ესე,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  რეცენზია

თეკლა არჩვაძე – არჩილ ქიქოძის “ხვლიკი საფლავის ქვაზე” – მეხსიერების ტყვეობა

არჩილ ქიქოძე, “ხვლიკი საფლავის ქვაზე”, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2021.

დაახლოებით ერთი საუკუნის წინ ზიგმუნდ ფროიდი და პიერ ჟანე დაინტერესდნენ ფსიქოლოგიური მოვლენით, რომელიც მოგვიანებით ამერიკელი მეცნიერების კვლევებისა და „მანდელას ეფექტის“ არსებობის წინაპირობა გახდა. საუბარია ფენომენზე, როდესაც ადამიანებს ზუსტად და მკაფიოდ ახსოვთ ის, რაც არასოდეს მომხდარა და არც არასოდეს გადახდენიათ.

ნამდვილად გინახავთ ხვლიკი საფლავის ქვაზე?

ბევრმა, ჩემი ჩათვლით, შეიძლება თამამად დაიწყოს საფლავის ქვის რომელიღაც კიდეში ჯიუტად დაწეპებული, წვრილი, მომწვანო-მოჟანგისფრო, დროში გაყინული არსების აღწერა, მაგრამ მოულოდნელად აღმოაჩინოს, რომ ცხოვრების ეს მოკლე ფრაგმენტი სინამდვილეში მისივე წარმოსახვის ნაწილი, ცნობიერების სხვა წყაროდან გადმოპარული გამოცდილება ან ტვინის რიგითი ოინი ყოფილა.

არჩილ ქიქოძის რომანიც, რომელსაც სწორედ ამ, ერთი შეხედვით, არც თუ ისე მნიშვნელოვანი ეპიზოდის სახელი ჰქვია, მეხსიერების მისტიკურობის, შეუცნობლობისა და მისი შრეების შიგნით მოგზაურობის ამბავია. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, რა ჰქვია პერსონაჟს, რომლის მოგონებათა პოლიფონიის მოწმეები ვართ, მაგრამ ზუსტად ვიცით რა მოხდა მისი ცხოვრების კონკრეტულ მონაკვეთებში, როგორ ეძებდა მოვლენების ყველაზე სწორ შეფასებას დედამისის სახის გამომეტყველებაში, როგორ აკვირდებოდა უძველეს მთის რიტუალში მონაწილე მეგობრის დაჩოქილ ფიგურას ან როგორ აუარა გვერდი ბებია-ბაბუის საფლავს საყვარელ ქალთან ერთად „უცნობ“ სასაფლაოზე სეირნობისას. მანანა, გიგო და ალდე – ეს ის სამი ადამიანია, ვინც გამორჩეულ ადგილს იკავებს ტექსტის მრალავწახნაგოვან სიუჟეტსა და მთავარი გმირის ამგვარივე მეხსირებაში, რომელიც ზოგჯერ მელოდიების გრძელ, მრავალფეროვან ნარევს ჰგავს და ერთი მელოდიის დასასრული მეორე, განსხვავებული მელოდიის დასაწყისში გარდაიქმნება. ვფიქრობ, მწერლის უნიკალური აღქმის დამსახურებაა, რომ ჩვენთვის უცხო პიროვნების ცხოვრებისეულ კადრებში ხეტიალის დროს ვაწყდებით რაღაც ისეთ დეტალს, რაც თურმე არამხოლოდ მისი, არამედ კოლექტიურ-ნაციონალური მეხსიერების ნაწილი ყოფილა. საუბარი მაქვს იმ პატარა, სულ რამდენიმე წამიან მოვლენებზე, რომლებზეც, ჩვეულებრივ, ყურადღებას არ ვამახვილებთ, მაგრამ ტვინის უცნაური ალგორითმის წყალობით, საბოლოოდ ადამიანთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის საერთო გამოცდილება აღმოჩნდება: იქნება ეს საფლავის ქვაზე აცოცებული ხვლიკის ყალბი ან ნამდვილი ხატი თუ ბებიის განჯინის გაღებისას გაცოცხლებული, წლობით ნადები წამლის აბებით, გულის წვეთებითა და სიძველით გაჟღენთილი ბავშვობის სუნი.

თავის მხრივ, კოლექტიური მეხსიერება საერთო ისტორიას, წლების განმავლობაში გადაცემულ და კონსტრუირებულ ინფორმაციას გულისხმობს. როდესაც საქმე ჩვენი, როგორც ერის საიდენტიფიკაციო მახასათებელსა თუ მაკავშირებელზე მიდგება, ბევრს, ნებსით თუ უნებლიეთ, იმ წამსვე ილიას სამი ღვთაებრივი საუნჯე: მამული, ენა და სარწმუნოება ახსენდება. ერთია, რა იგულისხმება აქ სინამდვილეში და მეორეა, თუ როგორაა ის გააზრებული მასშტაბურად. ვფიქრობ, თუკი უკანასკნელი კუთხით მივუდგებით, მაშინ „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ თანამედროვე (ან იქნებ მუდამ ასეთი) საქართველოს ზუსტი მაიდენტიფიცირებელი ანარეკლი გამოვა, სადაც სინამდვილეში სარწმუნოება ქრისტიანობა კი არა, მთხრობელის მეგობრის, გიგოს მიერ ტანსაცმლის შესანახად აგებული პატარა, ფხოვური სალოცავის მსგავსი ნაგებობაა, სადაც უცნობმა ადამიანებმა ქრისტიანული ხატები და შესაწირი ყუთი მოათავსეს, ხოლო მამული მანანას სოფელია – სიღატაკით და მწირი თიხნარი მიწით ერთდოულად დაწყევლილი და დალოცვილიც, რადგან ვერცერთ ინვესტორსა და ჰიდროელექტრო სადგურის მშენებელს ინტერესს ვერ აღუძრავს.

მთავარი პერსონაჟის დროში გაბნეული მოგონებების მონაცვლეობის პარალელურად იცვლებოდა ჩემი, როგორც მკითხველის, შეგრძნებები და განცდებიც. დასაწყისში თავი უცნობ ქალაქში ჩასულ ტურისტთან გავაიგივე, რომელიც საგულდაგულოდ დაატარებდა მწერლის სიტყვებით შთაგონებულ, ქვეცნობიერ იმედს, რომ ზოგჯერ უცხოელები სულ ადვილად პოულობენ ისეთ რამეებს, ადგილობრივებს წარმოდგენა რომ არა აქვთ. მოგვიანებით კი მთხრობელის პირად სივრცეში „შეპარვით“ აღმოცენებული უხერხულობისა და სიახლოვის თანადროული განცდა საკუთარ მეხსიერებაში ძრომიალით, ამ და სხვა – თითქოს უკვე წაკითხული ამბისა თუ უნივერსალური საიდუმლოს ძიების პროცესით დასრულდა.

არჩილ ქიქოძის ნაწარმოებში არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა მომავალი. მეტიც, აქ აწმყოს უმთავრეს ფუნქციადაც წარსულიდან წარსულამდე ბილიკის გაყვანა და მათ შორის მტკიცე ჯაჭვის გაბმა გვევლინება. შეიძლება ამიტომაც, უმთავრესი კითხვები, რომლებზეც ის გვაფიქრებს, უმეტესწილად რეტროსპექციას, მითს, საფლავის სიმბოლიზმსა და  მეხსიერებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ წიგნის თითოეული თავი მჭიდროდაა გადაჯაჭვული სიკვდილთან, ოღონდ, როგორც მწერალი ამბობს, ადრე ადამიანის სიკვდილთან დამოკიდებულება სულ სხვაგვარი იყო. ის, რომ მთავარი გმირისა და ალდეს ჰიპოთეტური ქორწილიც სასაფლაოზე შედგა, მოცემული დამოკიდებულების უჩვეულო, მაგრამ ცხადი, საკრალური და მომაჯადოებელი დადასტურებაა. ამ გზით ტექსტში კიდევ ერთხელ იკვეთება, რომ სიცოცხლე სიკვდილის ირგვლივ დროებითი ხეტიალია, ხოლო საფლავის ქვებზე დაწერილი ეპიტაფიები, ავტორის თქმისა არ იყოს, გარდაცვლილებზე კი არა, ხშირად ცოცხლებზე უფრო მეტს გვიყვებიან… „გარდაცვლილთა პირით ცოცხლები ითხოვენ საკუთარი თავისთვის დღეგრძელობას და წყალობას, სხვა ცოცხლებისაგან საკუთარი გაწეული გარჯის და ხარჯის დანახვას და დაფასებას.“

საგულისხმოა, რომ ტექსტს თან ახლავს საკაცობრიო შფოთის აჩრდილიც: ვფლობთ კი საკუთარ მეხსიერებას თუ თავად ვართ მეხსიერების ტყვეები? და პასუხსაც რომანშივე ვისმენთ. მთხრობელის დედის, მანანას უხილავი წიგნი ჩვეულებრივი ადამიანის მეხსიერების ალეგორიაა. ესაა წიგნი, „რომელსაც არასოდეს ექნება სიუჟეტი და რომელსაც არასოდეს დაწერს“, მაგრამ თავისი პატარა ეზოდან გარშემო ცქერითა და დაკვირვებით მუდამ შეავსებს. გარკვეულწილად, „წერის“ ამგვარი პროცესი ვიდეოკამერის მოქმედებასაც წააგავს, ოღონდ, თუკი პარალელს ტექსტში ნახსენებ ვიდეოკამერასთან გავავლებთ, ცხადი გახდება, რომ კამერა სამყაროს პატრონის სიკვდილის შემდეგაც იღებს და ამ გზით იგი ადამიანის მოკლე ეგზისტენციის დამჯაბნელი ხდება. გამოდის, მეხსიერება სიცოცხლეზე უფრო ხანგრძლივია. მეტიც, მეხსიერება უკვდავია და მისი მფლობელი დროის ჩარჩოებით შემოზღუდული არსება ვერ იქნება. ესაა განსხვავება ჩვენსა და ამ ჭეშმარიტების ნამდვილ ბატონ-პატრონებს – თავად უკვდავ ქვებსა თუ ქვეწარმავლებს შორის, რომლებიც, მართალია „ჩვენზე დღემოკლეები არიან, მაგრამ ჩვენ იმათ დაბადებას, დაბერებას და სიკვდილს ვერ ვხედავთ. ამიტომ თითქოს მხოლოდ ჩვენ და ჩვენი პუდელები ვართ წარმავალები, ისინი კი – უკვდავთა ჯარი, ბუნების დაუმარცხებელი არმიაა…“.

„ხვლიკი საფლავის ქვაზე“ პირისპირ გვტოვებს მტკივნეულ სინამდვილესთან, რომ მოკვდავებს მხოლოდ თარიღებითა და „კალიგრაფიისა და სასვენი ნიშნების ზეობით“ საფლავის ქვის გაკაწვრის ანუ მითის ფაქტად ქცევის უნარი აქვთ. თუმცა, თუკი ავტორსა და ძველ ბერძნულ თქმულებას დავუჯერებთ, ერთადერთი, ვისაც დავიწყების მორევის გადაცურვა და საიქიოში მოხვედრის შემდეგ მეხსიერების სამარადჟამოდ შენარჩუნება შეუძლია – გმირია. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით, ნაწარმოების კითხვის განმავლობაში მუდმივად ჩაგვესმის პატროკლოსის თუ გიგოს ჩუმი ვედრება – „დროზე დაანთონ მისი გვამის შთანმთქმელი კოცონი, დროზე მიაბარონ მისი თეთრი ძვლები მიწას და გაუშვან საიქიოში, სადაც გმირებს თან ერთადერთი განძი – საკუთარი მეხსიერება მიაქვთ, სააქაოდ კი სახელს“ ანუ „უღონო ხმასა და უსულო ექოსღა“ ტოვებენ.

უცნაურია, მაგრამ პატროკლოსი და გიგო ერთ კონტექსტში შემთხვევით არ მიხსენებია. რომანის ერთ-ერთი ხიბლი ისაა, რომ ტროას ომის გმირიცა და ფხოველი მხატვარიც – ორივე გმირია, ორივე მყისიერი სიკვდილისა და ომის მსხვერპლია, რომლებიც არსებობას მითში განაგრძობენ. ოღონდ განსხვავება მათ შორის მაინც არებობს: პატროკლოსს ჰექტორი ამარცხებს, გიგო კი სამოცი პარტია პინგ-პონგიდან სამოცივეს იგებს და სწორედ ეგ დიდებული გამარჯვება ხდება მისი სიკვდილის მიზეზიც.

რა?

„არ გახსოვს, რა მაგრა თამაშობდა?!

კი, მაგრამ სამოცი ძალიან ბევრია…“

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, უხვად გამოყენებული სიმბოლოებით, უნიკალური თხრობის სტილით, მოულოდნელი კულმინაციითა და ერთი ადამიანის მოგონებათა პოლიფონიაში გაჟღერებული ერთდროულად უნივერსალური თუ უკიდურესად ნაციონალური საკითხებით არჩილ ქიქოძის „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ შთამბეჭდავი ამბავია ურთიერთობებზე, მეხსიერების ტყვეობასა და თავად ამბავზეც.

© არილი

Facebook Comments Box