ავტობიოგრაფიული ესე განათლებაზე და ღირებულებებზე
ეს ზმნა, παιδεύω (ვზრდი, ვასწავლი) ყველამ იცის, ვისაც ძვ. ბერძნული ენის თუნდაც რამდენიმე ლექცია მოუსმენია. თაობები გაიზარდა ამ ზმნის უღლების პარადიგმაზე, ამით ვიწყებდით ყველანი, „პაიდეუო“ იყო აკაკი ურუშაძის „ძველ ბერძნულ ენაშიც“ (1987), იგივე ზმნა იუღლებოდა ივანე ნიჟარაძის სახელმძღვანელოშიც (1951), უფრო ადრე კი რუსულ და გერმანულ წიგნებში. წლების შემდეგ ეს მობეზრებული ზმნა კონკრეტულ ცნებად იქცა, παιδεία-დ. იგი საკმაოდ გვიან გამოჩნდა ენის ასპარეზზე (ძვ. წ. V საუკუნე), თუმცა მასში დატეულმა მნიშვნელობებმა მთელი ანტიკურობა შეცვალა – ესქილედან დაწყებული ადრექრისტიანული ხანით დასრულებული. ამ მცირე ესეში ძირითადად παιδεία-ზე ვისაუბრებ და იმ ღირებულებებზე, რომელიც შემდგომ დასავლური, ევროპული კულტურისთვის გახდა განმსაზღვრელი და დღემდე მამოძრავებელ ძალად რჩება მისთვის. ესე ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული გამოვა, რადგან ჩემს ყმაწვილობისდროინდელ გატაცებებს გავიხსენებ და იმ გზას, რომელმაც ევროპული კულტურის მთავარ ღირებულებებთან მიმიყვანა.
სკოლის დამამთავრებელ კლასებში ძალიან ვიყავი გატაცებული ძველი აღმოსავლეთის ისტორიითაა და ლიტერატურით. ვკითხულობდი იგორ დიაკონოვს, ზურაბ კიკნაძეს, გრიგოლ გიორგაძეს, ვიაჩესლავ ვს. ივანოვს, ვერა აფანასიევას, გიორგი მელიქიშვილს, სემუელ კრამერს, იაკობსენს, ფრანკფორტს, გამოწერილი მქონდა ВДИ (Вестник древней истории). მოკლედ, ყველგან შუმერი, აქადი, ხათები, ხეთები, გილგამეშის ამბები, უთნაფიშთი, ენქიდუ, ხუმბაბა, შამხათი, თამუზი. გილგამეშს ვაბულბულებდი, რამდენიმე თარგმანი მქონდა გადაშლილი და ერთმანეთს ვადარებდი უძველესი აზრების გადმოტანის ხერხებს, ხანდახან განსხვავებულ მნიშვნელობებს, ან ერთი მნიშვნელობის გადმოცემის განხვავებულ ფორმებს. ვაპირებდი უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე გამეგრძელებინა სწავლა. უფროსი მეგობრები მამხნევებდნენ, მალე ძველი აღმოსავლეთის ისტორიის კათედრა (თუ ასირიოლოგიის, ზუსტად არ მახსოვს) გაიხსნება ისტორიის ფაკულტეტზეო.
მე-11 კლასში როცა გადავედი (1990 წელს), გაირკვა, რომ კათედრა ჯერ არ გაიხსნებოდა, ამიტომ, ისევ უფროსი მეგობრების რჩევით მიმართულება კლასიკური ფილოლოგიისკენ ავიღე და ასე დაიწყო ჩემი მოქცევის გზა ნორჩი მესოპოტამიელიდან გამოუსწორებელ ოქციდენტალამდე. „გილგამეშიდან“ უმნიშვნელოვანესი ცოდნა მქონდა გამოყოლილი. გმირისგან, ვინც „სიღრმე იხილა“ ძირითადად დაკარგვის და წარმავალობის გაკვეთილებს გავდივართ. ჰოდა ძველ საბერძნეთშიც ალბათ ამ ბუნდოვანი ცოდნით შევაბიჯე. „სიჭაბუკის ბალახის“ დაკარგვას ჭაბუკები ნაკლებად განიცდიან ხოლმე, სამაგიეროდ სიკვდილზე ბევრს ფიქრობენ და ყველგან პოულობენ მას. მეც, პირველი რაც შემხვდა ამ ახალ სამყაროში, სილენოსის სიტყვები იყო, ნიცშეს წიგნიდან „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან. ანუ ელინურობა და პესიმიზმი“. გახსოვთ ალბათ ნიცშეს წიგნის პირველივე გვერდებიდან თქმულება, სადაც მეფე მიდასის შეკითხვაზე, „რა არის ადამიანისთვის ყველაზე უკეთესი და უპირატესი?“, დიონისეს „სატელიტი“ (ახლანდელი პოლიტიკური ტერმინი რომ გამოვიყენოთ) სილენოსი ასე პასუხობს: „ყველაზე უკეთესი შენთვის სავსებით მიუღწეველია. არ დაიბადო, არ იყო, არარა იყო, შემდგომ ამისა კი, შენთვის უკეთესია მალე მოკვდე“.
რა თქმა უნდა, ნიცშეს ამ წიგნით არ დაწყებულა ძველი საბერძნეთის გაგება, თუმცა, როგორც ბევრი სხვა წამკითხველი, ამ წიგნმა მეც დამარეტიანა და თავიდანვე, კლასიკური ფილოლოგიის პირველივე ნაბიჯებში ეჭვი და ფილოსოფიური შხამი თუ წამალი (ფარმაკონ?) გამოურია, ის რაღაცა სუბსტანცია, რომელიც მუდამ ვნებიან შემეცნებაში გამყოფებს და გეხმარება ირონიით ან მებრძოლი დაუმორჩილებლობით უყურო მეცნიერულ სიზუსტეს და კანონს. ამ რიტმულ პროზაში, რომლის რიტმიც ორივე თარგმანში კარგად მოისმოდა, ექსტატიური სტილი, მჭექარე რიტორიკა ბატონობდა. იყო საფრთხეებიც, თუმცა მას ადვილად აღმოაჩენს და გადაურჩება მხიარული ახალგაზრდა. ეს საფრთხეები ძირითადად იუმორს შეეხება, ზედმეტ დაღვრემილობას და ახალგაზრდა აქტივისტის სწორხაზოვნებას. ამ ბეწვის ხიდზე აუცილებლად უნდა გაიარო ადრეული ნიცშეს წაკითხვისას. სხვათა შორის, ჩემი სტუდენდობისდროინდელი ერთი დიდი ფილოლოგი „დამქანცველ–პათეტიკურ სასიკვდილო განაჩენს“ უწოდებდა ნიცშეს ტექსტების კითხვას.
ძველ საბერძნეთში თავიდანვე უფრო არქაიკით ვიყავი დაინტერესებული და არა კლასიკური პერიოდით, სოკრატემდელები პლატონზე მეტად მიზიდავდნენ და გარდა ამისა, სულ მახსოვდა, რომ სადღაც, ოდესღაც არსებობდა მინოსური კრეტა, რომელიც კიდევ არაერთ ირაციონალურ განცდას აჩენდა ჩემში. დოდსის „ბერძნები და ირაციონალური“ ჯერ არ მქონდა წაკითხული, სამაგიეროდ ეს „ირაციონალიზმი“ ჰაერში ტრიალებდა. ქალაქში, მიტინგებზეც, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც, სადაც უკანა რიგებში მოყუჩებული ახალგაზრდა წვეროსნები შავლეგოს მღეროდნენ, ვერის (კიროვის) პარკში და შემდეგ მშრალი ხიდის ქვეშ გამოტანილ წიგნებშიც, ყველგან „ირაციონალიზმი“ გაჰკიოდა. ალბათ ერთ-ერთ ასეთ ბაზრობაზე შევიძინე ნიცშეს ეს ორტომეული, კარენ სვასიანის მიერ დიდი სიყვარულით შედგენილი და კომენტირებული. გადავშალე რაჩინსკის მიერ თარგმნილი პირველივე ტექსტი და ეს დამწყები ფილოლოგი ანტიფილოლოგიურ მორევში გადავეშვი, წიგნში, რომელიც ძნელად ჰგუობს ხვა წიგნს.
ამ დროს გარეთ უკვე სამოქალაქო ომი მწიფდება, მე რადიო თავისუფლების რუსული და ქართული რედაქციებიდან ვიგებ ახალ ამბებს. მალე სწავლა დაიწყება, უნივერსიტეტში კი გამოსვლებია. დაიძრება ნაკადი უნივერსიტეტიდან მთავრობის სასახლისკენ, შემდეგ უკან მობრუნდებიან და ისევ მთავრობის სასახლისკენ აპირებენ წასვლას. იმ წელს მე ერთი ქულა დამაკლდა, მაგრამ მაინც დავდივარ ლექციებზე. ყველა ამბობს, რომ ჩარიცხავენ ასეთ ქულანაკლულებს. არ ჩამრიცხეს. წლის ბოლომდე მთელი კურსი გავიარე, შორიდან ალბათ ვიღაც არანორმალურს ვგავდი. აბიტურიენტს, რომელიც ლექციებზე დადის და ჩათვლებს და გამოცდებს აბარებს, მატრიკულის გარეშე. ეგ კიარა გაზაფხულზე, ფსევდოპირველკურსელმა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისთვის სასწრაფოდ მოვამზადე მოხსენება აპოლონურზე და დიონისურზე. მახსოვს, როცა მოხსენებას ვკითხულობდი, ბევრი მამხნევებდა, ნაწილისთვის კი, რა თქმა უნდა, ირონიის საგანი იყო ნიცშეს რიტორიკა და ისინი ვერანაირად ვერ უკავშირებდნენ ამას ფილოლოგიას, თანაც ქულანაკლული ვითომსტუდენტის მოხსენება ცალკე ამბავია. ახლა მეცინება ამაზე, მაშინ კი ალბათ ნიცშეანური დაღვრემილობით ვემზადებოდი მოხსენების წასაკითხად.
ამ მოხსენების ტექსტი ამასწინათ ვიპოვე ძველ საქაღალდეებში. ბოლოში თარიღიც აწერია – 1992, მაისი. ესაა 17 წლის ნორჩი ნიცშეანელის გულუბრყვილო, კომპილატიური, წყალწყალა ტექსტი.
შემდეგ წელს სტუდენტი გავხდი და მეორე წრეზე წავედი. მეორეჯერ ვისმენდი იგივე ლექციებს (უფრო სწორად, არ ვისმენდი), რასაც წინა წელს მიკითხავდნენ. ისევ კოლოქვიუმები, ისევ ჩათვლები, გამოცდები. ისევ ნიცშე, შედარებით მცირე დოზებით. მოგეხსენებათ, ნიცშეს „ტრაგედიის დაბადებაში“ სიზმარი და თრობა (აპოლონური და დიონისური) იყო ყველაფერი, ამ პერიოდში კი ჩემთან მუდმივი უძილობა (მაშინ წარმოუდგენელ შედეგებს ვაღწევდი უძილო მარათონებში) და ხშირი თრობა (უნივერსიტეტის ბაღში, ბოჰემურ მეგობრებთან ერთად) იქცა ყოველდღიურობად. ზემოთ დამავიწყდა მეთქვა, რომ კარენ სვასიანის გარდა სხვა ძლიერი მეგზურებიც მყავნენ ნიცშესკენ – თამაზ ბუაჩიძე, თომას მანი (ორი თამუზი), შემდეგ კი კარლ იასპერსი და მარტინ ჰაიდეგერიც. მაგრამ ეს მერე იყო, ამ დროს სოკრატემდელების უკვე უკეთ მესმოდა.
დაიწყო ომი. არც ესქილესავით სალამინის ბრძოლაში მიმიღია მონაწილეობა და არც ყმაწვილი სოფოკლესავით მიმღერია პეანები ქნარით ხელში, ამ ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად[1].
ჩვენ დავმარცხდით.
პირველი საკურსო ქართული ლიტერატურის ისტორიაში მქონდა, ბარათაშვილზე. პლატონის გამოქვაბულის მითზეც მეწერა რაღაცეები, როგორც მახსოვს. შემდეგ პერფექტის დროზე ვწერდი სეპტუაგინტას რამდენიმე წიგნის მიხედვით (იობის წიგნი და წინასწარმეტყველები იყვნენ, როგორც მახსოვს). სოკრატემდელებს ისევ არ ვანებებდი თავს და გარდა ამისა, უფრო და უფრო მეტს ვკითხულობდი პლატონს. თრობა და უძილობა ისევ პოპულარული იყო, ასევე მთაში ხეტიალიც, გზააბნეული ეთნოგრაფია და გადაკარგვები, გამგზავრებები და უცხოობაში გამოღვიძებები. მალე გამრიცხეს უნივერსიტეტიდან, მომდევნო წელს კი აღმადგინეს და ჩამტოვეს. 1998 წელს სადიპლომო ნაშრომი დავწერე, პლატონის ერთ ცნებაზე, ἀτοπία-ზე. რაღაცა იდეები გადავაწებე ერთმანეთს, ცოტა კუზელი მოვაყარე, დაკეპილი ჰაიდეგერი ჩავუშვი და შიგ სოკრატე ჩავკიდე, ნიცშეს საძულველი გმირი. ჩემს ხელმძღვანელს, თინა დოლიძეს მოეწონა, რეცენზენტს, კახა კაციტაძესაც. ახლა რომ ვკითხულობ, მეღიმება, ზოგიერთი ადგილის წაკითხვისას ისევ ის ნორჩი ნიცშეანელი მახსენდება, ამჯერად პლატონში გადავარდნილი.
ამ დროს უკვე პლატონის სამონადირეო მეტაფორიკა მაინტერესებდა, მეთოდოსი (μέθοδος, სიტყვა-სიტყვით, კვალზე სიარული, კვალზე სავალი გზა) და θηρεύειν, ნადირობა „სოფისტში“. მეტაფორა, რომელსაც ლირიკაში, როგორც წესი, ეროტიული დატვირთვა ჰქონდა. არსზე ნადირობა „ფედონში“, მეთოდოსი, შემეცნების გზა „სახელმწიფოში“და შემდეგ ისევ და ისევ ეროსთან დაბრუნება. გერმანული არ ვიცოდი (არც ახლა ვიცი) და ძალიან მიჭირდა კარლ იოახიმ კლასენის Untersuchungen zu Platons Jagdbildern-ის (1951, 1960) კითხვა. ხან მეგობრები მეხმარებოდნენ, უფრო ხშირად კი თავად ვერკინებოდი ლექსიკონით. და აი, ამ დროს, უცებ, ხელში ჩამივარდა წიგნი, რომელსაც მანამდე ფრაგმენტულად ვიცნობდი. ვერნერ იეგერის „პაიდეია“, წიგნი ბერძნების პაიდეიის შესახებ და იმავდროულად, წიგნი ბერძნებზე, როგორც პაიდეიაზე.
“პაიდეიაში” იეგერი თავიდანვე ხაზს უსვამდა იმას, რომ ბერძნულ სამყაროს განსაკუთრებული პოზიცია უკავია კაცობრიობის ისტორიაში. თანამედროვე თვალსაზრისით, ბერძნული სამყარო, აღმოსავლეთის დიდი ისტორიული ქვეყნებისგან განსხვავებით, პრინციპულ პროგრესს წარმოადგენდა, ახალ საფეხურს ყველაფერში, რაც საზოგადოებაში ადამიანის ცხოვრებას შეეხებოდა. იგი ამბობდა, რომ ბერძნებთან საფუძვლები ხელახლა ჩამოყალიბდა და რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა ყოფილიყო უძველესი სამყაროების ესთეტიკური, პოლიტიკური და რელიგიური გავლენა, იმის ისტორია, რასაც ჩვენ დღეს კულტურას ვუწოდებთ, თანამედროვე გაგებით, მხოლოდ საბერძნეთში დაიწყო. სწორედ ესაა ბერძნული კულტურული იდეა, საიდანაც იბადება ანტიკურობის ცნება და შემდეგ უკვე ევროპული კულტურის გაგება.
აქედან იწყება პიროვნების ისტორია, ანთროპოცენტრიზმი. ჯერ კიდევ ჰესიოდე ლაპარაკობს პირველ პირში, ძმასაც მიმართავს და ამით ძალზე პიროვნულ ხასიათს სძენს თავის „სამუშაონი და დღენი“-ს. ეს უდიდესი სიახლეა იმ დროისთვის. ჰესიოდე იბრძვის სამართლინობისთვის და რაც მთავარია, ამბობს სიმართლეს. მოგვიანებით არქილოქე და სხვა ბევრი პოეტი მოირგებს ამ გრამატიკულ ფორმას, პირველ პირს და სიმართლის თქმის პრინციპს. ჰომეროსულ საგმირო ამბებს არქილოქეს მიერ ომში დაკარგული ფარი შეცვლის. საზოგადო საკითხები ხშირად უკანა პლანზე გადავა და კონკრეტული ადამიანის ბედი თუ უფლება დაიკავებს მის ადგილს. ამის მიუხედავად ვერანაირი ძალა ვერ აკავებს საზოგადოებრივ თემებს, რადგან სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ბერძნული სახელმწიფო და იგი პირველ რიგში ადამიანისა და მისი ცხოვრების ფორმირებას ახდენს.
სახელმწიფო რთავს ადამიანს თავის პოლიტიკურ კოსმოსში და პირადი ცხოვრების გარდა მას მეორე ცხოვრებაც უჩნდება, „ბიოს პოლიტიკოს“. შესაბამისად ადამიანს არსებობის ორი სივრცე, ორი წესრიგი აქვს, საკუთარი (ἴδιον) და საყოველთაო (κοινόν). ეს მხოლოდ ატიკურ კულტურაში მოხერხდა, ინდივიდუალურისა და საზოგადოს ასეთი გაწონასწორება. იონიური თავისუფლება და ატიკური წესრიგი ერთიან ძალად იქცა. იონიური ვნება სიახლის ძიებისა, მოგზაურობისა და კულტურული მომთაბარეობისა ატიკურ სახელმწიფოებრივ შეგნებას, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, მშობლიური მიწის სიყვარულს შეუერთდა.
იეგერის მიხედვით სწორედ ესაა ანტიკური ჰუმანიზმი, ადამიანის ჭერმარიტ ფორმაში მოყვანა. აქედან იშვება პოლიტიკური ადამიანი, ζώον πολιτικόν და ამ გადასახედიდან ძველი ბერძნული ლიტერატურის ყველა ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანი ხდება ეს პოლიტიკური მიმართებები, ჰომეროსიდან დაწყებული – გვიანანტიკურობამდე. ერთგვარი ტრიადაც კი ყალიბდება – პოეტი (ποιητής), სახელმწიფო მოღვაწე (πολιτικός), ბრძენი (σοφός). ამ ცნებების თავდაპირველი მნიშვნელობები რა თქმა უნდა განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ისინი შემდეგ აღნიშნავდნენ და საერთოდაც, ეს პერიოდი ძველი საბერძნეთის ისტორიაში იმითაც გამოირჩევა, რომ სიტყვებიც სწრაფად იცვლიან მნიშვნელობებს, შესაბამისად კი, ღირებულებების გადაფასებებიც აქტიურად ხდება. ამაზე შემდგომში თუკიდიდეც ილაპარაკებს, მანამდე კი თავად სიტყვა პაიდეიას დავუბრუნდეთ, რომელიც, როგორც ვთქვით, პირველად V საუკუნეში გამოჩნდა, უფრო კონკრეტულად კი ესქილესთან, დრამაში „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“ (18). აქ პაიდეია ჯერ კიდევ ბავშვების მოვლის, შვილების გამოკვების მნიშვნელობითაა. παιδείας ὄτλον („აღზრდის ჯაფა“, გიგლა სარიშვილის თარგმანში). მოგვიანებით ეს ცნება ღრმა მნიშვნელობებით ივსება, თუმცა ჯერ ესქილესთან ვართ და სანამ სოფისტების აღზრდის კულტურაზე გადავალთ, ესქილეს განსაკუთრებულ წვლილზე უნდა ვთქვათ.
უკვე „მავედრებლებში“ (689–709, 916–დან), მის ყველაზე არქაისტულ[2] ტექსტში ვხვდებით ცნობილ ტრიადას, ღმერთების, მშობლების და უცხოტომელების პატივისცემის შესახებ. იეგერის აზრით, ესაა პირველი შემთხვევა, როცა იბადება სამართლებრივი იდეის ნამდვილი რწმენა, ღვთაებრივი სანქციით გამყარებული. როცა დიკე (სამართალი) ქცევის უმაღლეს ნორმებს აყალიბებს, რომელსაც ათენა თავის ქალაქს უწესებს:
„შინ საზოგადო საქმეებზე
ეზრუნოთ მმართველთ,
გარეთ – სტუმრებზე.
დავა სამართალს
გადაეწყვიტოს
და არა არესს.“[3]
ამ ტექსტში, როგორც იცით, უცხოტომელების, სტუმრების უფლებებია საფრთხის ქვეშ და არგოსის მეფე არ აძლევს საშუალებას გზირს და მის გამომგზავნებს, შელახოს მათი უფლებები. თანამედროვე საქართველოსთვის (აფგან მუხთარლის გაცემის საქმეს გაგახსენებთ) ძალზე აქტუალურ ამ ტექსტში პირველად ისახება სამართლებრივი სახელმწიფოს რწმენა და აქედან მოყოლებული, „ატიკური სული“ ერთი ხელის მოსმით თავისუფლდება „იონიური ნადებისგან“. ძეგლების არაფრისმთქმელ იონიურ ღიმილს სერიოზულობა ცვლის, ფუფუნებას – მკაცრი სტილი, წოდებრივ პრივილეგიებს კი ხალხის აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში. იეგერი კარგად აღნიშნავს თავის წიგნში, რომ ესქილეს ტრაგედია ჰეროიკული ადამიანის აღორძინება იყო თავისუფლების სულიდან (ნიცშეს სტილისტიკის კიდევ ერთი გავლენა) და რომ პინდარედან პლატონამდე გზას, ანუ სისხლის არისტოკრატიიდან სულისა და ცოდნის არისტოკრატიამდე მიმავალ გზას, მხოლოდ ესქილეზე უნდა გაევლო.
ეს ატიკაა. ატიკური ტრაგედია, რომელიც ერთი შეხედვით დრამატულად გადმოცემული ძველი საგმირო ლეგენდაა, ოღონდ ატიკის მოქალაქეთა ქოროს თანხლებით. ესაა ძველი მითის აღორძინება ახალი მსოფმხედველობიდან, ახალი მსოფლმხედველობა კი სოლონმა გააღვიძა ატიკურ სულში და ესქილესთან მან უმაღლეს ეთიკურ საფეხურს მიაღწია.
ტრაგედიის მამასთან მითის არნახულ მოდერნიზაციას ვხედავთ, ჩვენამდე მოღწეულ ყველა ტექსტს რაღაცა გამოარჩევს, ზოგან ჰიუბრისია მთავარი (აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში რომ გაბუდაყებას უწოდებენ), ზოგან მოირები შემოცვივდებიან, სხვაგან ტიუხე ბატონობს. ერთგან აქ თანამედროვე ისტორიაც კი ტრაგიკულ მითად იქცევა („სპარსელებში“) და ბოლოს, ხდება გაცნობიერება იმისა, რომ ტანჯვა თავის თავში შემეცნებით ძალას ატარებს. ეს უძველესი ხალხური სიბრძნეა, ამაზე ჯერ კიდევ ჰესიოდე წერდა „სამუშაონი და დღენი“–ში: παθὼν δέ τε νήπιος ἔγνω, რაც აღწერით თარგმანში ნიშნავს, რომ წინდაუხედავი, უჭკუო ადამიანი მხოლოდ ტანჯვის შედეგად გაიგებს მთავარს. აქ დელფოს „შეიცან თავი შენი“–ც შეიძლება ვახსენოთ და ჰერაკლიტეც, მისი სიტყვითა და საქმით (ἐπέων καὶ ἔργων, ποιεῖν καὶ λέγειν – DK1, 73) და აზროვნებით, როგორც საქმით (φρόνησιν DK2).
ესქილეზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, ეტეოკლეს ტანჯულ ქმედებაზე, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გრძელდება („შვიდნი თებეს წინააღმდეგ“), „მიჯაჭვულ პრომეთეზე“, სადაც ქორო და მაყურებელი გაერთიანდა და მისი სიტყვები მაყურებელმა თავის განცდებად აღიქვა. როდესაც ქოროს ნაცვლად ბედისწერა ერთ ადამიანს დაატყდა, მისი ფუნქციის შეცვლა აუცილებელი გახდა და იგი იქცა „იდეალურ მაყურებლად“ (ვიცი, ბევრს აღიზიანებს ეს ცნება), თუმცა ქორო ამავდროულად ტრაგიკულ ქმედებაშიც ცდილობდა ჩართულიყო. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ბერძნულ ტრაგედიაში ახალი ტიპის ქორო გაჩნდა, რომელიც დრამატული მოვლენის ემოციურ ობიექტივაციას ახდენდა, გამოდიოდა ორქესტრაზე და მღეროდა ამის შესახებ, ეს კი ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად იქცა მისი აღმზრდელობითი ძალის დემონსტრირებისთვის.
ფილოსოფოსები ამ პერიოდში ჯერ კიდევ ἱστορία–ს და σοφία–ს უწოდებენ თავიანთ საქმიანობას. ნელ–ნელა ყალიბდებოდა მოაზროვნის, როგორც ახირებული, უცნაური ადამიანის სახე. იგი ასოციალური ტიპიც შეიძლება ყოფილიყო, მასთან ურთიერთობა არ იყო მარტივი საქმე. ცხოვრობდა განმარტოებით, მოუქნელი იყო, შეიძლებოდა ჭაშიც ჩავარდნილიყო ციურ მოვლენებზე დაკვირვებისას (როგორც მაგ. თალესი). სხვათა შორის, იგივე გაგრძელდება შემდეგაც, პლატონთან და სოკრატესთანაც, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინ სოფისტიკის ძლიერი ტალღა უძღოდა (ან შესაძლოა სწორედ ამის გამოც). პლატონი არაერთხელ იყენებს სოკრატეს მისამართით ტერმინს ἀτοπία, რომელიც სიტყვა–სიტყვით „უადგილობაა“, მაგრამ მნიშვნელობის შეცვლამ ამ სიტყვას ძველი კონკრეტულობა დაუკარგა და უჩვეულობის, უცნაურობის აღნიშვნა დააკისრა.
ამ უცნაურმა ტიპებმა კოსმოსი, წესრიგი აღმოაჩინეს, რაც იეგერის ენაზე „საგანთა სამართლებრივი გაერთიანებაა“ (ანაქსიმანდრე, ჰერაკლიტე). პარმენიდესთან ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა (ὁδός) ჩნდება, საიდანაც იბადება მეთოდის ცნება (μέθοδος), კვალზე სიარული. განირჩევა ჭეშმარიტება და დოქსა. ცოტაც და ყველანაირი აღზრდისა და განათლების სადავეებს სოფისტები აიღებენ ხელში და პაიდეია ახალი სიცოცხლით დაიწყებს ცხოვრებას.
სოფისტებთან პირველად მოხდა პოლიტიკური აღზრდის რაციონალიზაცია, რაც ცხოვრების რაციონალიზაციას ნიშნავდა ზოგადად. პაიდეია გაცნობიერებულ იდეად იქცა, განათლების თეორიად და იგი რაციონალურ საძირკველზე დაფუძნდა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ეტაპი ჰუმანიზმის განვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა, ჰუმანიზზმა, ჭეშმარიტი სახე მხოლოდ იმავე სოფისტებთან კამათში და მათ დაძლევაში შეიძინა (პლატონი იგულისხმება).
ამ დროს დაიბადა პედაგოგიკაც და არსებითად, შეიქმნა განათლების სისტემა, რომელიც დღესაც აქტუალურია ცივილიზებულ სამყაროში. იეგერი ასკვნის: „არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არამხოლოდ ეთიკურ–პოლიტიკური ზოგადი განათლების იდეა შექმნეს ბერძნებმა, რომელშიც ჩვენი ჰუმანიტარული განათლების საფუძვლებს ვხედავთ, არამედ ე.წ. რეალური განათლებაც მათ შექმნეს, რომელიც გარკვეულწილად უპირისპირდება და ებრძვის კიდეც ჰუმანიტარულ განათლებას“.
სახელმწიფოსა და საზოგადოების იდეასთან განათლების მჭიდრო კავშირი პაიდეიის უმთავრესი არსია და თავისი უზამაზარი ნაშრომი სწორედ ამაზე დააფუძნა გერმანელმა მოაზროვნემ, რომლის მიზანიც იყო ელინურობის ინტელექტუალური და სულიერი არსი შეესწავლა, გაეგო ანტიკურობის ურღვევი აღმზრდელობითი ფენომენი და ის უძლიერესი იმპულსი, რომელიც საუკუნეების მანძილზე მართავს კაცობრიობის ისტორიას.
ახლა ბევრი ლაპარაკობს ამ იმპულსის შესუსტებაზე, ახალ ალტერნატივებზე, დასავლური ღირებულებების ცვეთაზე და პოზიციების დათმობაზე, თუმცა ეს გრძელი საუბრის თემაა და ჩემი მცირე ავტობიოგრაფიული ესე არ ითვალისწინებს ამას. უკეთესი იქნება ისევ პირად ისტორიას დავუბრუნდე და ის წლები გავიხსენო, როცა ჩემი არსებობა პირველად დაუკავშირდა საზოგადოების ცხოვრებას. ჩემი განათლების დაწყება და საზოგადო ამბებში ჩართვა ერთმანეთს დაემთხვა, მანამდე რეალურად ჭრიჭინებს ვუსმენდი. ეს 1988 წელი იყო, მიტინგებისას, ნოემბერში. მაშინ სკოლიდან გამოპარულები აქციებზე გავრბოდით, ზოგიერთი მასწავლებელი გვამხნევებდა კიდეც გაპარვისას. ერთხელ დირექტორი კარებშიც ჩაგვიწვა. უკვე აღარ ვიპარებოდით, არამედ დემონსტრატიულად მივდიოდით. სკანდირებით გავივლიდით ვაჟა–ფშაველას, ავიყოლიებდით სამედიცინოს მოწყენილ სტუდენტებს, გავუყვებოდით პეკინს, ჩავუვლიდით ზოოპარკს, ავიდოდით ფილარმონიასთან ან უნივერსიტეტთან და უკვე რუსთაველზე ვიყავით, ქართულ აგორაზე.
ეს „აგორა“, ჩვენი საჯარო სივრცე, ახლაც არსებობს. 30 წლის მანძილზე რა აღარ მოხდა აქ! ისტორიამ ბევრი გაკვეთილი ჩაგვიტარა პირად უფლებებზე თუ საზოგადოებრივ საქმეებზე, მაგრამ მარადიული განმეორების ძლიერი მექანიზმები ისევ უკან გვაბრუნებენ, მითოლოგიისკენ, აღზრდა–განათლება კი კვლავინდებურად უსაფუძვლო და მერყევი გვაქვს. უპაიდეუო.
თებერვალი, 2018
© ევროპის ფონდი, გამომცემლობა „ლოგოსი“
[1] სოფოკლეს ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ლეგენდა იქნება.
[2] და არა ყველაზე ძველ, როგორც ადრე ფიქრობდნენ.
[3] გიგლა სარიშვილის თარგმანი.