ესე

მალხაზ ხარბედია – პლუტარქეს ღვინო

პლატონის „ნადიმი“ ახალი წაკითხული მქონდა, როცა ყველა თაობის საბჭოთა კლასიკოს ფილოლოგთა ლათინურის მასწავლებლის, იაკობ ბოროვსკის მიერ თარგმნილი პლუტარქეს „სანადიმონი“ (Συμποσιακά) ჩამივარდა ხელში, ცხელ-ცხელი, 1990 წელს გამოცემული. მალე თბილისში გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთლის Труды по истории античной литературы გამოვიდა, გამოუქვეყენებელი, ხელნაწერების მიხედვით მომზადებული კრებული, სადაც ერთი ნარკვევი განსაკუთრებით მაინტერესებდა, სათაურით – Греческие пиры (симпосии). ამავე პერიოდს დაემთხვა ჩემი გატაცება დიონისიზმით, ანტიკური ტრაგედიითა და არქაული მუსიკით და შეიძლება ითქვას, მაშინ გაჩნდა ჩემს საკითხავებში (ახლა რომ ინტერესთა სფეროს უწოდებენ) ერთი ნაკადი, რომელიც ანტიკურ ნადიმებს, ღვინის კულტურასა და გასტრონომიულ თავისებურებებს შეეხებოდა. ერთმანეთს ცვლიდნენ – ქსენოფონტი, პეტრონიუსი, ათენეოსი, ლუკიანე, თანაც ღვინო და გასტრონომია (სიბრძნის თანხლებით) ხომ ყველგანაა ძველ ლიტერატურაში. იგი პირველად ჰომეროსთან და ჰესიოდესთან ჩამოყალიბდა. შემდეგ პოეტები დაეწაფნენ ამ გემრიელ წყაროს და დიალოგსა და პროზაში საბოლოოდ დაიხვეწა და თავისუფალ ჟანრადაც იქცა სანადიმო წიგნები.

პლუტარქეს „სანადიმონი“ ჯერ-ჯერობით მაინც სამუშაო სათაურად რჩება. როცა ჩემს მასწავლებელს, ლევან ბერძენიშვილს ვკითხე, როგორ ჯობდა Συμποσιακά-ს (ლათ. Quaestiones Convivales) გადმოტანა ქართულად, რამდენიმე აღწერითი ვარიანტი შევთავაზე: ნადიმსიტყვანი, ნადიმსწავლანი, სანადიმო საკითხები, სანადიმო საუბრები. ლევანმა მოკლედ მიპასუხა: სიტყვა-სიტყვით ესაა „სანადიმონი“.

ჰოდა იყოს ჯერ-ჯერობით „სანადიმონი“, დანარჩენზე კი მომავალმა მთარგმნელმა იზრუნოს.

„სანადიმონი“ 9 წიგნისგან შედგება, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე საკითხს მოიცავს, როგორც წესი 10-10-ს. მხოლოდ მე-9 თავშია 15 თემა გამოტანილი. საკითხების წრე ძალზე მრავალფეროვანია. აი რამდენიმე:

როგორი უნდა იყოს თამადა (სიმპოსიარქოსი), რატომ ურჩევნიათ მოხუცებს გაუზავებელი ღვინო, ქათამი უფრო ადრე იყო თუ კვერცხი, რატომაა მგლის მიერ დაგლეჯილი ცხვრის ხორცი უფრო გემრიელი, შევიმკოთ თუარა თავი ყვავილებიანი გვირგვინით ღვინის სმისას, რატომ არის, რომ ქალები ნაკლებად თვრებიან, რატომ არ ათრობს ახალგაზრდა ღვინო, რატომ იწვევენ ქორწილებში ბევრ სტუმარს, რატომ არ ჭამენ ღორის ხორცს იუდეველები, თაყვანისცემის გამო თუ ზიზღის გამო?! რატომაა, რომ სუფრის დაწყებისას სტუმრები ვიწროდ არიან, მოგვიანებით კი სიხალვათეა, რატომაა, რომ სასმელი წყურვილსაც კლავს და შიმშილის გრძნობასაც აქრობს, ჭამა კი მხოლოდ გვაწყურებს, რატომაა საუკეთესო ღვინო ჭურჭლის შუა ნაწილში, ზეთი თავზე, თაფლი კი ფსკერზე, რატომ არ უნდა ავალაგოთ სუფრა, როგორი მუსიკა ჯობია ნადიმისას, ვითათბიროთ თუ არა საქმეზე ღვინის თანხლებით, რომელ ხელში დაჭრა აფროდიტე დიომედემ, რატომ არ გვჯერა შემოდგომის სიზმრების და მრავალი სხვა.

ნადიმებზე საუბრისას პლუტარქე პირველივე აბზაცებში დიონისესთან ერთად მუზებსა და ნიმფებსაც ახსენებს, რაც არამხოლოდ თრობას, ძღომას და ორგიასტულობას გულისხმობს, არამედ ხელოვნებისა და დიალოგის, საუბრის, ფილოსოფოსობის აუცილებლობაზეც მიანიშნებს. წიგნის დასაწყისი მთლიანად ამ თემას ეძღვნება. ხან ორაზროვანი, ხანაც პირდაპირი მინიშნებებით, ციტატებითა თუ ენობრივი თამაშებით პლუტარქე სუფრის აღმზრდელობით, საგანმანათლებლო თუ შემეცნებით ფუნქციაზე საუბრობს, იმაზე, თუ როგორ შევკვეცოთ თრობის ცუდი მხარეები და როგორ აღვძრად ნაყოფიერი აზრებისთვის თანამეინახენი. თუმცა პლუტარქე იმასაც ხშირად ამბობს, ტვინჩხირკედელობამ ისეც არ უნდა გაგვიტაცოს, რომ ვინმემ წამოგვაძახოს: „კი მაგრამ, რა შუაშია აქ დიონისე?“-ო.

დიდი ადგილი ეთმობა წიგნში წესებს, ნადიმის ტრადიციებსა და სხვადასხვა რჩევას. ერთერთი პირველი წესი სუფრაზე სტუმრების განაწილებას შესახებაა და პლუტარქეს მამა მხედართმთავარს ადარებს მასპინძელს. თუკი მხედართმთავარს ჯარების სწორად განლაგება შეუძლია, სუფრაზეც კარგად მოუძებნის ადგილებს თანამეინახეებსო. აქვე ნახავთ, თუ რომელი ადგილები იყო ყველაზე მეტად დაფასებული ამათუიმ კულტურაში. მაგ. სპარსეთში ე.წ. შუა ადგილი ყოფილა ასეთი, იქ სადაც მეფე იყო წამოგორებული, ელინებთან შუა სარეცლის მარცხნივ, პირველი ადგილი, რომაელებთანაც შუა სარეცელი, ოღონდ ბოლო, საკონსულო ადგილი, პონტოელ ბერძნებთან შუა სარეცლის პირველი ადგილი და ა.შ.

ბევრ საინტერესო წესს ამოვიკითხავთ თავში, რომელიც სიმპოსიარქოსს – ჩვენებურად თამადას – ეძღვნება. პირველი, რაც ძველ თამადას მოეთხოვებოდა, სანდოობა იყო, განსაკუთრებით კი სმაში. ასეთი მხოლოდ ისაა, ვისაც ღვინის ფასი ესმის, გადათრობა კი არ უყვარს. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ თამადა ფხიზლად უნდა იყოს, ბოლოს და ბოლოს, სუფრის უფროსია და არა სკოლისა. ამიტომ, მოსაწყენია ფხიზელი სიმპოსიარქოსი, თუმცა არც გატიალებული თამადა უყვარს ვინმეს. იგი სერიოზულიც უნდა ყოფილიყო და მხიარულიც, არ უნდა დავიწყებოდა, რომ მეგობრებს ხელმძღვანელობს, მეგობრებს მიუძღვება ბაკხურ სიღრმეებში და არა მტრებს ან ქვეშევრდომებს. შესანიშნავი ცნებებიც არსებობს ამ სერიოზულობის და მხიარულების ერთიანობის აღსანიშნავად. მაგ. σπουδογέλοιον ორივე მნიშვნელობას შეიცავს, სერიოზულობასაც და გართობასაც. ეგ კიარა, ხანდახან ფილოსოფიურ განსჯებს პაიდიასაც კი უწოდებენ ხოლმე, ბავშვურ გასართობს. წიგნს ერთი პერსონაჟი ჰყავს, თეონი, რომელიც ამბობს, ყველაზე სასიამოვნო ზღვაოსნობაში ნაპირთან ახლოს ცურვაა და ხმელეთზე სიარულისას კი ზღვასთან სიახლოვეო, ჰოდა სერიოზული და მხიარულიც ისე უნდა შეუნაცვლო ერთმანეთს, რომ მხიარულებისას სერიოზულ თემებსაც ეზიარებოდნენ სუფრის წევრები და სერიოზული საუბრისას იქნება თვალი გართობაზეც ეჭიროთო, ზუსტად ისე, როგორც ზღვაოსანი გაიცქირება ხოლმე ხანდახან ნაპირისკენ.

მხიარული ფილოსოფოსობა კიდევ არაერთხელ შეგვხვდება, აქაც და სხვა წიგნებშიც, როგორც თამადის მნიშვნელოვანი თვისება.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანია თამადამ ყველა თანამეინახის შესაძლებლობა იცოდეს. მოგეხსენებათ, ძვ. ბერძნები გაზავებულ ღვინოს სვამდნენ და როგორც სხვადასხვა ჯიშიდან ან სხვადასხვა მეთოდით დაყენებულ ღვინოს სჭირდება წყლის სრულიად განსხვავებული რაოდენობები გასაზავებლად, ასევე ყოველ ადამიანს სხვადასხვა რაოდენობა ჰყოფნის დასათრობად ან ხასიათზე მოსაყვანად. ყველა სხვადასხვანაირად იტანს ღვინოს და თამადამ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოსო. მაგ. მოხუცები უფრო მალე თვრებიან, ვიდრე ახალგაზრდები, მოწყენილი, აფორიაქებული ან ჩაფიქრებული ადამიანები უდარდელებზე და მხიარულებზე მეტად ბრუვდებიან ღვინით, მგრნობიარეები მშვიდ ადამიანებზე მეტად. ასევე ადრე თვრებიან ისინი, ვინც ზომიერ ცხოვრების წესს მისდევს, განსხვავებით მათგან, ვინც დროსტარებასაა ნაჩვევი.

ნადიმი ყოველთვის თავშეკავებულობითა და დახვეწილობით უნდა გამოირჩეოდეს. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ალკიბიადესავით მოვიქცეთ, ელევსინების მისტერიების პაროდიად და გაპამპულებად რომ აქცია თავისი ნადიმებიო. და რაც მთავარია, სუფრა ისე არ უნდა დატოვო, რომ ერთი ადამიანი მაინც არ განაწყო მეგობრულად შენს მიმართ.

აქ ძალიან ბევრ სასაცილო ტერმინსაც შეხვდებით, ურთულეს კომპოზიტებს. მაგ. κωλυσίδειπνος და ζοφοδορπίδας – ნადიმთმაყოვნებელი, ნადიმის დამაბრკოლებელი, ბნელმონადიმენი, ღამემჭამელები. როგორც ხვდებით, ყველა ეს მეტსახელი მათზეა, ვინც ნადიმებზე აგვიანებს ან გვიან უყვართ ჭამა. აქვეა τρεχέδειπνος – ნადიმმსრბოლი, ნადიმმსწრაფველი, ის, ვინც აგვიანებს და ნადიმზე მიისწრაფის. ცალკე კატეგორიაა ἐπιθυμόδειπνος, ნადიმმსურველი, ის ვისაც ნადიმი სწყურია, ერთი სული აქვს როდის მიატოვებს საქმეს და მონადიმეებს შეუერთდება. მათ ხშირად არც სცალიათ, იციან, რომ დააგვიანებენ ნადიმზე, მაგრამ მაინც არ ეუბნებიან უარს მოწვევაზე, იმდენად უყვართ დროსტარება, და გვიან, მაგრამ მაინც მიდიან სუფრაზე.

აქვე არიან სიცილმქმნელებიც, ხუმარმოქმედნი (γελωτοποιός), რომლებიც ერთგვარი პარასიტოსები არიან (ჩვენებურად, ჩანგალისტები). ისინი ხალხს აცინებენ და ხშირად ფულსაც იღებენ ამაში. აქ ვიგებთ იმის შესახებ, რომ სპარსელი მეფეები თავის სუფრებზე მსახურებს, მცველებს, მონებს, ძაღლებსაც კი პატიჟებდნენ, ყველას, ვისთანაც ოდესმე რაიმე ურთიერთობა აკავშირებდათ. გავეცნობით კამათებს იმის შესახებ, შეიძლება თუარა ჭამა-სმისას თათბირები. მოყავთ არაერთი მაგალითი, ხან კალიმაქედან, ხან ილიადიდან, თუმცა იქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ თათბირზე მთავარია სულელები ჭკვიანებს უსმენდნენო, და დასძენენ, სამწუხაროდ მთვრალზე პირიქით ხდება, სულელები არ ჩერდებიან, გაუთავებლად ლაპარაკობენ და ჭკვიანები იძულებული ხდებიან მათ უსმინონო.

კლასიკურ ლიტერატურაში არაერთ ტექსტში ვხვდებით ცნობებს საუზმის, სადილის და ა.შ. ტრაპეზების სახელწოდებების და სემანტიკის შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე დეტალური აღწერა ამ მხრივ სწორედ პლუტარქესთან გვაქვს. არის კიდევ ათენეოსის ჩამონათვალიც, რომელსაც ერთ-ერთ შემდეგ თავში შევეხებით. აი, მაგ. საუზმე. პლუტარქე ეყრდნობა გადმოცემას, რომ ადრე დილას მხოლოდ გაუზავებელ, წყალუკრავ (ἄκρατος) ღვინოში ჩამბალ პურს ჭამდნენ, რის გამოც საუზმეს ასეც უწოდეს, ἀκράτισμα. კიდევ ერთი სახელია ὄψον, რომელიც ხემსსაც შეიძლება ნიშნავდეს და საკმაზსაც. თუმცა პლუტარქეს ὀψέ-დან გამოჰყავს, რაც „გვიანს“ ნიშნავს და შესაბამისად გვიან სადილს უნდა აღნიშნავდეს. კიდევ არის δεῖπνον (სადილი) და ἄριστον, ისევ საუზმე, რომელსაც მნიშვნელობით აკრატისმასთან აიგივებს პლუტარქე და ეტიმოლოგიურად დილის ნიავიდან და კიდევ რაღაცეებიდან გამოჰყავს, სადილს კი, δεῖπνον-ს, ხან ხსნის ზმნით διαναπαύομαι (შრომის შეწყვეტა, შესვენება), ხან კი διαπεπονημένον-თი (გამომუშავებული).

როგორც ხედავთ, ცოტათი შეგვიტყუა ძველებურმა, ეგზოტიკურმა ეტიმოლოგიებმა, ამიტომ ასეთი წვრილმანებიდან გამოსაღწევად სხვა წვრილმანებზე უნდა გადავინაცვლოთ, რჩევებზე და ტრადიციებზე. მხოლოდ რამდენიმეს შევეხებით. ერთ-ერთი რჩევა, სმის დროს ყვავილების გვირგვინის თავზე დადგმას ეხება და მისი სურნელის დადებით თვისებებს. განსაკუთრებით იები და ვარდები ყოფილა სასარგებლო. სხვა მცენარეებსაც ჩამოთვლიან და ასე ამბობენ, გაუზავებელ ღვინოს  იგი ძალას უკარგავს, თავის ტკივილს მოგიხსნის, ძილს მოგგვრის და ნასმურევზეც უებარი რამეაო.

„ნადიმსიტყვანის“ მონაწილეები სიმთვრალის თავიდან აცილებაზე სხვაგანაც საუბრობენ და ერთ-ერთ ხერხად მიაჩნიათ ყურძნის ტკბილის დამატება ღვინოში. ასე ნაკლებად ათრობსო. კიდევ ერთი ხერხია – ნასვამზე ყურძნის ტკბილის დაყოლება. უკიდურეს შემთხვევაში გული აირიეთ, ძილის წინ კი პური ჭამეთ, თაფლში ამოვლებული პურიო. და საერთოდ, სიტკბო ასუსტებს ღვინის ძალასო.

ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუკეთესო ღვინო ჭურჭლის შუაწელშია, საუკეთესო ზეთი თავზე იკრიბება, თაფლი კი ყველაზე კარგი ფსკერისაა. კიდევ შეგვახსენებენ ისეთ რაღაცეებს, რაც თანამედროვე მეღვინეობაშიც ძალზე აქტუალურია – რომ გარკვეული დროის შემდეგ ღვინის ფსკერზე ლექი დგება, რომელმაც, დიდხანს თუ დავტოვებთ, შეიძლება ღვინო გააფუჭოს, ზედაპირი კი ჰაერთანაა შეხებაში და იჟანგება, თუკი ჭურჭელი (ამ შემთხვევაში πίθος, ჩვენებურ ქვევრს ჰგავს) გადავსებული არააო.

რჩევები შეეხება ნადიმის წესებსაც. ერთგან ასეთ შედარებას ვხვდებით: აუცილებელია მოჭიდავემ ქვიშა დაიყაროს გაცხიმულ ტანზე, მოწინააღმდეგეს ხელი რომ არ აუცურდეს, მოეჭიდოსო. და შემდეგ ამბობენ – სწორედ ასეთი, ქვიშასავით მოსაჭიდებელი, დამაკავშირებელი საწყისია ღვინო და სანადიმო სიტყვა ადამიანებისთვისო.

ამ დამაკავშირებელ საწყისს (ღვინოს) უფრო მეტად ნება-ნება სვამენ, თუმცა ისეთებიც არიან, ვინც მოყუდებით არაკრაკებს სასმელს. არისტოტელე ამბობს, ერთი მოყუდებით რომ სვამს, ის ნაკლებად თვრება, რადგან მათრობელა სითხე უცებ გაივლის სხეულსო. იმ დროში ქალებს ჰყვარებიათ თურმე ასე დალევა და ამიტომაა მათი ფორებიანი სხეული ადვილად ატარებს უცბათ მიღებულ სასმელს, ალკოჰოლი ტვინში საერთოდ ვერ აღწევს და არცა თვრებიანო. მოხუცებს სინოტივე აკლიათ, გამომშრალები არიან, ღრუბელივით იჟღინთებიან და ისე თვრებიან. არადა საწყალი მოხუცები უღვინოდაც მთვრალებივით იქცევიან – კანკალებენ, ბუტბუტებენ, ბევრს ლაპარაკობენ, გულმავიწყობენ, იბნევიან… არავინ ჰგავს მოხუცს ისე, როგორც მთვრალი ახალგაზრდაო – დასძენს სულა, ნადიმის მონაწილე.

წიგნში არაერთ ტრადიციაზე ამოიკითხავთ, დიდი რელიგიური დღესასწაულებით დაწყებული – ცრურწმენებით დამთავრებული. თავიდან ანთესტერიები ვახსენოთ, დიონისეს დიდი დღესასწაული, რომელიც ანთესტერიონის თვის (თებერვალი -მარტი) მე-11 დღეს იწყებოდა. ამ დღეს სინჯავდნენ პირველად ახალგაზრდა ღვინოს და ზეიმს სახელად πιθοίγια ერქვა (თავღია ქვევრების (პითოსების) დღე). ბეოტიაში სხვა სახელს უწოდებენ ამ თვეს (προστατήριος). დღესასწაულზე კეთილ დემონს (ἀγαθῷ Δαίμονι) სწირავენ მსხვერპლს. არსებითად ეს კეთილი დემონი ღვინის ღმერთთან იგივდებოდა და ხანდახან სადღესასწაულო სუფრას გაუზავებელი ღვინის პატარა თასით იწყებდნენ, დემონის პატივსაცემად. სხვათა შორის, ამის გამო გაზავებული ღვინის მოყვარულებს კეთილდემონისტებსაც უწოდებდნენ, აგათოდაიმონისტებს. და კიდევ ერთი დეტალი, ღვინოს მხოლოდ მას შემდეგ სინჯავდნენ, რაც ზეფიროსი, დასავლეთის ქარი დაუბერავდა, რომელიც ყველაზე მეტად ზემოქმედებდა ღვინოზე. თუკი ამ ქარს გადაურჩებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ღვინო კარგი დამდგარა და კიდევ დიდხანს შესანახადაც მზად იყო.

პლატონური ნადიმების შესახებ ამოვიკითხავთ მე-6 წიგნის დასაწყისში, როცა პლატონი ტიმოთეოსს გაუმასპინძლდა თავის აკადემიაში უბრალო ნადიმით. ასეთ ნადიმს არაანთებითი (ἀφλέγμαντος) ნადიმი უწოდეს. მას მშვიდი ძილი მოსდევს, მსუბუქი სიზმრებით, სხეული კი კეთილდღეობაშია და მუდამ მხნედაა. ამაზე ციცერონთან და ელიანესთანაც ვკითხულობთ, რომ პლატონური ნადიმები მეორე დღესაც დიდ სიმოვნებას ანიჭებდა სტუმრებს, ნასმურევობა არავის აწუხებდა და გონებაც გაცილებით საღად ხედავდა ყველაფერს. ბოლოს ავტორი შენიშნავს,  პლატონისთვის და ქსენოფონტესთვის რომ მთავარი საჭმლისა და სასმლის სიუხვე ყოფილიყო, მათი ნადიმები მხოლოდ შემწვარზე და მოხრაკულზე იქნებოდა და არა იმ საუბრებზე, რაც იქ გაიმართაო. ალბათ იგივეს ნიშნავს გამოთქმა „ვჭამე, მაგრამ არ მისადილიაო“. ესაა სწორედ ნადიმის თავისებურება, რომელიც არამხოლოდ ჭამა-სმას, არამედ მთელ ფილოსოფიასაც გულისხმობს, სადაც ზომიერებას განსაკუთრებული როლი აკისრია. ჩვენც ხომ ვიცით, რომ ღვინოს მხოლოდ ისინი აფუჭებენ, ვისაც სიხარბის გამო მისი ზომიერად დალევა არ შეუძლია და ურჩევნია ყველაფერგამოცლილი, მაგრამ არამათრობელა ღვინო სვას დიდი რაოდენობით, ვიდრე ძარღვიანი და მძლავრი – ცოტ-ცოტა. ღვინის ზედმეტად გაფილტვრას, ძალის გამოცლას, გაწყალებას რამდენჯერმე ახსენებენ პლუტარქეს პერსონაჟები, ამისთვის შესანიშნავ ზმნას ქმნის პლუტარქე, რომელიც სხვა ტექსტებში არ გვხვდება და რაც ღვინის დაკოდვას, დასაჭურისებას ნიშნავს (ἐξευνουχίζω). ასეთ ღვინოში აღარაფერი რჩება, ყველაფერი ლექს გადაჰყვება და მონადიმეები იძულებულნი არიან უკბილო, უგულო ღვინით მოიტყუონ თავი.

ვაგრძელებთ ტრადიციებზე საუბარს და გადავდივართ მე-7 წიგნის მე-4 საკითხზე, სადაც ერთი სიძველეთა მოყვარული (φιλάρχαιος), ფლოროსი ამბობს, მთლიანად არ აალაგოთ სუფრა, რაიმე მაინც დატოვეთ მისაყოლებელიო. სუფრაზე ხემსის დატოვება ძველი ტრადიციაა, რომელსაც წინაპრები ყოველთვის იცავდნენ. ეგ კიარა, ღამით ლამპარსაც არ აქრობდნენ, ანთებულს ტოვებდნენ მაგიდაზე. წიგნში აქილევსსაც კიცხავენ, უპურმარილო კაცია და სუფრა ყოველთვის ცარიელი აქვს ხოლმეო. მაგ. აიასი და ოდისევსი რომ ეწვევიან (ილ. 9,206), სახელდახელო არაფერი აქვს ასე დატოვებული და ხორცის მომზადებას იწყებს (ავტომედონი ეხმარება, მენოტიოსი ცეცხლს ანთებს). იგივე ხდება პრიამოსის სტუმრობისასაც, ბოლო თავში (ილ. 24,621). სამაგიეროდ ამ წესს იცავს თავშენახული მეღორე ევმეოსი, რომელიც ტელემაქეს დანახვისთანავე უმასპინძლდება, დასვამს და წინა დღის ხორცს გამოუტანს. ბებიაჩემი ალექსანდრაც (შურა) ასე იქცედა და დედაჩემიც ყოველთვის ტოვებდა რაღაცას სუფრაზე. სოფელშიც, დარჩები უცხო ოჯახში და გათენებულზე აღმოაჩენ, რომ ღამე დიასახლისს წვრილმანი ხემსი დაუდგამს – პური, ყველი, მწვანილი, ბოლოკი, მწნილი, ხილი და სხვ. ბებიაზე გამახსენდა, ერთ-ერთი მონადიმე, ლეუკიოსი წიგნში სწორედ ბებიას სიტყვებს იხსენებს და ამბობს, მაგიდა, სუფრა წმინდა ნივთია, წმინდა ნივთი კი არასდროს არ უნდა იყოს ცარიელიო. თავად ლეუკიოსი აზუსტებს შემდეგ, სუფრა მიწასავითაა, იგი გვკვებავს, ისიც მრგვალია ფორმით და სრულიად სამართლიანად ბევრი ჰესტიას, ოჯახური კერის ქალღმერთის სახელით ამკობდა მიწასო. მართლაც, გეას და ჰესტიას ამ გაიგივების არაერთი მაგალითი გვაქვს კლასიკურ ლიტერატურაში და სხვადასხვა კულტურაში დღესაც ბევრი საკურთხი მაგიდა იშლება მიცვალებულების სულის მოსახსენიებლად. ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ ბებიაჩემი კიდევ 12 წლის მანძილზე ამზადებდა საკურთხის სუფრას, წლების შემდეგ, სადაგ დღეებშიც კი ყოველთვის რაღაცა მოიძიებოდა ამ სუფრებზე სასუსნავი. მათ შორის დამწყები, ყმაწვილი მწეველისთვისაც.

სწორედ ამ წიგნიდან ვიგებთ სხვაგანაც არაერთგზის გაგონილს, რომ ესქილე თურმე მთვრალი წერდა თავის ტრაგედიებს, რომ ალექსანდრე მაკედონელი ხანდახან ბევრს სვამდა, გამოუფხიზლებლად. აქვეა კიროსის დაქადნება ლაკედემონელებთან, რომ ადვილად იტანს ბევრ გაუზავებელ ღვინოს. მითრიდატე ევპატორზე ვკითხულობთ, რომ მას თურმე დიონისეს უწოდებდნენ, ისეთი მაგარი მსმელი ყოფილა (ასე ამბობენ, ყოველ შემთხვევაში პლუტარქეს გარდა აპიანე, ციცერონი და ათენეოსიც ადასტურებენ ამ გადმოცემას). კიდევ ერთი ამბავია მოთხრობილი სახელოვანი მოკრივეს (πύκτης) ჰერაკლიდეს შესახებ. მისი სმის რიტმს და მოცულობას ვერავინ უძლებდა, ამიტომ იგი ზოგს დილას დაპატიჟებდა, ჩაახრჩობდა ღვინოში, ჩაანოკაუტებდა და მერე საუზმეზე მეორე ჯგუფს იღებდა, სადილზე მესამე შემადგენლობას უმასპინძლებდა, ამათაც ყველას მიაწვენდა და ბოლოს საღამოს ნადიმზე ნამდვილ ქეიფს იწყებდა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც რაღაცა ეშმაკობებით იხვეჭდნენ მაგარი მსმელის სახელს. ერთი ექიმი ყოფილა (ტიბერიუს კეისარის ვაჟის, დრუსის მეგობარი), რომელიც თურმე 5 ცალ მწარე ნუშს ჭამდა ქეიფის წინ და შემდეგ მტკიცედ იდგა მთელი სუფრის მანძილზე. ერთხელაც აუკრძალეს ამ ხუთი ნუშის გაღეჭვა და ისე დამთვრალა, პატრონი ვეღარ უცვნია.

ერთი კარგი გამოთქმა გვხვდება წიგნში, აუცილებლად დასამოწმებელი და დასამახსოვრებელი. გადამთვრალ დიდებულს ან გატიალებულ სახელოვან ადამიანს ეტყვიან ხოლმე: „რადროის თერსიტობაა, როცა ბედმა აგამემნონობა გარგუნაო“. სხვათა შორის, ეს შენიშვნა პირველად ალექსანდრეს მამას, ფილიპეს მისცა ერთმა ორატორმა. ფილიპეს უცნაური უნარი ჰქონია, შეიძლება მთვრალი, გათიშული ყოფილიყო, მაგრამ უცებ, საქმე-საქმეზე რომ მიდგებოდა, წამში ფხიზლდებოდა და ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღებაც შეეძლო ღამენათევსა და ნამთვრალევს.

„სანადიმონი“-ში ბევრია კლასიკური ლიტერატურის განმარტებები, კონკრეტული გამონათქვამების, ეპიზოდებისა და ქცევების ლოგიკის ასნა. მაგ, როცა აქილევსი ეუბნება პატროკლეს (ილ. 9,204), „შეაზავე მაგარი სასმელი და თითოეულს თასი აუვსე…“, ამ გამოთქმას სუფრის ყველა მონაწილე სხვადასხვანაირად განმარტავს. ნიკერატოსი ფიქრობს, რომ „მაგარში“ გაუზავებელი ღვინო კიარ იგულისხმება, არამედ ცხელი ღვინო. შემდეგ უარყოფენ ამ იდეას და სხვა რამეს აღიარებენ, თითქოს ფენიქსსა და ოდისევსს, როგორც შედარებით ასაკოვან ხალხს, მაგარი ღვინო ეყვარებოდათ და ამიტომაა ასეთი მიმართვა. კიდევ ბევრ რამეს ამბობენ, ბოლოს კი ასკვნიან, რომ აქილევსი მაინცდამაინც მსმელი არ იყო და სხვასაც კიცხავდა ბევრი სმის გამოო. ერთგან აგამემნონს, ლანძღვისას, „ღვინით დამძიმებულს“ (‘οἰνοβαρῆ’) უწოდებს.

ჰესიოდე გვირჩევდა, ნადიმზე მხოლოდ მეგობრები მოიწვიეო და შესაბამისად იყო ხოლმე განსაზღვრული სუფრის წევრების ვინაობა და რაოდენობაც. ნადიმზე არ უნდა შეკრებილიყვნენ „გრაციებზე“ (ბერძ. ქარიტები) ნაკლებნი (3 იგულისხმება) და მუზებზე მეტნი (9-ნი). შემდეგ ეს რაოდენობები ძალიან კი შეიცვალა, მაგრამ ხშირად კრიტიკის საგანი ხდებოდა უფრო ხალხმრავალი ნადიმები. ასეთ სუფრებს სიმპოსიუმს ვერ ვუწოდებთო, ამბობდნენ ტრადიციონალისტები და ქოროს ადარებდნენ ნადიმს. ქოროში, ყველაზე ბოლოს მდგომ შემსრულებელს უნდა ესმოდეს კორიფევსის, შესაბამისად სუფრაზეც სიმპოსიარქოსის სიტყვები მკაფიოდ უნდა ისმოდეს ყველა თანამეინახისთვის. ამასთან დაკავშირებით კარგი ხუმრობებიც გაისმება. ერთი ამბობს, გუშინ ჩემმა შვილმა ისეთი პურმარილი გაშალა, ანაქსაგორას გამონათქვამის, „ყველაფერი შერეული იყო“ და ჰესიოდეს სიტყვების, „თავიდან იყო ქაოსის“ ზუსტი ილუსტრაცია გამოვიდაო. კიდევ ერთი გამოთქმა გავიხსენოთ –  სადალაქოებს თეოფრასტე მშრალ სიმპოსიონებს უწოდებდა, უღვინო ნადიმებს, რადგან იქ, როგორც წესი, ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ და ამდენი საქმის გარჩევით ეს დაწესებულება ნადიმს ემსგავსებაო.

როგორც პლატონის ჭეშმარიტი მიმდევარი, პლუტარქე ყოველ მეორე გვერდზე ახსენებს თავის დიად წინამორბედს. რამდენიმეს გამოვყოფ ამ მრავალი დამოწმებიდან. მაგ. „ტიმეოსში“ პლატონი ღვინის ზემოქმედებაზე წერს, რომ ღვინო სულს ახურებს და მასთან ერთად, სხეულსაც. აფართოებს ფორებს, საიდანაც ჩვენში სახეები და ფანტაზიები (φαντασιῶν) შემოდიან და ამასთანავე მათ გამოსახატავად სიტყვებსაც ვპოულობთ. ბევრს შემოქმედებითი ბუნება სიფხიზლისას მოდუნებული აქვს, ღვინის დახმარებით კი შთაგონებას იძენენო.

პლატონი ამ პერიოდში იმდენად პოპულარული იყო, რომ ბევრმა ზეპირადაც იცოდა მონაკვეთები მისი დიალოგებიდან. „სანადიმონის“ ერთ-ერთ საუბარში აცალკევებენ პლატონის თხრობით და დრამატულ დიალოგებს და ამბობენ, რომ ამ ე.წ. დრამატულ მონაკვეთებს ახალგაზრდა მონებს აზეპირებინებენ თურმე, რომელსაც სიმპოსიუმებზე ასრულებდნენ, შესაბამისი სამეტყველო და მიმური თავისებურებების გათვალისწინებით. ამაზე დიდი კამათი მიდიოდა იმ დროში. ბევრი დაუპირისპირდა ასეთ წარმოდგენებს, ეს რა ტაკიმასხრობა შეგითითხნიათ პლატონისგანო, თან პლატონი და თან ღვინის სმა ვის გაუგიაო! პლატონის სცენებს შორის სადღეგრძელოების თქმა და ღვინის ყლურწვა უხამსობააო! ეგ კიარა, თუნდაც საფოს ან ანაკრეონის მოსმენისას ღვინით სავსე თასს გვერდზე გადავდგამ და ისე ვისმენ ხოლმეო – ამბობდნენ მავანნი.

კიდევ ერთი ცნება უნდა გავიხსენოთ, ე.წ. „ჩრდილები“, ან „აჩრდილები“, რომლებსაც იმ ადამიანებს უწოდებენ, სხვებს რომ დაუპატიჟებლად დაჰყვებოდნენ სუფრებზე. ამ ჩანგალისტობას, როგორც ზოგი ამბობს, სოკრატემ დაუდო სათავე, როცა არისტოდემოსი დაარწმუნა დაუპატიჟებლად წაჰყოლოდა სტუმრად აგათონთან, ცნობილ ნადიმზე. გახსოვთ ალბათ შემდეგ რაც ხდება პლატონის ნადიმში, თავის ფიქრებში წასული სოკრატე ყოველთვის ჩამორჩება არისტოდემოსს, ხოლო როდესაც არისტოდემოსი ჩერდება და ელოდება მას, სოკრატე მოუწოდებს გზა გააგრძელოს. საბოლოოდ აგათონის სახლში პირველს არისტოდემოსს შეიპატიჟებენ, სოკრატე კი არ ჩანს. ამას ძალზე საინტერესო ინტერპრეტაციას უკეთებენ სუფრის წევრები: „არისტოდემოსი მონადიმეების წინაშე წარსდგება ჩრდილივით, რომელიც სხეულის წინ ეცემა, სხეულის უკან კი სინათლის წყაროა“. ეს სინათლის წყარო, სოკრატე კიდევ დიდხანს არ გამოჩნდება სუფრასთან, მხოლოდ შუა ვახშმობისას შემოანათებს.

ფილოსოფიურ დიალოგებთან ერთად განსაკუთრებული თემაა კლასიკური ნადიმებისთვის მუსიკალური გაფორმებაც. როგორც წესი, სუფრასთან სიმღერითა და ცეკვით ისინი ერთობიან, ვინც ზომიერად დალია, ბოდვა და ლაქლაქი კი გადამთვრალი ლოთის ამბავიაო, ასე იტყოდნენ ამ წიგნის გმირები და ყოველთვის ცდილობენ უაზრო, უნაყოფო ლაყბობა და ფუჭსიტყვაობა კარგი სიმღერით ან მუსიკით გადაფარონ, თუმცა მუსიკაშიც დიდი განსხვავებები იყო და ძალზე მკაცრად არჩევდნენ სანადიმო მელოსებს და შესრულების სტილებს.

ზედმეტად ორგიასტული მუსიკა ნადიმისთვის შეუფერებლად მიაჩნდათ. მე-7 წიგნში ერთი თავი გარყვნილ მუსიკას (κακομουσία) ეძღვნება, სადაც პითიური თამაშების ერთ-ერთი ორგანიზატორის, კალისტრატეს და ვინმე ფლეიტისტის ამბავია მოთხრობილი. ამ ფლეიტისტს დაუგვიანია შეჯიბრებაზე და კალისტრატე, მიუხედავად იმისა, რომ იგი მისი თანამოქალაქე და მეგობარი იყო, იძულებული გამხდარა არ დაეშვა იგი ოფიციალურ ნაწილში და მხოლოდ საზეიმო ნადიმზე მიეცა შესაძლებლობა თავისი ნიჭი გამოევლინა. კონკურსს მიღმა დარჩენილმა ფლეიტისტმა დაკვრა დაიწყო, ოსტატურად შეყავდა, ზომიერად, საქმის ცოდნით, დიდი დახვეწილობით, მაგრამ ნელ-ნელა ეშხში შედიოდა, ნადიმის ხასიათიც იგრძნო, მის რიტმსაც აჰყვა და როცა მიხვდა, რომ მონადიმეთა უმრავლესობა გრძნობათა დასატკბობად მისგან ნებისმიერ გაბედულ სოლოს მიიღებდა და აჰყვებოდნენ, ბოლომდე შეუბერა, დაივიწყა ყველანაირი თავშეკავება და ისეთი მუსიკა აჩვენა, რომელიც ნებისმიერ ღვინოზე მეტად ათრობდა. მსმენელებმა გარეკეს, შეძახილები და ტაქტის აყოლა, ტაში და მსგავსი თანამონაწილეობა საკმარისი აღარ იყო მათთვის. ისინი წამოხტნენ, გავარდნენ სუფრიდან და მუსიკის შესაფერისი ტანგრეხვით ჩამოუარეს ფერხული. ასეთი ღია ორგიაზმის შემდეგ დიდი უხერხულობა ჩამოწვა სუფრაზე და ბევრი კიცხავდა ენთუსიასტების საქციელს. არადა როგორ ერთ აბზაცში დაიხატა მარადიული სურათი, ყველა დროისა და ეპოქის მუსიკას რომ მოუხდება, აღმოსავლეთშიც, დასავლეთშიც და ველურ დასავლეთშიც. ეგაა ჯაზიც, განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ცეცხლოვანი შტო, ბიბოპი. ეს ფლეიტისტი ხომ  ერიკ დოლფია, დიადი ავლეტიკოსი, ამ ძველი სტრიქონებიდან გადმოპარული, ანდა ჩიორა, მონკი, მისი დატეხილი რიტმითა და უეცარი წამოხტომებით, უცნაური საცეკვაო ილეთებითა და შეპყრობილობით. ყველას რა ჩამოთვლის.

ასეთ რაღაცეებზე სხვაგანაც არაერთხელ საუბრობენ მონადიმენი და იხსენებენ სიტუაციებს, როცა ღვინოზე უფრო მეტად მუსიკა, სიმღერისა და ფლეიტის (αὐλός) ხმები ათრობდათ და ატყვევებდათ. მუსიკას განსაკუთრებული ძალა აქვს და იგი სულის არამხოლოდ სხეულებრივ ბუნებას ეხება, არამედ განსჯასთან და გონებასთანაცაა კავშირში. იქვეა: თუკი სირენების ხმამ ძალიან დაგვატყვევა, მუზებს უნდა მოვუხმოთ ჰელიკონიდან, რათა ეს გიჟური ხმები გადაფაროსო. ან, ვისაც მარტო მიმები და უხამსი სიმღერები უყვარს, ევრიპიდე, პინდარე და მენანდრე უნდა გავაცნოთო და როგორც პლატონი იტყოდა, ზღვის ლექით გამოვსებული ჩამარილებული ყურები სუფთა წყლით უნდა გამოვურეცხოთო. ისევე, როგორც მაგები კურნავდნენ ბოროტი დემონებით შეპყრობილებს და აიძულებდნენ ეფესოს ფორმულები (Ἐφέσια γράμματα) გაემეორებინათ.

ასეთი მიდგომა არ ნიშნავს, რომ სათოფეზე არ უნდა მივეკაროთ მსგავს საცდურებს, ამბობენ „სანადიმონის“ გმირები. მათი აზრით, სასაცილოა ადამიანი, რომელიც სუფრიდან გარბის, როცა საუბარი სიყვარულზე ჩამოვარდება. უბადრუკია ფილოსოფოსი,  ფლეიტის ხმა რომ შიშის ზარს სცემსო.

კიდევ ერთი განსაკუთრებული აბზაცი მაქვს შემონახული მუსიკისა და ღვინის მოყვარულებისთვის. ერთ პატარა თავში, სადაც პლუტარქე და მამამისი საუბრობენ, სამგლოვიარო სიმღერაზე, გოდებაზე (θρηνῳδία) და ფლეიტის დამკრძალავ ხმაზე ჩამოვარდება სიტყვა. ამ ტიპის მუსიკაზე ისინი ამბობენ, რომ იგი სულს გლოვაში ძირავს, ცრემლებს გვადენს, მაგრამ თანდათანობით ეს განწყობა მსუბუქი ხდება და სევდიან სინანულში გადაიზრდება. მამა-შვილი ღვინოსთან ავლებენ პარალელს და ასკვნიან, რომ ასევე მოქმედებს ღვინოც: მას შემდეგ რაც იგი აღაგზნებს ყველაზე აღგზნებად ნაწილს სულისას (θυμοειδής), შემდეგ ფიქრებს ალაგებს და მათ სიმშვიდეში მიაქცევს.

საინტერესოა ასევე, რომ დიონისური ჰარმონიიის დიდოსტატები ღვინისა და წყლის შეზავების სამ ძირითად თანახმიერობას გამოყოფდნენ, როგორც მუსიკაში. კვინტას, ოქტავას და კვარტას. არისტიონს ერთი ძველი ფრაგმენტი მოჰყავს: „დალიეთ ხუთი, დალიეთ სამი, მაგრამ არა ოთხი“. ხუთი ნიშნავს – 2 წილი ღვინო 3 წყალზე, ანუ კვინტა, სამი – 1 წილი ღვინო და 2 წყალი ოქტავაა, ოთხი – 1 წილი ღვინო და 3 წყალი ერთგვარი ეპიტრიტია, ფხიზელი და უგემური განზავება, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო საქმებში გადავარდნილ არქონტებსა ან შუბლშეჭმუხნილ დიალექტიკოსებს თუ შეფერებათ. როგორც ვხედავთ, 2-ის 3-თან შეზავება ყველაზე მუსიკალური ყოფილა, რომელსაც ჯანსაღი ძილი და დარდის განქარება მოსდევს, დაუოკებელი ვნებების დაცხრომა და სიცხადე.

ზემოთ ძირითადად ავლოსზე და ჩასაბერ მუსიკაზე გვქონდა საუბარი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კითარაც განუყოფელი ნაწილია ნადიმისა. სხვათა შორის, სიმებიანებთანაც ისეთივე პრობლემებია, როგორც ფლეიტასთან დაკავშირებით: პლუტარქე თხოვს კითარედებს, რომ სამგლოვიარო, პირქუში სიმღერები ამოიღონ რეპერტუარიდან და სადღესასწაულო, საზეიმო მელოსები ჩასვან. ფლეიტაზე კი ამბობს, ავლეტიკა ზომიერი უნდა იყოს, რომ ძალიან ვნებიან და გიჟურ ორგიასტულში არ გადაიზარდოსო. ეს კი ხშირად უარყოფითად მოქმედებს ღვინით აღგზნებულ მონადიმეზეო.

იქვე საუბრობენ თანამეინახენი სანადიმო ცეკვებზეც – რომელი შეეფერება ნადიმს – და კიდევ იმაზე, საჭიროა თუ არა დრამატული წარმოდგენები სუფრასთან, ტრაგედია ან კომედია. მაგ. ძველ კომედიაზე ამბობენ, რომ არ შეეფერება ნადიმს, რადგან პარაბასისი ძალზე სკაბრეზულია ამისთვის და არ გამოდგება, თანაც, როგორც სამეფო სუფრებზე, ყველა მონაწილეს მერიქიფეს მიუჩენენ ხოლმე, ასევე უნდა მიუჩინო ყველა მონადიმეს გრამატიკოსი, რომელიც, თუკი ძველ კომედიას წარმოვადგენთ, განუმარტავს მათ ვინაა ლესპოდიოსი ევპოლიდესთან, კინესიოსი კომიკოს პლატონთან, ლამპონი კრატინესთან, ისინი აუხსნიან მათ ამათუიმ ხუმრობის არსს და ა.შ… ეს კი ნადიმს გრამატიკულ სკოლად გადააქცევსო.

ამ ზღვარის მოძებნა სიამოვნებასა და ტვინის ჭყლეტას შორის „სანადიმონი“-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა. ზედმეტი ფილოსოფოსობა არ უხდება ნადიმს, თუმცა მის გარეშეც წარმოუდგენელია იგი და ისინი, ვინც ნადიმს ფილოსოფოსობას, მსჯელობას გამოაცლიან, მათზე უარესად იქცევიან, ვინც შუქს აქრობენ. არადა ამით ისინი ვერაფერს დააკლებენ გონიერ ადამიანებს. ლამპარი რომ წაიღო და ბნელში დატოვო ისინი, მაინც არაფერი შეიცვლება, ისინი სიბნელეშიც პატივს სცემენ ერთმანეთს და უარესები არ გახდებიან ამით. მათი მამოძრავებელი ძალა მუდამ იქნება ეს ურთიერთპატივისცემა და თავისუფლება, დიონისესაც ხომ გამათავისუფლებელს (Ἐλευθερᾶ) და მხსნელს, შვებისმომგვრელს (λύσιος) ბაკხური სიშლეგის გამო კი არ უწოდებენ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი სულიდან ყველაფერ მონურს იღებს, გვაცლის სილაჩრეს, მოგვაშორებს შიშებს და ეჭვებს და საშუალებას გვაძლევს ერთმანეთთან მართალი და თავისუფალი ურთიერთობა გვქონდეს.

© არილი

Facebook Comments Box