მეც მინდა არფა!..
დარაჯმა მითხრა, წილებს მოგაშორებო. თავისუფალი იყო და იმიტომ მითხრა. მე კი ბუნების გაკვეთილიდან ვიყავი გამოგდებული, საქმე არც მე მქონდა და მშვიდად დავუდე მაგიდაზე თავი. “საიდან მიხვდა, რომ ტილები მყავს? ან რატომ არ მრცხვენია ნეტა?” – ვფიქრობდი და მეძინებოდა. ისიც კი მკითხა, როდის დაიბანეო ბოლოს თავი. კვირას. კვირაობით ვბანაობ-მეთქი. დამამთქნარა. მერე მომიყვა, რომ ქალიშვილს პატარა არფა უყიდა, რომ ახალი კაფელი გააკრა სამზარეულოში, რომ დაბადების დღე აქვს ორ თვეში და რომ ყოველდღე აკითხავს ყირგიზ ქმარს კუკიის სასაფლაოზე… მე კი დამავიწყდა ჩემი უთეთრსაყელო ფორმის კაბა, ფერისმჭამელებიანი ცხვირი, სამარცხვინო სამოსნობა და ბევრი სხვა უსიამოვნო რამ. ცხოვრებაში პირველად იყო, რომ ასე ყველაფერი ერთად დამავიწყდა და ცოტა დავიბენი. მაგრამ დაირეკა ამ დროს განსაკუთრებულად ცივი ზარი და მომეჩვენა, რომ ყინულის ნატეხები ჩამომისვეს მარცხენა ბეჭზე. “გძინავს?” – უყვირა დირექტორმა დარაჯს. ცერი, რომელიც წეღან ღილაკზე ეჭირა, თვალებთან მიუტანა. “რა გავალია შენ?” – კიდევ უყვირა და მგონი დაინახა კიდეც მაგიდაზე მოსეირნე მოზრდილი ტილი, რომელიც ჩემი სისხლით იყო გაძეძგილი. ღმერთო, რა განსაკუთრებულად უშნო ტილი იყო. რაღა მაინცდამაინც ეს გადმოხტა დირექტორის დასანახად?! სიკვდილამდე შემრცხვა და ისე მომინდა ვყოფილიყავი ან ქერა, ან ხუთოსანი, ან რამენაირი, რომ ყველაფერი მივატოვე და წამოვედი სახლში. სადარბაზოსთან სასწრაფო დახმარების მანქანა დამხვდა. თუ ამ ტლაპოს გადავახტები, დედასთან არ იქნება მოსული. ვერ გადავახტები, კიბეები სულმოუთქმელად ავირბინე და ღია კართან გავშეშდი. “ახლავე უნდა მოვიგონო ერთი კარგი რამე მაინც!” ვკვდებოდი, მძიმე სიბნელე ეშვებოდა ირგვლივ და უცებ გამახსენდა, რომ კანზე მკბენდა ექვსით ნაკლები ტილი…
საუნჯე
ახლა შემოვა და მკითხავს: ბუზის საკლავი შენ გაგიტყდა? მე კი ვუპასუხებ: იცით? თქვენ თუთია გაკლიათ და იმიტომა გაქვთ ფრჩხილებზე თეთრი ლაქები. მერე მუშტს ვთხლიშავ შუბლში და გამეცინება გიჟივით. აი, შემოდის.
– ბუზის საკ…
– დიახ. შემთხვევით…
ვიცოდე მაინც, ქალია თუ კაცი. ან რატომ ვცხოვრობთ ერთად. ან რატომ მერიდება თუ მეშინია ვთხოვო: ნუ შემჭრით თმებს… მორჩილად ვჯდები ყოველ დილას დაბალ სამფეხაზე და ფოლადის უშველებელი მაკრატელი ჯოჯოხეთური ღრჭიალით გვაცალკევებს მე და ჩემს მწვანე თუ არ ვიცი, რაღაც არათმებისფერ სხივებს. ძალიან მიხდება – ვუღიმი აკორტნილი და მისი თვალებიდან ამოსისინებული თვითკმაყოფილებით ვიშხამები.
ის: მუქდება უკვე მწვანე.
მე: მალე თქვენსავით წაბლისფერი (განავლისფერი) თმები მექნება.
ის: დავლიოთ ახლა ჩაი.
ათი წუთის წინ ჩემს ოთახში შემოვიდა. ჩალის ლამაზი ჩანთა ფანჯრის რაფაზე შემოდო, თვითონ კი სადღაც გაუჩინარდა. მე მის ჩანთასთან მივდგი სკამი და მძიმედ დავესვენე, რადგან ვიგრძენი, რომ შიგ იდო რაღაც დიდი სასწაული! მთელი სიცოცხლე რომ ვეძებდი, სწორედ ის! მაგრამ ვერ გავხსენი. ვერც გავეკარე. უხმოდ ვიჯექი და ჩემს გამოკეტილ საუნჯეს დავტიროდი… მერე ამიძგერდა უკანა კბილი. ჩირქის მოზრდილი ფისტულა მაქვს ფესვზე. ავდექი. აბაზანაში შევედი. წყალი უაზროდ მოვუშვი და დავკეტე ისევ…
ველადონური ისტორია
სიგიჟეა ტერჟის ნავსადგურიდან ველადონის ნავსადგურში სამუშაოდ გადასვლა, მაგრამ როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, იძულებული ხარ კომფორტი დათმო. ცოლ-ქმარიც ოთხნახევარ შვილთან ერთად ჩამოვიდა ამ უცნაურ ქალაქში და პირველი დღიდანვე ყველაფერი აერიათ. მხოლოდ ამინდები იდგა გასაოცარი. მწერების საჭერი შხამიანი ფურცლები უფასოდ ეძლეოდათ ყოველ საღამოს და მოთმინებით ელოდნენ, როდის შეეგუებოდნენ იქაურობას. “ტელევიზორი დილა-საღამოს ორ-ორ არხს იჭერს და შუადღით – ერთს” – მიწერა კაცმა წერილში მამიდებს, რომლებმაც იგი გაზარდეს და ახლა მშვიდად ემზადებოდნენ დასახოცად. მეხუთე შვილზე ფეხმძიმე ქალი კი წერილებს არ წერდა. კვირაში სამჯერ უგემურ გუფთას აკეთებდა და ორ დღეში ერთხელ ან ერთ დღეში ორჯერ გული თუ რაღაც ტკიოდა ოდნავ.
ყოველ საღამოს ვარიგებ ამ შხამიან წებოვან ფურცლებს ნავსადგურში მომუშავეთათვის და ორი დღეა, რაც ეგენი არ მინახავს. ისევ ჯობია, თავი დამანებონ. კაცს კი არ ვიცნობ, მაგრამ ქალი საშინელი მზარეული და მძინარა ზარმაცია. დედაჩემი ასეთ ქალებს ფრილინდებს ეძახდა. ერთხელ, მოლოგინებამდე ორი დღით ადრე, წამლების საყიდლად გამოსულა (ავადმყოფი ყავთ სახლში ვიღაც) და გზად მომაკვდავი ხბო შეხვედრია. შემდეგ კაცები გაოგნებულები ყვებოდნენ, თუ როგორ მოუხსნია თეთრი წინსაფარი, ხბოს გახურებულ მუცელზე გადაუფენია, წამოწოლილა, დაუდია ზედ თავი და დაუძინია ღრმად.
“ტელევიზორი დილა-საღამოს ორ-ორ არხს იჭერს და შუადღით…” – მამიდები ერთმანეთს ჩაეხუტნენ და დაიხოცნენ თუ ჩაეძინათ.
ასე ცხრამეტი-ოცი წლის წინ მკვდარი ხბო მოასვენა მამამ სახლში და ისე შევშინდი, თითქოს სახე ძირს ჩამომივარდა. გახევებული ხბოს მუცლიდან რამდენიმე უფერული ყვავილი ამოზრდილიყო და გაოგნებული მამა მეორე დილამდის მხოლოდ ამას იმეორებდა: ჯადოქარი იყო ის ქალი თუ რა?!..
რომ იმშობიარა, ქალი ახლა შხამიანი ფურცლების დამრიგებელს გაჰყვა სახლში. ცოლად კი არა, ისე გაჰყვა. მაგრამ უგემურ გუფთას მაინც კვირაში სამჯერ აკეთებდა და ორ დღეში ერთხელ ან ერთ დღეში ორჯერ ისევ გული თუ რაღაც ტკიოდა ოდნავ.
(c) „არილი”