
ორი ან სამი მარტოობა
როცა სახლში ვარ
და საკუთარ თავს არ შევესაბამები,
ცოტათი ვკვდები,
სიმშვიდე თბილი რძესავითაა,
არ დუღს, ნაღების დროშით არ მაკვირვებს
ნახევარსიცოცხლეს რა დროშა უნდა?
ქუჩაში აგვისტოს სიცარიელეა,
ბიბლიოთეკაში ხომ არ შევიდე,
90-იანებში რესტორნობას რომ გადაურჩა?
არა რამის წასაკითხად,
რასაც სახლში უკეთ ვახერხებ,
იმ რამდენიმე კაცის გამო,
ვინც ზის, კითხულობს:
ორი ან სამი მარტოობა
უფრო იმედიანია, ვიდრე ერთი
“იმედი” ცოტა ხმამაღალი ნათქვამია,
მაგრამ კიბეს ხომ არ ვამბობ,
მეტაფორაზე მისადგმელად,
ვზივარ და წარმოსახვით ხაზებს ვავლებ
ჩვენ შორის. რა გამოდის?
სამკუთხედები, კვადრატები, კუბები,
მარტოობის ბუნება წახნაგოვანია,
წრეხაზის უნაკლობას ძნელად აღწევს,
სფერო ღმერთისაა, ღმერთი შორსაა…
აბა, ვინ მაქეზებს ამ სიმრგვალეში შევიდე?
თან, რა გინდა მარგინალები შევიყვანო,
ყველა თანაბრად მიზიდულები ცენტრისკენ,
როცა განზიდულები,
“სიშორის შენის სიახლოვე”
იტყვის პოეტი და წრიდან გავა…
აღდგომის მოტივებზე
აღდგომა, მოყვასის სიყვარული უზმოზე,
პირველ სიგარეტივით მავნებელი
რამდენი სისხლი ყოფნის
კვერცხების შეღებვას? (ენდრო ძვირია)
რამდენი თითისტარი ბამბა
ბატკნების სითეთრეს?
სისხლი და ქათქათი
მოცახცახე წერტილებს იძლევა ლექსში,
შედგებიან ზედ აუტისტი,
დაუნის სინდრომიანი ბავშვები
და ცას ეჭიდებიან, –
უტკივილოდ ვერ დააბრუნებ
და თუ ტკივილიც შუქით თავდება,
როგორც ყვირილი
რომელიმე გახეული ხმოვნით?
ერთი შუქიდან მეორე შუქამდე
მთელი ქალაქი მარტოობა,
ამ დროს ხედავ, რომელიმე მათგანს
ლამფა უნთია თავში.
ისე მოსწონს აღდგომის კვერცხები,
თითისტარის ზანტი ტრიალი,
რომ გაძლევს უფლებას,
ცეცხლს ბოლომდე ამოუწიო!
სხვებიც ბჟუტავენ, უცოდველები,
ნარგიზის ეგოთი,
შენ წერ, სხვა რა უნდა აკეთო,
წერ…
კი, ვიცი
ორგანიზმიდან ზაფხული ამოვიღე,
პირიდან – ცხელი ბგერები,
კი, ვიცი,
სიტყვებს რომ ტემპერატურა დაუვარდებათ,
ყოფის სარჩულივით გახდებიან,
ზემოქმედება – ნული,
ტროპების ფუფუნება
გაურკვეველი დროით გადადებული,
მარტო სანიშნი
ლიტერატურული კანონების წიგნში,
კანონებს თავისი ლოგიკა აქვთ,
ლოგიკას რომ ხელი მოუჭირო
და ლურჯი მდინარე გამოადინო,
ცოტა ტყუილი გინდა, ცოტა სიგიჟე,
ყურებში მუსიკა: პაპსადან კლასიკამდე…
ოპერაში, კონსერვატორიაში,
ფილარმონიაში გამოზამთრება,
სადაც ინსტრუმენტების აწყობამდე
დაგტოვებენ მელომანები, მერე კიბეებზე!
გაუთავებელ კიბეებზე, გატეხილი სახით,
ისტერიული ჭაღების ბადრაგით,
ფილარმონიას დაბერტყავენ,
თავის პოეზიის საღამოებიანად
რამდენი დაიმტვრევა:
უფრო სიტყვასთან ხელჩაჭიდებულები,
ის მელომანებიც, რომელიმე გადარჩენილი
შენს სქემატურ პორტრეტს დაგიდებს:
მარცხენა ფეხი – მხატვრული სიტყვა,
სტატიების გროვა ამ თემაზე,
მარჯვენა – კლასგარეშე ლიტერატურა –
მაგარყდიანი წიგნები, ორივეზე კარგად დგახარ,
თავზე-აფეთქებული ნატიურმორტი:
თმა და ნერვები ერთი ფერის –
სისხლის მხრიდან რომ ამოტრიალდე!
ეს შენი სახეა? მტრის, უსაქმურის,
უმწეო მოლექსის, მაგრამ ამ სტატუსს
ხელი თუ მოუჭირე და ღვარცოფი გამოადინე,
რა სქემატურობას დაანგრევ,
რა სტატუსების თაიგულს!
უნდა იჩქარო, ალბათ,
სანამ იცი, რომ ეს შეგიძლია…
* * *
გადადებული ავადმყოფი წმინდანივითაა:
სტკივა თავი, თმა, ჰაერი მის გარშემო,
ანუ შარავანდედის ადგილი,
ეს მისი ბოლო რევოლუციაა,
უსისხლო, თორემ სისხლის მონელება ჭირს,
ასი კილო დაჭყლეტილი პომიდორივით
ლოყაწითელ აღსარებაშიც სად იყო მონანიება?
იყო ცა, შინაური,
მთებით მოხუფული ქალაქის სარქველი,
იყო ის კაცი, სიხარულის გაკვეთილები,
ხუშტურები, ლაპარაკის და წერის დროს,
რასაც ხელწერას ეძახიან,
ფეხის გულებზე თითო მზე,
გადმობრუნებულზე – მთვარეები, რამდენი?
გადაუღებელი ლირიკის სამყოფი…
ბუნებამაც ისეთი ყირამალა იცის,
თუ არ ჩაავლე, რა გამოგივა?
მტკნარი ცხოვრება, სანამ
ჰაერი აგტკივდება თავის გარშემო,
შარავანდედი? დაუვარცხნელ ნერვებზე
გამორიცხულია!
იქამდეც რა? ქუჩები უცხო,
სახლი ცარიელი, მოდიხარ
და აბლაბუდებიან კუთხეებს ეუბნები:
– ჩემო არავინ! როგორ დავიღალე…
ლოგოსი
ვინ გითხრა, რომ ჯერ სიტყვას უნდა მოუკვდე,
მერე საკუთარ თავს?
ღმერთს ლოგოსობის მომენტში მიუსწარი?
თუ გაყიდე შთაგონება,
იყიდე უდარდელი ცხოვრება?
ეს ვარიანტი უფრო გაწყობს?
გატეხილების, გულგაგლეჯილების,
ჩამქრალების ხსოვნა იყოს!
რაზედაც დგას ეს ქალაქი,
ეს სინდიყისსვეტებიანი არქიტექტურა!
ვისაც მისგან მაღალი სიცხე აქვს,
აღგზნებულად უყვარს,
სხვა ანგრევს,
რომ პარკინსონის ციმციმი გამოუჩინოს…
თვითკმაყოფილი ადამიანები, კარაქში ჩამოსხმულები,
(ბრინჯაო გმირებისაა, გმირები – ჯოჯოხეთის)
ფაიფურის ლამბაქებს დაატარებენ, პიედესტალებივით,
ძეგლების წონას იდებენ ქალაქში
და არ უნდა მოუკვდე სიტყვას,
თუნდაც ამიტომ.
ღმერთი პოეტია ლოგოსობის მომენტში!
ამაზე უკეთესს ვინ რას გეტყვის,
რაგინდ, უნივერსიტეტები აშენონ
შენი სულის მისადგომებთან!
ჯერ აქ ვარ
გიყურებს დღე.
ამჯერად, მზით გიყურებს,
შენც უყურებ, წესით,
ვარდი უნდა გაგეშალოს სახეზე,
მაგრამ სხვა ტიპის პოეტი ხარ,
ვარდ-ბულბულიან საუკუნეებს ვერ მიაშტერდები,
ვერც უარყოფ მათთან სისხლით ნათესაობას.
თაფლის ფიჭასავით გამოგწუწნა დრომ,
ისეთი ცოტა ხორცით დგახარ მიწაზე,
როგორც მზის ზოლი სკამის კიდეზე
ზოლი და არა წითლად ხაზგასმული ამინდი,
ის რომ იყო,
თავისუფალი მზერებით ივსებდი თეძოებს,
საყრდენს არ ეძებდი, როცა დაიწყე,
შვილს არ სცალია, შვილიშვილი
ცისფერი საღებავითაა დახატული,
ეს ფერი მფრინავია,
ერთ ადგილას ვერ გაჩერდება,
სკირაც* მე დამიტოვეს,
თავისი იმპრესიონისტი შვილებით,
უმწეოებით ყველაფერში, ხატვის გარდა,
სამაგიეროდ, ისეთი ღონიერი
“იზმ”-ის შემქმნელები, რომელზეც
ცხვირს ვერავინ ვერ აიბზუებს
სადღა არიან? იქ, სადაც
ეპითეტებს იარლიყებივით აგლეჯენ
და სცივათ.
სითბო რომ ლიტრებით ან კილოგრამებით
იზომებოდეს!
ჯოჯოხეთსაც ვერ მოვუტეხავ,
დამეკარგა ქართული დანტე.
მე, ჯერ კიდევ, დღე მიყურებს,
მზეს პროჟექტორივით მიტრიალებს,
მეადვილებს, მეც ვუყურებ,
ჯერ კიდევ აქ ვარ…
ყველაფრის მიუხედავად
პირდაპირ წახვალ, დაიღუპები!
მოსახვევი თუ გამოგიხტა,
ფეხს იღრძობ ან ხელს მოიტეხავ,
მოტეხილზე ია ამოგივა,
ლურჯი მელანი სად უსხია?
და ტკივილის მერე რასაც იტყვი,
უკეთესს ვერ იტყვი,
რაც უნდა ლიტერატურაზე იყო დაყრდნობილი,
კომპრომისი გინდა?
მომრიგებელ ნახევარსიმართლეებს
მიკროფონი ჩაუდე პირში!
მინუსებში წასული მუსიკა
არც მელნის ფერს გაიმეორებს,
არც ყოფილ იებს,
მაღალი დო ხომ ცაზეც არ უწერია!
მერე რა? პაპსაში
ნობელსაც კი იძლევიან…
ცას ვიღა გპირდება?
მის ზოგჯერ ლაჟვარდს?
მოსახვევების და ქვების უცაბედობას,
შიშის ჟრუანტელს პირდაპირ გზაზე?
(დაღუპვა ფოლკლორია)
რასაც ადამიანურ ენაზე თარგმანი
(თარგმანშიც თითო ჟრუანტელი იკარგება),
მაინც უყვარხარ?
ამიტომ, ამიტომ და ამიტომ,
თუ ყველაფერი ამის მიუხედავად?
ვინ გითხრა, რომ ღმერთი ხმამაღალია?
© არილი