „ნამდვილქართული არ არის!“, ჩურჩულებს ანგელო…“.
ორიოდე გვერდის შემდეგ:
„…ვიდრე აეროპორტისკენ მიმავალი ავტომობილი ქალაქს გასცდება, […] კიდევ ერთხელ უნდა გავიაროთ ძველი თბილისი, ამ დროს ანგელომ ხელი გაიშვირა და ჩვენდა გასაოცრად თქვა: „იქ, გაღმა, ცხოვრობდა გრიშაშვილი…“ და დაიწყო თხრობა გრიშაშვილზე, რომელსაც ჩვენ ძალიან ვაფასებდით, მიუხედავად იმისა, რომ ის მთლად „ნამდვილქართული“ არ იყო: „პატარა სახლი ხარფუხში, ორი მომცრო ოთახი მეორე სართულზე, წიგნებით სავსე… უცნაური კაცი იყო, ნამდვილი ბავშვი… ბუკინისტებისგან მოჰქონდა დაგლეჯილი წიგნები და მათგან ახლებს აკოწიწებდა, ახალ სათაურს უგონებდა, არშიებზე შენიშვნებს წერდა: ამით მართლა ახალ წიგნებად აქცევდა მათ… გრიშაშვილი“. ხომ არ იყო ანგელოს ეს სიტყვები ჩვენთვის მოძღვნილი გამოსათხოვარი საჩუქრის მსგავსი რამ, „ნამდვილქართული“ მეგობრული ძღვენი?“.
ადოლფ ენდლერი დიდად მადლიერია „ძველი თბილისის მომღერალი“ პოეტის, რადგან მან, „ის სამყარო, რომელიც გაქრა, დეტალურად და დიდი სიყვარულით“ აღწერა, „სამყარო ღირსეული, ყოჩაღი, კეთილშობილი ყარაჩოხელისა, შავ ჩოხაში გამოწყობილი ხელოსნებისა, და ქუჩის ცუღლუტი მოვაჭრის, კინტოს სამყარო…“.
„დიახ, გრიშაშვილი ძლიერი პოეტი ჩანს!“ დაასკვნის ავტორი, მას შემდეგ, რაც ქართველი პოეტის შემოქმედებას მიმოიხილავს.
იოსებ გრიშაშვილის პატივისცემად უნდა ჩაითვალოს იცის, რომ წიგნის იმ განყოფილებას, რომელიც ქართველ პოეტთა თარგმანებს შეიცავს, გრიშაშვილის ლექსის სათაური უზის სახელწოდებად: „გამოთხოვება ძველ თბილისთან“. საინტერესოა ადოლფ ენდლერის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ იოსებ გრიშაშვილის ეს ლექსი (1925) ვლადიმირ მაიაკოვსკის წინა წელს გამოქვეყნებული ლექსის „ვლადიკავკაზი – თბილისი“ საპასუხოდ დაწერილი ჩანს.
* * *
2007 წელს ბერლინურმა გამომცემლობამ, „ნორა-ფერლაგმა“, იოსებ გრიშაშვილის „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“ დასტამბა, კრისტიანე ლიხტენფელდისა და ლეონარდ კოშუტის მიერ თარგმნილი (გერმანული გამოცემის სათაურია: „პოეტის თვალს ამაზე მშვენიერი რამ არასოდეს უხილავს…“ – „Niemals hat der Dichter eine Schönere erblickt…“. პროზაული ტექსტისა და ლექსების ნაწილის თარგმანი კრისტიანე ლიხტენფელდს, ქართული ლიტერატურის გამოცდილ მთარგმნელს, ეკუთვნის, ლექსების მეორე ნაწილი კი ლეონარდ კოშუტმა თარგმნა, ქართული მწერლობის ჩინებულმა მცოდნემ, გამომცემელმა და პოპულარიზატორმა; ის არის ბოლოსიტყვაობის ავტორიც). ეს გამოცემა, შეიძლება ითქვას, ქართულ-გერმანულ კულტურათა შეხვედრის ადგილია, ვინაიდან იოსებ გრიშაშვილის ტექსტს თბილისელი გერმანელი მხატვრის ოსკარ შმერლინგის ნახატებიც ახლავს, ოცდაცამეტი ფერადი რეპროდუქცია – ძველი თბილისის ყოფის ამსახველი ჟანრული სურათები. და ორივენი, თბილისზე უსაზღვროდ შეყვარებული ქართველი მწერალი და გერმანელი მხატვარი, საუცხოოდ ავსებენ ერთმანეთს.
როგორ დაიბადა ამგვარი გამოცემის იდეა, ამის თაობაზე მოგვითხრობს კრისტიანე ლიხტენფელდი ჩვენთვის გამოგზავნილ ერთ ბარათში:
„ეს იყო, ასე ვთქვათ, საგამომცემლო „ვარსკვლავური საათი“ – 1980-იან წლებში შმერლინგის ღია ბარათები, თბილისში აღმოჩენილი, ბერლინში ჩამოვიტანე და ლეო კოშუტს ვაჩვენე გამომცემლობა „ფოლკ უნდ ველტში“. ის მაშინვე თავისი კარადისკენ დაიძრა, გამოიღო გრიშაშვილის წიგნის რუსული გამოცემა (ნოდარ თარხნიშვილის თარგმანი. – ლ. ბ.), რომელსაც მე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცნობდი, და მითხრა: „თუ ამათ ორივეს ერთ წიგნად გამოვცემთ, ჩინებული რამ გამოგვივაო“.
თავის არანაკლებ ცნობილ და პოპულარულ წიგნში „საიათნოვა“ იოსებ გრიშაშვილი ასე მიმართავს საკუთარ წამოდგენაში არსებულ მხატვარს:
„და შენ მხატვარო! თუ გინდა, რომ მადლიერმა შთამომავლობამ მადლობით მოიხსენიოს შენი უკვდავი ნაშრომ-ნახატი, მიდი, თბილისელ ყარაჩოღელთან, როცა იგი პირში ჩიბუხგაყრილი ამბობს ხოლმე რომელსამე განაგონ ამბავს და რამდენიმე მონასმით – მხოლოდ რამდენიმე მონასმით – დამიხატე იგი!“.
ჯერ ოსკარ შმერლინგმა შეუსრულა პოეტს ეს სურვილი და მერე გერმანელმა მთარგმნელებმა და გამომცემლებმა უზრუნველყვეს მათი შეხვედრა ერთ წიგნში.
წიგნის ბოლოსიტყვაობაში, რომლის სათაურია „სიყვარულის ახსნა თბილისისადმი“, ლეონარდ კოშუტი საქართველოს დედაქალაქის ამ ორი დიდი მოტრფიალის ნამოღვაწარს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში განიხილავს, რაც პირველად ხდება და ორივე ხელოვანის შემოქმედების უკეთ გაგებას უწყობს ხელს. იოსებ გრიშაშვილსაც და ოსკარ შმერლინგსაც ერთი მიზანი ჰქონდათ დასახული: ძველი თბილისის მოქალაქეთა ხასიათები და მათი ყოფა-ცხოვრების კოლორიტული სურათები მომავალი თაობებისთვის შემოენახათ. საამისოდ კი ხელოვნების სხვადასხვა სფეროს ეს ორი წარმომადგენელი ერთმანეთისგან ძირეულად განსხვავებულ საშუალებებს იყენებდა – ერთი სიტყვას, მეორე კი – ხაზსა და ფერს.
ბოლოსიტყვაობაში ვკითხულობთ:
„გრიშაშვილი დააინტერესებს ყველას, ვისთვისაც ზედაპირული ტურისტული შთაბეჭდილებები უკმარია საიმისოდ, რომ საქართველოს დედაქალაქის განუმეორებელ თავისებურებას ჩასწვდეს“. და შემდეგ: „მომაჯადოებელი ამ წიგნში ის არის, რომ ყოველივე ეს [რაც მასშია წარმოდგენილი] ტრაქტატების საგანი კი არ არის, არამედ პოეტის, ეთნოგრაფის, ლიტერატურის ისტორიკოს იოსებ გრიშაშვილის კალმის მეშვეობით ამოიზრდება ზღაპრებიდან, ლეგენდებიდან, კლასიკური სამოგზაურო აღწერილობებიდან […], პაწია სცენარებიდან, პორტრეტებიდან და, ბუნებრივია, საკუთარი აღმოჩენებიდან“.
რა მოვლენას ეწოდება კულტურაში ანდერგრაუნდი, კარგად არის ცნობილი. ის პოეზია, რომელიც გრიშაშვილის ამ წიგნშია წარმოდგენილი, ცხადია, არ არის ანდერგრაუნდი – ეს არის ქართული პოეზიის მრავალსართულიანი შენობის პირველი, მიწისზედა, მიწაზე მდგარი, სართული. მოდერნის ეპოქაში, როდესაც გრიშაშვილი ამ ლექსებს, სიმღერებს, სადღეგრძელოებს და ა. შ. აგროვებდა, ამგვარ ტექსტებს დამაკნინებლად კიჩად მოისხენიებდნენ – „ყალბი მოთხოვნილებების ყალბ გამოხატულებად“ თვლიდნენ მათ. მაგრამ მოდერნის შემდგომ ხანაში, რომელიც პოსტმოდერნიზმად იწოდება, კიჩსაც სხვა თვალით შეხედეს, მოხდა მისი რეაბილიტაცია და უკვე ისიც „მართალი მოთხოვნილებების მართალ გამოხატულებად“ (Konrad Paul Liessmann) მიიჩნევა, რაც, როგორც ჩანს, ესთეტიკური შეხედულებების, ზოგადად, გემოვნების დემოკრატიზაციის შედეგიც არის.
ამრიგად, ორი შესანიშნავი ლიტერატორის – კრისტიანე ლიხტენფელდისა და ლეონარდ კოშუტის – გარჯის შედეგად მივიღეთ თვალწარმტაცი წიგნი, რომელიც გერმანულ-ქართული მეგობრობის სიმბოლოდაც გამოდგება.
© არილი