ინგლისურიდან თარგმნა გიორგი მაჭარაშვილმა
სავსებით შესაძლებელია, რომ მე სრულებით არ მქონდეს წარმოდგენა იმის შესახებ, რასაც ადამიანები რეალიზმს უწოდებენ, ვინაიდან, როგორც მკითხველი, ამ ტიპის ამბებს გამოგონილისგან არ განვასხვავებ.
ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომელიც ბავშვობაში წავიკითხე, ბერძნული მითოლოგია იყო. გონებას წარსულიდან არაფერი წაუშლია. ახლაც მახსოვს ადრეულ წლებში წარმოთქმული ლოცვები, რომლებსაც შემდგომ ახალი ტექსტები დაემატა. ყველაფერი ოზის სერიით დაიწყო, რომელსაც მოჰყვა ბიოგრაფიული ტიპის ნაწარმოებები („How to”[1] სერიული გამოცემები). ამ წიგნებიდან განსაკუთრებით დამამახსოვრდა მადამ კიურის, ლუი გერიგის და ლედი ჯეინ გრეის ამბები. ასაკის მატებასთან ერთად, თანდათან დიდი ინგლისური რომანებიც შემოემატა სიას. ამგვარი ლიტერატურის კითხვა განსხვავებული გამოცდილებაა. მას პოეზიის მსგავსად არ კითხულობენ. სწორედ ამიტომ, რთულია, ამ პროცესის მსვლელობას თანმიმდევრული ვუწოდოთ. აშკარაა, რომ ის უფრო მეტ თავისუფლებას იძლევა.
ახლა რომ ვუფიქრდები, ძალიან მიკვირს, რომ ისეთი განსხვავებული ტიპის ნაწარმოებები, როგორებიც „მიდლმარში“ და „მოელთა ჯადოსნური მონარქია“, ჩემთვის არც ისე ბევრი რამით განირჩეოდა ერთმანეთისგან. რა თქმა უნდა, ამგვარი დამოკიდებულება, დღეს მეტისმეტად არარეალურად მეჩვენება.
რეალიზმი, გარკვეული აზრით, ისტორიული რეალობის ამსახველი მიმდინარეობაა. ის მკაფიოდ განსაზღვრული პერიოდითაა შემოფარგლული. აღსანიშნავია, რომ იმ დროის პერსონაჟებს ერთნაირად აცვიათ, თითქმის იდენტურ კერძებს მიირთმევენ, საზოგადოებაც მათ მიმართ წინასწარ განსაზღვრული სქემით მოქმედებს, გმირებს თავს დატეხილი წინაღობებიც კი ერთმანეთის მსგავსია. ეს არის, ალბათ, იმის მიზეზი, თუ რატომ იძენს დროთა განმავლობაში ნამდვილი (ან თეორიულად ნამდვილი) ამბავი იმას, რაც გამოგონილ ისტორიას ყოველთვის თავიდანვე გააჩნდა. ის ნელ-ნელა არადამაჯერებელი, ნაკლებსარწმუნო ხდება. ხშირად შეიძლება ამ ფორმას შემდეგი ვარიაციითაც შევხვდეთ: წარმოვიდგინოთ რაღაც ისეთი, რაც ჯერ არ მომხდარა. ეს ყველაფერი თავის მხრივ გონებაში აუცილებლად დაილექება (შეიძლება მოვლენა, რომელზეც ვფიქრობთ, მითოსური სამყაროს ნაწილიც იყოს, ძველი დროიდან იღებდეს სათავეს, მაგრამ ეს ჩვენს მტკიცებას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს, ვინაიდან იმ პერიოდის შესახებ რაიმე ხელჩასაჭიდი წყარო არ გაგვაჩნია). რეალიზმის ჟანრის ნაწარმოებები მკითხველს შეულამაზებლად მოუთხრობს მისთვის კარგად ნაცნობი რეალობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს ლიტერატურული ხერხი, მიუხედავად მისი სიძველისა, საკმაოდ ორიგინალურია, რის გამოც მწერლები მას ხშირად მიმართავენ. ხანდახან აღნიშნული ამბები კარგ ხასიათზე აყენებს მკითხველს, თუმცა ისინი შეიძლება მწუხარების გამომწვევ საგნადაც იქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჟანრის ნაწარმოებებში პერსონაჟთა ვნებები და გადაუჭრელი პრობლემები ჩვენსას ძალიან ჰგავს, მაინც არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. ის სამყარო, რომელშიც ეს ამბები ვითარდება, ან აღარ არსებობს, ან კიდევ მეტისმეტად უცნაურად გამოიყურება. აშკარაა, რომ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ამგვარ რეალობაში ცხოვრებას, ვინაიდან ის, რაც სინამდვილედ გვეჩვენებოდა, ახლა თითქოს ნელ-ნელა ნაკლებსარწმუნო ხდება.
გამონაგონი ამბავი ხშირად ჰიპოთეზას, ანდაც სიზმრისეულ რეალობას ეფუძნება. აქ იგულისხმება, რომ თუკი ნაწარმოებში მოვლენათა მსვლელობა შეიცვლება, მაშინ შესაძლოა მთელი სიუჟეტი სრულიად სხვაგვარად წარიმართოს. ის, რისი დადასტურებაც წერილობითი წყაროს საშუალებით შეუძლებელია, ნაკლებად საინტერესოა ჩვენთვის. უფრო მეტად მოგვწონს, როცა ნაწარმოებში ისტორიული რეალობის ამსახველ ფაქტს წავაწყდებით (მას, როგორც საკუთარს, ისე ვუყურებთ). ამგვარი პარალელები ჩვენს ყურადღებას იქცევს, რის გამოც ისინი საინტერესოდ გვეჩვენებიან.
რეალიზმის ჟანრის მწერლები ხშირად ამბავს, ანდაც ქმედებათა მსვლელობას იმგვარად გადმოგვცემენ, რომ მკითხველი ყოველ ჯერზე განსხვავებულად განიცდის იმ მღელვარებას, რასაც დასასრულთან დაკავშირებული წინათგრძნობა მოასწავებს. როგორი ფინალი ექნება ნაწარმოებს? დაიხოცებიან თუ არა მთავარი გმირები? შეუყვარდებათ თუ არა მათ ერთმანეთი? ეს ის კითხვებია, რომლებიც ამხელს და, ამასთან, მკაფიოდ გვიჩვენებს, თუ რაოდენ შეუსაბამოა წიგნში აღწერილი რეალობა ჩვენს ცხოვრებასთან შედარებით. აუცილებელია გვესმოდეს, თუ რა დიდი მნიშვნელობის მატარებელია ის ატმოსფერო, რომელსაც ნაწარმოებში სასიყვარულო სცენა, ანდაც სიკვდილი მოსდევს შედეგად. მას ხშირად გარდამტეხ მოვლენად არ აღვიქვამთ, თუმცა მისი როლი ნაწარმოებში განუზომელია. ჩვენ ვკითხულობთ, ვინაიდან გვაინტერესებს თუ როგორ დასრულდება ნაწარმოები, ვცდილობთ გამოვიცნოთ რა ბედი ელით პერსონაჟებს, თავს ვიმტვრევთ და ვიგერიებთ ამბის მსვლელობის სხვადასხვა დასაშვებ ვარიაციას, რომლებიც ამ დროს გონებაში გვიტრიალებს. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ აღნიშნული ჟანრის ნაწარმოებებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ნამდვილად რეალისტურები არიან, ვინაიდან დასასრული ჩვენ არ გვეკუთვნის. მასზე გავლენის მოხდენა სცდება ადამიანის შესაძლებლობებს. ხშირად მკითხველი აღელვებული ელის დასასრულს, სურს იქ აღწერილი ამბავი სრულად შეიგრძნოს, თუმცა ამაოდ. ამ დროს ჩვენში აღძრული განცდა ძალიან წააგავს იმ უმწეო მდგომარეობას, რომელშიც კაცობრიობა მთელი არსებობის განმავლობაში იმყოფება. ნაწარმოების დასასრული ნელ-ნელა დროით საბურველში ეხვევა, მისი სრულყოფილი ნაწილი ხდება, რის გამოც მკითხველს უწევს საკუთარი ფიქრების ფილოსოფიისკენ მიმართვა.
ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებისთვის განსხვავებული დასასრულია დამახასიათებელი. მათ დასაწყისი არ გააჩნიათ. თუკი მაინც გადავწყვეტთ საწყისი წერტილის ძიებას, მაშინ შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ იგი მხოლოდ ერთადერთ მომენტში არსებობს, როცა შევთანხმდებით, რომ ის დაშვებები, რომლებსაც ნაწარმოები გვთავაზობს, მართებულია და ჩვენ მას, როგორც მოცემულობას ისე მივიღებთ. ასეთი ნაწარმოებები შეიძლება დროებით დასრულდეს, თუმცა ეს ყველაფერი მკითხველზეა დამოკიდებული. ის წყვეტს როდის დაიწყოს და დამთავრდეს რომანი. ეს ერთგვარი წრიული პროცესია, რომლის მსვლელობაც ყოველ ჯერზე მხოლოდ მცირედით იცვლება.
მკითხველი რთულად ამჩნევს, თუ რა განსხვავებაა ზემოთ აღწერილ ჟანრებს შორის. ამის მიზეზი ისაა, რომ დეტალები, ამ ორი ტიპის ამბავს ერთმანეთისგან რომ განარჩევს, უსასრულო მსგავსებათა მორევში იკარგება.
როგორ აღიქვამს ბავშვი ამა თუ იმ წიგნს? შეიძლება ვთქვათ, რომ ნაწარმოები მისთვის ერთგვარი საშუალებაა, რათა ესა თუ ის ამბავი მან მცირე ხნით გონებაში აცოცხლოს. ნებისმიერი წიგნი თითქოს მოსაწვევს წარმოადგენს, რომელიც ნაწერს ბავშვის ფიქრებისკენ უკვალავს გზას. ეს ერთგვარი საჩუქარია გონებისთვის. ის ისევე აღავსებს მას საინტერესო დეტალებით, როგორც ავეჯი ოთახს. რაც უფრო დიდხანს ცოცხლობს ესა თუ ის ამბავი ადამიანში, იგი მით უფრო საინტერესო და აღმოჩენებით აღსავსე ხდება. აშკარაა, რომ ამგვარი დაკვირვებით ბავშვმა შეიძლება მრავალი უცხო დეტალი აღმოაჩინოს. პოეზიის კითხვისას საქმე სულ სხვაგვარადაა. როცა მას კითხულობთ, თქვენ აქ და ახლა განიცდით ყველაფერს. ამ დროს დამოუკიდებელი, თვითკმარი, ჭორფლიანი ადამიანი ხართ, რომელიც საკუთარ ფიქრებში ჩაფლული არსებობს. თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია…
2004 წელი
წიგნიდან „American Originality Essays on Poetry“
© არილი