რას ნიშნავს “პიკვიკის კლუბი”? ვინ არიან “პიკვიკელები”?
კლუბი მისტერ სამუელ პიკვიკის სახელს ატარებს, ვინც “ჰემპსტედის დიდებული ტბორები გამოიკვლია და თავისი მახათას თეორიით მეცნიერების სამყარო შეარყია”.
რა არის მახათა?
თევზია. თეორიაზე კი ნურაფერს მკითხავთ, მეც არ ვიცი ბოლომდე რას ნიშნავს “მახათას თეორია”. შეიძლება დიკენსის თანამედროვე დარვინმა იცოდეს.
კლუბის წევრები არიან, თავად მისტერ პიკვიკი, ესკვაირი, ტრეისი ტაპმენი, ესკვაირი, ავგუსტუს სნოდგრასი, ესკვაირი და ნათანიელ უინკლი, ესკვაირი. “მათ ევალებათ ხანგამოშვებით წარმოადგინონ პიკვიკის კლუბში, რომელიც ქ. ლონდონში მდებარეობს, თავიანთ მოგზაურობათა და გამოკვლევათა უტყუარი ანგარიშები და ხალხსა და მათ ზნე-ჩვეულებებზე დაკვირვების შედეგები. მათ უკლებლივ უნდა აღწერონ თავიანთი თავგადასავლები ყველა იმ ამბისა და ჩანაწერის დართვით, რომელსაც საფუძვლად ადგილობრივი სანახაობა და ამ ნიადაგზე წარმოშობილი ფიქრები დაედება”. მოგვიანებით პიკვიკი თავად აზუსტებს: “ადამიანთა ბუნებას ვუკვირდები მხოლოდ”[1].
მემგონი ბრწყინვალე შესავალია, ერთგვარი ირონიული Ars Poetica, დიკენსის ამოცანა თუ მწერლური ინტენცია, იუმორით შეზავებული, როგორც პუნში ან გროგი.
მოგზაურობა, რომლის უტყუარი ანგარიშები უნდა წარადგინონ პიკვიკისტებმა, 1827 წლის 13 მაისს იწყება. ამ წელს თბილისში ძლიერი მიწისძვრაა, სოლომონ დოდაშვილი ამთავრებს პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტს, კავკასიაში აგზავნიან პასკევიჩს, კვდება ბეთჰოვენი. ალბათ კიდევ ბევრი რამე ხდება 1827 წელს, მაგრამ ახლა ჩვენ მხოლოდ პიკვიკისტების მოგზაურობა გვაინტერესებს, რომელსაც პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ მოგზაურობა, ეს უფრო სასიამოვნო და სასაცილო დროსტარებაა, ჭამა-სმით განვრცობილი სტუმრობები, გასვლები და დაბრუნებები, ფსევდოელეგანტური არამზადების (იუჰან ბორგენის სიტყვებია) ხრიკები და დაზარალებულთა ღირსეული საქციელები, ნადირობები, სიყვარული და დევნები, შეცდომები, ხუმრობები, ეჭვები, სისუსტეები და გამჭრიახობანი.
არიან ადამიანები, რომლებისთვისაც “პიკვიკის კლუბის ჩანაწერები” ნამდვილი ბედნიერების, სიხარულის წიგნია. სიხარულის და სიამოვნების. და ეს სიამოვნება ხშირ შემთხვევაში ყველაზე ადამიანურ გრძნობებს, ჭამა-სმას, ძილს, სასიყვარულო მელანქოლიასა და სიკეთის სიმარჯვეს უკავშირდება. ისევ ბორგენის შეფასებას გავიხსენებ, როცა პერსონაჟებს იგი გულისამაჩუყებლად დაბნეულებს და კომიკურად სერიოზულებს უწოდებს. და ეს კომიკურობამდე სერიოზული ადამიანები, მეცნიერების, პოეტების, სპორტსმენების ნიჭით დაჯილდოვებული პიკვიკისტები, მამა-შვილი უელერები, მისტერ ჯინგლი და ჯობ ტროტერი, ბობ სოიერი და ბენჯამინ ალენი, ქალთა მთელი გუნდი – შინაბერები თუ ქვრივები, დანიშნულები თუ გათხოვილები, ქმნიან იმ უზარმაზარ სამყაროს, როგორიც არც მანამდე და არც შემდეგ არ უნახავს ლიტერატურას.
ეს რომანი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენაა მწერლობის ისტორიაში, თავისი დეტალებით, წვრილმანებითა და მხიარული ჭვრეტით. უცნაურია ეს წიგნი თავად დიკენსის შემოქმედებისთვისაც. უცნაურია ეს წერილიც, რომელიც მხოლოდ პიკვიკისტურ ჭამა-სმას და ლიტერატურულ ჰედონიზმს უღრმავდება, უფრო სწორად აღწერს და ახარისხებს ამ სიამოვნებებს.
ამ რომანში ყველა სვამს. სვამენ ნებისმიერ დროს, დილიდან – დილამდე. აქ, როცა სასმელზე უარს ამბობენ, მაშინაც კი “დიახ” იგულისხმება და ნებისმიერი თანამეინახე ადვილად ხვდება ეს “არა” სინამდვილეში რას ნიშნავს. მაგ., ვინმე მისტერ პერკერი სთავაზობს მისტერ ლაუტენს ერთ ჭიქა ღვინოს, რაზეც ის უარს ამბობს, პერკერი კი დამაჯერებლად პასუხობს: “მე მგონი, თქვენ გინდოდათ გეთქვათ დიახ” და ამ სიტყვებზე სურას და ჭიქებს გამოიღებს კარადიდან. როგორც ყოვლისმცოდნე ავტორისგან ვიგებთ, მისტერ ლაუტენს მართლაც სურდა ეთქვა: “დიახ”.
ასევე შესანიშნავია სემ უელერისა და მისტერ სტიგინზის სცენა. სემი მას შეეკითხება, თუ რომელ სასმელს ანიჭებს უპირატესობას, სტიგინზი კი ღრმააზროვნად, თითქოს კათედრიდან, პასუხობს: “ჩემო საყვარელო პატარა მეგობარო, ყველა სასმელი ამაოა” და სემი შემდეგნაირად აზუსტებს შეკითხვას: “მაინც რომელი ამაოება გირჩევნიათ? რომელი ამაოება უფრო ეფინება თქვენს გულს, სერ?”
დიდი ხნის წინ ერთი წიგნი ჩამივარდა ხელში, გუსტავ შპეტის „ჩარლზ დიკენსის „პიკვიკის კლუბის ჩანაწერების“ კომენტარები“. ამ წიგნში ამოკითხე პირველად ჩესტერტონის მახვილგონივრული შეფასება დიკენსის ალკოჰოლური უსასრულობის შესახებ: წარმოუდგენელი რაოდენობის სასმელი, რომელიც დიკენსის რომანების ყველა გვერდზე ისმება, მხოლოდ დაშნის ამდენივე ჩხვლეტას შეგვიძლია შევადაროთ დიუმას რომანებში. შპეტი აზუსტებს, ჩესტერტონი ცდება, როდესაც ამტკიცებს, რომ დიკენსი ხოტბას ასხამდა ღრეობასა და ლოთობებს, რომ აღფრთოვანებულ ჰიმნებს უძღვნიდა ამგვარ დროსტარებას, თუმცას კი თავად ცოტას სვამდა. არადა ღვინოს ჰიმნებს თავად ჩესტერტონი უძღვნიდა, დიკენსი კი ღრეობების მიმართ უფრო მორალურ ინდიფერენტულობას ამჟღავნებდა. შესაბამისად, დიკენსთან სმა და თრობა მომხიბვლელია მომხიბვლელ პერსონაჟებთან და უხამსია უხამს პერსონაჟებთან, მხიარული გმირები მხიარულად სვამენ, პირქუშები კი უგუნებო მსმელები არიან. იგი მის თვალში ადამიანის ხასიათის ინგრედიენტია, მისი ერთ-ერთი თვისება, მისი თანდაყოლილი ნიშანი. ეს ხასიათები სასმელის არჩევაშიც ჩანს და თრობის პერიპეტიებშიც. არჩევანი კი ნამდვილად დიდია ამ რომანში. გაზავებული სასმელით დაწყებული – ცეცხლივით სპირტებით დასრულებული.
გროგიდან – შამპანურამდე
“პიკვიკის” სასმელებზე საუბარი ღვინით მინდოდა დამეწყო, როგორც ყველა სხვა ალკოჰოლური სასმელის არქეტიპზე და პირველსახეზე, თუმცა მალე გადავიფიქრე, რადგან დიკენსთან ატმოსფეროს უფრო სხვა სასმელები ქმნიან. გაზავებულები და არა სუფთები, შეკაზმულები და არა შეურევლები. ამიტომ, სანამ ბრენდიზე, ჯინზე ან რომზე ვიტყოდეთ რამეს, ჯერ გროგი, პუნში და სხვა მათნაირები უნდა ვახსენოთ, სითხეები, რომელთაც ყველაზე ხშირად, ნებისმიერ სიტუაციაში ეწაფებიან დიკენსის გმირები.
საერთოდ, აღელვებულ გულს ცხელი სასმლით იშოშმინებენ “მისტერ პიკვიკში” და ყველაზე ხშირად გროგს აზავებენ. გროგი ბრენდის ან რომის და წყლის ნაზავია, ხანდახან შაქრით. ეს სიტყვა (grog) XVIII საუკუნის შუა წლებში გაჩნდა ინგლისურში, როდესაც ადმირალმა ედუარდ ვერნონმა (1684-1757) ლოთობასთან ბრძოლის მიზნით დააკანონა, რომ რომი 1/4-ზე გაზავებულიყო, რაც ნიშნავდა, რომ ნახევარ პინტ რომში (0,285 ლ.), ერთი კვარტი წყალი (1,14 ლ.) უნდა გაერიათ და დღეში ორჯერ გაეცათ, 11 და 17 საათზე. ბრიტანეთის სამეფო ფლოტში ამ წილს, რომელიც მეზღვაურების რაციონში შედიოდა, tot ერქვა და იგი სალაპარაკო ენაში სირჩასაც ნიშნავს და ყლუპსაც, თავად ედუარდ ვერნონს კი მეზღვაურებმა ბებერი გროგი შეარქვეს (საინტერესოა, რომ ეს ტრადიცია ბრიტანეთის ფლოტში 1970 წლის 31 ივლისამდე გაგრძელდა). სასმელის სახელწოდება ადმირალის მოსასხამიდან (grogram cloak) მომდინარეობს, რომელსაც იგი შტორმის დროს იცვამდა ხოლმე (ინგლისური grogram < ფრანგული gros grain, უხეშად ნაქსოვს ნიშნავს).
გროგი პირველივე გვერდებზე ჩნდება რომანში და მისი გაზავება მთელი ამ ვრცელი წიგნის ბოლო თავამდე გრძელდება. სცენაში, როდესაც პიკვიკელებს მეეტლე დაერევა (პოლიციის ჯაშუშობის ბრალდებით), ინციდენტის დასრულების შემდეგ გროგიც გამოდის ასპარეზზე. სხვათა შორის, საჭმელსაც პირველად სწორედ აქ ახსენებენ, ოღონდ ცოტა უცნაურ კონტექსტში. საქმე ისაა, რომ დალილავებული თვალის მოსაშუშებლად უმი ხორცის ნაჭერს მოითხოვენ, ხოლო გულის გადასაყოლებლად ცხელ-ცხელ გოგს, მაგარსა და ტკბილს. ეს იდეა მწვანესერთუკიან უცნობს ეკუთვნის, რომელიც უცებ გამოტყვრება საიდანღაც და შემდეგ რომანის ერთ-ერთი მთავარი უარყოფითი გმირი ხდება. მისტერ ჯინგლია მისი სახელი. იგი სულმოუთქმელად დაარტყამს ნახევარ პინტა ორთქლიან გროგს და უდარდელად ჩაეშვება სავარძელში.
გროგს სვამენ ბატონებიც და მსახურებიც, მეეტლებიც და მეკუბოვეებიც, მოსამართლეებიც და დამნაშავეებიც. ერთი სიტყვით, ყველა. სვამენ რომიანსაც და ბრენდიანსაც, კარგ ხასიათზეც და აღელვებულებიც. III თავში, სადაც ზემოთ არწერილი მოვლენები ვითარდება, გაცხარებულ მისტერ პიკვიკს გროგს ასმევენ და ისიც მალევე მოდის აზრზე. პიკვიკი სასმელს ელვის სისწრაფით სვამს და ჩვეულებრივ კეთილ გამომეტყველებას იღებს.
გროგთან წყურვილი, სურვილი და სიამოვნებაა დაკავშირებული, მაშინ როცა პორტვეინი ხანდახან შეიძლება იძულებითაც კი შეუკვეთონ, ვთქვათ სასტუმროს საკეთილდღეოდ ან მასპინძლის გულის მოსაგებად.
უფროსი უელერი ნახევარს ნახევარზე აზავებდა გროგს, თუმცა ყოველთვის, როდესაც წყალი ზედმეტი მოსდიოდათ, ასე იტყოდა: „თანაბრად არ გამოდის“ (“It’s unekal”). გროგის დიდი მოყვარულია უფროსი უელერის მეუღლის, სემის დედინაცვლის მეგობარი, წითელცხვირა მისტერ სტიგინზი, რომელსაც მამა-უელერი დაქვრივების შემდეგ სახლიდან აპანღურებს, სწორედ იმ დროს, როდესაც იგი თავის საყვარელ ანანასის რომიან გროგს მიირთმევს. ვისკიან გროგს, ე.წ. ტოდი-ს (toddy) სვამენ XLIX თავში, შოტლანდიაში ძალზე პოპულარულ სასმელს. აქ ერთი სავაჭრო აგენტი ბიძამისის ისტორიას ჰყვება, რომელსაც ცოტა ზედმეტი ტოდი მოუვიდა ერთ-ერთ თავყრილობაზე. აგენტი გრძლად გვიამბობს ბიძამისის ამბავს, ამიტომ უბრალოდ ზოგიერთ დეტალს ამოვკრებ: ჯერ ნოყიერ შოტლანდიურ საუზმეს ახსენებს მთხრობელი, რომელსაც ბიძამისი ლოკოკინებს აყოლებს, ათიოდე ბოთლ ელს და ერთ ჭიქა ვისკის, შემდეგ სადილზე გადადის ბიძა და კიდევ უფრო ნოყიერ ვახშამსაც გემრიელად გეახლებათ. ეს კაცი მართლა მაგარი მჭამელი და მსმელი ყოფილა, მთელი დანდის მოსახლეობას ისე დაათრობდა, თვითონ ფეხიც არ შეეშლებოდა შინ დაბრუნებისას. რძის ფაფასავით ირგებდა ყველაფერს, მაშინ როცა სმაში სახელოვანი დანდელები ნელ-ნელა ტოვებდნენ თურმე ბრძოლის ველს. ერთ ასეთ ვახშამზე, ორაგულისა და ვირთევზას შაშხებით, ცხვრის თავით, ჰეგისით (Haggis, მოკუპატო კერძია, ცხვრის შიგნეულითა და საკმაზეულით დატენილი, რომელსაც კუპიდონის მუცელს უწოდებს ეს ბიძა) და მრავალი სხვა კერძით. იწყება ტოდის სმა, შემდეგ სიმღერასაც შემოსძახებენ: „ვილიმ ლუდი მოხარშა“ და ნელ-ნელა სუფრის წევრები გონებას კარგავენ. ბოლოს ყველას ჩამოეძინება ბიძის გარდა. ის იფიქრებს: „ასე ერთბაშად რომ წავიდე, უთუოდ უზრდელობაში ჩამომართმევნო. ამიტომ თვითონვე აირჩია თავი თამადად, კიდევ ერთი ჭიქა ტოდი შეამზადა და წამოდგა, რომ საკუთარი თავი ედღეგრძელებინა. მართლაც, ბრწყინვალე, ქებით სავსე სიტყვა წარმოთქვა; სადღეგრძელოც დიდი აღფრთოვანებით შესვა; მაინც არავის გაეღვიძა. მაშინ მან კიდევ ერთი ჭიქა დალია, ოღონდ ამჯერად წყალი აღარ გაურევია, შეეშინდა, ვაითუ მაწყინოსო; მერე ქუდს დასტაცა ხელი და ქუჩაში გამოვიდა“. რამდენიმე გვერდის მანძილზე დაწვრილებითაა მოთხრობილი ბიძამისის სვლა კენონგეიტიდან ლიტ-უოკისაკენ (ედინბურგში ხდება ამბავი), უამინდობა, ჟილეტის ჯიბეებში გაყრილი თითები და შემდეგ ერთ უცნაურ ადგილას ჩათვლემა, ვისკიანი გროგით გამოწვეული მოლანდებებითა და სიზმარეული აჩრდილებით.
გროგს თავისი განსაკუთრებული როლი აკისრია პოლიტიკურ ბრძოლებშიც. მაგ. ლურჯებისა და ყვითლების წინასაარჩევნო ბრძოლისას გროგს ოპიუმითაც კი უწამლავენ ერთმანეთს ოპონენტები, სხვები კი გროგს გასართობადაც იყენებენ. მაგ. შეიძლება ჩაძინებულ, ხელში გროგის ჭიქიან მთვრალ თანამეინახეს დამდნარი სანთელი ჩაუწვეთონ.
გროგთან დაკავშირებული ერთ-ერთი საუკეთესო სცენაა მამა-შვილი უელერების მიერ სასიყვარულო წერილის დაწერის სცენა: დაიდგამენ შემთბარ გროგს, სამელნეს და წერილს თხზავენ, თან ერთმანეთს გროგიან ჭიქას სტაცებენ ხელიდან.
და ბოლოს, ერთი გროგით გამომთვრალი კაცის “სიბრძნე” უნდა ვახსენოთ: „ადამიანს ორი რამ უნდა უყვარდეს. ჯერ საკუთარი თავი და მერე ქალები“.
პოპულარობის მიხედვით მეორე ადგილს ალბათ პუნში დაიკავებს „პიკვიკის კლუბის ჩანაწერებში“. სახელი (punch) სანსკრიტიდან მოდის (pañca) და ხუთს ნიშნავს, რაც გულისხმობს სასმელის ხუთ ძირითად შემადგენელს – ალკოჰოლს (შემაგრებული ღვინო, რომი და ა.შ.), შაქარს, ჩაის, წყალს და ლიმნის წვენს. შეიძლება დაემატოს სანელებლებიც და რძეც კი.
პუნშს ყველა სვამს, თუმცა არიან ნამდვილი თაყვანისმცემლებიც. მაგ. ტომ სმარტი, ჩართული ნოველიდან „ვაჭრობის აგენტის თავგადასავალი“. იგი ჭკუას კარგავს პუნშზე და ბედზე ერთ ქვრივს გაიცნობს, რომელსაც ბადალი არა ჰყავს პუნშის დამზადებაში. გარეთ სასტიკი ქარიშხალი მძვინვარებს, ძველი, მამაპაპური სახლის ყველა კოჭი ჭრიალებს, ტომ სმარტი კი პუნშს ეწაფება, როგორც უკვდავების წყაროს და ფიქრებში იძირება. ბოლოს მორფეუსიც წარიტაცებს და სიზმრად არც მეტი არც ნაკლები ისევ პუნშით სავსე ჭიქებს ხედავს.
ცივ პუნშს სვამენ მისტერ უორდლის მიერ მოწყობილ პიკნიკზე და ისე გაუტკბებათ, რომ პუნშის უცნობი შემქმნელის სადღეგრძელოსაც მიირმევენ. სიცხის გამო ცივი სასმელი სწრაფ მოქმედებას იწყებს, მისტერ პიკვიკს სახეზე მზიური ღიმილი გადაეფინება, თვალები აუციმციმდება, სიმღერის ხასიათზეც დადგება, თუმცა ტექსტს ვერ იხსენებს. შეეცდება პუნშის კიდევ რამდენიმე ჭიქით გაიხსენოს სიტყვები, მაგრამ პირიქით ხდება, სიმღერის ტექსტი კი არა, ყველა სიტყვა ავიწყდება და მეტყველების უნარსაც კარგავს.
ქართულ თარგმანში შიგადაშიგ რატომღაც ფუნჯსაც უწოდებენ პუნშს, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ასეთ წინადადებას შეხვდებით: „ფრიად ბევრი ფუნჯი მივირთვით“.
პუნში ხან ცხელია, ხან ცივად სვამენ. ცხლად მიირთმევს მისტერ პიკვიკი პუნშს ყინულოვან წყალში ჩავარდნის შემდეგ. იგი მხოლოდ შეხურებით არ კმაყოფილდება და რამდენიმე ჭიქას ზედიზედ ურტყამს, სამაგიეროდ მეორე დღეს ნიკრისის ქარების ნატამალსაც ვერ გრძნობს. მისტერ ბობ სოიერი კი აღნიშნავს: „თუ ოდესმე ამ წამალმა ვინმეს ვერ უშველა, ეს უთუოდ იმიტომ მოხდა, რომ ავადმყოფმა უგუნური შეცდომა დაუშვა და აღნიშნული სასმელი საკმაო რაოდენობით არ მიიღოო“.
იგივე ბობ სოიერი პუნშით უმასპინძლდება სტუმრებს თავის ბინაში, ბოროუზე. მწვანემაუდგადაფარებული მაგიდა, ბანქო და სასმელი, სხვა რა უნდათ მსუბუქი გართობის მოყვარულებს. თამაშობენ „ოცდაერთს“ (ფრ.Vingt-et-un) და თან წრუპავენ.
ერთ-ერთ შემდეგ თავში ბობ სოიერი უკვე დიდ სანაყში აზავებს პუნშს, რძესაც ურევს, ზემოხსენებული ვაჭრობის აგენტის ბიძის ამბავში კი პუნშის დამზადებაში და სმაში შეჯიბრსაც კი აწყობენ.
გაზავებულ სასმელთან ერთად საინტერესო თემაა ნაყენებიც, რომელსაც რომანის პერსონაჟები ამზადებენ. მაგ. ერთ-ერთ თავში მღვდელი და მისი მეუღლე ჩნდებიან, “ჩასუქებული, წითელლოყება ასაკოვანი მანდილოსანი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ გარდა იმისა, რომ გაწაფული იყო ახლობლებისათვის შინაური ნაყენების დამზადებაში, საკუთარ ნახელავს თავადაც ხშირ-ხშირად უსინჯავდა გემოს”. აქვეა ნახსენები ალუბლის ნაყენი მაგარი ლუდით და ანწლის ცხელ-ცხელი ღვინო, ბრენდით და სუნელით. მაგარი სასმელების კარი ბრენდით უნდა შევაღოთ, რომელსაც ხშირად მათარითაც დაატარებენ და ერთგან ასეთ გამოთქმასაც კი გაიგონებთ ნასმურევზე: „თავს რომ ბრენდის მოსიარულე ბოთლივით არა ვგრძნობდე, უფრო მაგრად ვიდგებოდი ამ დილით ფეხზე“-ო. ამას სემ უელერი ამბობს, ყველაზე ენამახვილი და ხალისიანი მსახური. იქვე სემის კიდევ ერთი შესანიშნავი შედარებაა: „მხიარული ყმაწვილი ჩანხარ, კირით სავსე კალათში ჩაგდებულ კალმახს რომ არ ჰგავდე“.
ბრენდის ნებისმიერ დროს სვამენ, პიკნიკზე, მგზავრობისას, ბანქოს თამაშისას, მას უკვეთავენ დამწუხრებულებიც და რაც მთავარია, მხიარული განწყობის შესანარჩუნებლად. ბრენდით იმხნევებენ თავს დუელის წინ. ბრენდისგან ამზადებენ სხვადასხვა ნაყენებსაც. მაგ. ჩერი-ბრენდი (cherry-brandy), ალუბალზე და შაქარზე დაყენებული ბრენდი, რითაც მისტერ უორდლი უმასპინძლდება დინგლი დელში როჩესტერიდან დაბრუნებულ პიკვიკისტებს.
ბრენდის სმა მიდის XX თავში, როცა ამაყი მამა, უფროსი უელერი მისტერ პიკვიკს თითო ჭიქის ჩარტყმას სთავაზობს. ელსა და ბრენდის სვამენ მისტერ პიკვიკი და მისი მეგობრები მაგლტონიდან სასტუმრო „ლურჯ ლომამდე“ მგზავრობისას, მოგვიანებით კი ბრენდისთან დამწნილებულ ლოკოკინებსაც მიირთმევენ.
კარგი ბრენდის გამო სტუმრადაც უფრო დიდხანს რჩებიან და მეტიც, სასტუმროშიც კი შეიძლება ერთი-ორი ღამით მეტი გაათიონ, მით უმეტეს, თუკი სიგარები და ღორის კატლეტებიც კარგი აქვთ იქ.
ბრენდის ხანდახან პატენტირებულ კუჭის მოსანელებელს უწოდებენ. თუ დილაა, წყლით გაზავებულს სვამენ, თუმცა უმრავლესობა გაუზავებელ, შეულახავ ბრენდისაც მშვენივრად ურახუნებს უზმოზე.
რომანს ერთი გმირი ჰყავს, ბენჯამინ ალენი, რომელსაც ბრენდის დალევისთანავე გული უჩუყდება. იგი ბრენდის ბურნას, მისტერ ბობ სოიერს სტუმრობს და ხათრს ვერ უტეხავს, ისიც იძულებულია მასთან ერთად სვას ეს ცეცხლოვანი სასმელი, რის გამოც ხან სულ მთვრალია, ხან კი სულ შეჭიკჭიკებული.
მოკლედ უნდა ვთქვა ჯინის შესახებაც, რომელიც XIX საუკუნის ლონდონის უმთავრესი მაგარი სასმელი იყო და დიკენსის რომანების წამყვანი ჩასარტყმელი. ამის მიუხედავად პიკვიკში საკმაოდ იშვიათ ახსენდებათ მისი არსებობა. მაგ. სემ უელერისა და ტროტერის გაცნობის სცენაში ნასმურევი სემი დილის სირჩაზე პატიჟებს ტროტერს და “დასალევი ოთახისკენ” გავლენ, სადაც კალის ჭურჭელში ბრიტანულ და ჰოლანდიურ არაყს სურნელოვანი მიხაკის ესენციით აზავებენ. იგივე “ჰოლანდიური არაყია” მისტერ უორდლის საშობაო ამბის მთავარი გმირი, რომელმაც გაბრიელ გრაბის ხილვებამდე მიგვიყვანა. ერთხელ, საშობაოდ, საფლავის თხრისას გრაბი “ჰოლანდიური არყით” შეისვენებს, ამოაძრობს თავის მოწნულ მათარას და გადაჰკრავს. თან ხუმრობს, “კუბო საშობაოდ, საშობაო საჩუქრად! ჰა ჰა ჰა!” მალე ავი სული გამოცხადდება, რომელიც ცოტათი გაკვირვებულიც კია, გრაბი მარტო რომ სვამს ჯინს ღამით, სასაფლაოზე, თანაც შობის ღამეს. შემდეგ სხვა სულებიც გამოჩნდებიან და მესაფლავეს რაღაც ცეცხლოვან სასმელს ასმევენ ძალით. ამბავს შემდეგი “სიბრძნე” აგვირგვინებს: “თუ ადამიანი შობის საღამოს მოიღუშება, მარტოდმარტო დაიწყებს სმას, იგი, შესაძლოა, თვითონვე დარწმუნდეს, რომ უხასიათობა მას სიკეთეს არასოდეს მოუტანს, სულებმა კიდევაც რომ თავს იდონ მისი გამოსწორება, მით უფრო, რომ საერთოდ ძნელი დასაჯერებელია ისეთი სულების არსებობა, როგორიც გაბრიელ გრაბმა გამოქვაბულში ნახა”.
ჯინს ასევე ყიდიან ფლიტის ციხეში, სადაც მისტერ პიკვიკი იხდის სასჯელს, თუმცა ციხეში მაგარი სასმელი აკრძალულია და მხოლოდ კონტრაბანდის სახით აღწევს. ასევე უნდა გავიხსენოთ ლოთობასთან ბრძოლის ებენიზერის გაერთიანებული საზოგადოების ბრიკლეინის განყოფილების კომიტეტის მიერ დასახელებული ერთი სასმელიც, სახელწოდებით “ძაღლისცხვირა” (dog’s nose), რომელიც ჯინის, შემთბარი პორტერის, შაქრის ვაჟინისა და ჯავზის შერევით მზადდებოდა.
ვისკი ერთი-ორჯერაა ნახსენები რომანში და აქაც მოჩვენებების, ლანდების და ავი სულების კონტექსტში, სამაგიეროდ რომს უფრო ხშირად შევხვდებით. ზემოთაც იყო და აქაც ვახსენებ ანანასის რომს, რომელიც დიდი რაოდენობით ისმება “პიკვიკის კლუბის ჩანაწერებში”. ძირითადად მისტერ სტიგინზი ურტყამს. 3 პენსის რომს უკვეთავს დარცხვენილი ვექილი მისტერ პელი, რომელსაც ვითომ არ ჩვევია დილაადრიან სმა, მაგრამ მაინც ვერ ამბობს უარს ცდუნებაზე (მალე ამ ჭიქას მეორეც მოჰყვება და შესაძლოა მესამეც, ზუსტად არ მახსოვს). კიდევ ერთი სცენაა, ჩართული ამბავიდან, სადაც ვინმე მრისხანე მისტერ სლერკს გროგს სთავაზობენ და იგი პრინციპულად, მხოლოდ რომს უკვეთავს.
ახლა შედარებით მსუბუქ სასმელსაც მივხედოთ და ელებსა და ლუდებს მივაკითხოთ. აქ რამდენიმე სტილის ლუდი ისმება, ძირითადად კი ელები, სტაუტები და პორტერები. პიკვიკისტები მგზავრობისას (კერძოდ ცხენების გამოცვლისას) აუცილებლად ჩაუფენენ ხოლმე ელს. ბევრი ლუდია კრიკეტის თამაშისასაც: “ლუდი ზღვასავით… კასრებით… ხორცი გორებად… მთელ-მთელი ძროხები და ხარები… მდოგვი ურმებით…”. შესანიშნავია ფლიტის ციხეში პორტერის სმის სცენა. სემი გაიფიქრებს, რომ ერთი პინტა პორტერი სუფთა ჰაერზე უფრო კარგად გამატარებინებს დროს, ვიდრე სხვა გასართობი, რაზეც ხელი მიმიწვდებაო და ციხის დუქანში შევა, აიღებს პორტერს, სამი დღის გაზეთს, მიადგება კეგლის სათამაშო მოედანს და თანმიმდევრულად დაიწყებს დროსტარებას. სცენა პანტომიმასავითაა ან ბეკეტის რომელიმე უსიტყვო პიესასავით:
“უპირველეს ყოვლისა, მან ამ გამაგრილებელი, ხალისის მომგვრელი ლუდის ერთ ყლუპს ყელში გადაუძახა, შემდეგ ფანჯარას ახედა და ლედის, რომელიც იქვე იდგა და კარტოფილს თლიდა, თვალი ჩაუკრა. შემდეგ გაზეთი გაშალა, უნდოდა ისე გადაეკეცა, რომ სასამართლო ქრონიკა წაეკითხა, მაგრამ ეს ძნელი და ფრიად გამაღიზიანებელი საქმეა, როცა ნიავი ოდნავ მაინც ქრის. ამიტომაც, გადაკეცა თუ არა გაზეთი, მაშინვე კიდევ ერთი ყლუპი ლუდი გადაკრა, ორიოდე სტრიქონი წაიკითხა და გაჩერდა. ახლა ამ ორ კაცს გადახედა, რომლებიც მოედანზე თამაშს უკვე ათავებდნენ და დაამთავრეს თუ არა, სემმა მოწონების ნიშნად გამამხნევებლად დაიძახა: “ძალიან კარგიაო”, თანაც აქეთ-იქით მაყურებლებს გადახედა, თუ მეთანხმებიანო. ამან გამოიწვია მაღლა ფანჯრებისკენ ახედვის აუცილებლობაც. რაკი ის ახალგაზრდა ლედი ჯერ კიდევ იქ იდგა, ბოლოს და ბოლოს, უბრალო თავაზიანობა მოითხოვდა, ერთხელ კიდევ თვალი ჩაეკრა მისთვის და მუნჯურად კიდევ ერთი ყლუპი ლუდით მისი სადღეგრძელო დაელია;…”
ლუდს, როგორც უებარ საშუალებას მიმართავს სემი გამხდარი და გალეული ჯობ ტროტერის აზრზე მოსაყვანად და მოსაღონიერებლად. ძალით წაათრევს სალუდეში, შეუკვეთავს პორტერს და ამბობს: “აბა, გამოცალეთ და ჭიქაც გადმოაპირქვავეთ. მინდა დავინახო, როგორ მიიღებთ წამალს”.
სემი კიდევ ბერგან ასწევს ელიან ჭიქას, ხან მამამისთან ერთად, ხანაც მარტო ან სხვა ვინმე თანამეინახეებთან, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა მაინც ისაა, თავისი ბატონის ციხიდან გათავისუფლების აღსანიშნავად მთელ დანაზოგს 25 გალონ (100 ლიტრზე მეტია) პორტერში რომ დახარჯავს და ყველა პატიმარს დაპატიჟებს ლუდის ამ დღესასწაულზე.
გადავიდეთ ღვინოზე, რომელიც უფრო მეტად სადღესასწაულო შეხვედრებთანაა დაკავშირებული, თუმცა ხანდახან ღვინო საკმაოდ უცნაურ კონტექსტშიც გვხვდება. ღვინოში ძირითადად ან ბორდოს კლარეტი იგულისხმება ან პორტვეინი, თუმცა გვხვდება ხერესებიც და ცქრიალა ღვინოებიც.
კრიკეტისტებთან სადილზე პიკვიკისტები ძველისძველ პორტვეინს და კლარეტს სვამენ, რის შემდეგაც გაგრძელება მოუნდებათ და თავიანთ მასპინძელთან დაბრუნებულები კიდევ ერთ ბოთლს მოითხოვენ.
ღვინოს წრუპავენ მისის ბერდლი (მისტერ პიკვიკის მასპინძელი და მომჩივანი) და მისი “დაქალები” სემ უელერთან ერთად, როცა იგი ბერდლი-პიკვიკის საქმეზე ეწვევა მას. ღვინოს (კლარეტს) სვამს ბრისტოლელი მეცნიერი “ფილოსოფიური ხასიათის” ტრაქტატის წერისას. იქვე უდგას მოზრდილი ბოთლი, ისხამს, სვამს და “შთაგონების მომლოდინე ხან იატაკზე გაფენილ ხალიჩას დააჩერდებოდა ხოლმე, ხან ჭერსა და კედლებს შეჰყურებდა”. კლარეტია რომანის ფინალური სცენის სანაძლეოს თავანიც, კერძოდ, 6 ბოთლი კლარეტი, რომელიც ეცოტავებათ და საბოლოოდ 12 ბოთლზე დანაძლევდებიან.
ღვინო ციხეშიც ისმება, ფლიტში. პიკვიკი მარტო გრძნობს თავს ციხეში და ფიქრობს ერთ ბოთლს ღვინოზე, რითაც უცებ მოიპოვებდა მეგობარ პატიმრებს. ბოლოს ხერესს იშოვიან და ხერესით იწყებენ გაცნობას. ამავე ციხეშია ე.წ. “სასტვენი დუქანიც”, სადაც ეს ღვინოები იყიდება.
პირველი ღვინო, რომელიც რომანში გამოჩნდება, თუ არ ვცდები პორტვეინია. იგი ტკბილეულთან ერთად შემოდის. შემდეგ შაქრითა და ლიმონით გაზავებულ პორტვეინს, ე.წ. ნიგესს (negus) ვხვდებით, რომელსაც სხვაგან ბიშოპსაც უწოდებენ.
წიგნში პორტვეინის და ხერესის ფასებსაც კი ვხვდებით. ერთგან ძველებური პორტვეინი ერთი შილინგი და ცხრა პენსი ღირს, აღმოსავლეთინდური ხერესი კი გაცილებით იაფი, თოთხმეტი პენსი.
გარდა ამისა, თუ არ ვცდები, მხოლოდ ერთი-ორჯერაა ნახსენები მადერა და შამპანური, რომელშიც ყოველგვარ უსიამოვნო მოგონებას ახრჩობენ.
სხვათა შორის, უსიამოვნო მოგონებები ბარაქიან სუფრასთანაც ადვილად ქრება. ამ რომანის საუზმეები, სადილები თუ ვახშმები ასეთი ამბების დავიწყების ადგილია, სამაგიეროდ სუფრის წევრებს ბევრი სხვა, საინტერესო ამბავი შეიძლება გაახსენდეთ და სადღეგრძელოებს შორის თხრობითაც შეიქციონ თავი.
საუზმეები, სადილები, ვახშმები
საუზმე ჩვენს წიგნში, როგორც წესი, ნოყიერია და მას ავტორი შიგადაშიგ მაცდუნელებსაც უწოდებს. სუფრა გაწყობილია შემწვარი ლორით, კვერცხით, სვამენ ჩაის, ყავას და სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს. აქ შეხვდებით ქონით დატენილ ცივად მოხარშულ ქათამსა და მრავალ სხვა კერძს. ბოროუს ბაზრობაზე სავაჭროდ ჩამოსული გადაღლილი ფერმერის მსუბუქი საუზმე 2 გირვანქა ცივად მოხარშული ძროხის ხორცი და ერთი-ორი ჭიქა პორტვეინია. იგი მცირე სასტუმროში დაბინავდა და დილას ამით იმაგრებს გულს.
საუზმის მოლოდინში ყველა ფხიზლად და მხიარულადაა. სემ უელერი განსაკუთრებული ხალისით ალაგებს ხორაგს თავისი ბატონისთვის, ამოიღებს კალათიდან ხბოს ღვეზელს, დიდის ამბით დადებს ბალახზე და ხოტბას შეასხამს მის შემოქმედს, მანდილოსანს, ვინც სხვებსავით კატის კი არა, ხბოს ხორცისგან მოამზადა ეს კერძი. როგორ თუ კატისგან? იკითხავთ თქვენ. იგივე კითხვა გაუჩნდება მისტერ პიკვიკსაც. ამაზე სემი ერთი ისტორიით უპასუხებს, სადაც მისი ნაცნობი მზარეული ლამის ყველა კერძს (ბიფშტექსს, მოტაფულ თირკმელებს, ცხვრის და ხბოს შეჭამანდებს), ყველაფერს კატისგან ამზადებდა. შემდეგ ენის ჯერი დგება, რომელიც მშვენიერი საჭმელია, თუკი “ქალისა არ არის”. ბალახზე დაიდება პური და სხვა დანარჩენი ნუგბარი და რაც მთავარია, თიხის დოქებით, ლუდი და ცივი პუნში ჩაიდგმება. სუფრის გაშლას ისევ სემის სიტყვები აგვირგვინებს: “ასე მიმართეს ინგლისელებმა ფრანგებს და ხიშტებით ერთიმეორეს შეებნენ”.
საუზმეს ხან ხის ძირას შლიან, სუფთა ჰაერზე, ხანაც სასადილო ოთახში, ხშირია საუზმეები მოგზაურობისას, სასტუმროებსა თუ სამიკიტნოებში და რაც მთავარია, მსუყედ საუზმობენ ხანგრძლივი მგზავრობის წინ. ლონდონში გამგზავრებამდე მისტერ უელერი (სემის მამა) ცივად მოხარშული ხორცის ნაჭერს უტრიალებს, კარგა მოზრდილ პურის ნაჭერთან ერთად და იქვე ერთი დოქი ელიც უდგას, რომელსაც მალე მოულოდნელად შემოხეტებული ვაჟი დაულევს და მამის ულუფა ხორცსაც დააყოლებს ზედ. უფროსი უელერი კიდევ ერთ პინტს მოითხოვს, ორ მესამედს შთანთქავს და დანარჩენს ვაჟს გადასცემს, ჩასამთავრებლად.
ელთან ერთად მადერასაც მიირთმევენ საუზმეზე, მეორე წიგნის ბოლოსკენ, სასტუმრო “ზარში”. თან პუნშის მათარასაც გაავსებენ და გზას გაუყვებიან. სადილად ტიუკსბერის სასტუმროსთან ჩერდებიან, სადაც ასევე ბლომად შთაინთქმება ელი და მადერა. ისმება პორტვეინიც. კიდევ ერთხელ შეივსება მათარა პუნშით და კიდევ ერთხელ გააგრძელებენ გზას, სანამ დიდი სამრეწველო ქალაქი ბირმინგემი არ გამოჩნდება.
დგება სადილის დროც, აქ კი მწერლისა და პერსონაჟების მადა და ფანტაზია კიდევ უფრო მძაფრდება. რომანი ერთ-ერთ ასეთ სადილზე მიპატიჟებით იწყება, ახსენებენ შემწვარ ქათამს სოკოთი და ჩვენც ვაგრძელებთ კითხვას სადილის მოლოდინში. ერთი-ორი გვერდის შემდეგ ირკვევა, რომ ქვაბში ზღვის ენა იხარშება, ჩვენთან რომ ხშირად ქამბალაში ერევათ და რომელიც თურმე ლონდონიდან ჩაჰქონდათ პროვინციებში ეტლების მეპატრონეებს. სადილს უხვი “ჩაფენა” უძღვის წინ, სადღეგრძელოებსაც ამბობენ და ამ დროს შემოდის სადილი. მას როგორც წესი სადილისშემდგომი განცხრომა მოჰყვება, ხილითა და პორტვეინით ან სხვა მისაყოლებლით. ღვინის ბოთლი ხელიდან ხელში გადადის და ცდილობენ არასდროს მოცდეს ბოთლი: “ერთიც შემოვატაროთ… ჭიქა შეავსეთ და ბოთლი გადმომაწოდეთ სერ!… მზის მიმართულებით… ქობა არ ჩატოვოთ…” – გაისმის სუფრასთან. შეზარხოშებულები ხუმრობის ხასიათზეც დგებიან. ერთმანეთი შეიძლება ჩასუქებულ, ჩამრგვალებულ, კასრიდან გადმობრძანებულ ბახუსს შეადარონ, ფოთლოვან გვირგვინჩამოცლილსა და მაუდში გამოწყობილს.
სადილები იმართება სხვადასხვა კლუბში, პოლიტიკურ თუ რელიგიურ შეკრებებზე, პროფესიულ ჯგუფებში. კრიკეტისტებთან, როგორც ზემოთაც ითქვა, ძველი პორტვეინი, საუცხოო სიმღერები და კლარეტია, თევზით. იურისტები სხვანაირად სადილობენ, განსხვავებული მოლხენა იციან ფლიტის ციხეში.
სადილობისას ოთახიდან ახლადაწყობილი როიალისა და შეუწყობელი სიმღერის ხმა მოისმის, შესასვლელსა და კიბეს კი შემწვარი ხორცის გამაბრუებელი სურნელი ეფინება. თუკი ხასიათზე ვერ არიან, სადილს აგვიანებენ, თუმცა საკმარისია სევდის სიმწვავე შენელდეს, რომ ადრიანი სადილიც შეიძლება მიირთვან, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ნამდვილი, საფუძვლიანი სადილი – ოთახის შუაში “ქათქათა სუფრაგადაფარებული მაგიდა შებრაწული ქათმებით, ლორით, სასმელით და სხვა ამგვარი სანოვაგით” იზნიქება.
მისტერ პიკვიკის მსახურს, სემ უელერს ეკუთვნის ასეთი სიბრძნე: “ადრე რომ ვსადილობ ვახშამსაც უკეთ ვინელებო”. თავად მისტერ პიკვიკმა კი სადილის უკეთ მოსანელებლად შეიძლება აბრეშუმის ხელსახოციც გაიკრას შუბლზე, სავარძელში განცხრომით გადაწვეს და ფეხები ბუხრის რიკულზე შეაწყოს პორტვეინით გაბუჟებულმა.
ციხის სადილია აღწერილი XLIV თავში, სადაც სამ საათზე სემს ცხვრის შემწვარი ბარკალი და უზარმაზარი თეფშით პაშტეტი შემოაქვს, რომელიც იქვე, ციხის სამზარეულოშია მომზადებული და რომელსაც ლუდით სავსე ტოლჩები და 6 ბოთლი საუცხოო ღვინოც მოჰყვება. შემდეგ ჩაისაც სვამენ და მანამ ნებივრობენ, სანამ ციხის ზარის ხმა არ გაისმება.
სადილის მომზადებას ხან მთელი დღე უნდებიან, ხანაც სახელდახელოდ, რამდენიმე წუთში შლიან სუფრას, როგორც მაგალითად სასტუმროში “სარკინოზის თავი”: უცებ გამოიტანენ ქათამსა და ხბოს ხორცის კატლეტებს, ფრანგულ მუხუდოს, კარტოფილს, ტორტს და რაც მთავარია, კეთილ გულს. ხო მართლა, ბარაქიანი სადილის შემდეგ ხშირად ლაქიები მიადგებიან ნარჩენებს და ისინიც ილხენენ.
იგივე ხდება ვახშმობის შემდეგაც, უბრალოდ ვახშამი ზოგჯერ ღამისთევაშიც შეიძლება გადაიზარდოს. ვახშამი წმინდათაწმიდა რამაა, მას, როგორც მისტერ უორდლი ამბობს IX თავში, არავის გამო არ დააგვიანებენ, არადა მისტერ უორდლის დას, რეიჩელს და მისტერ ჯინგლს, რომანის მთავარ უარყოფით გმირს ელოდება ყველა. ისინი ცოტა ხნის წინ გაიპარნენ. სუფრის წევრებმა ეს ჯერ არ იციან, შემოდის ძროხის შესანიშნავად შემწვარი ხორცი, მისტერ პიკვიკი მოზრდილ ნაჭერს გადაიღებს, ჩანგალს მოიმარჯვებს, პირსაც დააღებს და უცებ ყველაფერს ფარდა აეხდება. ვახშმის ნაცვლად, დევნა იწყება.
ვახშმის გამო ყველაფერი წყდება, თამაშები, საუბარი, პროვინციული გაზეთიდან ამოკრებილი მარგალიტების გამომზეურება. ხანდახან ვახშამი უბრალოა, მაგრამ ნოყიერი და როცა მთელი საზოგადოება ბუხრის წინ იყრის თავს, ბედნიერებისა და სიმაძღრის ნამდვილი დღესასწაული იწყება, სადაც მისტერ პიკვიკს ასეთი სიტყვებიც კი წამოცდება: “არასოდეს ასე ბედნიერად არ მიგრძვნია თავი და, თუმც სწრაფად წარმავალი, მაგრამ მეტად საამო წუთებით ასე გულით არ მომილხენია”.
ვახშმობისას მეკობრის ფორმაში გამოწყობილი მისტერ ტაპმენი შეიძლება ასთაკვის სალათით ხელში მიადგეს ხნიერ მანდილოსნებს, თავის მხრივ ხნიერი მანდილოსნები კი, მისის ბერდლის თამადობით, ნოყიერ ვახშამს (ღორის მოხრაკული ფეხები და ჰოლანდიურ ღუმელში შემწვარი ყველი) ტკბილ ჩაის აყოლებენ. სხვათა შორის, ეს კონკრეტული ქალბატონები ისეთი მადიანები აღმოჩნდნენ, რომ ძვლებიც კი არ გადარჩენიათ, ლაქიებისთვის.
დიკენსი საშობაო ვახშმების გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ისინიც გავიხსენოთ. ამ რომანის მთავარ საშობაო სცენაში ჯერ კუკუდამალობანას თამაშობენ მოზეიმეები, შემდეგ კიდევ ერთ საშობაო თამაშს წამოიწყებენ, „სნეპ დრეგონს“ (Snapdragon –თავისუფლად რომ მოვთარგმნოთ, აღრენილი დრაკონი), რომლის არსიც შემდეგში მდგომარეობს: ფიალაზე ან ჯამში ასხამენ ბრენდის, ცეცხლს უკიდებენ და იქ ჩაყრილ ქიშმიშებს და შაქარყინულებს იღებენ. ამ დროს, როგორც წესი, ხელებს იწვავენ ხოლმე და დიკენსთანაც, თითებდათუთქულნი მიუჯდებიან საშობაო ვახშამს. იქვე ცეცხლზე უზარმაზარი სპილენძის ქვაბი დგას. მასში კოხტად შებრაწული ვაშლები შიშხინებენ. სვამენ უოსელს, ტრადიციულ საშობაო სასმელს – დამტკბარი ელია, შიგნით შებრაწული ვაშლებია ჩაყრილი და ჯავზითა და სხვა რამეებითა შეკმაზული. უოსელზე შპეტიც წერდა, რომ ეს სახელი ერთ საქსონელ ქალს უკავშირდება, ვინც თურმე ბრიტების მეფეს დახვდა ჩვენი ქართლის დედასავით, ჯამით ხელში, სიტყვებით wass-heil (დიკენსთან – wassail), რაც ნიშნავს, „გაგიმარჯოს“. სცენის ბოლოსკენ მასპინძელი, მისტერ უორდლი დაიძახებს: „სასმისები შეავსეთ! ნახეთ, ეგ ჯამები ისეთი დიდია, რომ კარგა ხანი გავა, ვიდრე სქელი უოსელიდან ფსკერი გამოჩნდებოდეს. ახლავე სიმღერასაც მოგართმევთ“, და იწყება საშობაო სიმღერა, უოსელით სავსე თასს კი სუფრაზე ჩამოატარებენ, თანაც არაერთხელ.
ასე ვახშმობენ დიდ ოჯახებში, განსხვავებით ორი უცოლო, ნაქირავებში მცხოვრები მამაკაცის მიერ მოწყობილი ვახშმისგან. ისინი იძულებული არიან ჯერ მსახური ქალი გააღვიძონ, რომელსაც სამზარეულოს მაგიდაზე ჩამოუდია თავი და ძინავს, შემდეგ ამ მსახურს უხსნიან, რა უნდა გააკეთოს და რაც მთავარია, „კაცი, რომელსაც ლოკოკინები[2] შეუკვეთეს, არ გააფრთხილეს, რომ ისინი იქვე, დუქანში გაეხსნათ და ისე მოეტანათ სუფრაზე. ჰოდა მოგეხსენებათ, რა ძნელია მათი გახსნა ჩვეულებრივი დანით ან ორწვერა ჩანგლით!“
დიკენსი აგრძელებს: „ამიტომ ლოკოკინები (ხამანწკები) ბევრმა ვერც იგემა. ძროხის ხორციც ყველას არ ეყო და არც ლორი, რომელიც იქვე მახლობლად ძეხვით მოვაჭრე გერმანელთა დუქანში იყიდეს. სამაგიეროდ, თითბრის ჯამში უხვად ჩაესხათ ლუდი და ასევე დიდი წარმატება ხვდა ყველს, რადგან გემოთი ძალიან მარილიანი აღმოჩნდა… საბოლოო ჯამში, ვახშამი ჩინებული გამოვიდა“. ვახშმის შემდეგ სიგარები და მაგარი სასმელიც შემოდის, რომელსაც სასმისებთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვება (ასეთ გასაქირავებელ ბინებში მაშინდელ ლონდონში ყოველთვის ჭირდა საკმარისი რაოდენობის სასმისის პოვნა).
პროვინციაში ვახშმის მოსაწვევში შეიძლება შეცდომებიც ერიოს და ამაზე დიკენსი კარგად ხუმრობს. მაგ. სემ უელერს საღამოს წვეულებაზე (Soiree) პატიჟებენ და ასეთ წერილს უგზავნიან: „ქალაქ ბათის მსახურთა რჩეული საზოგადოება გულითადად მიესალმება მისტერ უელერს და უმორჩილესად სთხოვს, რომ მან პატივი დასდოს მათ საზოგადოებას და ეწვიოს მეგობრულ სვარეზე (swarry), რომელიც შედგება ცხვრის მოხარშული ბარკლისაგან, ჩვეულებრივი გარნირით. სვარე სუფრაზე იქნება ზუსტად ათის ნახევარზე“. წერილის ხმამაღალ წაკითხვას სემის ხუმრობა მოჰყვება: „ჩემმა მზემ, აქამდე არც გამიგონია, რომ ცხვრის მოხარშულ ბარკალს სვარეს ეძახდნენ, ეს თუ ასეა, ნეტავ შემწვარს რაღას დაარქმევენ?!“. „სუარეს“ კი ასე აღწერს ავტორი:„ოთახის შუაგულში მიჯრით იდგა ორი მაგიდა, რომელსაც სამი თუ ოთხი სუფრა, აშკარად სხვადასხვა დროს შეძენილი და სხვადასხვა დროს გარეცხილი, ისე ეფარა სიგრძეზე, თითქოს ერთი მთლიანიაო… სუფრაზე ეწყო დანები და ჩანგლები შვიდ თუ რვა კაცზე. ზოგი დანის ტარი მწვანე იყო, ზოგის წითელი, ზოგის ყვითელი; ჩანგლები კი ყველა შავი იყო და ამიტომ ფერთა ასეთი შეხამება წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა მაყურებელზე. თეფშები… ბუხრის რიკულის უკან შრებოდა. მის წინ კი თვით სტუმრები თბებოდნენ“.იწყება „სვარე“, შემოაქვთ ცივად მოხარშული ცხვრის ბარკალი კაპარის სოუსით (caper sauce ქართულ თარგმანში, რატომღაც, ჯონჯოლად გადმოიტანეს), თალგამით (turnip ხილად თარგმნეს) და კარტოფილით. ბოლოს კი ყველა თავის საყვარელ სასმელს იღებს, ზოგი ცივ, ტკბილ შრაბს (Schrub – რომი ან ბრენდი შაქრით, წყლითა და ციტრუსით), სხვები კი შეზავებულ ჯინს ან პუნშს.
ბოკვერა და მემთვრალენი
დიკენსის სამზარეულოები ერთმანეთს ჰგავს. აქ აუცილებლადაა უზარმაზარი ბუხარი. იატაკი ხშირად წითელი აგურითაა მოგებული, ჭერზე ჰკიდია ლორი, ხახვის ასხმულები. ბუხრის თავზე ხან სარკეა, ხანაც საათი. თაროებზე წნილით სავსე დერგებია, ოქროსიარლიყებიანი მწვანე ბოთლები, მურაბის ქილები, ყველის თავები, სუფრის გაშლამდე კი თაროებს ცივად მოხარშული ღორის ბარკლები და შემწვარი ხორცი იკავებს. სამზარეულოს კედლებზე სხვადასხვა ნივთსაც ჰკიდებენ – შოლტს, აღვირს, უნაგირს, დაშნას, ხმალს ან სულაც ძველთაძველ მუშკეტს.
სამზარეულო და ბუხარი ზამთარშია კარგი, ზაფხულში კი ყველას გარეთ მიუწევს გული. პიკნიკები პიკვიკელების (და მათ გარშემო შემოკრებილი გმირების) საყვარელი საქმიანობაა. დაამაგრებენ ეტლის ბოლოს ხორაგით სავსე კალათს, რომელიც თავდახურულია და მოშიებულ მოპიკნიკეებში წარმოსახვას აძლიერებს, ფიქრებს აღძრავს – ცივად მოხარშული ქათმის, შემწვარი ენისა და ღვინის შესახებ. ღვინოს ხანდახან ეტლის კოფოზევე სვამენ, იკვლევენ მტრედის პაშტეტის შემადგნლობას, აფასებენ ამათუიმ კერძს. პირველი პიკნიკის სცენაში გამოდის ასპარეზზე „ღაჟღაჟა, ლოყებგაფუებული ყმაწვილი“, მეტსახელად ბოკვერა, უორდლების მსახური, რომელიც შემდეგ მთელი რომანის განმავლობაში გაიელვებს ხოლმე და ძალიან ართობს მკითხველს. ბოკვერა სიყვარულით მისჩერებია მსუქან ყვერულს (დაკოდილი მამალია), რომელთან დაშორებაც ძალიან უმძიმს. იგი პატრონის შეძახილს ოხვრით პასუხობს და გულდამწვარი კიდევ ერთხელ დახედავს ჩასუქებულ ფრინველს. დარდი დიდხანს არ გრძელდება, სულ მალე ბოკვერა ხორცის ღვეზელს დაითრევს და ცოტათი გულზეც მოეშვება.
ბოკვერას ძილი უყვარს. ფეხზე მდგარსაც კი სძინავს და ყველანი დღენიადაგ მის გაღვიძებაში არიან. ამის გამო მას ხშირად დასცინიან, პატრონი ეუბნება, რომ ამაყობს მისით და არაფრის დიდებით თავიდან არ მოიშორებს: „საოცრებაა, ნამდვილი საოცრება!“ ამ დროს კი ბოკვერა თვალებს იფშვნეტს, ყლაპავს ღვეზელის ვეებერთელა ლუკმას, რომელსაც ჩაძინებისას ღეჭავდა და მისტერ უორდლის ბრძანების შესრულებას იწყებს, თეფშებს ალაგებს და კალათში აწყობს, თან ხარბად შეექცევა ნადიმის ნარჩენებს.
ბოკვერას სახეს დიკენსი ბევრი სასაცილო დეტალით ავსებს. მაგ. როცა იგი თანხმობის ნიშნად ან რაიმეს დასამტკიცებლად თავს აქიცინებს, მსუქანი ლოყები ბლომანჟესავით უთამაშებს (blanc-mange like motion to his fat cheeks). როგორც კი დროს მოიხელთებს, აუცილებლად რაღაცას კბეჩს, ღეჭავს და ყლაპავს. თუკი დაასაქმებენ, „ნაღვლნარევი სიხარულით ზვერავს დანებისა და ჩანგლების ტრიალს და საუკეთესო ნაჭრების მოგზაურობას სინებიდან პირდაპირ სტუმრების პირში“. ჩაფიქრებულს მხოლოდ მაშინ ეღიმება, როდესაც შემწვარი ბარკალი და გემრიელი საწებელი მოაგონდება. ხანდახან ბოკვერა საკმაოდ მოხერხებულიცაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი ბატონი ზურგით მოუტრიალდება ან ყურადღებას მოადუნებს. ბოკვერა წამში ითვისებს და ბოლომდე ანადგურებს რაც კი ხელში მოხვდება, ღვეზელიდან დაწყებული – სხვა კერძებით დამთავრებული. ვერაფერი შეედრება სემისა და ბოკვერას გაბაასებებს, სადაც სემის უბასრესი იუმორი ბატონობს ყველაფერზე. იგი ხან სასმელზე პატიჟებს ბოკვერას, ხან მისაყოლებელს გამოუჩენს რამეს და თან გაეხუმრება კიდეც.
სემისგან ხშირად სიბრძნეებსაც გაიგონებთ ან უბრალოდ, გასტრონომიული შინაარსის მოსწრებულ გამონათქვამებს. მაგ. ერთხელ შეეკითხებიან, ძალიან დაკავებული ხართო? რაზეც სემი უპასუხებს, რომ ყელამდე საქმეშია, თუმცა არაფერი უჭირს, გაკოტრებით არ გაკოტრდება და გამდიდრებითაც არ გამდიდრდება, „მოხარშულ ცხვრის ხორცს კაპარის გარეშეც კარგად გეახლებით და თუ ძროხის ხორცი გვაქვს, პირშუშხას აღარ დავეძებთ“-ო.
ასეთი სიბრძნეების გარდა სადღეგრძელოებსაც შეხვდებით რომანში. ისინი ხან გარკვეულ წესრიგს ქვემდებარებიან, ზოგჯერ კი სრული თავისუფლებით წარმოითქმიან. დღეგრძელოების სიტყვებს თავის მოსაქონადაც ამბობენ და გულახდილადაც. მაგალითად, თაღლითი მისტერ ჯინგლი გაცნობისას ჯერ თითოეული პიკვიკელის სადღეგრძელოს ცალ-ცალკე ამბობს, შემდეგ კი ყველას ერთად ლოცავს. აქ ასევე უყვართ მხიარული სადღეგრძელოები, განსაკუთრებით, როცა რამეს აღნიშნავენ, დღესასწაულობენ, შობა ღამეს კი სადღეგრძელოებს ბოლო არ უჩანს: მთავარ საშობაო ნადიმზე მისტერ პიკვიკის გრძელი სიტყვის შემდეგ მისტერ უელერი თავად პიკვიკს ადღეგრძელებს, შემდეგ პიკვიკი მხცოვანი მანდილოსნების სადღეგრძელოს შესვამს, „მისტერ სნოდგრასმა მისტერ უორდლს უსურვა დღეგრძელობა და მისტერ უორლდლმაც, რაღა თქმა უნდა, სამაგიერო გადაუხადა. ერთ-ერთმა ღარიბმა ნათესავმა მისტერ ტაპმენი ადღეგრძელა, ხოლო დანარჩენმა ღარიბმა ნათესავებმა – მისტერ უინკლი. ყველა ილხენდა, ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ორი ღარიბი ნათესავი საიდუმლოდ გაქრა მაგიდის ქვეშ, მხოლოდ მაშინ გაახსენდათ სტუმარ-მასპინძლებს, რომ ქეიფის მოთავების დროც დამდგარიყო“.
მაგიდის ქვეშ გაუჩინარებაზე გამახსენდა. „პიკვიკის კლუბის ჩანაწერებში“ მხოლოდ ხასიათზე მოსასვლელად არ სვამენ, არამედ თრობისთვის. ხანდახან ძლიერი, მაგარი თრობისთვისაც. აი როგორაა აღწერილი თრობის ერთ-ერთი პირველი სცენა რომანში:
„ღვინო, რომელმაც მისტერ სნოდგრასზე და მისტერ უინკლზე ძილისმომგვრელი ძალა გამოიჩინა, ეტყობა, მისტერ პიკვიკსაც შეუჯდა თავში. თანდათანობით მან განვლო ყველა საფეხური, რომელიც წინ უსწრებს ნოყიერი სადილისაგან გამოწვეულ ლეთარგიას. ნეტარების მაღალი მწვერვალიდან იგი ნელ-ნელა სასოწარკვეთის უფსკრულში დაეშვა და სასოწარკვეთის უფსკრულიდან კვლავ ნეტარების მწვერვალზე აფრინდა. ქუჩის ფარანივით, რომელიც ქარის წამოქროლაზე წამიერად იელვებს, მისტერ პიკვიკიც, უეცრად მჭევრმეტყველ ქადაგად იქცა, ცეცხლივით აენთო; შემდეგ ერთბაშად შუქი მოაკლდა – ბრწყინვალე ქადაგება გაუგბარ ლუღლუღში გადაუვიდა; ოდნავი შეყოვნება და იგი კვლავ გაჩაღდა, შემდეგ კვლავ შეტორტმანდა, ჩაიბჟუტა და საბოლოოდ ჩაქრა; თავი განიერ მკერდზე ჩამოუვარდა და ამიერიდან ამ დიდსულოვანი ადამიანის არსებობაზე მხოლოდ გამუდმებული, დროდადრო ხუთვანრევი ხვრინვაღა ღაღადებდა“.
სიმთვრალის პერიოდი ხშირად არ ახსოვთ, არ ახსოვთ, რომ ტანსაცმელი გამოიცვალეს, არ ახსოვთ ვის გამოელაპარაკნენ ქუჩაში. იქნებ შეურაცხყოფაც მიაყენეს ვინმეს? სიმთვრალეში აქტიურ არშიყობას იწყებენ – „ჩემი ჭიქიდან მიირთვით ჩემო ცუგრუმელავ, თქვენი ლამაზი ტუჩები ამ ჭიქის პირს მიადეთ და მაშინ ამ შუამავლის მეოხებით საშუალება მომეცემა, გეამბოროთ”.
აქვე შეხვდებით გალოთებულ ღვთისმსახურებს, ყოფილებსაც და მოქმედებსაც. ერთ-ერთი მისტერ სტიგინზია, ზემოთაც რომ ვახსენეთ. ბობ სოიერი ერთ-ერთი ყველაზე ალკოჰოლდამოკიდებული გმირია „პიკვიკის კლუბის ჩანაწერებში“. ერთ სცენაში იგი ეტლის სახურავზეა წამომჯდარი. ცალ ხელში ვეებერთელა სენდვიჩი უჭირავს, მეორეში კი ბარაქიანი მათარა. ჩაკბეჩს – მოიყუდებს, ჩაკბეჩს – მოიყუდებს, თან „ერთფეროვნების თავიდან ასაცილებლად“ (დიდება დიკენსს) დროდადრო კივის. მასთან ერთად „უბერავენ“ მამა-შვილი უელერებიც. ზემოთნახსენები მათარა მომდევნო რამდენიმე გვერდის მთავარი გმირია. ვინ არ მოიყუდებს მას, რა სადღეგრძელოს არ იტყვიან. თან დაზუსტებით ისიც არ იციან, რა ასხია შიგ. მარჩიელობენ, აჭაშნიკებენ, ტუჩებს აცმაცუნებენ, ცდილობენ გამოიცნონ.
პაბები და სამართლის მადა
რომანში ათეულობით პაბი და დუქანია ნახსენები: „გვირგვინი“ მაგლტონში (სენდვიჩები სარდალა თევზით, პილპილმოყრილი შემწვარი თირკმლები), „ლურჯი ლომი“, „თეთრი ირემი“ („სადაც ლაქიები უესტმინსტერის სკოლის შეგირდებს ჰგვანან, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ უფრო უკეთ უჭირავთ თავი“), „ფარშავანგი“, სასტუმრო „მარკიზი გრანბი“ (სემის დედინაცვლის საკუთრება), „ჯორჯი და ფასკუნჯი“, „ლურჯი ტახი“, „თეთრი რაშის სარდაფი“, „მელია მთის ძირას“, „მეფის ძველი სასტუმრო“, „კუნძი“. რა არ ხდება ამ პაბებში! ერთხელ ერთმა დახლიდარმა ქალმა სასმლის გამეორებაზე უარი უთხრა ოფიცერს, რაზეც ოფიცერმა ხიშტი იმარჯვა და მხარში დაჭრა გოგონა.
პროვინციული პაბები განსხვავდება ლონდონურებისგან, სხვადასხვანაირია ქუჩის სახელდახელო საკვებიც. მაგ. კენტის საგრაფო ვაშლებით, ალუბლით, სვიითა და ქალებითაა განთქმული. მისტერ პიკვიკის აღწერით სტრაუდის, როჩესტერის, ჩეტემისა და ბრომპტონის მთავარი მახასიათებელი ნუშის ყანდი, ვაშლები, ქამშალა და ხამანწკებია. ხამანწკებს სიღატაკესთანაც აწყვილებენ დიკენსთან. ეს სემის მორიგი სიბრძნეა. მისი სიტყვით, „სიღატაკე და ხამანწკები ერთად მოგზაურობენ <…> რაც უფრო ღარიბია ადგილი, სერ, მით უფრო მეტია ხამანწკაზე მოთხოვნილება. ერთი შეხედეთ, სერ, ყოველი ექვსი-შვიდი სახლის შემდეგ ხამანწკის დუქანია, ქუჩა ამ დუქნებით არის სავსე. მიწა გამისკდეს, თუ არ ვფიქრობდე, რომ ღარიბი ადამიანი სახლიდან სასოწარკვეთილი გამოვარდება თუ არა, პირდაპირ ხამანწკას ეცემა“.
ცალკე კატეგორიაა მადიანი ან მწყურვალი მოსამართლეები. ასე ამბობენ, კეთილგანწყობილი, კმაყოფილი, კარგად დანაყრებული მსაჯულის ხელიდან გაშვება ცოდვაა, უკმაყოფილო და მშიერი კი მუდამ მოსარჩელეს დაუჭერს მხარსო. მოსამართლეები არასდროს არღვევენ სადილის წესს. ზუსტ დროს გადიან სხდომათა დარბაზიდან და ცხვრის კატლეტს მიირთმევენ, ზედაც ერთი ჭიქა ხერესით. ან ებერნეტის ბისკვიტსა და ძეხვს გეახლებიან. შემდეგ ძეხვის ნარჩენს იმავე ჯიბეში ინახავენ, სადაც იურიდიული საბუთები უდევთ. ასევე უკვეთენ როსტბიფს, ლოკოკინებს, პორტერს. ლორით დატენილი სენდვიჩები კი პროფესიულ ნიშნადაც კი ითვლება.
მოსამართლის სამპენსიანი რომის სირჩები ზემოთაც ვახსენე, ამიტომ აქ ერთ დეტალს გავიხსენებ. ვექილი მისტერ პელი ერთ-ერთ გამოსვლას ასრულებს სიტყვებით: „ცრემლი დაგვაღვრევინა“ და ამ დროს ცხვირსახოცსაც ამოიღებს, მაგრამ ცრემლის ნაცვლად რომის წვეთს შეიწმენდს, რომელიც ზედა ტუჩზე აქვს შერჩენილი.
როდესაც მოსამართლეს ან ვექილს ეკითხებიან, „საქმეს ხომ არ შევუდგეთ?“, მას ყოველთვის ეჭვი უჩნდება, მართლა საქმისკენ მოუწოდებენ თუ გროგზე, პუნშზე ან „სხვა ამგვარ, წმინდა პროფესიონალურ სასმელზე“ პატიჟებენ.
აქვე დიკენსის წერის ხერხებზე და მის უცნაურ დაკვირვებებზეც მინდა ორი სიტყვა ვთქვა. მაგ. დეტალებისადმი ყურადღება ძალიან ართობს მკითხველს და განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნის წიგნში. აქ შილინგით ცხვირს მოისრესენ, დარცხვენილნი კი ისე წითლდებიან, რომ სარწყავისფერი ედებათ. ერთ ძაღლს პონტო ჰქვია და მან, როგორც ჩანს, კითხვაც იცის, რადგან არაფრის დიდებით არ შედის ეზოში, წარწერით: „დარაჯს ნაბრძანები აქვს მოკლას ყველა ძაღლი, რომელიც შემოღობილში შემოვა!“ სხვა თავში ცხენი გვერდულად მიჩანჩალებს, თავი ქუჩის ერთ მხარესა აქვს მიქცეული, კუდი კი მეორე მხარეს.
დიკენსი, როგორც „ყოვლისმცოდნე ავტორი“, თავს იმის უფლებასაც აძლევს, რომ ზოგ-ზოგი რაღაცა დაგვიმალოს და ამით ჩვენი ფანტაზია უფრო გააღვივოს. ავიღოთ თუნდაც მის უორდლისა და მზაკვარი მისტერ ჯინგლის სასიყვარულო თავგადასავლის ამბავი. ამ გულგამგმირავი ამბის მაღალმხატვრული აღწერა მისტერ პიკვიკმა დაგვიტოვა. მთხრობელი ამბობს: „აგერ ახლა, ჩვენ წინ მისი ცრემლებით დანამული უბის წიგნაკი დევს. ერთი სიტყვაც კმარა და იგი გამომცემლის ხელში აღმოჩნდება. მაგრამ, არა! ჩვენ გვმართებს სიმტკიცე გამოვიჩინოთ და არამც და არამც არ დავუტანჯოთ გული ჩვენს მკითხველს ამ საშინელი წამების აღწერით“.
სემი, ისევე როგორც ბევრ სხვა ეპიზოდში, ამ დეტალების მთავარ გმირადაც წარმოგვიდგება. მისი გამოჩენისთანავე ირკვევა (იგი ლაქიად მუშაობს ერთ-ერთ სასტუმროში), რომ სემს ფეხსაცმელების მიხედვით ჰყავს დაზეპირებული სტუმრები (ტყავის პაჭიჭები #13-ში, ყელმოკლე წაღები – სავაჭრო ოთახში და ა.შ.). გარდა ამისა, სემმა შეიძლება ან რაღაც პანტომიმურ სცენაში გაიელვოს ანაც მისმა ჭვრეტებმა მიიქციოს ყურადღება. საუბარს დაასრულებს და გადახედავს ჯერ სპილენძის ქვაბს, შემდეგ შებრაწულ ყველს, კედელს, ჭერს და ა.შ.
მწერალს არ ავიწყდება აღნიშნოს, რომ ბატონთან საუბრის დაწყების წინ მსახური ქუდს შეახებს ხოლმე ხელს. სემიც ასე იქცევა. თუმცა ქუდთან დაკავშირებით ყოველთვის მაინც მისტერ პიკვიკის მიერ ქარში საკუთარი ქუდის დევნის სცენა გაახსენდება ამ რომანის ერთგულ და დაკვირვებულ მკითხველს. აუცილებლად სრულად უნდა მოვიყვანო ეს გენიალური ეპიზოდი, ბრწყინვალე ფილოსოფიური ფრაგმენტი:
“საკუთარი ქუდის დევნა – ეს არის ადამიანის ცხოვრებაში ჭეშმარიტად იშვიათი განსაცდელი – სასაცილო და, ამავე დროს, სამწუხარო – რომელიც მაყურებელში ესოდენ მცირე თანაგრძნობას იწვევს. ქუდის დაჭერა არც თუ ისე ადვილია და ამ საქმეში კაცს უთუოდ დიდი მოთმინება და ჭკუის მოხმარება მართებს; თუ ძალიან აჩქარდა – დევნის საგანს გადაასწრებს, თუ მეორე უკიდურესობაში გადავარდა, სულაც დაკარგავს მას. ამ შემთხვევაში კაცი მეტად ფრთხილად და წინდახედულად უნდა მოიქცეს; არამც და არამც დევნის საგანს არ უნდა ჩამორჩეს, ხელსაყრელი შემთხვევა შეურჩიოს, თანდათან გადაასწროს ქუდს, შემდეგ სწრაფად ჩაიმუხლოს, ცაში ჩააფრინდეს და თავზე მაგრად დაიხუროს, თანაც ამ ხნის განმავლობაში სულ მხიარულად უნდა იღიმებოდეს, თითქოს ეს ამბავი როგორც სხვებისათვის, ისე მისთვისაც, მხოლოდ თავშესაქცევი ოინი იყოს და მეტი არაფერი.
ნაზი სიო მინდორს ელამუნებოდა და მისტერ პიკვიკის ქუდსაც მხიარულად მიაგორებდა წინ. ქარი მშვინავდა, მისტერ პიკვიკი ქშინავდა და ქუდი კი ხტუნვა ხტუნვით ისე სწრაფად მიქროდა წინ, ისე უდარდელად, თითქოს ცქვიტი დელფინი ყოფილიყოს, ძლიერი მოქცევის დროს წყალში რომ შეითამაშებს ხოლმე. ვინ იცის, როდემდე გაგრძელდებოდა ეს თავგანწირული შეჯიბრება, რომ ბედზე, მოულოდნელ დაბრკოლებას არ შეეჩერებინა იგი.
ის იყო ღონებიხდილ პიკვიკელს ხელი უნდა აეღო დევნაზე, რომ ქარმა უეცრად ქუდი ჰაერში აიტაცა და რიგში ჩამწკრივებული ეტლების ერთ-ერთ ბორბალს მიახეთქა. მისტერ პიკვიკმა დრო იხელთა, ელვის სისწრაფით ჩააფრინდა ძვირფას საუნჯეს, თავზე ჩამოიფხატა და სულის მოსათქმელად შეჩერდა”.
კიდევ ბევრი დეტალის გახსენება შეიძლება, შესანიშნავია უზარმაზარი გულქვა ვირთევზას ეტლზე დაბინავების სცენა, მძივების გადაყლაპვისა და მუცელში ხმაურობის სცენა, ძეხვში აღმოჩენილი ღილები და მრავალი სხვ.
ბოლოს, სიგარები!
ყველა სუფრას ბოლოს კვამლის ღრუბლები და ნისლები აგვირგვინებს და დანაყრებულ-შეჭიკჭიკებულზე სიგარები და ჩიბუხები ბატონობენ. აქ ადამიანებს ჩიბუხის კვამლისგან სახეებიც კი ერუჯებათ, ქუჩები კი თამბაქოს სუნითაა გაჟღენთილი. ოთახებს კვამლისგან ჭუჭყიანი ელფერი აქვს, წითელი ფარდები კი მუქად მოჩანს. აქ თუთუნს ეწევიან, ყნოსავენ (princes’ mixture-ს უწოდებენ ერთ-ერთ ასეთ საყნოს თუთუნს) და ღეჭავენ კიდეც. ხანდახან ერთმანეთს ურჩევენ, თამბაქოს ნაცვლად ჩიბუხი გრძნობებით გასტენონ, ხან ტკბილ საუბარს იწყებენ გაბოლებისას, ხან რაღაცას აკვირდებიან, ან შტერდებიან, დაძაბულნი ფიქრობენ, მშვიდდებიან, გემოს ატანენ მოსაწევს, სიამოვნებას იღებენ, ყლუპებად სასმელს აყოლებენ. ერთი ჯენტლმენი ამბობს, “თამბაქო ჩემთვის სასმელ-საჭმელიცაა და ადგილ-მოსასვენებელიცო”, რაზეც მისტერ პიკვიკი გაიფიქრებს, უკეთესი იქნებოდა თამბაქო მისთვის აბანოც ყოფილიყოო. თუმცა პიკვიკს ძალიან მოსწონს, როცა ვინმე სიგარას ეწევა, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ეწევა. ადამიანებს ხან კუბის იაფფასიანი სიგარების სუნი უდით რომანში, ხან უფრო კეთილშობილი თამბაქოს სურნელებს დააქროლებენ.
თამბაქოს რა თქმა უნდა, დამწუხრებულებიც ბევრს ეწევიან. ერთი სცენაა, ახლადდაქვრივებული მისტერ უელერი მრგვალ მაგიდასთან ზის ბუხრის პირას, ცეცხლს ჩასჩერებია სევდიანად და ჩიბუხს ეწევა.
ჩიბუხებიც ნაირნაირი აქვთ, სხვადასხვა მერქნისგან დამზადებული, ძვლით და ოქრო-ვერცხლით გაწყობილი. ეს ჩიბუხი ხომ თან გასართობივითაა, დატენვებით, საღვივართან თამაშით, გაკიდებებით, ფერფლის გადმოფერთხვით, ტომსიკის მოსინჯვებით.
ერთი 19-20 წლის ყმაწვილი უკვე დილის 10 საათზე ურტყამს წყლიან ჯინს და სიგარას აყოლებს. შეშუპებული სახე კი იმაზე მიუთითებს, რომ ბოლო 2 წელია ძირითადად ამით ირთობს თავს. სხვაგან ელი და სიგარა იწვევს იგივეს. სადღაც დუქანში ჯმუხი ყმაწვილები სხედან, რომელთაც ძლივს გაარჩევ თამბაქოს კვამლში. ისინი ხმამაღლა იგინებიან, ლუდს ტოლჩებით სვამენ და გაქონილი კარტით ბანქოს თამაშობენ. ბობ სოიერი და ბენ ალენი თამბაქოს სუნის გაყვანასაც ახერხებენ, როცა სჭირდებათ – რაღაცა მყრალ წამალს აპკურებენ ოთახში, თუმცა რომანში იმდენს ეწევიან, რომ ვერანაირი წამლის თუ bouquet du roi-ს სურნელი (წიგნში ნახსენები ერთი მაშინდელი სუნამოა) ვერ გადაფარავს მას და ვერაფერი გაფანტავს კვამლის იმ უსასრულო ნისლებს. სწორედ ამ ნისლებში მინდა დავასრულო ეს გაწელილი ამბავი და ორი ფინალური აბზაცი მოვიყვანო ბოლო თავიდან. დიდებული აბზაცები, რომლებიც ამ უცნაური წიგნის ერთგვარ გასაღებსაც წარმოადგენენ:
“დაე, ასეთ საამო და ბედნიერ წუთს დავშორდეთ სამუდამოდ ჩვენს მეგობარს. ასეთი წუთები ბევრი როდია. ისინი ატკბობენ და ამშვენიერებენ ჩვენს წარმავალ ცხოვრებას. ამ დალოცვილ დედამიწაზე მრავლადაა მუქი ჩრდილები, მაგრამ მათ შორის კაშკაშებს და ბრწყინავს მზის ნათელიც. ზოგიერთი ადამიანი, ღამურას ან ჭოტის მსგავსად ღამის წყვდიადში უფრო კარგად ხედავს, ვიდრე დღის სინათლეზე. ჩვენ მხედველობის ასეთი ორგანოები არ გაგვაჩნია, და ამიტომ, გვირჩევნია სამუდამოდ გამოვეთხოვოთ კეთილ მეგობრებს, რომელთაც მარტოობის მრავალი მძიმე წუთი შეგვიმსუბუქეს ისეთ დროს, როდესაც მათ უხვად უნათებდა მზის კაშკაშა შუქი…
ასეთი გახლავთ ხვედრი ადამიანთა უმეტესობისა, რომლებიც განგებას გაუჩენია. ყმაწვილობის ჟამს ისინი ჭეშმარიტ ერთგულ მეგობრებს იძენენ და მერე კვლავ კარგავენ მათ იმავე განგების ძალით. ასეთივეა ხვედრი ყველა მწერლისა ან მემატიანისა – ისინი წარმოსახვით ქმნიან მეგობრებს და კვლავაც კარგავენ მათ, არა განგების ძალით, არამედ შემოქმედის კანონების თანახმად. მაგრამ ეს კიდევ ცოტაა: მკითხველი მათგან მოითხოვს ზუსტ ანგარიშს – რა ბედი ეწია თითოეულ მის გმირს”.
[1] ციტატები დამოწმებულია რომანის მერი იანქოშვილისა და ნათელა კეშელავასეული თარგმანიდან.
[2] ხამანწკები უნდა იყოს. დედანში – oysters.
© არილი