Uncategorized

სტივენ კინგი – უძილობა

STEPHEN-KING-facebook

ზაზა ციციშვილი

ცხოვრება ჩვენ ზევით

სტივენ კინგი, უძილობა, ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა, თბ. „დიოგენე“, 2013.

„მკვლელობა ცისფერია – გაიფიქრა რალფმა“

15 წლის ბავშვს მანქანა დაარტყამს და ადგილზე გააფრთხობინებს სულს სწორედ მაშინ, როცა ბავშვი ქუჩაზე გადავარდნილი ბურთის ასაღებად დაიხრება. ახალგაზრდა და ნიჭიერი, ჯან-ღონით აღსავსე სტუდენტი ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდება, რომელიც გამოცდილი კრიმინალისთვის იქნება განკუთვნილი. საპირისპიროდაც ხდება, როდესაც გასაფრენად გამზადებულები აღმოვაჩენთ, რომ ბავშვობის მეგობარმა ცოლი მოიყვანა, რეისს გადავდებთ და ნაბახუსევზე შევიტყობთ, რომ თვითმფრინავი დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩასულა და სადღაც შუაგულ ოკეანეში ჩამოვარდნილა. კაცობრიობის ცხოვრება სავსეა შემთხვევითობებით, რომლებიც ზოგჯერ ტრაგიკულია, ზოგჯერ კი პირიქით. ამ ყველაფერს ლოგიკური ახსნა არ მოეძევება. ხშირად გვიჩნდება განცდა, რომ იქ, ზემოთ, ვიღაც ზის რბილ სავარძელში, ჯოისტიკები აქვს მომარჯვებული და ჩვენით თამაშობს. ცუდია, რომ ამ თამაშში, კომპიუტერული თამაშებისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს. შემთხვევითობები ცვლიან ისტორიას. კაცმა არ იცის, როგორ განვითარდებოდა ყველაფერი, ჰიტლერი რომელიმე ტერაქტის დროს რომ მოეკლათ, მანამ, სანამ ბუნდესტაგში ტრიუმფით შეაბიჯებდა, ან ჩეპმენს რომ სელინჯერი არ წაეკითხა, ან სულაც 1999 წლის 19 ივნისს სტივენ კინგი ავარიას ვერ გადარჩენოდა. ამ ბოლო შემთხვევაში ერთი იმის თქმა შეგვიძლია ზუსტად, რომ „უძილობის“ წაკითხვას მაინც შევძლებდით, შეიძლება მეტი გატაცებითაც კი.

შემთხვევითობები არანაირ კანონზომიერებას არ ემორჩილებიან. ჩვენი გონება ვერ სწვდება ათასი უაზროდ ტრაგიკული მოვლენის არსს. კითხვა „რატომ“ პასუხგაუცემელია და ასეთადაც დარჩება ალბათ კიდევ კარგა ხნის მანძილზე. გვიჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ სიგარა უბრალოდ სიგარაა და მეტი არაფერი, აუცილებლად უნდა იყოს რამე მიზეზი ამ ყველაფრის საფუძველში. ჩვენი ტვინი სხვაგვარად ვერ მოისვენებს. სტივენ კინგის გონებამაც ვერ მოისვენა, როგორც ჩანს, და დააწერინა „უძილობა“, რომელიც ქართულ ენაზე 2013 წელს გამოსცა გამომცემლობა „დიოგენემ“ (მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი). წიგნში 921 გვერდის მანძილზე განუწყვეტელი ჭიდილია სიკვდილსა და სიცოცხლეს, ბრმა შემთხვევითობასა და იდუმალ განზრახვას შორის.

მახსოვს, ბავშვობაში ღრმად დარწმუნებული გახლდით, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო ჩვენს თავს. კინგს რომ დავესესხო, „იდუმალი განზრახვების“ მწამდა, ოღონდ ცოტათი სხვა ფორმით, ვიდრე ეს წიგნშია ნახსენები. მჯეროდა, რომ ქრისტე კაცობრიობას არ გვეშვებოდა და პერიოდულად განსხეულდებოდა ხოლმე დიდ ადამიანებში და მათი ხელით ცვლიდა კაცობრიობის ისტორიას, აყენებდა მას „სწორ“ გზაზე. ისიც მახსოვს, რომ ჩემმა „თეორიამ“ ჩემი მღვდელი მაინცდამაინც ვერ აღაფრთოვანა, არადა, როგორი გახარებული ვიყავი ჭეშმარიტების შეცნობით… მას მერე ეკლესიაში სიარულსაც დავანებე თავი და ინფანტილური თეორიების შეთხზვასაც შევეშვი, მაგრამ ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდი კინგის „უძილობამ“ ისევ ამომიტივტივა. ვითომ რატომ არ შეიძლება, რომ იქ, ზემოთ, ვიღაც ან ვიღაცეები ცდილობდნენ ჩვენი ცხოვრების წარმართვას. ცხადია, სჯობს, რომ გვჯეროდეს, თითქოს თავისუფლები ვართ თავიდან ბოლომდე, მაგრამ სანამ „ზედა დონეების“ არარსებობა არ დადასტურდება ობიექტური მონაცემებით (და ეს როდის მოხდება, ან მოხდება თუ არა ოდესმე, იაპონელებმაც არ უწყიან ალბათ), მანამდე არცერთი თეორია ბრმა შემთხვევითობებისა და იდუმალი განზრახვების შესახებ ბოლომდე უაზრო არ იქნება, მხატვრული ლიტერატურის კონტექსტში მაინც.

სტივენ კინგის გმირები, რალფი და ლუიზი, ერევიან ამ არაადამიანურ საქმიანობაში და ხარვეზებს ასწორებენ. მათ ისეთ ინფორმაციაზე აქვთ წვდომა, რაც უბრალო მოკვდავთათვის მიუწვდომელია. ამისთვის კი ავტორს სჭირდებოდა პროტაგონისტებისთვის რაიმე განსაკუთრებული თვისების მიწერა და აი, ისიც – უძილობა. რალფის ერთგვარ სუპერძალას ხომ მისი უძილობა განაპირობებს სწორედ. რალფი და ლუიზი იღებენ კაცობრიობის ზემდგომი დონის შესახებ ცოდნას, რაც ადამიანმა სიცოცხლეში არ უნდა მიიღოს წესით, და ეს სწორედ უძილობის დამსახურებაა. უძილობა ერთგვარი კარბიჭეა მათთვის, მაგიურ, არამიწიერ სამყაროში შესასვლელად.

ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია ჭამის, სექსისა და ძილის გარეშე. ამ სამი ტოტემის გარშემო ვტრიალებთ. უფრო სწორად კი ეს სამი რამ გვატრიალებს თავის ნებაზე. ჭამასა და სექსს ამ შემთხვევაში თავი დავანებოთ და ძილზე განვაგრძოთ ფიქრი. ოდესმე მაინც არ გაგივლიათ გონებაში, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება ძილს მიღმა? იქნებ ძილი ერთგვარი ფარდაა, რომელიც ჩვენს შესაძლებლობებს ეფარება და მათზე ხელმისაწვდომობას საგრძნობლად გვიმცირებს. იქნებ ადამიანის შექმნისას სპეციალურად ჩაგვიპროგრამეს ძილის აუცილებლობა, რომ… რომ არ გადავდგათ ნაბიჯი ზემოთ! იქნებ ძილი გვაბრკოლებს ამქვეყნიურ გასხივოსნებამდე? რალფს ცოლი გარდაეცვალა, ასაკოვანი კაცი იყო ისედაც და როცა ამას ზედ დაერთო დეპრესია, კაეშანი და ნაღველი, ძილი გაუტყდა. დიდი ამბავი, ძალიანაც ბუნებრივია სამედიცინო თვალსაზრისით, მაგრამ რალფმა შეტოპა და დღითი დღე ძილი ისე შეამცირა, რომ ბოლოს თითქმის სულ გამოუძინებელი დალასლასებდა ქუჩაში. პანიკამ მოიცვა. ყველა საშუალება სცადა – ტრადიციული თუ არატრადიციული, თუმცა შედეგი არაფერმა გამოიღო, ცხადია. რალფმა მიაღწია კრიზისის პიკს და ის-ის იყო უნდა გამტყდარიყო და განადგურებულიყო, რომ კრიზისის მიღმა გამოჩნდა ახალი ცხოვრება, ახალი რეალობა – ჰიპერრეალობა! რალფს გაეხსნა ახალი და უნიკალური შესაძლებლობები, რამაც არა მარტო მისი, არამედ დერის მოსახლეობის ცხოვრება შეცვალა და პრინციპში, რატომ მარტო დერის? წიგნში ისეა უძილობის განვითარების დინამიკა დახატული, რომ სწორედ მსგავსი განცდა გრჩება ბოლოს – იქნებ ძილი მართლა დამაბრკოლებელია ჩვენი განვითარების გზაზე, იქნებ ძილის გარეშე იქ, ზემოთ ავიდეთ ჩვენც და იქნებ ძილი სწორედ იმისთვის დაგვაბედეს, რომ უადგილო ადგილას არ შეგვეყო ცხვირი, იქნებ ჰიპერრეალობაში… (მომარხულეთათვის აღნიშნულ ფიქრებს მიყოლა რეკომენდებული არ გახლავთ).

ჰიპერრეალობა და ცხოვრებისეული იერარქიის ზემო საფეხურებზე ასვლა კი კარგია, მაგრამ იქ ვინ დაგვხვდებიან? გვიფიქრია არამიწიერ არსებებზე? წარმოგვიდგენია როგორები შეიძლება იყვნენ ეს ზოგჯერ ულმობელი, ზოგჯერ კი მოწყალე არსებები, რომლებიც ჩვენზე მაღლა დგანან და ბედავენ, რომ ჩვენი ბედით ითამაშონ? ბევრი ფილმი გექნებათ ალბათ ამ თემაზე ნანახი ან ბევრ სამეცნიერო ფანტასტიკურ რომანში შეხვდებოდით პერსონაჟებს ჰიპერრეალობიდან, პარალელური სამყაროებიდან და ა.შ., მაგრამ მეეჭვება რომელიმე მათგანი ყოფილიყო პატარა მელოტი ექიმი. ეს მახინჯი და ცოტათი სასაცილო არსებები დგანან თურმე ჩვენს ზემოთ, რამხელა ცინიზმია! კლოტო, ლახესისი და ატროპოსი დები იყვნენ ძველი ბერძნული მითოლოგიიდან, რომელთაგან ერთი ადამიანთა ცხოვრების გორგალს ახვევდა, მეორე ზომავდა და მესამე მაკრატლით ჭრიდა მას. კინგის ქალღმერთები კი უსქესო და მახინჯი, დაბალი, მელოტი ექიმები არიან, რომელთაც თითქმის ისეთივე ფუნქციები აქვთ, როგორიც ოლიმპოელ დებს ჰქონდათ. ამ სამიდან ყველაზე „ცუდი“ და ამაზრზენი მაინც ატროპოსია, რომელიც ბრმა შემთხვევების მესაჭეა და უდროო ადამიანური ტრაგედიების გასაღები უპყრია ხელთ, რაღა გასაღები – სკალპელი. თუ თქვენ გვერდით მოხუცი წაიქცევა, ბორდიურზე კეფას ჩამოარტყამს და გონდაკარგულს მანქანა გადაუვლის, გახსოვდეთ, რომ აქ საზიზღარი ატროპოსის ხელი ურევია. ბევრს ვფიქრობდი, რატომ აარჩია კიგნმა მაინცდამაინც დაბალი მელოტი ექიმების სახე. იმავე ლოგიკით ხომ შეეძლო ეს სამეული მაღალ, ქერა ლამაზმანებად გამოეხატა ან საშუალო სიმაღლის სუნიან მეთევზეებად, მაგრამ არა – მაინცდამაინც დაბალი მელოტი ექიმები. ეს იმდენად კარგი მხატვრული სახეა, რომ თავიდან ალბათ არასდროს ამოგივარდებათ. თუმცა ეს არ უნდა იყოს მისი არჩევანის მიზეზი. დიდი ალბათობით, მათი შექმნის მოტივი უბრალო შემთხვევითობა ან ძალიან სუბიექტური ავტორისეული ისტორიაა, მაგრამ შესაძლოა ეს 21-ე საუკუნის მითოლოგიის შექმნის ერთგვარ მცდელობადაც აღვიქვათ. დიახ, გავიდა სიბნელის დრო და ოლიმპოელი ქალღმერთები დღეს ჩვენთვის უცხოა, სამაგიეროდ ნაცნობია თეთრხალათიანები, რომლებიც… ჰო, პრინციპში, რომლებიც ზუსტად იმავეს აკეთებენ, რასაც ის ქალღმერთები აკეთებდნენ წარსულში – ხშირ შემთხვევაში ხომ თეთრხალათიანები განსაზღვრავენ ჩვენს ბედს, გვიწყვეტენ რამდენი და როგორ უნდა ვიცხოვროთ, გვიცვლიან დღის წესრიგს, გვმართავენ, გვაცოცხლებენ, გვკლავენ და ა.შ. მშვენიერი პროტოტიპები არიან თანამედროვე მითების პერსონაჟებისთვის. ეს თემის ერთგვარი დესაკრალიზაციაცაა – ჩვენი ბედის წარმმართველი ერთი პატარა, მელოტი, მახინჯი ექიმია და მეტი არაფერი? ნუთუ ჩვენს ბედს რაიმე დიდებული და ბრწყინვალე არ წარმართავს? არაო, თქვა სტივენმა და სამი მელოტი ექიმის ანაბარა დაგვტოვა.

ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს, წიგნი საკმაოდ სასიამოვნო საკითხავია და თარგმანიც არ იქნება სიამოვნების მიღების გზაზე დაბრკოლება. თავიდან ცოტათი ყურში მომხვდა „გადიდებული პროსტატიტი“, „პროსტატიტის გასინჯვა“ და სხვა მსგავსი სამედიცინო ლაფსუსები, თუმცა ეს მცირე შეცდომები ზოგადად თარგმანის ხარისხზე დიდ გავლენას ვერ ახდენენ. უნდა ითქვას, რომ წიგნის კითხვა სახიფათოცაა სასიამოვნოსთან ერთად – ვინძლო ჩაგითრიოთ. 920 გვერდის ჩათრევას ეხუმრებით? უძილობის კანდიდატებში ჩაეწერებით რალფისა და ლუიზის გვერდით, თუმცა პირობას ვერ მოგცემთ, რომ თქვენი ინსომნიაც მსგავსად საინტერესოდ განვითარდება.

სულ ბოლოსკენ კი მინდა აღვნიშნო, რომ სტივენ კინგი თავხედია, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. წიგნი დაწერილია ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში. დაწყებულია ან იწყება ეპოქა, როცა წიგნის ბაზარს ჰამბურგერი წიგნები იპყრობენ. მკითხველი ჩქარობს, სადღაც გარბის და ორი კურდღლის ერთად დაჭერის მიზნით ცდილობს ჯიბის წიგნებს მიეძალოს და თათბირამდე მეტროში იკითხოს. დგება დრო, სადაც ტოლსტოის და დოსტოევსკის (განსაკუთრებით პირველს) ლიტერატურული თვითგადარჩენა ნამდვილად გაუჭირდებოდათ. და ამ დროს, ამ დიადი ეპოქალური ცვლილებებისა და ზებგერითი სიჩქარეების განვითარების დროს, სტივენ კინგი წერს უშველებელ წიგნს – ეს სხვა არაფერია, თუ არა ლიტერატურული თავხედობა და ავტორიტეტის სწორად გამოყენება. ძალიან თამამად შეიძლებოდა ეს სიუჟეტი სამას გვერდზე გაშლილიყო და ამოწურულიყო, მაგრამ არა – სწორედ ამაზე სამჯერ მეტი მოცულობაა საჭირო, რომ მეტი და მეტი ადამიანი „შეჯდეს“ ლიტერატურაზე. კარგია, როცა მწერალს არ აინტერესებს ოფისისკენ სწრაფი ნაბიჯით მიმავალი ფუნქციონერი და არ ემონება მის კონიუნქტურას. კარგია, რომ მწერალს ფეხებზე ჰკიდია ამ ადამიანის ჯიბე, სადაც ეს უშველებელი წიგნი ვერაფრით ჩაეტევა. კარგია თავდაჯერებულობა, როცა იცი, რომ ხსენებულ ფუნქციონერს ერთი სული ექნება როდის დაბრუნდება სახლში, რათა კითხვა განაგრძოს. კითხვა ამბისა, რომლის მსგავსიც მას არასდროს შეემთხვევა. შემდეგ კი მშვიდად დაიძინოს იმაზე დარდით, რომ ვინიცობაა რაღაცას კარგავს ძილის დროს, რაღაცა მნიშვნელოვანს.

© “არილი

Facebook Comments Box