ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე: „ის არის ქართველი, რომელიც წერს გერმანულად და, უმეტესად, წერს საქართველოზე”

მაია ფანჯიკიძე

სიტყვა, წარმოთქმული ნინო ხარატიშვილის კარლ ცუკმაიერის სახელობის მედლით დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე მაინცში (გერმანია) 2023 წლის 18 იანვარს.

კარლ ცუკმაიერის სახელობის მედალი გაიცემა გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ქალბატონო პრემიერ-მინისტრო,

პატივცემულო სტუმრებო,

ძვირფასო ნინო,

ქალაქ მაინცში, იქ, სადაც შორეულ წარსულში გუტენბერგმა წიგნის ბეჭდვა გამოიგონა, დღეს კარლ ცუკმაიერის მედლით აჯილდოებენ ნინო ხარატიშვილს – რაოდენ სასიხარულო ამბავია, არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ჩვენში ხომ პატარა ქვეყნისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სიხარულით ამაყობენ წარმატებული ქართველებით, რომლებმაც საერთაშორისო დონეზე გაითქვეს სახელი – სპორტში, მეცნიერებაში, მუსიკაში, ხელოვნებაში, მოდის სამყაროში და, რა თქმა უნდა, მწერლობაში. სწორედ ამ საყოველთაო სიხარულის გამოხატულებაა, რომ მაინცში სპეციალურად ჩამოვიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი, რომ მთელ საქართველოს ამცნოს ეს მნიშვნელოვანი ამბავი. არც ნინოს ქართველ გამომცემლებს უფიქრიათ დიდხანს და აქ არიან, რომ გაიზიარონ მისი დიდი წარმატება.

ნინო რომ გავიცანი, 14 წლის იყო. მაშინ, 90-იან წლებში, საქართველოს საელჩოში ვმუშაობდი, ბონში. შეგვატყობინეს, ბრემენში თბილისის მე-6 ეგრეთწოდებული გერმანული სკოლის მოსწავლეები ჩამოდიან და ბრემენის დამეგობრებულ სკოლაში სპექტაკლს გამართავენო. როგორც ამ სკოლის ყოფილ მასწავლებელს, ბუნებრივია, ხელიდან არ გამიშვია შესაძლებლობა, ჩემი სკოლის მოსწავლეებს პირადად მივსალმებოდი. მანამდე ბრემენელი მოსწავლეები ჩასულიყვნენ თბილისში და ქართველებისთვის კარგად ნაცნობი სპექტაკლი – ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ წარმოედგინათ. საპასუხო ვიზიტისთვის კი წერის ნიჭით და გერმანულის ცოდნით გამორჩეული ნინოსთვის შეუთავაზებიათ მის მასწავლებლებს, იქნებ პატარა პიესა დაწერო, თანაც გერმანულადო. ასე დაიბადა ნინოს „იასამნის თეატრი“ და მისი პირველი პიესა „სასტუმრო ოთახი“, რომელშიც მხოლოდ გოგონები მონაწილეობდნენ – ბიჭებს უთაკილიათ სცენაზე გამოსვლა. როგორც ნინო იხსენებს, 5 ლარიანი ბიუჯეტით, ბაზრობაზე ნაყიდი ნივთებითა და დედებისა და ბებიების ტანსაცმლით დადგეს სპექტაკლი და ბილეთებიც გაყიდეს, რომ მაშინდელ სამოქალაქო ომგადატანილ, ძალაგამოცლილ, ქაოსში ჩაძირულ, გაყინულ, ჩაბნელებულ თბილისში დენის გენერატორის ფული გადაეხადათ.

მეორედ მრავალი წლის შემდეგ შევხვდი ნინოს – უკვე საერთაშორისო დონეზე აღიარებულ და წარმატებულ მწერალს, დრამატურგსა და რეჟისორს. ავტორს ბესტსელერებისა – „ჟუჟა“. „ჩემი საყვარელი ორეული“, „კატა და გენერალი“ და, რასაკვირველია, „მერვე სიცოცხლე. ბრილკას“, რომელიც ცოტა ხნით ადრე სიამოვნებით და დიდი ინტერესით წავიკითხე.

ამდენად, ბუნებრივი იყო, რომ სიხარულით მივიღე მისი ქართველი გამომცემლის შემოთავაზება, მეთარგმნა ნინოს ჯერ გამოუქვეყნებელი რომანი „უკმარი სინათლე“, მაშინვე დავთანხმდი და მალევე შევუდექი ხელნაწერიდან თარგმნას.

ალბათ ყველა მთარგმნელს აქვს შემუშავებული სტრატეგია, როგორ იწყებს საქმეს. და მიზანი – მაქსიმალურად გადმოიტანოს დედნის სათქმელი თავის ენაზე და თან წიგნს არ დაუკარგოს მისი კულტურული სივრცისთვის დამახასიათებელი ნიშნები. თავს არ შეგაწყენთ თარგმანის თეორიების ანალიზით და მოკლედ ვიტყვი – ნათარგმნი წიგნის მკითხველი უნდა გრძნობდეს, გერმანულ რომანს კითხულობს თუ ესპანურს, იაპონურს თუ ინგლისურს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლიურ ენაზე კითხულობს, გარემოცული უნდა იყოს იმ კულტურული სივრცით, გახვეული უნდა იყოს იმ ენობრივ ქსოვილში, რომლის წიაღშიც ესა თუ ის წიგნი დაიბადა. ნინოს და მისი რომანების შემთხვევა კი განსაკუთრებულია – ის არის ქართველი, რომელიც წერს გერმანულად და, უმეტესად, წერს საქართველოზე. სხვათა შორის, არ მომისმენია ნინოს ინტერვიუ საქართველოში, სადაც მისთვის ეს კითხვა არ დაესვათ – ვინ არის ის – გერმანელი მწერალი თუ ქართველი, თუ ქართველი მწერალი, რომელიც გერმანულად წერს? ამ უნიკალურმა მოცემულობამ დამაფიქრა თარგმანის სტრატეგიაზე და განაპირობა თარგმნისას ჩემი მიზანი –  ქართველის მიერ საქართველოზე გერმანულად დაწერილი რომანი მექცია ქართულ წიგნად – ეს იყო დიდი გამოწვევა, რომლის დაძლევამაც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. სიტუაცია სხვა მხრივაც არაორდინალური იყო – ავტორებს, რომლებიც აქამდე მითარგმნია, არ აქვთ თარგმანის წაკითხვისა და შეფასების შესაძლებლობა. ნინოს შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა, რაც ერთდროულად აადვილებს და ართულებს მუშაობის პროცესს. აადვილებს, რადგან შეგიძლია ჩართო შენს მუშაობაში, ჰკითხო, დააზუსტო, თუ რამეში ეჭვი შეგეპარება. ართულებს კი იმიტომ, რომ ყველა სხვა ენაზე ნათარგმნთან უფრო ახლოს მიაქვს გულთან, თვითონაც ღელავს იმ მუსიკოსივით, ყველაზე მეტად მშობლიურ აუდიტორიასთან შეხვედრა რომ აფორიაქებს; უნდა, რომ განსაკუთრებით კარგი გამოვიდეს, განსაკუთრებით დამაჯერებელი და შეუძლია შეამოწმოს კიდეც, რამდენად სანდო ხარ, შეცდომა ხომ არ დაუშვი, როგორ გაართვი თავი საქმეს. მშობლიურ ენაზე ნათარგმნი ხომ მისი და მისი პროტაგონისტების სამშობლოში დაბრუნებაა. მისი გერმანულად დაწერილი ქართული წიგნი ხომ ქართულ წიგნად უნდა იქცეს.

ალბათ გამოგიცდიათ, წიგნს რომ კითხულობთ, ჩაგეძინებათ და დილით ერთი სული გაქვთ, კითხვა გააგრძელოთ, რადგან გაღვიძებისთანავე გახსენდებათ ესა თუ ის პერსონაჟი და არ გასვენებთ ფიქრი, ამასობაში რა ბედი ეწია მას. ასეთ მდგომარეობაში გავატარე თითქმის ერთი წელი. ამ წიგნში ვცხოვრობდი, მთლიანად გადავეშვი მის სამყაროში, რომელიც ჩემთვის სისხლხორცეული, მშობლიური იყო და ერთი სული მქონდა, გამეგო, მერე რა მოხდა, რა ჩაიდინეს ან არ ჩაიდინეს აწ უკვე ჩემმა გოგოებმა და ბიჭებმა. ხანდახან, რომ გამაოგნებდა რომელიმე მათგანის თავს გადახდენილი ამბავი, ნინოს ვწერდი, არ მჯერა, რომ ამან ესა და ეს ქნა, ასე როგორ მოიქცა, ეს როგორ დაემართა ან ეს როგორ გაბედა, არ იცოდა, რა მოჰყვებოდა-მეთქი. ნინოს ეცინებოდა და მპასუხობდა, რას იზამ, ასეთია ცხოვრებაო.

ჰო, ცხოვრება – ჩვენი, ქართველების ცხოვრება მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში – დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ნაბიჯები დემოკრატიული განვითარების გზაზე, ზემოთ ნახსენები ქაოსი, უშუქობა, უწყლობა, სიცივე, სიბნელე, პურის რიგები და ვითომ ეს არ კმაროდეს – სამოქალაქო ომი, შეიარაღებული კონფლიქტები, რუსეთთან ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიები – ეს არის ის ფონი, რომელზედაც ვითარდება ოთხი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული მეგობარი გოგოს ამბავი. ისტორია, გრანდიოზულად მოყოლილი ისტორიებით, დაძაბული, ორიგინალური დრამატურგიით. მაგრამ საქართველო მხოლოდ ფონი არ არის – საქართველო ამ ეპოსის მთავარი პერსონაჟია, გამოძერწილი დიდი ისტორიული ეპოსებისათვის დამახასიათებელი მასშტაბურობით, სიღრმით, რომანის გმირების თავს გადახდენილი დრამებითა და ტრაგედიებით, ხშირად დაუჯერებელი ამბებით; გამოძერწილი სიყვარულით, თანაგრძნობით, მხოლოდ საკუთარი სამშობლოს მიმართ დამახასიათებელი სისათუთით და სითბოთი.

ნინოს რომანებში არასდროს არ ჩანს მთხრობელი – პერსონაჟები თავად ჰყვებიან საკუთარ ამბავს. მწერალი მათ ენდობა, არაფერში არ ერევა, თითქოს რეჟისორივით კულისებიდან აკვირდება მათ ცხოვრებას. პერსონაჟები კი – მთავარი პროტაგონისტები – ძირითადად, ქალები არიან – უფრო თამამები, გაბედულები, ჟინიანები, ვნებიანები – ალბათ იმიტომ, რომ ნინოს პირველი თეატრალური დადგმისა არ იყოს, არ თაკილობენ ცხოვრებას, არ უფრთხიან მას, უძალიანდებიან. მათი ქმედება დამაჯერებელია, გულწრფელია, ენერგიით, სიცოცხლისა და თავისუფლების წყურვილითაა სავსე. გამოკვეთილი ინდივიდუალური თვისებებით უმკლავდებიან გამოწვევებს, კაცების დომინანტობით დაღდასმულ რეალობაში ცდილობენ იპოვონ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და უმეტესად, გამარჯვებულებიც გამოდიან ბრძოლიდან.

 „უკმარი სინათლე“ 2022 წლის 26 თებერვალს გამოჩნდა გერმანიის წიგნის მაღაზიებში. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმიდან ორ დღეში. მას შემდეგ თერთმეტი თვე გავიდა, რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ კი ისევ მიმდინარეობს. ერთ ინტერვიუში ნინო ამბობს, რომანის პრომო-ტურზე წიგნზე მეტად უკრაინის ამბებს მეკითხებოდნენო. ალბათ იმიტომ, რომ ვისაც საკუთარ თავზე და სამშობლოზე გამოუცდია რუსეთის აგრესია, ის უკეთ გაიგებდა უკრაინისას. უკრაინაში პუტინის სასტიკმა და დაუნდობელმა ომმა სრულიად შეცვალა მსოფლიოს უსაფრთხოებისა და მშვიდობის არქიტექტურა, საბოლოოდ დაამსხვრია ილუზია, რომ ცივი ომის შემდეგ თანამშრომლობასა და ინტეგრაციაზე დამყარებული ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთს შორის უზრუნველყოფდა მშვიდობას, სტაბილურობასა და თავისუფლებას მთელ მსოფლიოში. უკრაინამ შეძლო ის, რაც აქამდე წარმოუდგენელი გვეგონა – შეცვალა მსოფლიო პოლიტიკის პარადიგმა, შეცვალა დამოკიდებულება სამყაროს ჩვენი ნაწილის მიმართ. ევროპის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო მის შემდეგ ყველაზე დიდმა სამხედრო აგრესიამ გლობალური განზომილება შეიძინა და თვალნათლივ დაგვანახა, რომ ეს ომი ყველა ჩვენგანის ომია. უკრაინა არა მხოლოდ რუსეთის აგრესიას უპირისპირდება გმირულად, არამედ, ამავე დროს, ცდილობს თავი დააღწიოს იმ ჩაკეტილ, მანკიერ, ყალბ ფასეულობებზე დამყარებულ მოჯადოებულ წრეს, საიდანაც თავის დაღწევასაც ცდილობენ ნინო ხარატიშვილის რომანების გმირები. მათი ვიწრო, სულჩახუთული, ძალადობაზე, იარაღზე, კორუფციაზე დამყარებული მომწამვლელი, მკვლელი გარემო პარაბოლაა ჩვენი მდგომარეობისა, ამ დახუთული სივრცის გარღვევა, მისგან თავის დახსნა არის ერთადერთი გზა თავისუფლების და შესაბამისად, ბედნიერების, მეტი სინათლის მოპოვებისა. ამ წიგნმა ბევრი ჭრილობა გაახსენა ქართველ მკითხველს ქვეყანაში, რომლის ერთი მეხუთედი კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, სადაც ჯერ კიდევ ასეულ ათასობით დევნილი ელის საკუთარ სახლ-კარში დაბრუნებას, სადაც ყოველდღიური მოვლენაა მცოცავი ოკუპაცია და საოკუპაციო ხაზთან ადამიანების გატაცება. არც ჰიბრიდული ომია ჩვენთან უცხო სიტყვა, მის შედეგებს ყოველდღიურად ვგრძნობთ. დღეს საქართველოზეც გადის ფრონტის ხაზი, დღესაც ომის ვითარებაში ვართ, დღესაც გვჭირდება დასავლელი პარტნიორების დახმარება დემოკრატიული და მშვიდობიანი, თავისუფალი განვითარების გზაზე. დღეს მსოფლიოს ბევრ რამეზე აეხილა თვალი, უკეთ გაიგო, რას ნიშნავს იყო ან გახდე რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. ნინო ხარატიშვილს ამ საქმეშიც შეაქვს დიდი წვლილი. მან მოახერხა მთავარი – თანაგრძნობა გაამძაფრა საქართველოს მიმართ, ხელმოსაჭიდი, გასაგები გახადა დასავლელი მკითხველისათვის ჩვენი მდგომარეობის სირთულე.

ეპოქის გარდამტეხი მოვლენების ასეთ გააზრებას და გრანდიოზულად აღწერას კი, როგორც ჩანს,  დისტანცია სჭირდება – დროის, სივრცის დისტანცია. ხანდახან კი ენობრივიც. ერთ ინტერვიუში ნინო ამბობს, გერმანულად შეგნებულად წერა პრაგმატული მოსაზრებით დავიწყე, სადიპლომო პიესა უნდა დამეწერა ჰამბურგში და ვიფიქრე, ჯერ რომ ქართულად დავწერო, მერე კი გერმანულად ვთარგმნო, ბევრ დროს წაიღებს და პირდაპირ გერმანულად ვცადე დაწერაო. დღეს ამას ასე თავისუფლად ვეღარ გავბედავდიო. ჩვენთვის ყველასთვის დიდი საჩუქარია, რომ მან ეს გაბედა და ის, რაც ექსპერიმენტის სახით დაიწყო წარსულში,  თავის მთავარ დამახასიათებელ ნიშნად აქცია –  საუკეთესოდ მოარგო შინაარსს გერმანული ენის ფორმა და არ დაკარგა საკუთარი იდენტობა.

კარლ ცუკმაიერის მედალი გადაეცემათ მოღვაწეებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს გერმანული ენის განვითარების საქმეში. დღეს ეს ჯილდო გადაეცემა მწერალს, რომლის მშობლიური ენა ქართულია, გერმანული კი ენა, რომელზედაც ის წერს. ფრიდრიხ დიურენმატი ამბობდა, ბერნის გერმანული ჩემი დედა ენაა, სალიტერატურო გერმანული კი მამაენაო. ასე მგონია, ნინოს  დედა ენა ქართულია, გერმანული კი – მამაენა. ამიტომაც არის მისი გერმანული სხვანაირი – ესთეტიკური, მისტიკური, გულწრფელი, უცნაური, მასში ხშირად ვპოულობ მისი დედა ენის ნაკვალევს. და თუ დღესაც დავეთანხმებით ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის მოსაზრებას, რომ ადამიანის ჭეშმარიტი სამშობლო მისი ენაა, ნინოს ორი სამშობლო აქვს – საქართველო და გერმანია; მისი ლიტერატურული სამშობლო კი გერმანული ენაა.

სხვათა შორის, კარლ ცუკმაიერს უთქვამს, ჯილდოს გადაცემისას წარმოთქმული ქების სიტყვები სიცოცხლეში მოსმენილი ნეკროლოგივითააო. ალბათ გულწრფელ ქებას გულისხმობდა, რომელსაც, როგორც წესი, ცოცხლების, მითუმეტეს, ასეთი ახალგაზრდა ავტორებისთვის ნაკლებად ან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იმეტებენ. ჩემო ნინო, შენი შემოქმედების საუკეთესო შეფასება მკითხველის უდიდესი ინტერესი და მათ მიერ გამოხატული სიყვარულია. შენი ბოლო რომანი უკმარი სინათლე, წინა რომანების მსგავსად, ერთ დღეში დაიტაცა მკითხველმა. მათ კი, ვინც დაიგვიანა, ფბ-გვერდი შექმნეს სახელწოდებით „აქ ვიკრიბებით, ვინც წიგნს ვეღარ მივუსწარით“. „უკმარმა სინათლემ ორ დღეში ჩამამთავრებინა თავი და უკვე მენატრება. ესაა დიდი რექვიემი დაკარგულ თაობაზე, გაძაღლებულ წლებზე, მარტოობასა და მეგობრობაზე, პანორამული ტილო სიცარიელის ტკივილსა და ჩვენს ტვინებში არსებულ მარადიულ დემონებზე, ნგრევის ალქაჯებზე, პერსონაჟებზე, რომლებიც განადგურების არქაული სიშმაგით არიან დაავადმყოფებულები. აქაც ანტიკური დრამატურგიისთვის დამახასიათებელი ვნებები ტრიალებს. მიუხედავად იმისა, რომ მე არა ვარ ოთხმოცდაათიანელი, უკლებლივ ყველა პერსონაჟის ცხოვრებით ვიცხოვრე, ყველა ფერი, სუნი და გემო შევიგრძენი. ახლა დედა კითხულობს და ვხედავ, როგორ სდის ჩუმად ცრემლები. მეც განვიცადე. სხვაგვარად შეუძლებელია. კითხვის დასრულების შემდეგ დიდი სიმფონიის მოსმენისას წარმოქმნილი ამაღლებული ტრაგიზმის განცდა დამეუფლა.“ – ეს არის ნაწყვეტი ერთი მკითხველის წერილიდან, ასეთი ბევრია. მე კი არ დამენანება არცერთი ეპითეტი შენი უსაზღვრო ნიჭის, საოცარი შრომისუნარიანობის, მდიდარი ფანტაზიის დასახასიათებლად. შენ მოახერხე ის, რაზედაც ვოცნებობდით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პირობებში ზემოთ ნახსენები გერმანული სკოლის დამფუძნებლები და პირველი მასწავლებლები – ქართული ნიჭისა და გერმანული წესრიგის სიმბიოზი, კულტურათა ჭეშმარიტი დიალოგი.

ჩემო ნინო, გულითადად გილოცავ კიდევ ერთ მნიშვნელოვან, დამსახურებულ ჯილდოს და სრულიად ორიგინალური საჩუქრის – ნაკენჰაიმში, კარლ ცუკმაიერის სოფელში დაწურული ღვინის მიღებას. ღვინის სამშობლოს – საქართველოს შვილისთვის უკეთესი საჩუქრის მოფიქრება წარმოუდგენელი იქნებოდა.

© არილი

Facebook Comments Box