ესე

მალხაზ ხარბედია – შალამოვი და შიმშილი

ალბათ არაერთხელ გვითქვამს ერთმანეთისთვის, „ნუ გეშინია, შიმშილით არ მოვკვდებით“ – დამაიმედებელი სიტყვები, რომელიც უძლურებისა თუ შესაძლებლობების გარდა გარემოს, ღმერთს, მეგობრებს, ნათესავებსა და სხვ. რამეებსაც გულისხმობს. სიტყვები, რომელიც ყოველთვის გარკვეულ თავისუფლებას, ღია მოლოდინს გულისხმობს. მაშინაც ასე ვამბობთ, როცა დახმარებას ველით, როცა გარშემო ადამიანები ცხოვრობენ. მაგრამ როცა სტალინურ გულაგში ხარ და ყველანაირი იმედი უკვე დავიწყებულია, გულაგში, სადაც თავისუფლება აღარ არსებობს, გამქრალია, ასეთ სიტუაციაში სიტყვები „ნუ გეშინია, შიმშილით არ მოვკვდებით“ აზრს კარგავს, რადგან რეალურად მოხვდი ადგილას, სადაც შიმშილით შეიძლება მოკვდე. მეტიც, შიმშილით მოგკლან. შალამოვის მოთხრობების ყველა კრებულს ეს საფრთხე გასდევს, შიმშილით სიკვდილის რეალური საფრთხე. ხშირად მასთან მთავარ თემად იქცევა შიმშილი და სხვა თემებიც, როგორც წესი, შიმშილთან კავშირში იშლებიან.

გულაგში ყველა ადამიანური გრძნობა ქრება – სიყვარული, მეგობრობა, შური, კაცთმოყვარეობა, კეთილშობილება, გულმოწყალება, დიდების წყურვილი, სამართლიანობა. ქრება ხორცის უკანასკნელ ნაჭერთან ერთად, ბოლო გემრიელ ლუკმასთან ერთად ტოვებს პატიმარს ეს გრძნობები. მათ სხეულში მხოლოდ ბრაზი რჩება, რისხვა, ყველაზე ხანგამძლე ადამიანური გრძნობა.

მის მოთხრობებში არაერთხელ შეხვდებით მდგომარეობას, როცა საკვები ზუსტად იმდენ ენერგიას იძლევა, რომ მხოლოდ ბრაზი ასაზრდოოს, ხშირად დათრგუნული, ჩახშობილი ბრაზი. მოთხრობაში „სენტენცია“, რომელიც ნადეჟდა მანდელშტამს ეძღვნება, შალამოვი თავის თავზე ამბობს, სხეულს ძალიან ცოტა სითბო ჰქონდა შერჩენილი, ჩემს ძვლებზე კი ხორცის თხელი ფენა იყო გადაკრული, რაც მხოლოდ ბრაზისთვის იყო საკმარისიო. შემდეგ რაღაც პერიოდის მანძილზე ნელ–ნელა ხორცს იკიდებს მთხრობელი, რადგან ახალ, ნაკლებად მძიმე სამუშაოზე გადაიყვანეს და ბრაზის გარდა კიდევ ერთი გრძნობა ჩნდება, შიში, რომ არ დაკარგოს ეს სამუშაო. შემდეგ შური უბრუნდება პატრონს, გულგრილობაც ბრუნდება. სიყვარული არ ბრუნდება. ვინ იცის, შეიძლება არც არასდროს დაბრუნდეს. სიბრალულის გრძნობაც ბრუნდება, მაგრამ სიყვარული არა. სხვათა შორის, ცხოველებისადმი სიბრალული გაცილებით ადრე ბრუნდება, ვიდრე ადამიანებისადმი.

მწერალი გადასახლების პირველ დღეებს იხსენებს, როდესაც მავთულხლართებიდან უყრიდნენ პურებს ახალ პატიმრებს და ისინი, ნამგზავრი, დაღლილი, მოშიებული „ახალბედები“ ხარბად ჭამდნენ პურს, თუმცა ერთმანეთსაც უტეხდნენ და სთავაზობდნენ, იყოფდნენ ულუფებს. მათ არ იცოდნენ, რომ ამ კეთილშობილ ჩვევას მალე დაივიწყებდნენ. რომ ცოტა ხანში პურის ყოველი ნამცეცისთვის ბრძოლა გახდებოდა საჭირო.

ისევ გრძნობებს დავუბრუნდეთ, დაკარგულს თუ შერჩენილს. მოთხრობაში „შედედებული რძე“ (Сгущённое молоко) შალამოვი წერს, რომ შიმშილისგან შურიც კი ჩლუნგდებოდა და უძლური ხდებოდა, როგორც ჩვენი ყველა სხვა გრძნობა. პატიმრებს ძალა არ ჰყოფნით გრძნობებზე, ძალა არ ჰყოფნით უფრო ადვილი სამუშაოს მოსაძებნად, სასიარულოდ, სარბენად, საჩალიჩოდ, გაკითხვებისთვის და თხოვნებისთვის. შიმშილისგან თავბრუ ესხმით, გულისრევის შეგრძნება აქვს, სხვადასხვა ტკივილი აწუხებთ. ერთმა პერსონაჟმა შეშა დაუჩეხა მოსახლეს და იგი არაფრით გაუმასპინძლდა, წუხილით თქვა, სუპი და პური გოჭებს ვაჭამეთო. ეს ამბავი აგიჟებს ვასკას („ვასკა დენისოვი, ღორების გამტაცებელი“), სულ ამაზე ფიქრობს, გოჭებმა შეუჭამეს სუპი და პური. როგორ მოხდა ეს? ნუთუ შესაძლებელია ასეთი უსამართლობა? ბოლოს ადგება და შეიპარება საკუჭნაოში, ჯერ ხახვის ტომრებს მიადგება, ბურღულის ტომრებსაც აღმოაჩენს და უცებ ხედავს გაყინული ღორებია დახვავებული. ვასკა სიბრაზისგან ღმუის, რადგან ამ ყინულის ლოდებს ნამცეცსაც კი ვერ აცლის. ერთი მთლიანობაა, ყურსაც ვერ აახევ ისე არიან ჩაკირული. ხსნა მალე გამოჩნდება, რადგან იქვე გაყინული გოჭებია, ხვდება, რომ პატარას უფრო მოერევა. ვასკას თვალთ უბნელდება, მეტს ვეღარაფერს არჩევს, მოაგლეჯს ერთ გოჭს ძირითად გროვას და ხელში უკავია, გულში ჰყავს ჩაკრული, როგორც თოჯინა, როგორც ბავშვი და გასასვლელისკენ მიდის, მაგრამ ხალხს ვერაფერს გამოაპარებ. ხალხი გამოეფინება და ვასკას მოსდევს. ვიღაცა ისვრის, ვიღაცა ყვირის, ვასკა კი გარბის, არაფრის დანახვა და გაგონება არ უნდა. გოჭით ხელში ერთ–ერთ დაწესებულებაში შევარდება, ხელს კრავს მორიგეს, გაირბენს დერეფანს და კულტურის განყოფილების გამგის კაბინეტში შევარდება, გაივლის კაბინეტსაც და წითელ კუთხეში გამოიკეტება. კარგად ჩარაზავს კარს, სკამებით და ტრიბუნით ჩახერგავს, ჩაჯდება იატაკზე, მოიმარჯვებს უმ, გაყინულ გოჭს და ღრღნის, ღრღნის… როცა მსროლელების რაზმი გამოიძახეს და კარები შეამტვრიეს, ვასკას უკვე ნახევარი გოჭი ჰქონდა შეჭმული.

გულაგის რაციონსაც შევეხოთ. შალამოვი აღნიშნავს, ოქროს ფხვნილს უფრო მეტს მოვიპოვებდით, ვიდრე შაქრის ფხვნილს გვაძლევდნენ პატიმრებსო. ცხიმი აქ თითქმის არ არსებობს. პური სველია და წებოვანი, კალორიების მთავარი წყარო ბურღულეულია, ასევე თევზი, რომელიც ხორცის მაგიერია – დაჟანგებული ქაშაყი, ცილების ლამის ერთად–ერთი წყარო. ამ ცილების, ცხიმების, ვიტამინების და ა.შ. რაოდენობრივი ნორმები ცალკე ცხრილშია ჩამოწერილი. ეგ კიარა, ნორმა ყველაზე ერთნაირად ვრცელდებია, დაბლებზეც და მაღლებზეც, დიდებზეც და პატარებზეც. მოთხრობაში „შოკური თერაპია“ ავტორი კითხულობს, თუ რატომ არ ითვალისწინებენ ცოცხალ წონას, როცა ცხიმების, ცილების და ვიტამინების ცხრილებს აკეთებენ. ეს საშუალო დოზა მხოლოდ დაბალ, გამხდარ ტიპებს ერგებოდათ. ერგებოდათ, რა თქმა უნდა, ხმამაღალი სიტყვაა, მათ უფრო თავი გაჰქონდათ. მაღლები კი ცუდ დღეში ვარდებოდნენ. ყველაზე ბოლოს „პატარები“ კვდებოდნენ. სამუშაოზეც, დავარდნილ „პატარას“ იშვიათად ნახავდი. სამი კოვზი ფაფა ხომ მარტო მადის აღსაძვრელად თუ გამოადგებოდათ დიდებს. რაც არ უნდა მიჩვეული ყოფილიყავი მძიმე ფიზიკურ შრომას და რაც არ უნდა გამოცდილება გქონოდა, თუ დიდი იყავი, წასული იყო შენი საქმე. ამიტომ უსუსური ინტელიგენტი უფრო დიდხანს ძლებდა, ვიდრე კალუგელი გიგანტი, რომელიც მთელი ცხოვრება მიწას თხრიდა. თუკი მათ ერთნაირი რაციონი ექნებოდათ, აუცილებლად ასე მოხდებოდა. როგორც წესი, პირველები ესტონელები, ლატვიელები და ლიტველები კვდებოდნენ. ზოგი ამბობდა, ეს ბალტიისპირელები რუსებზე გაცილებით სუსტები არიანო, არადა უბრალოდ, უფრო დიდები იყვნენ.

იმისთვის, რომ უკეთ გეჭამა, უკეთ უნდა გემუშავა და პირიქით, უკეთ რომ გემუშავა, უკეთ ან მეტი უნდა გეჭამა. ვინც ნორმას შეასრულებდა, კილოგრამ პურს იღებდა და კიდევ ერთი კილოგრამის ყიდვა შეეძლო მაღაზიაში. თუმცა ნორმის შესრულება წარმოუდგენელი რამ იყო, მიუღწეველი ამოცანა. ამიტომ ზოგიერთებმა ეშმაკობაც მოიფიქრეს. ერთ დღეს ერთი მეორეს ეხმარება, ცდილობს იმ ერთს შეასრულებინოს ნორმა და შედეგად იღებენ 2 კგ. პურს, ამას მიუმატეთ დამხმარესთვის გამოწერილი საჯარიმო 300 გრამი და თითოეულისთვის უკვე ნორმალური ულუფა გამოდიოდა. შემდეგ დღეს პირიქით ხდებოდა და ასე წყვილ–წყვილად ახერხებდნენ ერთმანეთის გატანას. ერთხელ თურმე მთელი თვე ასე ჭამდნენ პურს. აიწყვეს ცხოვრება. თან ათისთავი კარგი კაცი იყო, ხვდებოდა ეშმაკობას, მაგრამ არ იმჩნევდა. აწყობდა კიდეც ასე, რადგან ადამიანები ძალიან არ სუსტდებოდნენ, ყოველთვის ჯანზე იყვნენ, შრომისუნარიანები და შედარებით მხნეები. გამომუშავებაც არ კლებულობდა. ბოლოს ვიღაცამ გაიგო ეს ამბავი და მორჩა ერთმანეთის დახმარება და პურისჭამა.

იმ წლებში ლაგერის შესასვლელებში უზარმაზარი ტრანსპარანტები იყო გამოკრული: “შრომა ღირსების, დიდების, სიმამაცისა და გმირობის საქმეა“. არადა ეს იყო ადგილი, სადაც ფიზიკური შრომის სიძულვილს ასწავლიდნენ. ზოგადად შრომას აძულებდნენ. აქაურ შრომას არანაირი შედეგი არ მოჰყვებოდა. არც მატერიალური სარგებელი, არც მდგომარეობის გაუმჯობესება, არც კათარსისი. არაფერი. ამიტომ ყველა ცდილობდა თავი აერიდებინა შრომისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ „ბლატარებს“ და ათასი ჯურის რეციდივისტებს გამოსდიოდათ კარგად. წლების მანძილზე ცოდნა და გამოცდილება ბევრი დაუგროვდათ პატიმრებს, სად, რომელ სამუშაოზე სჯობდა წასვლა, რამდენკაციან ჯგუფში და ა.შ. მაგრამ ამ ცოდნას იშვიათად იყენებდნენ. მაგ. ყველამ იცოდა, რომ საუკეთესო სამუშაო ისაა, სადაც სულ 2, 3, 4 ადამიანი მიჰყავდათ. 20–40 კაციანი ჯგუფები, როგორც წესი, ყველაზე მძიმე საქმეზე მიდიოდნენ. ხერხებიც ჰქონდათ როგორ მოხვედრილიყვნენ პატარა ჯგუფებში. ამ დროს ყველა დასწრებაზე იყო. სხვათა შორის, დიდ ბრიგადებშიც იყო გამონათებები, როცა მიწაზე სამუშაოდ კიარა ბოსტნეულის საწყობში ან პურის ქარხანაში მიჰყავდათ. ერთი სიტყვით, იქ, სადაც საჭმელი იყო.

გულაგში არაფერი გახარებს. სიხარული და მოსვენება არაფერს მოაქვს. თავიდან ვერ იძინებ, იმიტომ, რომ ფეხები გაქვს გაყინული, მაგრამ დროთა განმავლობაში გაყინული ფეხებითაც ახერხებ ჩაძინებას. ერთი კარგი ცნება აქვს შალამოვს, „სიახლის მყრალი სუნი“, რაც ნიშნავს, რომ ახალ ნივთს რაღაც სიმყრალედ აღიქვამენ. არ შეუძლიათ მისი დანახვა. ღიზიანდებიან. აქ ხეებიც კი შეიძლება გამაღიზიანებელი იყვნენ. მაგ. რომელიმე დაბალი ხე, მზისკენ ტრიალით გატანჯული. ეს ხეები თოკებივით იყვნენ დაგრეხილი ამ ბრუნვა–ტრიალისგან, ამიტომ აღარაფრისთვის ვარგოდნენ. გადახერხავდი, მაგრამ ნაჯახით მისი დაჩეხვა შეუძლებელი ხდებოდა უცნაური ტანის, უსწორმასწორო, დაწნული ქსოვილის გამო. სამაგიეროდ, ხეები ჩრდილოეთში ადამიანებივით კვდებოდნენ და ზოგჯერ ამით იწვევდნენ თანაგრძნობას, ისინი დაწოლილები კვდებოდნენ.

ბანაკში ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები იტანჯებიან. მათ არაფერი ესაქმებათ პროდუქტების მაღაზიებთან, სადაც მხოლოდ ყოფით დამნაშავეებს (бытовик) და რეციდივისტებს შეუძლიათ პროდუქტის ყიდვა. ეს ბევრს მოსვენებას უკარგავს და იმის ნაცვლად, რომ სამუშაოს შემდეგ ნარებზე იწვნენ და ისვენებდნენ, მაღაზიასთან დგანან და შოკოლადისფერ გიგანტურ პურის თავებს, „ბუხანკებს“ აშტერდებიან. თავბრუ ესხმით ამ სურნელისგან და მაღაზიიდან გამოსასვლელადაც ვერ პოულობებ ძალებს. ხანდახან მათ თავი ანგელოსები ჰგონიათ, რადგან ლაგერის წლებით ყველა ცოდვა გამოისყიდეს. და კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს ჩაწვდნენ: ფიზიკურად ძლიერი ადამიანი ყოველთვის უკეთესია ფიზიკურად სუსტზე, მათ უფრო აფასებენ. მეტი შანსი აქვთ ყველაფერში. იგი უფრო ფასეულია და თქვენ წარმოიდგინეთ, ზნეობრივადაც უფრო მაღლა დგას. გულაგში ასეთი სწავლებაა ყოველ შემთხვევაში. ამიტომაცაა გაკვირვებული ვინმე ივან ივანოვიჩი, მოთხრობიდან „მშრალი ულუფა“, რომელსაც საბადოებზე მუშაობის პირველი თვეების მანძილზე პატივს სცემდნენ, მაგრამ ახლა, შედარებით ასაკოვანი და დაუძლურებული, ვერ ხვდებოდა, რატომ იგდებდა ყველა აბუჩად, რატომ წამოარტყამდნენ ხოლმე – ხან მედღევე, ხან დალაქი, განმწესებელი (нарядчик), მამასახლისი (староста), ბრიგადირი თუ მებადრაგე.

პატიმრები (მათ შორის დაუძლურებულებიც) ჩუმ–ჩუმად თავადაც ამზადებენ საჭმელს. ძნელია მას კერძი დაარქვა. შალამოვი წერს, საჭმლის მომზადება პატიმრისთვის ყველაზე გამორჩეული, განსაკუთრებული სიამოვნებააო. შენი ხელით მომზადებული ხომ გაცილებით გემრიელად იჭმება, ვიდრე ყველაზე გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებული კერძი. მათ არაფერი იციან კერძის მომზადებისა, მაგრამ მაინც საოცრებებს ქმნიან, ასე ჰგონიათ. მართალია იმავე ქვაბში ამზადებენ თავიანთ მწირ ულუფას, რომელშიც თეთრეული გამოხარშეს (ტილების დასახოცად), მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ოცნებას იხდენენ.

ისინი ადნობენ თოვლს, ადუღებულ წყალს სვამენ, შეიძლება ერთი ან ორი ქლიავის ჩირი ჩააგდონ და მოხარშონ. ზოგი პურის კანს ხარშავს და ცხელ წყალს აყოლებს, რომელსაც წვიმის და პურის სუნი აქვს. ვიღაცას გაყინული კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლი აღმოაჩნდება – ეს უკვე ბორშია ამხანაგებო. ისინი სულ ერთმანეთის ჭურჭელში იყურებიან, მაგრამ ვინ გაცლის საკუთარი შემოქმედებით ტკბობას ან სხვის ქვაბში ცქერას. ლაგერის უფროსი კოვალენკო და საბადოს „ნაჩალნიკი“ რიაბოვი შემოცვივდებიან, გადმოაპირქვავებენ ყველაფერს და თითოეული ქვაბის ფსკერს გახვრეტენ. არის ქვაბები, ესეიგი ისიც არის, რაც ქვაბში შეიძლება მოამზადო, ეს კი კმაყოფილების ნიშანია, ხოლო კმაყოფილებას ჩვენ არ დავუშვებთ! დაზარალებულები იატაკზე დაყრილს აგროვებენ, ყველა თავის კერძს ჭამს, გუბარევი კომბოსტოს ნაფლეთებს, შალამოვი აზელილ შავქლიავს და სინცოვი – პურის ფაფას. მუჭა–მუჭა ფხეკენ და ჭამენ თავიან კულინარიულ შედევრებს.

კიდევ რას ჭამენ? იჭერენ თაგვებს, ყორნებს, თოლიებს, ციყვებს და მათ მიირთმევენ. თუმცა მანამდე ცოტა ხნით მიწაში მარხავენ, რადგან თურმე სპეციფიკურ გემოს ნებისმიერი გარეული ცხოველი მხოლოდ მიწაში დამარხვის შემდეგ კარგავს. არსებობს დესერტიც, ყველაზე გემრიელი და სასარგებლო. ეს კენკრაა. ზამთრის კენკრა. შალამოვი ასკილს აღწერს ერთიორგან გემრიელად, მოყინულს, გამუქებულს, ასევე წითელ მოცვს, კიდევ უფრო გემრიელს, გადამწიფებულს, მონაყინს, ყინვით ნაფერებს. ლურჯ მოცვს, მტრედისფერი რომ დაკრავს ან ხასხასა ლურჯი ფერისას, მოკუჭულს, დანაოჭებულს, შეჭმუხნილს, როგორც ტყავის ცარიელი საფულე. იგი თავის თავში მუქ, მოლურჯო–მოშავო წვენს ინახავს, ენით აღუწერელი გემოს წვენს. ზამთრის მონაყინ კენკრას სულ სხვა გემო აქვს, მწიფობის პერიოდის კენკრისგან განსხვავებული, როცა უფრო ქორფა და წვნიანია კენკრა. ზამთარში, ყინვებისას გემო გაცილებით დახვეწილი ხდება. პატიმრები კონსერვის ქილაში აგროვებენ კენკრას, ზოგს, მაგ. რიბაკოვს მოგროვებული კენკრა მზარეულისთვის მიაქვს, ის კი სამაგიეროდ პურს აძლევს. შალამოვს ასეთი დამკვეთები არა ჰყავს, ამიტომ პირდაპირ ბუჩქიდან ჭამს კენკრას, ენით აჭყლიტავს სასაზე, კენკრა სკდება და შალამოვი წამიერ ექსტაზში იძირება. კენკრის მოგროვებისას შეიძლება ზონის საზღვრებთანაც გახვიდე, სადაც დაცვა აუცილებლად გესვრით. ერთხელ ასე ესროლეს რიბაკოვს, მოკლული რიბაკოვის შეუვსებელი ქილა კი შალამოვმა აიღო. ალბათ სწორედ მას შეხვდა იმ დღეს შეპირებული პური, ან პურის ნახევარი. ამ მოთხრობაში ბოლოს კიდევ ერთი დეტალია, ვინმე სეროშაპკა, ვინც ისროლა და მოკლა რიბაკოვი, მთხრობელს ეუბნება: „შენთვის მინდოდა მესროლა, მაგრამ არა და არ გადააბიჯე საზღვარს, სვოლოჩ!“

თითქოს ციხის ულუფა წმინდათა–წმინდად ითვლება. მას ბლატარებიც არ გართმევენ, ამ ულუფის დაწერება არ შეიძლება, არაა კარგი საქმე, მაგრამ ლაგერში სხვანაირადაა, აქ ხელსაც მოგაჭრიან თუ მუჭიდან არ გაუშვი პური. ამიტომ პურს წამშივე ჭამენ, არავინ რომ არ წაართვას. როგორია წამიერად 500–600 გრამი პურის გადაყლაპვა? თან მთლიანად ვერ გადაყლაპავ, არც თოლიები ვართ ადამიანები და არც ანაკონდები. უნდა დატეხო და ისე ჭამო, რაშიც ძვირფასი დრო იკარგება, ამასობაში ბლატარებმა შეიძლება ხელიდან გამოგტაცონ პური. არ დათმობ და გცემენ, მოგკლავენ, მაგრამ მაინც წაგართმევენ.

ამანათების ამბავი კიდევ უფრო მძიმეა. ჩამოსულ ამანათებს ყოველთვის ხსნიან და ამოწმებენ. გახსნა მტვრევას გულისხმობს. ავტორს არასდროს დაავიწყდება ამ ფანერების აძრობის, ყუთების მსხვრევის ხმები. ასე ხვდებოდნენ მრავალთვიანი მოგზაურობის შემდეგ ამანათებს, ასე ამტვრევდნენ მზრუნველი ხელით ჩალაგებულ ამანათებს. ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ ყუთი პატრონთან კიარ ხვდებოდა, ჯერ მას იატაკზე ანარცხებდნენ მოხერხებული თანამშრომლები, ანარცხებდნენ ისე, რომ მეორედ დახეთქება არც დასჭირვებოდათ და ყუთებიც სკდებოდნენ, ტკაცანით სკდებოდნენ და მოცვიოდა, იფანტებოდა იატაკზე შაქრის ნატეხები, ჩირი, დამპალი ხახვი, მახორკის დაჭეჭყილი, დაპრესილი შეკვრები. ეს ვითომ შემოწმება იყო. ბევრი რამ იქვე რჩებოდა დაყრილი, ადრესატებს მხოლოდ ნაწილი ერგებოდათ ხოლმე. ერთ–ერთ მოთხრობაში შალამოვის ამანათიც ასე გასკდა და გადმოიყარა შავქლიავის ჩირი, თითქოს ტყავისგან დამზადებული, ელვარე. მაგრამ იგი რომ შაქარს უფრო ელოდა? შაქარი სადაა? თან ეს შავქლიავიც სულ ერთი მუჭაა. იქვე იყო თბილი ჩექმები (ბურკები). რად უნდა ბურკები? რა თავში იხლის? ბურკებს ხომ ან ქურდი წაართმევს, ან ზედამხედველი. ამიტომ ახლა სასწრაფოდ უნდა მოასწროს და გაყიდოს ეს დათბუნული ჩექმები, იყიდოს შაქარი, კილოგრამი კარაქი და კილოგრამი პური.

ამავე სცენაშია, მთხრობელი გაბნეულ შაქრის ნატეხებს უყურებს და ფიქრობს, რომ ეს შაქარია და არა ყინული ან თოვლი, რომელიც ყელში ამოვიდა უკვე. იგი ხელებში კი არ დადნება, არამედ წუწნისას. უყურებს შაქარს და ითვლის რამდენ ხანს ეყოფა ერთი ნატეხი. ზუსტად შეუძლია განსაზღვროს ეს დრო, რადგან მის მდგომარეობაში გათვლებს და მატემატიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მოთხრობაში „მშრალი ულუფა“ სამუშაოდ ტყეში მიდიან და მშრალ ულუფას ატანენ, „სუხოი პაიოკს“ – ბურღულეულს, შაქარს, თევზს, ცხიმებს. ეს ყველაფერი ტომარაშია და როგორც სოსისები, ისეა დაყოფილი თოკებით. ბრიგადის წევრები ყველა თავის ულუფას ინაწილებს, ზოგი აკურატულად ახვევს და ანაწილებს თავის წილს, სხვები კი ბუშლატის ჯიბეებში იყრიან ყველაფერს, მაგ. ბურღულეულს. შაქარს „პორტიანკაში“ ახვევენ, შიდა ჯიბეში მთავარ განძს ინახავენ – სიგარეტის ნამწვებს, „ბიჩოკებს“. ეს ულუფა 10 დღიანია და წარმოიდგინეთ რა საშინელებაა, როცა ამ ერთი ბეწო საკვების მრავალ ნაწილად გაყოფა გიწევს. აქ იწყება შიმშილის მთელი მათემატიკა. თუკი ვიანგარიშებთ, რომ დღეში სამჯერ უნდა ჭამონ, რა თქმა უნდა 30 ნაწილი გამოდის. საუზმე–სადილი–ვახშამი. ზოგი ფიქრობს, რომ ჯობია 20 ნაწილად დაყონ და დღეში ორჯერ ჭამონ. პური მხოლოდ 2 დღის სამყოფი აქვთ, მას ათისთავი ჩაუტანს ხოლმე. მათ უკვე მობეზრებული აქვთ ბარაკის საჭმელი. მობეზრდათ ყოველდღიური ლოცვა იმის შესახებ, რომ სუპი თხამპალა კიარა, სქელი მოიტანონ, რომელსაც წამიერი ხვრეპით კიარა, ნება–ნება, ნელ–ნელა მიირთმევენ. თან რაღაცნაირად უნდა შეირგონ ეს ტყის სამუშაოები, ისინი ხომ დროებით არიან აქ, „კურორტზე“, მალე მათ სხვები შეცვლიან „გამასაჯანსაღებელ სამუშაოებზე“, ისინიც უნდა მოვიდნენ აზრზე, მათაც უნდა „ამოისუნთქონ“.

მალე გაარკვევენ, რომ წამოღებული ბურღული არ ჰყოფნით, რადგან იძულებული არიან მხოლოდ ორჯერ მოხარშონ დღეში, ამიტომ კენკრას და სოკოს აგროვებენ, იჭერენ თაგვებს და ფრინველებს, თუმცა არც ეს ყოფნით და თითო დღეს მარტო პურს ჭამენ. იმაზეც ფიქრობენ, სრული შიმშილობის ერთი დღე ხომ არ გამოვყოთ მეტი ეკონომიისთვისო. შემდეგ ასკვნიან, რომ სჯობს თხელი ფაფა გააკეთონ. ყველაზე მთავარი და კარგი კი ის არის, რომ აქ ოთხივე მეგობრობს და ერთმანეთს არაფერს მოპარავენ, აქ არ არიან რეციდივისტები, ლოთი მზარეულები, ქურდბაცაცა მესაწყობეები, გაუმაძღარი ზედამხედველები. ერთი პირობა იმასაც გაივლებენ გულში, ყველა პროდუქტი ერთიანად ხომ არ შევჭამოთ, დავბრუნდეთ, მოვიხადოთ სასჯელი კარცერში და შემდეგ ისევ გამოვიდეთ სამუშაოდო. მაგრამ არა, ვერ ბედავენ ასეთ თამამ ნაბიჯს, რადგან ბედისწერაში ნებისმიერი ჩარევა, ღმერთების ნების წინააღმდეგ მოქმედება მათთვის უღირსი საქციელი იყო და თან ლაგერის ქცევის კოდექსსაც ეწინააღმდეგებოდა.

ასეთ ბედისწერაში ჩავარდნილები ხშირად ოცნებობენ საკვებზე. მათი სიზმრები, ფიქრები, საუბრები გასტრონომიით ივსება. ჩნდება გასტრონომიული იგავ–არაკები, ნატვრები, ერთიდაიგივე სიზმრები იმაზე, თუ როგორ მოფრინავენ ჭვავის პურის უზარმაზარი თავები და როგორ ჩაუფრენენ ეს „ბუხანკები“ პატიმრებს.

მოთხრობაში „დეიდა პოლია“ მთავარი გმირი ბანაკში სახელმოხვეჭილი მზარეულია. ერთხელაც ავად გახდება და პატივისცემის ნიშნად ამანათებს უგზავნიან პატიმრები. დეიდა პოლია ძღვენს მხოლოდ გემოს უსინჯავს, დანარჩენს კი სანიტარ გოგოებს აძლევს. წევს პალატა # 2–ში და სადილსა და ვახშამს შორის პერიოდში აუცილებლად იწყება ხოლმე რაიმე გასტრონომიული ამბის თხრობა. რომელიმე ავადმყოფი აუცილებლად წამოიწყებს გემრიელ ისტორიას, არა იმდენად მადის გაუმჯობესებისთვის, რამდენადაც მშიერი ადამიანის მოთხოვნილებისთვის, კვებითი ემოციების გასაცოცხლებლად.

სხვათა შორის, ამდენი შიმშილითა და ცუდი საკვებით პატიმრის მუცელი სულაც არაა გაქვავებული და გაუხეშებული. პირიქით, მშიერი პატიმრის გემური მგრძნობელობა დაუჯერებლად ძლიერია და ზუსტი. იგი სადეგუსტაციო ლაბორატორიასავითაა, დეტალებში შეძლებს განსაზღვროს შაქრის რაოდენობა საკვებში, მისი მჟავიანობა, ცხიმიანობა და ა.შ.

ოცნებობენ რომელიღაცა ზღვისპირა ადგილზე მოხვდნენ. იქვეა, კოლიმაზე, მაგრამ მაინც შორსაა მათგან. იქ თევზაობენ, ე.ი. საჭმელია, ნადირობენ, ე.ი. კიდევ ერთხელ საჭმელია. კოლმეურნეობებია – სამგზის საჭმელი! და ირმების ჯოგებიც ჰყავთ – ოთგზის საჭმელი! იქ კეტა და გარბუშა აქვთ. ერთხელაც, სულ ბოლოს, გათავისუფლებისას, ეს ოცნება ახდება, სწორედ ამ ორი ორაგულისებრის, კეტასა და გარბუშაზე თევზაობის პერიოდში ჩადის შალამოვი იქ. ამ თევზით ვერ უმასპინძლდებიან, მარტო თევზის სუპი გვაქვს, ისიც გუშინდელი, ალბათ არ შეჭამო. როგორ არ შეჭამს!

ეს ამბავი გათავისუფლებისას ხდება, თუმცა ერთიორჯერ მცირე შვება პატიმრობისასაც ეწვევა ავტორს. ზემოთ „შედედებული რძე“ ვახსენე, მოთხრობა, სადაც ვინმე შესტაკოვი გაქცევაზე „ეჩალიჩება“ შალამოვს, გეგმასაც წარმოუდგენს, სინამდვილეში კი მატყუარაა, გაქცეულებს როგორც წესი დაცვას ან მდევარს უგდებს ხელში, თვითონ კი სხვაგან გადაჰყავთ, უფრო თბილ ადგილას. შალამოვი მალე ხვდება ჩანაფიქრს და მოითხოვს, ცოტა უნდა მოვძლიერდე, ისე ვერ გავიქცევიო. იქნებ „შედედებული რძე“ მიშოვოო. 2 ქილას დააყუმბარებს მთხრობელი და ბოლოს ეტყვის, გადავიფიქრე „გაქცევაო“. შესტაკოვი რამდენიმეს მაინც დაიყოლიებს. ერთ კვირაში გაიქცევიან, 2–ს მოკლავენ, 3–ს დაიჭერენ და ერთი თვის შემდეგ გაასამართლებენ, შესტაკოვი კი სხვაგან გადაჰყავთ. 6 თვის შემდეგ შეხვდება შალამოვი ამ ტიპს, სუფთად გაპარსულს, გამაძღარს, კუბოკრულ წინდებში. არც კი ესალმება სიამაყით სავსე და შეიძლება ნაწყენიც, იმით, რომ 2 ქილა „სგუშონი მალაკო“ ტყუილად აჭამა პატიმარს.

ძალების აღდგენაზე კიდევ ერთი ეპიზოდი გამახსენდა. შალამოვი იმდენად მისუსტებულია, საავადმყოფოში აწვენენ. მოთხრობა აწონვით იწყება, არავის სჯერა, რომ ადამიანი ასეთი მჩატე შეიძლება იყოს. აწონვას დიდხანს ძილი მოსდევს. ჭამის თავიც კი არა აქვს. გამოღვიძებულს ყველაფერი ერთად დახვდება ლოგინთან, იატაკზე – რამდენიმე დღის საუზმეები, სადილები, ვახშმები. იწყებს თქვლეფას და პურის პატარ–პატარა ნაჭრებს აყოლებს. შენდეგ ისევ იძინებს, ისევ ჭამს და მალე სიარულსაც იწყებს, დადის და ეძებს ადამიანებს, რომლებიც ღეჭავენ, ყლაპავენ, კბეჩენ… პირში უყურებს მათ, და რაც მეტს ისვენებს, მით უფრო უნდება ჭამა.

მოთხრობებში არაერთხელ შეხვდებით განსჯებს კერძის კონსისტენციის შესახებ. მაგ. ლაგერში კოვზებს არ იძლეოდნენ, „ბორტიდან“ ჭამდნენ, მოყუდებით. არც სუპი და არც ფაფა არასდროს ყოფილა ისეთი სქელი, რომ კოვზი დასჭირვებოდათ, თხამპალა იყო და მოყუდებითაც ადვილად იცლებოდა. შემდეგ თითები, პურის კანი და ენა ერთვებოდა საქმეში, მათი დახმარებით ხდებოდა ჯამის მოპრიალება. თუმცა ფსკერისკენ სუპი საკმაოდ სქელი ხდებოდა. ეს საუკეთესო ნაწილი იყო, რომელიც არასდროს ხვდებოდათ პოლიტიკურებს, რადგან ბლატარების ბარაკებში მიდიოდა. ისეთებიც იყვნენ, ვინც მოითხოვდა, რომ ფსკერის სუპი ყველაზე სუსტებისთვის და მშრომელებისთვის დაერიგებინათ. კამათებიც იყო ზედამხედველებს შორის. ექსპერიმენტებსაც ატარებენ, მაგრამ საბოლოოდ ისეთ დასკვნამდე მიდიან, რომ ხალხს ყინვა ამუშავებს და არა კარგი კვებაო.

აი ერთი ასეთი ექსპერიმენტი. აჭმევენ მისუსტებულებს ამ ფსკერის სუპს თუ ფაფას და მებადრაგე უმტკიცებს ოპონენტს, აზრი არა აქვს და ჩაფლავდება შენი ექსპერიმენტიო. მოთხრობის ბოლოს საინტერესო დასკვნაა. ის ადამიანი, ვისაც ეს საცდელი ფსკერის ფაფა აჭამეს, თავს იკლავს და შალამოვი ფიქრობს, ეს იმიტომ მოხდა, რომ ძალა შეიძინა, ძალა და გაბედულება, რომელიც თვითმკვლელობისთვის სჭირდებოდაო. ფაფის ეს პორცია საკმარისი აღმოჩნდა სიკვდილის გადაწყვეტილების მისაღებად, ის ხომ უბრალოდ ნისლში წავიდა, იმის იმედით, რომ ესროდნენ. ასეა, ხანდახან უნდა იჩქარო, რათა სიკვდილის ნება არ დაკარგო ადამიანმა.

„სიკვდილის ნებაზე“ ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოთხრობაა „შერი–ბრენდი“, ოსიპ მანდელშტამის ბოლო დღეების შესახებ. სათაურიც, როგორც ხედავთ, მისი ლექსიდანაა გამოტანილი: მომაკვდავ პოეტს მოშივდება, მაგრამ ახსენდება, რომ სუპი სხვას მისცა. აქვს მხოლოდ ადუღებული წყალი. პური ძალიან დიდი ხნის წინ აიღო. გუშინდელი პური კი მოპარეს. ვიღაცას, როგორც ჩანს, კიდევ ჰქონდა ქურდობისთვის ძალები შემონახული. დილით ფანერის ლანგრებით პურს ჩამოატარებენ. უკვე აღარ განიცდის პურის მოსვლას, ნაჭრებს აღარ არჩევს, არ ადარდებს ყუა შეხვდება (საყვარელი ნაჭერი) თუ სხვა ნაჭერი, აღარ ტირის, თუკი ყუას ვერ პოულობს. აღარ იტენის სურნელოვან ჭვავის პურს, აღარ დნება ეს პატარა ნაჭერი პირში, არ ქრება. აღარ ხდება ეს სასწაული. ხომ არსებობს სასწაულები, ჰოდა აქ, გადასახლებაში ეს იყო სასწაული, თუ როგორ ქრებოდა ენაზე პური, როგორ დნებოდა. უკვალოდ. უცებ მას ხელში პურის ნაჭერი ჩაუდეს, დღიური ულუფა, და მან თავისი უსიცოცხლო თითებით პირთან მიიტანა, პირზე მიიკრა ეს ნაჭერი, ცინგიანი კბილებით ცდილობდა ჩაკბეჩას, მაგრამ კი არ კბეჩდა, კბენდა. სისხლი სდიოდა ღრძილებიდან, კბილები ერყეოდა, მაგრამ ტკივილს ვერ გრძნობდა. ძალით იტენიდა პურს, წოვდა, გლეჯდა, ღრღნიდა. მეზობლები ეუბნებიან, ნუ, სულ ნუ შეჭამ, მერესთვის შემოინახე, მოგვიანებით შეჭამე: „და პოეტი მიხვდა. ფართოდ გააღო თვალები, თან ჭუჭყიანი მოლურჯო თითებით ისევ გასისხლიანებული პური ეჭირა.

  • როდის მერე? – გარკვევით და ცხადად თქვა და თვალები დახუჭა.

საღამოს მოკვდა“.

შალამოვი ბოლოს მაინც შენიშნავს, რომ ეს ისტორია სიკვდილით არ სრულდება, ისევე როგორც არც ერთი სიცოცხლის ამბავი არ სრულდება მხოლოდ სიკვდილით. ამბის ბოლო კი ასეთი იყო, პოეტი კიდევ ორი დღე იწვა მკვდარი თავის ლოგინში, მეზობლებმა მოახერხეს და კიდევ ორი დღის მანძილზე მიცვალებულის ულუფას იღებდნენ. მის წილს ჭამდნენ. მიცვალებული ხელს წევდა, როგორც მარიონეტი და მას პურს უტოვებდნენ: „აქედან გამომდინარე – პოეტი უფრო ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ამას მისი გარდაცვალების თარიღი გვეუბნება – ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია მისი მომავალი ბიოგრაფებისთვის“.

რა თქმა უნდა, შალამოვის პროზაში ასეთი ეპიზოდები არაა ყველაზე დამთრგუნველი და მძიმე. გაცილებით უფრო რთული აღსაქმელია კანიბალიზმის შემთხვევები, ხანდახან მასობრივი კანიბალიზმისაც, რომელსაც მწერალი არაერთგან აღწერს. თუმცა დავანებოთ თავი კანიბალიზმს და გავიხსენოთ მომენტი, როცა მაგ. ქაშაყი ჩამოატარეს ბარაკში. წარმოიდგინეთ, ქაშაყის დღეა და უზარმაზარ ფანერაზე დახვავებული თევზის ნაჭრები მოაქვთ. შუაზე გაჭრილი ქაშაყები. ქაშაყს დილაობით გასცემდნენ, დღეგამოშვებით, ნახევარ–ნახევარს. კალორიების და ცილების რა გათვლები იყო ამ პორციაში, კაციშვილმა არ იცოდა და არც არავის აინტერესებდა ეს სქოლასტიკა. როცა ჩამოატარებდნენ, ყოველი მხრიდან ისმოდა ასობით ადამიანის ჩურჩული – „კუდები, კუდები…“. ორივე ნაჭერს თავისი უპირატესობა ჰქონდა. კუდებში, როგორც ამბობდნენ მეტი ხორცი იყო, მაგრამ თავი სამაგიეროდ მეტ სიამოვნებას განიჭებდა, სანამ ლაყუჩებს გამოწუწნიდი და თავის ქალას გამოაკრიალებდი, თვალებიანად. ქაშაყი გამოუშიგნავი რიგდებოდა და ეს ყველას მოსწონდა. ძვლიან–კანიან–ფარფლიან–შიგნეულიანად ჭამდნენ. ყველაზე მეტად მაშინ განიცდი, მაშინ ნერვიულობ, როცა ფანერის ეს უზარმაზარი ლანგარი გიახლოვდება (ზემოთ მანდელშტამთანაც იყო ამგვარი ეპიზოდი, და საერთოდაც არაერთგანაა შალამოვთან მსგავსი განცდები). ფიქრობ, პატარა რომ შეგხვდეს? გამოცვლა კი არ შეიძლება. ვიღაცას, ვინც ამ თევზს ჭრის, წარმოდგენა არა აქვს, ამ ათგრამიან განსხვავებას რამხელა დრამა შეიძლება მოჰყვეს, ხანდახან სისხლიანი დრამაც. იღებ ნაჭერს და ეფერები, ცდილობ გაიგო, მშრალი ნაჭერი შეგხვდა თუ ცხიმიანი, თუმცა ეს სასწაულის მოლოდინია, რადგან ოხოტის ზღვის ქაშაყი არასდროს არაა ცხიმიანი. თავიდან ჭამა გენანება და ლოკავ, მანამ სანამ ხერხემლის ძვალი არ დარჩება მხოლოდ. შემდეგ ძვლების ღეჭვა იწყება, ნელა, ფრთხილად და სულ მალე ძვლებიც ქრებიან. დგება პურის ჯერი. 500 გრამია მთელს დღე–ღამეზე. როგორც ვიცით, პურს ყველა მაშინვე ჭამს. ასე უფრო საიმედოა, არც არავინ მოგპარავს და ვერც წაგართმევენ. და არც ძალები გაქვს მის დასაცავად. ოღონდ არ უნდა იჩქარო და წყალი არ უნდა დააყოლო. არ უნდა ღეჭო. უნდა წუწნო პური, როგორც შაქარი, როგორც შაქარყინული. შემდეგ უკვე შეგიძლია ჩაის ტოლჩა მოიყუდო. ეს ჩაი არაა, უბრალო თბილი წყალია, რომელსაც ფერი პურის დამწვარი კანით აქვს მიცემული.

პური, როგორც ხედავთ, შალამოვის წიგნების ერთ–ერთი მთავარი გმირია. ისტორიებიც ბევრი აქვს პურთან დაკავშირებული: ერთხელაც სამუშაოდ პურის ქარხანაში წაიყვანენ და ლამისაა შეიშალოს სურნელის გამო, რომელიც ნესტოებს, ტვინს, ყველა გრძნობას აფეთქებს. ერთ–ერთი თანამშრომელი, ოსტატი, ჩაიდანს, ხილფაფიან ჭიქას და დიდ თავ თეთრ პურს მოუტანს. როცა ოსტატი წავა, ცეცხლფარეში გამოჩნდება და იტყვის, რა წუწურაქია, უმაღლესი ხარისხის პურის მოტანა დაენანაო და გავა, ცხელ–ცხელს შემოიტანს, ყველაზე მაღალი ხარისხისას. იმ ძველ, ოსტატის შემოტანილ პურს ღუმელში შეუძახებს და გაიცინებს. ცეცხლფარეში იცინის, პატიმრები კი გაოგნებულები იყურებიან, რატომ შეაგდე, ჩვენ წავიღებდითო. ის პასუხობს: ნუ გეშინიათ, წასაღებადაც მოგცემთო. გადის დრო და მთხრობელს კიდევ დიდხანს დაესიზმრება ცეცხლფარეშის მხიარული სახე და ღუმელში შეგდებული პური. აქ ერთი დეტალია კიდევ. იმდენად უძლურები არიან პატიმრები, რომ პურის „ბუხანკასაც“ კი ვერ ტეხავენ. ცეცხლფარეშს ეკითხებიან, დანა ხომ არა გაქვსო და მას უკვირს, რად გინდათ დანაო და მარტივად უტეხავს პურს. ეცემიან ორთქლიან სასწაულს. ჭამენ. ცხელი ოფლი სდით.

ჭამისას ხშირად ასლოკინებთ და ოფლიანდებიან. ჭამენ ყველაფერს, ცხენებს პარავენ ქერს და ფაფას ხარშავენ. თუ გამოიჭირეს, სჯიან. დღესასწაულებზე ფაფას სუპზე ადრე ჭამენ, პურს კი ცეცხლზე წვავენ ან წყალში ხარშავენ. გაზაფხულობით ხასიათზე მოდიან და ერთმანეთსაც იგდებენ, ხრიკებს უწყობენ სხვა პატიმრებს. დადებენ პურს და როგორც თაგვს, ისე იჭერენ რომელიმე დამშეულს. შემდეგ ცემენ და ამცირებენ. ერთი ხანობა ამერიკული ძღვენიც ჩამოდის, ჩაშუშული ხორცის კონსერვები (ტუშონკა), ძეხვი, სოლიდოლი და სხვ. „დელიკატესი“. გარდა ამისა, შიგადაშიგ ნადირობენ კიდეც. ამ შემთხვევითი ნადირობისას იჭერენ მაგ. კაკაბს და თვითონ არასდროს ჭამენ, უფროსის ცოლს აძლევენ, რომელმაც შეიძლება ცოტაოდენი პური ან შაქარი გაიმეტოს. ასევე უფროსის ცოლს მიართმევენ იხვს, რაშიც შჩის და 2 ნაჭერ პურს მიიღებენ.

უფროსობის რაციონი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. ჯერ ერთი მათ სახლებში (ოთახებში) მთელი ზამთრის განმავლობაში ქათმები და ღორები დაუდით. და კიდევ, არც ერთი უფროსი სპირტის გარეშე დღეს არ გაატარებს. 200 ლიტრიანებით უდგათ ეს სპირტი და ნელ–ნელა თუ ჩქარ–ჩქარა ჩადიან ფსკერამდე. არაყს აქ, ჩრდილოეთში, არავინ კადრულობს. მხოლოდ სპირტი.

განსაკუთრებული თემაა შალამოვთან მოწევა და მასთან დაკავშირებული სიამოვნება. მოწევას ორმაგი დატვირთვა აქვს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ „პერეკური“ დამოუკიდებელ ცნებად ყალიბდება მასთან და შეიძლება საერთოდაც არ იყოს დაკავშირებული თამბაქოსთან და მოწევასთან. „პერეკური“ უბრალოდ დასვენებაა, შესვენება, ხანდახან არც თამბაქოა და არც მახორკა, მაგრამ პერეკურია. სიტყვა „დასვენებაზე, შესვენებაზე“ ტაბუ იყო დადებული, ძალიან ოდიოზურად ჟღერდა, ამიტომ პერეკური ჰქონდათ. საათში ერთხელ დასვენება დანაშაულია, ხოლო საათში ერთხელ პერეკური ჩვეულებრივი ამბავი.

როცა თამბაქო არაა, მწეველები შავი მოცხარის ფოთლებსაც აშრობენ და იწყება დისკუსიები, როგორც წესი ცხარე (იქ ხომ სულ ცხარე დისკუსიებია), თუ რომელი უფრო გემრიელია, მოცხარის ფოთლები თუ წითელი მოცვისა. არიან ისეთებიც, რომლებიც იტყვიან, რომ არც ერთი არ ვარგა, რადგან ორგანიზმი კვამლს კიარ ითხოვს, არამედ შხამს, ნიკოტინს, და ტვინის უჯრედებს კენკრის ფოთლებით ვერ მოატყუებდი. თუმცა ეგ არ იყო მთავარი, არამედ ის, რომ ხშირად, მოცხარის გამომშრალი ფოთოლიც ბუნებრივი „კამუფლიაჟი“ იყო. თავისუფლების, სულის მოთქმის საშუალება.

ამანათით მიღებული, „მატერიკიდან გამოგზავნილი“ მახორკა ძალიან ძვირად ფასობდა. ნამდვილი, „ბელკა“ ან „კრემეჩუგ #2“. მთხრობელი ოცნებობს ამ მახორკაზე, ოცნებობს როგორ გაიბოლება, მოწევს და მოწევს, ყველას მოაწევინებს, პირველ რიგში მათ, ვინც თავად უმასპინძლდებოდა და მთელი წელი გადააგორებინეს. ხანდახან პატიმრებს თამბაქოს ურიგებენ კიდევაც, გადაძველებულ, უვარგის თამბაქოს, ჯარის საწყობებიდან მოხსნილს, ვადაგასულს.

ბოლოს ისევ გრძნობებს მინდა დავუბრუნდე და შალამოვის კიდევ ერთი მოთხრობა გავიხსენო, „ათენის ღამეები“. ავტორი ტომას მორის „უტოპიიდან“ ადამიანის ოთხ ძირითად გრძნობას იმოწმებს, რომელთა დაკმაყოფილებაც უდიდესი ნეტარებაა. პირველ ადგილზე იგი შიმშილს აყენებს. შემდეგ სქესობრივ გრძნობას ახსენებს, შარდვას და დეფეკაციას. ამ გრძნობებზე ბევრს ლაპარაკობს შალამოვი, მაგრამ გრძელი განსჯებისა და დაწვრილებითი მოგონებების შემდეგ ერთ დასკვნამდე მიდის, რომ მორს კიდევ ერთი გრძნობა დაავიწყდა, მეხუთე. ესაა ლექსის წაკითხვის, ლექსის მოსმენის მოთხოვნილება, სიამოვნება, რომელიც შიმშილის მოკვლის, სქესობრივ მოთხოვნილებებს, შარდვასა და კუჭში გასვლის უკან დგას. მესმის, ვიღაცისთვის შეიძლება უადგილო იყოს ამ მეხუთე ელემენტის დამატება, მაგრამ ვინც შალამოვის პროზას კარგად იცნობს, დამეთანხმება, რომ არაფერი ამაღლებული და უხერხული ან ყალბი ამაში არაა. ბევრს გამოგიცდიათ ალბათ თავი ასეთ სიტუაციაში. როცა შიმშილში და გაჭირვებაში, მიტოვებულობაში, სიმწარეში და გაურკვევლობაში საყვარელი ლექსის სტრიქონს იმეორებთ. ხშირად კი უბრალოდ რიტმის დაჭერას ცდილობთ. საკუთარი თავის, არსებობის აწყობას, დალაგებას მარცვლებად და მახვილებად.

© არილი

Facebook Comments Box