თითისწვერებზე
ჩემი დარდი, ვითომ, უნივთო,
სხეულიანი ხდება, შუა ოთახში დგას
და მის გარშემო თითისწვერებზე დავდივარ.
წრე სრულყოფილი ფორმაა,
შუაგულის ნერვიულ თემას აწესრიგებს,
ნერვები, მეც, ღმერთისგან მაქვს
ჩალაგებული, მაგრამ ჯერ ერთი გამოხტება,
მერე მეორე, მეათე და ა.შ. –
ალისფერი კაპელა, არა შავ-თეთრი, აკადემიური:
ყველა თავის ტკივილს მღერის,
ზოგს სმენაც ღალატობს,
დისონანსი ხან უსინდისოა,
ხან მშვენიერი…
ერთხელ, ქალმა ღამის ფანჯრიდან
კნუტები გადმოაგდო და მუცელში ჩამიყარა,
მას მერე ნაწლავებს მიგლეჯენ,
მტკივა! სახის ნახატი მენგრევა,
ტანის ფორმა, პაუზებში
სიმრგვალის ნამცეცებს ვაგროვებ,
სწორ ხაზებზე ვაწებებ
და ასეთი განყენებული „მე“ ლექსს ვწერ.
გამომდის, ზოგჯერ, უფრო კარგადაც,
ვიდრე მაშინ, ხაზები რომ ოქროსი იყო,
კანი – მინანქრის, ასეთივე კრიალა:
ჯერ ესთეტიკა, მერე სიმართლე!
როცა სიტყვებმა ადგილები გაცვალეს,
დარდის ძეგლი დავდგი ოთახის შუაში,
მის გარშემო თითისწვერებზე დავდივარ
როდის გავჩერდები? ვინ იცის?
ხავერდი
ხავერდი მოყირჭებული სიტყვაა ლექსში,
მაგრამ სიღრმეების და შუაგულების ხავერდი!
ჩავარდები შიგ, ხელს გადაუსვამ ხაოებზე
და ბზინავს, თავისი ამინდი აქვს
შემოდგომის ჟანგიან დღეში,
მაგრამ ფსკერია,
ბნელი, თბილი, თანამგრძნობი:
კარიერა არ გამოგივა.
აქ მოითქვამ სულს, მერე გააგრძელებ,
სიყვარული გათავდა, ეს შუქი საიდანღა?
ხავერდი ბზინავს. ტკივილს ვერ აყუჩებს,
აჩლუნგებს, ხაოები ყალყზე უდგება,
ჩანასახის ფორმას მიგაღებინებს,
რბილად მოგეხვევა, წყალივით,
შიშის მჟავე ქლიავს პირში
დაგიტკბობს, დაამწიფებს
ხავერდია და ცხელია…
გიძნელდება სახლში დაბრუნება,
რომ წერა გააგრძელო, დიდუბის და კუკიის მიწას
ბალახები დააწიწკნო, ფრთხილად, ძვლები არ ეტკინოს,
თუ კიდევ უყვარხარ: დღეიდან, უახლესი ისტორიიდან,
უხსოვარი დროიდან, გუშინ არ იყო?
ამაზე გინდა წერო,
სულ ბოლო დღისთვის დაიტოვო
სიღრმეების და შუაგულების შველა –
ხავერდია და ბზინავს,
ხავერდია, მაგრამ ფსკერია…
სხვა ქუჩა
რა მაწუხებს? თავზე ჭერი მაქვს,
ოთახებში ოთხ-ოთხი კედელი,
თავის კარ-ფანჯრებიანად,
ყველაფერი ახალი შეღებილ-შეთეთრებული,
ინტერიერი მოფიქრებული,
სანამ ამის ხალისი მქონდა,
ეს არის, ქარიანი ადგილია,
არ მიყვარს ქარი, ტანით არ მიყვარს,
თორემ ლექსში ისეთი ატონალური მუსიკა
იცის, ორმარცვლიანი სიმარტივის მიუხედავად,
მოგინდება, სულ იყოს, თუ არადა, გაეკიდები,
მეხუთე სართულის აივნიდანაც შეიძლება გასვლა,
მობრუნდები და პროვოკაციულ ლექსს დაწერ.
რატომ მგონია, რომ მოვბრუნდები?
ქარი ჩემი არაა, ლექსისაა, მაგრამ
მე და ჩემი ლექსი რამ გაგვყო?
კიდევ, ვიცი, სახლი თავბრუსხვევის დონიდან
რამდენ მეტრზე მაქვს, იქაური ჩიტების
ფრენის ტრაექტორია, ჰაერისთვის მჭირდება:
ორ მეტაფორას შორის,
ეს ჰაერი, ღია ფანჯრები,
შიგადაშიგ, პროვოკაციული ლექსი…
ნეტა, რამდენი ტონა იასამანის შემდეგ
იქცევა მიწა სახლად?
Schrei (ყვირილი)
ა. შოპენჰაუერის ერთ-ერთი წიგნის ყდაზე
მუნკის „ყვირილი“ ხატია
რა ვუყო ამ შიშს?
ნერვების დასაწყნარებლად კარადას ვალაგებ.
მსუბუქი ჟანრის წიგნს ვეძებ,
არა ლიტერატურას, ან ფილოსოფიას,
დამღალა აღტაცებამ ალეგორიებით
და გამჭოლი გონებით.
კარადიდან წიგნი ვარდება,
მაგარყდიანი, ყდაზე ყვირილი,
გახეული ყვირილი დაგრეხილ ქვეყანაში
განათება ისეთი, შავ-თეთრ გრაფიკაში
პროჟექტორები რომ ჩატეხო,
ბგერებიც შესაბამისი…
ლექსის და ლაპარაკის ბგერებს
ფორმები შეუძლიათ: სიმრგვალეები,
კვადრატები, ნახევარმზეები კუთხეებში…
„ცხოვრება თუ რამეს გაძლევს,
მხოლოდ იმიტომ, რომ წაგართვას“
და რა მერე?
შიში, ყვირილი? სევდიანი ფილოსოფოსი,
პოეზიით გატენილი წიგნების კარადიდან?
ერთ კუთხეში ეს რიტორიკა მიყენია,
მეორეში შიში, თავისი გრადაციებით,
დანარჩენ ორში, მაინც, ნახევარმზეები
ვზივარ, ვკითხულობ…
შიში 2022
როგორ იწყება ხანძარი?
ალისფერი ცხვირსახოცით ჯიბეში?
ჯერ ესთეტიკა, მერე ქვეტექსტის უბედურება,
სქოლიოები, იმ რაოდენობით,
ლამის, ახალი ჯოისი ააშენო,
ოღონდ, კაშკაში უნდა შეგეძლოს,
აფეთქებები, ყველა მომდევნო
წინაზე ელვარე!
ეს შიში საიდანღა? მიწისძვრასავით მოდის,
არც კი ჩანს, სანამ ნგრევას არ დაგიწყებს,
სანამ გვარი და სახელი აღარ დაგჭირდება –
უაზრო ფუფუნება,
ადამიანი გაზომილია, აწონილი,
ნაცვალსახელი აქვს მორგებული
გრამატიკა ხომ გახსოვს?
გვარი და სახელი თუ არ მოუშალე,
მორფოლოგიიდან წამოყოფს თავს
და გონების კოეფიციენტს დაგიდებს დიაგნოზივით
ნაცვალსახელებს დიაგნოზი არ აქვთ,
მარტო მხოლობითი და მრავლობითი,
რომელიც მხოლობითების გაკრეჭით მიიღება –
ამხელა გუნდი, ოღონდ არა ის,
შავ-თეთრი მერცხლებისგან შეკერილი,
ჰიმნს რომ ასრულებს, ან რექვიემს,
რასაც ხელმძღვანელი ჭირდება
ტრაგიკული, პათოსური, გულზე ხელმიდებული…
გმირი მითებში! დანომრილ მოსახლეობას
თავკაცი არ ყავს: N1 ნაცნობი,
N2 უცნობი, N3 ყოფილი მეგობარი,
დანარჩენი ყოფილები: პოეტები, მხატვრები,
რეალური გიჟები – ჩამოწერილები, გადმონაშთები,
მაინც, რაღაცას ელიან, უფრო, ვიღაცას,
დაუნომრავს, ზოგადს, განყენებულ ტვინს,
ტკივილის მერე პოეზიისკენ გადახრილს,
მაგრამ არ მოდის,
აბსურდის თეატრიც არ ამართლებს!
მაშინ რა? მარტივი ესთეტიკა,
რომ ხანძარი ჯიბეში ჩადებული
წითელი ცხვირსახოცით იწყება?
როცა შიშისგან
გლობუსებს სიმრგვალე მოეშალათ,
დაებრიცათ ქვეყნები და მოსახლეობა!
შიშის ჭია ტანში სულ გიზის:
ხან წყნარად, ხან გულის ხერხვას იწყებს,
ან ტვინის, მთავარია, სტიქიად
არ ჩამოყალიბდეს, სახელი არ დაირქვას:
მაგ. ასეთი შიში 2022!
თოჯინების თეატრი
ბანალურად კი ისმის, მაგრამ
ძაფებზე ვკიდივარ:
ჯერ მოგონებებს ვარღვევდი
და იქიდან ვწელავდი ამ ძაფებს,
ნაქსოვი გათავდა, სისხლძარღვებზე გადავედი,
იმდენი ვქაჩე, ტკივილის იმდენი სიგნალი
ვაგროვე ტანში,
წითელი გიორგინების ბაღზე ვარ-მეთქი ფეხმძიმედ, ვამბობ,
რაც მარტო მეტაფორა არ არის,
სიკვდილის თემა იკვეთება, რეფრენივით,
თუ ლექსიდან მოდიხარ:
ყვავების რეფრენი იყო, გასრესილი ყაყაჩოების,
ანარქიული კაპელის, სადაც ყველა
თავისას მღერის მთავარ ტყუილზე –
აყვავებულ პერსპექტივაზე.
ამ ყველაფერს ჩარჩო სჭირდება?
სახლის, ფანჯრის, ნახატის?
ადაპტირებული სივრცე,
თურმეობითი დახრილობა სინამდვილისკენ?
როცა ტანი იმპულსებზე მუშაობს,
ნორმალური საწვავის უქონლობის გამო,
მაგრამ არ მინდა საწოლში, მიწაში, დაგრუნტულ ტილოზე,
ამიტომ თოჯინების თეატრს ვყიდულობ,
ძაფებზე დავდივარ და ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ,
თუნდაც, იმ თვალსაჩინოებისთვის,
რომ ლაპარაკი ვერტიკალური სტიქიაა…
პორტრეტები
პორტრეტები – საზეიმოდ განწყობილები,
სევდიანები, ნერვიულები და ჩარჩოგატეხილები,
უფრო მშვიდები ფანჯარაში იხედებიან,
მზე იმდენია, ამათ კი არა,
ხეებმა არ იციან, საით მიაბრუნონ თავი,
სიტკბოსკენ?
რა ბადაგი იხარშებოდა მანერული პოეტებისგან!
სანამ პორტრეტებად ჩამოყალიბდებოდნენ,
სანამ გაიგებდნენ, როგორ შეიძლება,
ბანკომატებს ორმოებიდან
ლურჯი აკაკი წერეთლები ამოაყრევინო,
ლიფტში დროგის ცხენები შეაბა
და გრაფიკი დაიცვა,
კიბეზე როცა ადიხარ, თავში ცა გაქვს,
ცა რომ რეისებით გაიხაზა, იცით?
რაც ლაჟვარდი დარჩა, პოეტებისაა!
რომ გაასაჯაროო, ზეთში გაცვლიან,
შაქარში, ფქვილის კილოგრამებში,
მერე, სულები გულუბრყვილობის მეორე მხარეს?
პორტრეტები უფრო არიან:
ზეთის ფერებს ჭამენ, აკვარელის
დაბურული ნათურებით იხედებიან,
ფოტოები ისევ ცასთან აპელირებენ,
ამ ცამაც რა ქნას?
თეთრი, კბილებიანი დღე გამოუშვას,
თუ ნოტიო – ბუზების ფრენა სახსრებში?
თავში მუდმივი ბავშვის პროექცია,
და ნიადაგი ფეხქვეშ, უკვე მიწისაა,
მშობლების დანგრეული არქიტექტურაც…
მაგრამ თუ წვიმს და ცა დაბალია,
სულები უჩანს გულუბრყვილობის უკანა მხარეს…
© არილი