პოეზია

ლია სტურუა – ლექსები

* * *
სახლებმა დაავიწროვეს დღე,
კარებში მოწეწკილი სინათლისგან
რას ელოდები?
ჰორიზონტის დევნას?
თვალის პური ესაა,
სივიწროვემ თუ გააშუშა,
წვეტიან მზერაზე წამოცმულ ნაგავს
ხასიათში ჩაგიყრის,
ხიფათიდან კაშკაშს ვეღარ გამოადნობ!
ნაკვეთს მოგიზომავს,
შიგადაშიგ ქაღალდის ყვავილებით –
მინდვრის პოპარტი
ფეხი თუ დაადგი, სისხლს ამოასხამენ,
შუშის ჭურჭელზე მითითებულს;
დარჩენილ წყალზე, გადაღვრილ მინაზე,
ბოლო შუქს ეჭიდებოდა – ქინქლების თაიგულს
მტკივნეულია, ნამტვრევები იკბინებიან…

იალბუზზე

დიდი ღიმილი – გული კბილებში,
ტკივილის დროსაც,
ძალიან მწარე, ფესვიანი –
უკვე ბოლო
ფრენის კანონს ვხედავ:
ჰაერი და ფრთა აწვებიან ერთმანეთს
თანაბრად, ფრთის ჩრდილში
რაღაც იმალება –
ალუმინის ქვაბი, რეალისტებით გატენილი,
ანუ თვითმფრინავი
რეისები მასშტაბური
ალიასკაზე ოქროს ისევ ცრიან?
ეკვატორის ხაზი გულში შემოდის,
იშემიას მმართებს, ცხელა,
კავკასიონის თავზე ჩავიფუშები
ვენდო ჰაერს,
თუ იალბუზიდან დავიწყო
ფრენაში ვარჯიში?
ეკვატორები, პოლუსები,
უნაყოფოდ ჟღერს
თვითმფრინავი
რომელიმე წყნარ ქალაქში წავა,
მე აქ დავრჩები
კარგი მთაა იალბუზი,
ლექსივით ისმის.

* * *

წითელი ხაზი გამისვა ფეხქვეშ,
აღმნიშნა, გამომარჩია სხვებისგან,
კი გავუძნელდი,
ხორხზე ნაწიბურები დავუტოვე –
პირიდან გამაჩინა
სიტყვით მშვენიერი,
ტანით ხარვეზიანი,
ცეცხლი იღლიებში მქონდა,
თერმომეტრი თავში,
კონტროლი ცხრა მთას იქით.
და გარიგითება დამიპირეს,
ამ ქვაბივით ქალაქიდან
ცეცხლის დეპარტაცია
აბა, რაში მოიხარშებიან
ნამდვილი მშობლები,საწყლები და პოეტურები?
რას შეჭამენ? საკუთარ ტემპერამენტს?
თითო წამოხურებაზე
თითო მეხანძრე თუ მიუჩინეს,
ამასაც ვერა
ამიტომ ახლიდან გამაჩინა,
სხვა სიტყვებისგან გამომარჩია,
ფეხქვეშ წითელი ხაზი გამისვა,
კრემატორიუმის საძირკველივით.

ტკივილის შიში

სიზმარში სირბილი
დაბორკილი ფეხებით, ბრმა შუბლით,
სულ წრეზე,
გარღვევის უფლების გარეშე.
თავიდან აზრიანი მთებისკენ ბიძგით,
მერე ზეგანის ერთფეროვნება,
ყველაზე გრძელი, მოწყენილობაზეც კი,
ლირიკის ნაწყვეტები,
მთვარით მიბმული ერთმანეთზე,
უსაყრდენო პოზა გაძლებამდე,
თანაცხოვრება უძრავ ქონებასთან,
სიზმარში, უკვე, სხვების სირბილი,
მე შუაში, ფარგლის წერტილივით,
რომ იგულისხმება და არ ჩანს…
ათვლას ვიწყებ არაფრიდან სევდისაკენ,
აღმატებითი ხარისხი – დარდი.
იატაკი სახეში რომ გამოვტოვო?

იმ არავისთვის

გინდა ამოვიტრიალო თავი
და შიგნიდან გაჩვენო?
წითელ ატლასს მოელი,
ლაბადის დრეკადობას,
ნაცრისფერ ფარაჯას?
არადა, მორევი ტრიალებს,
ჩქარა, ცხადად,
გული – ვირის მუშა,
არც ცეცხლი არც ყინული,
არც სხვა რომანტიკული სისულელე!
გაცვდება, შეაკეთებენ,
შუნტებს დაადებენ.
რამდენ ხანს გაძლებს?
თორემ ფრთიან ლოგიკას
უკეთეს ქვეყანაში მივყავარ,
სინათლის სიჩქარით
არც ეს გულისხმობს
ჩათბობას, ჩაშენებას
და სხვა ამგვარ საძირკვლიან სიტყვებს.
უფრო, იმ არავის,
ფრენას რომ ვპირდებოდი,
შეკეთებული გულის ხარჯზე,
ისიც თავის წვა-დაგვიანად,
თვალებში ამაქვს,
გარეთ ატლასი, შიგნით ნაცრისფერი ფარაჯა
კიდევ რამდენი ომია გადასატანი…

კანდინსკის ალბომი

კი ვუყურებ ამ წითელ სიღრმეს,
მაგრამ ასე არ ვგრძნობ თავს
კანის ქვეშ, სისხლამდე ხორცი მაქვს,
ბიჟუტერიით დაჩხვლეტილი,
სიტყვები უსამკაულო,
რაღაცას კი არ ასახავენ,
თვითონ არიან რაღაც: უნებლიე,
თუ ჩემზე უფრო გადამწყვეტები?
წონასწორობა თუ აფეთქება?
ვერბალური გავლენის ქვეშ ვარ,
წნევის, წნეხის,
უკეთესს მხდის, თუ უარესს?
სიზმარში მხედავთ, თუ ახალგაღვიძებულზე?
ერთ შემთხვევაში საფუძვლიანს,
მეორეში – ზერელეს,
ორივეჯერ იმას, რაც ვარ.
წონასწარობის აფეთქებით,
კომპლექსებზე ბიჟუტერიით,
ლექსიკონში ჩასული მზით
წითელძირიან სიღრმეს ვხედავ,
მაგრამ ასე არ ვგრძნობ თავს…

პატრიოტიზმის მცდელობა

დამავიწყდა. ყრუ კედელი.
სახელი მოწითალო,
გვარს ნაცრის სუნი აქვს.
ყოფილი სისხლი, ყოფილი ცეცხლი
ისე ზოგადად, როგორც ზღვა ან მთა,
სანამ გეოგრაფიაში ჩაიკეტებიან,
მაგრამ რუქაზე მისამართი არ აქვთ,
ის ზღვა ან მთა ხომ არ არიან,
თვალსაწიერის ბოლოში ეძებონ,
გამეორებულ წყალში,
თორემ სახელის და გვარის ბანალურობა?
“ვინმე მელექსე”
და ამბავი “ვეფხის და მოყმის”,
ცეცხლი და სისხლი, გადამდები სახადივით,
მერე ნაცარი და სიტყვა “მოწითალო”
ნაკლებ გაცვეთილი, მშობლიურ სისხლის ფერზე
გვარი და სახელი
სულ არ წერია არსად,
ჩემს ტვინში რასაც შეესაბამება,
ის არის მთავარი:
ნადირობის აზარტი ლექსიკონში,
ალპინისტის ჟინი რუქაზე,
ხვიშტი ცხოვრებაში,
პათეტიკური მემკვიდრეობა –
“ვინმე მელექსე”
ძლიერი მხრები უნდა,
ფრთები გვერდზე გადადე.

* * *
მოვედი,
ხალიჩა დამიღვარეს ფეხქვეშ,
მზისკენ იყურება თბილად
ჩემი უფსკრულები ვაჩვენო,
შიგ ჩაჩეხილი კაბებით და ჩექმებით?
რასაც ქარი ვერ ამოაფრიალებს,
მეორადი ტანსაცმელი
სიმსუბუქით არ გამოირჩევა,
არ ლივლივებს ხელის გადასმაზე
ხალიჩის ხაოებივით,
ოქროს კბილებს არ აკაკუნებს,
როცა მზე მოწყენილია.
ისინი ყველანი კარგად უნდა ყოფილიყვნენ:
წყალზე დაბიჯებულები,
მატერიალიზებულები ჰაერში,
ამობურცულები, სადაც საჭიროა,
მარტოობა რომ არ მეგრძნო
ყოველშემთხვევაში, ასე მწარედ!
თუ ხალიჩას მიღვრიან ფეხქვეშ,
ალისფერ ტალღებზე მასრიალებენ,
ამომიცარიელონ უფსკრულკები,
ფეხწამოკრულებისა და თავმოკლულებისგან!
მზე რომ მოძლიერდება,
შიგ ჩაიხედავს.

ბაღი

“ამ ჯოჯოხეთისთვის, ამ ბედისწერისთვის,
ღმერთო, მისახსოვრე ბაღი სიბერეში”
მ. ცვეტაევა
ჯერ ჩონჩხს ვიშენებ,
მერე სახლს, მერე ბაღს,
შუბლის ძვალზე რომ ალმასები მაქვს,
თეთრ პურსა და ქონში მიცვლიან
სინათლეც მათია, მზე არ ჩანს…
რატომ ვიწროვდება ხმოვნები,
რომლებითაც ვყვიროდი?
პათოსისთვის, თუ იმედისთვის?
თუ იმ პატარა აპოკრიფისთვის,
ღმერთს რომ სამოთხე
ვაშლითაც უყვარს, ანუ
ჩემი ცნობისმოყვარეობით?
მუხლებზე დავუდგებოდი, მაგრამ მუხლები არ მაქვს
მხოლოდ, მოკეცილი აბრეშუმი,
ლეტალური ბოლოთი.
მარილიან ჩონჩხს ვაბარებ მიწას,
მახვილ სითეთრეზე!
მზეზე სამი ძახილის ნიშანი!
ბაღს რა უჭირს, ხეები ეზრდება,
ვაშლებს ისხამენ, არ ეშინიათ…

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box