Uncategorized

მალხაზ ხარბედია – ალბერ კამიუ და XXI საუკუნე

3 camus 23

საფრანგეთში ბევრი ფიქრობს, რომ ალბერ კამიუ ახალი რევოლუციების, ტერორიზმის, ძალადობისა და გლობალური დაპირისპირებების თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანიAგახდა. 7 ნოემბერს კამიუს დაბადებიდან 100 წლისთავი შესრულდა, თუმცა მხოლოდ ამიტომ არ გადაგვიწყვეტია დღევანდელი თემატური ნომრის გაკეთება, გვინდოდა ხელახლა გაგვეაზრებინა ეს წინააღმდეგობრივი ავტორი და სადღაც 80-90-იან წლებში ჩატოვებული მოგონებებისთვის ხელახალი წაკითხვები შეგვემატებინა. ჩვენთან ხომ სწორედ მაშინ იყო კამიუს ბუმი, ბუმი კი ყოველთვის ზერელობასაც გულისხმობს.

დღეს ახალი კუთხითაც დავინახავთ კამიუს, მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ეჭვებს, კითხვებს. სარტრისა და მისი დაპირისპირების ისტორიას ძალზე საინტერესოდ იაზრებენ თანამედროვე ფრანგი ესეისტები და მიუხედავად წარმოუდგენელი სიშორისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქ წამოჭრილი თემები უშუალოდ ჩვენც გვეხება, საქართველოს: რევოლუციები და ძალადობა, კრიზისი, პოლიტიკური და სოციალური ალტერნატივის გაქრობა, თანამედროვე საზოგადოებების შესახებ ღრმა ანალიზის არარსებობა და შესაბამისი ახალი პოლიტიკური თეორიის უკმარისობა, საკუთარ ნახევარ სიმართლეში გახლართული მოაზროვნე ადამიანები… ამ ნომერში ძველი კამიუცაა და ახალიც, ძველ წაკითხვებსაც შეხვდებით და ახლებსაც, და რაც მთავარია, უხამსად პოლიტიზებული ჩვენი საზოგადოებისთვის გვინდოდა მცირე დოზით მაინც წარმოგვედგინა ის რეალობა, რასაც, როგორც ამბობენ, კამიუ ხედავდა და რის გამოც განუდგებოდა ხოლმე იგი რევოლუციებს, “მომაკვდინებელ” იდეოლოგიებსა და რელიგიებს. მას დასცინოდნენ, მის უმოქმედობას აბუჩად იგდებდნენ, თუმცა კი მაინც ყოველთვის რჩებოდა პოლიტიკურ მწერლად. ამის შესახებ დღევანდელ ნომერში ბევრს წაიკითხავთ, წაიკითხავთ კამიუს ტრიუმფებზეც და დამარცხებებზეც, იმაზე, რომ თავის დროზე ”გარიყულ” კამიუს ისტორიამ სამართლიანი პატივი მიაგო, რომ იგი “უმნიშვნელოვანესი თანამედროვეა” და რომ იგი “წინასწარ ჭვრეტდა ჩვენს აწმყოს”. თუმცა ასეთ ფრაზასაც ნახავთ: “კამიუს ტრიუმფი, როგორი დამსახურებულიც არ უნდა იყოს, მაინც ვერ გადაფარავს მის ორაზროვნებასა და ბუნდოვანებას”.

იქნებ ცოტათი მაინც გავერკვეთ ამ ორაზროვნებაში.

© “არილი

Facebook Comments Box