კრიტიკა,  რეცენზია

ლექსო ლობჟანიძე – „შრომა, გურია“ – ცენტრიდან პერიფერიამდე

 

მიხეილ ციხელაშვილი „შრომა, გურია“. თბ. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2020.

მიხეილ ციხელაშვილი მკითხველმა თავდაპირველად მიხეილ იოჰანის ფსევდონიმით გაიცნო, რომანით, „მიბრუნება“. შეიძლება ითქვას, რომ ეს რომანი რეფლექსიაა საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ, რადგან მოვლენები 12 მაისის, ე.წ. „შავი პარასკევის“ ირგვლივ ვითარდება. რომანში თავმოყრილი პერსონაჟები, „მიბრუნების“ მიმეტური ხასიათიდან გამომდინარე, ნაცნობი ტიპები არიან. ის პროტოტიპული სამყარო, რომელიც რომანშია შემუშავებული, თითოეული ჩვენგანის სამეგობრო თუ სანაცნობო წრეს მოიცავს, რადგან ის კულტურული ცვლილება, რომელიც კლუბურმა მუსიკამ საქართველოში განაპირობა და ყველას შეეხო, ტექსტში საკმაოდ მყარ ნიშას იკავებს.

მემარცხენე თეორეტიკოსი გეორგ ლუკაჩი ბევრისთვის კონვენციურ და ზედმეტად მორალისტურ წიგნში „რომანის თეორია“ მიმესისის ცნებაზე საუბრობს. მისი აზრით, მიმეტურობა ლიტერატურის უმთავრესი თვისებაა. ლუკაჩი აღნიშნავს, რომ რომანის დანიშნულებაა, გადმოსცეს საზოგადოებრივი ფორმაციების არსი, თუმცა, გარდა ამისა, ის მიუთითებს, რომ ლიტერატურული ჟანრის განხილვისას ამა თუ იმ ნაწარმოების ფორმაზე სოციალური ცვლილებები თავისთავად აისახება. ეს მოსაზრება თავის დროზე ევროპელმა ლიტერატურის თეორეტიკოსებმა არ გაიზიარეს, თუმცა, ვფიქრობ, აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ მიხეილ ციხელაშვილის შემოქმედება საზოგადოებასთან ერთად იქმნება და მასში, გამიზნულად თუ უნებლიეთ, საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთი ნიუანსი აისახება.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ ლიტერატურული ტიპიზაცია ავტორისთვის ტექსტში რეალობის ტრანსფერირებისთვის ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა. კრებულში შემავალი ორივე ტექსტი ამის ნათელი მაგალითია, თუმცა ეს ტიპები ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდებიან, რაც საშუალებას მაძლევს, რომ მოთხრობები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვიხილო.

პირველ რიგში, „შრომა, გურია“ იმ ტექსტთა შორის მოიაზრება, რომლის ჟანრული იდენტიფიკაცია ხელოვნური იქნება, თუმცა მასში რომანის, კერძოდ კი სოციალური რომანის ყველა მახასიათებლის არსებობის მიუხედავად, ავტორმა მას მაინც მოთხრობა უწოდა. „შრომა, გურიის“ ფაბულა რეალური ამბავია და ის სოფელ შრომის მაცხოვრებელზე მოგვითხრობს, რომელსაც ნადირი ოჯახის მარჩენალ ძროხას შეუჭამს. გულდაწყვეტილი ცოლ-ქმარი კი კომპანია „უნიქეარის“ იმედზე რჩება, სადაც საქონელი დაზღვეული ჰყავთ. ნაწარმოებში მოქმედება გურიის სოფელ შრომასა და ოზურგეთში ვითარდება. შემთხვევითი სულაც არაა, რომ ანალიზს გეოგრაფიული არეალით ვიწყებ, რადგან ტექსტში დრო მნიშვნელობს იმდენად, რამდენადაც ის ნარატიული ხერხებით გადმოიცემა, თავად ამ ხერხებში კი იკვეთება დროის შეგრძნება და გამოცდილება. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის, რომ ჩამოთვლილი პროცესები ერთ ადგილას ვითარდება და ასე იქმნება დროის, სივრცისა და მოქმედების ერთობლიობის კონცეფცია.

ავტორს სურს დასაწყისიდანვე განსაზღვროს, რომ ის კონტექსტი, რომელშიც შემდეგ მოვლენები უნდა განვითარდეს, არანაკლებ საყურადღებო და პერსონაჟისეული იქნება. სათაურს თუ გავითვალისწინებთ, რთული გამოსაცნობი არაა ის, რომ ტექსტში ადგილობრივ კოლორიტს წამყვანი როლი ექნება მინიჭებული, შესაბამისად, ავტორის მხრიდან მცდელობა იმისა, რომ მკითხველს დროის, სივრცისა და მოქმედების ერთიანობის განცდა ჰქონდეს, მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შეფასების ღირსია, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, როცა ეს ერთიანობა სხვა ერთიანობასთან კონტრასტს ქმნის და ამით უფრო აცხადებს თავს.

ადგილობრივი კოლორიტის სურნელს ლიტერატურული ტიპები ამშვენებენ. ტიპები, რომლებიც ჩვენთვის „მიბრუნების“ პერსონაჟების მსგავსად, ნაცნობები არიან. ისინი ტრადიციული გურულები არიან, რომლებიც ერთმანეთთან ჭარბი ნაცვალსახელებით, სწრაფი ტემპითა და ენამახვილური იუმორით საუბრობენ.

ლიტერატურული ტიპის გარდა, ტექსტის უმთავრესი ღირებულებაა ის, რომ აქ მკითხველს საშუალება აქვს დააკვირდეს ცენტრისა და პერიფერიის მიმართებას, მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს, თუმცა არავის აქვს მოლოდინი იმისა, რომ ცენტრს პერიფერიასთან ბევრი საერთო ექნება. ამ დიფერენციაციის საჩვენებლად ერთი დიალოგი გამოდგება, რომელიც სოფლისთვის სახელის გადარქმევას შეეხება. დიალოგში მთავარი პერსონაჟი, რიჩარდ მუჯირი და მისი თბილისში დიდი ხნის წინ ჩამოსული ძმა მონაწილეობენ:

„ – შრომა, შრომა და ე, მაგის გამოა გაგანია საბჭოთა კავშირი რომ გენატრებათ მთელ სოფელს. მიწაზე თუ არ იმუშავეთ და ჩაი თუ არ აპუტეთ ბუჩქებს, ისე ცხოვრება არ შეგიძლიათ აქ.

– ბიოო, რა შუაშია საბჭოთა კავშირი?! მუშოობა უნა ხალხს, რო რაცხანაირად ორი კაპიკი ზედ დაადვან ერთმანეთს, მაი ამბავია, თვარა საბჭოეთი და იგი მოაწყვე კიდო… ეგე, ზედუბანში სიმინდებსაც ვეღარ უვლის ხალხი, დაყიდენ მიწები ნიორ და ნაქურჩელად.“

პირველ რიგში, დიფერენციაცია, რომელიც ჯერჯერობით არც თუ ისე მარტივად შესამჩნევია, ლინგვისტურ დონეზე იჩენს თავს, რადგან პერსონაჟების მეტყველება (parole) ერთმანეთისგან განსხვავებულია. რომეო შედარებით გამართული სალიტერატურო ენით საუბრობს, რასაც ვერ ვიტყვით რიჩარდზე. გარდა ამისა, რომეო აქ იმ მკვეთრი იდეოლოგიური ვულგარიზმით წარმოგვიდგება, რომელიც ურბანულ სივრცეებში დომინირებს და რომელიც შრომას, მიწათმოქმედებასა და წარმოებას აპრიორი საბჭოთა კავშირთან აიგივებს.

მიუხედავად იმისა, რომ კულტურული და, შეიძლება ითქვას, კლასობრივი განსხვავებები „შრომა, გურიის“ მთავარ თემას წარმოადგენს, ტექსტი საერთოდაც არაა სტატიკური. მის დინამიკურობას განსაზღვრავს ის დრამატურგიული ხაზი, რომელიც მოთხრობაში ვითარდება. რიჩარდს დაზღვეული საქონლისთვის კომპენსაცია ეკუთვნის, თუმცა სადაზღვევო კომპანია ნაცადი და ყველასთვის კარგად ცნობილი მანიპულაციური ხერხებით ცდილობს ამ ამბის თავის სასარგებლოდ მოგვარებას. აქედან იწყება რიჩარდის ცხოვრების აბსურდში გადმონაცვლება, რომელსაც, ერთი მხრივ, კაფკაესკური ხასიათი აქვს, მეორე მხრივ კი, ტრაგიკული პათოსით კენ ლოუჩის „მე, დენიელ ბლეიკს“ გვახსენებს.

იმ ეპიზოდიდან, რომლიდანაც სადაზღვევო კომპანია ჩნდება ტექსტში, მთავარი პერსონაჟი, რიჩარდის ნაცვლად, თავად ენა ხდება. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, პროტაგონისტისა და ანტაგონისტის საასპარეზო არეალს ენის ორი ფორმა: დიალექტი (კილოკავი) და სოციოლექტი იკავებს. გურულ დიალექტსა და სადაზღვევო კომპანიის ენას საერთო არაფერი აქვთ ერთმანეთთან, ისინი სხვადასხვა სოციუმს წარმოადგენენ. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ სოფელ შრომის ადგილობრივები ერთმანეთს ხან ხუმრობით, ხან აგდებით, ხან კი ინვექტივებით ესაუბრებიან. ნაკლები რომანტიზებისთვის აღსანიშნავია ის, რომ პერიფერიული ენა ხანდახან ბინძურია, მაგრამ ის ფინანსური ორგანიზაციებისა და დოკუმენტების ენისგან განსხვავებით, მოქნილი, ცოცხალი და ორგანულია.

მოთხრობის დასასრულს რიჩარდის ხასიათი მოულოდნელად იცვლება. იმდენად მოულოდნელად, რომ ეს, ალბათ, ყოველგვარ ჰიპოთეტურ წაკითხვას ეწინააღმდეგება. პერსონაჟი, რომელიც აქამდე გამალებით იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ, უცაბედად სხვანაირი ხდება. მსხვერპლად ქცევის ეს მცდელობა, რომელიც ცენტრალურ ადგილზე დგას ტექსტში, რიჩარდს პირდაპირპროპორციულად სძენს ჰეროიკულ ხასიათს, თუმცა მან, ვისაც მთელი სოფელი უმაგრებდა ზურგს „უნიქეართან“ ბრძოლაში, გადაწყვიტა დაივიწყოს ყველაფერი, დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, შეწყვიტოს ბრძოლა და მოიქცეს არაგმირულად.

მე ეჭვი მაქვს, რომ ეს ფინალი მკითხველთა გარკვეულ კატეგორიას, სოციალური პოზიციის თვალსაზრისით, იმედგაცრუებულს დატოვებს, თუმცა ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო ტექსტის ენობრივი პერსპექტივაა საინტერესო. მოთხრობაში ენის პერსონიფიცირება ლინგვისტური სტრუქტურის ისეთ ფორმამდეც დაიყვანება, როგორიც დიალოგია. პერსონაჟებს შორის ურთიერთკომუნიკაციის მთავარ გამომსახველობით ხერხად ნაწარმოებში მიხეილ ციხელაშვილს, სწორედ რომ, დიალოგი აქვს გამოყენებული. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა მოთხრობის ფინალი, სადაც მთავარი გმირი ტელეფონზე ესაუბრება ცოლს, თუმცა რას პასუხობს ნათელა რიჩარდს, ჩვენ ამას ვერ ვიგებთ. აქ მიხეილ ციხელაშვილი ამთავრებს მოთხრობის წერას, მაგრამ თავად ტექსტი, შეიძლება ითქვას, რომ განაგრძობს თხრობას. პარაკრიტიკულად თუ შევხედავთ, მოთხრობა პოტენციურად შეიცავს უფრო მეტს, ვიდრე მოცემულია. დასასრულში წარმოდგენილი დიალოგი არაა დიალოგი კლასიკური გაგებით. იქ მხოლოდ ერთი ადამიანის ხმა ისმის, ერთი ადამიანი საუბრობს, მაგრამ ეს არც მონოლოგს ჰგავს. ეს არის სუბსტანციაგამოცლილი, შინაარსდაკარგული პროცესი, რომელსაც დიალოგის მხოლოდ და მხოლოდ ფორმა შერჩენია. ეს ორმხრივი კომუნიკაციის ილუზიაა და შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ესაა მინიშნება. მინიშნება იმაზე, რომ ჩვენ ამ ილუზიაში ვიმყოფებით და გვიწევს ცალმხრივ კომუნიკაციაში თანაარსებობა სადაზღვეო კომპანიებთან, ბიუროკრატიულ აპარატთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებსაც ჩვენი არ ესმით და არც აწყობთ, რომ გაიგონ.

რაც შეეხება მეორე მოთხრობას, დასაწყისიდანვე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის იმ სიძლიერის ტექსტი, როგორიც „შრომა, გურიაა“. ის 14 წლის სკოლის მოსწავლის, გუგა არჩვაძის შესახებ მოგვითხრობს, რომლის სამოქმედო არეალი მხოლოდ სახლით, სკოლითა და მუსიკის გაკვეთილებით შემოიფარგლება. „გუგა არჩვაძის რეპეტიცია“ ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ ამ ვიწრო სამოქმედო დიაპაზონშიც კი განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რადგან ნებისმიერი მოზარდი მოწყვლადია და ის შეიძლება ისეთივე სახიფათო პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, როგორც მოთხრობის მთავარი პერსონაჟი. მოთხრობა თავისი პროლოგითა და ეპილოგით აპოკალიპტურია, რადგან თბილისი, სადაც მოქმედება ვითარდება, ნაწილ-ნაწილ ქრება და უძველესი უბნების მაგივრად, პერსონაჟებს ასფალტის გროვა ხვდებათ. ტიპოლოგიურად თუ შევხედავთ, ორი აზრი არაა, რომ ეს მოთხრობა პორტუგალიელი მწერლის, ჟოზე სარამაგუს რომანის „სიკვდილი ისვენებს“ სტილიზებაა და, ამდენად, სიახლისა და განსხვავებულობის ეფექტს ვერ ქმნის, თუმცა რომანისგან განსხვავებით, სადაც სიკვდილის შვებულებაზე გასვლა მთავარი მხატვრული მოვლენაა, აქ უბნების გაქრობის იდეას დეკორატიული ხასიათი აქვს. ის ერთდროულად გარს ეკვრის და პარალელურად მიჰყვება მთავარ სიუჟეტურ ხაზს, რომლითაც სკოლის მოსწავლის განცდებია გადმოცემული.

ქალაქის მასშტაბით განვითარებული მოვლენები, რომლებიც სხვა პერსონაჟებისთვის თავზარდამცემი და საგანგებოა, გუგას დიდ ყურადღებას ვერ იპყრობს. მთავარი პერსონაჟის ლიტერატურული პორტრეტი ძალიან ფართო და მქონილია. ის, ერთი მხრივ, იტევს როგორც ეკონომიკური, ისე სტრუქტურული ჩაგვრის პრეცედენტს, მეორე მხრივ, კი აშკარაა მოზარდის ბიჰევიორისტული თუ კულტურათაშორისი ფსიქოლოგიური პრობლემების მთელი წყება, რომელიც თხრობის განმავლობაში პერსონაჟის ქცევის სტიმულირებას ახდენს და მიმართულებას განსაზღვრავს.

მოთხრობაში, ფაქტობრივად, არ არსებობს მხარე, რომლის მიერაც მოზარდი არ იჩაგრება. პირველ რიგში, როგორც აღვნიშნეთ, ის ღარიბი ოჯახიდანაა, სადაც აგრესია და ოჯახის წევრების ერთმანეთთან შეუთავსებლობის პრობლემა ხშირად იჩენს თავს, რაც, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდზე. ალბათ, გასაკვირიც აღარ იქნება, თუ ვიტყვით, რომ გუგა სკოლაში ბულინგის მსხვერპლიცაა. მასზე თანაკლასელი ვახტანგაშვილი ფიზიკურად თითქმის მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში ძალადობს. თხრობის განმავლობაში უფრო და უფრო მცირდება გუგას სააზროვნო არეალი და განვითარების პოტენციალი, რადგან გაკვეთილებზე სწავლისა და სიახლის გაგების ნაცვლად, მისი ყურადღება მთლიანად გატანილია იმაზე, თუ როგორ უპასუხოს მოძალადეს, როგორ იძიოს შური მოძალადეზე. მკითხველი კი გრძნობს, რომ სუბლიმირებული აგრესია საკუთარ თავს ძალიან მალე დაუბრუნდება.

ნაწარმოების მთავარი დადებითი მხარე ისაა, რომ არ ხდება ჩაგვრის სახეების განცალკევება და კლასიფიკაცია. არაერთი ფსიქოლოგიური თუ სოციოლოგიური ანალიზი ამტკიცებს იმას, რომ ისინი არ არსებობენ დამოუკიდებლად, არამედ თავს იყრიან ერთ მჩაგვრელ სისტემაში, ენაცვლებიან, ავსებენ და ასაზრდოებენ ერთმანეთს. სწორედ ასეა გადაჯაჭვული ტექსტი სკოლაში ბულინგთან და სიღარიბესთან სექსუალური ძალადობა. ავტორის მხატვრული გადაწყვეტა იმის შესახებ, რომ სექსუალური მოძალადე ვახტანგაშვილის მამაა, ოსტატურად ხაზს უსვამს ფიზიკურ, ეკონომიკურ ჩაგვრასა და სექსუალურ ექსპლუატირებას შორის ნათესაურ კავშირს, ეს კი ნაწარმოებს უფრო ლიტერატურულს ხდის.

თანამედროვე მკვლევარი და ფსიქოლოგი, ფროდე სტენსინგი ესკაპიზმის, როგორც რეალობიდან გამოგონილ სამყაროში ტრანსფორმაციის დუალისტურ მოდელს აღწერს. მისი აზრით, გაქცევის მცდელობა შესაძლებელია იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგის მომტანი. მისი მოსაზრებით, თუ ესკაპისტური ქცევა ემსახურება საკუთარი განცდებისა და ემოციების სტიმულირებას, შედეგი დადებითი იქნება, მაგრამ თუ ის გარბის, რადგან რეალობას ვეღარ აუდის, შედეგი ნეგატიურია. იმ მხატვრულ სამყაროში, სადაც, ლაკანისეულად თუ ვიტყვით, წარმოდგენა გაქცევას უდრის, გუგა არჩვაძეს ესკაპიზმის მეორე მოდელი ერგება. მთელი ტექსტის განმავლობაში ის თავს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გრძნობს სტაბილურად კარგად, როცა ყურსასმენებით უსმენს მუსიკას.

ნაწარმოებს ორი მთავარი მხატვრული იდეა აქვს. პირველი, ეს ამ აბსოლუტურ ჩაგვრაზე მოსალოდნელი რეფლექსიაა, რომელიც თანდათან მწიფდება. მეორე კი პარალელურ თხრობაში მიმდინარე თბილისის აპოკალიპტური რეალობაა, რაც მკითხველისთვის, პრინციპში, დროებით, რაღაც ეტაპზე გაუგებარია, რატომ არის წარმოდგენილი, თუმცა მარტივი მისახვედრია, რომ მათ ავტორი მოთხრობის დასასრულში ერთ მთლიანობად აქცევს.

ბორის გროისის აზრით, ესთეტიკა ყოველთვის დეკორაციაა, მაშასადამე, ის ყოველთვის ხელოვნურია. მე ვეთანხმები გროისს, თუმცა თუ მკითხავთ, სად ვეძებ ნამდვილ ლიტერატურას, გიპასუხებთ, რომ ჩემთვის ნამდვილი ლიტერატურა სწორედ ხელოვნურობასა და არაესთეტიზმს შორისაა. ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ართმევს ავტორი საგნისა თუ მოვლენის ესთეტიზაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს თავს. მე მეჩვენება, რომ აპოკალიპტური ხაზის თანდაყოლილი ტრივიალურობა, ხელოვნურობა და მოუქნელობა ტექსტის კომპოზიციის მიზანს ვერ აღწევს და ლიტერატურული ამოცანისთვის პასუხის გაცემას შეუძლებელს ხდის.

დასასრულისთვის მინდა ვთქვა, რომ მიხეილ ციხელაშვილი არ ჰგავს ქართველ ავტორთა უმეტესობას. მათგან განსხვავებით, ის ფლობს ენასა და ტექნიკას, თუმცა ეს ენა, ლიტერატურულზე მეტად, კინემატოგრაფიულია. ასოციაციურად, „შრომა, გურიის“ შემთხვევაში გიგა ლიკლიკაძის „ღორი“, ხოლო „გუგა არჩვაძის რეპეტიციის“ შემთხვევაში ფრანსუა ტრიუფოს „400 დარტყმა“ გამახსენდა. კინემატოგრაფიულ ენაზე პაზოლინის ერთ-ერთი ესეც მახსენდება კინოენის შესახებ, სადაც წერს, რომ კინო ფუნდამენტურად სიზმრისეულია ორი მიზეზის გამო: 1) აქ ჩამოუყალიბებელი არქეტიპები გვხვდება, რაც გარემოს არაცნობიერ თვალიერებას, ჟესტებს, მეხსიერებასა და სიზმრებს გულისხმობს და 2) ობიექტები, ვიზუალური ენის სიმბოლოები პრეგრამატიკული ხასიათისაა. მართლაც, თუ დავაკვირდებით, ორივე მოთხრობაში სიზმრები და ჟესტები უხვადაა წარმოდგენილი, ვიზუალური და სიმბოლური სახეები კი უფრო მეტს გვეუბნებიან თავიანთ მხატვრულ სამყაროებზე, ვიდრე ტროპული მეტყველების სახეები, პერსონაჟები და სხვა ლიტერატურული კატეგორიები.

© არილი

 

 

 

Facebook Comments Box