AUDIO,  ახალი წიგნები,  ესე,  კრიტიკა,  რეცენზია

მალხაზ ხარბედია – ლევან ბერძენიშვილის “წმინდა წყვდიადი”

AUDIO
“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ლევან ბერძენიშვილის წიგნი გამოსცა, რომელიც მთლიანად გადასახლებაში გატარებულ წლებზე მოგვითხრობს.
ქართულ ენაზე არც ისე ბევრი წიგნი დაწერილა ციხისა და გადასახლების შესახებ: შეიძლება გავიხსენოთ თითო-ოროლა მოთხრობა XIX საუკუნიდან, რამდენიმე ავტორი XX საუკუნეში, მაგალითად, ჭაბუა ამირეჯიბი, ნოდარ დუმბაძე, გივი მაღულარია… და ერთიც, საუკუნეთა მიჯნის მწერალი, ზურაბ ლეჟავა.
ყველა ამ ავტორთან აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროა დახატული, ზოგი ფანტასმაგორიულია, სხვები კი ძალზე რეალური, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ, ისინი ყველანი საპყრობილეზე მოგვითხრობენ, ხან რიგით დამნაშავეებზე, ხანაც პოლიტიკურ ტუსაღებზე.
დღევანდელი გადასახედიდან აშკარად ჩანს ამ ტიპის ლიტერატურის კვლევის აუცილებლობა, განსაკუთრებით კი იმ წიგნებისა, რომლებიც ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლებს წარმოგვიდგენენ. ლევან ბერძენიშვილის “წმინდა წყვდიადი” სწორედ ამ რიგს მიეკუთვნება, თუმცა მაინც ყველა წიგნისგან განსხვავდება, რომელიც კი პოლიტიკურ საპყრობილეზე დაუწერიათ. სათაურის მიუხედავად, ეს არის ძალიან ნათელი და ხალისიანი მოთხრობების კრებული, გნებავთ რომანი, სადაც ავტორი თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე და შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვან წლებს აღწერს.
ლევან ბერძენიშვილი თავიდანვე გვაფრთხილებს, რომ წიგნში საუბარი იქნება მისი ცხოვრების საუკეთესო პერიოდზე, როცა კაგებეს მიერ დიდი რუდუნებით შერჩეულ საუკეთესო ადამიანებთან უწევდა ცხოვრება. დაახლოებით ამავეს ამბობს ბორია მანილოვიჩიც, წიგნის ერთ-ერთი გმირი, და მოჰყავს სოლჟენიცინის, დოსტოევსკის, მაჰათმა განდისა და სხვათა სიტყვები, რომლებიც ბედის მადლიერნი იყვნენ, პატიმრობა რომ არგუნა.
“წმინდა წყვდიადი” ბოლო ათწლეულების მანძილზე ქართულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი და პირადად ჩემთვის, უნიკალური ნაწარმოებია. მან, შესაძლოა, ახალი სუნთქვა შესძინოს ქართულ პროზას. მე ამ წიგნს “ციხის ათას ერთ ღამეს” დავარქმევდი, თუმცა მეორე მხრივ იგი საუკეთესო ქართული ფილოლოგიური რომანიცაა.
რატომ ვადარებ “წმინდა წყვდიადს” ათას ერთ ღამეს? რატომ და აქაც სიკვდილის საშიშროებით იწყება თხრობა და მთხრობელი აქაც, შაჰერაზადასავით, თხრობით იხანგრძლივებს სიცოცხლეს, რადგან ვალი აქვს, სიკვდილთან ჭიდილისას გულაგის ამბები უნდა მოყვეს. პირველ ჯერზე ვითომ თანატუსაღი, არკადი დუდკინი გადაარჩინა დავიწყებას, სინამდვილეში კი თავი გადაირჩინა, რადგან არკადიმ გრიშა ფელდმანი გამოიხმო, გრიშამ ჟორა ხომიზურს უხმო, “ჟორამ ჯონი ლაშქარაშვილს, ჯონიმ რაფიკა პაპაიანს, რაფიკამ გენრიხ ალთუნიანს, გენრიხამ მიშა პოლიაკოვს, მიშამ ბორია მანილოვიჩს, ბორიამ ვადიმ იანკოვს, ვადიმმა ფრედ ანადენკოს, ფრედმა იური ბაძიოს, ბაძიომ ალექსეი რაზლაცკის, რაზლაცკიმ პეტრე ბუტოვს, ბუტოვმა დაინის ლისმანისს…” და აქ ავტორი უკვე ბიბლიურ სიმაღლეებს მიწვდა: “და ყველა ერთად იყო თოთხმეტი და თოთხმეტივემ ერთად უხმო დათოს და ჩემი მეხსიერება ისე განათდა, რომ სინათლე სიბნელედ იქცა, წყვდიადი დაიწმინდა და წმინდა წყვდიადი ალაპარაკდა”.
როგორც შეატყეთ, ამ წმინდა წყვდიადში 15 კაცი ბინადრობს, 15 სრულიად გამორჩეული პერსონაჟი, უფრო სწორად, რეალური ადამიანი. ლევან ბერძენიშვილის ამ წიგნის კითხვისას ყველაზე მეტად სწორედ ეს აღმატებითი ხარისხის უხვი, დაუზოგავი და უშურველი გამოყენება მამხიარულებდა. თითქმის დაუჯერებელი იყო, რომ ბარაშევოში, ერთ პატარა ადგილას მოიყარა თავი მსოფლიოს 15-მა ყველაზე-ყველაზე ადამიანმა. ესენი იყვნენ: თბილისის ისტორიაში საუკეთესო ტაქსისტი, დიადი გეოგრაფოსი და ტოპონიმიკოსი ჯონი ლაშქარაშვილი, ყოვლისმცოდნე მათემატიკოსი ვადიმ იანკოვი, რომელმაც იცოდა – ფრანგული, ინგლისური, გერმანული, ესპანური, იტალიური, ძველი ბერძნული, ლათინური და სანსკრიტი, ზედმიწევნით ერკვეოდა ზოგად და ინდოევროპულ ლინგვისტიკაში, უნივერსალური გიორგი ხომიზური, მსოფლიოში ყველაზე სერიოზული და გაუცინარი ადამიანი, უმტკიცესი პოლიტპატიმარი, “შიმშილობისა და პატიმართა უფლებებისთვის ბრძოლის პრომეთე”, იური ბაძიო, ფენომენალური რაფიკა პაპაიანი, “უნიჭიერესი და უხელმარჯვეესი მაისტერი”, რომელმაც გულაგში შექმნა 12 სიგარეტის ერთდროულად დამამზადებელი მანქანა, ნივრის ავტომატური სანაყი, ნიგვზის საკეპი, შემწვარი თევზის ნაჭრიდან ძვლების ხორცის სტრუქტურის დაუზიანებლად გამომცლელი და მრავალი სხვა (თანაც, გაითვალისწინეთ, რომ წლების განმავლობაში ნიორი, ნიგოზი და შემწვარი თევზი სულ რამდენიმეჯერ ეღირსათ პატიმრებს).
კიდევ ერთი რამე მამხიარულებდა ძალიან ამ წიგნის კითხვისას, ჩვენი, პროფესიული, ფილოლოგიური კალამბურები, ხუმრობები და სატოპკეები, რომლის გამზიარებელიც, სამწუხაროდ ძალიან ცოტაა გარშემო, და რის გამოც არასდროს ვუშვებ ხელიდან ამგვარი ლაღობის შანსს. მაგალითად, ტუსაღები საათობით საუბრობენ აბლაუტსა და სონანტთა სისტემაზე პროტოქართველურ ენებში, კითხულობენ ჰომეროსის ჰექსამეტრებს, პრაქტიკაში ამოწმებენ accusativus cum infinitivo-ს შესახებ თეორიულ ცოდნას, უკირკიტებენ ევრიპიდეს ალკესტისის ძველ ბერძნულ აკადემიურ გამოცემას, ხანდახან კი სულაც ძველ ათენში წარმოიდგენენ თავს და იწყება გაუთავებელი სოკრატული დიალოგები გასტრონომიული კულტურის, ფილოსოფიის, ლიტერატურის, კინოს შესახებ. იქ ერთი ეპიზოდია, როდესაც პოლიტიკური ბანაკის ორი კორიფე, სოკრატედ წოდებული იანკოვი და დემოკრიტე-ანადენკო კამათობენ და სოკრატე ამბობს:
“ყურადღება მიაქციე მავთულხლართებს, უკაცრავად, ზეთისხილის ხეებს და მაღალ ანძებს, უკაცრავად, ტაძრებს, საიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საყვარელი ჩაფრები, უკაცრავად, ანტიკური ხანის ქურუმები ორგზის სოციალისტური შრომის გმირის, მიხეილ ტიმოთეს ძე კალაშნიკოვის მსოფლიოში სახელმოხვეჭილ ავტომატურ იარაღს გვიმიზნებენ, უკაცრავად, მე მინდოდა მეთქვა, რომ ზეთისხილის შტოებით გვლოცავენ, როგორც შავი ჭირით გატანჯული თებელები ლოცავენ თავის მეფე ოიდიპოსს…”
ამ წიგნში, მადლობა ღმერთს, პოლიტიკაზე იშვიათად კამათობენ, აქ პოლიტიკაზე მხოლოდ ირონიით საუბრობენ. სხვათა შორის, აქ ვერც უახლოესი წარსულიდან კარგად ნაცნობ მებრძოლ ოპოზიციონერ ლევან ბერძენიშვილს ამოიცნობთ, გარდა ერთად-ერთი შემთხვევისა, როცა საქართველოს “პოსტმოდერნისტი პრეზიდენტის ლექსიკურ აგრესიას” ახსენებს. მხოლოდ ახსენებს, წიაღსვლების და ფსიქოანალიზის გარეშე.
ცალკე თემაა პატიმართა გასტრონომიული ოცნებები და რეალური მენიუ. ლევან ბერძენიშვილმა გულაგის სამზარეულოს სრული ენციკლოპედია შემოგვთავაზა, სადაც ყველაფერია: ცხელი ჩაი პატარა მრგვალი კამფეტით, თევზის პაშტეტ “ვოლნას” ბუტერბროდები მესამეული ცხობის შავ პურზე, აჭარული ხაჭაპური გულაგურად და ტორტი ბარაშევულად. წიგნის ერთ-ერთი მფარველი ანგელოზი ფრანსუა რაბლეა, რაბლესთან ერთად კი რა თქმა უნდა, ბახტინიც, ფილოლოგთა ბასილევსი, ვინაც იქვე, დუბრავლაგსა და სარანსკში გაატარა პატიმრობის წლები. რაბლეზიანური ენამზეობისა და მუცელღმერთობის მწვერვალია სოკრატესა და ანაქსაგორას, ანუ ლევან ბერძენიშვილისა და ვადიმ იანკოვის არაჩვეულებრივი დიალოგი კულინარიულ კულტურებზე, რომელიც ძალიან მალე, იმედი მაქვს “ქართული ლიტერატურული ნადიმის ანთოლოგიაში” დაიმკვიდრებს უმნიშვნელოვანეს ადგილს (ამ წიგნზე უკვე კარგა ხანია ვმუშაობ).
ზემოთ სოკრატე ვახსენე, ერთგან მას თავად ამ წიგნის ავტორი განასახიერებს, ლევან ბერძენიშვილი, რომელიც დღემდე, სხვა რამეებთან ერთად, ერთი განსაკუთრებული ნიშნით გავდა სოკრატეს, კერძოდ კი იმით, რომ იგი თითქმის არაფერს წერდა. ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ კი უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევან ბერძენიშვილმა უღალატა ამ სოკრატულ პრინციპს, სამაგიეროდ ქართულ მწერლობას შეემატა ერთი ძალზე მახვილი გონებისა და ალესილი ენის პატრონი. ავტორი, რომელსაც პირის გემოც აქვს და სიტყვებსაც ზუსტად კმაზავს.
© radiotavisupleba.ge
Facebook Comments Box