ესე,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  პოეზია,  რეცენზია,  ხსოვნა

მალხაზ ხარბედია – გაგება და გამორჩევა

 

მინაწერები დავით წერედიანის წიგნებზე

ამ წერილს ერთად-ერთი მიზანი აქვს, დავით წერედიანის სიტყვიერი პორტრეტი გამოიკვეთოს, ანდა მის ნაწერებში, დეტალებსა და ციტატებს შორის ქროლვაში კვლავაც ბოლომდე მოუხელთებელი დარჩეს ეს სახე.

აქ ვერ ნახავთ ბიოგრაფიას, ტრავმ-ანალიზებს, არამედ მხოლოდ იდეებს, სიტყვებს, რომლებიც გამუდმებით ჩაენაცვლებიან ერთმანეთს, ძველი ჩანაწერების და მინაწერების გადახედვასა და შევსებას, მიგნებებს. ჩემსას არა, წერედიანის მიგნებებს ვგულისხმობ, გაგების მომენტებს, გამორჩევების, ადგილის მიჩენებისა და უადგილობის წამთა (ატოპიების) გადახედვასა და გადამეორებას. წლების მანძილზე ბევრი რამე ჟონავს მისი ნაწერებიდან და თარგმანებიდან. და ეს ნაჟური სულ იცვლის ფორმას, სუბსტანციას: ზოგი მოწვეთავს, სხვები კრისტალდებიან, ზოგი რაღაც ნაძვის კევივით საღეჭს ემსგავსება ან ჭერმის ხეზე გამოსულ გამჭვირვალე, ქარვასავით ბურთულას. გინდა წალდით ააცლი, გინდა ხელით, გინდა სასხლავით გასერავ.

აქ დავით წერედიანის ყველა წიგნზე და ბევრ პუბლიკაციაზე შთაბეჭდილება და მინაწერია თავმოყრილი. ინტერვიუებისაც კი, სადაც მას ხანდახან ძალზე ღრმად გაჰყავს ხნული, დასმულ კითხვებს კი თავისებსაც ამატებს, საკუთარ თავსაც ეკამათება. შეიძლება მიჰყვეს აზრს, განავითაროს ბოლომდე, წამით გაიფიქრო, რომ აი, ახლა დაასკვნის, მაგრამ უცბად მთლიანად უარყოფს ყველაფერს და ახალი აზრით დატბორავს ნათქვამს ან სულაც ღიად დატოვებს საკითხს.

ხშირად ირონიულია, კითხვის დამსმელს სულ ეკამათება, შეიძლება ასეც მიმართოს: „რაკი თქვენი კითხვები აშკარად მავალებენ…“, და შემდეგ დაგვანახოს როგორ უნდა დააღწიო თავი „დავალებისგან“, ვალდებულებისგან.

მნიშვნელოვანია, რომ წერედიან ესეისტთან ხანდახან ფილოლოგი ქრება. ლექსის უბადლო მცოდნე, საზომთა მესაიდუმლე უცებ სიზუსტეზე უარს ამბობს და სადღაც განზე დგება. აქ ხან გონებაა წამყვანი, ხან ენა, ხანაც მეტყველება, უფრო ხშირად – სმენა.

წერილსაც ამით დავიწყებ, ესეებით, პოეზიის შეფასებით და მისი მოსმენებით.

 

წერედიანი უსმენს და წერს ქართულ პოეზიაზე

პოეზიაზე საუბრისას (სტატიებში და ინტერვიუებში) დავით წერედიანი არასდროს მიმართავს რომელიმე მეთოდს, ამა თუ იმ სამეცნიერო ჟარგონს, არამედ ცდილობს თავისი სიტყვებით, თავისი უსასრულო მარაგიდან ისესხოს შეფასებისთვის აუცილებელი შესატყვისები. მაგალითად, როცა ბესიკზე წერს, „სიტყვები ყურს ელამუნებიან და ცივად ციმციმებენ“-ო, იგი გულისხმობს, რომ მან მუხამბაზის „ეშხის დასაღვრელი“ სტილი დახვეწა და კლასიკურ ფორმაში მოაქცია. მართალია „ელამუნებიან“ ცოტა გაპოხილი გამოთქმაა, თუმცა აუცილებელი, რაც შემდგომ „ცივად ციმციმმა“ უნდა გააანკაროს.

სტატიებს არასდროს აქვეყნებდა თავისი ინიციატივით. ან სამსახურებრივი მოვალეობის შეგნებით წერდა, ან შეკვეთით. ძირითადად, რა თქმა უნდა, პოეზიაზეა მისი წერილები, გამონაკლისია მოხსენებად წაკითხული ტექსტი ჯემალ ქარჩხაძეზე.

სტატიებში იგი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პერიოდის ქართულ ლექსს შეეხო. თავისი თაობის შესახებ წერდა, რომ 60-იანელებმა ძალიან გადაახალისეს მაშინდელი პოეზია, მაგრამ ათმარცვლიანი ბატონობდა და ვერა და ვერ გაცდნენ ამ საზომსო. იმდენად გაუშინაურდნენ, რომ ბოლოს ყელში ამოგვივიდაო. შემდეგ ვერლიბრმა ცოტათი შვება მოჰგვარა პოეტებს, თუმცა მალე ისიც მოსაბეზრებელი გახდა.

საინტერესო იქნებოდა დავით წერედიანის აზრები 21-ე საუკუნის ქართულ პოეზიაზე. მის ნაწერებში მხოლოდ მინიშნებებია ამ თემაზე.

შოთა ჩანტლაძეზე აქვს ერთი უცნაური მოგონება. ჩემთვის ცოტა მძიმე წასაკითხი იყო. „- რა გესმის შე ბითურო“, ასე პასუხობდა თურმე ჩანტლაძე თავის უმცროს მეგობრებს, როცა მისი ლექსის გენიალურობაში ეჭვს შეიტანდნენ. ვიღაცეებმა თურმე პარკში ხეზე დაკიდეს, დასცინეს. აძალებდნენ, ეთქვა, რომ არ იყო გენიოსი: „- გენიოსი ვარ, მე თქვენი…“. ხეზე დაკიდებული ამბობდა. შოთა ჩანტლაძე. შემდეგ ფრთხილად ჩამოუხსნიათ. იმ პარკისკენ საერთოდ აღარ გაუხედავს.

კრიზისებს განსაკუთრებით არ იმჩნევდა წერედიანი, არ იტყოდა, რომ ახლა აღარავინაა, „ნეტაი იმ დროს“ და ა.შ. უბრალოდ აზუსტებდა, რომ „ნიჭიერები მუდამ უფრო ცოტანი იყვნენ და დღესაც უფრო ცოტანი არიან“. არ შფოთავდა ამის გამო, სამაგიეროდ უნდოდა, რომ ეპიგონებისა და დილეტანტების, ასევე დაქირავებული ძმაბიჭი კრიტიკოსების ხანა დამთავრებულიყო.

საზომზე უნდა ვთქვა კიდევ, იმაზე, რომ ბევრი საზომის ხარჯზე ცდილობდა სიახლეში ჩადგომას ქართული პოეზიის გზაზე. ამაზე კი წერედიანს ერთი პასუხი ჰქონდა: „საზომები ინდივიდუალურმა რიტმებმა უნდა გაავსონ, ინდივიდუალური რიტმები კი მხოლოდ ახალ პოეტურ ინფორმაციას მოაქვს…“. რუსთაველსა და ვაჟას ახალი საზომები არ შემოუტანიათ. გალაკტიონის საუკეთესო ლექსებსაც გულისხმობს ასეთების რიცხვში დავით წერედიანი. ბესიკის თოთხმეტმარცვლიანი მანამდეც არსებობდა ქალაქურ ფოლკლორში, შემდეგ რომანტიკოსებთანაც იყო. წერედიანი ზუსტად შენიშნავს: „ჩვენ ლირიკოსებს ყოველთვის უჭირდათ მისი მოდრეკა. პირველმა ბარათაშვილმა შეძლო, სრული პოეტური მუხტით აევსო, რაც ხშირად აღარ განმეორებულა. ეს საზომი რატომღაც თარგმანებში უფრო ძლიერად მუშაობდა, ვიდრე ორიგინალურ ლექსებში. ჩვენი ლირიკოსების პოეტური სათქმელი, როგორც ჩანს, ასეთ მძიმე საზომს ნაკლებად გუობდა. მასში ძირითადად მსჯელობას, თხრობას, პატრიოტულ ტრაბახს, საცვლების ერთფეროვან ქექვას ვაწყდებით, და მოწყენილობაც უფრო მაგიტომ მოაქვს. ძნელი საზომია, მხოლოდ დიდი ექსპრესიულობით ან ღრმა მედიტაციურობით ხერხდება ხოლმე ნამდვილ პოეზიამდე მისი აზიდვა“. 

სხვათა შორის, წერედიანს ვიიონის არაერთი ლირიკული შედევრი თოთხმეტმარცვლიანით აქვს ნათარგმნი:

„სხვისთვის რაც ყოვლად  ნათელია, იქ ჩემთვის ბნელა,

იქ მელანდება ღრმა მორევი, სადაც ფონია,

გაჩქარებული ნაბიჯებით მივდივარ ნელა,

სიბრძნე, წვეთ-წვეთად ნაგროვები, წუთის მგონია…“

 

გალაკტიონის „შემთვრალი სიზუსტე“

ვერლენის ეს „ცნება“ კარგად ერგება გალაკტიონის პოეზიას, როგორ ლექსის მუსიკის უმთავრესი პირობა. დავით წერედიანი თავის განვრცობილ ესეში „გალაკტიონი: Pro et Contra“ („თემა და ვარიაციები“ , „ინტელექტი“, 2018, ესეს პირველი ნაწილი შევიდა კრებულში „ანარეკლი“, „ნეკერი“, 2005) დეტალურად საუბრობს გალაკტიონზე, როგორც ლირიკოსზე (გვ. 151), ლირიზმის უზარმაზარ მარაგზე, რომელსაც ყველაფერი უნდა გადაეფარა. გალაკტიონი კი ჯიუტად ცდილობდა ამ ლირიკული რკალის გარღვევას, ხან ეპოსისკენ გაიწევდა, ხანაც რაღაც წესრიგზე იწყებდა ზრუნვას.

„შემთვრალ სიზუსტეს“ გონებით ვერ აითვისებ, წერს წერედიანი, „აქ ყველაფერი ლივლივებს და საგნები თავიანთ კონტურებს კარგავენ“.

დასკვნასავით ჟღერს წერედიანის სიტყვები: „მუსიკალური ლექსი არათუ ამბავს, პოეზიისათვის ჩვეულებრივ გულის გადმოშლასაც ძლივს იტანს. მხოლოდ ციმციმი, ჟრჟოლა, მოცისფრო, მოვარდისფრო ბურუსი“.

ცხადია გალაკტიონს ყველაზე დიდი ყურადღებით კითხულობდა წერედიანი. ზოგიერთი დაკვირვებაც ამის გამო ჩნდებოდა. ჩემი აზრით ზუსტი გადაწყვეტილება იყო, როცა ე.წ. „ჩტეც-დეკლამატორ“-ში, ცნობილ რუსულ პოეტურ ანთოლოგიაში (მე-9 კლასში რომ ვიყავი, ჩემი რუსულის მასწავლებელი, დარეჯან შონია ახსენებდა ამ წიგნს) დაიწყო გალაკტიონის ზოგიერთი წყაროს ძიება დავით წერედიანმა. ანდა უბრალოდ გადააწყდა. აი, ბელგიელი ჟორჟ როდენბახის ლექსის დასასრული: „თოვლის ფიფქებით, როგორც ვარსკვლავებით, სავსეა სული ჩემი“. კრებული 1911 წელს გამოვიდა, ლექსი 1916 წელს დაიწერა. რუსული ტექსტი ავტორს არ მოჰყავს. ალბათ ივ. ტხორჟევსკის თარგმანი იქნება:

Но вот исчезло все! Завеса туч бесплодных —

На хлопья белые рассыпалась она:

И белых звездочек, уснувших и холодных,

Теперь, как кладбище, моя душа полна.

ლექსის მუსიკალობის გადარჩენის კიდევ ერთ შემთხვევაზე ამახვილებს დავით წერედიანი ყურადღებას:

„სიყვარული სასახლეში

მხოლოდ ერთხელ მოდის“

წერს გალაკტიონი, წერედიანი კი მიგვანიშნებს, რომ შეიძლება ამ დროს „სასახლის“ ნაცვლად „სიცოცხლეც“ წაიკითხო. ყოველ შემთხვევაში იგულისხმება, თავში გაგიელვებს, „ლანდურად თანაარსებობს“ ეს სიტყვა. მაგრამ „სასახლის“ ნაცვლად რომ „სიცოცხლე“ ჩავწეროთ, ლექსის მუსიკალობა გაქრება. „მივიღებთ მხოლოდ უგემურ სენტენციას, პოეზიისგან დაცლილს“.

ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო გალაკტიონის პარადიგმულ მოტივებზე და ლირიკულ გმირებზე შენიშვნებიც. აკაკი გაწერელიას მოსაზრებების გახსენება იმაზე, რომ მაგალითად, მერის სახე სრული ლიტერატურული პირობითობაა და რომ გალაკტიონის სასიყვარულო (და არამხოლოდ) ლექსები, წიგნიერი წარმომავლობისაა. ამ აზრს კიდევ უფრო აზუსტებს და ალაგებს შემდეგ ავტორი, ნაწილობრივ ცვლის კიდეც.

თუმცა არის საკითხები, რომელსაც ღიად ტოვებს დავით წერედიანი, არ განმარტავს და სხვადასხვა ფრაზით ასრულებს განსჯას: „განცდა თვითკმარია. მუსიკას მივყვებით. იმის მიხვედრასაც არ ვცდილობთ, რა ჯადოთი გაჩნდა“.

„განმარტებული სილამაზე ვის რაში გვარგია“ – ლექსის თარგმანზე წერს ერთგან.

 

„ესე ამბავი სპარსული…“

როცა „ვეფხისტყაოსანზე“ წერს წერედიანი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მასზე მუშაობის მთლიანი დრო (ალბათ მთელი ცხოვრება) და ტემპები. ვინ იცის რამდენი რამ წაიკითხა, რამდენჯერ გაიაზრა სტრიქონები, როგორ უტრიალა, შემოაცალა ნადები, გაფცქვნა, გააშიშვლა, დააკავშირა. დავით წერედიანის ეს წერილი დღესდღეობით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ახალი და ცოცხალი ტექსტია „ვეფხისტყაოსნის“ წაკითხვებში. როგორც იტყვიან, ბოლო სიტყვაა. ეს ტექსტი ხიდია რუსთაველის მომავალი გააზრებებისთვის.

სტატიას წინ ინტერვიუ უძღოდა, მარინე რევიშვილთან საუბარი ჟურნალ „ომეგაში“, 2001 წელს. წლების შემდეგ კი დამოუკიდებელ კვლევად იქცა, „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ შეფასებად.

აი განმარტება, რომელმაც თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება. ავტორი დავით აღმაშენებლის პერიოდს ეხება და იმდროინდელ საფრთხეებს ახსენებს. აღნიშნავს, რომ წინ ორი გზა იდო – იმედისა და შიშისა: „აქედან ორი სიუჟეტური ხაზი: პირველი – იმედი – „არაბთა“ სამეფო კარი და მეორე – „ინდოთა“ სამეფო კარი – შიში.“

206-ე გვერდზე შეგიძლიათ მიაგნოთ „ვეფხისტყაოსნის“ ქალებზე ძვირფას დაკვირვებას, სადაც თინათინი თამარის სახის ოფიციალურ ვერსიად წარმოგვიდგება, ნესტანი კი არაოფიციალურ ვერსიად. თან ნესტანს იქვე დემონურობასაც ანიჭებს ავტორი, ის ხომ ქაჯის გაზრდილია: „დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი…“, „დავარ ქაჯი“.

ეს აბზაცი კი სრულად უნდა მოვიყვანო. მასში ბევრი რამაა ჩატეული და დალაგებული:

„რუსთაველს ოთხივე ქალი, დავარს ნუ მივათვლით, უზადოდ ჰყავს დახატული, მაგრამ სიყვარულით მხოლოდ ნესტანი უყვარს. პოემის მთავარ გმირად, ეს სათაურიდანაც ჩანს, ტარიელი მიაჩნია, არადა, ავთანდილის გვერდით ყოფნა უფრო ეადვილება, მასთან ერთად მღერის, მასთან ერთად ლოცულობს, მასთან ერთად წერს ანდერძის წიგნს, ანუ მასთან ერთად ქმნის სიუჟეტისთვის „უსარგებლო“ ლირიკულ წიაღსვლებს, ალბათ ყველაზე უკეთესს, „ვეფხისტყაოსანში“ რაც წერია, მაგრამ თინათინი არა, ნესტანი უყვარს. ფატმანიც მოსწონს, ფატმანიც ძალიან მოსწონს, მისი გუნების ქალია, გულანშაროს უმშვენიერეს პასაჟებს ფატმანის ეშხი დაატანა, მაგრამ სიყვარულით მხოლოდ ნესტანი უყვარს. „უწყალო ვითა ჯიქია“…“

 

დავით გურამიშვილის გუთანი, ფარცხი, ბარი და ნიჩაბი

წერილს დავით გურამიშვილზე რუსთაველის გავლენით, ერთგვარი ჩაკეტილობით და ამ ჩაკეტილობის დაძლევაზე საუბრით იწყებს დავით წერედიანი, თუმცა იქვე დასძენს, რომ ქართული პოეტური სივრცე სინამდვილეში რუსთაველმა კი არა, „ეროვნულმა ძნელბედობამ ჩაკეტა, კულტურული აღმასვლის გამომრიცხველმა“. იქვე მონიშნავს იმ მთავარ გამოსავალსაც, რომელიც მაშინ რუსთაველისგან თავის დაღწევის უპირველეს გზად მოჩანდა. ეს იყო სალექსო საზომი, ვერსიფიკაცია. „ვერსიფიკაციული ყოყმანი“, ასეთი ცნებაც კი შემოაქვს წერედიანს გურამიშვილის ძიებების აღსანიშნად. მისი „გრძელი სათქმელისთვის“ ახალი სტროფიკა და საზომია საჭირო, მას სწამს, რომ სწორედ ეს ძიებები და ამ ძიების შედეგები გამოიყვანს ქართულ პოეტურ კულტურას რუსთაველის გავლენისგან: „მოსინჯულია ქართული და რუსულ-უკრაინული სასიმღერო ხმები, შაირის ათასგვარი სტროფული განლაგება, მუხლებგადანაცვლებული მთიბლური, რაჭული „შროშანის“ ტიპისა, ჯვარედინად გარითმული ათმარცვლოვანი თუ რვამარცვლოვანი და, ვინ იცის, კიდევ რა არა. ზოგი მათგანი საკმაოდ ხელოვნურია, მხოლოდ ეპიზოდურად გამოსაყენებელი, მაგრამ გვხვდება რამდენიმე ისეთი ნიმუშიც, უკუსაგდები რომ არაფრით არ იყო, ვთქვათ, იგივე ჯვარედინი ათმარცვლოვანი…“

რამდენიმე უზუსტესი დაკვირვებაა ამ წერილში. მაგალითად, ის, რომ „ღრმად მიმალული სათქმელი დროდადრო რიტმულმა ინერციამაც უნდა ამოზიდოს, რაც უჩვევი საზომის შემთხვევაში თითქმის გამორიცხულია“. სწორედ აქედან მოდის ავტორის ერთგვარი დასკვნა იმის შესახებ, რომ ხანგრძლივი ძიების შემდეგ გურამიშვილი დანებდა, ხელი ჩაიქნია და რუსთველურ სტროფს დამორჩილდა, თუმცა ეს მორჩილება არ ყოფილა მარტივი და სწორხაზოვანი, პირიქით, გურამიშვილმა ამ მოედანზე მაქსიმუმი შეძლო. რუსთველური საზომი საკმაოდ ადვილი დასამორჩილებელი იყო იმ დროში, „მაგრამ ძალზე ღრმად უნდა მოხნა, რომ რაიმე ღირებული ამოაგდო“, წერს წერედიანი და იწყებს გურამიშვილის, როგორც პოეტის და პიროვნების თვისებების გრძელ ჩამონათვალს, რომელსაც შემდეგ მთელს წერილში ფანტავს. იგი თითქოს ცხადად ხედავს ამ გამხდარ, „მაღლა მხედ“ პოეტს, ხედავს როგორც მეგობარს. ღრმა ხნულის გამტანის გარდა გურამიშვილი მისთვის ჯიუტი მაძიებელია, „უტეხი ნების კაცი“, განსხვავებულად თქმა მისი ერთ-ერთი მთავარი უნარია, მას არ სურს ვისიმე გავლენა ეტყობოდეს. მისი ლექსი „ხელმომჭირნე, მკვრივი, საგნიერი, მიწიერი სიტყვებითაა“ დაწერილი, იგი ცდილობს „მხოლოდ საკუთარი ინვენტარით ისარგებლოს, გუთნით, ფარცხით, ბარითა და ნიჩბით, კევრით, არნადით…“, „გარანდულ სტრიქონს გაჩორკნილი ურჩევნია, რაც მორღვეულ სტრიქონს სრულებითაც არ ნიშნავს, რიტმულად ისიც მყარია, მოქნილი და მოძრავი, გარანდულზე ნაკლებ ოსტატობას არ მოითხოვს, ხოლო პოეტური ალღო, შესაძლოა, მეტიც კი სჭირდებოდეს…“. გურამიშვილის ტონალობა „დაწეულია, ზედაპირი უფრო ხორკლიანია, ყოფითი, ბრწყინვას არ იკიდებს“. ეს „თვალმიუსვლელი“, „არაპოეტური“ სიტყვები გაცილებით დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ხანდახან ფრანსუა ვიიონის აჩრდილიც კი გამოკრთება ხოლმე მისი დახასიათებიდან: „კვიმატი ენა და თვალი, თვითირონია, ყოფაში ჩართულობა, ლირიკად შემოტრიალებული ტრაგიკომიზმი…“.

გურამიშვილზე და არა მხოლოდ მასზე წერისას დავით წერედიანი ძალზე იშვიათად არღვევს თავისი აზრის მდინარებას, იმდენად, რომ ხშირად საილუსტრაციო ციტატების დამოწმებისგანაც იკავებს თავს, მხოლოდ იშვიათად თუ გადმოსვამს საკვლევი პოეტის სტრიქონებს. მას ძალზე კარგად ესმის მთავარისა და მეორეხარისხოვანის გარჩევის ფასი, ამიტომ, როცა  მოჰყავს გურამიშვილის ციტატა: „ახალდაბას ნუღარ ხარო, მეძახიან, ამო ბოლსა…“, იგი უბრალოდ დასძენს, რომ ბოლი, „ეტყობა ქართული სოფელია და სადღაც მაღლა მდებარეობს, თუმცა ეს თითქმის სულერთია, მთელი საქართველო ახლა მისთვის სადღაც მაღლა მდებარეობს, სადღაც მიღმიერში, რომელსაც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ააღწევს“. მე შეიძლებოდა ბოლომდე გავყოლოდი ამ სტრიქონს, გამეხსნა გუგლის რუკა, მეპოვა ის სოფელი თუ ნასოფლარი, დამეხედა სატელიტური ფოტოების საშუალებით, დამეთვალიერებინა. მექექა ისტორიულ-გეოგრაფიული ლიტერატურა. წერედიანისთვის კი სოფ. ბოლი მიღმიერია, ისევე როგორც გურამიშვილისთვის. ადგილი, სადაც სიკვდილის შემდეგ ააღწევს – „იქ ეძახიან, ვინ ეძახის, რა ეძახის? არის ამ სტრიქონში რაღაც სიზმარცხადისეული, რაღაც ირრეალური“.

ისევ რუსთაველი-გურამიშვილის თემას დავუბრუნდები, რომელიც ბრწყინვალედ აქვს გაშლილი დავით წერედიანს და აქაც იგი საზომიდან ამოდის. რუსთველური შაირი, რომელიც „ქართულ სიტყვასთან ყველაზე მისადაგებული, მოქნილი და შეკრული საზომია“, გურამიშვილმა განსხვავების, განსაკუთრებულობის ველად გამოიყენა: „დავით გურამიშვილი ძირითადი ნიშნებით რუსთაველის სკოლას მიეკუთვნება, მაგრამ თითქმის ყველა ეს ნიშანი გარეგნულია, შინაგანად იგი, თავისი მიდრეკილებებითა და პოეტური ბუნებით, რუსთაველის ლამის ანტითეზად გვევლინება და ნიშანდობლივია, რომ ყველაზე სრულად ეს სწორედ რუსთველურ სტროფშია გამჟღავნებული“.

სხვათა შორის, წერედიანი რუსთაველს ჰიპერბოლას ადარებს, გურამიშვილს კი – ლიტოტესს.

 

ღიმილი ქართულ პოეზიაში

კარგი თემაა საკვლევად, რომლის უმცირესი სქემაც დავით გურამიშვილზე დავით წერედიანის წერილში გვხვდება. „ქართული კლასიკური პოეზია ძირითადად უღიმილოა“, წერს ავტორი და გურამიშვილის გამონაკლისი მოჰყავს. მისი თვითირონია და ერთი-ორგან ლირიკული ღიმილიც.

ჩაუღრმავდებოდა ლიტერატურის მოყვარული ღიმილს და ირონიას ქართულ პოეზიაში. ჩვენს დროში ცხადია ბევრს იპოვიდა, თუმცა ღიმილით მეჩხერი ის ძველი საუკუნეები უფრო საინტერესოა. ძველები რომ გიღიმიან, სხვანაირი კავშირი ჩნდება, სხვანაირად პასუხობ. ერთხელ დამესიზმრა, სულხან-საბასთან ერთად მოვსეირნობდი, რომელიც სულ მეხუმრებოდა, მეღადავებოდა. ხშირად აპამპულებდა ჩემს მეტსახელს, მახო-ს: „მახომედ“, „აბა მახომედ მითხარი…“ ერთხელ ვიფიქრე, დათო წერედიანს მოვუყვები-მეთქი ამ სიზმარს. რა თქმა უნდა, არ მომიყოლია.

 

გრიგოლ ორბელიანი – შეღავათებით წაკითხვა

გრიგოლ ორბელიანზე ფიქრი და წერა ქართულ ენაზე ფიქრი და წერაა. მთელი წერილი ენაზეა, მის განვითარებაზე, ჩავარდნებზე. ხომ თქვა დავით წერედიანმა თავისი ლექსების ერთ-ერთ რკალზე, მსურდა „ქართულ, ტრადიციულ, შეუმღვრეველ ხმებთან პირისპირ დავრჩენილიყავიო“, ხოდა ორბელიანზე დაწერილ სტატიაშიც ამ ხმებს ეძიებს. ამბობს, რომ ორბელიანის თაობამ სალიტერატურო ენასთან ცოცხალი კავშირი დაკარგა, გაუცხოვდნენ ძველ სიტყვებთან და ფორმებთან. ერთი მხრივ ყოველდღიურ სამეტყველო ენას არ ენდობიან, „ეგლეხურებათ“, მეორე მხრივ კი ის ძველი ენა თვალსა და ხელს შუა ემღვრევათ. „ენა მდიდარი, თქვენს ხელში მკვდარი“ – ეს ილიამ წამოაძახა, იმ თაობის წარმომადგენელმა და წინამძღოლმა, ვინც „სამეტყველო ენას სრული ნდობა გამოუცხადა“.

ორბელიანზე წერისას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფორმულა შემოაქვს დავით წერედიანს. ლექსის „გარკვეული შეღავათებით წაკითხვა“. წერედიანი ფრაგმენტებზე მონადირეა. ამოანათებინებს საუკეთესო სტრიქონებს და დანარჩენებს თავისებურად აკრიტიკებს, ზოგჯერ ლმობიერად, ზოგჯერ კი უშეღავათოდ. ყურადღებას ამახვილებს სალექსო საზომების რღვევებზე, შემასმენელთა რიტმულად დაურეგულირებელ ჩამოთვლაზე, ფორმალურ უგრძნობლობაზე, ერთგვარ ეპატაჟურობაზე.

კარგი დაკვირვება აქვს დავით წერედიანს ქართულ და დასავლურ რომანტიზმს შორის განსხვავებაზე. ქართულში ხალხური შემოქმედებისადმი ქედმაღლური, წოდებრივი დამოკიდებულება იყო, დასავლურში კი ფოლკლორმა ახალი სიცოცხლე შეიძინა.

ერთგან ორბელიანს წერედიანი პოეტურ ტაქტს უქებს, როცა მაგ. ლექსში „ჩემს დას ეფემიას“, ცდილობს არ შემოუშვას დედის დაკრძალვის საპატიმროდან ჭვრეტის სენტიმენტალური დეტალი. სხვა შემთხვევაში საუბრობს ლექსის აზრისმიერ და სტრიქონისმიერ ექპრესიაზე და დასძენს, რომ იგი „ჩვენი მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში, ერთ-ერთი მწვერვალი იქნებოდა, მის განცდათა სიღრმესა და სისავსეს სალექსო ფორმაც ასე თუ ისე მხარს რომ უსწორებდეს“-ო. იგივე შეიძლება ითქვას მის შხამიან ტექსტზე, „პასუხი შვილთა“, ოღონდ ერთგვარ ემოციურ მიუღებლობასთან დაკავშირებით: „ეს ლექსი ნეიტრალური მკითხველის თანაგრძნობას იმ შემთხვევაშიც კი ვერ გამოიწვევდა, ავტორის პოზიცია სწორიც რომ ყოფილიყო. არადა, პოეტური თვალსაზრისით მასში ზოგი რამ აშკარად წარმატებულია. ზემოქმედების რამხელა ძალას შეიძენდნენ ასეთი ძვირფასი სტრიქონები, ემოციურად მისაღებ ტექსტში რომ მოხვედრილიყვნენ“.

 

აკაკი – „ძალსრული მეფობა“

აკაკიზე სტატია იმითაა ძვირფასი, რომ ავტორი უმნიშვნელოვანესი გამიჯვნით იწყებს საუბარს. პირობითად რომ ვთქვათ, მხატვრულ-ესთეტიკურ და ლიტერატურულ-ისტორიულ კრიტერიუმებს განასხვავებს და გვეუბნება, რომ პოეტური მიღწევა და ზოგადად პოეზიის განვითარებაში შეტანილი წვლილი ერთი და იგივე არაა და რომ გავლენიანი ნაწარმოები („რომელმაც თავის დროზე გავლენა მოახდინა“) ყოველთვის შედევრი არაა. ასეთ ნაწარმოებებს დროთა განმავლობაში ეცლება მთავარი ღირსებები და იგი წყვეტს თავის არსებობას, როგორც მხატვრული ფენომენი. ანდა სხვა, უფრო „შევსებული“ და „განვითარებული“ ტექსტები ანაცვლებს. იგი რჩება ლიტერატურის ისტორიაში, მაგრამ არ მიეკუთვნება დიდ ლიტერატურას. „ცოცხალი რჩება ის, რაც განუმეორებელია“ (დ.წ.).

აკაკისაც ამ გამიჯვნის სხივქვეშ განიხილავს, შემდეგ კი წინამორბედებსაც მონიშნავს. იგი ალბათ უფრო მეტ ნათესაობას გრძნობდა ალექსანდრე ჭავჭავაძესთან, ვიდრე ბარათაშვილთან. გრიგოლ ორბელიანზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ილიას ლექსიც „ემძიმებოდა“. აკაკი, რა თქმა უნდა, რომანტიკოსი არაა, თუმცა „საკმაოდ საეჭვო რეალისტია“. წერედიანი ახსენებს მის ხალხურ პოეზიასთან სიახლოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ხალხურ ლექსსა და მის ლექსს შორის „დიდი ინტონაციური განსხვავებაა“.

კარგი შენიშვნაა: „აკაკისთან გაქრა გარდამავალი, ნიუანსური ფერები, ასე უხვად რომ არის ბარათაშვილთან, და დარჩა დაპირისპირება თეთრისა და შავისა, რამაც არამხოლოდ სისადავეს, არამედ გაუბრალოებასაც გაუხსნა გზა როგორც ფორმით, ასევე შინაარსეულადაც, და ამ გზით ატარა მეცხრამეტე საუკუნის მთელი მეორე ნახევრის პოეზია“.

სამშობლო, საჭირბოროტო საკითხები, მყისიერი რეაქცია მიმდინარე მოვლენებზე, უშეღავათო ბრძოლები, პოლემიკურობა, ვალდებულების შეგრძნება, დაცინვა, სიბასრე და ალესილობა, არაფრისგან ძლიერი ლირიკული ეფექტის შექმნა, „აზრით მოუხელთებელი ინტიმი“, ლირიკული ვიბრაციები, აკაკი, რომელიც მხოლოდ პირველ მუსიკალურ-ლირიკულ იმპულსს მიჰყვება და არა სქემას ან ჩანაფიქრს, „გარემოების საყვირი“ – აი აკაკის მთავარი ნიშნები.

აკაკიზე და გალაკტიონზე წერისას ცხადად ჩანს წერედიანის სტილი. იგი გაბედული ესეისტია. არ ერიდება დასკვნებს, ყოველთვის გაგებაზე, ნათელყოფაზეა მომართული და სულ გამორჩევაშია (გამონაკლისებს ყოველთვის ცალკე აღვნიშნავ ამ წერილში). იშვიათად, რომ ლექსი თავიდან ბოლომდე შედევრად მიიჩნიოს (ამაზე ზემოთაც ვთქვი). აუცილებლად გვეუბნება იმ მონაკვეთებზე, სადაც ჩავარდნები აქვს პოეტს. ზოგ დასკვნაში უპირობოდ ეთანხმები, სხვები საკამათოდ მიგაჩნია, მაგრამ ეს დასკვნები იმდენად დამაჯერებელი და შეიძლება ითქვას, სიმპათიურია (ამ სიტყვის უპირველესი გაგებითაც), რომ გეღიმება და კამათსაც ადვილად გადაიფიქრებ ხოლმე. ერთი რომელიმე ლექსის გაგრძელებას სხვა პოეტთანაც პოულობს ხანდახან (მაგ. „აღმართ-აღმართ“ და „წამყე ბეთანიისკენ“, როგორც მისი ბოლომდე მიყვანა, ემოციური სიზუსტით ამოწურვა). თუმცა არის ეპიზოდები, როდესაც მხოლოდ კითხვის ნიშნები ჩნდება, ეჭვი და ვარაუდები და ასეთ ეპიზოდებშიც, დავით წერედიანი მაინც ცდილობს პასუხების მოძებნას. ერთ-ორ „ვგონებ“-ს მაინც გამოურევს.

და ბოლო, ყველაზე თამამი დასკვნა: „ზოგჯერ ის, რაც წმინდად გალაკტიონისეული გვგონია და დღევანდელი პოეტის ლექსში ყურს გვჭრის მეტისმეტი „გალაკტიონიზმით“, სინამდვილეში აკაკის კუთვნილებაა“. წერედიანი ბოლო ნაწილში კარგად გვაჩვენებს, განსხვავების და გარკვეული შინაგანი დაპირისპირების მიუხედავად (შემოქმედების ადრეულ ეტაპზე), როგორ მასპინძლობდა, ესმოდა, იცოდა და იაზრებდა გალაკტიონი აკაკის.

 

ვაჟა-ფშაველა – არავის თანამედროვე

ვაჟა-ფშაველაზე დავით წერედიანს ცალკე სტატია არ დაუწერია, მაგრამ რამდენიმე წერილში თავის დასკვნებს მაინც გვიზიარებს. იგი გაბედულად საზღვრავს მის ადგილს ყველანაირი კავშირებისა და გავლენების გარეშე, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ სიტყვას „დასაზღვრა“ ან „განსაზღვრა“ პირობითად ვიყენებ. დავით წერედიანი თავისი დასკვნებით ვაჟა-ფშაველას სრულიად თავისუფალ სივრცეში ათავსებს, ათავსებს კი არა, გაჰყავს.

მისი აზრით, ვაჟას პოეტიკის საფუძვლები ადვილი ჩამოსათვლელი არაა. ყველას ზეპირსიტყვიერება ახსენდება ვაჟასთან დაკავშირებით, თუმცა წერედიანისთვის ეს კავშირი თუ სიახლოვე გადამწყვეტი არ ყოფილა:

„ვაჟა-ფშაველა, როგორც პოეტი, უპირველეს ყოვლისა, გენიალური პოემების ავტორია, ხოლო მისი პოემების არქიტექტონიკა და მტკიცე სიუჟეტური კარკასი, დრამატული კოლიზიების ეპიკური და ლირიკული ჩამოძერწილობა, არა ხალხური ლიროეპიკა ამ ორი საწყისის პირველადი განუყოფლობით, არამედ ეპიკურში უკუჩაბრუნებული ლირიკული სტიქია, ყოველივე ეს ფოლკლორს ძალიან შორეულად ენათესავება, თუკი საერთოდ ენათესავება. იდეათა სამყაროზე აღარას ვამბობ. სულ სხვა პოეტური მოდელია. სხვა განზომილება“. ამიტომაცაა, რომ ვაჟა განკერძოებით დგას ქართული პოეტურ გზაზე თუ ამ გზის მიღმა, წინამორბედებისა და გამგრძელებლების გარეშე. „ვაჟა არასოდეს არავისი თანამედროვე არ ყოფილა. მის სიცოცხლეში ამას უფრო მძაფრად გრძნობდნენ და საერთო გაკვირვებას იწვევდა, ზოგი ჩამორჩენილობად უთვლიდა, ზოგსაც მომავლის პოეტად მიაჩნდა. არც ერთი იყო და არც მეორე. მისი პოეტური სამყარო დროის მიღმა იდგა“.

 

ბიბლიოგრაფიული გადახვევა

ლექსები პირველად XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს გამოუქვეყნეს დავით წერედიანს. ეს „მნათობში“ მოხდა, 1959 წელს, N1. 2 წელიწადში პირველი „სვანური სიმღერების“ დროც დადგა, 1961-ში („ცისკარი“, N3). შემდეგ კიდევ არაერთხელ დაიბეჭდა მისი ლექსები (მაგ. 1984 წელს „მნათობში“, 2008 წელს „ლიტერატურა – ცხელ შოკოლადში“), ისევე, როგორც სვანური სიმღერები. წიგნად ლექსები 2010 წელს გამოვიდა პირველად (სახელად „ორიონი“ ერქვა), გარდაცვალების შემდეგ 2020-ში კი „პარაპეტი“ გამოსცა „ინტელექტმა“, მისი შემაჯამებელი კრებული. სვანური სიმღერები გაცილებით ადრე, 1977 წელს გამოსცა „მერანმა“ („სვანური ხალხური ლექსები“), რომლის საბოლოო ვერსია 2011 წელს გამოვიდა (გამომცემლობა „დიოგენე“), სახელწოდებით „სვანური სიმღერების კვალდაკვალ: ლიტერატურული ვერსია“.

თომას მანის ერთი მოთხრობა ორჯერ აქვს ნათარგმნი დავით წერედიანს, პირველი 1966 წელს გამოსულ კრებულში შევიდა და ჰქვია „ჟამთა სიავე და ნაადრევი ვნება“, მეორე „საუნჯეში“ გამოქვეყნდა (1991, #7) და ჰქვია „რია-რია და ნაადრევი წუხილი“. გარდა ამისა მახსენდება ვერლენის ერთი პუბლიკაცია 1993 ან 1994 წლის „არილში“, რომელიც მაშინ „კავკასიონის“ დამატება იყო, სადაც მისი ცნობილი ლექსის ნაკლებად კანონიკური თარგმანი იყო დაბეჭდილი. რამდენადაც ვიცი, ეს თარგმანი შემდეგ დავით წერედიანს სხვაგან არსად დაუბეჭდავს. ამ ლექსს ჩვენ კარგად ვიცნობთ არტურ რემბოს ეპიგრაფით („რა უჩინრად აწვიმს ქალაქს“). ლექსი კი იწყება ასე:

„გულსა ჩემსა აწვიმს,

როგორც აწვიმს ქალაქს…“,

იმ ძველი თარგმანის ეპიგრაფი კი, როგორც მახსოვს, იყო „ჩუმად გაწვიმდა ქალაქს“, ხოლო პირველი სტრიქონი ასე ჟღერდა: „გულშიც ისე გატირდა…“.

თავად რემბოს რაც შეეხება, მისი „მთვრალი ხომალდიც“ არაერთხელ აქვს ნათარგმნი წერედიანს.

რადგან განმეორებით თარგმანებზე მიდგა სიტყვა, ვიიონიც უნდა ვახსენოთ, ვისი „ოთხტაეპედიც“ რამდენჯერმე აქვს დავით წერედიანს თარგმნილი. ორი ყველაზე ცნობილიდან ერთი შესულია კრებულში, სადაც ამ კატრენის ყველა ქართული თარგმანია დაბეჭდილი („ინტელექტი“, 2012), სხვა ორი კი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ვიიონის ყველაზე სრულ კრებულში (2014). შედარებისთვის მოვიყვან ორ თარგმანს, ცოტა რომ გავცდეთ მშრალი ქვეთავის ბიბლიოგრაფიულ ველს:

„ფრანსუა ვარ – ესეც ისე,

მაწევს, როგორც განაჩენი.

ეუწყება მალე კისერს

რას იწონის გავა ჩემი.“

და მეორე:

„ფრანსუა ვარ, საქმე ხრაკი,

ვიბრიდები ხმარაკრაკი,

კიდეც ვნახავ ჩემი კისრით,

რას იწონის ჩემი ტრაკი.“

„ფაუსტის“ ფრაგმენტები, პირველად, თუ არ ვცდები, „არილში“ („კავკასიონის“ შიდა გვერდები იყო მაშინ) დაიბეჭდა 1995 წლის 11 თებერვლის ნომერში, ნოდარ კაკაბაძის წინასიტყვაობით. წინასიტყვაობაში მკვეთრად იყო აქცენტირებული აბზაცი: „ერთი სიტყვით, ქართველ გერმანისტთა დიდი ხნის ოცნება იყო, რომ „ფაუსტი“ ეთარგმნა სწორედ დათო წერედიანს“ (ამაზე იხ. ქვემოთ). შემდეგ 1997 წლის #3-4 „მნათობში“ დაიბეჭდა ფრაგმენტი და 2004 წელს ისევ „არილში“ (#9-10), ჟურნალში, 2008 წელს „ჩვენს მწერლობაში“. ერთი-ორჯერ შედარებული მაქვს ეს პუბლიკაციები და მაგ. „ფაუსტის“ პირველივე წინადადებამ, „მიძღვნიდან“, ორჯერ იცვალა სახე. თუკი 1995 წლის „არილში“ ვკითხულობთ:

„ხილვანო ძველნო, გადამქრალნო, კვლავ მეცხადებით…“

საბოლოო, წიგნის ვერსიაში (2011) ასეა:

„ხილვანო ძველნო, ფერმიმქრალნო, კვლავ მეცხადებით…“

ვიიონის პირველი თარგმანები XX საუკუნის 70-იან წლებში გამოაქვეყნა დავით წერედიანმა („მცირე ანდერძი“, 1974, „ცისკარი“, #1), წიგნად 1986-ში გამოვიდა და შემდეგ კიდევ არაერთხელ განმეორდა მისი პუბლიკაცია.

90-იან წლებში ნამდვილი მოვლენა იყო ძმები გრიმების ზღაპრების სამტომეული („მარიხი“), რომელიც კიდევ გამოვიდა.

ლორკას „ბოშური რომანსერო“ გარდაცვალების შემდეგ გამოიცა 2020 წელს („ინტელექტი“).

დავით წერედიანს ასევე თარგმნილი აქვს სერვანტესის (ბაჩანა ბრეგვაძის მიერ თარგმნილი „დონ კიხოტისთვის“, პოეტური ტექსტები), გოეთეს, ჰაინრიხ ჰაინეს, არტურ რემბოს, პოლ ვალერის, ოსიპ მანდელშტამის, პაულ ცელანის, გოტფრიდ ბენის, ხუან რამონ ხიმენესის და ანტონიო მაჩადოს ლექსები, ჰომეროსის „ილიადის“ პირველი სიმღერა, ინგებორგ ბახმანისა და კრისტინა ლავანტის ლექსები („საუნჯე“, 1979, N5), კარლო გოცის „მეფე-ირემი“ და ბოლოს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ დავით წერედიანის ბევრისთვის უცნობი ნაშრომი, მის მიერ დამუშავებული „ქება ქებათა“, რომელიც სრულად „არილში“ გამოქვეყნდა 1994 წლის სექტემბერში.

თანამედროვე ავტორებიდან, რა თქმა უნდა, პასკალ კინირიანი გამოირჩევა. ამ დიდი თანამედროვე ფრანგი მწერლის, შესანიშნავი სტილისტის შემოქმედება ქართულად პირველად სწორედ დავით წერედიანმა თარგმნა და დღემდე „ყოველი დილა ქვეყანაზე“ კინიარის ერთად-ერთ გადმოქართულებულ რომანად რჩება.

დავით წერედიანის ესეებიც არაერთხელ დაიბეჭდა. „ანარეკლი“ ჯერ 2005 წელს გამოსცა „ნეკერმა“, შემდეგ კი 2014 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, ხოლო 2018 წელს მისი ერთგვარი შემაჯამებელი წიგნი გამოვიდა, „თემა და ვარიაციები“ („ინტელექტი“). 1969 წელს დაიწერა „სვანური (ხალხური) ლექსწყობის საკითხები“. 1981 წელს კი კრებულში „ეპიკური ჟანრები“ მისი „ჯადოსნური ზღაპრის ჟანრული თავისებურებანი“ დაიბეჭდა. სხვათა შორის, იმავე კრებულში შევიდა დავით წერედიანისვე თარგმნილი საპროგრამო ტექსტი, რომან იაკობსონისა და პიოტრ ბოგოტირიოვის, „ფოლკლორი, როგორც შემოქმედების განსაკუთრებული ფორმა“. „ახალი ქართული ლირიკის ჩამოყალიბების გზები“ 1986 წელს დაიწერა (შემდეგ კრებულებშიც შევიდა), ხოლო 2001-ში “ესე ამბავი სპარსული”, ინტერვიუს სახით („ომეგა“). ამას დაუმატეთ ორიოდე ვრცელი ინტერვიუ (ნინო დარბაისელთან და მარინე რევიშვილთან, „სჯანში“ და „ომეგაში“), ჩანაწერები (მათ შორის, „მცირე ნობათი მჭმუნვართათვის: (მთარგმნელობითი ჩანაწერები), „ჩვენ მწერლობაში“, 2012 წელს) და კიდე რამდენიმე პოლემიკური შენიშვნა.

 

თარგმანი როგორც გასვლა და გადაჭარბება

თარგმანზე, იმდენად თეორიაზე არა, რამდენადაც პრაქტიკაზე, წერედიანი ბევრს ფიქრობდა, წერდა კიდეც და ინტერვიუებშიც არაერთხელ შეეხო ამ საკითხს. ერთგან დასავლეთევროპულ ენებსა და ქართულ ენას ადარებს. პირველებს არტიკლი აქვთ და არა აქვთ „სინტაქსური საძრაობა“, ქართულს – არა აქვს არტიკლი, სამაგიეროდ „ღვედივით სინტაქსი“ აქვს. ზუსტად ასე ამბობს, „ღვედივით“. კარგი მაგალითიც მოჰყავს საილუსტრაციოდ („თემა და ვარიაციები“, 111 გვ.).

არაერთხელ, მათ შორის პოლემიკურ წერილებშიც, აღნიშნავს, რომ მისი ზოგიერთი თარგმანი სიტყვასიტყვითია, ზოგი კი ძალზე თავისუფალი. ეს პირველ რიგში ვიიონს ეხება და, რა თქმა უნდა, „ფაუსტსაც“, ანდა შეადარეთ დედანს ვერლენის რომელიმე ლექსი, სადაც პირველ რიგში ელვარებაა თარგმნილი, როგორც თავად წერედიანს უყვარდა თქმა. იგი თარგმანშიც, ისევე, როგორც თავის ლექსებში ანდა გალაკტიონზე წერისას, უპირველეს ყოვლისა მუსიკას ეძებდა და პოულობდა.

არაერთხელ მქონია შემთხვევა, მიკამათია მთარგმნელებთან, რომლებიც ზედმეტი პირდაპირობით თარგმნიან ამა თუ იმ ტექსტს, ცნებას. ვთქვათ, გერმანელი ან ფრანგი სოციოლოგების ან ზოგიერთი ფილოსოფოსის ტექსტი ხანდახან იმდენად აბდაუბდად გადმოაქვთ, რომ აზრის გამოტანა შეუძლებელი ხდება. იმთავითვე ბუნდოვან ტექსტებზე არაა საუბარი, რომელიმე დეკონსტრუქტივისტის მაღაროებზე, არამედ მკაცრ სამეცნიერო კვლევებზე. თანაც კამათში ყოველთვის იმით იმართლებენ თავს, რომ სხვაგვარად შეუძლებელია ამის თარგმნა, რომ დანაშაულია თუნდაც ერთი აღწერითი ფორმის დაშვება ან კომენტარში განმარტების ჩამოტანა. პოეზიის თარგმნისას კიდევ უარესი მდგომარეობაა. წერედიანი ამაზე მიანიშნებს, როცა ამბობს, რომ ემოციურად უბადრუკად თარგმნილ სტრიქონს კონცეპტუალურ თარგმანად გვასაღებენო. არადა ავტორს, „როცა იგი ამ სტრიქონს ამბობდა, თავისი საუკეთესო კონცეფციაც ვერ დააკავებდა, მიჰყოლოდა შინაგან ძახილს“. და იქვე მოჰყავს პოლ ვალერის სიტყვები: „კეთილგონიერება მოითხოვს, პოეტმა კეთილგონიერებას რითმა ამჯობინოს“.

ერთგან იმასაც ამბობს, წარმოიდგინეთ, გერმანული ლექსის თარგმნისას Zein რომ ყოველთვის „ყოფიერებად“ გადმომეტანაო.

წერედიანი გარკვეულ ერთიან პოეტურ ენაზეც საუბრობს, მეტაენაზე და მხოლოდ მის გამოა, რომ პოეზიის თარგმნა შესაძლებელია. ჩემის მხრივ დავძენ, რომ კარგი თარგმანი პირველ რიგში ნიშნავს მშობლიური ენის შესაძლებლობების საზღვრებიდან გასვლას, ამ შესაძლებლობების გადაჭარბებას. მორის ბლანშო შენიშნავდა, „ეს კი, შეიძლება ითქვას, ზედმეტს ხდის თარგმანს“. დიახ, სწორედ ამ ეჭვის ზღვარზე იქმნება დიდი თარგმანები, როცა ფიქრობ, რომ ზედმეტია თარგმანი. ხანდახან ლექსიკური და სინტაქსური სიზუსტით გავდივართ მშობლიური ენის ნაჩვევი წიაღიდან, ენის გამოქვაბულიდან, ენის აჩრდილებიდან, ხანდახან კი მუსიკალობით. ალბათ გასვლაც არაა ეს. ისევ წერედიანის სიტყვებით რომ ვთქვათ, ღრმა ხნულის გატანა უფროა, რადგან ენის განძეული ზედაპირზე არ დევს. პრუსტზე საუბრობს ერთგან, მისი თარგმნის სირთულეებზე და სიმძიმეზე და ბოლოს ამბობს:

„ქართულ ენას ყველა ამ სიმძიმის აწევა თავისუფლად შეუძლია, ბევრად უარესები აუწევია, მაგრამ მთარგმნელის საქმეს ის აძნელებს, რომ ყოველივე ეს ზედაპირზე არ დევს, ქართულ ენას მრავალ დარგში და მრავალ ცხოვრებისეულ სიტუაციაში საკმარისი დატვირთვით არ უმუშავია, ბევრი რამ ძნელი მოსაძიებელია. ამაში ნაწილობრივ ჩვენი მწერლებიც არიან დამნაშავენი, ცოტა უფრო ვიწროდ ჭრიდნენ და კერავდნენ. თუმცა უმთავრესს თავი კარგად გაართვეს, უმადურებიც ნუ ვიქნებით“.

სხვათა შორის, დავით წერედიანს პრუსტის პირველი რომანის პირველი აბზაცის თარგმნაც უცდია და მისი არაერთი ვარიანტიც არსებობს.

კიდევ ერთ-ორ ცნებას მოვიყვან თარგმანთან დაკავშირებით. მაგ. „ემოციური დარტყმა“, რომელიც წერედიანის სიტყვით, შეიძლება სულ ერთად-ერთი იყოს ლექსში, ან ორი, მაგრამ პირველ რიგში სწორედ იგია შესანარჩუნებელი. გარდა ამისა, ლექსი აუცილებლად „ძალიან დეტალურად უნდა გამოვშიგნოთ თავისი კონტექსტებითა და ნიუანსებით“. „სიზმრისეულ გარინდებას“, „სინაზეს“ და ბევრ სხვა განმარტებას მიმართავს პოეტი დავით წერედიანი მთავარის აღსანიშნავად, როცა ლექსის სიზუსტეს სუნთქვით და სმენით ხვდები.

ჩემთვის ძალზე სასიამოვნო, ძვირფასი და ამავე დროს ღიმილისმომგვრელიც იყო პანტელეიმონ ბერაძეზე მოგონება. იგი ანტიკური ლიტერატურის ისტორიას უკითხავდა დავით წერედიანის კურსს. ამტკიცებდა, რომ ბერძნულ კულტურას პელაზგურ-ქართული ძირები ჰქონდა და რომ დაქტილური ჰეგზამეტრი ქართველებისგან გადაუღიათ:

„- ფეხების გასმას დააკვირდით: გრძელი – მოკლე – მოკლე

ხელებს გაშლიდა და დაუვლიდა:

– გრძელი-მოკლე-მოკლე! გრძელი-მოკლე-მოკლე!“

„უქმი იძახა დათვიამა, მარიენობა შემოვიდა“, ამ სტრიქონს იმეორებდა ხოლმე პანტელეიმონ ბერაძე, ქართულისთვის იშვიათ 18 მარცვლიანს. შემდეგ დავით წერედიანმაც ჰომეროსის „ილიადის“ დასაწყისი 18 მარცვლიანით თარგმნა, თავისი ჩანაწერების ერთ-ერთ ციკლსაც ასე დაარქვა, „მარიამობის უქმობანი“:

„რისხვა, ქალღმერთო, განამღერე, აქილევსის, პელევსის ძისა“.

 

ვიიონი – „ბუხრის ჭოკივით შავი და ხმელი“

ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე სულ ვკითხულობდი წერედიანის ვიიონს. წყვეტებით და დაბრუნებით. პირველი, ლურჯი კრებული „ბუშლატის“ შიდა ჯიბეშიც მდებია სტუდენტობისას. იმ წიგნის „ეპოქა“ 2000-იანების დასაწყისში დასრულდა. მახსოვს ჩემს უფროს მეგობარს ვათხოვე, რომელიც ასევე დავით წერედიანის მეგობარიც იყო, ვინაც თავის დროზე მთელი თავისი ბიბლიოთეკა დაკარგა და გადაკითხვა უნდოდა ვიიონის. და პასკალ კინიარის „ყოველი დილა ქვეყანაზეც“ აინტერესებდა ძალიან. ისიც გავაყოლე.

2015-ში და შემდეგ წელსაც ორჯერ წავიღე მოგზაურობაში, უკვე ახალი გამოცემა, 2014-ის. ის ლურჯი, პირველი გამოცემა ვეღარ ვნახე ბუკინისტებთან, თუმცა კარგად მახსოვდა ყველა მონიშნული ადგილი და შევსებულ გამოცემაში გავიმეორე, გადავიტანე და ბევრი ახალი ადგილიც მოვნიშნე. მოგზაურობაში, როგორც ვთქვი ორჯერ წავიღე, დიუსელდორფში და ბორდოში, ან ფრანკფურტში. აეროპორტში, რეისებს შორის, და თვითმფრინავშიც, საუკეთესო საკითხავი იყო. იქაც, ადგილზეც. თან მწარე 90-იანებსაც ვუბრუნდებოდი და გაქუცულ ლურჯ კრებულს. ყველა გადაკითხვისას ემატებოდა და ემატებოდა საყურადღებო ადგილები, წიგნი მინაწერებით ივსებოდა.

მინაწერებისა და მონიშნული ადგილების სიუხვემ მაინც ვერ გადამაწყვეტინა წერედიანის ვიიონზე წერილი დამეწერა. 2 ათწლეულზე მეტია უკვე ტრადიციას არ ვარღვევ და არ ვწერ რამდენიმე საყვარელ წიგნზე. ვერ ვწერ ვიიონზე, ვერ ვწერ ვაჟას პოემებზე, შეიძლება კიდევ კარგა ხანს ვერ დავწერო „ვეფხისტყაოსანზე“, დავით გურამიშვილზე. სერვანტესის მთავარ წიგნსაც სულ სხვა მხრიდან მივეკარე, მეტი ვერ გავბედე. ვერ ვწერ პლატონოვზე, კაფკაზე, ფოლკნერზე. პლატონზე რაც დავწერე სტუდენტობისას ახლაც ვნანობ და ვცდილობ გამოვასწორო. ყველას რა ჩამოთვლის. ხოდა მიდევს ეს წიგნი, სავსე შენიშვნებით. იქნებ ერთი-ორი აბზაცი მაინც გამოვწურო, თანაც ციტატებით.

შესაძლოა ყველა დროის ყველაზე ცეცხლოვანი და მიუსაფარი ეროსის წიგნია ვიიონის კრებული. შევსებულ გამოცემაში კიდევ უფრო მძაფრად გამოჩნდა ეს, პოეტი, ვინც თავისი ნებით იჯდა ტრფობის დილეგში, თან იცინოდა, კვიმატობდა, ბედს იწყევლიდა, ირონიით სუნთქავდა, ასე წერდა: „და ტრფიალების მაღალ მარტვილთა / ღვთაებრივ დასში შევირაცხები“-ო.

ანდა ეს:

„ახლა ვინ გიხსნის, ნეტავ, საკინძეს,

ვინ ეწაფება შენს უტკბეს ტყუილს…

ო, ღმერთო ჩემო, ნუ გამაგიჟებ!

კი არ ვლოცულობ, ვდგავარ და ვყმუი“.

გადაფურცლეთ „დიდი ანდერძის“ LXV და LXVI თავზე და ნახავთ როგორ იძალა მის ხმაში ზრუნმა, როგორ ბრუნავს მის თავში ქარი, როგორ დაიხრა მისი გული ეჭვის ზაფრებით:

„მეტიც, როდესაც ჩურჩულით ყურთან

დავეხრებოდი, არც ირხეოდა,

იმედის ჯაჭვი მეხეხა, სურდა,

დაბმულს მეყეფა მისი თეოდან.“

შემდეგ ამას მოლანდებები მოჰყვება, ერთი საგნის სხვად მოჩვენების მთელი რიგი: „საყდრის გუმბათად – ფიალის ფსკერი <…> ცის კიბედ – თოკი, ჭერში მისკვნილი, / სამოთხის ჩიტად – ყვავის ბახალა, ლოდსატყორცნებად – ქარის წისქვილი, / ისე რა გოგო – მზეთუნახავად.“

„აღარ ვეკუთვნი მიჯნურთა ამქარს“, წერს ვიიონი ქართულად და იქვე ბუმბულ-ბუმბულ ატანს ქარს თავის ჯიღას და ანგარიშს უფრო სიყვარულს უსწორებს, ვიდრე საყვარელს. მერე ამბობს, დაცინვითა და თავშეცოდებით:

„ამ სხვენზე სძინავს უმანკო ძილით

საწყალ ვიიონს, პატარა სქოლარს,

ყარა, წააგო, კვლავ ყარა წილი

და შეეწირა ამურთან ბრძოლას.

გასცა დუქნები, პურ-ღვინო, ფული,

თვითონ კი გზები კეცა ვაებით,

მიწაზე მისი არ ევლო ხნულიც.

თქვით შესანდობრად ერთი ტაეპი:“

შესანდობარი კი „რონდოა“, სევდიანი სალოსის სიმღერა, უპალოო, უთმა-წვერ-წარბო, ბოლოკს დამსგავსებული, გავაზე ნიჩაბამოთავაზებული, უჯერო სიტყვებით ხმამორაკრაკე დარდიმანდის სიმღერა.

გავაგრძელოთ ვიიონის ავტოპორტრეტი, მისი ნაისრალი და უწყალოდ ნაგვემ-ნალახვრალი გულის ამბავი. იგი, „უგროშოდ მჯდარი, ბუხრის ჭოკივით შავი და ხმელი“. სიშავეს სხვაგანაც არაერთხელ ახსენებს. ეს მისი ბუნებრივი ფერიცაა და ალბათ დაუბანლობაც. შავი ფიქრებიც, რომელსაც ლექსით აშუქებს:

 „სხვა ვინ ჩაგთვლის კაცად კიდევ,

ასე შავს და ასე მდარეს,

ჰოდა ჯიბეს თუ რამ გიდევს,

ტავერნებს და ბოზანდარებს!“

და კიდევ:

„გზებზე გადებამ, გაფიხონებამ,

მუდამ ხიფათმა, მუდამ ავდრებმა,

იმდენი ლესეს ჩემი გონება,

ლესვა-ლესვაში კიდეც ქვავდება.“

მთელი ვიიონი ხომ საკუთარი წასვლის, სიკვდილის, გაქრობის მოლოდინია, ხან სახრჩობელაზე ხედავს თავს, ხან სად, ხან სად. სვამს შეკითხვებს ახალგაზრდობის წასვლაზე: „როგორ წავიდა? საით წავიდა? / ქვეითად? ცხენით? არ გაკრთა ჩრდილიც?“  და ისევ სიშავე:

„იგი წავიდა, მე, ვაგლახ, დავრჩი,

ვზი საწუთროზე გულანაყარი,

ჩაკორძებული საკუთარ ჯავრში

და შავი, შავი, როგორც მაყვალი“.

„დიდი ანდერძის“ ბოლოსკენ, ისე სიშავე:

„იტემ, დამკრძალეთ სენტ-ავუაზე,

ზედ სარკმლის პირას მსურს დასახლება,

ვიდგე სამზერზე მკვიდრად, უაზროდ,

ნამდვილი არა, ოდენ სახება.

ქანდაკს არ ვითხოვ, დამხატეთ შავად,

ზეწამომდგარი, როგორც სამიზნე.

აკლდამა? არა, ეგ ვინმე თავადს,

ჩემთვის მძიმეა, ფიცრებს ჩამიზნექს.“

გავაგრძელოთ სიშავის თემა. ეს ფერი დიდი ანდერძის ტექსტგარეთაც გვხვდება არაერთხელ. „წვრილთქმათა ბალადაში წერს“, რომ იცის „გარჩევა რძისაგან ბუზის“, რაც ნიშნავს, რომ შავის და თეთრის გარჩევა იცის. ამას „საკუთარ გულთან გაბაასება“-შიც იმეორებს: „ვარჩევ! დავუშვათ, რძეს ბუზისაგან: თეთრი და შავი!“  თეთრსაც მისტირის: „ვაჲ შარშანდელი თოვლი სად არი?!“  ან „თქვი სად არის შარლემანი?!“.

რაც მთავარია, ყველა მის გამოტირებაში მოისმის კვიმატი სიტყვა და სტვენები: „კი, ვიტრფიალე, ვისტვინ-ვილექსე“, ხედავს თავის „ნაცუღლუტარსაც“, „დაგზაშარაობს“ და ძველი დარდიმანდების ხსოვნასაც ამბობს: „სად ბრძანდებით და როგორ ბრძანდებით, / ჩემო ნიმუშნო და მაგალითნო?“

ქრესტომათიულია წერედიანის ანდაზების ბალადა“, „წვრილთქმათა ბალადა“, „უკუთქმათა ბალადა“, იგი ბევრისთვის იქცა შთაგონების წყაროდ, კარგია სავარჯიშოდ, ენის და გონების გასაწაფად და გასალესად. ასევე კიდევ ერთხელ გაგახსენებთ „ბალადას შეთხზულს ბლუაში მგოსანთა შეჯიბრზე“, წერედიანისეულ კეთილხმოვანებას, რითმებს, ალიტერაციებს, ბგერით თუ აზრობრივ გადაძახილებს: „ერთი ხალიჩა – საკოტრიალო, ორიც პროცესი – გასაკოტრები“, მეფე ფილიპესა და „შევიხვილიფეს“ გარითმვას. ანდა ნახეთ როგორი ფორმაა! „იუპოვროს“ ან „ცადაბოლილი“. სიპ ქვაზე ჯდომისა და სიპქვეშ წოლის დაპირისპირებასაც გაგახსენებთ და კიდევ:

„რომ კი, სიმღერა მოწყენას ფანტავს,

მაგრამ, თუ გეტკბო, აღვიძებს სევდას“.

 

„ფაუსტი“. „მოცლას უცდიდი…“

„…წიგნის დაწერა, უმთავრესი ნაწილისა, ღრმა სიბერემდე გადადო. მაინც მოასწრო, ბედმა არც აქ გაწირა, კეთილადაც დააბინავა. სამოცდაათს უკვე გადაცილებული იყო, როცა ნავსი გატეხა და, როგორც იქნა, გულდადებით ჩაუჯდა. არადა ადრიდანვე ჰქონია ჩაფიქრებული. ცხადია, ექნებოდა, უთქმელადაც დავიჯერებდით. <…> ყოყმანის კვალი წიგნს ალაგ-ალაგ სხვაგანაც ეტყობა. ცხოვრებაში მკვეთრი და უეცარი გადაწყვეტილებების მიღება არ უჭირდა, აქ კი ფეხი დიდხანს ითრია, მეტისმეტად შეუგვიანდა. „ვერა ვთქვი, მოცლას უცდიდი, ნეტამცა არა მეცადა“…“.

ეს სიტყვები დავით გურამიშვილზე და მის წიგნზეა, თუმცა გეგონება „ფაუსტის“ თარგმანის ამბავიც აქვს მოკლედ და ფარულად ჩატეული დავით წერედიანს. „ფაუსტი“ 30-ზე მეტი წელი ითარგმნებოდა და დროდადრო იბეჭდებოდა კიდეც სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში. დღეს კი უკვე სრული „ფაუსტი“ გვაქვს, სხვა „ფაუსტებთან“ ერთად, თუმცა ძიებების და ენობრივი აღმოჩენების რიცხვითა და ხარისხით წერედიანის „ფაუსტი“ ბევრად აჭარბებს არამხოლოდ გოეთეს ამ ნაწარმოებების თარგმანებს, არამედ, შეიძლება ითქვას, ახალ გზებსა და შესაძლებლობებს აჩენს ქართული ლექსისთვის.

ქართული “ფაუსტის” მოკლე ისტორია ასეთია: იგი პირველად 1908 წელს გამოიცა სრულად, პეტრე მირიანაშვილის თარგმანი. შემდეგი, დავით ონიაშვილის თარგმანი, 1927 წელს დაბეჭდა “სახელგამმა”, რომელიც 1962 წელს ხელახლა გამოსცა “საბჭოთა საქართველომ”, დავით ლაშქარაძისა და ოთარ ჯინორიას წინასიტყვაობითა და კომენტარებით. არსებობს კონსტანტინე გამსახურდიას, ალექსანდრე ქუთათელის, სანდრო შანშიაშვილის, აკაკი გელოვანის, იორამ ქემერტელიძის, გივი გაჩეჩილაძის და სხვების ფრაგმენტული თუ სრული თარგმანები. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გიორგი ჯორჯანელის მიერ შესრულებული პირველი ნაწილის გამოსვლა 1987 წელს – ეს წიგნი “მერანმა” გამოსცა და მას ირაკლი ფარჯიანის ბრწყინვალე ილუსტრაციები ახლდა თან. ამ დროს დავით წერედიანი ალბათ უკვე მუშაობდა ფაუსტზე.

ზუსტად ვერ ვიტყვი როდის დაიწყო „ფაუსტის“ თარგმნა დავით წერედიანმა, თუმცა კარგად მახსოვს ნოდარ კაკაბაძის ერთი პატარა ტექსტი, 1995 წელს გამოქვეყნებული, სადაც იგი ასეთ რაღაცას იხსენებს: „ჯერ კიდევ აწ განსვენებული ოთარ ჯინორია – საქართველოს გოეთეს საზოგადოების მაშინდელი თავმჯდომარე – დაახლოებით 20 წლის წინათ პირდაპირ ეხვეწებოდა დათოს, „ფაუსტი“ თარგმნეო! წასახალისებლად გერმანიაშიც კი წავიყვანეთ გოეთეს კონგრესზე. დათო არასოდეს დაგვპირებია დაბეჯითებით, გარკვეულ პასუხს თავს არიდებდა თავისი ჩვეული ღიმილითა და სიცილით. წლების განმავლობაში გრძელდებოდა ყოველი შეხვედრისას ქართველი გერმანისტების თხოვნა: როგორმე გადაედო ყველა სხვა საქმე და ჩაჯდომოდა „ფაუსტს“. მაგრამ ამაოდ… დათო ჩვეულებისამებრ ჯიუტობდა და „ზარმაცობდა““.

წერედიანის მიერ „ფაუსტის“ თარგმნის საწყისებთან დგანან ასევე გერმანისტი დავით ლაშქარაძე, მწერალი გრიგოლ აბაშიძე და აკაკი გაწერელია, თუმცა მოგვიანებით ბევრი რამე აირია. ამ არეულობის ქრონიკას შეგიძლიათ დავით წერედიანის წერილში, „აქა ამბავი ორი ნათხოვარი წიგნისა, პასუხად გერმანისტ ქალბატონებს“ გაადევნოთ თვალი.

ზემოთ ქართული ლექსის ახალ გზები და შესაძლებლობები ვახსენე და ამ თარგმანის ინტონაციურ და სალექსო ფორმათა მრავალფეროვნებაზეც უნდა ვთქვა. ჯერ ერთი, აუცილებლად აღსანიშნავია თავად გოეთეს მიდგომა – თითქმის ყველა თავი სრულიად განსხვავებული პოეტური ფორმითაა შესრულებული და პერსონაჟების ხმები თუ ინტონაციებიც ძალზე განსხვავებულია. შესაბამისად, მთარგმნელსაც ძალზე მრავალფეროვანი, ხშირ შემთხვევაში კი, სრულიად ნოვატორული სალექსო ფორმებით გადმოაქვს ტექსტი. აი, მაგალითად, ავიღოთ ერთი ეპიზოდი, სადაც ფაუსტი თავის სამუშაო ოთახშია. მისი მეტყველება კლასიკური ათმარცვლიანით იწყება, რეფლექსიური ინტონაციით, თუმცა მეცხრე სტრიქონიდან, როდესაც იგი პუდელს გამოელაპარაკება, მთარგმნელი ყველაფერს ცვლის და უკვე დაქტილურ პოლიმეტრიას მიმართავს – პირველი სტრიქონი ცამეტმარცვლედია, მეორე – შვიდი, მესამე – თერთმეტი და ასე შემდეგ. შედეგად ვიღებთ სრულიად უნიკალურ და ქართული ლექსწყობისთვის თითქოს უცხო რიტმულ სქემას:

“დაწყნარდი, პუდელო, რა იყო, რას მირბენ გარს?

რას ყნოსავ ზღურბლსა და კარს?

რას დაწრიალებ, დახტი, წკმუტუნებ, ღრენ?

წექ ღუმელს უკან! ჰა, ჩემი ბალიში შენ!

გზად ბევრი იცელქე, სულ ხტუნვით იარე კარამდე,

აქ უკვე შინა ვართ, ეგ შენი ბზრიალი დამთავრდეს”.

შესანიშნავია ეპიზოდი პოემის ცენტრალური სცენიდან, სადაც ფაუსტი და მეფისტოფელი პაქტს დებენ. აქ მეფისტოფელი ერთგან სულების გუნდის პაროდირებასაც ახდენს, მათ წარადგენს მათივე ხმის ბაძვით. დავით წერედიანმა ამ მონაკვეთს ორმაგი ჟღერადობა შესძინა. თუკი კარგად დააკვირდებით, გალაკტიონის “ნიკორწმინდის” ინტონაციებსაც გაიგონებთ მასში, მით უმეტეს, წინა ეპიზოდში სწორედ ტაძარზეა საუბარი:

“ჩემი ბარტყებია,

უკან დამყვებიან.

ღლაპთა კვალობაზე

ბრძნული გალობა თქვეს.

გირჩევენ: დატოვე

ეს ბნელი დილეგი,

დათმე სიმარტოვე,

სიკვდილის ჩრდილები”.

ინტონაციებს რაც შეეხება, როგორც ზემოთაც ითქვა, ძალზე მრავალფეროვან სამყაროსთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში, ფაუსტისა და მეფისტოფელის მეტყველება ავიღოთ ღამის სცენიდან. ფაუსტის მეტყველება ელეგიურია და საზომიც შესაბამისია, თოთხმეტმარცვლიანი:

“რა სიბნელეა! ერთადერთი მოკრთის ნათელი,

ბაზილიკაში უქრობელი ბაზმა ანთია.

იქით და იქით წყვდიადია გაუფანტველი…

გულშიც, არ ვიცი, რა მიზეზით, ეგ წყვდიადია”.

შემდეგ მეფისტოფელის ჯერი დგება, რომელიც სულ სხვა, სკაბრეზული ინტონაციით ხასიათდება:

“მე კიდევ ჟინი შემიდგა კატის,

სახურავებზე პარვით რომ დადის,

საქმეს რომ ეძებს ბნელში საღვაწებს,

წაიმძუნავებს, წაიბაცაცებს”.

ანდა მოხუცი გლეხის ეს მეტყველება ნახეთ, ქართლური პირდაპირობითა და ქალაქური, ტფილისური პოეზიისთვის დამახასიათებელი მოქცევებით:

“მივესალმებით ბატონ დოქტორსა,

უფრო გვიყვარხართ კიდევ მისთვისა,

რო არ თაკილობთ ჩვენისთანებსა,

რო მოიცალეთ აქ მოსვლისთვისა…”

წიგნში ბევრ საინტერესო ზმნურ ფორმასა თუ სხვადასხვა სიტყვას აღმოაჩენს ყურადღებიანი მკითხველი. გვხდება კომპოზიტები – ხმაშეჭირვებით, ცრემლსართავი, სასოწარუხდომი, რწმენამყარი, უკუდბრჭყალო, ასევე – კვიატი, უზღვრელი, სათხიპნარი და სხვ. აქაა ზმნების არაერთი მოქნილი ფორმა, რომელიც საოცრად მრავალფეროვანს ხდის ლექსს. გარდა ამისა, აუარება აფორისტული სტრიქონია წიგნში, სხარტი და დასამახსოვრებელი. ზოგი ეპიგრამატული, იუმორით და სილაღით სავსე, რომელიც წერედიანისვე თარგმნილ ვიიონის სტრიქონებსაც გაგახსენებთ, ზოგიც გნომურია, სიბრძნით გაჯერებული.

კიდევ უფრო შორს მიდის მრავალფეროვნების თვალსაზრისით „ფაუსტის“ მეორე ნაწილი, სადაც, შეიძლება ითქვას, დრამატული ქმედება ჩერდება და მთლიანად პოეზია ისადგურებს. „ოთხი მოქმედების მანძილზე ცენტრალური სიუჟეტი ადგილიდან არ იძვრის, ძირითადი სივრცე დივერტისმენტებსა და ინტერმედიებს ეთმობა“ – წერს წინასიტყვაობაში მთარგმნელი. მეორე ნაწილი თითქოს ფაუსტის გათავისუფლების ნაწილია. დანტეს ტერცინები, ელფების სიმღერების ჟღერადობა, ყველაფერი ფაუსტის ტვირთის მოხსნაზეა მიმართული, ქენჯნისა და წუხილის გაშვებაზე. გოეთეს თავის ახალ პოეტურ სამყაროში შესასვლელად „თავისუფალი, ტვირთახსნილი, მსუბუქად მავალი ფაუსტი სჭირდებოდა. გზა, რომელიც მან უნდა გაიაროს, აჩრდილებისა და ლანდების თამაშია, რომელიც ქენჯნისა და სულიერი ტანჯვისასთვის არანაირ ადგილს აღარ ტოვებს“. არიელის სიმღერაშიც, მეორე წიგნის პირველივე სტრიქონებშიც ხომ ცხადად მოისმის:

„ქენჯნის ეკლები გამოჰკრიბეთ, გაწოვეთ შხამი,

ლანდად უქციეთ რაც რამ ავი გადახდენია.“

ცხადია ფაუსტი მაინც იბრძვის ტანჯვის უფლებისთვის:

„რის მაქნისი ვარ, თუ გავხევდი, გრძნობები გაცვთა!

ძრწოლის უნარი უკეთესი წილია კაცთა.

საღვთო ძრწოლისგან შეუძვრელმა, სად რა ვეძიო!

უკიდეგანოს, ზღვარდაუდებს რითღა ვეწიო!“

ამ ნაწილში საკმაოდაა ე.წ. საპროგრამო სტრიქონები. ფაუსტის ხსნის გზების ძიებით დაწყებული – ღმერთისა და მეფისტოფელის ურთიერთობით დამთავრებული. აი მადალითად, ანგელოზები ფაუსტის სულ მიაფრენენ მაღალ სივრცეში და თან მღერიან:

„მაღალი სული წავართვით ბოროტს,

ნაბრძოლ-ნაღვაწი ღირსად.

ვინც წინ ისწრაფვის, ქმედითად ცხოვრობს,

ჩვენი ვალია ვიხსნათ.“

და ამ სტრიქონებს კიდევ არაერთი მონაკვეთი ეხმიანება. თუნდაც მეფისტოფელის ეს სიტყვები მეორე მოქმედებიდან:

„ჩემი რჩევაა, რეტისრეტში არ გადავარდე,

სხვას ნუ უყურებ, შენი თავი შექმენ თავადვე.

თუ სადმე ბნელში ლანდ-აჩრდილებს გასდით რიალი,

ფილოსოფოსიც იქ ბრძანდება, ზის ფიქრიანი,

ზის, თავი მოსწონს, საკუთარით ტკბება ხელობით,

საზრისთა ხმევით, ახალ-ახალ ლანდთა მქმნელობით.

გზას უძებნელად ვერ იპოვი სხვის ჯოხზე ბჯენით,

თუ გინდა იქმნა, შენ თვითონვე ქმენ თავი შენი!“

ისევ მეფისტოფელი მეხუთე მოქმედებიდან:

„სულელური სიტყვაა „გაქრა“.

სად გაქრა? წმინდა არარაში? იქამდე რა ქნა?

ქრებოდა? მაგრამ თავიდანვე თუკი ქრებოდა,

მაშინ შესაქმე რად უნდოდა, რას იქმნებოდა!

ყოველი არსი არყოფნაში შედის წყობილად,

რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფადში არცა ყოფილა.

არადა, თითქოს არსებობსო, ისე წრიალებს…

რა შეედრება საუკუნო სიცარიელეს!“

აქვე უნდა ვახსენო პირველი ნაწილის ცის პროლოგში უფლისა და მეფისტოფელის შესანიშნავი გაბაასება, სადაც უფალი მიმართავს მეფისტოფელს:

„აქ გამოჩენა თუ მოგინდეს, თამამად მოდი,

მტრობას არასდროს აღმიძრავდა შენდართა შფოთი.

თქვენი დასიდან, უარმყოფელ მაგ სულთა წრიდან,

თუ ვიტან ვისმე, ჭკუამახვილ ცუღლუტებს ვიტან“.

რაზეც მეფისტოფელი მყისვე პასუხობს ცუღლუტურად:

„მიყვარს შემოვლა ბერიკაცთან და საუბარი,

გულს დამაკლდება მუდამ ასე თუ არ გასტანა.

ვერაფერს იტყვი, ზის ამხელა მამაუფალი

და კაცურ სიტყვას ლაპარაკობს თვით ეშმასთანაც“.

კიდევ არაერთი მახსენდება ასეთი ეპიზოდები, უპირველეს ყოვლისა კი ნერევსის რჩევებისა და წინასწარმეტყველებების სიმძაფრე „გადახანძრული, ბურჯმოთხრილი ილიონით“ და პლუტუსის (იგივე ფაუსტის) მიმართვა ყმაწვილ მეეტლეს. სიტყვები, რომელიც „ფაუსტის“ არც ერთი სხვა თარგმანიდან არ ჩამრჩენია ასე მკაფიოდ და რომელიც ალბათ ძალიან დიდხანს გამყვება. სხვათა შორის, მანამდე ყმაწვილს პლუტუსი ასე მიმართავს, „ხარ სული ჩემი სულთაგანი, ჰყოფ ნებას ჩემსას“, შემდეგ კი აზუსტებს, „აჰა, ძე ჩემი საყვარელი, ვინ-იგი მეთნო!“.:

„გათავისუფლებ უმძიმესი მაგ ტვირთისაგან,

გასწი, ეწიე, მაღალ მიზნად რასაც ისახავ.

არ მემეტები, ბრბოს შეერთო, უბირს, ავყიას,

დაღმეჭილ ნიღბებს, ამ დარბაზში გარს რომ გვარტყია.

დამკვიდრდი, სადაც სიკეთე და მშვენიერება

სინათლის ჭავლად მოიღვრება, წმინდა ბგერებად.

იქ წლიდან წლამდე, უდრტვინველად და უანგაროდ,

სიმარტოვეში უნდა შეთხზა შენი სამყარო.“

ზემოთაც აღვნიშნე და აქ კიდევ დავაზუსტებ, რომ „ფაუსტის“ თარგმანის მთელი ტექსტი ინტერტექსტებითაა გადავსებული, კლასიკური თუ თანამედროვე ქართული პოეზიიდან. აქ ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ შეფარვით მოისმის ამა თუ იმ პოეტის ქნარის ხმა, ხან პაროდიულად, ხანაც დაბეჯითებით. მაგალითად, პოემის ბოლოსკენ ლემურები მღერიან:

 „სანამ ვიყავ ახალგაზრდა,

თავში ტრფობის ქარი ქროდა,

სადაც ცეკვა-როკვა იყო,

ფეხიც იქით გამირბოდა.

 

არ დამინდო როცა ხანმა,

თავს სიბერე დამარისხა,

ღია კართან მივფორხილდი,

კარი დამხვდა სამარისა“.

ახლა აკაკის ერთ ცნობილ ლექსს მივაკითხოთ:

„სანამ ვიყავ ახალგაზრდა

და სიამით ძგერდა გული,

ვნატრობდი და არ მეღირსა

ბედუკუღმართს სიყვარული.

 

როს დავბერდი, დავუძლურდი,

სახე დაჭკნა, დამეღარა,

სიყვარული რაღად მინდა,

გინდ იყოს და გინდა არა!“

ერთგან მეფისტოფელის სიტყვებში აშკარად გალაკტიონის ლექსის ინტონაციები მოისმის და ამას გარდა ლექსიკურადაც, რიტმ-საზომითაც და თემატურადაც ამჟღავნებს მასთან კავშირს.

წერედიანის გოეთესთან:

„რასაც გიამბობთ ეშმა ბებერი,

არად არ მოგწონთ, დუმილს სჯერდებით.

მანამ დაგრჩებათ გაუგებელი,

სანამ თავადაც არ დაბერდებით.“

გალაკტიონთან:

„წმინდა ნათელში, ამბობს ჰეგელი,

წმინდა სინათლის დიად ბადეში

ისე ცოტაა გასაგებელი,

როგორც რომ წმინდა სიწყვდიადეში.“

ანდა რა უნდა იფიქრო, როდესაც ასეთი სტრიქონი ამოგიხტება უცებ: „წინ მიმაჩქარებს განუხრელი წყურვილი ხვალის“. ან როგორ უნდა შეიკავო ღიმილი, როცა ერთ-ერთ ეპიზოდში ფორკიასი ამბობს: „შენ უნდა ბებერ ტირესიასთან იწვე“. და ბესიკ ხარანაულის ხმა, რომელსაც თავის მხრივ უფრო შორს მივყავართ:

„წაიშალა, რაც გაწვალებს,

ძველი სიტკბოც, ძველი ელდაც,

ნურას ეჭვობ, ენდე ხვალეს,

სულიც, ხორციც გაგიმთელდა.

<…>

წინ იარე, ნურას ნანობ,

რას არ შეძლებს კაცი ქველი…“

სუფთა ბესიკურითაა (ამ ჯერად ძველი ბესიკის, 14 მარცვლიანით, ქორე-დაქტილი-მეორე პეონი-ქორე-დაქტილი, ზოგჯერ ქორეული კლაუზულით) თარგმნილი მეფისტოფელის „გოდება“ მეხუთე მოქმედების ბოლოსწინა სცენაში. იგი ადვილად დასამახსოვრებელია თავისი რიტმითაც.

ტრადიციულების გარდა სხვა ახალი რიტმული მიგნებების დამოწმება კიდევ შეიძლება, მეორე ნაწილში საკმაოდაა ასევე შეთხზული ზმნები, ახალი კომპოზიტები და კვიმატი საკუთარი სახელები (უცებ მახსენდება „გითავლაღია“, სახელები – „იავარყავი“, „ივსეკალთა“, „მოინადავლე“, „მტკიცედიპყარი“).

ზემოთაც ვთქვი, რომ ხშირად გვხვდება ქრესტომათიული გამოთქმებიც, ხატოვან თქმათა კრებულებში შესატანი, ანდა სულაც დასაზეპირებელი და სალაღობო: „ვუსმენ ორ ხმაში მისნურ მჭევრობებს, / ოღონდ ვერ ვიტყვი დიდად მჯეროდეს“, „დაიცალე, ღრუბლის ცურო, / დროა, ხანძარს დაეწურო!“, „ხილვა ვიხილოთ უცებ სუნთქვის გასაჩერები, / შეუძლებელი, ამიტომაც დასაჯერები“, „ჰა, ეს გინდოდა? – ყველაფერი არივ-დარია! / ეშმაკისთვისაც ბრიყვის დევნა მხოლოდ შარია“, „ყველას და ყოველს დრო აქვს და ვადა, / ყმაწვილკაცურო ჩაცხრები ჟინო, / რაც უნდა ცეცხლი ეკიდოს ბადაგს, / დადუღდება და იქცევა ღვინოდ“, „როცა იქნება, კაცის აზრი მეტსაც მიაღწევს, / გონებას შექმნის ხელოვნურს და უგამჭრიახესს“, „სილამაზესთან ორწილ გონჯდება გონჯი. / სიბრძნეს შებმული ბრიყვი ორწილად ბრიყვობს.“

არაერთხელ გადაეყრებით გათვლებისა და ენის გასატეხების მსგავს ტექსტებს, ასევე ფოლკლორის სხვა მცირე ჟანრების ნიმუშებიც მსუყედაა მიმოფანტული ტექსტში.

ქვეთავის ბოლოს, სინანულით და სიფრთხილით ვიტყვი, რომ წიგნი, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე ითარგმნებოდა, რამდენიმე საათში შეიძლება შემოგეკითხოთ. ამიტომ, ეცადეთ ცოტათი გაიხანგრძლივოთ სიამოვნება. ამაზე მთარგმნელიც წერს წინასიტყვაობაში – “გოეთეს “ფაუსტი” იმდენად ძნელი აღსაქმელი არა, რამდენადაც ნელა საკითხავი წიგნია. თუ იგი სრულად გვინდა შევიგრძნოთ, წინ არ უნდა მიგვეჩქარებოდეს, ყურადღება იმ პასაჟზე უნდა დავაკავოთ, რომელსაც მოცემულ მომენტში ვკითხულობთ. ჩვენი მონდომება აუნაზღაურებელი მხოლოდ ამ შემთხვევაში არ დარჩება”.

 

„ჯადოსნური რეალიზმი“

ამ ნომერში დიმა ბახუტაშვილის ემოციური წერილიც შეგიძლიათ წაიკითხოთ დავით წერედიანზე, სადაც იგი „მაგიურ რეალიზმს“ ახსენებს წერედიანის მიერ თარგმნილ ძმები გრიმების ზღაპრებზე. ჩავიხედოთ წერედიანის ჩანაწერებში, „თემა და ვარიაციები“, კარგი განმარტებაა: „ტერმინი „მაგიური რეალიზმი“ სამხრეთამერიკულ რომანს რომ უკავშირდება, არაზუსტი თარგმანია, უნდა იყოს „ჯადოსნური რეალიზმი“, ჯადოსნური ზღაპრის მიხედვით, დასავლეთში მაგიური ზღაპარი რომ ჰქვია“.

იქიდანაც გვაკრიტიკებს მისი ნომრის ავტორებს.

ვინ იცის, ჩემს წერილშიც რამდენ უზუსტობას იპოვიდა.

 

კაფკა – „ამომწურავად არცოდნა“

კაფკას ორმაგი კანონის ტყვედ ხედავს წერედიანი, ებრაული თორას და საერო კანონმდებლობის ტყვედ. ეჭვი მეპარება ამომწურავად რომელიმე სცოდნოდაო: „პირველი და უჩინარი სამზადისი რომანისთვის სწორედ „ამომწურავად არცოდნიდან“ იწყება“. შემდეგ თავის თეორიასაც გვიზიარებს, რომლის თანახმადაც იოზეფ კ.-ს ბედი ამ ორი კანონის შეუთანხმებლობამ გადაწყვიტა. მაშინდელი სახელმწიფო სასამართლო ოფიციალურად ცნობდა ებრაული სასამართლოს მიერ ებრაელისთვის გამოტანილ განაჩენს, „ოღონდ უკრძალავდა სასიკვდილო განაჩენის გამოტანას“. ამის მიუხედავად, იშვიათად, ებრაულ სასამართლოს მაინც გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენი და მას აღასრულებდა კიდეც. კაფკას რომანის სიუჟეტი წერედიანს ამ განაჩენის შიშიდან გამოჰყავს, იქნებ რამე დააშავა? იქნებ უკვე გამოუტანეს კიდეც სასიკვდილო განაჩენი?

„კაფკამ თავისი წიგნიდან ებრაული მომენტი ამოკვეთა და სწორადაც მოიქცა: პირდაპირ ჰერმეტული კოშმარის წინაშე დაგვტოვა, მეტაფიზიკური კოშმარის წინაშე, არსაიდან რომ არ შემოევლება“.

როგორი ნათქვამია?! „არსაიდან რომ არ შემოევლება“.

ბოლოს თავის თეორიაშიც შეაქვს ეჭვი წერედიანს: „იქნებ ძველს ვიმეორებ?“

 

ლორკა დანის პირზე

დანის პირზე სიარულს უწოდებდა დავით წერედიანი ლორკას მცდელობას მელოდიური ლექსითა და ძველებური მასალით შეექმნა ახალი პოეზია წიგნში „ბოშური რომანსერო“. კრებული, რომლის მთავარი გმირიც ანდალუზიური ნაღველია, ლორკამ თავისი უნიკალური პოეტური ხმის წყალობით საუკუნის კრებულად აქცია. წერედიანი ხაზს უსვამს, „უნიკალური პოეტური ხმის ხარჯზე“, და არა „იმ თავისი ავანგარდიზმისა, რატომღაც სიურრეალიზმად რომ ესახებოდა“. ზოგადად „იზმებს“ და სხვადასხვა მიმდინარეობას ყოველთვის ერჩოდა დავით წერედიანი, როცა საქმე დიდ პოეზიას შეეხებოდა.

ლექსები ძირითადად 8 მარცვლიანი საზომითაა თარგმნილი, ყველაზე ხშირად ორი დაქტილი+ქორე გვხვდება:

„- შინ, სახლშიც, შეშლილი დავალ,

დავძრწი და ნაწნავი ორი

უმწეოდ მიმომთრევს უკან

სამზად-საძინებელს შორის.

ნაღველი აბერებს ქალშავს,

სამოსელს გლოვისფრად უცვლის.“

ასევე ხშირია 9 და 8 მარცვლიანების მონაცვლეობა, სადაც 9 მარცვლიანი სამი დაქტილის სქემითაა წარმოდგენილი, გვხვდება სხვა შემთხვევებიც, სადაც 10 მარცვლიანიც გამოერევა თავისი მელოსით, მათ შორის ერთხელ საკუთარი სახელიც:

„…და ადგილს ჩავედით ნარიყალს

მეგონა საბედო ვნახე,

არადა მას თურმე ქმარი ჰყავს.“

ყველასგან გამორჩეული და რიტმულად თავისუფალია ლექსი „დონ პედროსა და მისი ცხენის თოხარიკობანი ლაგუნებიან გზაზე“, სადაც 6 მარცვლიანს, ხან 7 მარცვლიანი ცვლის, ხანაც დასკვნასავით შემოდის 5 მარცვლიანი. მთელს ლექსს შემდეგაც ეს რიტმული დარტყმები განსაზღვრავს, 3 მარცვლიანიდან 7 მარცვლიანამდე, სქემა, რომელიც კარგადაა ცნობილი XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პოეზიიდან:

„დონ პედრო საბრალო

გზაზე მიდიოდა

და ცრემლი სდიოდა,

ახ, როგორ სდიოდა!

ცხენიც მალი ჰყავს და

კვალიც არ ებნევა,

პურისა და კოცნის

დადის საძებნელად.

ქარს ჰკითხავენ სარკმლები:

თქვი, ქარო ხმიერო,

რას ტირის საბრალო

კაბალიერო?“

 

პასკალ კინიარის პროზის მუსიკა

აქ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება, მუსიკაზე დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესო რომანი (მცირე რომანი) „ყოველი დილა ქვეყანაზე“ თარგმნა იდეალური პოეტური სმენის მქონე ადამიანმა, რომელიც სხვათა შორის, თითქმის საერთოდ არ უსმენდა მუსიკას.

ვიცით, რომ წიგნს რეალური გმირები ჰყავს, სენ კოლომბი და მარინ მარე, XVII-XVIII საუკუნეების ორი მუსიკოსი. თუმცა დიდი ლიტერატურა ყოველთვის აქარწყლებს ამ ე.წ. “რეალობის ეფექტს” და ერთი შეხედვით (უფრო სწორად ერთი წაკითხვით, ან ერთი ამოსუნთქვით) სინამდვილის ყველა ნიშანს ართმევს ოდესღაც რეალურად გამძვინვარებულ თუ ცრემლდანთხეულ მოკვდავ-პროტოტიპებს. ეს მოკვდავები “დიდ დროში” გადაინაცვლებენ და იქ უკვე ფაქტები და რეალიები ძალას კარგავენ. თარგმანიც ყველანაირად უწყობს ხელს ამ გადანაცვლებას. იგი დაცლილია ხატოვანებისგან, და პასკალ კინიარის ტექსტი თითქმის არარსებული ქართული პროზის ენაზე მეტყველებს.

 

და ბოლოს, მთავარი. პოეტი წერედიანი

მთავარი. დავით წერედიანი უპირველეს ყოვლისა პოეტია. უფრო მკაცრად რომ ვთქვათ – მხოლოდ პოეტი. ახალს არაფერს ვამბობ, ბევრი აღნიშნავს ამას. თუმცა როცა „მხოლოდ პოეტს“ ვამბობ, მისი თარგმანების ათასობით სტრიქონიც აიშლება ფრინველთა გუნდებივით და ეს სიმკაცრე ქრება, პოეტის ცნება კი უსასრულოდ ფართოვდება.

პოეტი-წერედიანის შეფასებისასაც, ისევე როგორც ყველა დიდი ქართველი პოეტის ან მთარგმნელის გახსენებისას, აკვიატებული სტრიქონებიც თავისთავად ილანდებიან. მაგ. „მეფემან ბაგრატმან მპყრობელმან…“. ეს კონკრეტული სტრიქონები ჩვენს ამ თემატურ ნომერშიც, თუ არ ვცდები, სამჯერაა ნახსენები. შეიძლება მეტჯერ. ვიცი, რედაქტორის უფლებით ვსარგებლობ და ზედმეტი მომდის, მაგრამ მკრთალი იმედი მაქვს, რომ წერედიანს მაინც გავაღიმებდი ამ შენიშვნით.

ზოგისთვის წერედიანის პოეზია „წიგნიერი“ პოეზიაა, ინტერტექსტუალურს რომ უწოდებენ ბოლო ათწლეულებში, თუმცა რამდენიმეჯერ გადაკითხვის და გარჩევის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური ლექსების ავტორის პირისპირ დარჩებით.

ამას თავად პირველ რიგში გრძნობს და მიგანიშნებს. ძნელია ისეთი რამე იპოვო დავით წერედიანთან, რისი აღმოჩენითაც მას გააკვირვებდი. წერის თუ არა, გადაკითხვის დროს მაინც ამოიცნობდა, რა დაწერა. ათასგზის ხმამაღლა გადაკითხვის დროს.

„ნახვეწო პწკარო“, ეს ხომ მასზეა?! „სიხარულო არაფრის თქმისავ“ – ესეც. „ჯამდება ნისლი“ – გაიხსენეთ გალაკტიონზე მისი ნაწერები. მაგრამ არა, ეს ბოლომდე წერედიანი მაინც არაა, წერედიანი კიდევ ბევრგანაა გაფანტული, გაბნეული, ზოგიერთ ლექსში თითქოს შედედდება მისი სათქმელი, მაგრამ ისევ იბნევა, მკრთალდება, მუსიკად, შიგნით ჩაბრუნებულ სიმღერად იქცევა და რომელიმე დიდი რეჟისორივით, ხმაზე რომ აქვს გართულება და ყოველთვის თვითონ რომაა თავისივე ფილმის ხმის ოპერატორი, სხვადასხვა ხმას ადებს სტრიქონებს: მთვარის ხმას, ფესვთა ჟრიალს. ხან სუფთად აიღებს მოტივს, ხან ვერა. აქ ბევრი ძახილია, ძახილი და ზახილი, ბღავილიც. მის ლექსებში საგალობელს ჩრდილიც აქვს.

ანდა „ფოთოლცვენის“ საოცარი დასაწყისი ნახეთ, თვრამეტმარცვლიანით გაწყობილი:

„საიდან ისმის, კაცი ჩაღმა ჩაექანოს, იმგვარი ხმაა,

„ა-ა“ და მეტი არაფერი, განწირული, გაბმული „ა-ა“.“

წერედიანი მთელი ცხოვრების მანძილზე ელოდა ალბათ, რას ათქმევინებდა მას რიტმი, რითმა, საზომი. ელოდა წარმოუდგენელი მოთმინებით, მუდმივი ჩასწორებებით, დახვეწითა და ცვლილებებით. არაერთხელ შესულა რიტმის იმავე მდინარეში, ხშირად კი სულ სხვაგან გადააგდებდა მდინარების ტოტს. ცდილობდა გამოერკვია საით წაიყვანდა მას მეტყველება. ცვეტაევასთან, ხომ გახსოვთ?

„Поэт — издалека заводит речь.

Поэта — далеко заводит речь.“

სწორედ ესაა „ლაზარეს“ ციკლიც, რომელიც შორიდან, წარსულიდან, „შეუმღვრეველი ხმებიდან“ მოედინება, უგავლენოდ, და ამავე დროს ესაა ციკლები, სადაც მომავლის მუსიკა ისმის მხოლოდ. ყველაზე ნაკლებად ხელმოსაჭიდ, ყველაზე გამჭვირვალე ლექსებში, სადაც ვერც მის მძლავრ, ძარღვიან კომპოზიტებს ნახავთ, ვერც ხორხისმიერთა ფერხულს და ვერც მათრახივით ზმნებს: „ვინ იცის ვერხვის ფოთოლო, / საით წაგიღებს ქარი…“, „არც იცი თეთრო ყვავილო, / როგორ უხდები სიკვდილს…“. ხალხური! იტყვის ვინმე და აქ წერედიანივით, ტუჩებმოკუმვით უნდა წამოვიძახოთ, „არა!“.

მოკლედ, ასეთია წერედიანის ნაქარალი, ნამზევი და ნასიზმრევი ლექსები, განმეორებებით, უძილობით, აკვიატებებით, სადაც ყველგან ისმის პოეტის სუნთქვა, გულისცემა და ფეთქვა, ამ გულისცემის გახელება თუ დამშვიდება. არაერთხელ იპოვით საზომებზე, რიტმზე პირდაპირ მინიშნებებსაც: „სამი გზა მიდის, გრძელი ჩრდილი – მოკლე ჩრდილი – კვლავ გრძელი ჩრდილი.“ ანდა მეგრულ მოტივში: „ჟამი მოკლე, ჟამი გრძელი…“, ან ეს: „ვარ მინდობილი კლასიკურ მუზას / მცირეოდენი განდაგანათი“.

რა თქმა უნდა, რიტმულად ძალზე მრავალფეროვანია დავით წერედიანის ლექსები, მან ბევრი ჩანგი სცადა და ყველგან დატოვა განსაკუთრებული კვალი. პოემაც კი დაიწყო და სადღაც VII თავში ისეთ თხრობით სიცხადეს მიაღწია, რომ ალბათ თავადაც შეცბა. გალაკტიონზეც ხომ ამბობდა: „დიდი მისნობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ პოემისათვის თუ ისეთი საზომი აირჩიე, სადაც ყოველი მეორე-მესამე სიტყვა გასარითმავია, პოემა არ შედგება“.

„ასე რომ, ჩემო ფანქარო თლილო,

სიგელ-გუჯრების დავაგდოთ კილო,

უცებ მოვხაზოთ ქალაქის ხედი,

ოღრო-ჩოღროზე წახრილი წრედი.“

 

ისევ მოწყენილობა

„თემა და ვარიაციების“ 88-ე გვერდზე ვკითხულობთ:

„ჩემი გამოცდილებით, შთაბეჭდილება საკმაოდ მკრთალია ხოლმე, შიგ მოწყენილობის დღეებიც თუ არ ჩაიკეცა.

მოწყენილობა ისეთი რამ არის, საგნებსა და მოვლენებს ახლოდან, ფართო პლანით რომ გიჩვენებს.

დაგდებულ გირჩზე დაგხრის.

ჭიანჭველების ბილიკს გაგავლევინებს“.

დავით წერედიანის მეგობრის, ბესიკ ხარანაულის სიტყვები გამახსენდა: „ჯინჭველაები ჩქროლავდნენ / წყალზე გავუდე ხიდიო“.

მერე 95-ე გვერდზე გოეთეს უგუნებობას ახსენებს: „ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როცა წავიკითხე, რომ გოეთეს ჩვეულებრივი მდგომარეობა უგუნებობა იყო, უგუნებობა და საკუთარი თავით მძაფრი უკმაყოფილება.“

ეს წერილიც დასრულდა და მეც ალბათ მორიგ მოწყენილობას უნდა მივცე თავი, ჩავაკითხო ჭიანჭველებს, ბურთა ჭიებს, ობობებს (ობობა და უგუნებობა). თუმცა რა ჩაკითხვა უნდა, რამდენიმე ობობა აგერ საწერ მაგიდასთანაც მყავს, ზოგი დესანტივით ეშვება ჭერიდან, სხვები კი დამჭკნარ ყვავილებს, კალმისტრებსა და ჭიქას შორის აბამენ უნაზეს ქსელებს.

და დგება დრო ისევ დაბრუნების და „ლეშგვანის“ წაკითხვის. აქვე. გადაფურცლეთ „არილის“ ამ ნომრის პირველ გვერდზე და თქვენც წაიკითხეთ.

ჩარდახი, ოქტომბერი-ნოემბერი, 2021

© არილი

Facebook Comments Box