ესე

ლექსო დორეული – ლევან სონღულაშვილის Noli Me Tangere

Noli me tangere (იოანე 20:17)[1] – ეუბნება მარიამ მაგდალელს მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე, რადგან ის ჯერ კიდევ ფიზიკური და მეტაფიზიკური სამყაროების ზღვარზე იმყოფება და მათ შორის სხეულებრივი კონტაქტი აღარ შეიძლება შედგეს. ლევან სონღულაშვილის ამ სახელწოდების ტილო კი, შეიძლება ითქვას, მთლიანად სწყდება სახარებისეულ პირველწყაროს და შეხების, სულიერი მეტამორფოზის, გარდამავალი ფსიქიკური მდგომარეობების კონცეპტებს იკვლევს.

ტილოზე გამოსახულია შეხების მომენტში გაშეშებული პერსონაჟები, რომელთა უკანაც ფიგურათა ერთმანეთში აზელილი სილუეტების, მათი სხეულების ნარჩენების, ბიოლოგიური მასების, ცის ნანგრევების, შავი ფრინველების ჭურვების ფონი მოძრაობს. ევოლუციური მორევი კი, რომელსაც ისინი ერთობლივად ქმნიან, დაუსრულებლად ტრიალებს. ლევან სონღულაშვილის კიდევ ერთი მონუმენტური ნამუშევრის, „Elysium”-ის მსგავსად ისინი ჩვენგან ზურგშექცევით დგანან. და ამ აორთქლებამდე მისული, მოძრაობაში განლეული, ჰორიზონტთან შეზრდილი სხეულების ქაოსის სიღრმიდან ჩნდებიან ჩვენკენ მომზირალი ბავშვების ფიგურები. ტილოს ცენტრში კი, თითქოს სივრცის წარმოსახვითი ჯვარცმით გაკვეთა სურსო, ადამიანი-მეტასტაზების ეს პროცესია ქალის სხეულს მიასვენებს. რატომ იბადებიან ამ არეულობისა და გარდასახვის გადღაბნილი დინებიდან, ინდივიდუალისტთა ჯოგების შენაკადებიდან ეს კონკრეტული ფიგურები? ადვილად ამოვიცნობთ ომში დაკარგულ ბავშვს, რომელიც უზარმაზარი ტილოს უმცირესი ბინადარია. სწორედ მისი ეს დაჟინებული კონკრეტულობა გვაფიქრებინებს, რომ სრულიად პირობითი და შემთხვევითია ტილოზე ძირითად პერსონაჟთა და მათ უკან აღმოცენებული ფონური ხმაურის განლაგება. წარმოსახვითი მოძრაობა გრძელდება და ერთხელაც პერსპექტივის წინა პლანზე ნამუშევრის სიღრმიდან მომავალი აჩრდილები აღმოჩნდებიან – ჩვენ დავინახავთ მათ წაშლილ სახეებს, ხოლო მზერის ფოკუსში ამჯერად მოქცეული პერსონაჟები ჰორიზონტის შორეულ სივრცეს შეუერთდებიან. ბავშვის ფიგურა თანდათან მოგვიახლოვდება, გაიზრდება და მათ ადგილს დაიკავებს.

მარჯვენა კუთხეში ვხედავთ ჩიტების ნაღმებს, რომელთა აფეთქებაც ტილოზე ფერებს  წარმოშობს, ბალახის ცეცხლი კი ნელ-ნელა ედება პერსონაჟთა სხეულებს. ყველაფერი ერთმანეთში განიცდის გარდასახვას, ავტორს კი თითქოს ცვლილების დროში მოუხელთებელი მომენტის დაფიქსირება სურს.

გრძნობ, რომ ტილოში ერთდროულად რამდენიმე დრო მოქმედებს და სპირალისებური მოძრაობის, შინაგანი ტრანსფორმაციის ამ დაუჯერებელ და ამაღელვებელ სანახაობას დაუსრულებლად აქცევს. თითქოს ყველაფერი ერთდროულად ხდება, მოხდა და მოხდება. ლევან სონღულაშვილი Noli me tangere-თი ჩვენს ცნობიერებაში იმ ნაპრალს აჩენს, სადაც ერთმანეთს შეეჩეხებიან წარსული, აწმყო და მომავალი და საგნებს, საკუთარ თავთან ერთად, სწორედ ამგვარი მთლიანობის პერსპექტივიდან დავინახავთ.

Noli me tangere ის ნამუშევარია, რომელიც იცვლება მზერის ყოველი შეხებისას და რამდენჯერაც არ უნდა შეხედო ან შემოგხედოს მან, ყოველთვის პირველად დაინახავ და დაგინახავს.

 

[1] „არ შემეხო“

Facebook Comments Box