ესე

მალხაზ ხარბედია – „მე“-ც და გავედით

ჩემ შესახებ ზემოთაც არაერთხელ დავწერე, ხანაც ვიგულისხმე საკუთარი თავი. შედარებით ვრცლად მოვყევი ჩემს აღზრდა-განათლებაზე, ფასეულობებზე, გატაცებებზე, შეცდომებზე… დასკვნით თავშიც მინდა დავუბრუნდე იმავე თემას, თუმცა შესავლად ისევ რუსოს უნდა მივმართო, არამხოლოდ მისაბაძი გულახდილობის, არამედ დამთხვევების გამოც.

დაბადებას და ბავშვობის რამდენიმე დეტალს რომ თავი დავანებოთ, ასევე რუსოს ეროტიკულ გამოცდილებას, თავისი გაუბედაობითა და მაზოხისტური გადახრებით (ესენი ავტობიოგრაფიული რომანის თემები უფროა), მთავარი, რამაც თავის დროზე რუსოსთან დამაახლოვა, მისი მგრძნობელობა იყო. ფორიაქი და აზროვნების განსაკუთრებული უნარი. მძაფრი ვნებებისა და დაგვიანებული, შენელებული ფიქრის შეხამება, ელვასავით გრძნობები და აზრების გაქვავება ან ამღვრევა. ამ აზრების დალაგებისას კი ტაქიკარდიული შეტევები და არითმია.

2001 წელს, 7 აგვისტოს, დაახლოებით იგივე დამემართა, რაც რუსოს, როცა მის სხეულში რაღაც შეირყა და დიდი ქარიშხალი დაატყდა თავს (იხ. წინისწინა თავი). ჩემი შემთხვევა ჩვეულებრივი ნევროზი იყო ალბათ. მეც მესმოდა ყურში სისხლძარღვებში გაჩენილი წარმოუდგენელი ტალღების ხმაური, გულის პარკუჭების, თუ ხრტილების (თუ რაცაა) ღრჭიალსაც ვისმენდი დიდი ყურადღებით. სულ ცოტათი ვერთობოდი კიდეც რიტმების მონაცვლეობით, რომელიც წამიერად მავიწყებდა იმ შეუჩერებელ შინაგან ქარიშხალს. წარმოიდგინეთ, 7 აგვისტოს საშინელი სიცხე, გაღებულ ფანჯარაში მაქვს თავი გაყოფილი, თითქოს რაღაც წერტილს მივშტერებივარ, მაგრამ გაუაზრებლად. ვუყურებ, მაგრამ ვერ ვხედავ. ვცდილობ ღრმად ვისუნთქო, დარწმუნებული, რომ აი ახლა დამეწყება გულის შეტევა, ან უბრალოდ გასკდება ეს გული. ინფარქტი? არა, სპაზმები! სპაზმები? არა, ინფარქტი! აი, ასეთი იყო მაშინდელი ფიქრები.

სასწრაფოც გამოვიძახეთ, მაგრამ ვერ აგნებს მძღოლი. ჩვენს კორპუსს მაშინ ვერავინ აგნებდა, ხევშია, მდინარე ვერეს ნაპირას და ყველანაირი ლოგიკის გარეშე აქვს ნომერი მინიჭებული, ახლაც უჭირთ მოგნება. მე-8 კორპუსია, არადა გვერდით არც 6 ნომერი წერია სადმე და არც 10 და, რაც მთავარია, ჩვენი მოსახელე ქუჩაც სხვაგანაა, ჩვენს კორპუსთან არაფერი აქვს საერთო, ზემოთ იწყება და ყაზბეგის (პავლოვის) გამზირამდე გრძელდება. სასწრაფო კი დადის-დასეირნობს დელისსა და ვაკის პარკს შორის, ხოლო მე რაღაც აჭარულის მაგვარ ცეკვას ვცეკვავ გულისცემას აყოლილი – მხრების თამაში, ხელების ტრიალი, მოკლედ რიტმული კრუნჩხვები, რომლებიც თან მაშინებს, თან მაცინებს. 1 საათში ექიმებიც მოვიდნენ, უკვე დაღლილი ვიყავი ამდენი ცეკვით. რაღაც 2 ნემსი გამიკეთეს, ერთი გლუკოზა იყო, მეორე ალბათ დამაწყნარებელი.

დილას ისევ აჩქარებული გულით და შინაგანი ღრჭიალით გავიღვიძე. მამაჩემი რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო, დედაჩემი ახალი ნაოპერაციები, მკერდი მოკვეთეს. ხანდახან დამამშვიდებელს სვამდა. მთელი დღე რაღაცნაირად გავუძელი, საღამოს კი ერთი ცალი ტაზეპამი მომცა დედაჩემმა. გამთიშა წამალმა, დამაძინა, მაგრამ არ მომეწონა ეს მდგომარეობა, ეს გათიშულობა. ამის შემდეგ მხოლოდ რამდენიმეჯერ დავლიე ეს/ასეთი წამალი, დავლიე ყველაზე გამოუვალ სიტუაციებში. არც მცენარეული რამე მშველოდა და არც, მითუმეტეს, ალკოჰოლი. ერთი სიტყვით, წამლებშიც ვერ ვნახე რაიმე საშველი. მხოლოდ 1-2 კვირის მანძილზე ვსვი რაღაც წითელი პატარა აბები, დღეში ორი ცალი, ბელერგამინი ერქვა, მსუბუქი იყო. მალე მაგასაც დავანებე თავი. ისე ვიყავი, ჩემი კორპუსის ციცაბო აღმართზე ვერ ავდიოდი, ძალიან ნელა უნდა მევლო. არადა ცოტა ხნის წინ ავრბოდი აღმართებში. აღმართს დავინახავდი თუ არა, ეგრევე ვუჩქარებდი ფეხს.

დაახლოებით ორ კვირაში ექიმთან წავედი, ნევროპათოლოგთანაც უნდა მივსულიყავი და ფსიქიატრთანაც. ნევროპათოლოგი (თუ ნევროლოგი?) იყო გვარად ვირსალაძე, ელისო ვირსალაძის ბიძაშვილი და დინი ვირსალაძის მამა, თუ არ ვცდები, ან ბიძა. კარზე დინი ვირსალაძის დიდი პოსტერი ჰქონდა გაკრული. მე მგონი, მართლა მამა იყო. შესანიშნავი ადამიანი აღმოჩნდა, ეგრევე დამამშვიდა, საუბარსაც შევყევით. ცოტა ხანში მითხრა, აგერ ამავე სართულზეა ფსიქიატრი და იმასთან მიდიო. გამაგზავნა ექიმ გიგინეიშვილთან, მე მგონი, ნეირო-ფსიქიატრია (მოკლედ, ორივე ეპილეფსიის სპეციალისტი იყო, როგორც მახსოვს. მაშინ ბევრს ვეწეოდი და ხანდახან შეტევებიც მქონდა ხოლმე, მაგ. სუფრასთან, ნასვამზე და სიგარეტით გაჭვარტლულს, მაქვავებდა და მაშეშებდა და ვრჩებოდი ერთი-ორი წუთი ასე გაღიმებული).

ექიმი გიგინეიშვილი ჩემზე უარესი გიჟი აღმოჩნდა. საუბარი რომ დაიწყო, მეც მაშინვე მხრების თამაში დამეწყო, კამათში გამოვიწვიე, ავფორიაქდი. მელაპარაკებოდა სრულიად უადგილო რაღაცეებზე – როგორ დაფრინავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სამეცნიერო კონფერენციებზე და როგორ შოულობს ორიგინალ CD-ებს. მელომანი იყო, კლასიკური მუსიკა, ოპერები… შეიძლება უფრო ფართო თვალსაწიერის მსმენელიც იყო (შემდეგ ერთი-ორჯერ კონცერტზეც შემხვდა, ერთხელ ქუჩაშიც). მე კი მეზარებოდა მუსიკაზე ლაპარაკი, მინდოდა, რაც შეიძლება კონკრეტული პასუხი მიმეღო. ვზივარ, ხელში უზარმაზარი გრაგნილი მიჭირავს, ჩემი ენცეფალოგრამაა. თან მეც ხომ მელომანი ვარ, მერე რა, რომ კოლექციონერი ვერ/არ გავხდი. მხოლოდ ერთხელ წამოვიკნავლე მუსიკაზე, ავყევი ჩემს ჭკუაში, მაგრამ მკაცრად არ შეიმჩნია პაციენტ ხარბედიას ეს მუსიკალური გაქანება და მოკლედ მომიჭრა, სხვა თემაზე გადავიდა ან ისევ ნევროზების და ალკოჰოლიზმის თემას დაუბრუნდა, ზუსტად არ მახსოვს. როგორც კი რამის მოყოლას დავაპირებდი, მაშინვე მაწყვეტინებდა, არ ვიცი, ალბათ მაგრძნობინებდა ამით, რომ რიგით ფსიქოანალიტიკოსთან არ ვიყავი წამოწოლილი სეანსზე ჩემი ამბების მოსაყოლად (სხვათა შორის, ფსიქოანალიზის სეანსზე არასდროს ვყოფილვარ, საინტერესო კი იქნებოდა ისე).  

ექიმმა გიგინეიშვილმა დამინიშნა რაღაცა ძალიან ძლიერი წამალი, რომელიც ჯერ მეოთხედებად უნდა დამეტეხა და ისე მესვა, მერე შუაზე უნდა გამეტეხა და ბოლოს მთელ-მთელ აბებზე გადავსულიყავი. 64 ლარი ღირდა ეს წამალი[1]. შევიძინე, გადმოვაგდე მინიდან ერთი აბი, დავტეხე ოთხად და ერთ-ერთი ნატეხი დავლიე. ველი შვებას, გაცისკროვნებას, მაგრამ, ნურას უკაცრავად, რამდენიმე წუთში ამ პატარა ნატეხმა ისეთი ამბავი დამატეხა, 7 აგვისტოს შეტევა მონაგონი იყო. მთელი დღე დამტანჯა ამ „ცრუ-ნევროზმა“, ამ ჩამნაცვლებელმა ელეთ-მელეთმა, ხელოვნურმა ფორიაქმა და თითიდან გამოწოვილმა ბორგვამ. ტომ ვულფის რომანი მახსენდებოდა მთელი დღე, The Electric Kool-Aid Acid Test, ახალი  წაკითხული მქონდა მაშინ. რა თქმა უნდა, მეორე დღესვე უარი ვთქვი ყველანაირ წამალზე, განსაკუთრებით ასეთ ძლიერ-სამკურნალოებზე და რაღაცნაირ ბრძოლებში გავატარე მთელი წელი – შეიძლება ითქვას, გულისცემისა და ჰალუცინაციების მართვაში, აღმართებზე ასვლისას სისწრაფის კონტროლში, საკუთარ სხეულზე მიყურადებასა და სრულიად უსარგებლო მოვლენებსა და საგნებზე კონცენტრირებაში. 2002 წლის აპრილში, როცა „24 საათში“ დავიწყე მუშაობა, უკვე გამოცდილი არამსმელი ვიყავი (8 თვე ალკოჰოლის გარეშე, ხუმრობა საქმე არაა[2]), გრეიპფრუტის წვენთმმუსვრელი, ხილთამყრობელი და ბოსტან-მწვანილეულის მძოველი. ვითომ ჩემს თავს ვმკურნალობდი, ჯანსაღ არჩევანს ვთავაზობდი, ურეცეპტოდ.

            ვმკურნალობდი, რა თქმა უნდა, მუსიკითაც, ბევრს ვუსმენდი. იმ დროს audiogalaxy-ს ხანა იყო და ვიწერდი და ვიწერდი ყველაფერს, რაც გამახსენდებოდა, თბილისში კი CD-ების 2-3 მაღაზია მქონდა ამოჩემებული. ერთხელ დიზი გილესპის, სონი სტიტის, სტენ გეტცის და ა.შ. For Musicians Only გამოვაყოლე ხელს. 4 ცნობილი თემაა. ჩავრთე და პირველივე კლასიკურ თემაზე Be-Bop (12:48 წუთი გრძელდება) ისევ იგივე დამეწყო: საშინელი გულისცემა, წუილი, ხრტილთა ღრჭიალი. თან არ მინდა გამორთვა, მაგრამ ტაქიკარდია სულ უფრო ძლიერდება, ადის და ადის რიტმი. გილესპის სოლოდან მოყოლებული, განსაკუთრებით ავარდა და აიშვა ყველაფერმა. ისევ რაღაცა ცეკვის მაგვარ მოძრაობებს მაიძულებს შინაგანი ქარიშხალი, ცინიკური და ყოვლად გათახსირებული შინაგანი ხმა. მერე ისევ ფანჯარა გამოვაღე, ამჯერად გვიანი შემოდგომა იყო, თუ არ ვცდები. ცოტა ცივმა ჰაერმა და გეტცის სოლომ გამინიავა უაზრო სიმხურვალე და დამიცხრო ის რაღაცა ქარიშხლები.

            რუსოს მთელი ცხოვრება ტანჯავდა ეს ხმები, მე კი რამდენიმე თვეში გადამიარა, ცოტა სასმელსაც მივეპარე და ყველაფერს გაორმაგებული ენერგიით ვაკეთებდი. ამ ტემპერამენტიან შრომა-გასწორებას ხანდახან სიზანტე და აზრის შენელება ენაცვლებოდა (ისევ რუსოსავით), მაგრამ ჯერ მაინც შორს ვიყავი ხანგრძლივი და მდორე, ერთი შეხედვით, გამოუვალი კრიზისებისგან. გავა რამდენიმე წელი და 2010 წლიდან 1-2 კვირიანი „გაქცევები“ დაიწყება, გათიშვები და გონების დაკონსერვება, ჯერ წელიწადში ორ-სამჯერ, 2017-დან კი გაცილებით ხშირად.

            რუსოზე და წიგნების კითხვაზე ზემოთაც ვილაპარაკე, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდით კიდევ მინდა შევავსო ეს თემა. ვიცით, რომ იგი ბავშვობიდან ძალიან ბევრს კითხულობდა, ხშირად მამასთან ერთად, და რომ სწორედ ამ რომანებმა ჩამოუყალიბეს ის მგრძნობელობა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა.

როცა წამოიზარდა, სამუშაოს იგი წიგნების კითხვას სწირავდა, კითხვა მის კიდევ ერთ დანაშაულად იქცა, მალე ვნებად ჩამოყალიბდა და ბოლოს სიგიჟედ გაფორმდა. კითხულობდა გაბმით, ყველაფერს – მაგიდასთან, ლოგინში, სიარულისას, საპირფარეშოში, სადაც საათობით რჩებოდა ხანდახან. მას წიგნებს უმალავდნენ, უხევდნენ, უწვავდნენ, სცემდნენ კიდეც ამის გამო. შესაბამისად, დამწვარ და დახეულ წიგნებს ვეღარ უბრუნებდა გამქირავებელს და პერანგებით და სხვა ტანსაცმლით იხდიდა საფასურს. დადიოდა ჩვენი რუსო შიშველ-ტიტველი და დაატარებდა იღლიის ქვეშ თავის წიგნებს.

            კითხვამ ყველაფერი დაავიწყა, ყველანაირი საქმიანობა და ვალდებულება, ზნეც იცვალა, აღარ ქურდობდა. ეს გატაცება რადიკალურად ცვლიდა მის ცხოვრებას, ახალი ვნება ყველაფერს ავიწყებდა და მხოლოდ საკითხავ სიახლეებზე მიმართავდა მის ყურადღებას. ერთად-ერთი ფიქრი ჰქონდა, რაც შეიძლება მალე დაესრულებინა, მოეშორებინა წიგნი, რომელსაც კითხულობდა და ახალი წიგნი გადაეფურცლა. მისი ეს გატაცება, როგორც ვთქვი, არავის მოსწონდა, სულ ისჯებოდა ამის გამო და მალე რუსო პირქუში, უკარება და უთქმელი გახდა, გონებაც აემღვრა. წარმოსახვითი საგნების მიმართ სიყვარულმა და იმ სიმსუბუქემ, რითაც ეს წარმოსახვა ავსებდა მის შინაგან სამყაროს, საბოლოოდ დააშორა ყმაწვილი რუსო გარემოსა და რეალობას და სამუდამოდ მარტოსულ, მარტოობისკენ მსწრაფველ არსებად აქცია. ასე მიაღწია მან 16 წლის ასაკს, მოუსვენარმა, ყველაფრით უკმაყოფილომ, საკუთარი ხელობის მოძულემ, ახალგაზრდული გასართობების გარეშე დარჩენილმა, არეული სურვილებით თავგზააბნეულმა და უაზრო ოხვრებით და დარდებით დაღლილმა ყმაწვილმა, რომელიც არაფერს აღიარებდა თავისი ქიმერების გარდა.

მოგვიანებით, ტურინში, აბატმა დე გუვონმა, შეიძლება ითქვას, ხელახლა ასწავლა მას კითხვა. დაკვირვებული, ნელი წაკითხვა, ე. წ. Close Reading-ის ერთგვარი წინამორბედი მეთოდი, როცა კი არ ყლაპავ, შთანთქავ წიგნს, არამედ გამოწვლილვით კითხულობ. თუკი მანამდე ბევრ რამეს ვერ იაზრებდა რუსო კითხვისას, ახლა უკვე აკვირდებოდა გამოთქმებს, სტილს, თხრობის ხერხებს, აზრებს… მოგვიანებით VI თავში რუსო წაკითხვის თავის ერთ-ერთ მეთოდს აღწერს, როგორითაც არაერთი წიგნი მეც წამიკითხავს ყმაწვილობაში. ეს ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი მეთოდია და, როგორც წესი, მას რომელიმე ახალი თემის შესწავლის ადრეულ ეტაპზე ვიყენებთ. როცა ახალ ცნებებს და ახალ ცოდნას ეზიარები, ძალაუნებურად არაერთი სხვა წიგნის გადაშლა გიწევს და სანამ მეათე გვერდამდე მიაღწევ, რამდენიმე წიგნის გადაბულბულებაც შეიძლება მოასწრო.  

რუსოს დროს საგამომცემლო საქმე შორს იყო ჰიპერტექსტუალური ბმებისგან, არც ინტერნეტი არსებობდა და არც ამდენი კომენტარი და სქოლიო მოჰყვებოდა ტექსტებს (თუმცა, ცხადია, იყო დიადი გამონაკლისებიც). ყველა ახალი ცნება ახსნილი ვერ იქნებოდა, ასეთი წაკითხვები დაფიქრებას მოითხოვდა და ხშირად გონების დაბინდვასაც იწვევდა. მეც თავიდან დიდ დროს ვანდომებდი რთული ტექსტის გაგებას, სწორედ ამ პერიოდში ვისწავლე წიგნებში ფანქრით მუშაობა, ყველაფრის მონიშვნა, რაც, ცხადია, იწვევდა კონკრეტული ადგილების დავიწყებასაც. მონიშნავ, ე. ი. შეგიძლია დაივიწყო, საინტერესო ფრაგმენტი სადღაცაა დამახსოვრებული და იმედიანად შეგიძლია გააგრძელო კითხვა. ეს მეხსიერების გაზარმაცებას იწვევდა და უკვე მის (მეხსიერების) გამამთლიანებელ, შემკვრელ უნარებზე კი აღარ იყავი დამოკიდებული, არამედ დაარქივებულზე, რაღაც მონიშნულ ფრაგმენტებზე, მცირე ერთეულზე და არა ერთიან საზრისზე. ასეთი ფრაგმენტულობა მე წლების განმავლობაში მიქმნიდა პრობლემებს გააზრებაში, თუმცა ხშირად ყველაზე კომფორტული ხერხიც იყო, ამის გამო წლების განმავლობაში კარგად ვისწავლე ფრაგმენტებიდან მთელის აგება.

რუსო იმასაც წერს, რომ ცოდნის წყურვილი ლამის მანიად ექცა, სიგიჟედ და რომ იგი სულ მუდამ ახალ ცოდნას ესწრაფოდა და დღენიადაგ ბუტბუტებდა თავისთვის, იმეორებდა რაღაცას, არადა გვახსოვს, რომ საზეპიროებს რუსო ცუდად იმახსოვრებდა. მეც, ცხოვრების მანძილზე სულ 3-4 ლექსი თუ ვიცოდი. რა თქმა უნდა, გამორიცხულია, მეგობრების წრეში ან სუფრასთან რაიმე ლექსი წამეკითხა ზეპირად, ასეთი რამ არასდროს მომხდარა[3], ერთი-ორ სკაბრეზულ ლექსს თუ არ ჩავთვლით. უნივერსიტეტის მისაღებ წერით გამოცდაზე 1991 წელს 2 თემა მოვიდა, „ნიკოლოზ ბარათაშვილის სასიყვარულო პოეზია“ და კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაზე“, რაღაც. ბარათაშვილზე ნამუშევარი მქონდა, მაგრამ არც ერთი ლექსი ზეპირად არ ვიცოდი და მეზობელი გოგოების დახმარებით ჩამოვწერე ყველა ლექსი. დიდხანს მოვუნდი ჩურჩულით შედგენილი ამ ანთოლოგიის ფურცელზე გადატანას. შემდეგ ავდექი და აფორიაქებულმა და სრულიად უიმედომ, მუცლის ბუყბუყის ფონზე, ამ ლექსების ანალიზი დავიწყე. ახლა არ მახსოვს ნაწერის შინაარსი, მახსოვს მხოლოდ წარმოუდგენელი სირცხვილი და მღვრიე თავსლაფი, რომელიც წერისას წურწურით ჩამომდიოდა. ვგრძნობდი, როგორი სასაცილო იყო ჩემი ეს სახელდახელო „ანალიზი“, წერის ყველა კანონის მიღმა გაჩაღებული ბოდვა, რომელიც სულ უფრო მიფუჭებდა ხასიათს და ფინალური აბზაცის დაწერისას, საერთოდაც ცეცხლი წამიკიდა, სირცხვილის კოცონი ამინთო გონებაში. გადაკითხვის ხასიათიც კი არ მქონდა.

            ამის შემდეგ წერის მხრივ ბევრი რამე შეიცვალა ჩემთან. ჩავირიცხე 1992 წელს, დავწერე რამდენიმე საკურსო, უკვე 1995 წელს კი გავთავისუფლდი გზააბნეული აბიტურიენტის ტვირთისგან და აღმოვაჩინე, რომ წერა მსიამოვნებს. წაკითხვის ვნებას ჯერ ვერ შეედრებოდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ დიდი დაკვირვებით და შემოვლითი გზებით ვწერდი, თავგადასავლებით, გავურბოდი სიმარტივეს, უფრო სწორად, არ გამომდიოდა მარტივად წერა, თუმცა მკაფიო აზრი არასდროს დამიკარგავს. რამდენადაც პოეზიაში მიყვარდა ნისლოვანება, იმდენად არ მიყვარდა ჩემს ნაწერში გაურკვევლობა. წერა ხომ თერაპიასავით იყო ჩემთვის, რაღაცაში გარკვევა, სინათლე. სულ სიტყვებს ვეძებდი, ბევრს ვასწორებდი, ვათეთრებდი, ხელახლა ვკითხულობდი. დროს ბევრს ვკარგავდი, მაგრამ დრო არ მადარდებდა. უფრო სწორად, ბევრ დროს კიარ ვხარჯავდი, გაბმულად ვწერდი, ხანგრძლივად, შეუჩერებლად, ღამეებს ვათენებდი და საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ეს უწყვეტი პროცესი არ იყო მთლად კარგი პრაქტიკა, არც გონებისთვის და არც მითუმეტეს ნაწერისთვის. ახლა გაცილებით მცირე მონაკვეთებად ვწერ. გამორიცხულია, რომ 4-5 საათი გადავაბა წერის პროცესი, მაშინ კი მართლა მათენდებოდა.  

თანაც აუარება ყავას ვსვამდი იმ პერიოდში (1991-1995) და, შეიძლება ითქვას, რაღაცა ინსომნიური ასკეზათი ვიყავი გატაცებული, უძილობაში ვვარჯიშობდი ყოველდღიურად (ყოველღამიერად) და შიგნიდან ვღრღნიდი საკუთარ ჯანმრთელობას, ვთხრიდი, ვანგრევდი, თავზე ვიმხობდი, გრძელი გვირაბი გამყავდა, გამოცდას ვუწყობდი ჩემს თავს. მოლანდებებამდე და მოჩვენებებამდე ნამდვილად არ ავმაღლებულვარ, მაგრამ ცოტა კი მაკლდა.

ისე, მცირე ხილვები სულ მქონდა, უმნიშვნელო, მაგრამ საამო ხილვები, ქიმერები, როგორც რუსო უწოდებს. „ჩემო ტკბილო ქიმერებოო“, ასე უხმობს. იგი ხშირად ახსენებს ამ სანეტარო ქიმერებს, რომლებიც მისთვის საზოგადოების, ურთიერთობის შემცვლელნი აღმოჩნდნენ. იმ 90-იანებში ვისწავლე სიარულიც და სიარულის დროს ნაყოფიერი ფიქრების დალაგებაც. ძალიან ჩქარა დავდიოდი (ახლაც ჩქარა დავდივარ), შესაბამისად, ფიქრებიც (და ჩანაფიქრებიც) ძალზე სწრაფად მიმოქროდნენ და მონაცვლეობდნენ (მაშინ საკმაოდ ბევრი ვიხეტიალე, სანამ 2001 წელს ზემოხსენებულმა შემოტევამ არ მაიძულა, რამდენიმე თვით დამეგდო სიარულის ტემპი). ჩემგან განსხვავებით, რუსო მოსეირნე იყო, გაცილებით ნელა დააბიჯებდა. იგი, საერთოდაც, ოთახში ვერ წერდა, მაგიდასთან ვერ ჯდებოდა საწერად, მხოლოდ სიარულისას ალაგებდა აზრებს და წინადადებებს. IV თავში აღნიშნავს, რომ სიარული რაღაც ისეთს მალავს, რაც ჩემს აზრებს ამახვილებს და აცოცხლებსო. მისი გონების გასამოძრავებლად სხეულიც მოძრაობაში უნდა ყოფილიყო: სუფთა ჰაერი, ხედები, სიარულისას მოსული მადა, მხნეობა, სითამამე, ეს ყველაფერი კარგ ზემოქმედებას ახდენდა ფიქრებზე, აზრებზე. აქრობდა შიშს, მათ შორის, საზოგადოების, საჯაროობის შიშსაც. რუსო ვერასდროს წერდა და აზროვნებდა დახურულ სივრცეში, მხოლოდ sub dio,[4] და მოგვიანებით მონმორანსის ტყე რუსოს სამუშაო კაბინეტად იქცა. ტყე და ტყის ბილიკები. შეჩერდებოდა თუ არა, მაშინვე ჩერდებოდა აზრიც, აზრი, რომელიც მხოლოდ ფეხებთან ერთად მუშაობდა.

            90-იანებში ჩემი მარშრუტები, ძირითადად, ქალაქზე გადიოდა. მთაშიც დავდიოდით მეგობრები, მაგრამ ქალაქში სიარული მაინც სხვა ცხოვრების წესი იყო. დავდიოდი ცენტრალურ ქუჩებსა და მის განტოტებებზე (სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერე, ვაკე, მარცხენა ნაპირი – აღმაშენებელი, წერეთელი) უფრო ხშირად ღამე დავდიოდი. გარეუბნებშიც არაერთხელ მომიწია ბოდიალი (2000-2001-ში გლდანშიც ვიარე, ქუჩაში ღამეებიც ვათენე), მეგობრებთან ერთადაც ვიხეტიალე ბევრი, ერთი-ორჯერ მაგრად გვჟეჟეს კიდეც. ბოლო წლებში სოფელში, ტყეშიც ვახერხებ ხანდახან სიარულს, მაშინ კი სოფელი და დასვენება ცოტა ძნელი წარმოსადგენი იყო. იმ წლებში სულ რამდენიმეჯერ მოვახერხე წასვლა სამეგრელოსა და რაჭაში (ჩემს სოფლებში) და იქაც არც ისე ხშირად მქონდა მარტო სიარულის ფუფუნება. რაჭის ტყეში დაკარგვა და ბილიკების არევა ახლაც ტკბილად მახსენდება.

მოკლედ, დავდიოდი ქალაქის ქუჩებში და ათასნაირი სულელური აზრი მომდიოდა თავში. მაგ. ასეთი. მოკირწყლულ ქუჩაზე (ვთქვათ, ვარაზის ხევში) აღმართის ავლისას ვფიქრობდი იმაზე, თუ რა იყო დაფენილი ამ რიყის ქვების თუ გრანიტის კუბების ქვეშ. ვთქვათ ქვიშა. ქვიშის ქვემოთ რაა? ღორღი. ღორღის ქვეშ? უფრო ქვემოთ? მიწაა. რა ფერის მიწაა? წითელი? ყვითელი? შავი ნამდვილად არ იქნება, შეიძლება სულაც კლდეა. რაღაცა მანქანა რომ ასფალტს ჭრის, ხომ გინახავთ? მილების ჩაწყობისას ან სხვა სამუშაოებისას. ჭრის და ხედავ ფენებს, სხვადასხვა ათწლეულებში დაგებულ ასფალტის ფენას. მეტ-ნაკლებად სხვადასხვა შემადგენლობა, განსხვავებული ფერი. შემდეგ კი ხედავ, რომ სულ ქვემოთ ნაყარი მიწაა. დედა-ქანები კი არა, დაყრილი, საიდანღაც მოტანილი მიწაა.

არ მიყვარს ნაყარი მიწა. მამაჩემი სადაც დავკრძალეთ, 2000 წლის ოქტომბერში, საბურთალოს სასაფლაოზე, იქაც ნაყარი მიწა იყო. თხრიდნენ მესაფლავეები და ვერა და ვერ ჩადიოდნენ ძველ ზედაპირამდე, ბებერ ქანებამდე. ხან მავთული ამოდიოდა, ხან რაღაც ბეტონის ნატეხი ან აგური. მეც მინდოდა თხრა, შეუჩერებლად, ნერვების მოშლით, გაგიჟებით. ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდით ნამდვილ, ძველ მიწის ზედაპირამდე. და ბოლოს, როგორც იქნა, ჩავაღწიეთ. იქ იყო გამიწებული ბალახის, ფოთლების ნარჩენები, რაღაც ქვები, ხის ფესვები, ტოტები, მოკლედ, თანამედროვე, უაზრო და უმიზნო არქეოლოგია და ურბანული კომპოსტი. ამ ყველაფერს რამდენიმე ათეული წლის წინ მიწა დააყარეს, საიდანღაც მოტანილი მიწა. ერთი სიტყვით, მიწის ქვეშ ვიყავით, მაგრამ, ამავე დროს, მიწის ზედაპირზე ვიდექით. ცოტა დავმშვიდდი, ფეხქვეშ რომ მიწა ვიგრძენი, და დავიძახე: გვეყოფა! მაშინ გავიფიქრე, რომ კიარ დავმარხავდით მამაჩემს შემდეგ დღეს, არამედ პირდაპირ მიწის ზედაპირზე დავასვენებდით. ღია ცის ქვეშ. ნაყარი მიწა ხომ არ ითვლება?!

            ჩვენს ცხოვრებაშიც ძალიან ბევრია ასეთი ნაყარი მიწა, ნაყარი ცხოვრება, ის, რაც ფარავს ნამდვილს, ის, რითაც ჩანაცვლება ხდება, გადატანა. ხშირად ნაყარია საქმიანობაც, ჰობიც, გასართობიც, ურთიერთობებიც. წლები გადის ისე, რომ ვერ ვხვდებით, რა არის მართლა ჩვენი საქმე, ჩვენი არჩევანი. რისთვის ვართ მოწოდებული და რას უნდა მივსდიოთ ბოლომდე. ნაყარი მიწა კი მოდის და მოდის, ნაგავი არ თავდება, მოდის უზარმაზარი სატვირთოებით, შიშების, ყოველდღიურობის, თავის რჩენის სატვირთოებით. რუსო ბევრს წერს ამ თემაზე, განსაკუთრებით IX თავში. აქ რუსოს ჭვრეტა მწვერვალს აღწევს, იგი ძალიან შორს ტოპავს, უფრო შორს, ვიდრე ახლა ვიმყოფებით და ვიდრე ახლა შეგვიძლია შევაფასოთ საკუთარი არსებობა.  

იგი სულ იკვლევდა თავის თავს, სხვებს, გარემოს, ყველაფერს, რაც მასზე გავლენას ახდენდა, იკვლევდა ყველა შთაბეჭდილებას. ცდილობდა გაეგო, თუ როგორ ცვლიდნენ განუწყვეტლივ ჩვენს შინაგან სამყაროს ჩვენივე განცდები, აღქმა და გრძობის ორგანოები და როგორ აისახებოდა ეს ცვლილებები ჩვენს ფიქრებზე, გრძნობებზე, საქციელზე. რამდენ შეცდომას და მანკიერებას გადაურჩებოდა ჩვენი გონება, რომ შეგვძლებოდა, ჩვენი ცხოველური ძალები ზნეობრივი წესრიგის საკეთილდღეოდ, მის სამსახურში ჩაგვეყენებინა. ამ წესრიგს ხომ სწორედ ჩვენი ცხოველური ძალები არღვევენ. კლიმატი, წელიწადის დროები, ხმები, ფერები, უკუნი, სინათლე, სტიქიები, საკვები, ხმაური, სიჩუმე, მოძრაობა, სიმშვიდე და მოსვენება, ყველაფერი ეს მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე და, შესაბამისად, ჩვენს სულზე. ყველაფერი ეს გრძნობების მართვის ათასობით უცდომელ ხერხს გვთავაზობს, გრძნობების საწყისებთან გვაბრუნებს და არ აძლევს მათ ჩვენზე ბატონობის უფლებასა და საშუალებას. ეს იყო ის ძირითადი იდეა, რაც რუსოს თავის ერთ-ერთ უმთავრეს ნაშრომში სურდა გადმოეცა, დაწერა კიდეც მონახაზი და იმედი ჰქონდა, რომ ეს იდეა გავლენასაც მოახდენდა კეთილშობილ ადამიანებზე, მათზე, ვისაც გულწრფელად უყვართ სათნოება და სიკეთე, მაგრამ თავისი სისუსტეების ეშინიათ და გაურბიან. რუსოს იმედი ჰქონდა, რომ ამ იდეიდან წიგნი დაიბადებოდა და ეს წიგნი არამხოლოდ საწერად იქნებოდა სასიამოვნო, არამედ სხვებისთვისაც ბევრ სიამოვნებას მოიტანდა წაკითხვის დროს. რუსომ ამ წიგნზე დიდხანს ვერ იმუშავა და მისი მხოლოდ მონახაზები დარჩა (1756 წლისა). სათაური, ჩემი აზრით, ბრწყინვალეა: „გრძნობიერი მორალი, ანუ ბრძენის მატერიალიზმი“ (Morale sensitive ou le Matérialisme du sage).

            მგრძნობიარე მორალზე გამახსენდა ჩემი ძველი გასართობი ვნებიან აზროვნებასთან დაკავშირებით. რაღაცით ხომ უნდა გამემართლებინა ჩემი ქაოსური ბუნება, არათანმიმდევრულობა, ხშირად ალოგიკურობა, გზააბნეული კოგიტო. ერთხანს ბევრს ვფიქრობდი ამ თემაზე, ვნებიან აზროვნებაზე. დეკარტის „განსჯიდანაც…“ (მეთოდის შესახებ) დღემდე ყველაზე კარგად მისი ფინალური სიტყვები მახსოვს, სადაც იგი მოცალეობაზე ლაპარაკობს – „დედამიწის ზურგზე ყველაზე მაღალი თანამდებობების“ საპირისპირო ცნებაზე. ეს რუსოსთანაც აახლოებს მას, რუსოს გაქცევებს და მისი სიამოვნების პრინციპებს გვახსენებს. ზემოთაც ხომ დავიმოწმე რუსოს იმედი თუ ოცნება, რომ საწერად და წასაკითხადაც ერთნაირად სასიამოვნო წიგნი შეექმნა. ავგუსტინესთანაც ხომ წიგნამდე მივედით, საბოლოო ჯამში. ასევე გავიხსენოთ ბარტის კლასიკური ტექსტიც სიამოვნების შესახებ და აღმოჩნდება, რომ წიგნი ბევრი რამის განმსაზღვრელია, ზოგადად. ჩემს ამ ტექსტშიც, რომელიც საკუთარი გამოცდილების გარდა ათეულობით ქართველი მწერლის ავტობიოგრაფიულ ტექსტებს ეყრდნობა, წიგნის როლი გადამწყვეტი ჩანს.

            ხომ ხედავთ, ისევ წაკითხვას დავუბრუნდი, არადა ამდენი რამეა მოსაყოლი საკუთარ თავზე, მაგრამ რას ვიზამ, როცა ავტობიოგრაფიული მოდუსი ძალიან უახლოვდება წაკითხვასა და ინტერპრეტაციას.

            ისევ მოცალეობას, დასვენებას და სულისმოთქმას დავუბრუნდები. რუსოს მიაჩნდა, რომ საქმეთა მონაცვლეობა ნამდვილი, საუკეთესო დასვენება იყო: იგი მუსიკით წერისგან ისვენებდა, ბაღში მუშაობით კიდევ რაღაცისგან. მეც დიდი ხანი მეგონა, რომ ფიზიკური შრომით ან მეგობრებთან დროსტარებით წერისგან ვთავისუფლდებოდი, ტყე-ღრეში ხეტიალით კი გაბმული, გაუმაძღარი კითხვისგან ვისვენებდი. სინამდვილეში ორივე მღლიდა, რადგან ჩემი გონება ვერასდროს მოვმართე ისე, რომ ერთისგანაც სიამოვნება მიმეღო და მეორისგანაც. გადართვის მომენტში გაკეთებულის გაცნობიერების მექანიზმი რთულად მუშაობდა, როგორც ჩანს, ან საერთოდ არ მუშაობდა და სიამოვნება და გაკეთებულით ტკბობაც სადღაც იკარგებოდა, იშრიტებოდა. ბარათაშვილის სიტყვები „აღუვსებელი საწყაულის“ შესახებ არასდროს მცილდებოდა, რამდენიმე წუთის გამოყოფაც კი მენანებოდა, რათა გამეაზრებინა, რომ რაღაც დავასრულე და ახალი რამ უნდა დავიწყო. ტკბობით გაშტერების შუალედი არ არსებობდა. არადა მახსოვს, ერთხელ ჩემმა მეგობარმა 3 საფეხურიანი კიბე შეღება და მოაპირკეთა და იმხელა სიამოვნება მიიღო ამ პატარა საქმის შესრულების შემდეგ, რომ მეც კი გადმომედო. საქმიანობის მონაცვლეობის სტრატეგია და შესრულების წესები, როგორც ჩანს, ძალიან დასახვეწი მაქვს. მართალია, ჩემი ორი ძირითადი საქმიანობა, ლიტერატურა და ღვინო, გონებრივი და ფიზიკური სამუშაო არანაირად არ უშლის ხელს ერთმანეთს, თუმცა შუალედში, გადასვლის მომენტებში რაღაც ხდება, რაც სიამოვნებასაც აკავებს და თვითგაცნობიერების, საკუთარი თავის ინტერპრეტირების უნარსაც აბლაგვებს და გარკვეულ თუ გაურკვეველ ავტომატიზმამდე დაჰყავს ყველაფერი.

12-13 წლის წინ დავწერე წერილი „რატომ ვჩქარობ“, რომელიც 20 წლის წინანდელ ჩანაწერებს ეფუძნებოდა. ჩანაწერებში იყო დაკვირვებები პოლ ვირილიოს ტექსტებზე, კუნდერას რომანზე „სიდინჯე” და კიდევ რაღაცეებზე. ცხადია, ვრცელი ციტატების მოყვანას არ ვაპირებ ამ წერილიდან, ქსელში თავადაც ადვილად იპოვით მას, უბრალოდ მინდა გავიხსენო მაშინდელი წუხილი და დღევანდელს შევადარო. ამ მხრივ ბევრი რამ არ შეცვლილა, მაშინაც  საქმეების ბოლომდე მიყვანის წყურვილი მკლავდა, ახალი საქმეების დაგეგმვას მაშინაც ძლიერი ფორიაქი მოსდევდა, თუმცა ახლა ცოტათი იკლო ნაყოფიერმა უძილო ღამეებმა და იმატა უაზრო უძილობამ. მაშინ ნაკლებად ვეტანებოდი ფიზიკურ სამუშაოს, ახლა კი  ვიტვირთები.

„თუ არ მოისვენე, ვერ დაისვენებ!“, ჩემი ეს ძველი შეუსრულებელი და საოცნებო პრინციპი დღესაც აქტუალურია და მიუღწეველი.

სამაგიეროდ ბოლო წლებში ნელი ტემპით მუშაობა ვისწავლე. მართალია, საქმეებს (ფიზიკურ და გონებრივ საქმეებს) შორის ისევ ვერ ვახერხებ ნაყოფიერი, გააზრებული ტიხრების გაკეთებას, სამაგიეროდ თავად საქმის კეთების პროცესი შევანელე, ისე აღარ ვჩქარობ და ფიქრისთვისაც მეტი დრო მეძლევა ამის გამო. ეგ კი არა, ხანდახან ენისთვისაც ვიცლი. უცხო ენებისთვის. შენელება და სიდინჯე პირდაპირ კავშირშია ენასთან.

თუ არ ვცდები, სემუელ ბეკეტს ჰქონდა უცხო ენის სწავლაზე, როგორც მკურნალობის ერთ-ერთ ხერხზე. მეცნიერებიც ამახვილებენ ამაზე ყურადღებას. იძირები უცხო ენაში, ავარჯიშებ მეხსიერებას და დეპრესიაც უკან იხევს. თუკი რამე დავაკელი იმ ენებს, რომლებსაც ვსწავლობდი და ბოლომდე ვერ მივიყვანე, სიდინჯეა. დავიწყე გერმანული და მალევე მივატოვე, ინგლისურად კარგად ვკითხულობ, მაგრამ სულ მაქვს საუბარში და წერისას პრობლემა, ძალიან არ მომწონს, როცა დროში ვარ შეზღუდული და სასწრაფოდ უნდა გამოვთქვა, გამოვხატო აზრი, საკმაოდ რთულია, არადა მიწევს მარტივი გზები გამოვნახო ამ აზრის გამოსათქმელად.

უცხოელები (ბრიტანელები, ამერიკელები, ინგლისურის მცოდნე ევროპელებიც) ყოველთვის მამხნევებენ ამ დროს. ძალიან თავაზიანები არიან. მეუბნებიან, რომ მშვენივრად ვსაუბრობ, არადა სინამდვილეში რაღაცას მივედ-მოვედები, ხან ციტატას ვიმოწმებ ლექსიდან ან რომელიმე გამოთქმას და ასე გამოვძვრები ხოლმე. თანამოსაუბრეს უხარია, რომ აზრის გამოხატვა შევძელი, მე კი ვიტანჯები, მრცხვენია. ასეთ სიტუაციებში, როგორც წესი, ვანელებ რიტმს და მათაც ვთხოვ, არ აუჩქარონ. ადრეც, რეალურად ჩემს აჩქარებებს და არანორმალურ ტემპებს მხოლოდ ენის სწავლა თუ ანელებდა და ამშვიდებდა. სულ შერკინებაში ვიყავი ამ შენელებასთან. როგორი საქმეა, 2 საათის მანძილზე 100 გვერდის წაკითხვა შეიძლება, მე კი ამ დროს რაღაცა რუტინულ სავარჯიშოებს დავტრიალებდი. მახსოვს ჩემს დას გერმანული ახალი ნასწავლი ჰქონდა, ალბათ 1996 წელია და გერმანიიდან დაურეკა დამსაქმებელმა. პირველი სიტყვები, რაც ჩემმა დამ უთხრა, ეს იყო: „შპრეხენ ზი ბიტე ლანგზამ“. სიტყვა „ლანგზამმა“ ეგრევე საყვარელ მუსიკასთან გადამიყვანა და მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს Langsam ნაწილები, ჩემთვის შვებასავით იყო.

ლათინური ახლაც ძალიან მიჭირს, სამაგიეროდ ძვ. ბერძნულს (განსაკუთრებით კოინეს) შედარებით ადვილად ვიხსენებ. ხანდახან „ახალ აღთქმას“ ვკითხულობ დედანში და ერთთვიანი, დღეში ერთ-ორსაათიანი გადაკითხვების სეანსების შემდეგ გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს. შიგადაშიგ კლასიკური ტექსტის წაკითხვაც მიწევს, ფრაგმენტების მაინც და ეს დრო ყველაზე დიდი შვებაა. ალბათ მთელი ჩემი საქმიანობა ერთ რამეზეა მიმართული, ვცდილობ, ასეთი წაკითხვებისთვის, რაც შეიძლება მეტი დრო გამოვნახო, წარსულს არ ვუმტყუნო და ოდესღაც ნასწავლი და გატაცებით მიღებული ამ ასაკში მაინც არ მივატოვო, არამედ პირიქით, რაც შეიძლება ბოლომდე მივიყვანო და მეტი სიამოვნება მივიღო მისგან.

ნეტარმა ავგუსტინემ ძველი ბერძნული არ იცოდა თურმე კარგად. თავადაც არაერთხელ ამბობს ამას. მაგ. „აღსარებანის“ პირველივე წიგნში (XIII-XIV), თუმცა ავგუსტინე ალბათ ამეტებს, თავმდაბლობს, უკმაყოფილებით ფარავს თავის ცოდნას. რა თქმა უნდა, იგი კითხულობდა ძვ. ბერძნულად. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ანტიკური, ელინური კულტურა გარკვეული ასაკისა და გადაწყვეტილებების შემდეგ მისთვის ისე ახლობელი აღარ იყო. კლასიკური ლიტერატურაც ნაკლებად აინტერესებდა, თუმცა ეკლესიის მამების ტექსტების წაკითხვას ნამდვილად მოახერხებდა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ამბობენ, ამ ავტორებს მხოლოდ ლათინურ თარგმანებში ეცნობოდა.

იგივე პრობლემები ჰქონდა ჟან ჟაკ რუსოსაც, ოღონდ ლათინურთან. იგი წერს, რომ მრავალჯერ სცადა ლათინურთან დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ, ენა ბოლომდე მაინც ვერ ისწავლა. VI წიგნში დეტალურად ჰყვება ამ ამბავს: რა ხერხი არ სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ვერ იტანდა ამ „ბარბაროსულ ლექსებს“, გული ერეოდა და სმენაც ვერა და ვერ შეაჩვია. თავგზა ერეოდა აუარება წეს-კანონში გახლართულს, ავიწყდებოდა ადრე დასწავლილი წესები, თან სულ უჩიოდა მეხსიერებას და სიტყვების მარაგიც, შესაბამისად, მწირი ჰქონდა. თუმცა კონსტრუქციებში კარგად გაერკვა და ლექსიკონით უპრობლემოდ კითხულობდა, გადარბენით კითხვაც ისწავლა მოგვიანებით. ეს არასრული ცოდნა მუდამ დისკომფორტს უქმნიდა თურმე. ვერ ერკვეოდა ლათინურ ლექსწყობაში, არ იცოდა პროსოდია და ძალიან ეცადა ამ ენის ჰარმონიაში თავისით გარკვეულიყო, თავისი მონდომებით მიეღწია შედეგისთვის, თუმცა გრძნობდა, რომ მასწავლებლის გარეშე არაფერი გამოსდიოდა. იჯდა და საკუთარი ძალებით ანაწილებდა გრძელ და მოკლე მარცვლებს, ცდილობდა ვერგილიუსის ჰექსამეტრი დაელაგებინა. ხშირად შეცდომები მოსდიოდა.

ზემოთ ბევრი ვილაპარაკე თვითგანათლებაზე. ეს, ძირითადად, XIX საუკუნეს შეეხებოდა, თუმცა XX საუკუნეშიც ბევრი იყო ასეთი მაგალითი და დღესაც ხშირად ნახავთ თვითგანათლებულებს. რუსო მაგ. ხშირად თავად სწავლობდა ამა თუ იმ საგანს და ფიქრობდა, რომ ამას გარკვეული უპირატესობები ჰქონდა, თუმცა უზარმაზარი დისკომფორტიც ახლდა თან და რაც მთავარია, წარმოუდგენელ სირთულეებს აჩენდა. როგორია, შუაღამეს, რაღაც მომენტში, ხვდები, რომ წინ ვეღარ მიიწევ სხვისი (მასწავლებლის) დახმარების გარეშე, არადა მთელი ღამის გათენებას აპირებდი სამუშაოსთან და უცებ აღმოაჩენ, რომ გაიჭედე, მარტო ხარ, ვერ ხსნი ამოცანას.

ამიტომ მასწავლებელი და სავალდებულო საგნები ყოველთვის საჭიროა. ჩემ მიერ არაერთხელ გამეორებულ სიტყვებს მოვიყვან კიდევ ერთხელ. სიტყვები ტომას სტერნზ ელიოტს ეკუთვნის: „ვერავინ გახდება რეალურად განათლებული, თუ არ ეცდება იმის შესწავლასაც, რის მიმართაც მას ინტერესი არ ამოძრავებს, რადგან იმ საგნებით დაინტერესების უნარი, რომლებისკენაც არ გვაქვს მიდრეკილება, განათლების ნაწილს წარმოადგენს”. არაერთი ადამიანი მინახავს, რომლებიც სევდიანი სახით დაამოწმებდა ხოლმე ასეთ ცოდნას, მეხსიერების და ჩაბეჭდილი წესების ხარჯზე სრულად ავლენდა მას, თუმცა მალე სახეზე გამომეტყველება ეცვლებოდა და ეს ადამიანი ჩემ თვალწინ აცნობიერებდა, თუ როგორ გამოადგა ცოდნა და თურმე ღირს კიდევ უფრო ჩაუღრმავდეს ოდესღაც ვალდებულებით მიღებულ ამ გაკვეთილებს.

გარდა ამისა, მასწავლებელი იდეალური პერსონაჟია საკამათოდ და საკუთარი მოსაზრებების, ჭეშმარიტებების თუ მრწამსის საწრთობად. სულ რომ არ ესმოდეს ძვ. ბერძნული ენის მასწავლებელს პინდაროსის, თეოგნიდეს და საფოს ლექსები, იგი საზომს მაინც გასწავლის კარგად. ხშირ შემთხვევაში, მათ, რა თქმა უნდა, მშვენივრად ესმით ეს ლექსები, უბრალოდ თავს არ გიყადრებენ, დროს არ კარგავენ „ლირიკაზე“ და „მელოსზე“ და მკაცრი წესების სწავლებას მიჰყვებიან. თუმცა არიან მასწავლებლები, ვისთანაც ძირითად დროს სწორედ ამ „ლირიკაში“ ვხარჯავთ.

დაახლ. 15-17 წლის წინ, გადავწყვიტე დოქტორანტი გავმხდარიყავი „ილიაუნიში“. გავხდი კიდეც. რამდენიმე შეხვედრასაც დავესწარი და ჩემს ვალდებულებებსაც გავეცანი. ვსწავლობდი ახალ წესებს, მაგ. კრედიტების დაგროვება და ა.შ. აღმოჩნდა, რომ კრედიტები უნდა დამეგროვებინა საგნების წაკითხვით, ლექციებით. საგანს ერქვა „აკადემიური წერა“. ყურადღებით გავეცანი სახელმძღვანელოს, თუ როგორ უნდა მესწავლებინა სტუდენტებისთვის აკადემიური წერა, შესავალი, რეზიუმე… და ეს საგანი იმდენად უცხო და მიუღებელი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ საერთოდ უარი ვთქვი დოქტორანტობაზეც, სადოქტოროზეც და, ზოგადად, სწავლებაზეც. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ვიცოდი, რომ ამ საგანს, „აკადემიური წერა“, მე ვერასდროს ვასწავლიდი. გარდა ამისა, იმ თემაშიც, რომელზეც უნდა მემუშავა („გალაკტიონის ქალაქური ტექსტი“), რამდენიმე ხარვეზს ვხედავდი და ბოლომდე არ ვიყავი ჩამოყალიბებული პრობლემებში, თეორიულ მასალასა და ძირითად ტექსტებში.

ახლა 16 მარტია, 2023 წელი. გარეთ გაზაფხული გუგუნებს, აუარება საქმეა ვენახში, ბოსტანში, მარანში: დარგვა, თესვა, სხვლა (როგორც წესი, გვიან მიწევს ხოლმე ხეხილისა და ვაზის გასხვლა). შიგნითაც ბევრია საქმე, საწერი და საკითხავი. ყველაფერს არ ჩამოვთვლი, ბოლო დღეების მანძილზე მთავარი მაინც ამ თავის დაწერა იყო, დასკვნითი თავის, სადაც პირველად ცხოვრებაში მიწევს საკუთარი თავის დანახვა და ამოცნობა, ამოკითხვა. თან უნდა ვეცადო ტონალობა ზუსტად შევარჩიო, არც ძალიან საცოდავი უნდა გამოვჩნდე და არც ამპარტავანი, ქედმაღლობის დასამარცხებლად ზედმეტი თავის დაცინვაც არ ივარგებს, შორს გამიტაცებს, თუმცა გარდამეტებული უბადრუკობაც არ უნდა მოვირგო. ყველაფერს ისედაც ვერ მოვყვები, მხოლოდ აუცილებლობით და ალბათობით, ისე, რომ ამბავი გამოვიდეს, დამაჯერებელი ამბავი. არანაირი თანმიმდევრობა, ქრონოლოგია და ლოგიკა, მხოლოდ საკუთარი რიტმის დაჭერა, მიყოლა, ხანდახან გადახვევა, თამაში, აჩქარება, შენელება და ა.შ.

ეს მხოლოდ დასაწყისია, მომავალში ვეცდები კიდევ გავაგრძელო ამაზე წერა, სხვა წიგნში, შესაძლოა სულ სხვა ჟანრის წიგნში.

წიგნმა, რომელსაც ახლა ვასრულებ, „შეთხზულმა „მე“-მ“ ბოლო 2-3 წლის მანძილზე ყველაფერში შეაღწია, რაც ჩემს გარშემოა. ნებისმიერი სხვა საქმის კეთებისას თუ გართობისას ხანდახან მახსენდებოდა მისი არსებობა, გონებაში რაღაცას ვინიშნავდი, შემდეგ მავიწყდებოდა, თუმცა მოგვიანებით იგივე აზრი ახალ ტალღად ბრუნდებოდა, უფრო შევსებული და გამოკვეთილი ფორმით. ბევრი აზრი კი უკვალოდ იკარგებოდა.

საკუთარი ბიოგრაფია, ავტობიოგრაფია, პირად ამბებზე წერა ხშირად ხსნასავითაა. ბევრისთვის ხსნაა იმიტომ, რომ რასაც უნდა, იმას დაწერს, როგორც უნდა, ისე გამოიგონებს. ზოგი ნარცისული ოცნებებით მოიოხებს გულს, ზემოთაც ხომ ვახსენე ავტოფიქციისა და ნარცისის კავშირები? მე-ს, როგორც სუბიექტსა და მე-ს, როგორც ობიექტს შორის გადაულახავი დისტანცია, ნარცისისტული თვითრეფლექსია, რომელიც წმინდა გამონაგონის სახეს იღებს. ანდა დილთაის თავი გავიხსენოთ, ვისთანაც „საკუთარი ამბის მოყოლა“ სადღაც წარმოსახვით და რეალურ ამბავს შორისაა მოთავსებული, ჭეშმარიტებაცაა და სიცრუეც. და, რაც მთავარია, ამ თემებზე, ავტობიოგრაფიაზე მუშაობა საშუალებას გაძლევს, მუდამ ბეწვის ხიდზე იარო, სულ უპირისპირდებოდე ამ ნარცისულ დისკურსს, სწავლობდე თვითგამოხატვის ნარცისულ ხერხებს, იწაფებოდე, დასცინოდე მას, ამ მოჩვენებითი მონოლითურობის პაროდიას, მის დეკონსტრუქციას ახდენდე. საკუთარ თავზე წერა, საბოლოო ჯამში, შეიძლება ფარადაც იქცეს, ერთგვარი ონტოლოგიური ნარცისიზმისგან დამცავ მთავარ საშუალებად. მისივე ხერხების ცოდნა, კარგად ფლობა და გამოყენება ამის საწინდარი შეიძლება გახდეს.

„შეთხზული „მე“-ს“ წერისას არაერთი ქართველი და უცხოელი ავტორი მახსენდებოდა, ვინც საკუთარ თავს აღწერდა, იმედებზე და მცდელობებზე წერდა, ვინაობაზე, რაობაზე, შესაძლებლობებზე. მახსენდებოდა, მაგ. გურამ რჩეულიშვილის ჩანაწერები ან არტურ რემბოს წერილებიდან ფრაგმენტები, ბევრი სხვა ყმაწვილური თვითდაკვირვება, და ყოველი ასეთი გახსენებისას ვერასდროს წარმოვიდგენდი ჩემს თავს მათ ადგილას, მათ ასაკში, მათნაირი გამბედაობით რომ მეთვალიერებინა ჩემი თავი სიტყვების სარკეში. მე ძალიან გვიან ვისწავლე თავის დანახვა, უფრო სწორად, ახლა ვსწავლობ, ვსწავლობ სიტყვებით, რომლებიც ნელ-ნელა ამარცხებს გამოსახულებას, აქრობს ჩემს ზელიგურ ვნებებს[5], დამსგავსების ნიჭს, მსგავსებებს სხვა პერსონაჟებთან, სხვა რეალურ ადამიანებთან. სხვადასხვა კულტურაში არაერთი ვიზუალური ალტერ ეგო მყავს, თუმცა ახლა ვგრძნობ, რომ ამ ალტერ ეგოებთან გამომშვიდობების, მათგან გათავისუფლების დროში შევაბიჯე, დროში თუ ასაკში. და ამ გათავისუფლებაში რუსო აღმოჩნდა მთავარი მოკავშირე. მსგავსებამ, პარალელებმა თუ ანალოგიებმა პირიქითი ეფექტი იქონია.

ბავშვობიდან პაროდირების ნიჭივით რაღაცა მქონდა. ხმები, საქციელი, ფრაზების დაზეპირება (არადა, როგორც ვთქვი, ლექსებს საერთოდ ვერ ვიზეპირებდი), ინტონაცია – ყველაფერი გამომდიოდა. მე და ჩემმა მეგობარმა, შოთა კვარაცხელიამ, ორჯერ თუ სამჯერ გავიმარჯვეთ იუმორის საქალაქო თუ რესპუბლიკურ (ზუსტად არ მახსოვს) კონკურსში, 12-13 წლისებმა. ჟიურის წევრები იყვნენ ქართლოს კასრაძე და ბორის წიფურია. ქართლოს კასრაძის პაროდიასაც ვაკეთებდი იმ დროს, ფიგაროს კავატინას ვმღეროდი, კიდევ ათას რაღაცას ვიგონებდით. ერთხელ „ტრიუმფატორები“, შოთა და მე რაღაცა ახალგაზრდულ შეკრებაზე მიგვიწვიეს. შეკრება ტარდებოდა პავლოვის (ახლანდელი ყაზბეგის) გამზირზე, კაფეში. წლების შემდეგ იქ არაერთი სხვა კაფე თუ რესტორანი გაიხსნა, ახლა, თუ არ ვცდები, Dunkin’ Donuts-ია. დაგვხვდა გაკრიალებული ახალგაზრდობა, ვარდისფერსახიანი კომკავშირელები, ერთი-ორის სახეს ახლაც ვიცნობ, ისე დამამახსოვრდნენ, ვითომ ლაღი ტიპები. მე და შოთა იმ წლებში ჯერ არ ვსვამდით, სულაც „მშრალი კანონის“ პერიოდი იყო, მე მგონი, სახელმწიფო ხარჯით გაშლილ სუფრებზე ლიმონათების, რაღაცა გაუგებარი წვენების (მკვდრისფერი რომ ადევს) და ნამცხვრების ცვენა იყო. მივადექით და დავიწყეთ ნამცხვრებით, ჯერ ერთი გადავიღე, მერე მეორე, არც ვიცით, რატომ ვართ იქ, ვერ ვხვდებით. ერთი აქტიური, სიმპათიური ქალი იყო, ჩვენთან სკოლაში მოდიოდა ხოლმე განათლების სამინისტროდან, ან ინსპექტორი იყო, ან რაღაც მაგდაგვარი, მისი ინიციატივა იყო, ვზიარებოდით მოწინავე ახალგაზრდობის, ჩვენზე უფროსების, ვიღაც 16-17 წლის ულვაშიანი გოგო-ბიჭების ცხოვრების წესს. მოკლედ, გარშემო ხალხი ცდილობს გაერთოს, მაგრამ რაღაც არ გამოსდით, შეიძლება ჩუმ-ჩუმად „კანიაკებიც“ აქვთ მომარაგებული, კანონსაწინააღმდეგოდ, მაგრამ არც ეგ შველით და უცებ, ერთ-ერთმა ყველაზე ვარდისფერმა და გაპრიალებულმა კომკავშირელმა ვაჟმა ჩვენკენ გამოიშვირა ხელი და ხმამაღლა გამოაცხადა, შეიძლება მიკროფონშიც თქვა ეს ფრაზა: „ესენი საჭმელად მოიყვანეთ აქ? დაიწყონ ახლა!“.

ესეც ასე. თურმე სამაიმუნოდ მიგვიყვანეს, სხვების გასართობად. უცებ ვხედავ იმ ჩვენი ინსპექტორის თუ ინსტრუქტორის სევდითა და მბრძანებლური მუდარით სავსე თვალებს. ჩვენ კი ვილუკმებით, ასე ადვილად ვერ მოვდივართ აზრზე, გათიშულები ვართ, ჯერ ლუკმა უნდა გადავყლაპოთ, თან მშრალია ეს ოხერი ნამცხვარი, არ გადადის ყელში, ამ დამზაფვრელი ფრაზის მერე კი („ესენი საჭმელად მოიყვანეთ აქ?“), საერთოდ გადაგვეკეტა საყლაპავები. მოკლედ, გავედით სახელდახელო სცენაზე და მაგრად ჩავფლავდით. შეგვრცხვა, მოგვერიდა, ისეთ თამამ და სხარტ, მოქნილ მოსწავლესაც კი, როგორიც შოთა კვარაცხელიაა, არაფერი არ გამოსდიოდა, მე გავშტერდი, არც ერთი ხუმრობა არ არტყამდა მიზანში, არავინ არ იცინოდა, სახეზე ცეცხლი გვეკიდა, ეს ვარდისფერსახიანები კი გაღიზიანებული მოგვჩერებოდნენ. არადა ზოგი რა ლამაზი გოგო იყო, უფროსკლასელები. ან უკვე სტუდენტები, ზოგიც პიონერხელმძღვანელი იყო! მაგრამ სილამაზისთვის ვის ეცალა, ვიდექით დამარცხებულები. ხანდახან მგონია, რომ რეალურად არც მომხდარა, იმდენად სიზმრისეულ განცდას იწვევს ეს მოგონება. ერთხელ, წლების შემდეგ, სუფრასთან გავიცანი ჩემი კარგი ნაცნობის დედა, რომელიც ძალიან ჰგავდა იმ ქალბატონს, ჩვენს ინსტრუქტორს თუ ინსპექტორს. ცოტათი ნასვამმა ეგრევე ვკითხე, თქვენ ხომ არ იყავით ის ქალი-მეთქი. თან მოკლედ მოვყევი ამბავი. არა, მე არ ვყოფილვარო. ნამდვილად არ ვყოფილვარო.

ჩაფლავების, მორცხვობის და გაშეშების ისტორიები კიდევ ბევრი მაქვს, არაერთი არასწორი საქციელი ჩამიდენია, ცხოვრების ყველა პერიოდში მემართებოდა რაღაც მარცხი, თუმცა წამიერ სწორ გადაწყვეტილებებსაც ვიღებდი ხანდახან, იშვიათად, რამაც თავის დროზე სხვადასხვა სიღრმის ფსკერებიდან ამომიყვანა.

რუსო თავის წიგნში ხშირად ცდილობს, არც განსაჯოს თავისი თავი და არც გამართლება მოუძებნოს თავის ზოგიერთ საქციელს, გადაწყვეტილებებს. რთულია, მაგრამ ზოგჯერ გამოსდის ეს: არც თავს იქებს და არც იმცირებს. VIII თავში იგი მეფესთან შეხვედრას იხსენებს. არეული პერიოდი აქვს, წვერი მოუშვა და ცუდად დავარცხნილი პარიკი ახურავს. შედის დარბაზში, სადაც მალე მეფე, დედოფალი (მადამ დე პომპადური) და მთელი ამალა შემოაბიჯებს. იგი უცნაურ ადგილას აღმოჩნდება, ქალბატონებს შორის, წინა რიგებში. რუსოს ეჭვი აქვს, რომ აქ იგი განზრახ დასვეს. მალე დარბაზი განათდა და რუსომ იგრძნო, რომ ამ გადაპრანჭულ საზოგადოებაში, სადაც ყველა ასე საგულდაგულოდაა გამოწყობილი, იგი ზედმეტია. რუსო თავს ეკითხება, არის თუ არა აქ მისი ადგილი და რამდენიმეწუთიანი ფორიაქის შემდეგ პასუხობს, „დიახ, არის“. იგი გამბედაობას იკრებს და ეს გაბედულება მომდინარეობს არა იმდენად არგუმენტებიდან, რამდენადაც უკანდახევის შეუძლებლობიდან. იგი იძულებულია თამამად მოიქცეს, არ დანებდეს. ჯერ ერთი, სცენაზე მისი პიესა უნდა წარმოადგინონ და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, იქნებ ცოტათი დატკბეს კიდეც თავისი ამ გამარჯვებით. მას ჩვეულებრივად აცვია, ეს კი საშუალებას აძლევს, არ გახდეს მაღალი საზოგადოების მონა, არ იყოს მისი წესების მორჩილი. იგი უნდა ეცადოს, რომ არ გაწითლდეს თავისი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო, შეიძლება დაუდევრად გამოიყურება, მაგრამ სუფთად აცვია და მოწესრიგებულია. ფრთხილად ცდილობს მოშვებული წვერისთვისაც გამართლების მოძებნას, მერე რა, თუკი უბირად ჩათვლიან ან აიგდებენ. რუსო ამისთვისაც მზადაა. საკუთარ თავთან ასეთი გაბაასებით მან საკმარისი ძალა მოიკრიბა, იგი ყველანაირად მზად იყო შერკინებოდა აუდიტორიის დაცინვას, მაგრამ როცა მათი კეთილგანწყობა დაინახა, ბავშვივით აკანკალდა, განიარაღდა, გული აუჩუყდა და დამალა ყველა კლანჭი, რომლებიც აქამდე დაძაბულობისგან გაებასრა. სპექტაკლი კარგად მიდიოდა, დამსწრენი კმაყოფილი იყვნენ, ქალები ოხრავდნენ, მეფის თანდასწრებით მაშინ ტაშის დაკვრა აკრძალული იყო, ამიტომ საუკეთესო სცენებისას ყველაფერი კარგად ისმოდა დარბაზში: ნებისმიერი რეაქცია, გადალაპარაკება, ჩურჩული, ნაკვთების მოძრაობა შესამჩნევი ხდებოდა, ეს ჟესტები არ იძირებოდა აპლოდისმენტების ერთიან, ყოვლისმშთანმთქმელ ტალღაში. რუსოს ცრემლებიც კი მოადგა და იგი მზადაა, დამსწრე ქალბატონების ცრემლები კოცნით ამოაშროს. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსო მათ გარემოცვაში მარტოა, მარტოა ამდენ ქალს შორის, წინა რიგებში ზის და ქალები განსაკუთრებულად ზემოქმედებენ მასზე.

ამ ტრიუმფის შემდგომი ღამე ნამდვილ ჯოჯოხეთად ექცევა რუსოს. მალე მეფესთან აუდიენციაა დაგეგმილი, ამის გამო იგი ვერ იძინებს, ფიქრობს, განიცდის, ხშირი შარდვის პრობლემაზე ფიქრობს, ვაითუ წახდეს?! ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში რომ გახდეს საჭირო გაქცევა?! თან რუსოს პენსია უნდა დაუნიშნონ, სამეფო პენსია. არ მოსწონს ეს ამბავი, ამის მერე როგორ უნდა ილაპარაკოს ჭეშმარიტებაზე, დამოუკიდებლობაზე, ვაჟკაცობაზე, უანგარობაზე. ამის შემდეგ იგი ან ჩუმად უნდა ყოფილიყო, ან მლიქვნელად გადაქცეულიყო. რუსო უარს ამბობს პენსიაზე და ეს მისი ცხოვრების ყველაზე რთულ გადაწყვეტილებად იქცევა, მას გადაემტერებიან მეგობრები (დიდრო, გრიმი), დაიხლართება ინტრიგები, ერთი სიტყვით, ყველაფერი შეიცვლება.

ჩემი ცხოვრება, ბიოგრაფია, გადაწყვეტილებებისგან შედგება. ეს გადაწყვეტილებები ხან დიდი ძალისხმევის შედეგია, ხანაც თავისით მოდის ცვლილებები. მხოლოდ ისეთ ცვლილებებს ვგულისხმობ, რომლებიც აღიწერება, დაიწერება, ამიტომაც ჰქვია ამ ცვლილებების ისტორიას ბიო-გრაფია, მეტიც, ავტო-ბიო-გრაფია. ასეთი გადაწყვეტილებების გამოა, რომ საკუთარი წარსულის შეფასებას ვახერხებთ, შეიძლება დაგვიანებით, მაგრამ ინტრიგა, ამბავი ჩვენს თვალწინ ყალიბდება და უწყვეტ თხრობად იქცევა. ვიწყებთ გარჩევას და იმაზე ჩაფიქრებას, რომ ახალგაზრდობაში ბევრ გულწრფელ, კეთილ ადამიანს ვხვდებოდით, იყო დიდი მეგობრობა, სიყვარული, ნდობა და ერთიანობა, მოწიფულობისას კი ასეთი ადამიანები სანთლით საძებარია. ან პირიქით, მაშინ უფრო შიშვლები ვიყავით, მეტი ტკივილის ატანა გვიწევდა სხვებისგან, სამაგიეროდ ახლა ისეთ წრეში ვართ, ბუზს არ ავიფრენთ, არავინ მოგვაკარებს უცხო ნესტარს და სხვადასხვა მკბენარს, არადა მათ გარეშე ხომ საბოლოოდ მოვდუნდებით, ძლიერი ვნებები ხომ სწორედ ამ უცხო ჩხვლეტებით აღიძვრება და არა შინაურული მოფერებით. ნაჩვევ მყუდროებაში მხოლოდ თუ მოიკუნტები, საბანს გადაიფარებ, თავს მოინაჭუჭებ. ამიტომაა, რომ არ ცხრება ამ ნაჭუჭიდან გაღწევის და გაქცევის სურვილი, ერთი ხელის მოსმით იშორებ მლიქვნელებს, გეშინია მაქებრების, იგესლები, შხამს აფრქვევ, პირველ რიგში, მათ შორის და მათ გარშემო, ვინც სიყვარულს გეფიცება. თან უკან დასახევი გზაც აღარ გაქვს. ის ძველი სიყვარული, მეგობრობა, გულწრფელობა აღარ არსებობს, სხვანაირი გახდა, ზარის ხმასავით აღარ ჟღერს, არამედ ყრუდ გაისმის, ჩუმად. მას სინანულის გალობასაც ვერ დაარქმევ, იგი დარდის ბუტბუტი უფროა. ერთად-ერთი, რაც არ იცვლება, უხერხულობაა, სირცხვილის გრძნობა, რაღაც ქენჯნები, რომ საჭირო დროს ხმა ვერ ამოიღე ან, პირიქით, როცა დუმილი ჯობდა, სწორედ მაშინ ალაპარაკდი და ამოალაგე ზედმეტები. ზოგი კარგად ფლობს ამ ხერხებს, დარწმუნებულნი არიან თავიანთ სათქმელში ან დუმილში, უჯრებად აქვთ დალაგებული ყველაფერი. ასეთები, როგორც წესი, კარგი სტუდენტები იყვნენ, საუცხოოდ ისწავლეს აზრების მოწესრიგება, ქაოსის დამარცხება. მაგრამ უცებ მათაც ეშლებათ, ისინიც ცვივიან უფსკრულში, ამაზე რუსოც წერს მესამე თავში.

აი, მაგალითად, სიტუაცია, როცა ორნი ვსაუბრობთ, პირისპირ, ცოცხლად. ასეთი რამ ხშირად არ ხდება, ამიტომ სულ ვცდილობთ არ გავჩერდეთ, შევავსოთ ეს დრო, ვილაპარაკოთ, ხშირად სისულელეები ვილაპარაკოთ. არ ვაცლით ერთმანეთს ლაპარაკს, „ჰო, მეც ეგრე ვფიქრობ“, შემდეგ ცოტათი გვრცხვენია ასეთი თანხმობის და ჰარმონიის და ვამბობთ, „აი, ამაში კი ვერ დაგეთანხმები“. ასეთ დროს იშვიათია, რომ დუმილი ჩამოვარდეს და ასეთ დროს იბადება ურთიერთობის შიშიც, ვალდებულების გრძნობა, რომ აუცილებლად უნდა ჩააგდო სიტყვა, თქვა შენი აზრი, რომელიც, საბოლოო ჯამში, შეიძლება სისულელე აღმოჩნდეს ან იმდენად კონკრეტული და გამოუსადეგარი, რომ ბოლოს სირცხვილით შეიძლება დაიწვა.

შენგან განზოგადებებს ელოდნენ, შენ კი ამ დროს რაღაც ბაქტერიებზე ლაპარაკობ. ვის რაში აინტერესებს ეგ?!

ვის და, მე მაინტერესებს, ჩემია ეგ გამოუსადეგარი ამბები. ამის გამოა, რომ სულელის სახელი შეიძლება გამივარდეს, არადა სულაც არ ვიყო სულელი და ბრიყვი. გარეგნულად, ხუმრობებით, სუფრასთან, მიმოწერაში ძაანაც სოციალურ ცხოველად ვჩანდე, მაგრამ სინამდვილეში ველური ვიყო, ასოციალური, ატოპიური. ისევ რუსოს დავიმოწმებ: „სხვებივით შევიყვარებდი საზოგადოებას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ საზოგადოებაში არახელსაყრელი მხრიდან ვჩანვარ და სრულიად სხვა ადამიანად წარმოვდგები, არა იმად, ვინც სინამდვილეში ვარ. მე ჩემთვის ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილება მივიღე: ვწერო და ვიმალებოდე. ყველას თვალწინ რომ მეცხოვრა, ვერავინ გაიგებდა ჩემს ფასს, ვერაფერს მიხვდებოდა“.

ახლა კი ყველას თვალწინ მიწევს ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ არც ლექციებს ვკითხულობ და არც საჯარო გამოსვლების სხვა რაიმე გამოცდილება მაქვს. ცხადია, ერთეული, დისკომფორტითა და ფორიაქით სავსე გამოსვლა თუ ინტერვიუ არ ითვლება. გაქცევა, დამალვა ჯობია, რა თქმა უნდა, ხოლო აზრების რედაქტირება სიტყვით გამოსვლას მირჩევნია. სიტყვის გამოსვლისას ნებისმიერ მომენტში შეიძლება გული აგიჩუყდეს და სისულელე თქვა, ირონია მეორე პლანზე გადადის, იუმორის ინტიმურობა ქრება და ვერც კონკრეტულ ადამიანზე მიშტერება და მხოლოდ მასთან საუბრის გაბმა გშველის, მით უმეტეს, თუ ეს ერთი, კონკრეტული ადამიანი ხბოს თვალებით გიყურებს და რეალურად შეიძლება არც ესმის რაზე ელაპარაკები. და ამიტომაც, ჩემი ცხოვრების წესად იქცა უადგილო ხუმრობები, შეუსაბამო გადახვევები და შეუფერებელი, უხერხული საქციელი. 

ზემოთ ვახსენე რუსოს ეპიზოდი, როცა იგი ბავშვივით აკანკალდა საკუთარი პიესის ყურებისას. მან დაინახა სხვების აღფრთოვანება და ამან იგი განაიარაღა. საბრძოლველად იყო მისული, ალესილი, მზად იყო ნებისმიერი კრიტიკის მოსაგერიებლად და უცებ რას ხედავს, გული უჩუყდება და ყველანაირი ალესილობა უბლაგვდება, რბილდება, თვინიერდება. არადა მიაჩნდა, რომ მისი მთავარი ნიჭი ენერგიული და გაბედული სიმართლის თქმაა, მწარე, მაგრამ სასარგებლო სიმართლის პირში მიხლა. იგი დარდობს, რომ ბოლომდე ერთგული არ დარჩა ამ ნიჭისა და ხანდახან ქება და პირფერობაც უწევდა. რუსოს აზრით, ამ პირფერობამ გაცილებით მეტი ზიანი მოუტანა მას, ვიდრე მწარე შეფასებებმა.

ასეთ სიტუაციებში ბევრჯერ ჩავვარდნილვართ. ერთხელ კლასელების შეკრებაზე წავედი, ფეხს ვითრევდი, რატომღაც არ მსიამოვნებდა ასეთ ხალხმრავალ თავყრილობაზე მისვლა, გადაჩვეული ვიყავი საერთოდ, თან ათწლეულების მანძილზე უნახავ ადამიანებს უნდა შევხვედროდი, ვისაც მე-8 კლასში დავშორდი, 80-იანი წლების ბოლოს. სიმართლე გითხრათ, სკოლა არასდროს მყვარებია, არც სკოლის ურთიერთობები (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), ამიტომ რაღაცნაირი კრიტიკული განწყობით მივედი შეხვედრაზე. მოხდა სრულიად საპირისპირო. ცოტა სასმელმა, ცეკვამ, საიდანღაც წამოსულმა ბავშვურმა სილაღემ ჩემში მთლიანად მოარბილა ეს კრიტიკული დაძაბულობა და უცებ წამოვიძახესავით, შეიძლება სადღეგრძელოდაც ვთქვი, „იმ წლებს რა ვუთხარი, როცა უერთმანეთოდ ვიყავით მეთქი“. და მანდ მივხვდი, რომ სიყალბეს ვამბობდი, სისულელეს. რაღაცა ლოზუნგი ვთქვი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბევრს გული აუჩუყდა, ამან კიდევ უფრო გამაღიზიანა, თუმცა უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა. ერთად-ერთი ადამიანი იყო, ვინც ღიად დასცინა ჩემს ამ გულაჩუყებულობას, ყველაზე მაზალო კლასელი, ადამიანი, ვინც მთელი ბავშვობა მაბრაზებდა და დამცინოდა. ისევ მან ამოიღო ხმა და ჰაერში გააცივა ჩემი ეს მხურვალე წამოძახილი.

ჩვენი ბიოგრაფიაც, განსაკუთრებით კი ავტობიოგრაფია, ასეთი დაუცველია. იგი სულ ზემოქმედების ქვეშაა. რამდენიც არ უნდა ვთხზათ, გამოვიგონოთ საკუთარი თავი, ნამდვილი „მე“ მაინც გამოჟონავს ან გამოჩნდება ვინმე, ვინც აურდაურევს ჩვენს დალაგებულს და ყველაზე მოწესრიგებულ ადგილას ჩაასობს თავის ნესტარს. ეს შხამი შეიძლება ხშირად წამალიც აღმოჩნდეს, საუკეთესო საშუალება მოშვებული, მოდუნებული „მე“-ს განსაკურნავად. ზემოთ, ერთ-ერთ ავტობიოგრაფიულ თავში, ვახსენე კიდეც ეს შხამიანი წამალი, „ფარმაკონ“, როგორც ძველი ბერძნები უწოდებდნენ მას.

საკუთარი და სხვისი ცხოვრების აღქმა და წაკითხვა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წაკითხვაში, ცხადია, მხოლოდ აღწერილის ან დაწერილის წაკითხვა არ იგულისხმება, არამედ, პირველ რიგში, სწორედ დაუწერლის და აღუწერლის წაკითხვა, ხანგრძლივი თუ მოკლე ცხოვრების მთლიანობაში დანახვა. სოციალურ ქსელში ხშირად ნახავთ გამოსამშვიდობებელ პოსტს, რომელიც იწყება ასე: R.I.P., თუმცა ზოგიერთ ამ R.I.P.-ის მიღმა სრული სიცარიელეა, ზოგიერთის უკან კი დიდი ხნის მეგობრობა, თანაზიარობა, ან უბრალოდ ცოდნა, გნებავთ, წაკითხვა დგას, სხვისი თუ თავისი ცხოვრების წაკითხვა.

სხვისი და თავისი ასეთი R.I.P.-ის შემთხვევაში, ანუ სასუფევლის ასეთი გაელვების დროს, დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან ეს ფიქრი და ცოდნა იმ არარსებულთან, გამქრალთან გვაკავშირებს და ასეთ გაელვებებში, ყველაზე ყოფითი ამბებიც კი (წვერის გაპარსვა, თოხნა, გაზის ანთება, ონკანის მოშვება, ცეცხლის დანთება, კვერცხის გაფცქვნა, ნიახურის დაჭრა, ნაგვის გადაყრა, ქუდის დახურვა) უდიდესი შინაარსით ივსება. ყოველ ასეთ საქმიანობას თავისი აჩრდილი მოჰყვება, თითო-თითოდ, ჯგუფურად არა. მოდიან წასული ბიძები, მამიდები, ბებია-ბაბუები, მშობლები, მეგობრები, წინაპრები, ნათესავები, უცნობი ძვირფასი ადამიანები და მეტიც, არარსებული ადამიანებიც მოდიან ხანდახან, ისინი, ვისაც ხორციელად არასდროს უცხოვრიათ ამქვეყნად ან ვისაც შენ უნდა მისცე სიცოცხლე.

ზემოთ ქიმერებზე ვსაუბრობდი, ჩემი ქიმერები სწორედ ესენი არიან, ჩემი აჩრდილები და მოჩვენებები. და მე მათთან ერთად ვაგრძელებ ცხოვრებას.


[1] ვცდილობ, არ ჩამოვრჩე რუსოს თვლაში და უსარგებლო კონკრეტიკაში.

[2] მარიხუანას ბოლო ამოსუნთქვიდან ალბათ წელიწადზე მეტი იქნებოდა გასული.

[3] წიგნიდან კი ბატონო, არაერთხელ. ერთხელ მე და ჩემმა მეგობარმა, მიხეილ კვიციანმა, იმის ნაცვლად, მეორე დღის გამოცდისთვის კარგად მოვმზადებულიყავით, სმა დავიწყეთ და თან პუშკინის „ევგენი ონეგინს“ ვკითხულობდით. კარგად მახსოვს, ბოლომდე ჩავიკითხეთ. 

[4] ღია ცის ქვეშ (ლათ.)

[5] გაიხსენეთ ვუდი ალენის ფილმი.

© არილი

Facebook Comments Box