ესე (თარგმანი),  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლექცია,  ლიტერატურათმცოდნეობა

ლუიზ გლიკი – ნობელის პრემიის მიღებისას წარმოთქმული სიტყვა  

 

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

 

ბავშვობისას, დაახლოებით ექვსი-შვიდი წლის ასაკში, გადავწყვიტე გამერკვია, თუ რომელი ლექსი იყო საუკეთესო მსოფლიო პოეზიაში. საბოლოოდ, არჩევანი ორ ლექსზე შევაჩერე. ეს იყო ბლეიკის „შავკანიანი ბიჭუნა“ და სტივენ ფოსტერის „მდინარე სუანი“. ბოლთას ვცემდი ბებიაჩემის სახლის საძინებელ ოთახში, სედარჰერსტში – სოფელში, რომელიც განლაგებულია ლონგ-აილენდის სამხრეთ სანაპიროზე. უხმოდ ვკითხულობდი (ასე მერჩივნა) ბლეიკის დაუვიწყარ ლექსს და ვმღეროდი, ასევე უჩუმრად, ფოსტერის შესანიშნავ სევდიან სიმღერას. არ ვიცი, როგორ მივაგენი ბლეიკს. ალბათ, ჩემი მშობლების ბიბლიოთეკაში, უამრავ პოლიტიკურ ნაშრომთან და აურაცხელი რაოდენობის რომანებთან ერთად, რამდენიმე პოეტური ანთოლოგიაც მოიპოვებოდა. მაგრამ ჩემს წარმოდგენაში ბლეიკი სწორედ ბებიაჩემის სახლთან ასოცირდება. ბებია კითხვის მოყვარული ქალი არ იყო. სამაგიეროდ, იყო ბლეიკი, „უმანკოებისა და გამოცდილების სიმღერები“, ასევე – პაწაწინა კრებული სიმღერებისა შექსპირის პიესებიდან, რომელთაგან მრავალი ზეპირად დავისწავლე. განსაკუთრებით მომწონდა სიმღერა „ციმბელინიდან“. ალბათ, შინაარსი არ მესმოდა, მაგრამ მესმოდა კილო, რიტმი, მჟღერი იმპერატივები, რომლებიც ძალზე მაღელვებდა მე – მოკრძალებულ, გულჩათხრობილ ბავშვს. „დაე, დიდებით შეიმოსოს შენი საფლავი“. სწორედ ამის იმედი მქონდა.

პატივისა და დიდების მოსაპოვებლად ბრძოლა ბუნებრივად მეჩვენებოდა; მითებში – ჩემს პირველ საკითხავ წიგნში – ამაზე ხშირად იყო საუბარი. მიმაჩნდა (მაშინაც კი , როდესაც ძალიან ნორჩი ვიყავი), რომ მსოფლიოში საუკეთესო ლექსის ავტორობა – – უდიდესი პატივი იყო. ასე ვიზრდებოდით მე და ჩემი და, რომლებსაც იდეალად გვესახებოდა სამშობლოს გადარჩენა (ჟანა დ’არკი) და რადიუმის აღმოჩენა (მარი კიური). მოგვიანებით გავიაზრე იერარქიული აზროვნების საშიშროებანი და შეზღუდვები, მაგრამ ბავშვობისას ძალზე მნიშვნელოვნად მეჩვენებოდა ლიდერობის მიღწევა. ლიდერად წარმომედგინა მთის თხემზე მდგარი პიროვნება, რომელიც ყოველი მხრიდან ჩანდა. მის ქვევით მდგარი ადამიანები, არსებითად, უმნიშვნელონი და უჩინარნი იყვნენ.

რაც შეეხება ლექსებს, ვიცოდი, რომ ბლეიკი გარდაცვლილი იყო, მაგრამ ჩემთვის ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რადგან მესმოდა მისი ხმა – შეცვლილი, მაგრამ მაინც მისი. როდესაც ვლაპარაკობდი, ვგრძნობდი, რომ ის ჩემ გვერდით იყო, სწორედ – ჩემ გვერდით. მეჩვენებოდა, რომ განსაკუთრებული, პრივილეგირებული არსება ვიყავი; იმასაც ვგრძნობდი, რომ მინდოდა გავსაუბრებოდი ბლეიკს, ისევე, როგორც – შექსპირს.

ჩემს სულში ბლეიკმა გაიმარჯვა, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რამდენად მსგავსი იყო ის ორი ტექსტი; მაშინ, ისევე, როგორც ახლა, მიზიდავდა ადამიანის ინდივიდუალური ხმა, რომელშიც სევდა ან ჩივილი ხმიანებდა. მოგვიანებით (უკვე ზრდასრულ ასაკში) იმ პოეტებს ვანიჭებდი უპირატესობას, რომელთა რჩეული მსმენელი (ან მკითხველი) ვიყავი. მათი ინტიმური, მაცდუნებელი, ხშირად იდუმალი ხმა მესმოდა. არ მიზიდავდნენ საჯაროობისკენ მიდრეკილი პოეტები. ან ისინი, რომლებიც საკუთარ თავს ესაუბრებიან.

მომწონდა ზიარებულობის ეს გრძნობა. მომწონდა შეგრძნება იმისა, რომ ლექსში ნათქვამი იყო არსებითი და, ამავე დროს, პრივატული რამ.

პოეტი-ლიდერის არჩევის ცერემონია (ბებიაჩემის სახლში), მისი იდუმალების გამო, თითქოს ლექსთან დამყარებული მჭიდრო კავშირის გაგრძელებას წარმოადგენდა: გაგრძელებას და არა რღვევას.

ბლეიკი შავკანიანი ბიჭუნას პირით მელაპარაკებოდა; მისი ფარული წყარო იყო, თუმცა მისი დანახვა შეუძლებელი გახლდათ, ისევე, როგორც შავკანიან ბიჭუნას ვერ დაინახავდა ან მკაფიოდ ვერ დაინახავდა ქედმაღალი თეთრკანიანი ბიჭი; ვიცოდი, რომ ის, რასაც ბიჭუნა ამბობდა, სიმართლე იყო, რომ მისი მოკვდავი სხეული სინათლისა და სიწმინდის ჭურჭელი იყო; ვიცოდი, რომ შავკანიანი ბავშვი, თავისი გრძნობებისა და განცდების შესახებ საუბრისას არავის ადანაშაულებდა, არავისზე შურისძიებას არ ისახავდა მიზნად; მას სწამდა, რომ იდეალურ სამყაროში – საიქიოში, ის თავისი ჭეშმარიტი არსით წარდგებოდა და უდიდესი სიხარულით დაიცავდა უფრო სუსტ თეთრკანიან ბავშვს ჭარბი სინათლისგან. ლექსი გვაღელვებს, რადგან ეს იმედი განუხორციელებელია; ის, აგრეთვე, ღრმა პოლიტიკურ შინაარსს შეიცავს. მსმენელი ან მკითხველი (იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს მკითხველი ბავშვია), ხვდება, რომ შავკანიანი ბიჭუნა თავის თავში თრგუნავს გულისტკივილსა და სამართლიან გულისწყრომას და რომ დედამისი მის დაცვას ცდილობს.

მაგრამ საზოგადოებრივი ღირსება – სხვა საქმეა.

მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიტაცებს სწორედ ისეთი ლექსები, როგორებიც აღვწერე – ლექსები, რომლებიც ავტორის ინტიმური განცდებისადმი ზიარებულობას გაგრძნობინებს, რომლებშიც მსმენელი ან მკითხველი ავტორის თანაშემოქმედებს წარმოადგენენ: „მე – არავინ ვარ“ – ამბობს დიკინსონი. – „შენც არავინ ხარ? / მაშ წყვილი ვყოფილვართ – ოღონდ ნურავის ვეტყვით!“. ან ელიოტი: „მე და შენ წავიდეთ ახლა, / როცა საღამო გაიშოტა ცისქვეშეთში / როგორც ეთერით გაბრუებული ავადმყოფი მაგიდაზე…“. ელიოტის პოეტური სტრიქონები საჯარო არაა, ის ცალკეულ მკითხველზეა მიმართული, განსხვავებით, მაგალითად, შექსპირისეული სტრიქონისგან: „ზაფხულის დილაც ვერ გახდება შენი სადარი“: ამ შედარებაში მე არავითარ მონაწილეობას არ ვიღებ. შემიძლია დავტკბე შექსპირის არაჩვეულებრივად ვირტუოზული სტრიქონებით, მაგრამ ამ ლექსის სამყაროს ნაწილი არ გახლავართ.

პოეზიისთვის, რომელიც ჩემთვის ახლოა, ჯგუფის, საზოგადოების თვალსაზრისების გამოხატვა უცხოა. სამაგიეროდ, შინაგანი მეტყველების მთრთოლარე ინტონაცია, მასში გამოხატული თხოვნა ან რწმენა ამძაფრებს მის შთამბეჭდაობას.

რა ხდება, როდესაც საზოგადოება, ამ ტიპის პოეტის განდევნის ან იგნორირების ნაცვლად, ტაშს უკრავს და განადიდებს მას? მე ვიტყოდი, რომ ასეთი პოეტი საშიშროებას იგრძნობს, იმას, რომ ის ჭკუაში მოატყუეს.

ეს დიკინსონის თემაა. ყოველთვის – არა, მაგრამ ხშირად.

როდესაც მოზარდი ვიყავი, გატაცებით ვკითხულობდი ემილი დიკინსონს, ჩვეულებრივ – გვიან ღამით, დაძინებამდე, სასტუმრო ოთახის დივანზე.

მე არავინ ვარ! ვინ ხარ შენ?

შენც არავინ ხარ?

და იმ ვარიანტში, რომელიც უფრო მომწონს:

მაშ წყვილი ვყოფილვართ – ნურავის ვეტყვით!

ხომ იცი, განგვდევნიან…

დიკინსონმა შემარჩია ან შემამჩნია, როდესაც დივანზე ვიჯექი. გამორჩეული, უჩინარი მეგობრები ვიყავით; ეს მხოლოდ ჩვენ ვიცოდით და თითოეული ჩვენგანი ძალას მატებდა მეორეს. სამყაროში ჩვენ არავინ ვიყავით.

აქ არ განვიხილავ, რა ზემოქმედებას ახდენს ემილი დიკინსონი მოზარდ გოგონებზე. მინდა, მხოლოდ ის ვთქვა, რომ არსებობენ პოეტები, რომლებიც თავს არიდებენ საჯაროობას ან მიიჩნევენ მას ისეთ სფეროდ, რომელშიც განზოგადება სიზუსტეს ანადგურებს, ხოლო ნაწილობრივი სიმართლე გულწრფელობას ენაცვლება. ილუსტრაციის სახით: წარმოვიდგინოთ, რომ დიკინსონის ხმას ენაცვლება სასამართლოს ხმა. „ჩვენ არავინ ვართ, ვინ ხარ შენ?“. ამგვარი რამ ხომ წარმოუდგენელია.

8 ოქტომბრის დილას ჩემთვის მოულოდნელად თავზარი დამეცა. შუქი თვალისმომჭრელი იყო. მასშტაბი – უზარმაზარი.

მათ, ვინც წიგნებს წერს, ალბათ, ბევრის მიღწევა სურთ, მაგრამ ზოგიერთი პოეტისთვის ეს მიზანი ხალხმრავალი აუდიტორია როდია. ისინი თავიანთ სათქმელს თანმიმდევრულად, ერთიმეორის მიყოლებით უზიარებენ ცალკეულ მკითხველებს.

ვფიქრობ, რომ როდესაც შვედეთის აკადემიამ ამ პრემიით დამაჯილდოვა, ამით მან გამოხატა პატივისცემა ინტიმური, პრივატული პოეზიისადმი, რომელსაც საჯაროობა ზოგჯერ აძლიერებს, მაგრამ ვერასოდეს შეენაცვლება.

© არილი

Facebook Comments Box