პროზა (თარგმანი)

ლუსინე ხარატიანი – მთის მოპირდაპირე მხარე

სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა

 (მოკლემეტრაჟიანი ფილმი)

კრებულიდან „კესანეს ჩიხი“

სოფლები, დაბები, ბენზინგასამართი სადგურები, ვირები, ურმები, ტრაქტორები, ჯიპები, ერთსართულიანი თიხაწნული სახლები ბალახაბინინებული სახურავებით და სატელიტური თეფშებით,  დროშა, გადახნული მინდვრები, დაუხნავი მინდვრები, კოკა-კოლა, ბორცვები, მთები, მტვერი, ბალახი, სათიბი, სატვირთო მანქანა, მთის მოპირდაპირე მხარე, ჩადრიანი ქალები, უჩადრო ქალები, სამხედრო ბაზების მავთულხლართები, მინარეთები, ორსართულიანი სახლები ღია აივნებით, ვერხვები, სიცხისგან დამშრალი ნახევრად დამხრჩვალი მდინარე, დროშა, ქუჩების სიგრძეზე გადაჭიმული მტვრიანი ბაზრობები, ვირებივით დატვირთული მოტოციკლები, მოფლასუნე ჩუსტებიანი კაცები,  დროშა,  გაჩერებები, შენობები.

– კაცო, ამათი გზები ძალიან კარგია, რა.  სრულიად სტრატეგიული, ზედ ტანკი-მანკი ყველაფერი გაივლის, თან ჩვენ ცხვირწინ. ასეთია ჩამორჩენილი სახელმწიფო?  – მანქანის ფანჯარაში გადაყუდებული მზერით ლაპარაკობს ანაჰიტი.

არტური მართავს მანქანას და მიჰყვება ჯი-პი-ეს-ის ინსტრუქციებს.

– შენა და, – ამბობს ის, – თქვენ ისა თქვით, როგორ უნდა წარვადგინოთ თავები? ამ გოგოს თუ დავუჯერებთ, – ჯი-პი-ეს-ისკენ უთითებს, – ნახევარ საათში უკვე იგდირში ვიქნებით.

– ხოო? ჩემი ტელეფონი ამბობს, რომ არარატის რაიონში ვართო, – მძღოლის უკან მჯდომი ანაჰიტი იღიმის და მობილურის რაღაც ნომერს კრეფს.

მანქანაში ოთხნი არიან. არტურის გვერდით მძინარე ქრისია – გერმანელი მეგობარი-ახლობელი, უკანა სკამზე მობილურებით მოსაუბრეები კი ანაჰიტი და ანი არიან. ანაჰიტი ყველაზე უფროსია. ის ასევე მათ შორის თურქოლოგი და თურქულის მცოდნეა. ანი მოჰიპო ახალგაზრდა გოგონაა და რაც არარატის რეგიონში შევიდნენ, ტელეფონი არ გაუთიშავს, მთელ ქვეყანას მოსდო, რომ ის იგდირშია, ტელეფონი კი ამბობს – Marz Ararat. ბოლოს ანი თიშავს  ტელეფონს და იწყებს ქრისის გაღვიძებას. აცხადებს, რომ მალე იქნებიან იგდირში  და ლეგენდა უნდა გამოიგონონ.

– რა მოვიგონოთ? – კითხულობს არტური.

– მოდით, ვთქვათ, რომ გერმანელი ტურისტები ვართ, აქეთ მოვხვდით, ძეგლი ვნახეთ, ვიფიქრეთ, შევიდეთ, – სთავაზობს ქრისი.

– არა, ამათგან ყოველი მეორე  გასტარბაიტერი[1] იყო ან უნდა, რომ იყოს, გერმანულად რომ დაგვიწყონ ლაპარაკი, როგორ უნდა გამოვძვრეთ? ვთქვათ, შენ და არტი ილაპარაკებთ, ჩვენ ყრუ-მუნჯებად ხომ არ მოვაჩვენებთ თავს? – შეეწინააღმდეგა ანი.

– მაშინ ვთქვათ, რომ ჩვენ გერმანიიდან ვართ, შენ – ჰოლანდიიდან, – ამთქნარებს ქრისი.

– კი, როგორ არა, ქალბატონ ანაჰიტს კიდე არა უშავს, ჰოლანდიელად გასაღდება, – ანაჰიტის ცისფერ თვალებსა და ქერა თმაზე უთითებს – ეწინააღმდეგება ანი, მე კიდევ ჩემი შავი თვალ-წარბითა და სომხური ცხვირით ნამდვილად ვერ გავქაჩავ.

– კარგი, მაშინ ვთქვათ, რომ მე თბილისში მომუშავე გერმანელი ვარ, თქვენ  სამნი კი ჩემი ქართველი თანამშრომლები ხართ, თურქეთში საქმეზე ჩამოვედით და თან ქალაქს ვათვალიერებთ.

ქრისის ბოლო შემოთავაზებაზე თანხმდებიან  და არტური მუსიკის ხმას უმატებს.

Wake up, put a little make-up…

Father, father, father, father

Father, into your hands I commend my spirit

Father, into your hands

Why have you forsaken me?

In your eyes forsaken me

In your thoughts forsaken me

In your heart forsaken me, oh[2] 

– I cry when angels deserve to die,[3]  – სისთემთან ერთად ყვირის ანი, როცა არტური ისევ უწევს მუსიკის ხმას და ამბობს, რომ სათანადო ქართული სახელებიც უნდა მოიფიქრონ.

– მე ვიქნები ქალბატონი ქეთი, ანი – ნინო იქნება, არტურ ჯან,  შენ კიდევ, მოდი, ირაკლი ან გიორგი აირჩიე, – სთავაზობს ქალბატონი ანაჰიტი.

არტურს მოსწონს ირაკლი და ბოლო 10-15 წუთი მუსიკის გარეშე ატარებენ მანქანას ერთმანეთთან ლაპარაკით და ახალი სახელებით მიმართვით, შემთხვევით რომ არ შეეშალოთ.

– ძეგლი უკვე ჩანს, – ანი ხელით უთითებს შორი მანძილისკენ.

– ხო, ალბათ, მანქანა აქ დავაყენოთ, ფეხით წავიდეთ, ჩვენი სომხური ნომრები რომ არ ნახონ, – ამბობს არტური, მერე ანაჰიტს მიმართავს, – ახლა ქალბატონი ქეთი ცოტას მოგვიყვება იგდირზე, სანამ მივალთ დანიშნულების ადგილზე.

მანქანას აჩერებენ და გადმოდიან. სანამ წინ  გამოჩენილი ბორცვისკენ დაიწყებდნენ სვლას, ქალბატონი ანაჰიტი მათ იგდირის შესახებ უყვება. ანი განსაკუთრებით სამ რამეს იმახსოვრებს: რომ იგდირის ამჟამინდელ მოსახლეობაში ბევრი აზერბაიჯანელია და კიდევ მატულობს, რომ აქ ბოლო არჩევნებში ულტრა ნაციონალისტებმა გაიმარჯვეს და მემორიალ-მუზეუმი ალიევების ოჯახის ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა. რაც უფრო უახლოვდებიან ბორცვს, მით უფრო უჩქარდება ანის გულისცემა.

Why have you forsaken me, მღერის თავისთვის და ცდილობს, არ ჩამორჩეს დიდი ნაბიჯებით  ძეგლისკენ მიმავალ არტურსა და ქრისს.

– Just another dick,[4] – ძეგლისთვის ფოტოების გადაღებით, ამბობს ქრისი.

ბორცვის თავზე აღმართულია მორიგი ფალოს-ძეგლი, რომლის შესახებაც ინტერნეტში მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია ასეთი იყო: „მონუმენტის დიზაინი შეიცავს თურქულ იდენტობასთან, ისტორიასთან და მითებთან დაკავშირებულ ელემენტებს. ზედა სტრუქტურა შედგება ხუთი შვეული ხმლისგან, რომელთა წვერები ერთმანეთს ებმის, როგორც არარატის მთის  სიმბოლო.  ხმლების ტარებში  არაერთი ქანდაკებაა. ძეგლის ხმლების გრანიტი ჩინეთიდანაა ჩამოტანილი, ხოლო სხვა მასალები, როგორებიცაა მარმარილო, გრანიტი და კერამიკა, თურქეთის სხვა რეგიონებიდან. ძეგლი დაიდგა აღმოსავლეთ ანატოლიაში სომხების მიერ სასტიკად დახოცილი ერთ მილიონზე მეტი თურქი მოწამის ხსოვნის უკვდავსაყოფად და იმათ საპასუხოდ, ვინც 24 აპრილს გენოციდის დღედ აცხადებს, ასევე მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ადგილას სომხების წინააღმდეგ განხორციელებული სავარაუდო გენოციდის ხსოვნის აღსანიშნავად აღმართული ძეგლების საპასუხოდ“.

ძეგლის ქვეშ მუზეუმს რამდენიმე ოთახი ეთმობა. ძეგლის საგულდაგულოდ გადაღების  მერე  დაბლა ჩადიან – მუზეუმის დასათვალიერებლად. In your thoughts forsaken me, ანის თავში უტრიალებს, გულიც ჩქარა უცემს და ახლა ნათლად წარმოიდგენს, როგორ შევლენ მუზეუმში, როგორ მიუახლოვდება ადგილობრივი ნაციონალისტი რუხი მგელი და დაიწყებს გამოკითხვას: ვინ არიან, სადაურები არიან, როგორ მოითხოვს პასპორტებს… In your heart forsaken me… მუზეუმში შესვლისას განსაკუთრებით ხმამაღლა მიმართავს არტურს, ირაკლი, ერთი წუთით დამელოდე და მერე კიდევ უფრო ხმაურიანად, ქალბატონო ქეთი, კამერას მომცემთ, შემთხვევით აზრადაც რომ არ გაივლონ მათი სომხობა. I cry when angels deserve to die… შესასვლელთან დიდი ასოებით თითქმის იგივე ტექსტი წერია, რომელიც ინტერნეტში მოიძიეს. შევიდნენ. შიგნით ბნელა და არავინაა. არც სალაროა. ქრისი წინ მიდის და კითხულობს:

– უკაცრავად, არის აქ ვინმე?

შიგნიდან ფეხის ხმა ისმის და სიბნელიდან გამხდარი შუახნის მამაკაცი ჩნდება. იღიმის, ამბობს ჰოშგალდინის,[5] შუქს ანთებს და შიგნით მიუძღვება. შიგნით ბნელა და ცივა, საფლავივით. მუზეუმის თანამშრომელი ყველა ოთახში რიგრიგობით ანთებს შუქს.  ცოცხალი ადამიანის სუნთქვით აშკარად გაუმთბარ სივრცეში ტოვებს სტუმრებს, ისტორიასთან მოწმეების გარეშე, პირისპირ დატოვებით თანამშრომელი გადადის შესასვლელი კარიდან მარჯვენა ოთახში, სადაც ტელევიზორი სიტყვით გამოდის ხმამაღლა.

მუზეუმის ცენტრალურ ექსპონატს წარმოადგენს რუსული ხიშტი, რომელსაც სომხები იყენებდნენ თურქების დასახოცად და მოკლულთა თავის ქალათა დიდი გროვა. ოთხივე ფოტოკამერა ხარბად მიემართება გამოფენისკენ, თითქოს შეჯიბრებით, თუ ვინ უფრო სწრაფად, უფრო მეტად და დეტალურად გადასანსლავს მისთვის მიწოდებულ ისტორიას.

კიბეები, ასფალტი, მიწა,  ქვა, ბალახი, ფეხები დახურულ სპორტულ ფეხსაცმელში, ფეხები ღია საზაფხულო სანდლებში, ასფალტი, ტროტუარი, ხაზი ასფალტზე, ბორდიური, ასფალტზე ამოზრდილი ბალახი, დამშრალი გუბე, ტალახი, თიხნარი, ასფალტი, მანქანის ბორბალი, ხე, ტოტი, ფოთოლი, ქარი, ცა. თავიანთ მანქანას მიადგნენ. მანქანა რომ გააჩერეს,  მარტო იყო, ახლა კი უკან კიდევ ერთი „ნისანი“ დგას – 16 AM 171.

***

სცენა 1

დაბნელება. სიბნელეს არღვევს მაგიდაზე ხმაურიანი მაღვიძარას მაძებარი ხელი, რომელიც შემდეგ ოთახში შუქს ანთებს. მუქ მწვანედ შეღებილი ოთახი უსწორმასწორო კედლებით, ჭერიდან ჩამოკიდებული ნათურა, რკინის რიკულებიანი საწოლი. საწოლის მარჯვნივ  ოთახის ერთადერთი სკამი დგას, მარცხნივ მაგიდა. საწოლზე მწოლიარე თეთრ ნიფხავ-მაისურიანი გამხდარი მამაკაცი უხალისოდ დგება, ფეხებით გამოაქვს საწოლის ქვემოდან ჩუსტები, იცვამს და მოპირდაპირე კედლის საღებავაცლილი კარის მიღმა უჩინარდება. კადრში  ცარიელი ოთახია, ისმის ტუალეტის ჩარეცხვის ხმა.

მამაკაცი  ღიღინით  გამოდის სააბაზანოდან, სკამზე ფრთხილად დადებულ შარვალს იცვამს და სააბაზანოში ბრუნდება. კამერა მამაკაცს მიჰყვება. კამერა დეტალურად აჩვენებს აღმოსავლურ უნიტაზს. წყალი მიედინება და მიედინება თავისივე გახსნილი ჟანგიანი ბილიკით. შემდეგ კამერა გადადის ნიჟარაზე, რომელსაც ასევე აქვს წყლის  გახსნილი გზის ნიშნები. კადრში გამდინარე წყლის ხმა და მამაკაცის ღიღინი ისმის. კამერა გადადის ნიჟარის ზემოთ ჩამოკიდებულ სარკეზე. სარკეში მამაკაცის სახეა. სარკის დიდი ბზარი სახეს უყოფს: ზემოთ თვალებია – ფართო, შავი, სქელი წარბებით, ქვემოთ კი სახეზე წასმული ქაფი და სამართლებლით მომუშავე ხელი.

სცენა 2

ჩაცმული, გაპარსული მამაკაცი ერთსართულიანი თიხაწნული სახლის ეზოშია. ეზოში მდგარ ძველ მანქანაში ჯდება. მანქანის ძრავას რთავს. მანქანა არ ირთვება. ხელახლა რთავს. სამი-ოთხი მცდელობის მერე ძრავა ბოლოს და ბოლოს ამუშავდება და მანქანა ადგილიდან იძვრება. კამერა აჩვენებს მანქანის სარკეში არეკლილ მამაკაცის თვალებს. მანქანა ბორცვის პირდაპირ – ცარიელ ავტოსადგომზე ჩერდება. მამაკაცი მანქანიდან გადმოდის, კარს ხურავს. კიბეებით ადის ბორცვზე.  კამერა აჩვენებს ბორცვზე აღმართულ ფალოსის მსგავს მონუმენტს, შემდეგ მამაკაცს, რომელიც ბორცვში აშენებული მუზეუმის კარს აღებს. შედის, შუქს ანთებს, შესასვლელი კარიდან მარჯვნივ მდებარე ოთახის კარს აღებს, შედის, იმ ოთახში შუქს ანთებს, მერე დერეფნის შუქს აქრობს.  კედელზე დაკიდებულ ტელევიზორს რთავს, სათითაოდ  გადადის ერთი არხიდან მეორეზე, სანამ  იპოვის სასურველს. კადრში  ტელევიზორის ეკრანია. არხი ცუდად იჭერს, მაგრამ შავ კოსტიუმში გამოწყობილი ვიღაც გულისამაჩუყებელი სიტყვით გამოდის ღია ცის ქვეშ.  შუალედებში  ბრბო ტაშს უკრავს. კამერა ტელევიზორიდან ოთახში გადადის. ოთახში ერთი მაგიდა და ერთი სკამია. საწერი მაგიდის წინ – კიდევ სამი სკამი. საწერ მაგიდაზე არაფერი არაა, დიდი, ძველი ტელეფონის გარდა. კამერა აჩვენებს ტელეფონის ახლო ხედს. მაგიდის გვერდით, სპირალიანი გამათბობელი, დიდი, რომელზეც ლურჯი ჩაიდანი დუღს. მამაკაცი მაგიდაზე დებს არმუდს,[6] მერე მუქ ჩაის ასხამს.  საწერ მაგიდასთან ჯდება და ჩაის ხვრეპით ტელევიზორს უყურებს. კამერა გამოდის სამუშაო ოთახიდან, გადადის მუზეუმის სხვა ბნელ და ცივ ოთახებში, ბრუნდება სამუშაო ოთახში, დიდხანს ჩერდება ჩაის ფინჯანზე.

3, 4, 5, 6 და 7 სცენები  პირველ ორ სცენას იმეორებენ.

სცენა 8

სამუშაო ოთახის მაგიდის ტელეფონი რეკავს. სკამზე მჯდარი მამაკაცი წამოხტება და ყურმილს იღებს.  ხაზის მეორე ბოლოში მამაკაცის ხმა იუწყება, რომ მეჰრიბან ალიევა აპირებს მისი მხარდაჭერით აშენებული მემორიალური კომპლექსის დათვალიერებას. ასევე, ატყობინებს დღესა და საათს.

სცენა 9

მუზეუმის ყველა ოთახში განათება ანთებულია.  ყველგან ხალხია, მტვერს წმენდენ, გვიან, ალაგებენ. ცენტრალურ ოთახში  ადამიანების თავის ქალების გროვაა. კაცი ფრთხილად იღებს თავის ქალებს სათითაოდ, მტვერს წმენდს და ისევ უკან აბრუნებს. სამუშაო ოთახის გამათბობელზე უპასუხოდ დუღს ჩაი. კამერა გადადის ტელევიზორზე. გამორთულია.

სცენა 10

მამაკაცი რაღაც სიმღერის ღიღინით თავისი სამუშაო ოთახის  კედლებს ღებავს, ავეჯის გადაადგილებითაა დაკავებული.

სცენა 11

ძეგლის ეზოს გვიან. მტვრის ღრუბელი დგას. ავტოსადგომზე ისევ ის მარტოხელა მანქანაა.

სცენა 12

კამერა მამაკაცის აბაზანაშია. მამაკაცი პირს იბანს, წვერს იპარსავს. აბაზანის სარკე გამოცვლილია. სახე მთლიანად ჩანს.  მამაკაცი დეტალურად ათვალიერებს სახეს და ამოწმებს, კარგად გაიპარსა თუ არა. თმას ივარცხნის, ისევ იბანს, შემდეგ საძინებელში გადის, საგულდაგულოდ იცვამს: შავი შარვალი, გაცვეთილი ქამარი, თეთრი პერანგი, შავი პიჯაკი, ალისფერი  ჰალსტუხი, აპრიალებს შავ ფეხსაცმელს, ღიღინით გამოდის, მანქანაში ჯდება, ისევ გაჭირვებით რთავს  ძრავას და ღიღინით გადის ყოველდღიურ გზას. აღებს მუზეუმის კარს, შედის, ანთებს ყველა შუქს, ოთახიდან ოთახში გადადის, ამოწმებს კუთხეებს, ხელით ამოწმებს მტვერს. კამერა მუზეუმის ყველა კუთხეს აჩვენებს, რამდენიმე წამით ჩერდება თავის ქალებზე, შემდეგ კედელზე დაკიდებულ საათზე გადადის. საათი დილის ცხრას აჩვენებს. დაბნელება. კამერა ისევ საათზეა. 11 საათია.  მამაკაცი საწერ მაგიდასთან ზის. მოუთმენლად ათამაშებს თითებს და ჩაის ხვრეპს.  კამერა თითებზე და ჩაის ფინჯანზეა. დაბნელება. ისევ საათი. 3 საათია. მამაკაცს მჯდომარეს ჩაეძინა. კამერა ცარიელ ჩაის ჭიქაზე ჩერდება რამდენიმე წამით. ტელევიზორიდან ისმის მოსაუბრის ხმა. დაბნელება. სიბნელეში საათის ტიკტიკი ისმის.  კამერა ისევ საათზეა. 6 საათია. ისმის ტელეფონის ხმამაღალი ზარი. მამაკაცი წამოხტება, ყურმილს იღებს.

– მეჰრიბან ალიევა ამჯერად ვერ გესტუმრებათ, იუწყება მიკროფონის ხმა.

დაბნელება.

სცენა 13

პირველი სცენის გამეორება.

***

შენობები, ქუჩები, ბენზინგასამართი სადგური, გზა.

– ფაქტობრივად, ძაღლადაც არ ჩაგვაგდეს, – სიჩუმეს არღვევს ანი.

– ჰო, ჩვენ კიდევ დიდი ამბით ვემზადებოდით კითხვებზე პასუხების გასაცემად, –სიცილით ამბობს არტური.

– მგონი, მაგ მუზეუმში სომხების გარდა არავინ შედის, – ამბობს ქალბატონი ანაჰიტი.

– და ნისანის მძღოლის ამბავი, – ამბობს ქრისი, – თავის ქალების თემაზე კამათში რომ ჩაება, ამტკიცებდა, რომ თავის ქალების ანთროპოლოგიური ტიპი  სომხურია და ამის დასამტკიცებლად თავი თავის ქალებთან მიიტანა…

სოფლები, დაბები, ბენზინგასამართი სადგურები, ვირები, ურმები, ტრაქტორები, ჯიპები, ერთსართულიანი თიხაწნული სახლები ბალახაბინინებული სახურავებით და სატელიტური თეფშებით, მოტოები, წითელი დროშა, გადახნული მინდვრები, დაუხნავი მინდვრები, კოკა-კოლა, ბორცვები, მთები, მტვერი, ბალახი, სათიბი, სატვირთო მანქანა,  წითელი დროშა, სამხედრო ბაზების მავთულხლართები, მინარეთები, ვერხვები, წითელი დროშა, ლურჯი ცა, თეთრი ღრუბელი.


[1] მოწვეული მუშახელი.

[2]  ჯგუფ სისთემ ოფ ე დაუნის ცნობილი სიმღერის ნაწყვეტი:

გაიღვიძე, გაიკეთე ცოტა მაკიაჟი…

მამა, მამა, მამა, მამა

მამაო, შენს ხელებს ვაბარებ ჩემს სულს

მამაო, შენს ხელებს ვბარდები

რატომ მიმატოვე?

შენს თვალებში მიმატოვე,

გონებაში მიმატოვე,

გულში მიმატოვე, ახ.

[3] ვტირი, როცა ანგელოზები კვდებიან.

[4] კიდევ ერთი ყლე.

[5] კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

[6] თურქული მსხლის ფორმის ჩაის ჭიქა.

© არილი

Facebook Comments Box