AUDIO,  ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

მალხაზ ხარბედია – პაატა შამუგიას “უპირატესობა”

AUDIO
გამომცემლობა “დიოგენემ” ორიოდე კვირის წინ პაატა შამუგიას პოეტური კრებული, “უპირატესობა” გამოსცა.
პაატა შამუგია ბოლო თაობის ქართველი პოეტების გამორჩეული წარმომადგენელია. იგი ამავდროულად ყველაზე მოხერხებულიც აღმოჩნდა. იცის კაცმა სათაურის შერჩევა: ნახეთ როგორ ჟღერს მისი ბოლო კრებულის სახელწოდება – პაატა შამუგიას “უპირატესობა”!
პოეტების ამ თაობას, რომელსაც პაატა მიეკუთვნება, პირობითად 2000-იანელებიც შეგვიძლია ვუწოდოთ, ისინი უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე გამოჩნდნენ ქუჩებსა და კაფეებში, დამკვიდრდნენ ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების ფუნცლებზე. ზოგმა ჯერ ვერ მოასწრო კრებულის გამოცემა, სხვებმა კი უკვე რამდენიმე კრებულის დაბეჭდვაც მოახერხეს. პაატასთვის ეს წიგნი რიგით მეხუთეა, თუმცა მიაჩნია, რომ ამ ბოლო კრებულში იგი ყველაზე სერიოზულად მიუდგა საქმეს. ჩემი აზრითაც, “უპირატესობა” ყველაზე სრულყოფილი გამოუვიდა პაატას, წიგნს ნამდვილად ეტყობა დაკვირვებული ავტორის ხელი, კარგად ჩანს ერთგვარი პოეტი-რედაქტორის შრომა, რომლის წყალობითაც დაუნდობლად გაიცხრილა ლექსები, შემცირდა რაოდენობრივად, სამაგიეროდ თავად კრებული შეიკრა. პაატასთვის სიზუსტე იყო ამოსავალი:
“ეს კრებული არის დაახლოებით 4 წლის შეჯამება. წარმოიდგინე როგორ უნდა გამეცხრილა, რომ ასეთი ძალიან, ძალიან მცირე ზომის კრებული გამოსულიყო. შევეცადე ზუსტი განწყობები ყოფილიყო კრებულში. ლექსები საგულდაგულოდ გადავარჩიე და ძალიან კრიტიკულად და შეიძლება ითქვას, მტრულადაც კი მივუდექი ჩემს ლექსებს. არ ვიცი რამდენად ზუსტი ვიყავი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი, რომ სიზუსტე ბოლომდე შემენარჩუნებუნა და ეს იყო ჩემი მთავარი სამუშაო პრინციპი წიგნის შედგენისას. ნებისმიერი მეტაფორა, რომელიც არ არის მათემატიკაზე ოდნავ ზუსტი, უბრალოდ ცუდია და უნდა გადააგდო”.
პაატა შამუგია 1983 წელს დაიბადა გალის რაიონში. 9-10 წლისა უკვე დევნილი იყო. 1993 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე წელი კახეთში გაატარა, გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, სკოლაც იქვე დაამთავრა და შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თავად ხუმრობს ხოლმე, რომ გადაკახელებული მეგრელია, ამიტომ, მეც დავაყოლებ ერთ პატარა ხუმრობას და ვიტყვი, რომ პაატა კოლხურ-კახურ-თბილისელი პოეტია ფილოლოგიური განათლებით, არის უახლესი ლიტერატურის სპეციალისტი, ცხოვრობს ბაგების სტუდქალაქში, წერს ლექსებს და ხანდახან ესეებსაც კი.
თავის პირველ ცდებს იგი ლექსებს არც უწოდებს, ასე ამბობს, აბსოლუტურად ყველაფრის გავლენას განვიცდიდი რასაც ვკითხულობდი და სწორედ ამ გავლენებით გავდიოდი ფონსო. ერთი სიტყვით, ადრეულ წიგნებს ხელის ვარჯიშს უწოდებს, მის წინა კრებულს, ბევრისთვის ნაცნობ “ანტიტყაოსანსაც” კი სხვანაირად აღიქვამს:
“წინა კრებული, “ანტიტყაოსანი” იყო ალბათ ყველაზე ხმაურიანი ჩემს ტექსტებში… მე ვფიქრობ, რომ იქაც იყო რაღაც გავლენები, არც იქ იყო საბოლოოდ სტილი ჩამოყალიბებული (თუმცა სტილის ჩამოყალიბება ბოლომდე გრძელდება). ამიტომ მგონია, რომ დღეს უკეთესად დავწერდი იმ პოემას, “ანტიტყაოსანს”, რომელიც არც მაშინ აღმაფრთოვანებდა მაინცდამაინც. უბრალოდ ვიცოდი, რომ ეს წიგნი რაღაცას გამოიწვევდა, მთლად ასეთ რეფლექსიებს არ მოველოდი, მაგრამ რაღაცას გამოიწვევდა. ამაში რაღაც პროვოკაციის ელემენტიც იყო”.
პროვოკაციული მომენტები ამ კრებულშიც არის. როგორც გითხარით, პაატა შამუგია მოხერხებული პოეტია და ამიტომაც იგი ხშირად ცდილობს ამბოხებული პოეტის სიტყვები რელიგიური ჰიმნის ფორმაში მოაქციოს. ეს ახალი ამბავი არ არის, საგალობლის ფორმას აქამდეც ბევრი იყენებდა და ახლაც იყენებს, მათ შორის თანამედროვე ქართველი პოეტებიც:
“მე ხშირად ვიყენებ ხოლმე ფსალმუნის ფორმას, რადგანაც ვთვლი, რომ ბიბლიური ტექსტები, სახარებები, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოეზია რაც კი შეიძლებოდა დაწერილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მე თავად არა ვარ მორწმუნე, ვთვლი, რომ ეს ტექსტები არის ძალიან დიდი ინტელექტისა და ძალიან დიდი პოეტური ხედვის მატარებელი ხალხის დაწერილი. თავად ტრადიციასთან ჩემი ასეთი მიმართება, ანუ უკუმიმართება, გნებავთ ანტიმიმართება, ესეც ბუნებრივი მგონია. და საერთოდ, ჩემი აზრით, ნებისმიერი არატრადიციული პოეზია ტრადიციის ცოდნით, მისი სიყვარულით იქმნება. ამ სიყვარულის გარეშე იგი მხოლოდ ნიუსი იქნებოდა. ეს ასეა და სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. ტრადიციის ფსკერზე უნდა ჩახვიდე და იქიდან ამოიტანო… რაც არ უნდა უპირისპირდებოდე, პიკასოც უპირისპირდებოდა კლასიკურ ხელოვნებას, სანამ ბოლომდე არ შეისწავლა და ბოლომდე არ გააცნობიერა, მანამდე არ გადავიდა აბსტრაქციონიზმში. მერე გადავიდა და ზუსტად მაშინ თქვა თავისი ის საფირმო ფრაზა – ძლივს ბავშვივით დავიწყე ხატვა-ო. ასე არის, მემგონია, რაღაც ეტაპის მერე, როცა უკვე კლასიკური ხელოვნება გბეზრდება, გღლის, უპირისპირდები მას და მემგონი ამ დროს ხარ ყველაზე რევერანსული და კეთილგანწყობილი კლასიკური ხელოვნების მიმართ. მე ასე მგონია, პარადოქსია, მაგრამ ასე ხდება…”.
პაატას თავისი თაობის შესახებაც უყვარს ლაპარაკი. იგი წერს კიდევაც თავის თანამედროვეებზე და ფიქრობს, რომ მათ სხვებთან შედარებით, მაინც გაუმართლათ:
“მე ვფიქრობ, რომ ჩემს თაობას უფრო გაუმართლა, ანუ უპირატესობა აქვს ის, რომ მას მოუწია უფრო გახსნილ დროში ცხოვრება, სადაც ინფორმაცია შემოდის, გაედინება, გასცემ, იღებ და ასეთ დროს არ არის იმდენად ძნელი თანამედროვე ხელოვნების კეთება. მე ვფიქრობ ადრე უფრო ძნელი იყო, თუნდაც საბჭოთა დროს და ამიტომაც, ის ადამიანები, ვინც მაგ დროს აკეთებდა რაღაცას თანამედროვე ხელოვნებაში, უბრალოდ უნდა დავაფასოთ”.
პაატა შამუგიას ყოველი კრებული ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, თითოეულს უზარმაზარი ნახტომები აშორებს. ამის მაგალითია მისი ბოლო წიგნიც, “უპირატესობა”, სადაც უკვე ნამდვილი პოეტი დავინახე, პოეტი, რომელმაც არამხოლოდ გალაკტიონის ქნარი დატოვა გვერდზე, არამედ თავისი უახლოესი წინამორბედებიდანაც გამოაღწია – დათო ბარბაქაძიდან, ზვიად რატიანიდან და რატი ამაღლობელიდან. იგი უკვე თავისუფალი პოეტია, თამამი და გაბედული:
“რატომღაც ქართველ პოეტებს ყველას გაგვიჭირდა გალაკტიონის გავლენიდან გამოსვლა. ეს სენივით არის, რომელიც უნდა მოიხადო. ხშირად ამბობენ ხოლმე ამას და მემგონი მართალიც არის. არ ჰქონია არც ერთ პოეტს ისეთი გავლენა, რუსთაველსაც კი (თუმცა რუსთაველს ალბათ ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა გალაკტიონამდე), როგორიც გალაკტიონს ჰქონდა. არ ვიცი რატომ არის ასე, ეს დღესაც კი არ მესმის, როდესაც ის ესთეტიკა უკვე აღარ არსებობს, რატომ იწერება იმ ენით ლექსები, ე.წ. გალაკტიონური ლექსები. თუმცა ეს პოეტები ალბათ ვერ ქმნიან ამინდს და დროთა განმავლობაში მიხვდებიან, რომ ეს ესთეტიკა უბრალოდ აღარ აინტერესებს მკითხველს. ვისთვის ქმნი, თუ მკითხველისთვის არა?”
ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ პაატა მკითხველის პოეტია, მის ლექსებს ზუსტი ადრესატები ჰყავს, მე კარგად ვიცნობ ამ ადამიანებს, ვისთვისაც პაატა შამუგიას ლოცვები, ეკზეგეზები და პოეტური მცნებები იწერება, ასევე მისი მწარე ირონიით სავსე ე.წ. ფილოლოგიური ლექსები. ვიცნობ და მინდა მჯეროდეს, რომ მათ სწორად ესმით ახალგაზრდა პოეტის სიტყვები, რომელიც მან თავისი წიგნის ყდაზეც გამოიტანა:
“უნდა გვესმოდეს,
რომ პოეზია
საგნებისთვის ადგილის შეცვლაა
და მეტი არაფერი მოეთხოვება
და როცა მეტს ვთხოვთ,
ხდება კიდეც უფრო მეტი,
მაგრამ – უფრო ნაკლები, ვიდრე პოეზია”.
© radiotavisupleba.ge
Facebook Comments Box