70-იანი წლების დასაწყისში, 1968 წლის მოვლენების ნაბახუსევზე, ორი ფრანგი ინტელექტუალი ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ადეკვატურ ფორმებს ეძებდა. მათ მიაჩნდათ, რომ ამხელა გამოცდილების მიუხედავად, მაინც უძლურნი იყვნენ, რადგან ჯერ კიდევ კარგად არ ჰქონდათ გაცნობიერებული ძალაუფლების არსი.
საქართველოში 80-იანი წლებიდან მოყოლებული მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებასთან და ჩვენთანაც იგივე პრობლემა დგას. ხშირ შემთხვევაში არ ვიცით რა არის ძალაუფლება. ეს „უცოდინარობა“ ათწლეულების მანძილზე ჩემი ბიოგრაფიის ნაწილადაც იქცა და ამიტომ ესეს შესავალი ცოტათი მემუარული იქნება, რადგან იგი „არილის“ და სხვა ლიტერატურული გამოცემების ცხოვრებასაც შეეხება, გამოცემების, რომლებშიც ვმუშაობდი და ვცდილობდი ლიტერატურის საპროტესტო ხაზისთვის თვალი მედევნებინა და შეძლებისდაგვარად უწყვეტად შემენარჩუნებინა.
პირველი პუბლიკაციები ამ თემაზე 1995 წელს მქონდა „კავკასიონში“[1], სანამ „არილში“ გადავინაცვლებდი, 1996 წლის იანვარში. შემდეგ, 1998 წელს „საქართველოს გაზეთმა“ დაიწყო გამოსვლა, სადაც ლიტერატურის გვერდებს ვუძღვებოდი, თან ბიტნიკებით ვიყავი გატაცებული და სტატიაც დავწერე, სახელად „ბიტ-საუკუნის დასასრული“. ამ “უმიზნო და უპროგრამო მეამბოხეებზე“ მაშინ ყველაფერს ვკითხულობდი, რაც შემხვდებოდა, თანაც ქვეყანაში იდეალური პირობები იყო პროტესტისთვის და ამბოხის თემას მუხტი არასდროს აკლდებოდა.
2001 წელს გადავწყვიტე უფრო დამეკონკრეტებინა თემა და „არილში“ მთელი თემატური ბლოკი გავაკეთე, სახელად „ამბოხი“ და პარიზის 1968 წლის მოვლენებს მივუძღვენი. ვთარგმნე ჟან-პოლ სარტრის ინტერვიუ საპროტესტო გამოსვლების ლიდერთან, მაშინ 23 წლის დანიელ კონ-ბენდიტთან, მორის კლაველის პატარა ტექსტი, „ნუ ეძებთ არამზადებს ქუჩებში“ და ფილიპ სოლერსის 1998 წელს, პროტესტის 30 წლის იუბილესთვის დაწერილი პროტო-ბლოგი „იყავით რეალისტები – მოითხოვეთ შეუძლებელი“. აქვე იყო ფრანსუა ტრიუფოს მოგონება 1968 წლის კანის ფესტივალზე და იმ იზოლაციაზე და გულგრილ ნეიტრალიტეტზე, რასაც დღესაც ბევრს ვხედავთ. წარმოიდგინეთ, კანი, როგორც რაღაც ჩაკეტილი სივრცე, სადაც ყველა მხოლოდ კინოზე ლაპარაკობს, არავის აინტერესებს ახალი ამბები, არც რადიოს უსმენენ, გაზეთებიც იშვიათობაა, მხოლოდ Cahiers du Cinéma თუ გაიელვებს აქა-იქ.
ტრიუფო 1958 წლის 13 მაისსაც იხსენებს, ალჟირის კრიზისის პერიოდის კანს, როცა ფესტივალი ისე გრძელდებოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
1968 წელს კანში პირველ წინააღმდეგობას (ტრიუფო, ლელუში, საურა, გოდარი და ა.შ.) მაშინვე დაუპირისპირდა ადგილობრივი მოსახლეობა და სამართალდამცავები (ისინიც ადგილობრივები), რომლებიც საშინლად გააღიზიანა რეჟისორების პროტესტმა და მშობლიური სიმყუდროვის აგრესიული დაცვა სცადეს.
პუბლიკაციას თან ერთოდა მოვლენების ქრონიკა, 1968 წლის 22 მარტიდან 10 ივლისის ჩათვლით. ნომერი ივნისში გამოვიდა, შემდეგ თვეს, მახსოვს, კანცელარიის წინ აქციებშიც ვიღებდი მონაწილეობას და აქციისთვის ლოზუნგებს ვბეჭდავდი „არილის“ პრინტერზე. მაშინ ინგოროყვას ქუჩაზე ვიყავით, ახლა ის სახლი აღარ არსებობს, სამწუხაროდ.
2002 წლიდან გაზეთ „24 საათში“ კულტურას და ლიტერატურას ვრედაქტორობდი, 2 ყოველკვირეული დამატება გავაკეთეთ, „წიგნები“ და „ლიტერატურა“ და იქაც გაგრძელდა პროტესტის ბუნების კვლევა-ძიება. ცხელი პირველი წლები იყო, რომლებიც 2003 წელს, 23 ნოემბერს დაგვირგვინდა. ამის შემდეგ ცოტა ხნით მოვიწყინეთ, მაგრამ ეს დაღრეჯილობა დიდხანს არ გაგრძელებულა, 2008 წლის ივნისში, ამჯერად უკვე 2007 წლის მოვლენების ნაბახუსევზე „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადის“ N15 გამოვიდა, ასევე პროტესტისადმი მიძღვნილი. ამ დროს სულ ახალი ჩატარებული იყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ნომერში კიდევ ერთხელ გავიმეორე 2001 წელს თარგმნილი ტექსტები, რომლებსაც დაერთო გიორგი ეკიზაშვილის შესანიშნავი პატარა წერილი 1968 წლის მაისზე (იგი მაშინ პარიზში იმყოფებოდა) და მის მიერ შედგენილი მცირე ანთოლოგია, ამ მოვლენებში მონაწილე ფრანგი პოეტებისა. რუბრიკის შემკვრელი იყო მიშელ ფუკოსა და ჟილ დელიოზის საუბარი ინტელექტუალებსა და ძალაუფლებაზე (ლუკა ნახუცრიშვილის თარგმანი), სწორედ ფუკო და დელიოზია ის „ორი ფრანგი ინტელექტუალი“, რომელთა ხსენებითაც დავიწყე წერილი.
მათი ამოსავალი ამ დიალოგში გახლავთ დებულება, რომ ამბოხებულებს უკვე აღარაფერში სჭირდებათ თეორეტიკოსი ინტელექტუალი. „ისინი, ვინც მოქმედებენ და იბრძვიან, აღარ არიან წარმოდგენილნი ვიღაცის მიერ, იქნება ეს რომელიმე პარტია თუ სინდიკატი, რომლებიც, თავის მხრივ, ითვისებდნენ უფლებას, ყოფილიყვნენ ამ ხალხის შეგნება“. მებრძოლები თავადაც კარგად გამოხატავდნენ აზრებს. ერთხელ და სამუდამოდ, ადამიანს ხომ უნდა გაებედა და თავად ესაუბრა თავისი პრობლემების შესახებ, საკუთარი ინტერესების დასაცავად?! აღმოჩნდა, რომ პატიმრებს ციხის, სასჯელაღსრულების და სამართლიანობის შესახებ საკუთარი თეორია ჰქონდათ, მასწავლებლები განათლების თეორიას ამუშავებდნენ, მუშები შრომის ფილოსოფიაზე ალაპარაკდნენ… ჩვენთანაც ხომ ასეა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, როცა დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალაუფლება ისე ადვილად ვეღარ ატყუებს საზოგადოებას და პროფესიონალებს. სულ ბოლო, რაც მახსენდება, მასწავლებლების მიერ მარტივად გაშიფრული ხელფასების ხრიკია, მოქრთამვის მორიგი აქციის გაუქმება.
დავუბრუნდეთ ინტელექტუალებს. მოკლედ, 1968 წელს მათ აღმოაჩინეს, რომ მასებს ისინი არ სჭირდებათ, ცოდნას ხალხი თავადაც მოიპოვებს და ინფორმაციაზე უკვე მათაც აქვთ წვდომა. „მათ ყველაფერი შესანიშნავად, ზუსტად, ინტელექტუალებზე ბევრად უკეთესად იციან და ამას მშვენივრადაც გამოთქვამენ“, ამბობს ფუკო და იქვე დასძენს: „მაგრამ, ამავე დროს, არსებობს ძალაუფლების რაღაც სისტემა, რომელიც აბრკოლებს, კრძალავს და აუძლურებს მათ ამგვარ მეტყველებასა და ცოდნას; ძალაუფლება, რომელიც არა მარტო ცენზურის მაღალ ინსტანციებშია, არამედ საზოგადოების მთელ ქსელში იჭრება ღრმად და ძალზე ეშმაკურად. თავად ინტელექტუალებიც ძალაუფლების ამ სისტემის ნაწილს შეადგენენ; იდეა, რომ ისინი სინდისის, შეგნებისა და დისკურსის რწმუნებულნი არიან, მათ თავად აქცევს ამ სისტემის ნაწილად“.
შეგნება, როგორც ცოდნა, უკვე ხალხის საკუთრებაა და იგი ამ შეგნებით უპირისპირდება ყველაზე უხილავ და ცბიერ ძალაუფლებას. აქ უკვე აღარ დგანან განზე და ჭკუის დარიგების ნაცვლად უშუალოდ მონაწილეობენ მოვლენებში. მათ რეფორმის, გნებავთ, შენებისა და განვითარების ცნებაც (უფრო სწორად, ისინი, ვინც ამ ცნების უკან დგანან) ამხილეს უაზრობასა და ფარისევლობაში, რადგან ამ რეფორმას შეიმუშავებენ ადამიანები, ვინც „სხვების მაგივრად, სხვების სახელით საუბრის უფლებას იჩემებენ“, ეძებენ შესაფერის მომენტს, რათა ისარგებლონ და თავისი ინტერესების მიხედვით შესთავაზონ საზოგადოებას სიახლეები.
დელიოზი კიდევ უფრო ღრმად მიდის, იგი ამბობს: „საბავშვო ბაღში პატარა ბავშვებს რომ შეეძლოთ ვინმესთვის თავიანთი პროტესტის ან, თუნდაც, კითხვების გაგებინება, ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა განათლების მთელი სისტემის ასაფეთქებლად“. დელიოზის ამ სიტყვებში რუსოს ნაკვალევიც შეიძლება დავინახოთ, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ 1968-დან 3-4 წლის შემდეგაც უკვე ჩანდა ამ პროტესტის პირველი მონაპოვარი და მით უმეტეს ახლა, 56 წლის შემდეგ, გამოჩნდა მისი მნიშვნელობა.
2018 წელს The New York Review of Books-ში კლაუს ლეგევისა და დანიელ კონ-ბენდიტის საუბარი გამოქვეყნდა, რომელიც მაშინვე ვთარგმნეთ „არილისთვის“ და სადაც უკვე ევროპარლამენტარი კონ-ბენდიტი 50 წლის წინანდელ ამბებს სხვების თვალთახედვითაც აფასებს. მას თავისი ერთ-ერთი თანამებრძოლის, ანდრე გლუქსმანის ვაჟის, რაფაელ გლუქსმანის მიერ თავის ჟურნალ Nouveau Magazine Littéraire-ში გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები მოჰყავს, სადაც გამოკითხულთა 60%-ზე მეტი 68 წლის მოვლენებს დადებითად აფასებს, მიუხედავად იმისა, რომ „კონსერვატორთა აზრით, ჩვენმა თაობამ გაანადგურა სკოლის, ქორწინების, ოჯახის ან საზოგადოებრივი წესრიგის ძველთაძველი ინსტიტუტები. გამოკითხულთა ორი მესამედისთვის მისაღები და მოსაწონიცაა დევიზი: აკრძალვა აკრძალულია. მიაჩნიათ, რომ ეს დევიზი ძალზე პოეტურია და მოსწონთ ქვეტექსტი, რომელიც მასში იგულისხმება. ეს ქვეტექსტი მისაღებია მთელი ფრანგული საზოგადოებისთვის“.
იმ წელს ჰანა არენდტიც გამოეხმაურა პარიზის მოვლენებს და თქვა, „ალბათ, მომდევნო საუკუნის ახალგაზრდები ისეთივე ინტერესით შეისწავლიან 1968 წლის მოვლენებს, როგორითაც ჩვენ ვეცნობოდით 1848 წლის რევოლუციის დროს მომხდარ ამბებს“, იურგენ ჰაბერმასის აზრით კი, „ამ მოვლენებმა გამოიწვია გერმანული საზოგადოების „ფუნდამენტური ლიბერალიზაცია“, რის გამოც თვით კონსერვატორებიც კი იძულებულნი გახდნენ, ახლებურად გაეაზრებინათ მრავალი საკითხი და, შედეგად, კონსტიტუციაში ახალგაზრდების უფლებები აისახა“.
იქვე მემარცხენეთა მთელს მაშინდელ სპექტრს ახასიათებს კონ-ბენდიტი (თავად იგი წლების განმავლობაში მწვანეთა პარტიას ეკუთვნოდა): „ჩვენ მემარცხენე ფრთის ლიბერტარიანელები, ანტიკაპიტალისტები და ანტიკომუნისტები გახლავართ. ფრანგმა კომუნისტებმა შექმნეს სხვადასხვაგვარი ექსტრემისტული ფრაქციები, მათ შორის – ოთხი ტროცკისტული დაჯგუფება, ასევე – მაოისტთა ჯგუფები, რომლებიც აკრიტიკებდნენ ლიბერალურ დემოკრატიას, ხოტბას ასხამდნენ ჩინეთის კულტურულ რევოლუციას და თანაგრძნობას უცხადებდნენ ჩრდილო კორეასა და ალბანეთს. ყველა ეს ფრაქცია ებრძოდა საფრანგეთის კომუნისტურ პარტიას, რომელიც პროსაბჭოთა ორიენტაციით გამოირჩეოდა და თავის თავს საზოგადოებრივი წესრიგის გარანტს უწოდებდა. საფრანგეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა ჟორჟ მარშემ 1968 წელს გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია გაზეთ L’Humanité-ში, სადაც აკრიტიკებდა „გერმანელ ანარქისტ კონ-ბენდიტს“, რომელიც თითქოსდა ფრანგი მუშების გაბრიყვებას ცდილობდა. ყველა ხვდებოდა, რომ აქ „გერმანელი ებრაელი“ იგულისხმებოდა, თუმცა მარშეს ეს სიტყვები არ უხსენებია“.
კონ-ბენდიტს და მის თანამოაზრეებს არც ჩე გევარა მოსწონდათ, ქრისტეს სიმაღლეზე რომ აიყვანეს თავის დროზე და, რაც მთავარია, იგი პარიზის მოვლენების ფესვებზეც გულწრფელად ლაპარაკობს: „1968 წლის მოვლენები პარიზში ან ბერლინში კი არ დაიწყო, არამედ – ბერკლიში, შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე, დაახლოებით 1965 წელს. სწორედ აქ გაიმართა პირველი საპროტესტო გამოსვლები ვიეტნამის ომის წინააღმდეგ; აქვე დაიწყო სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა მარიო სავიოს მეთაურობით. <…> დიახ, ამბოხებას ამერიკული ფესვები ჰქონდა, რასაც ევროპელები არ აღიარებენ <…> ამბოხება ამერიკაში, უმთავრესად, შთაგონებული იყო კონტრკულტურის იდეით, რომელიც, ძირითადად, როკ-მუსიკის მეშვეობით ვლინდებოდა <…> 1965 წელს, ნიუპორტის ფესტივალზე, ბობ დილანი ვნახე და მისი ფანი გავხდი. „როლინგ სტოუნზის“ თაყვანისმცემელიც ვიყავი, თუმცა, ბიტლზებსაც ვუსმენდი ხოლმე. გარდა ამისა, მომწონდა შესანიშნავი ფრანგი შანსიონიეები: ჟორჟ ბრასანსი, ჟაკ ბრელი და ჰიუგ ოფრეი. 1968 წელს სტუდენტებთან შესახვედრად პარიზში ჯოან ბაეზი ჩამოვიდა. შეხვედრაზე ორი ათასზე მეტი ადამიანი მოვიდა. ბაეზს სიმღერა არ სურდა – უნდოდა გაგვსაუბრებოდა, მაგრამ მარქსისტ-ლენინელებმა ბაეზს ჭკუის სწავლება დაუწყეს. გავღიზიანდი და დავიყვირე: „გეყოთ, ბიჭებო! ამერიკელებმა, ფაქტობრივად, შექმნეს ფრანგი მემარცხენეების პარტია და ორგანიზაცია „დავთმოთ ალჟირი“.
„ჩემი სწავლა ამით დამთავრდა“, ამბობს კონ-ბენდიტი 1968 წლის მაისის მოვლენებზე. 23 წლის ახალგაზრდა ქვეყნიდან გააძევეს ისე, რომ მან ვერც უნივერსიტეტის დასრულება მოასწრო.
ბოლო ორი წელია გაზაფხულზე საქართველოშიც მსგავსი საფრთხეები ჩნდება, სწავლის პროცესი იშლება, სტუდენტები მთელ ძალებს აქციებზე მიმართავენ. ისინი ლექტორებთან ერთად დგანან, ხანდახან თავად ლექტორებიც მოუწოდებენ მათ ამბოხისკენ, თუმცა არაერთხელ გვინახავს ამ თვეების მანძილზე ლოზუნგები და მოვისმინეთ ზეპირი განცხადებებიც, რომლებშიც ახალგაზრდები სწორედ თავიანთი განათლების მომავალს უკავშირებენ პროტესტს. და ეს, რა თქმა უნდა, ასეც არის, თავისუფლების დაცვის გარეშე ყველანაირი განათლება და სწავლა თუ სწავლება აზრს კარგავს.
სოლერსის მიერ აღწერილი სიტუაცია ცხადია ჩვენსასაც წააგავს[2]. ვითომ ანბანური ჭეშმარიტებებითა და ჯოგური ოპტიმიზმით შეიარაღებული ძალაუფლება საქმოსნებისა და ფარისევლების სამოთხიდან გადმოგვცქერის და გვიკრძალავს აღშფოთებას. აბა, რა მონის საქმეა აღშფოთება, არ შეიმჩნიო სიღატაკე, ფორიაქი, სიკვდილი, რეპრესიები, უსამართლობა. პირიქით, სიტყვა სამართალზე შეგიძლია დასცინო ვისაც გინდა. რომელ სამართლიანობაზე ლაპარაკობ? დამშვიდდით, დამშვიდდით, თორემ… ბოლოს და ბოლოს ქართველი ხალხი ხომ ბრძენია?!
ამასობაში, ამ ფარისევლური გამოთქმის ღეჭვისას ქართველი ხალხი მართლა დაბრძენდა, თუმცა პროტესტის ბუნებაზე თუ გავაგრძელებთ საუბარს, სიბრძნე არასდროსაა ხოლმე ამბოხის წამყვანი ძალა, არამედ, ვნება, გნებავთ, ეროსი. ახლაც ასეა და ყოველთვის ასე იქნება, ნამდვილ პროტესტში ეროსს, აფროდიტეს (ურანიასაც და პანდემოსსაც), სიყვარულს, ვნებას გადამწყვეტი როლი ექნება, ეროსი კი დაუმარცხებელია. უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარაში“ შესაძლოა გახსოვთ დემონსტრაციების ეპიზოდი: „დემონსტრანტების ჯგუფს ხშირად მხოლოდ იმიტომ ავდევნებივარ, რომ ლამაზი გოგო შემინიშნავს მათში, რომელსაც ჩემი წარმოსახვა აუფორიაქებია. ამიტომ დავასკვენი, რომ ჩემი მეგობრებიდან ბევრისთვის პოლიტიკური აქტივობა ერთგვარი სექსუალური გამოცდილება იყო, სექსი კი ვნებაა. მე კი მხოლოდ ცნობისმოყვარეობა მამოძრავებდა“[3].
ძალაუფლებას ორივე გამოუთხრის ძირს, თუ საჭირო გახდა, ეროსიც და ცნობისმოყვარეობაც. რა არის ძალაუფლება? მარქსიზმის კლასიკოსები ამბობენ: ძალაუფლება უპყრია საკუთარი გამორჩენის ინტერესებით განსაზღვრულ გაბატონებულ კლასს. მაგრამ, ამავე დროს, ჩნდება შეკითხვა, რომელსაც ჟილ დელიოზი ასე აყალიბებს: „როგორ ხდება, რომ ხალხი, ვისაც არ აქვს ძალაუფლების მიმართ გამოკვეთილი ინტერესი, მიყვება, ეტმასნება ძალაუფლებას და მისი პატარა ნაგლეჯისთვის მათხოვრობს?“.
არიან ადამიანები, ვინც სხვისი ძალაუფლებით აღფრთოვანდებიან, უხარიათ, როგორ იყენებს ესა თუ ის ხელისუფლება ძალას, როგორ მიერეკება აღშფოთებულებს, ცემს, ასახიჩრებს, ხოცავს მათ. შეიძლება ეს ძალაუფლება მათ ხარჯზეც განხორციელდეს, მათი სიცოცხლეებითაც ისაზრდოოს ამ მონსტრმა, ისინიც მიიღოს მსხვერპლად, ეს მომხრეებიც ჟლიტოს, მაგრამ მათ მაინც სურთ, რომ ძალაუფლება ბოლომდე განხორციელდეს, თავისი ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს.
უკვე ათწლეულებია მიწევს პროტესტზე, რევოლუციაზე და ამბოხზე ფიქრი და ეს ფიქრი არასდროს არაა მარტივი, თუმცა იყო დრო, შედარებით მარტივად ჩანდა ყველაფერი. პირველად მიტინგზე 1988 წლის ნოემბერში წავედი, შემდეგ 1989 წლის აპრილი იყო და ა.შ.
საერთოდ, რა არის პროტესტი? იქნებ სირთულეთა მორევში შესვლაა? თუ გონების (რომელიც მოთმინებაზეცაა ხშირად პასუხისმგებელი) ზეწოლისგან დაცლაა? იქნებ პირიქით, გონება ბოლომდე კონცენტრირდება და შურისძიებას იწყებს ამ დროს? შეყვარებულებს შორის ხდება ხოლმე, როცა ერთი თავის თავში, გნებავთ თავის კომფორტის ზონაშია ჩაკეტილი და ამ დროს მეორე ამუნათებს, რომ უნდა გამოაღწიოს კომფორტის ზონიდან, სოროდან, გათავისუფლდეს, მზის შუქზე გამოვიდეს… ის პირველი, როგორ წესი, ძალიან ბრაზდება ასეთ დროს, იწყება საშინელი დაპირისპირება. პროტესტის გააზრებისასაც იჩენს თავს ეს ბრაზი და საკუთარ თავთან დაპირისპირება, ბრაზი იმის გამო, რომ არ გაცლიან ცხოვრებას, შრომას, შენს გემოზე, მარტოობაში კულტურით უკმაყოფილებასაც კი არ აცლიან.
უილიამ ბლეიკის სიტყვები გამახსენდა: Opposition Is True Friendship, „საპირისპირო ჭეშმარიტი მეგობრობაა“ ან ასე, „დაპირისპირება ჭეშმარიტი მეგობრობაა“. თავის ერთ ლექსს დაარქვა ეს სათაური, „სამოთხისა და ჯოჯოხეთის ქორწინებაში“. შეგვიძლია „წინააღმდეგობაც“ ჩავსვათ „საპირისპიროს“ ნაცვლად. ისე, დედანში უფრო მშობლიურად და აქტუალურად ჟღერს, Opposition Is True Friendship. ოპოზიციაშია ნამდვილი მეგობრობაო! ვთარგმნოთ ასე, თავისუფლად, სახელდახელოდ, დროებით მაინც, მითუმეტეს დღესდღეობით მთელი საქართველო ოპოზიციას მისჩერებია, ხან დასცინის, ხანაც გულშემატკივრობს მას.
სხვათა შორის, საინტერესო საკითხია, გვაქვს თუ არა უფლება ირონიით შევხედოთ პროტესტს, ვაკრიტიკოთ იგი. ცხადია, არავინ დავობს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური წინააღმდეგობა სულ იმსახურებს ხოლმე ირონიას, ისეთებს ვისმენთ შიდა დაპირისპირებებზე, გავლენებზე, სიებზე და თანამდებობების მომავალ გადანაწილებაზე. მაგრამ ახალგაზრდულ პროტესტთან დამოკიდებულებაში როგორაა საქმე? ჩემი აზრით, ყველაზე ჯანსაღი და გულახდილი სწორედ მათი პროტესტია. მათი და საზოგადოების ყველა იმ წევრის პროტესტი, ვინც პასუხისმგებლობაზე და ძალისხმევაზე ამყარებს თავის არსებობას და, შესაბამისად, საკუთარი თავის მიმართაც მომთხოვნია და სხვასაც შეარყევს თუ საჭირო გახდა.
1968 წლის „კლასიკოსები“ ამბობდნენ, მთავარია, დაინგრეს მითი იმის შესახებ, რომ „ამ რეჟიმს ვერ გაუმკლავდები“. კონ-ბენდიტიც ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ რევოლუციები უეცრად, ერთ დღეში არ ხდება, პროტესტს მყისიერი შედეგი არ მოაქვს, არამედ მხოლოდ თანდათანობით შეიძლება სიტუაციის შეცვლა. არის პერიოდები, როდესაც უმართაობა იძლევა წინსვლის შესაძლებლობას, მისით მოიპოვებ უპირატესობას, თვითორგანიზება გადამწყვეტია ასეთ დროს, არავინ გმართავს. ამგვარ სიტუაციაში თავისუფალი ფიქრი და მოქმედება წამყვანი ვნებაა, დგახარ აქციაზე ან აქტიურად მოძრაობ და მხოლოდ საკუთარ წარმოსახვას ენდობი, საკუთარი ადუღებული გონების კარნახს. ჯერ ერთ სპეცრაზმელთან მიაჭრი, შემდეგ მეგობრებს დაუბრუნდები, უცებ პარალელურ ქუჩაზე გადაინაცვლებ, რომ იქაურობასაც შეავლო მზერა. გინდა, გჯერა, რომ დღეს დაასრულებ ამ ამბავს, მაგრამ ამბავი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. დგება მომენტი, როდესაც უნდა გადაეწყო, როგორც ბრძოლის დროს და ასეთ სიტუაციაში მხოლოდ რაღაც წესების გათვალისწინებით უნდა იმოქმედო. ისეც ხდება, რომ პროტესტი შეიძლება პარტიად ან პოლიტიკურ მოძრაობად იქცეს, პროგრამით და მიზნებით. როგორც ამბობენ, ძალაუფლებას ეს უფრო აწყობს, თავიანთ მოედანზე გადმოჰყავთ ამბოხებულები და სრულიად ახალი თამაში იწყება ასეთ დროს. ამბოხებულები უკვე შეისწავლეს, იგი უკვე მართვადი ქაოსია, ჩარჩოებში მოქცეული ანარქია.
ფრანგული 1968 წელი ძალიან პოეტური იყო, გამოჩნდა ლოზუნგები: “სიზმრები რეალურია”, “გადაჭარბებით ახლის გამოგონებას იწყებ”, “ტვინი იმდენჯერ გაიხსენი, რამდენჯერაც ხვანჯარს იხსნი ხოლმე”, “ჩვენს სიგიჟეში წესრიგია”, “იყავით რეალისტები – მოითხოვეთ შეუძლებელი” (ეს ლოზუნგი ყველაზე მეტად მომწონს, ადრეც აღვნიშნე, ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს ეკუთვნით), “რევოლუცია დაუჯერებელია, იმიტომ, რომ ნაღდია”, “პოეზია – ქუჩაში!”, “ძირს სოციალისტური რეალიზმი – გაუმარჯოს სიურრეალიზმს!”, “აკრძალულია აკრძალვა!” და ა.შ. ჩვენთან ცოტა სხვანაირადაა, უკვე გამოცდილი ახალგაზრდობა ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება მოვლენებს, კანონმდებლობის ხარვეზებს, პოლიტიკოსთა ცბიერებას თუ ვირეშმაკობას.
1789 წელს, საფრანგეთის რევოლუციას ბევრი რამ დაემთხვა, 1968 წლის მოვლენებს კი ხშირად არც მიიჩნევენ რაიმე კრიზისის შედეგად ან მასზე რეაქციად. ფრანგები 1968 წელს სულის რევოლუციასაც ეძახდნენ, სადაც გონება შურს იძიებდა ძველი წყენების გამო. ამ წელს ყველგან ყველაფერი დუღდა. „უკონტროლო სტიქიურობით“ ატანილი მიჯნურები ერთმანეთს მისდევდნენ, მათთვის ეს აქტიურობა, პროტესტი, გნებავთ პოლიტიკური მოღვაწეობა, როგორ გითხარით, ეროსის, ლტოლვის ერთ-ერთი სახე იყო, გმირობა, რომელსაც სიყვარული ასაზრდოებდა. სიყვარული კი, ჟორჟ ბატაის სიტყვებით, შეუძლებლის სფეროს მიეკუთვნება. შეუძლებელია ამდენ რობოკოპთან გამკლავება, თუმცა წარმოსახვა და მომავალზე ოცნება ადგილს არ ტოვებს მათთვის, ამ შავი აჩრდილებისთვის. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ მათ შესახებ, რომ ისინიც ქართველები არიან, მათიცაა ეს ქვეყანა, რამდენიც არ უნდა ვუმტკიცოთ გამჭვირვალე ფარებს მიღმა მდგომ ნიღბიანებს უმარტივესი ჭეშმარიტებები, ფიქრი მაინც ამჯობინებს მთლიანად ამოჭრას ისინი საერთო სურათიდან, როგორც ფოტოშოპში, თუმცა მცირედი უყურადღებობა და რეალობა ისევ მარტივად დააბრუნებს მათ უკან, ერთი უბრალო undo-თი. ბევრი ასეთი undo გვინახავს 33 წლის მანძილზე.
33 წელი მხოლოდ მოკლე მონაკვეთია ერთი დამოუკიდებელი ქვეყნის ცხოვრებაში, არადა ამ, ბოლო დამოუკიდებლობამდეც მრავალი პროტესტი და თავდადება ვიცით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა. საქართველოსაც რომ თავი დავანებოთ, მსოფლიო ისტორიაც სავსეა პროტესტით, ხშირად სრულიად უიმედო წინააღმდეგობით, როცა იცი, რომ არაფერი გამოვა, როცა პროტესტის ნიშნად თავს იწვავ ან სულაც, სხვებს ანადგურებ.
1973 წელს შესანიშნავი წიგნი გამოსცა ცნობილმა შვეიცარიელმა ლიტერატურისმცოდნემ, ჟან სტარობინსკიმ, „1789: გონების ემბლემები“, რომელიც საფრანგეთის რევოლუციასა და მის გავლენას შეეხება თანადროულ ლიტერატურაზე და ხელოვნებაზე. ამ წიგნს 14 წლის წინაც მივაკითხე, როცა პოსტრევოლუციური ქართული ლიტერატურის სამანებზე, მიჯნებზე ვაპირებდი წერას და ახლაც, როცა თავად თანამედროვე საქართველოა მიჯნაზე, ზღვარზე, წიგნი ბევრ მნიშვნელოვან რამეს გვეუბნება.
რა კვებავს წლების განმავლობაში პროტესტს და რად იქცევა იგი, საბოლოო ჯამში? რამდენად რევოლუციურად შეიძლება შეიცვალოს სამყაროს აღქმა ასეთი ძვრების შემდეგ, სად უკავშირდება ერთმანეთს რევოლუცია და ესთეტიკა, როგორ ვხედავთ რევოლუციის შემდეგ წარსულის და მომავლის ხელოვნებას, სად ბატონობს წარსული და რა ადგილს იკავებს მომავალი, იყო თუ არა საფრანგეთის რევოლუცია წყალგამყოფი არამხოლოდ ევროპის პოლიტიკურ, არამედ სტილების ისტორიაში, აქვს თუ არა კავშირი რევოლუციური მოვლენების სტილს იმ დროში შექმნილი ნაწარმოებების სტილთან? რა ძირითადი ნიშნებით, მეტაფორებით ხასიათდება ეს გარდამტეხი პერიოდის ლიტერატურა და ხელოვნება?
ეს და ბევრი სხვა კითხვა ჩნდება სტარობინსკის წიგნის კითხვისას. იგი თავიდანვე ამბობს, რომ “რევოლუციები მაშინვე ვერ ქმნიან მხატვრულ ენას, რომელიც ახალ პოლიტიკურ წყობას შეესაბამება. კიდევ დიდხანს რჩება წარსულიდან მემკვიდრეობით მიღებული ფორმები, მიუხედავად იმისა, რომ ძველი სამყარო უკვე დაეცა”. როგორცშემდეგ ავტორი დასძენს, ხელოვნებას უფრო მეტად ცივილიზაციის მდგომარეობის გამოხატვა შეუძლია, ვიდრე მკვეთრი შემობრუნების, ქარტეხილის აღწერა.
ხანდახან გაიგონებთ, რომ ხელოვნება და ისტორიული მოვლენა ერთმანეთის განმარტებას იძლევიან, თუნდაც ისინი წინააღმდეგობაში და დაპირისპირებულ მდგომარეობაში იყვნენ, მაინც ურთიერთახსნის რეჟიმში არიან, თუმცა, სტარობინსკის აზრით, მოვლენისა და ხელოვნების ამ დაახლოების პროცესში უპირატესობას ყოველთვის მოვლენა მოიპოვებს, რადგან სულ ამ მოვლენასთან მიმართებაში განიხილავენ ხელოვნების კონკრეტულ ნაწარმოებს.
ზემოთ ვთქვი, რომ 1789 წელს საფრანგეთის რევოლუციას ბევრი მოვლენა დაემთხვა და სწორედ ამან გამოიწვია ძვრები. რომელი წიგნიც არ უნდა გადაშალოთ ამ დიადი ხდომილების შესახებ, ყველგან იპოვით თავებს ან აბზაცებს გვალვებზე, ყინვებზე, 1788 წლის 13 ივლისის სეტყვაზე და სხვა უბედურებებზე და ხშირად ისინი არ აღიქმებიან, როგორც სტიქიური უბედურება, ღვთის რისხვა და ა.შ. არამედ როგორც გარდაუვალი სოციალური კატასტროფა. ძალაუფლების, არისტოკრატიის გამფლანგველობა, უყურადღებობა და ზერელობა იქცევა კატასტროფად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოვლენებს სიმბოლური წაკითხვები მოჰყვება, რომლებიც სახელმწიფოს და საზოგადოებას დაუკავშირდება და ცვლილებების გამომწვევი გახდება. ლპობამდე მისული ძალაუფლება კი რეფორმების, ფილანთროპიისა და აღორძინების ბოდვებში შეტოპავს და ამით კიდევ უფრო აშკარას გახდის კრიზისს.
ბოლო წლების მანძილზე ჩვენც არაერთი ასეთი სტიქიური უბედურება დაგვატყდა თავს, მდინარე ვერეს წყალდიდობა, კოვიდი, შოვის ტრაგედია და სხვ. თუმცა ჩვენთან ამ სიმბოლურმა წაკითხვებმა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ იმუშავა და იმის ნაცვლად, ტრაგედიისთვის დანაშაული დაგვერქმია, ისევ ისე, ღვთის რისხვის წრეში დავტრიალდით. რუსული კანონის მიღება მაინც ხომ არაა სტიქიური უბედურება, ღვთის რისხვა, ბუნებრივი მოვლენა? აქ მაინც ხომ ჩანს აშკარად ადამიანის, ადამიანების ხელი, ხელები და ამ ხელებით ჩადენილი დანაშაული?
სტარობინსკი რევოლუციამდელ, რევოლუციის პერიოდის და პოსტრევოლუციურ მხატვრულ ენაზე გვესაუბრება და ეხება არქიტექტურას, მხატვრობას, მუსიკასა და ლიტერატურას. ცალკე თავები ეძღვნება მოცარტს, დავიდს, გოიას, ფიუსლის, კანოვას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავია „რევოლუციის მზიური მითი“, სადაც ვკითხულობთ, რომ 1789 წლისთვის სინათლის, მზის მეტაფორები გახდა წამყვანი. აქ ძველი წესრიგი სიმბოლური რედუქციის წყალობით შავი ღრუბლის სახით წარმოგვიდგა, როგორც მსოფლიო კატასტროფა, თუმცა მასთან ბრძოლის მიზანი, იმავე სიმბოლური ენის თანახმად, გამონათებაა, სინათლის აღმოცენება ამ ბნელიდან. ზოგადად ცეცხლი და რევოლუცია XIX საუკუნიდან მოყოლებული მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს ფილოსოფოსების ენაში, სოციოლოგიაში, უტოპიის კვლევებში. ასეთი ტერმინიც გვაქვს, პოლიტიკური პირომანია. ცხადია პრომეთე (ზოგი იტყვის, „ჩვენი პრომეთე“) ამ მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი წინამორბედი პერსონაჟია.
მონარქიული წყობის ლპობა დაღუპვისკენ ლტოლვაში გამოიხატება. ასეთ ლტოლვაში ასრულებენ ცხოვრებას ისეთი ემბლემური პერსონაჟები, როგორც მაგ. დონ ჟუანი ან შოდერლო დე ლაკლოს ვალმონი, თუმცა მათი თვითგანადგურების მიუხედავად, განახლების, ხელახლა დაბადების ვნებაც შეინიშნება. შესაძლოა ზოგიერთი ამ ორივე ვნებით იყოს შეპყრობილი, დაღუპვითაც და განახლებითაც ან ერთი და იმავე გიჟურ მიდრეკილებას გარეგნულად საპირისპირო საზრისებით ავსებდნენ, ერთი მხრივ, სრული ნგრევით და, მეორე მხრივ, აღმშენებლობითი მისწრაფებებით. და მართლაც, ხანდახან ადვილად შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ ერთი და იმავე ენერგიას, ერთი და იმავე რადიკალიზმს შეუძლია ემსახუროს სიკვდილსაც და აღდგომასაც, განახლებასაც.
აქ, ერთი მხრივ, არისტოკრატიის გარყვნილებას ვხედავთ, რომელიც თვითგანადგურებას სიამოვნებაში და გართობაში ეძიებს, მეორე მხრივ კი, განრისხებული ხალხის დამანგრეველი ენერგიის პირისპირ აღმოვჩნდებით. ამბოხებული ცნობიერება ღამეული ნგრევით დღის სინათლეს, სიკაშკაშეს უხსნის გზას. სემიოტიკის ენაზე რომ ვთქვათ, ნიშნები ადგილებს იცვლიან, თუკი სინათლე და ბრწყინვალება არისტოკრატიის მხარეს იყო, ხალხის მხარეს შიმშილისა და სიღატაკის ბნელი ძალები მოქმედებდნენ, რომლებიც ამ არისტოკრატიის სიხარულთა და სიამეთა ჩრდილოვანი მხარეა. ღატაკთა მღელვარე იმპულსების წყალობით არისტოკრატიის ბრწყინვალება ჭექა-ქუხილის შავ ღრუბლად იქცევა და ამ ორი ძალის შეჯახების ადგილას მაცოცხლებელი, შავი ქაოსი წარმოიქმნება, მეფის მოკვლით და სხვა რეალური თუ სიმბოლური აქტებით, რომელთა სარკულ ანარეკლს წარმოადგენს ახალი ეპოქის კაშკაშა ვარსკვლავი. იგი ამ ქაოსიდან უნდა იშვას. ასეთი რევოლუციური ძალადობის შედეგად იქმნება ერთგვაროვანი, უსაზღვრო სივრცე, ღია ველი, სადაც გონებისა და სამართლიანობის ნათელი უნდა გავრცელდეს ყველა მიმართულებით. ხოლო უსაზღვრო სივრცე და ღია ველი უკვე არქიტექტურისა და მხატვრობის ტერმინებია, ისევე, როგორც სიბნელე და სინათლე და სტარობინსკი დეტალურად იკვლევს ასეთ მეტაფორებს ხელოვნებაში.
კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, ბნელ ძალებზე დაყრდნობით რევოლუცია ამარცხებს ბნელეთს და იწყებს რაღაც ახალს, ჩნდება პრინციპი, სხივმოსილი და გაცისკროვნებული, სიტყვისა და საქმის ენერგეტიკული სისავსით, რომელიც სუფთა დაფაზე, ცარიელ სივრცეში იწყებს ახალი რეალობის მშენებლობას.
იმისთვის, რომ ეს პრინციპი დამკვიდრებულიყო, გავრცელებულიყო და ისტორიაში თავისი კვალი დაეტოვებინა, საჭირო იყო იდეა რაღაც დამატებით ქმედით ძალას შერწყმოდა, რათა გონება არ ჩაკეტილიყო იდეების წრეში და გრძნობით ენერგიებზე ყოფილიყო დაფუძნებული. ასეთ პირობებში შეისხა ფრთები ჟან-ჟაკ რუსოს იდეებმა. იგი უკვე 10-12 წლის გარდაცვლილი იყო. ეს იდეები მარტოობაში იშვა, მაგრამ გავრცელების საოცარი უნარი და ენერგეტიკა აღმოაჩნდა. აზრის ძალა ვნებიან გაქანებას შეერწყა, იდეა და გრძნობა ერთად ამოქმედდა, დოქტრინული განსჯა კი ვნებიან მოწოდებად იქცა. რუსო ყველანაირი ავტორიტეტისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა თანამედროვეებს და მხოლოდ პრაქტიკული გონების იმ მოთხოვნებს აღიარებდა, რომელთა კოლექტიურ გამომხატველადაც საერთო ნება იქცა. ეს ნებაშემდეგ ნაციის, ხალხის ნებად წარმოგვიდგება, ერთიანობად, რომელსაც უდიდესი ძალა და გნებავთ ქარიზმა უმაგრებდა ზურგს.
როცა ჩვენ ვცდილობთ პროტესტი გავიაზროთ და ვწერთ მასზე ტექსტებს, ვაკეთებთ ანალიზს, ცხადია, ამ ანალიტიკურ განსჯებს ვერ ექნება ისეთი ენერგეტიკული დასაყრდენი, როგორიც მაგალითად საფრანგეთის რევოლუციის პამფლეტისტების, ამერიკის 60-იანების პროტესტის სიმღერების, 1968 წლის მოვლენების (მათ შორის პრაღის გაზაფხულის) პროპაგანდისტულ ტექსტებს ჰქონდა. სწორედ ეს ენერგეტიკული რიტორიკაა ის წამყვანი ძალა, რომელიც ბატონდება ამ პერიოდში, სადაც გონების სინათლე, გნებავთ, განათლებული რეფორმიზმი განრისხებული ხალხის ბნელ სტიქიას, მის აფეთქებას უკავშირდება. ასეთ დროში აქტუალური ხდება მოწოდებების და დეკრეტების ენა, მიზნები მარტივდება, გონების რთული სქემები, თეორიის, პრინციპების ენა კარგავს თავის სიწმინდეს და შიშით, ვნებით, რისხვით ივსება. გარკვეულ სიტუაციებში საერთო ნება კონკრეტდება და სეპარატულ, კერძო ნებებად ყალიბდება, ჩნდება ეჭვები, არასანდო ელემენტების გამოვლენის ვნება და შესაბამისად, ძალას იკრებს ტერორი. პრინციპებისა და ნების კავშირი ნელ-ნელა სუსტდება, რევოლუციური ენა კი იღლება და ხევდება, იცვლება სიტყვების მნიშვნელობები (ღარიბდება და ბუნდოვანდება), პრინციპების ფასადს მიღმა კი პირადი ინტერესები და მისწრაფებები ჩნდება. და რჩება ერთად-ერთი ნება, უპრინციპო ან კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებული პრინციპების ნება. გნებავთ, ძალაუფლების ნება დაარქვით მას. ამ ცნებას, ცხადია, უკვე ნაპოლეონის აჩრდილი ადგას თავზე.
ბოლოს „შუაღამის მოცარტზე“ მინდა შევჩერდე, თავზე, სადაც მოცარტის ოპერების ბრწყინვალე წაკითხვა გვხდება და რომელიც ახალი საზრისებით ივსება წიგნს დართულ ბოლო ნაწილში, „განმანათლებლობა და ძალაუფლება „ჯადოსნურ ფლეიტაში“[4].
ავტორი ღამის სცენებზე ამახვილებს ყურადღებას, Cosi Fan Tutte-ში (1790) და „ფიგაროს ქორწინებაში“ (1786). როგორც ზემოთ დამოწმებულ ფორმულაში ვთქვით, ღამეულ ქმედებებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს გამობრწყინება და მზის ამოსვლა, გამონათება. ამ ნიშნით აანალიზებს სტარობინსკი „დონ ჯოვანის“ (1787) ღამის სცენებსაც (კომანდორის მკვლელობა, წვეულება, სასაფლაოს სცენა და დასკვნითი, ქვის სტუმრის სცენა) და ამბობს, რომ ეპოქის დასასრულამდე, ანუ რევოლუციამდე 2 წლით ადრე მაცდუნებლისა და ქვის სტუმრის დაპირისპირება დამატებით მნიშვნელობას იძენდა, რომელიც დონ ჯოვანის ლეგენდის ტრადიციულ ინტერპრეტაციებში მანამდე არასდროს შეგვხვედრია. დონ ჟუანი მფლანგველია, უკიდურესობების ადამიანი, წამიერი და ერთდღიანი გამარჯვებების არსება. მან, როგორც რომელიმე მეფემ ან არისტოკრატმა ზღვარი არ იცის სიამოვნებისას, მისი საქმე ამ ზღვრის გადალახვაა, თუმცა დონ ჯოვანისეული ლტოლვა თავისუფლებისკენ, რევოლუციის მომხრეებსაც აღანთებს. მასთან დაკავშირებით მარკიზ დე სადსაც ახსენებენ. შეგახსენებთ ბოდლერის ცნობილ გამოთქმასაც, რომ რევოლუცია ავხორცმა ადამიანებმა მოახდინეს. დონ ჯოვანი წარმავალი, ძველი სამყაროს თვისებებით ხასიათდება, არადა რევოლუციის სათავეებთან დგას. იგია რევოლუცია რევოლუციამდე, სადაც ძველი მეთოდებით ხდება ახლის მიღწევა, გათავისუფლება. 1787 წლის საზოგადოებას ესმოდა დონ ჯოვანის დამხობის მიზეზები, სიამოვნებების უსასრულო დევნა, როგორც დასასრულისკენ რბოლა, სიკვდილში, დაღუპვაში დანთქმაა. როცა აღარაფერი გაკავებს, სიამოვნებათა და დღესასწაულთა ბრწყინვალებაში უეცრად უფსკრული ჩნდება. თუმცა ისმის კითხვა, დონ ჯოვანის, ამ გარყვნილისა და ლაღი ავხორცის დაღუპვით ვინ იმარჯვებს? ღმერთი (ტრადიციული თეოლოგიის გაგებით)? ახალი საზოგადოების მორალი? თუ ყოვლისმპყრობელი სიკვდილი, რომელიც სწორედ სიამოვნების ბნელ სიღრმეებში აჩენს თავს? დონ ჟუანში სწორედ ეს ორმაგი სახეა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი.
სხვა სიტუაციაა „ჯადოსნურ ფლეიტაში“ (1791). რევოლუცია უკვე მომხდარია და ფინალშიც მზე ანათებს, რომლის წინაშეც უკან იხევენ მონოსტატოსიც და ღამის დედოფალიც. ანუ, როგორც გერმანიის ელჩი საქართველოში იტყვის 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს: Die Strahlen der Sonne vertreiben die Nacht (მზის სხივებმა ღამე განდევნეს). ყველაფერი სამყაროს აღორძინებით სრულდება, ახალი საუკუნის მოსვლით, გამთლიანებითა და ჰარმონიით. განწმენდილ გმირს, ტამინოს, ცოლად მოჰყავს ნათლისა და ბნელის მემკვიდრე, პამინა (მამა – კეთილი ჯადოქარი, დედა – ბნელეთის, ღამის დედოფალი) და ყველაფერს კაშკაშა დღესასწაული აგვირგვინებს.
გოეთე წერდა „ჯადოსნურ ფლეიტაზე“, რომ მისი მრავალნაირი წაკითხვა შეიძლება, რომ მას ბრბოსთვის უბრალო სიხარული მოაქვს, ხოლო განდობილთათვის დიდ საიდუმლოებებს ააშკარავებს. გოეთემ „ჯადოსნური ფლეიტის“ გაგრძელებაც დაწერა, სადაც საკმაოდ შეიცვალა მოცარტისა და შიკანედერის დასკვნითი მდგომარეობა[5].
ბედნიერება, შემეცნება და ძალაუფლება, ესაა, სტარობინსკის აზრით, „ჯადოსნური ფლეიტის“ განმსაზღვრელი სამი ცნება. სიტყვა „ძალაუფლებას“ ბევრჯერ გაიგონებთ ოპერის მსვლელობისას „სიყვარულთან“, „ბედნიერებასთან“ და „შემეცნებასთან“-სთან კავშირში. პირველივე სცენაში ამ „ძალაუფლებით“ კლავს გველეშაპს სამი ქალი და მთელი მოქმედების მანძილზე კიდევ არაერთხელ ჩაერთვება საქმეში ეს „ძალა“. ოპერის ძირითადი კონფლიქტი ღამის დედოფლისა და ზარასტროს დაპირისპირებაა, ბნელისა და ნათლის. პაპაგენო სტიქიურობას განასახიერებს, ვინც თავიდან „ძალაუფლების“ მითვისებასაც კი ცდილობს. ტამინოს და პამინას თავგადასავალი ხელისუფლებაში მოსვლის პირობებზე მოგვითხრობს, სადაც კარგად ჩანს როგორ იცვლება მისი თავდაპირველი უძლურება ფინალური ყოვლისშემძლეობით, როცა სიბნელე, დუმილი და გაურკვევლობა, არცოდნა ცოდნითა და ძალაუფლებით იცვლება. გმირებს სიყვარული და ფლეიტა მიუძღვებათ, ფლეიტა კი ჰარმონიის სიმბოლოა, არა უბრალოდ შეყვარებულთა ჰარმონიული ურთიერთობის, არამედ მსოფლიო ჰარმონიის. ესაა მუსიკის ძალაუფლება, ძალაუფლება, რომელიც დაცლილია სისასტიკისგან. ჩვენს წინაშეა მუსიკის ტრიუმფი. ამ უპიროვნო ძალაუფლების ფილოსოფიური და პოლიტიკური ანალიზი საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს სტარობინსკისთან და სწორედ იგი იქცევა თანასწორობის გარანტად, ქრება პირადი ნება და მის ადგილს მსოფლიო პრინციპი და მისი განმმარტებლები იკავებენ.
ეს განმმარტებლები, მოციქულები ცალკე საკითხია და გარკვეულ საფრთხეებს ისინიც შეიცავენ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნეგატიური პრინციპის, სიბნელის გარეშე ნათელი ფასს კარგავს და ნებისმიერი ესქატოლოგია, ყველანაირი უტოპია მტრის ხატს ქმნის, რათა მისი მეშვეობით ახსნას სირთულეები, რომლებიც საყოველთაო კეთილდღეობისკენ ლტოლვას ახლავს თან[6]. რევოლუციური პერიოდის ყველა დიდი ხელოვანი, სინათლის ტრიუმფის დემონსტრირებისას არასდროს აძევებდა ბოლომდე სიბნელეს. სიბნელე ყოველთვის ბრუნდებოდა[7]. ეს მოცარტმა და შიკანედერმაც კარგად იცოდნენ, რადგან ზარასტროს მსახური მონოსტატოსი ხდება, ბნელეთის წარმომადგენელი (სტარობინსკი „აჩრდილის“ იუნგისეულ ტერმინს იყენებს მასთან დაკავშირებით) და სიბნელის დაბრუნების ამ კანონს ეყრდნობოდა გოეთეც, როცა „ჯადოსნური ფლეიტის“ გაგრძელებას წერდა. კარზე უკვე 1802 წელია, გოეთესთან მონოსტატოსი ტამინოს და პამინას შვილს იტაცებს და ოქროს კუბოში ამწყვდევს, ზარასტრო, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, „ტოვებს თანამდებობას“ და ყარიბობას იწყებს, ჩნდება „ფაუსტის“ მოტივებიც (ჰომუნკულუსი და სხვ.). ბოლოს კი ისევ რაღაც უკუნი ისადგურებს: “Doch uns umgibt / Die tiefe nacht” („უძირო ღამეა გარშემო“).
რა რჩება ამდენი ტრიუმფის, ბრძოლის, გამარჯვებისა და გაურკვევლობის შემდეგ? რჩება ცოდნა, გამოცდილება და ის უნარები, რამაც ყოველ ჯერზე უნდა გააშიშვლოს პირადი ნება და პირადი ძალაუფლებები.
იდეალები გარდატეხამდე იშვება საზოგადოებაში, მანამ, სანამ ცვლილებები მოხდება და სანამ ამ ცვლილებებს კიდევ რაღაც ბუნდოვანი მოვლენები მოჰყვება. ამ იდეალებს უნდა გავუფრთხილდეთ, არ უნდა დავივიწყოთ, საიდან იშვნენ ისინი, რა ენერგიიდან, რა შეგრძნებებიდან და პრინციპებიდან.
საერთო ნების ცნება დღესაც აქტუალურია და ჩვენ ეს ნება ჯერ კიდევ საპოვნელი გვაქვს. ამ ნებაშია ის უმართავი ჰარმონია, რომელმაც მართვადი, მართული ქაოსის უკუნიდან უნდა გამოგვიყვანოს.
[1] უმწიფარი სტატიები ალბერტ შვაიცერზე, პასტერნაკის დევნაზე და სხვ. მანამდე ორუელზეც მქონდა ერთი ტექსტი დაწერილი.
[2] ყველა დამოწმებული ტექსტი ინტერნეტშიც შეგიძლიათ მოიძიოთ, „არილის“ საიტზე.
[3] ხათუნა ცხადაძის თარგმანი იტალიურიდან.
[4] ეს ტექსტი ლექციად წაიკითხა სტარობინსკიმ 1977 წელს, ჟენევაში.
[5] 1919 წელს ჰოფმანსტალმა და რიხარდ შტრაუსმაც შექმნეს ოპერა ამ თემაზე, „ქალი ჩრდილის გარეშე“.
[6] ბლეიკი რევოლუციის ერთად-ერთ ფორმად აპოკალიფსისს მოიაზრებდა.
[7] შდრ. ოთარ ჭილაძის ჩანაწერებში: “პირობას გაძლევთ, პრობლემები არ დაგველევა, ვიდრე ვიცოცხლებთ, ვიდრე ვიცხოვრებთ, ვიდრე გონი შეგვრჩება და, რაც მთავარია, ვიდრე ბრძოლის თავი და სურვილი გვექნება…”.
© არილი