Uncategorized

ლია სტურუა – სუიციდის მცდელობა – ლექსები

lia sturua 456555

სუიციდის მცდელობა

 

ერთი ზღვით შემეშალა, ერთი ყულფით,

წამლის ფერით და ტკივილის შემეშინდა…

ღმერთო, იქნებ,

ჩემი ქაღალდური წარმოშობის გამო,

იქვე ჩამაბრუნო!

როცა ძალიან თეთრია,

შემოქმედებითი კრიზისის გათვალისწინებით,

ამალგამაც ექნება.

იქ ამოვიკაწრავ ადგილს.

ახალ ფეხმძიმობას ან მომიხერხებს,

ან ვერა, მაგრამ სახლია…

 

ჟირაფი

 

გული, უფრო ხშირად, ყურებში მაქვს.

გენეტიკური შეცდომა, თუ

ქათმის თეთრი ხორცის შიგნით

ვერ იმუშავა? ყველაზე საჭირო

ადგილას ჩადგა, სადაც სასულე ორკესტრები

ზღვის სიახლოვეს ტყუიან,

როგორც ჟირაფი უცხო ქალაქში,

კითხვის ნიშანივით ყელი რომ არა…

ხომ იცის, რომ დახატულია,

მაგრამ მნახველებმა

მუცელში რეფლექტორი ჩაურთეს…

ელექტრობას თავისი კანონები აქვს,

დაუკითხავად ვერ მოუკვდები

ყველა ნაოჭით და სახსრით

მაგრძნობინებს ამას, არ მიშვებს

სიმართლის მაძიებლის პოზა

მიწაში ჩავდო…

 

მთავარი თემა

რომელიმე საავადმყოფოში

კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში,

როცა ერთი საწოლში ვწევარ,

ერთი ჭერზე დავდივარ,

საკუთარი თავის დემონტაჟს ვუყურებ

და სანამ მაჟრიალებს,

ანუ სახეზეა ჭიანჭველების ეფექტი,

თოვლი არ მიყვარს

და გვირილები შეგიძლია, ღმერთო,

ჭუჭყიანი დერეფნის ბოლოში!

ყვითელი გული – შიდა განათება,

შავი დღისთვის შენახული ფულივით,

არის და არც არის, მომავალს გავს,

რომელსაც გარედან ილუზია შემოვაჭამე,

რაც დარჩა, რეალური მაინც, იყოს,

ან პურის ობი მოიკიდოს,

ან ოთახის სუნი გაუჩნდეს,

ოღონდ, არა ანევრიზმები წითელ ძაფებზე –

მონადირე ძაღლები,

რომ სისხლით სავსე ჭიქებში განმახორციელონ

რა მონუმენტურობაზეა ლაპარაკი,

როცა ხორცი მტკივა, რომლითაც დავდივარ.

და ესთეტიკურ ფორმას ვცდილობ,

როცა ტვინში გამეჭედა წყვილი წმინდანი –

ქალური რითმა

და მომავალს დამპალი ვაშლის სუნი აქვს.

– მიშველეთ-მეთქი. რიტორიკული თხოვნა არავის,

ან, იქნებ, თოვლს, ქალაქშიც რომ მოვა,

თავიდანვე ჭუჭყიანი

გვირილები რა შუაშია,

როცა თემაა ცარიელი დღეების…

 

ფსკერი

 

მთელი სიცოცხლე ფსკერი დამდევს…

თეორიულად კი ვიცი,

რომ უფსკრული მარტო ღმერთია

ცვივა და ცვივა ჩვენი შიშები,

სურვილები, ფანატიზმი

და არაფრად არ იქცევიან.

აბა, მოკლე ჩართვა თავში,

პოეზიასთან წილნაყარობა?

ნემსები ფრჩხილებში,

საიდანაც ან მკვლელს ამოიყვან,

ან საშუალო სტატისტიკურ ზღარბს,

ვაშლებით ეკლებზე

(შაბლონი და არა სისხლი)

ამ შაბლონებისგან შემდგარ ცხოვრებას

ნემსებს შევაჭმევ, წითლად დაიღვრება,

თავიდან გართულებებს ამომიღებს,

შიგ ატრაქციონებს ჩამიდგამს,

თავისი მიკროფონიანი მზეებით!

ტალახიანი ფსკერი კი დამდევს,

როგორც ბუდის თანდაყოლილი ხავერდი,

და მშობლიური ტყუილი ლექსში…

 

ფოტო

ასეთი ხარ ფოტოზე – ხისტი,

მაცივრიდან ამოღებული,

არავითარი სახე, რიგითი ხელები,

ხაზგასმული შიში თვალებში,

ყველაფრის წინაშე, რასაც ირეკლავენ,

მარტო ტუჩები, წითელი მარკერით მონიშნული,

როგორც განცხადება

სამუშაო ადგილის შესახებ,

ან პირდაღებული გაკვირვება

ფოტოთი, სახელსაც რომ ვერ მოარგებ,

რამდენიმე ზომით დიდია,

უნისექსით გათანაბრებული

ამ კაშკაშითაც რომ დავიწყოთ,

რაკურსების თამაში ცხვირთან, წაგებულია,

სამი მეოთხედის პოზა

ბევრი ხორცით გაფუჭებული

როდის გაუკეთეს ნიკაპს საფუარი,

ბოტოქსის ნაცვლად?

ნეგატივის ტალახისფერ გარემოს კი

შენი დედანი სინათლის მუშტებს ურტყამს,

გაღწევას ცდილობს, იცის, რომ ტყუილად,

მაგრამ მოქმედებას

მაცივარში, მაინც, ვერ ჩაუკეტავენ,

ბიომეტრიულ ფოტოსაც ვერ მიიღებენ

ალბინოსი ნეგატივიდან

ასეთ თოვაში

ნაკვთებს ვერ დააზუსტებენ.

 

© “არილი

Facebook Comments Box