პროზა

ლევან შატბერაშვილი – ჩია ნაბიჯები

რაც უფრო მეტად ჭკვიანი ხდები, მით უფრო

მეტი სისულელის თქმის უფლება გეძლევა.

მარსელ პრუსტი

ზამთრის სუსხიან საღამოს, 45 წლის ახალგაზრდა და პერსპექტიული ქართველი მწერალი ზაალ ბურდულაძე ბერლინში, მარქსისა და ენგელსის ქანდაკებასთან იდგა და ასევე პერსპექტიულ და ახალგაზრდა ქართველ ფილოსოფოსს, 43 წლის, ლომერ შალამბერიძეს ელოდა. ლომერი და ზაალი მეგობრები არ იყვნენ, მაგრამ თბილისური ჭორ-მართლის გადამკიდეებს ერთმანეთზე ცოტა რამ სმენოდათ, თუმცა შეხვედრამდე ორივეს მოესწრო მეგობრებისგან მცირედი ცნობების მოძიება.

მიზეზი, რის გამოც ეს ორი სუბიექტი ერთმანეთთან შეხვედრას აპირებდა, მარტივი იყო: მათი ცოლები ნაცნობები იყვნენ, თანაც ისეთი, რომ ხანდახან მეგობრებსაც კი უწოდებდნენ ერთმანეთს. ისინი პერიოდულად ფეისბუკზე ცვლიდნენ ხოლმე აზრებს და ასევე ევროპის ინტელექტუალურ-არტისტული დედაქალაქის შესახებ თავიანთ შთაბეჭდილებებსაც. თუმცა ერთხელაც ისე მოხდა, რომ ვირტუალური ინტერაქციით ვეღარ დაკმაყოფილდნენ, უფრო სწორად, ჩათაობით ვეღარ დაძღნენ და გადაწყვიტეს, ქმრებიც დაეახლოვებინათ, რომლებიც, ისე მოხდა, რომ იმჟამად ბერლინში იყვნენ – ერთი სამეცნიერო კონფერენციაზე იყო ჩასული, მეორეს კი ლიტერატურული სტიპენდია მოეპოვებინა და თავის მორიგ რომანს წერდა. მათი აზრით, ეს ძალიან კარგი შანსი იყო ამ ორი საინტერესო ინტელექტუალის დასამეგობრებლად.

ზაალი უფრო მეტად მარქსის ქანდაკებასთან სცემდა ნერვიულ ბოლთას, რადგან ენგელსი მაინც მეორეხარისხოვან მოაზროვნედ მიაჩნდა. მისი მწერლურად ნატიფი თითები, გადაჭრილი ხელთათმანების გავლით უკავშირდებოდნენ ბერლინის ცივ ჰაერს. კოპწია ბლანჟეთი ალყაშემორტყმული ტუჩები, სიცივისა და მარადიული ნერვიულობისგან აკანკალებული, დახვეწილი ფალანგების დახმარებით, ღრმა ნაფაზებით ისრუტავდნენ სიგარეტის კვამლს.

ბურდულაძის მზერა გაწვდილი იყო ბერლინის ჰორიზონტალური პეიზაჟისკენ, რომელიც მისთვის ევროპის წიაღში წარმოშობილ თანასწორი ცხოვრების ერთგვარ სიმბოლოსაც წარმოადგენდა. გარდა ამისა, მისი ამგვარი შვეული სიმპათია ასეთი თარაზული არემარესადმი, სულაც არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საფრანგეთის რევოლუციის მიერ მოტანილი თანასწორობისა და ძმობის რევოლუციური იდეებით – მას მართლაც ძლიერ უყვარდა სწორი რელიეფი, რადგან როდესაც იგი ამ ქალაქის ბრტყელ ბუნებაზე ფიქრობდა, მის არაცნობიერში უცნაური სიამაყის გრძნობა წამოტივტივდებოდა ხოლმე, დაკავშირებული მშობლიურ უბან – ვაკესთან – რომელიც ერთის მხრივ ჭირის დღესავით სძულდა, ვითარცა აკვანი ყოველი ეთნიკურ/ურბანული მანკიერებისა, მაგრამ მეორეს მხრივ კი უყვარდა კიდეც, რადგან მისთვის ეს ერთგვარი სარკმელი იყო ევროპაში – ზიარება განმანათლებლობის, ტოლერანტობის და თავისუფლების სამყაროსთან.

ზაალის მეხსიერებას არასდროს ტოვებდა ბაბუის წიგნის კარადა – კლასიკოსთა ტომეულების ლამაზად ჩაწიკწიკებული რიგები, ჟურნალის მაგიდაზე შემოქმედებითი უწესრიგობის პრინციპით მიმოფანტული „მნათობის“, „ცისკარის“ თუ დეფიციტური „ინასტრანკის“ ახალ-ახალი ნომრები, შემდეგ უკვე ახალგაზრდული ვაკური „ტუსოვკები“ და ა. შ. მაგრამ სიმართლისთვის უნდა აღინიშნოს, რომ იგი ყოველთვის უკომპრომისოდ ებრძოდა მასში არსებულ სნობურ დანალექებს, განსაკუთრებით კი ისეთებს, რომლებიც მანკიერი ქართული საზოგადოებიდან იღებდნენ დასაბამს, თუმცა დანალექებს შორის ერთადერთი გამონაკლისი გახლდათ დანალექი ნალექიანი ყავისა, რომლის სიყვარულიც მასში ჯერ კიდევ ბავშობიდან გააღვივა მისმა ბებიამ (ქალაქში ინტელიგენტი ქალისა და აკადემიკოსის მეუღლის სახელი ფრიად სამართლიანად რომ დაემკვიდრებინა). აქვე ახსენდებოდა ყავის არომატით გაჯერებული სახლი, ბებიის დარბაისლური, დინჯი, არისტოკრატული ნაბიჯი, ჯეზვეთი ხელში რომ დადის მუხის პარკეტით მოპირკეთებულ ჭრიალა იატაკზე… ახსენდებოდა მოხუცი მამაც… მაგრამ ზაალი, ამ დროს, სასწრაფოდ გახიზნავდა ხოლმე ამგვარი მავნე თვითცნობიერების ნაკადებს წინარეცნობიერის მოუსავლეთში, რადგან მის დახვეწილ ბუნებას არაფრით ეკადრებოდა მის ცნობიერებასთან შეუთავსებელი მოგონებებით დატვირთვა. სწორედ ამ მიზეზით, ზაალმა ელვის უსწრაფესად მიაბრძანა ვაკეზე ფიქრი ზემოთ  ხსენებული ერთ-ერთი ცნობიერის (ან არაცნობიერის) რომელიღაც მიგდებულ უჯრაში, სიგარეტს ნაზაფი ჰკრა, მჭმუნვარე სახით ახედა ენგელსის ქანდაკებას და გაიფიქრა – „მე რა ვქნა, მე?“. ჩაეღიმა, გულის გამოუთქმელ სიღრმეში მოეწონა კიდეც თავისი ხუმრობა, რადგან ძალიან უყვარდა თვითირონია, მაგრამ მასშივე არსებული თვითკრიტიკულობის უშრეტი წყარო არაფრით აძლევდა უფლებას დადებითი შეფასება მიეცა თუნდაც ესოდენ მცირე, მაგრამ მოსწრებული იუმორისტული ალუზიისთვისაც კი.

… და როცა ზაალი ამგვარ ფიქრებში იყო გართული, ბერლინის ქუჩებში ლომერ შალამბერიძის მოკლე და დინჯი, თუმცა ძალუმი ნაბიჯების მკაფიო ხმა გაისმა. თავისი მკაფიოობით, ეს ხმა ჩამოჰგავდა 80-იანი წლების ბოლოს ან 90-ანების დასაწყისში გადაღებულ ქართული ფილმების დასაწყისს, სადაც მთავარი გმირი რომელიმე უკაცრიელი და ბნელი შენობის დერეფანში მოაბიჯებს, მისი ნაბიჯების ხმა კი ავსებს უკაცურ სახლსა და ცარიელ სივრცეს მის გარშემო, ავსებს უბადრუკი ბიჭბუჭობით დასახლებულს ქალაქს და, რაც მთავარია, ავსებს კინოთეატრში მისული სამი ან ოთხი მაყურებლის მიგდებულ და გაპარტახებულ გულს.

ლომერ შალამბერიძე თავკერძა გოლიათივით მოუყვებოდა ბერლინის ნაცრისფერ ქუჩებს. იგი ისეთივე ეული და გულოვანი იყო როგორც ღვინისფერი მდინარე, შხულითა და ღიღინით რომ მოაპობს ხოლმე მტრულად განწყობილ კალაპოტს და თუკი რამე არ მოეწონება, ჩვეული ვაჟკაცობით – ხალასად ავარდება თავხედი ნაპირების გასწვრივ, ლაჩრულად განლაგებულ ჭალაში, ცხვირ-პირს მიუმტვრევს მას და შემდეგ ვითომც აქ არაფერიო, ისევ ონავრულად განაგრძობს თავის მხიარულ და ფათერაკიან მოგზაურობას.

ლომერის წითელქუდას მგელივით დიდი ყურები თეთრი სადენებით უკავშირდებოდნენ ჯიბეში ჩამალულ ძველმოდურ სიდი-ფლეიერს, რომლიდანაც ჯონ კოლტრეინის „Giant Steps“-ის ველური ცხენებივით მოჭიხვინე და გაუხედნავი ჰანგები იღვრებოდა. მუსიკა სულს ედებოდა, სული კი სხეულს, ამის გამო ლომერის ყოველი ნაბიჯი მართლაც გოლიათურად წარმოისახებოდა. მაგრამ მიუხედავად ამ ხანძრისა, რომლიც მის თავში გიზგიზებდა, ლომერი გარეგნულად ცდილობდა, რაც შეიძლება მეტად შეენარჩუნებინა სიმშვიდე; რაც, უნდა ითქვას, რომ გამოსდიოდა კიდეც – თუმცა, თუ ვინმე სათნო გულით კარგად დააკვირდებოდა, მაშინვე იგრძნობდა, რომ მიუხედვად იმისა, რომ ქარი არ ჩანდა, იგი მაინც ედებოდა და აზანზარებდა ლომერის სულში ამაყად აზიდულ ესთეტიურ მწვერვალებს.

ლომერს ტანთ ემოსა მოწითალო და მოლურჯო ფერების კუბოკრული, მოგრძო ხის ღილებით გაწყობილი მოკლე პალტო, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსებას მისი ლამაზი კაპიუშონი წარმოდგენდა – ეს პალტო მას სოლიდურობის გარდა, რომანტიული პოეტურობით გაჟღენთილი მოაზროვნის იერს სძენდა… კაპიუშონს კი მოფერებით „ჩაბალახად“ მოიხსენიებდა… მის ჭკუით გატენილ თავს სქელი, ნაქსოვი ზამთრის ქუდი, ხოლო მშრომელ ხელებს – შავი ტყავის ხლეთათმანები ჰფარავდა. ლაიბნიცისეული ოპტიმიზმით გაჯერებული ნაბიჯის გარანტად ტყავის მაღალყელიანი ბატინკები ქცეულიყვნენ, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ მისცემდნენ ყანყალა კოჭებს შედრკომისა ან გადაბრუნების უფლებას, ხოლო ცოტა ზევით განლაგებულ მუხლებს თავდაჯერებულობასა და მგლის ძალას სძენდნენ.

მასაც ძლიერ უყვარდა ბერლინის ფართე, თუმცა მინიმალისტური პეიზაჟები, მაგრამ თავის მოვალეობად თვლიდა, ყოველთვის გარკვეული შედარებები გაეკეთებინა საქართველოსა და ყველა იმ ქვეყანას შორის, რომელშიაც ჩასვლა უწევდა ხოლმე. თვითონაც არ მალავდა, რომ შეფასებებში ტენდენციური იყო – რა თქმა უნდა, სამშობლოს სასარგებლოდ: „რა ვქნა? მე ხომ იცით, სუბიექტური ვარ, ჩემი მირჩევნია…“ ამბობდა ხოლმე ამაყი სიმორცხვით.

ლომერის ლმობიერება სამშობლოს მიმართ მხოლოდ მისი პატრიოტული გრძნობებით კი არ იყო გამოწვეული, არამედ ფილოსოფიური რწმენითაც. მიუხედვად იმისა, რომ მან ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში მიატოვა გრძნობათა ხმელეთი და აზროვნების ოკეანეში ჭყუმპალაობას მიჰყო ხელი, მისთვის მაინც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა საფუძვლების და ფუნდამენტების პოვნას. მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც ფიქრობდა, რომ ხმელეთის არ იყოს, ზღვაც ერთგვარი ფუნდამენტი შეიძლება ყოფილიყო, იმ შემთხვევაში, თუ მოცურავეს ოსტატობა არ დაეწუნებოდა. ამიტომ, ლომერისთვის, ცურვასთან დაკავშირებით არ არსებობდა ამგვარი სკეპსისის საფუძველი. მაგრამ მის წარმოდგენაში არსებობდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რწმენა, რომელიც მისთვის ეკვივალენტური იყო ნებისმიერი ცოდნისა, ეს რწმენა კი იმაში მდგომარეობდა, რომ თუკი რაიმეს ჰქონდა დასაწყისი, მას დასასრულიც უნდა ჰქონოდა. მას არ სჯეროდა უსასრულობაში გასროლილი ისრების უსასრულოვე მოძრაობისა, პირიქით, დარწმუნებული იყო, რომ ყოველ გარიჟრაჟს აუცილებლობით მწუხარე დაისი მოსდევს. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი რწმნა დასასრულის რწმენაში მდგომარეობდა, ეს არა მარტო მისი ფილოსოფიური კრედო იყო, არამედ ფსიქოლოგიური ფუნდამენტი, რომელსაც საფუძველი ბავშვობაში ჩაეყარა, როდესაც განმარტოებული წარმოიდგენდა ხოლმე თუ როგორ დაიღუპებოდა გმირულად ბრძოლის ველზე და როგორი ცხარე ცრემლით დაიტირებდა მას სამშობლო, ოჯახი, მეგობრები… შესაბამისად, მას ჰქონდა ღრმა რწმენა ადამიანის გონების სასრულობისა და თუკი შეგრძნება მისთვის ხმელეთზე გადაადგილების, ცურვა კი აზროვნების შესაბამისი იყო, ფრენა მისთვის ადამიანის იმ აქტივობებს მიეკუთვნებოდა, რომლის დასაწყისიც ყოველგვარი ადამიანურის დასასრულთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ლომერს სჯეროდა სამშობლოსთან განუშორებლობის ამბავი, სჯეროდა იმ ნიდაგის, რომელზეც გაჩნდა და არ აპირებდა სადმე ფეხი დაცდენოდა და რომელიმე უფსკრულში ჩაშვებულიყო ფრენა-ფრენით. ლომერის ინტელექტუალური ცხოვრება, დატვირთული პატრიოტული იდეებით, ჰეროიზმით, როცა საკუთარ სიკვდილს წარმოიდგენდა, მას მუდამ თავისი სხეული დაუდგებოდა თვალწინ, გარშემორტყმული მასზე მგლოვარე ადამიანებით – მოკლედ, არყოფნის სხვებთან ერთად ყოფნისგან დამოუკიდებლად წარმოდგენა თითქმის შეუსრულებელი ამოცანა იყო მისთვის. თუმცა მას, ხშირ შემთხვევაში, ამ აზრების დამალვაც უწევდა (რათა ანგარიში გაეწია ქართული საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომლის მიმართ, ერთის მხრივ, საშინელ ზიზღს განიცდიდა, მეორეს მხრივ კი, მათ წრეში ინტელექტუალური გოგმანი განუზომელ სიამოვნებას ჰგვრიდა).

– გამარჯობა ზაალ! – შესძახა ლომერმა და მარჯვენა ხელზე ხელთათმანი წაიძრო, რათა ხელის ჩამორთმევისას ხაზი გაესვა თავის რაფინირებული მანერებისთვის.

– გამარჯობა?! – ნაძალადევი დაბნეულობით უპასუხა ზაალმა – თქვენ ალბათ ლომერი ბრძანდებით ხომ? – და გადაჭრილი ხელთათმანით მორთული მტევანი გაუწოდა საპასუხოდ.

– დიახ, დიახ – უცნაური სიამოვნებით გაჯერებული ხმით უპასუხა ლომერმა.

ეს სიტყვები თქვეს თუ არა, მათ შორის რამდენიმე წამით სიჩუმემ დაისადგურა. სიჩუმეს ამას ჩვენ ვამბობთ, სინამდვილეში კი მათ შორის უფსკრული გაჩნდა. დაუძლეველი და გადაულახავი, როგორც წყნარი ოკეანე, და ამის გამო ეს მართლაც თითებზე ჩამოსათვლელი წამები ლამის სავალალო უსასრულობად გარდაისახა. ისეთად, როდესაც ფიქრობ, რომ მიაღწიე დათქმულ მიზანს, მიხვედი მასთან და ამ დროს ამოუცნობი ბოროტი გენია წამის კიდევ ერთ ჩარექს მიუმატებს დროს, ბოროტ და წვეთ-წვეთა უსასრულობად აქცევს, რომლის საშუალებითაც ყოველთვის გამარცხებს, კიდევ ოდნავ გადადებს შენს თითქოსდა გარდაუვალ და ლამის კარის ზღურბლთან მდგომ ტრიუმფს, კიდევ ერთი წამით, მცირედის უმცირესით გადააჩოჩებს, ისე რომ, ვერაფრით ახერხებ, ღვთაებრივი სიცილით სახეშემკულმა სიამაყით შემოსძახო – შეჩერდი წამო! რადგან წამის შეჩერებას მხოლოდ მაშინ თუ აქვს აზრი, მიზანი მიაღწეული როა…

ორივე ძალიან დაბნეული იყო და ამ უსასრულო უხერხულობის თუ უხერხული უსასრულობის დასაძლევად თუ განსამუხტად, ერთდროულად დაჰკრათ გადაკოცნის იდეამ თავში, მაგრამ უცხოობით მოერიდათ – ერთსაც და მეორესაც გულმა რაღაცნაირად რეჩხი უყო – თუკი გადაკოცნიდნენ ერთმანეთს, გადაკოცნის ინიციატორი მომავალში შესაძლოა დაცინვის ობიექტად ქცეულიყო – ამა თუ იმ „ტუსოვკაზე“ შეკრებილი პუბლიკის გულის მოსაოხებლად. შეხვედრა ხომ ისედაც ძალიან უცნაური რამაა, მაგრამ გასაკუთრებით კი ის შეხვედრაა ხოლმე უცნაური, როდესაც ორი ისეთი კაცი ხვდება ერთმანეთს, რომლებსაც ღმერთმა უხვად დააბერტყა მსახიობის ნიჭი, მაგრამ იღბალმა ისე უმუხთლა, რომ ერთი ბედის ირონიით მწერლად აქცია, მეორე კი ფილოსოფოსად.

ანდაზა გვეუბნება, რომ „მეთევზე მეთევზეს შორიდანა სცნობსო“, ლომერმა და ზაალმაც წამშივე ამოიცნეს ერთიმეორის არტისტული ბუნება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ – ორივე მსახიობი იყო (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით), რადგან მათ უწევდათ ერთი და იგივე როლის მარადიული თამაში – უწყვეტი, უსასრულო სპექტაკლის გათმაშება, რომელიც არასოდეს არ დამთავრდებოდა, რომელშიაც მთავარ როლსაც თავადვე ასრულებდნენ და დრამატურგიასაც და რეჟისურასაც თავადვე (დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც დამოუკიდებლად) უძღვებოდნენ.

– სადმე ყავა ხომ არ დაგველია? – იკითხა ზაალმა და გულში ესიამოვნა, რომ უხერხულობის საცობიდან ესოდენ დელიკატურად მოახერხა გამოძრომა.

– ყავის რა მოგახსენოთ, მაგრამ ერთ ჭიქა ღვინოს სიამოვნებით დავლევდი… მე ცოტა არ იყოს, ვერ ვერკვევი აქაურ კაფეებში და თქვენ სადაც იტყვით, იქ შევიდეთ.

– ერთი სოციალისტური კაფე ვიცი, მეტროსთან ახლოს, კარგი ყავა აქვთ და იქ შეგვიძლია წავიდეთ…

– ხო, მაგრამ მთავარი ისაა, ღვინო თუ აქვთ!

– ო, აი მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით. მე ხო საერთოდ არ ვსვამ – თქვა ზაალმა, ხმაში უპირატესობის მეტალნარევი ხავერდით გაჯერებული ბგერები გამოურია და სახე წამით ისე დამანჭა, თითქოს ზიზღი ვერ შეიკავაო.

– საერთოდ არ სვამთ? – ახლა უკვე ლომერმაც შეიცხადა და ფილოსოფიური განცვიფრებით დაჭყიტა თვალები.

– ხო, რატომ გაგიკვირდათ, ძალიან არაქართულია? – ზაალმა გამარჯვების მოლოდინში, ტუჩის მარჯვენა კუთხე ჩუმად გააპარა ირონიული ღიმილისკენ.

– არა, რას ბრძანებთ?! პირიქით, ძალიან არაევროპულია – და სასხვათაშორისოდ, ვითომ თავისთვის ჩაილაპარაკა – ამდენი წელია ევროპაში მიწევს სიარული და მგონი აქაურს არავის ვიცნობ, რომ არ სვამდეს.

ზაალს რუდუნებით ნაგები სახე ერთ წამში ისე აენჯღრა, რომ სრული უსასრულო წამი მოანდომა მის მოწესრიგებას. ამ დროს კი ლომერის გულმა ყიჟინა დასცა, უეცრად წარმოიდგინა კიდეც, თუ როგორ მოუყვებოდა არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ შვილიშვილებსაც თავისი ენამახვილობის მცირე, მაგრამ შთამბეჭდავი ტრიუმფის შესახებ. ლომერმა თითქოს სისხლის სუნი იგრძნო და გადაწყვიტა კიდევ ერთხელ მიეტანა შეტევა დემორალიზებულ ზაალზე:

– არადა, ერთხელ მგონი მინახავს კიდეც რომ სვამდით – ერთი-ორი წლის წინ ტაბიძის „მეტრონომში“, გვერდით მაგიდასთან ვიჯექი და მახსოვს, რომ თქვენი მაგიდა კარგა მაგრა სვამდა.

– რა? მე ვსვამდი? – ზაალმა ამჯერად უკვე ვეღარ მოითმინა, მის ხმაში აშკარა გაღიზიანება გაისმა და თვალები პლეხანოველი კაი ბიჭივით დაეკარკლა. თუმცა მაინც მოახერხა, ღრმად ჩაისუნთქა, გონს მოვიდა და სახეც გაასწორა.

ლომერი არც ამ შემთხვევაში ელოდა ასეთ ეფექტს, ზაალის გაღიზიანებამ ისე გაახარა, რომ ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა. მიუხედავად ამისა, არ დაიტყო და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ერთობ გააკვირვა და შეაშფოთა (მეტიც ცოტათი შეაშინა კიდეც) ზაალის რეაქციამ.

– ხო, ალბათ ამერია… – ვითომ საცოდავად და ვითომ თავისთვის ჩაიბურდღუნა მან.

– ხო, პრინციპში არც ვიცი, იმ კაფეში საერთოდ ყიდიან თუ არა ალკოჰოლს – მიუგო უკვე დაწყნარებულმა ზაალმა – მოდით გავისეირნოთ და სადაც მოგვეწონება, იქ შევიდეთ.

– ხო, არაა ურიგო იდეა, თან ფეხს გავშლი ცოტა – მთელი დღეა საწერ მაგიდას ვუზივარ და ცოტა გავარჯიშება არ მაწყენდა.

– ხო, მეც ძალიან მიყვარს ამ ქალაქში სეირნობა. თავისუფლება თუ გინდა გაიგო, აქურობას უნდა იცნობდე კარგად. ალექსანდერპლაცისკენ წავიდეთ და თუ რამე არ შეგვხვდა, ალექსანდერპლაცს მაინც ვნახავთ! – თქვა ზაალმა და გამხდარი ფეხით დაუფიქრებლად გადადგა გრძელი ნაბიჯი…

ნელა მიდიოდნენ, ტაატით, რომ შეგეხედა იფიქრებდი, კი არ დადიან, მედიტირებენო. მათი ზანტი ნაბიჯი აჩქარების სურვილით ნამდვილად არ იწვოდა, აი, გონება კი ნამდვილად უსწრებდა ფეხებს. დროდადრო ჩერდებოდნენ კიდეც, რომ უფრო კარგად გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ საგანზე. ორივე ცდილობდა თავიანთი შთაბეჭდილებები ისე დაწვრილებით და დახვეწილად მოეყოლა, რომ მოსაუბრეს ეჭვი არ შეჰპარვოდა მისი აზროვნების წარმოუდგენელ ინტენსიურობაში.

– ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ჩემს მეგობრებს სულ ვეუბნები, თუ ბერლინი არ გინახავთ, ესე იგი, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას არ ხართ ნამყოფი. ისეთი ადგილია, უბრალო ჩამოსვლითაც შეგიძლია მიიღო განათლება.

– ხო, ნამდვილად კარგია, მაგრამ მე მაგალითად პარიზი მირჩევნია.

-არა, რას ამბობთ, პარიზი ამ თავისუფლების სულთან შედარებით არაფერია. ალბათ ადრე იყო კიდეც საინტერესო ქალაქი, ახლა კი უბრალო მუზეუმია, უფრო კრიმინალური მუზეუმი. პარიზისნაირი კრიმინალური ქალაქი მგონი არც მინახავს. მეგაპოლისია, არეულ-დარეული, ნაგვით სავსე. მაგალითად, აქ ნაგავს საერთოდ ვერ ნახავ და იცი რატომ? – ზაალის ხმას ამ დროს ინტელექტუალური პათეტიკა შეეპარა – იმიტომ, რომ გერმანელს ცნობიერება აქვს ამგვარი. უბრალოდ, არ ყრიან. ნაგვის სიძულვილი გერმანული კულტურის ნაწილია.

– რა თქმა უნდა, გეთანხმებით, მეც თითქმის ყველაფერი მომწონს გერმანული… დაწყებული გერმანული ლიტერატურიდან – გერმანული მუსიკით დამთავრებული. ერთი, გერმანული ფეხბურთი ვერ შევიყვარე ვერაფრით.

მის ვაჟკაცურ ხმაში კეკლუცობის შეუმჩნეველი ნოტები ისმოდა. მაგრამ წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, ზაალმა დრო იხელთა, რათა ცინიკური რეპლიკით მცირე, მაგრამ მტკივნეული დარტყმა მიეყენებინა ახლად გამოჩეკილი მოწინააღმდეგისთვის:

– იმედია, ვერც გერმანული ნაციზმი შეიყვარეთ.

ახლა უკვე ლომერს მოედო ალმური. არ იცოდა რა ეთქვა, ენამოსწრებული პასუხი ვერ მოიფიქრა და თავის მართლება ხომ საერთოდ სისულელე იქნებოდა. გადაწყვიტა, გესლიანი ხუმრობა, უბრალოდ, გადაეყლაპა.

– ჰმ… – უხერხულად ჩაახველა ლომერმა – ნაციზმი იქით იყოს და, ის კიდევ როგორაა? ხო, ხო, ჯვარი აქაურობას… ჰაჰაჰაჰა…

მისმა უნიჭო ხუმრობამ ვერაფრით განმუხტა დაძაბული ატმოსფერო. ნაძალადევი სიცილი ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას. ზაალი პოკერის მოთამაშესავით გაქვავებული სახით იდგა და კმაყოფილი ისუნთქავდა გამარჯვების სურნელს, რომელიც უჩინრად გარეულიყო ბერლინის ნაცრისფერ ჰაერში. ლომერი თავადაც ვერ მიმხვდარიყო რა მოხდა, ბრინჯივით დაბნეული, ისეთი გამომეტყველებით იდგა, თითქოს, დამნაშავეს, ფაქტზე წაასწრესო. ზაალმა ცივსისხლიანი დუელიანტის როლი ბოლომდე მოირგო – თანაგრძნობის ნატამალიც არ წაუცხია… ის იყო გადაწყვიტა უკანასკნელი, ცინიკური და სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინა ენამოკვეთილი ფილოსოფოსისთვის, რომ თავისი საყვარელი მეუღლე გაახსენდა… მიხვდა, რომ დღეს საღამოს, ძილის წინ, როდესაც მას შეხვედრის ყველა დეტალს მოუყვებოდა, ლომერის ქცევის უმცირეს წვრილმანებს ლიტერატურული ოსტატობით ფსიქოლოგიურ პორტრეტის აღსაწერად გამოიყენებდა. თავის მხრივ, ამგვარ დაუნდობლობას, შესაძლო იყო, ამბის რეალისტურობისთვის საფრთხე შეექმნა, რადგან შესაძლოა გაჩენილიყო ეჭვი, რომ ამ ანტიპათიას პიროვნული შუღლი, შური, თუ მსგავსი რამ ედო მიზეზად, ამიტომ ამგვარი ცივსისხლიანობა მთლად კარგად ვერ წარმოჩინდებოდა. არადა, რა კარგი მასალა ჰქონდა ლოგინში მყუდრო საუბრისთვის, როგორ ადვილად შეეძლო ბოლომდე გაეცამტვერებინა ეს პაწაწინა „ბრძენუშკა“ საყვარელი ცოლის თვალებში, თანაც რამდენი ხანია, ყურებს უჭედავდნენ აზროვნების ამ ამომავალი ვარსკვლავის შესახებ ისტორიებით. ოღონდ ეს ამბავი, მხოლოდ საოჯახო სარეცლის კუთვნილებად არ უნდა დარჩენილიყო, ის აშკარად იმსახურებდა უფრო ვრცელ ასპარეზს – ქართველ ინტელექტუალთა ფართო წრეს, ამ ამბის მოყოლის შემდეგ, ლომერის სახელის ყოველ ხსენებაზე მათ სახეებზე გაჩენილ ცინიკურ ღიმილს, ირონიულ გამოხედვას, თუ თავშეუკავებელ ხარხარს. არა, აშკარად სჯობდა, არისტოკრატული ლმობიერება გამოეჩინა, რათა შემდგომში, ჭეშმარიტად გამოესალმებოდა იგი საზოგადოებრივ სიცოცხლეს. ამიტომ ხმაში თაფლიანი რძე გამოივლო და ტოლერანტული ბარიტონით დაუყვავა:

– კლასიკური მუსიკის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ, სხვათა შორის, რაც აქ ძალიან მიყვარს, მუსიკალური მაღაზიებია. თანაც როგორი კოლექციებია… თან ხალხის დამოკიდებულებაა აბსოლუტურად სხვანაირი მუსიკის მიმართ. იმ დღეს ვიყავი „საუნდ მეტაფორში“, ძველ ჩანაწერებს ვეძებდი, ვიღაც მოხუცი კაცი შემოვიდა, კარგად ჩაცმული, ძალიან კარგი „პლაშჩი“ ეცვა, აი, რომ ვერც კი წარმოიდგენ, საქართველოში ვინმე ეგეთი წარმოსადეგი ტიპი რომ ნახო… დიდხანს იქექა ვინილებში და ბოლოს ისეთი ჩანაწერი აირჩია, აი, ქართველი, მაგ ასაკის ან თუნდაც უფრო ახალგაზრდა კაცი რომ არასდროს აირჩევს! წარმოგიდგენია, ჯონ კოლტრეინის ერთ-ერთი იშვიათი ალბომი იყიდა, მგონი Giant Steps ან Ole!

ამ სიტყვების თქმაზე ლამის დანებებული ლომერის გონებაში, თითქოს ძველი სამხედრო მარში აწკრიალდაო, სადა, გამბედავი, სიხარულით აღსავსე, მხოლოდ რიტმული ბარაბანისა და თავნება ფლეიტის ხმებისგან რომ შედგება. გულმა გამარჯვების მოლოდინით უფრო სწრაფად დაიწყო ცემა, ძლივძლივობით მოიკრიბა ძალა, რომ ის საგულეში დაებრუნებინა, ღრმად ჩაისუნთქა და ზაალს, რომელსაც თავზე დაფნის წარმოსახვითი გვირგვინი დაედგა, დაუნდობლად აძგერა მახვილი ენა:

– Giant Steps?!

– ხო, Giant Steps!

როგორც კი ზაალმა ეს სიტყვები გაიმეორა, ლომერმა თავი ვეღარ შეიკავა, ჯერ წამოიფხუკუნა, შემდეგ კი ეს ფხუკუნი დაუფარავ ხარხარად აქცია. დაბნეული ზაალი ვერ ხვდებოდა რა მოხდა, ვერაფრით გაეგო, რა აცინებდა ლომერს.

– რა არის, აქ სასაცილო? განა Giant Steps კოლტრეინის ალბომი არაა? თუ მე მეშლება რამე?

ლომერი მის სიტყვებს მის სიტყვებს ვითომ არც აქცევდა ყურადღებას – შეშლილივით აგრძელებდა სიცილს, როლში შეჭრილი ცრემლებს იწმენდდა, სუნთქვა ეკვროდა, ძლივს ითქვამდა სულს. და როცა კარგად გამოძღა ხარხარით, გადაწყვიტა, ბოლომდე დაესრულებინა როლი და სიცილისგან თავის შეკავების ბოლო სცენა გაითამაშა – ვითომ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და წამოჭარხლებული სახიდან უეცრად მოისხიპა ღიმილი.

– ზაალ, იცი, გემრიელად გამაცინეთ! – თქვა ოდნავი ქოშინით – ხომ გაგიგიათ, სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებსო და აშკარად რამდენიმე წელი მომემატა…

– და სასაცილო რა არის? კოლტრეინი?

– არა, კოლტრეინი სულაც არაა სასაცილო, ჩემი უსაყვარლესი საქსოფონისტია. იმაზე გამეცინა, უფროსი ასაკის ან ცოტა ახალგაზრდა ქართველი არ მოუსმენდაო, რომ თქვით. სწორედ, რომ ამ წუთას ვუსმენდი Giant Steps-ს. მამაჩემმა მაჩუქა ეს დისკი ბერლინში წამოსვლამდე. თვითონ იყო რამდენიმე დღის წინ აქ და „საუნდ მეტაფორში“ შეიძინა. მგონი მამაჩემი ნახეთ მაშინ, აი, ჩემს ყურსასმენებშიც ეგ მუსიკა ისმოდა წეღან, ხომ არ გინდათ მოგასმენინოთ? თანაც, Giant Steps როდის აქეთ არის იშვიათი ალბომი? აი Kulu se mama ან Meditations რომ გეთქვათ, სულ სხვა იქნებოდა.

ამის გაგონებაზე ზაალს ენა გაუშრა, უმწეოდ მიმოიხედა, თითქოს გამვლელებს წყალს თხოვდაო. ლომერს სიამოვნებისგან ტანში ჟრუნტელმა დაუარა, განსაკუთრებით ეს უეცარი იმპროვიზაცია ჰგვრიდა სიამოვნებას, მაინც როგორი ოსტატობით გაათამაშა მამამისის და კოლტრეინის დისკის ამბავი, მაინც როგორ მოაფიქრდა ეს ბრწყინვალე ტყუილი?! თან როგორ გაუმართლა, რომ Giant Steps-ს უსმენდა და არა ჩარლი პარკერს – არა, კოლტრეინი ყოველთვის კარგი არჩევანია!

წარმატებით თავბრუდახვეული ლომერი მალე მოვიდა გონს და გადაწყვიტა, რომ ზაალის მსგავსად მასაც ბოლომდე შეესრულებინა ჰუმანური არსების როლი და თავადვე დიდსულოვნად გამოეყვანა მოწინააღმდეგე უხერხული მდგომარეობიდან:

– აჰ, საუბარ-საუბარში კი მოვედით მგონი რაღაც კაფესთან. ყავაც უნდა ჰქონდეთ წესით და ღვინოც. სხვათა შორის, სადაც არ გავსინჯე გერმანიაში, ორივე ყველგან ძალიან კარგი აქვთ. შევიდეთ?

დაბნეული და გაცეცხლებული ზაალის თავში საპასუხო აზრიც აღარ ჭაჭანებდა, ვეღარფერი მოეფიქრებინა. მისი ისედაც ნერვიული ჰაბიტუსი უფრო ნერვიული გახდა. ხელები ინსტინქტურად ჩაიყო ჯიბეებში, ტელეფონი იპოვა და მაშინათვე ამოიღო – მხოლოდ ტელეფონი თუ გადაარჩენდა. ძალები მოიკრიბა, სრული სერიოზულობით დახედა ეკრანს, მესიჯებში ბოდიალი დაიწყო.

– უი, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ, ჩემს ცოლს მესიჯი გამოუგზავნია, როგორც ჩანს, ჩაწეული მქონდა ხმა და ვერ გავიგე. ვერაა კარგად და უნდა გავიდე… ძალიან ვწუხვარ.

– რამე სერიოზული ხომ არაა? – ფარისევლური მზრუნველობით იკითხა ლომერმა.

– არა, ისეთი არაფერი. ასე ემართება ხოლმე პერიოდულად.

– ძალიან ცუდი, არადა, საინტერესო საუბარი გვქონდა…

– დიახ, დიახ, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა გავიქცე – თქვა ზაალმა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქურობას.

ლომერი გამტკნარებული გამომეტყველებით შეჰყურებდა ბერლინის ნაცრისფერ ზეცას. გამარჯვებული სახით დახედა თავის ძველმოდურ ფლეიერს. ყურსასმენები პარტყუნა ყურებში გაირჭო, კვლავ Giant Steps ჩართო და პატარ-პატარა რიტმული ნაბიჯებით გაუყვა ქუჩას. ბედნიერი იყო. კოლტრეინის სოლოს ძალიან ხმადაბლა აყოლებდა სიმღერას – „ტი რუ რა რუ რა, ნი ნუ, რი რუ რა რუ რა, ბაბ დი დუ, ბაბ დი დუ…“

© არილი

Facebook Comments Box