პროზა (თარგმანი)

ზედი სმითი – ნელი მდინარე

FILE — Zadie Smith, who is rarely photographed without her head wrap, in New York, Oct. 17, 2016. She is one of 50 writers profiled in Terry Newman’s new book “Legendary Authors and the Clothes They Wore,” which posits that the narrative choices writers make can often be linked to how they dress. (Gabriela Herman/The New York Times)

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

ჩვენ ყველანი ნელ მდინარეში ვიმყოფებით – შენ, მე, ჩვენი შვილები, ჩვენი მეგობრები, მათი შვილები და, საერთოდ, ყველანი. ზოგჯერ ცოტა ხნით ნაპირზე გამოვდივართ, რათა ვისადილოთ, ვიკითხოთ ან გავირუჯოთ, მაგრამ შემდეგ ყველანი ვბრუნდებით ამ მეტაფორულ მდინარეში. ნელი მდინარე – წრიული ფორმისაა. ხელიც რომ არ გაანძრიოთ, დინება წაგიღებთ, შემდეგ კი საწყის წერტილში დაგაბრუნებთ. თუკი შესაძლებელია მსჯელობა მეტაფორის სიღრმის შესახებ, მაშინ უნდა ითქვას, რომ ის სამი ფუტის სიღრმისაა, გარდა მოკლე პერიოდისა, როდესაც მდინარის სიღრმე ექვს ფუტსა და ოთხ დუიმს აღწევს. ამგვარი „წყალდიდობისას“ ბავშვები ყვირიან და ებღაუჭებიან კედლებს ან ახლოს მდგარ მოზრდილ ადამიანს, მანამ, სანამ წყლის დონე კვლავ სამი ფუტის სიმაღლემდე არ დაიწევს. დინება წრიულად გვამოძრავებს. ცხოვრებაც ამგვარია – მიედინება და მიედინება!

ადამიანები სხვადასხვაგვარად იქცევიან. ჩვენი უმრავლესობა ტივტივებს და დინებას მიჰყვება, თუმცა, ზოგჯერ ცდილობს დამოუკიდებლად გაცუროს. ბევრი ადამიანი იყენებს ტივტივის სხვადასხვაგვარ საშუალებებს, მაგალითად, რეზინის კამერებს. ამ საგნებს ხელით, კისრით ან ზურგით ეყრდნობიან და ცხოვრებას იიოლებენ. მართალია, ცხოვრება ბრძოლაა, მაგრამ ჩვენ თავს ვარიდებთ ცხოვრებასაც და ბრძოლასაც – დინებას მივყვებით. როდესაც ნელ მდინარეში შევდივართ, უნდა გვქონდეს საცურაო აღჭურვილობა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით – ხელოვნურ ნაკადში არ ჩავიძირებით. უმეტესწილად გვიზიდავს ძვირად ღირებული, დიდი და უჩვეულო ფორმის მქონე სატივტივო საშუალებები. ისინი ხომ მოდაშია! ისინი ფუფუნების საგნებია! მათი საშუალებით დრო უფრო სასიამოვნოდ გადის ხოლმე. მრავალი რევოლუციის მომსწრენი გავხდებით, სანამ მათი სილამაზე გაცვდება – რამდენიმე ბედნიერი ადამიანისთვის ეს არასოდეს მოხდება, დანარჩენები კი დროთა განმავლობაში მიხვდებიან, რომ მაშველი არ ცდებოდა: ეს სატივტივო საშუალებებები ძალზე დიდია; მათი მართვა ძნელია. უტყუარი ფაქტი კი ისაა, რომ ყველას ნელი მდინარე გვატრიალებს, ერთი და იმავე სიჩქარით, ერთი და იმავე ულმობელი ესპანური მზის ქვეშ, სამუდამოდ, სანამ არ მოვკვდებით.

ტივტივის უნივერსალური პრინციპი ზოგიერთს უკიდურესობამდე მიჰყავს: წყალში უძრავად ტივტივებენ და მოდუნებულ კიდურებს აქეთ-იქით არხევენ, მაგრამ ბოლოს ხვდებიან, რომ ნელი მდინარე თვით გვამსაც კი არ აჩერებს ერთ ადგილას და დინების მიმართულებით მიჰყავს. არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ, დინების საწინააღმდეგო მიმართულებით გაცურონ. მართალია, წინ ვერ მიიწევენ, მაგრამ ერთ ადგილას მყარად დგანან ხოლმე. თუმცა, ეს მდგომარეობა, როგორც წესი, დიდხანს ვერ გრძელდება. ერთმა მოდურად თმაშეკრეჭილმა კაცმა დაიტრაბახა, შემიძლია დინების საწინააღმდეგოდ გავცურო და საწყის ადგილას დავბრუნდეო. მისმა ჰიპსტერმა ცოლმა წააქეზა, სცადეო, მაგრამ როდესაც ეს კაცი შეტრიალდა და დინების საწინააღმდეგო მიმართულებით გაცურვა სცადა, არაფერი გამოუვიდა.

* * *

ნელი მდინარე მეტაფორაცაა და, იმავდროულად, წყლის ხელოვნური ნაკადიც ქ. ალმერიაში, სასტუმროს მახლობლად, სამხრეთ ესპანეთში. სასტუმროდან არ გამოვდივართ (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საცურაო აღჭურვილობებს ვყიდულობთ). აქ მუქთად შეგვიძლია დავლიოთ იმდენი ალკოჰოლური სასმელი, რომ სასტუმროში, ფაქტობრივად, უფასოდ ვცხოვრობთ (სასტუმროს მხოლოდ ყველაზე ვულგარული ბინადარნი ლაპარაკობენ ამის შესახებ ხმამაღლა, მაგრამ ფარულად ყველანი ვეთანხმებით ამ აზრს). სასტუმროში მხოლოდ ბრიტანელები ვართ, ამიტომ ჩვენს თავისუფლებას არაფერი ზღუდავს. აქ ვერც ერთი ფრანგი ან გერმანელი ვერ დაგვძრახავს იმის გამო, რომ უარს ვამბობთ პაელიასა და შიმშერზე და უპირატესობას ძეხვსა და ჩიფსებს ვანიჭებთ; ვერავინ გაგვკიცხავს იმის გამო, რომ, შეზლონგებზე წამოწოლილებს, ლიტერატურის აბსტრაქტულ სამყაროს რეალური სუდოკუ გვირჩევნია. ერთ-ერთ ჩვენგანს – მოხუც ჯენტლმენს, ორივე წვივზე ემი უაინჰაუზის პორტრეტი აქვს ამოსვირინგებული, მაგრამ ამის გამო არ ვკიცხავთ. ან კი რატომ უნდა გავკიცხოთ? ემის მსგავსი არც ისე ბევრი კერპი დაგვრჩა და ვუფრთხილდებით მას. ემი ჩვენს ყველაზე სანუკვარ განცდებს გამოხატავდა, ისე, რომ არ დასცინოდა და არ აკნინებდა მათ. ამიტომ საღამოობით, როდესაც ნელი მდინარიდან გამოვდივართ, ვსვამთ, ვუსმენთ მის ცნობილ სიმღერებს, კარაოკეს დროს თვითონაც ვმღერით მათ და ვიცით, რომ დიდი ხნის შემდეგ, როდესაც ყოველივე დამთავრდება, ეს სიმღერები ჩვენი დაკრძალვის დროს გაიჟღერებს.

მაგრამ კარაოკეთი გასულ ღამეს გავერთეთ; ამ საღამოს კი სტუმრად ილუზიონისტი გვყავს, რომელსაც სრულიად მოულოდნელი ადგილებიდან ბოცვრები ამოჰყავს ხოლმე. შემდეგ დასაძინებლად ვწვებით და ბოცვრები გვესიზმრება. ვიღვიძებთ და კვლავ ნელ მდინარეში შევდივართ. გსმენიათ ცხოვრების ციკლურობის შესახებ? სწორედ ასეთი რამაა. განუწყვეტლივ ვუბრუნდებით ერთსა და იმავე ადგილს. არა, არ გვინახავს მავრიტანული შენობების ნანგრევები. და არ ავალთ შიშველ, გადახრუკულ მთებზე. არც ერთი ჩვენგანი არ წაიკითხავს რომანს, რომელშიც მოქმედება აქ, ალმერიაში ხდება და ამის გამო არავინ დაგვგმობს.

ნელი მდინარის მახლობლად მყოფთ სამართლიანობის ან უსამართლობის საკითხები არ გვაღელვებს, მაგრამ ბრმები როდი ვართ – აეროპორტიდან რომ მოვდიოდით, თვალი მოვკარით პომიდვრის სათბურებს – და დავინახეთ აფრიკელები, რომლებიც იქ თაკარა მზის ქვეშ მუშაობდნენ. როდესაც მათ ვაკვირდებოდი, ავტომანქანის ფანჯრის მინას თავით მივეყრდენი და თითქმის ისე, როგორც მოსემ ალმოდებული მაყვლოვანი დაინახა, მირაჟი ვიხილე. ეს იყო პატარა კალათი, რომელშიც ცელოფანში გახვეული პატარა პომიდვრები ეწყო. კალათი მავრიტანული შენობის ნანგრევთა შორის იდო. ეს სურათი ჩემთვის ისეთივე რეალური იყო, როგორც საკუთარი ხელი. ამ კალათის თავზე დავინახე შტრიხკოდი, ხოლო შტრიხკოდის ზემოთ ეწერა `ესპანური პროდუქტი – ალმერია~. ხილვა გაქრა. პომიდვრების შესაძლო მითვისების გამო  ვერც მე და ვერც ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც იმხანად სამხრეთ ესპანეთში შვებულებას ატარებდა, აფრიკელების აუგს ვერ ვიტყოდით. რა უფლება აქვს ვინმეს, რომ პირველად ესროლოს ქვა…

* * *

სრული სიმართლეა, რომ ჩვენ, ინგლისელები, ესპანეთის რუკაზე ვერ მივუთითებთ ნელ მდინარეს, მაგრამ ეს არც გვჭირდება, რადგან გამუდმებით ამ მდინარეში ვიმყოფებით და წყლიდან მხოლოდ იმისთვის გამოვდივართ, რომ საცურაო აღჭურვილობა შევიძინოთ. როგორც ზემოთ ვთქვი, ისიც სიმართლეა, რომ ჩვენმა უმრავლესობამ ბრექსიტს მისცა ხმა და, მაშასადამე, არ ვიცით, მივიღებთ თუ არა ვიზას გაისად, რათა ნელ მდინარეში დავბრუნდეთ. ამაზე მომავალ ზაფხულს ვიზრუნებთ. ჩვენ შორის არის რამდენიმე განათლებული ლონდონელი პიროვნება, რომლებიც მეტაფორის არსში კარგად ერკვევიან, კონტინენტალურ ევროპაში რჩებიან და დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მიცურავენ. ყოველთვის, როდესაც ეს ადამიანები ნელ მდინარეში იმყოფებიან, ისინი აფრთხილებენ თავიანთ შვილებს, რომ არ ახრამუნონ უზომო რაოდენობის ჩიფსები და სპეციალური მალამოს საშუალებით თავი დაიცვან მზის ულმობელი სხივებისგან. ნელ მდინარეში ყოფნისას ეს ადამიანები მკაცრად იცავენ გარკვეულ წესებს – არ ცეკვავენ მაკარენას, არ სწავლობენ ზუმბას. ზოგიერთის შეხედულებით, მათ სიცოცხლის ხალისი აკლიათ, სხვების აზრით კი – ასეთი ქცევა დამამცირებლად მიაჩნიათ. გულწრფელად რომ გითხრათ, წყალში ცეკვა ძნელი საქმეა. ნებისმიერ შემთხვევაში, სადილობის ან საცურაო აღჭურვილობის (საფირმო ნიშნის გარეშე) შეძენის შემდეგ ისინი სხვებთან ერთად დაბრუნდებიან მეტაფორაში – ამ წყლოვან ურობოროსში, რომელიც, ჰერაკლიტეს მდინარისგან განსხვავებით, ყოველთვის ერთნაირია, მიუხედავად იმისა, თუ სად შეხვალთ მასში.

* * *

გუშინ ნელი მდინარე მწვანე იყო. არავინ იცის, რატომ. ამის შესახებ უამრავი თეორია არსებობს. ყველა თეორია ურინას უკავშირდება. როგორც ჩანს, წყლის ეს ფერი განპირობებულია ან თვით ურინით, ან იმ ქიმიური ნივთიერებით, რომელიც ურინისგან  წარმოიქმნა. შესაძლოა, ის ქლორზე ან რომელიღაც სხვა ქიმიურ ნივთიერებაზე ურინის რეაქციის შედეგს წარმოადგენს. ჩემი აზრით,  ურინაზე, ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული წყლის ფერის შეცვლა. თვითონაც მომიშარდავს ნელ მდინარეში. მაგრამ თვით ურინა როდი გვაშფოთებს, არამედ ხელოვნური მწვანე ნელი მდინარის ხატი, რომელსაც გონებიდან ვეღარ ვიშორებთ. ნელი მდინარის წრიული დინება, რაც სავსებით ბუნებრივ მოვლენად მიგვაჩნდა, ახლა თითქმის არაბუნებრივად და ძალზე უჩვეულოდ გვეჩვენება. ეს უკვე ცხოვრების მეტად საშიშარი მეტაფორაა. ნელი მდინარის შეცვლილი ფერი მხოლოდ მეტაფორათა მცირერიცხოვან თაყვანისმცემლებს როდი აფრთხობს. ამ გრძნობას ყველა იზიარებს. მას შევადარებდი სირცხვილს, რომელიც იგრძნეს ადამმა და ევამ, როდესაც ერთმანეთს შეხედეს და პირველად მიხვდნენ, რას ნიშნავდა სიშიშვლე.
* * *

რა არის ცხოვრების არსი? როგორ უნდა იცხოვრო „მართებულად“? ჩვენი შეზლონგების პირდაპირ ორ სავსემკერდიან გოგონას ვხედავთ ხოლმე. დები არიან. ყოველ დილას ძალზე ადრე მოდიან და ჩვეულებრივი პლასტმასის შეზლონგების ნაცვლად, თეთრ საწოლებს ამჯობინებენ. ერთი გოგონა თვრამეტი წლისაა, მეორე – ცხრამეტისა. მათ საწოლებზე  ოთხსავე მხარეს თეთრი ფარდებია ჩამოფარებული მზის სხივებისგან დასაცავად. მაგრამ დები ფარდებს გადაწევენ ხოლმე (რის გამოც მათი საწოლები სცენას ემსგავსება) და მზეს ეფიცხებიან. ხშირ-ხშირად ამოწმებენ, რამდენად კარგად გაირუჯნენ და რამდენად განსხვავდება მათი ყავისფერი მუცლები ფერმკრთალი ბოქვენებისგან. გულდასმით ათვალიერებენ თავიანთ ბოქვენებს, სანამ წამოწვებიან.

დები ჩემს ყურადღებას თავიანთი უჩვეულო ფუსფუსით იპყრობენ. ნებისმიერ სხვა დამსვენებელზე მეტ ხანს ატარებენ ნაპირზე და, ძირითადად, იმით ერთობიან, რომ ერთმანეთს მობილური ტელეფონებით ფოტოსურათებს უღებენ. დებისთვის ფოტოსურათების გადაღება შრომის სახეობაა, რომელიც მთელ მათ დროს იკავებს, ისევე, როგორც ნელი მდინარე იკავებს ჩვენსას. ცხოვრების ამგვარ აღბეჭდვას იმდენივე დრო სჭირდება, რამდენიც – თვით ცხოვრებას. „ჩვენ შევდივართ და არც შევდივართ ერთსა და იმავე მდინარეებში. ვარსებობთ და არც ვარსებობთ“ – თქვა ჰერაკლიტემ, და ამასვე ამბობენ დები, როდესაც ფოტოსურათებს იღებენ, აჩერებენ დროის მდინარებას და აღბეჭდავენ იმას, თუ როგორია დროის ესა თუ ის მომენტი და – როგორი არ არის. პირადად მე მათი საქმიანობა გულს მიჩუყებს. დებს შრომის საფასურს არავინ უხდის, მაგრამ ეს მათ არ ადარდებთ.  ფოტოგრაფთა ასისტენტების მსგავსად (რეალური ფოტოსესიების დროს), ისინი თავდაპირველად ამზადებენ ადგილს, ასუფთავებენ მას, მსჯელობენ შუქის შესახებ და, თუ საჭიროა, სხვა ადგილას გადააქვთ საწოლი, რათა ფოტოსურათზე არ აღიბეჭდოს ნაგავი, დაცვენილი ფოთლები, მოხუცი დამსვენებლები. ადგილის მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება. გადასაღებ ადგილას კანფეტის ერთი ქაღალდიც კი არსად უნდა ეგდოს. შემდეგ დები ალაგებენ რეკვიზიტს: ვარდის ფურცლებს, უჩვეულოდ გაფორმებულ კოქტეილებს, ნაყინს (რომელსაც ფოტოსურათებს უღებენ, მაგრამ არ შეექცევიან) და ერთადერთ წიგნს, რომელიც მხოლოდ ფოტოსურათის გადაღების დროს გამოიყენება და (შესაძლოა, ეს მხოლოდ მე შევნიშნე) თავდაყირა დევს. მზადების ეტაპზე თითოეულ დას უკეთია უბრალო შავი სათვალე. როდესაც ერთ-ერთი მათგანი გადასაღებად მზადაა და გარკვეულ პოზას იღებს, ის თავის სათვალეს დას გადასცემს. განა მათი მუშაობა მძიმე შრომა არაა, თუნდაც მისი სირთულის ხარისხი სხვადასხვანაირი იყოს? ისინი ხომ აღბეჭდავენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას,რომლის შეფასებას ან კომენტირებას მოგვიანებით შეძლებენ. ჩვენ რაღას ვაკეთებთ? ნელ მდინარეში დავცურავთ?

* * *

სასტუმროს უკანა კარის მახლობლად, სამი წუთის სავალზე, არის სასეირნო გზა, სადაც საღამოობით შეგვიძლია გავერთოთ რამდენიმე საათის განმავლობაში, სანამ ნელ მდინარეს ასუფთავებენ. ერთ-ერთი ამგვარი გასართობი, რა თქმა უნდა, ზღვაა, მაგრამ მათ, ვინც მიეჩვია ნელი მდინარის ქლორიან, მაგრამ რბილ წყალს და სწრაფ, მაგრამ მართვად დინებას, უჭირთ ზღვასთან შეგუება, ეუცხოებათ მისი მლაშე წყალი და გრეხილი ფორმის კუნძულები, რომ არაფერი ვთქვათ თევზებსა და უსაზღვრო ჰორიზონტებზე, რომლებიც ზღვის სიღრმეზე მიგვანიშნებს. ზღვის სანაპიროს არ ვეკარებით – ვსეირნობთ. ჩვენ წინ მიდის ორი ქალი, რომლებიც მსურველებს – გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ – თმას უწნავენ ხოლმე. რამდენიმე წუთის შემდეგ ბატუტებამდე მივდივართ. დღეს ყველაზე გრძელი მანძილი გავიარეთ მას შემდეგ, რაც ჩვენი არდადეგები დაიწყო. ასე „ბავშვების ხათრით“ მოვიქეცით. ვუყურებთ, როგორ დახტიან ისინი ზემოთ-ქვემოთ მეტაფორაზე, ჩვენ კი დაბალ კედელზე ვსხედვართ (პირით ზღვისკენ) და სასტუმროდან მოტანილ არაყს შევექცევით. ალბათ, ბატუტი ნელ მდინარეებზე უფრო ტევადი მეტაფორაა. ცხოვრება სწორედ რომ ზევით-ქვევით ხტუნვაა, თუმცა, ბავშვებს ქვევით ვარდნა განსაკუთრებით აღაფრთოვანებთ – მაშინ, როდესაც ჩვენ ზევით ატყორცნა რამდენადმე აბსურდულად და დაუჯერებლად წარმოგვიდგება ხოლმე; მას ცხოვრების მაცდურ, ეშმაკურ ფანდად მივიჩნევთ, რაც უფრო იშვიათია, ვიდრე – სისხლისფერი მთვარე…

ჰო, მართლა, იმ ღამეს სისხლისფერი მთვარე იყო. დამიჯერეთ: სამხრეთ ესპანეთი უფრო მეტაფორულად მიემართება რეალობას, ვიდრე – ყველა ის ადგილი, სადაც კი ვყოფილვარ. სისხლისფერ მთვარეს – 2017 წლის იმ საოცარ მთვარეს – ვუყურებდით და იმ მომენტში ყოველი ჩვენგანი ხვდებოდა, რომ ამგვარი შვებულება არასოდეს გვქონია. ყველაფერი მშვენიერი იყო. მთვარე ბავშვებს თავის წითელ სხივებში აბანავებდა და ზღვას ცეცხლს უკიდებდა.

* * *

შემდეგ ბატუტზე ხტუნვის დრო დასრულდა. ბავშვები გაშმაგდნენ. როდესაც ბატუტიდან გადმოგვყავდა, წიხლებს გვირტყამდნენ და გვკაწრავდნენ, მაგრამ ჩვენ არ ვუთმობდით. ვაკავებდით და არ ვეწინააღმდეგებოდით მათ ჟინიანობას, ისევე, როგორც არ ვეწინააღმდეგებოდით ხოლმე მათ ბავშვურ ისტერიკებს – იმ ჭეშმარიტი აღშფოთების სუბსტიტუტებს, რომელიც მათთვის, რა თქმა უნდა, ჯერ უცნობი იყო. ერთ მშვენიერ დღეს – დაახლოებით 2050 წელს, წინასწარმეტყველთა თანახმად – ისინი წაიკითხავენ (მაგალითად, ვებ-გვერდზე) ახლანდელი დროის შესახებ. იმ წელს ისინი დაახლოებით ჩვენი ასაკისანი იქნებიან და შეიტყობენ, რომ ყველაფერი როდი ტრიალებს. ზოგიერთი რამ ვერტიკალურად, ზევით-ქვევით მოძრაობს. სასტუმროსკენ მიმავალნი, ვჩერდებით ქალებთან, რომლებიც თმას წნავენ – ერთი სენეგალიდანაა, მეორე კი – გამბიიდან. სისხლისფერი მთვარის ქვეშ, რომელიც კინემატოგრაფიულ სხივებს აფრქვევს, ჩვენ მათი კონტინენტის ნაპირს ვხედავთ. ამ ქალებს ეტყობათ, რომ ნელ მდინარეში დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვა შეუძლიათ. და განა ასე არ იქცევიან? ერთ მათგანს მარიატუ ჰქვია, მეორეს – სინტია. ათ ევროდ ისინი სენეგალურ ყაიდაზე დაგიწნავენ თმას ან ბრედებს გაგიკეთებენ. სამ ჩვენგანს თმის დაწნა სურს. ქალები მუშაობას იწყებენ. მამაკაცები სათბურებში არიან. პომიდვრები მაღაზიებშია. მთვარე ცაზეა. ბრიტები ევროპას ტოვებენ. „ესპანეთში ცხოვრება ძნელია“, გვეუბნება მარიატუ, – „ძალიან ძნელი“. „კარგად რომ იცხოვრო, “ – დასძენს სინტია და ჩვენს ქალიშვილს უნებურად თმას წიწკნის, რის გამოც გოგონა კრუსუნებს, – „ბევრი უნდა იწვალო“.

როდესაც სასტუმროს ჭიშკართან მივდივართ, უკვე ბნელა. ოცი წლის ტყუპებს – რიკოს და როკოს, რომელთაც ხუჭუჭი თმა უბზინავთ, ვიწრო თეთრი ჯინსები აცვიათ და შარვლების ჯიბეეში ერთნაირი აიფონები უწყვიათ – თავიანთი საქმიანობა დაუმთავრებიათ და ყუთში რეკვიზიტს აწყობენ. „იქს-ფაქტორის შოუზე მეორე ადგილი დავიკავეთ ესპანეთში“, გვეუბნებიან ისინი ჩვენი შეკითხვების პასუხად. ღამე მშვიდობისას ვუსურვებთ და ვცდილობთ, ჩვენმა გოგონებმა არ დაინახონ ძმების შარვლების ამონაბურცები, რომელთა შესახებ მათ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში არაფერი უნდა იცოდნენ (ყოველ შემთხვევაში, სანამ თორმეტი წელი არ შეუსრულდებათ). ლიფტებში მეგობრებს ვშორდებით და ავდივართ ჩვენს ოთახში, რომელიც არაფრით განსხვავდება ამ სასტუმროს სხვა ოთახებისგან. შვილებს საწოლებში ვაწვენთ დაჩვენo ლეპტოპებითა და ტელეფონებითურთ აივანზე ვსხდებით. ჩემი ქმრის ტვიტერს ვათვალიერებ, ისე, როგორც ვიქცევი ყოველ ღამე, იანვრიდან მოყოლებული. სხვა აივნებზეც სხედან მამაკაცები და ქალები, რომლებიც იმავე საქმიანობით იქცევენ თავს. ქვემოთ მიედინება ნეონისფრად ლურჯი, თვალისმომჭრელად ლურჯი, ფეისბუქურად ლურჯი ნელი მდინარე. მასში მდგარი მამაკაცი ჯაგრისიანი გრძელი ჯოხით ასუფთავებს ნელი მდინარის ფსკერსა და ნაპირებს ჩვენ მიერ დატოვებული ნაგვისგან.

© The New Yorker, 2017, 18 & 25 დეკემბერი

[1] ნელი ანუ „ზარმაცი“ მდინარე – გასართობი ინფრასტრუქტურის პოპულარული ელემენტი ნებისმიერ აკვაპარკში. ესაა აუზი, რომელიც გაფორმებულია რამდენიმე ათეული (ზოგჯერ რამდენიმე ასეული) მეტრის სიგრძის მდინარის სახით. საგანგებო ტუმბოების მეშვეობით წყლის ნაკადი წამში 0,5-1,5 მ სიჩქარით მოძრაობს. ნელი მდინარის სიღრმე 0,8-1,2 მეტრია.

Facebook Comments Box