პოეზია

ლუკა აქიმიძე – დავიწყებული ადგილები

luka akimidze

1. სიზმარი

ქარხნებს, სადაც ესენი ცხოვრობენ;

ტაძრებს, სადაც მათ სძინავთ;

ჯვრებს, რომელსაც ზურგით ათრევენ…

 

შედიან ტაძრებში დასაძინებლად

და ივიწყებენ ჯვრებს, რომელსაც ზურგით ათრევენ,

სანამ

არ ახსოვთ თვალის გახელა

ბოლოს

რკინის ტროსებზე დაკიდებულები

მიდიან

ქარხნებში,

სადაც აღარ ახსოვთ თვალის დახუჭვა.

 

2. საწოლი

საწოლი სიზმრების არქივია –

მეორე სხეული.

 

მე სხეულს ვიცვლი გაღვიძებისას

და დილის ცივ ჰაერში გადმომაქვს

სიფრიფანა შიშველი ტანი –

ბუნდოვანი გზით მივირწევი წყლისკენ

 

3. ID

წყალი ლოკავს ორივე ცხოვრებას –

წყალს მიაქვს სიზმრები

წყალს მიაქვს დაღლა.

 

წყალი ირეკლავს ნამძინარევ,

ახალგამოფხიზლებულ ჩემს პორტრეტს

და მიაქვს 1000 კილომეტრის იქით

ახეთქებს ქვებზე

ანახებს ადგილებს, რომლებსაც ვერასდროს ვნახავ.

 

ბოლოს

მთელ ჩამორეცხილ ინფორმაციას

უერთებს უმაღლეს წესრიგს –

ოკეანეს,

სადაც გრძელდება ჩვენი კიდევ ერთი ცხოვრება

სადაც ირწევა მილიარდობით განთიადის პორტრეტი

 

4. ზღურბლი

ყავის ზედაპირზე ლივლივებენ

კორპუსების სახურავები.

 

საკუთარი ხმაურით ფხიზლდება ქუჩა.

 

კარის გაჯახუნებისას მახსენდება სხვენი,

რომელშიც დავტოვე საწოლი,

სავსე წაუკითხავი სიზმრებით და შენი სურნელით,

ცარიელი სკამი

და ოდნავ შეღებული ფანჯარა,

რომლის რაფაზე დგას

ნახევრადდალეული ყავის ფინჯანი

და ყავის ზედაპირზე

ლივლივებენ

კორპუსების სახურავები

 

5. მეხსიერება

სხვენში ერთადერთი სკამია –

ჩემთვის.

როცა აქ არ ვარ,

ის ივსება

ჩემი ტანის მარტოობით.

 

ცარიელ სკამზე ზის მარტოობა და

აღარ ახსოვს რას ელოდება.

 

არც ჩემს სხეულს,

დანიშნულების წერტილიდან

დანიშნულების წერტილამდე მიმავალს

არ ახსოვს საკუთარი თავის არსებობა

 

6. ცუდი ცეკვა

გონება უამრავი საგნისკენ ირწევა.

ზღვასავით მაწყდება ინფორმაცია

კბილის პასტისა თუ საცვლების შესახებ.

 

დანიშნულების წერტილიდან

დანიშნულების წერტილამდე

ვკარგავ ადგილს

და ქუჩის რიტმთან ერთად –

სულელური ბანერებისკენ თუ სლოგანებისკენ;

უგონოდ მივარდნილი ბომჟებისკენ თუ

აჩქარებული გამვლელებისკენ;

მაღაზიების ვიტრინებში გამოფენილი თუ

ტროტუარებზე დაყრილი საგნებისკენ დაძრულს,

თავდავიწყებულს

მიმაცილებს დიდი მოძრაობა –

სხვა ოთახში,

სადაც ისევ სხვა ცეკვა იწყება

 

7. ჩემი ქალაქი

წერტილოვანია ჩემი რუკა და

შედგება იმ ადგილებისგან,

რომლებიც მზერით გავცვითე,

შევეხე ან დავეუფლე.

სიცარიელეშია ჩამდგარი რუკის დანარჩენი ნაწილი.

 

რუკაზე კიდეა სახლიდან

ან წერტილებამდე გავლებული ხაზები –

ობობას ქსელივით.

 

მე ახალი, ურბანული ობობა ვარ.

 

8. გასეირნება

ათასფეხა მატლები და კოჭლი ტაქსისტები

გამოდიან ტყვიის ჰაერში

მილივლივებენ

ახალი სიკვდილ-სიზმრების საძებნელად

შემდეგ

სხეულშეზრდილი ლოგინებისკენ

და ივიწყებენ ყველაფერს

იქ ნახულს

მაგრამ არ ახსოვთ

ძილში ვერ გაექცევიან

ტყვიის ჰაერში

მოლივლივე

ქვისფერ კორპუსებს

და გამოდიან სასეირნოდ

 

9. მუსიკა

ამ ქალაქსაც აქვს თავისი მუსიკა –

უცნობი საგალობელივით

დაკარგულია მისი ავტორი;

მკვდარი საგალობელივით

იმდენად მივეჩვიეთ, რომ აღარც კი გვესმის;

სასაცილო საგალობელივით

ის ვეღარაფერს შეცვლის ჩვენს შეხვედრებში;

ზეციური საგალობელივით

ისმის არსაიდან და არსაით ქრება

 

ფანჯრები მთელი დღე ღია მქონდა.

როცა დავკეტე, მივხვდი, რაღაც დამაკლდა –

მექანიკური აჩრდილების ქროლვა

შუაღამის სიშორეში

 

10. ღმერთი

როცა ქუჩებს ანგრევს ქარი

და წვიმით ივსება რაფაზე დარჩენილი ყავის ფინჯანი,

უეცრად მოგეძალება

გარეთ გასვლის სურვილი –

 

ქურთუკს ჩაიცვამ და ქალაქში გახვალ

მხოლოდ იმიტომ, რომ შენს ფიქრებს ასე სჭირდებათ.

 

სახლში რომ დაბრუნდები,

შეცივებას გადაფარავს

უცნაური და უდიდესი გამარჯვების შეგრძნება.

ეს იქნება გამარჯვება იმ რომელიღაც საკუთარ თავზე,

რომელზეც ადრე წარმოდგენა არ გქონდა

 

(ამას განიცდიდა ქრისტე უდაბნოში შიმშილისას

ამას განიცდიდა ბუდა, როცა ხის ძირში თვლემდა)

 

11. სანამ

ვზივარ და მთელი სხეულით ვგრძნობ

საკუთარ სხეულს –

 

ის მიყვება განვლილი დღის შესახებ

სხვა შემთხვევაში

მე არაფერი მახსოვს

 

12. წარსული

ამ ქუჩაზე ერთი სახლის მაგივრადაც

სიცარიელე რომ გაჩნდეს,

ქალაქი ორივე მხრიდან დაიძვრება

მის შესავსებად

 

ამ ქუჩაზე სულ პატარა სიცარიელეც რომ გაჩნდეს,

ქალაქს მოუწევს ახალი ლოგიკის პოვნა.

 

მე ყოველდღე მავიწყდება ახალი რაღაც –

მე ყოველდღე ახალი ვდგები

 

13. მწერები

გაშტერებული ვზივარ საწერ მაგიდასთან.

 

ჩემს გვერდით, წიგნებზე,

სახაზავი დევს,

სახაზავზე –

პატარა მწერი დადის

აუჩქარებლად –

დილის 6-ზე სასეირნოდ გამოსული მოხუცივით

 

14. დანიშნულების ადგილები

ჩემი სხვენი საბაგირო სადგურია.

 

აქ უზარმაზარი ბორბალი ატრიალებს ტროსებს

გაჭიმულს ადგილებამდე,

რომლებამდე მისვლა ყოველდღიურად მიხდება.

 

ბორბალს სწყდება და ემატება თოკები

და სხვენი ემსგავსება ობობას ბუდეს.

 

იქნებ მეც მწერი ვარ?!

 

ვიფიქრე ერთხელ,

საათს დავხედე,

ერთ-ერთ ტროსს დავეკიდე

და გავემართე იქ, სადაც მაგვიანდებოდა

 

15. ის

მხოლოდ შენ შეგიძლია შეცვალო

ჩემი სადგურიდან გამოსროლილი ტროსების ტრაექტორია.

 

როცა თავი შენს ყელში მიდევს

და შენს სურნელს ვსუნთქავ –

სახლში ვარ.

 

ხანდახან ვფიქრობ,

შენი სხეულია ჩემი ნამდვილი სახლი.

 

ამ დროს მავიწყდება სხვენის არსებობა.

 

მე ყოველთვის რაღაც არ მახსოვს

 

16. დავიწყებული ადგილი

თუკი ოდესმე მოვახერხებ იმ ბურთის პოვნას,

ბავშვობაში რომ უცხო ეზოში გადამივარდა

და დამეზარა თუ შემეშინდა

ღობეზე გადასვლა.

 

რაც დრო გადის

 

უფროდაუფრო რთულდება ბურთის მოძებნა;

უფროდაუფრო ღრმად იხრწნება მიწაში ბურთი;

უფროდაუფრო დიდი ბალახი ამოსდის თავზე;

უფროდაუფრო მეტ აგურს ადებენ;

უფროდაუფრო ივსება სიცარიელე.

© “არილი

Facebook Comments Box