ჰერტა მიულერის „სუნთქვის საქანელა“ (2009) შიმშილზე და საოცნებო საკვებზეა, გადასახლებაზე, ბანაკზე, იქაურ უმკაცრეს წესებზე, რომელსაც არამხოლოდ ტოტალიტარული ქვეყანა და მისი თვალბასრი ქვეშევრდომები აწესებენ, არამედ თავად გადასახლებულებიც, მშიერი, უძლური, მაგრამ მკაცრი ადამიანები.
ამ წიგნის მთავარი გმირის პროტოტიპი ოსკარ პასტიორია, ცნობილი (ჩვენთან უცნობი) გერმანელი პოეტი, ჰერტა მიულერივით რუმინეთში დაბადებული გერმანელი, რომელიც ომის დასრულების შემდეგ გადაასახლეს, გადაასახლეს როგორც არამხოლოდ გერმანელი, არამედ ჰომოსექსუალიც.
საკვებზე საუბარი პირველივე გვერდებიდან იწყება ამ რომანში, და ესაა ლეოს (ასე ჰქვია პასტიორის ჩანაწერების მიხედვით დაწერილი რომანის მთავარ გმირს) საგზლის აღწერა, იმ საგზლის, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინამდე უნდა ეყოს გადასახლებულს. ესაა – ლორის კონსერვი „სკანდია“, 4 პური და კარაქი, შობიდან მორჩენილი 2 ნაჭერი ნამცხვარი და წყლით სავსე მათარა.
საერთო ვაგონით მგზავრობისას ჰაერში ძველი შალის, ოფლით გაჟღენთილი შიშისა და მოშუშული ხორცის ცხიმიანი სურნელი დგას, რომელსაც შნაპსისა და ვანილის ნამცხვრის გემო ემატება. შნაპსი ხელიდან ხელში გადადის, ზოგჯერ მღერიან კიდეც. ყველა მთვრალია, მაწილი შნაპსისაგან, სხვები კი გაურკვევლობისგან, უცნობი მომავლისგან. ჯერ კიდევ რუმინეთის ტერიტორიაზე არიან, როდესაც საერთო ვაგონში ნახევარ თხას შემოუგდებენ გადასახლების გზაზე დამდგართ. გატყავებული და ხერხემლის გასწვრივ ჩაჩეხილი თხა იყო, გაქვავებული, გაყინული თხა, რახა–რუხი გაუდიოდა ვაგონის იატაკზე.
პირველი თხა რომ შემოაგდეს, შეშა ეგონათ და ღუმელში შეუკეთეს. ისეთი გამომშრალი იყო, რომ კარგად იწვოდა. შემდეგ მეორეჯერაც შემოაგდეს და ისიც დაწვეს, თან იცინოდნენ და ვერ ხვდებოდნენ „შიმშილის ანგელოსი“ რა ხშირად გაახსენებდა მათ ამ გაყინულ, გალურჯებულ თხებს.
ახლა „შიმშილის ანგელოსი“ განვმარტოთ.
ეს ანგელოსი სივრცულად განისაზღვრება. იგი ყოველთვის „აქაა“ და რადგან ყოველთვის აქაა, მოდის როცა უნდა და როგორც უნდა. შიმშილის ანგელოსი შენს სასაზე კიდია, სასის ფარდა მისი სასწორია, თავად კი ამ სასწორის ისარი. იგი სასწორზე დებს შენს თვალებს. შიმშილის ანგელოსი შენს ლოყებს თავის ნიკაპამდე მიიზიდავს და შენს სუნთქვას აქეთ-იქით აქანავებს. სუნთქვის საქანელა ციებ-ცხელებაა.
აი, ესაა „შიმშილის ანგელოსიც“ და „სუნთქვის საქანელაც“.
შიმშილის ანგელოსი ბანაკში მთავარი მბრძანებელია, ბანაკში, სადაც ყველაზე მაძღრები ტილები არიან. სადაც ქურთუკში 10 ჭარხალს იძლევიან, პულოვერში სამ პატარ ქილა ხორბალს, მატყლის წინდებში – ერთ ქილა შაქარს ან მარილს. აქ, როცა მოსახარში არაფერი აქვთ, კვამლს ყლაპავენ: „კვამლი პირში მიიკლაკნებოდა, ენას ერთ მხარეს გადავწევდი და ვიწყებდი ღეჭვას. ნერწყვს საღამოს კვამლთან ერთად მივირთმევდი და შემწვარ ძეხვზე ვოცნებობდი“.
აქ დამშეული თვალებით ყვითელ ცეცხლს ჭამენ, დამშეული სასით კი კვამლს მიირთმევენ.
ხოლო ბანაკის ხანმოკლე ბედნიერება ასე გამოიყურება: ტოტს დაბლა ჩამოწევ – აკაციის ყვავილებს დაკრეფ და შეჭამ, გზისპირზე მჟაუნას დაკრეფ და შეჭამ, მილებს შორის ველურ ბეგქონდარას წყვეტ და ჭამ, იქნებ სადმე მაყვალსაც გადაეყარო, თუარადა გვირილას ჭამ, ყვავილებს ჭამ.
ერთი ეპიზოდია, 13 ცალ დიდ თეთრ ლობიოზე, რომელსაც ბალიშქვეშ მალავს გმირი, და ამიტომ შიშობს, რომ ლობიო შეიძლება მშფოთვარე, ბანაკის სიზმრებისგან გაცვდეს.
ნაცარქათამა
ნაცარქათამა ამ წიგნის პირველი მნიშვნელოვანი „პროდუქტია“. მცენარე, რომელსაც ჩვენთან კარგად იცნობენ და იმერეთსა და რაჭაში ჩინებულ ფხალსაც აკეთებენ, აქ გადარჩენის სიმბოლოდ იქცევა. ძირითადად 2 რეცეპტი ჰქონდათ, ნაცარქათამას ფოთლებს ცოტა მარილს მოაყრიდნენ და უმად ჭამდნენ, შეიძლებოდა მცირეოდენი ველური კამაც მოეჭრათ ზედ. მეორე ვარიანტი იყო ფესვებიანად მარილწყალში მოხარშვა. მოხარშულ ნაცარქათამას ცალკე, შეუკმაზავი ფხალივით მიირთმევდნენ, ნახარშს კი წვნიანივით, ან სულაც მწვანე ჩაივით.
აქ დეტალურადაა აღწერილი ნაცარქათამას სრული ციკლი და ის გულისტკივილი თუ წუხილი, რომ ეს მცენარე მხოლოდ გაზაფხულზე იჭმება, შემდეგ კი ხევდება და დარიშხანივით მწარდება. მთხრობელმა არ იცის უთხრას თუ არა საყვედური ნაცარქათამას იმის გამო, რომ მისი ჭამა უკვე აღარ შეიძლება, არადა ასეთ პერიოდებში უკვე თავად ნაცარქათამამ იცოდა, რომ პატიმრებს კი არ ემსახურებოდა და შიმშილს კი არ უკლავდა მათ, არამედ შიმშილის ანგელოსს ემსახურებოდა, და რომ „წითელი ბურთულების ჯაჭვი [რომელიც ნაცარქათამას ამკობს] ახლა შიმშილის ანგელოსის ყელსაბამი იყო“, მას ამშვენებდა. რომ ნაცარქათამა ამ დროს მხოლოდ სიკვდილის ანგელოსისთვის ირთვებოდა და იკაზმებოდა. საჭმელად გამოუსადეგარი და მშვენიერი, შიმშილის ანგელოზის მოსართავ-მოსაკაზმავი.
პური
ბანაკის ალაყაფის კარიდან სასადილოს უკანა ეზომდე პურით დატვირთულ ურიკას ყოველთვის ერთი და იგივე კაცი მოაგორებდა და პურს, ყოველთვის, როგორც გვამს, თეთრი ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. აქ ნიჩბის ერთი მოქნევა ერთ გრამ პურს უდრის, რაც ნიშნავს, რომ პურის ყოველდღიური ნორმა უმრავლესობას 800 გრამიანი ჰქონდა. შედარებით მსუბუქ სამუშაოზე 600 გრამი იყო, კილოიან პურის ნაჭერს კი მხოლოდ გამონაკლისები იღებდნენ.
ეს 800 გრამიანი ნაჭერი ისეთი მკვრივი და მძიმე იყო, რომ ცერა თითის ზომამდე პატარავდებოდა. განსაკუთრებით, პურის შუა ნაწილიდან ჩამონაჭერი. ყუა გაცილებით მჩატე იყო, შესაბამისად, 800 გრამი მშრალი, ხრაშუნაქერქიანი ყუა 2 ცერა თითისხელა გამოდიოდა.
მთელი დღე მოთმინებაში გადიოდა, საკუთარი თავის გამოცდაში და განმტკიცებაში. ჯერ საუზმეზე უნდა მოგეთმინა და არ მიგეყოლებინა მთელი დღის ნორმა, ამის გამო ლეომ, ყოველი კოვზი წვნიანის შემდეგ ნერწყვის გადაყლაპვაც კი ვისწავლეო, რადგან შიმშილის ანგელოსი ამბობს: ნერწყვი აგრძელებს წვნიანს, ადრე დაძინება კი შიმშილს ამოკლებს. ყოველ დღე ერთიდაიგივე იყო, პურის გადასანახად სიმტკიცე უნდა გამოგეჩინა, შიმშილის ანგელოსი კი სულ აღიზიანებს, აქეზებს მას, იმდენად, რომ ერთხელ კაცი კინაღამ მოკლა პურის ქურდობაზე. ერთი ასეთი სცენაა, პურის ქურდობის გამო ყველა ბარაკელი სახეზე აფსამს ქურდს.
პურის ხაფანგს უწოდებს ავტორი სიტუაციებს, როცა პურის გამო სიხარბით იწყება რაღაცეების ნერვიული აწონ–დაწონვა და ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თან გშია, პურიც გაქვს, მაგრამ არ ჭამ. ეს სიხარბეცაა და მოთმინებაც. ვახშამზე კი, კომბოსტოს წვნიანთან დიდი რიტუალი იწყებოდა, პურის გაცვლა–გამოცვლა. ყველას ეგონა, რომ სხვას უფრო დიდი პური ჰქონდა და ამიტომ ძალზე ჰარმონიულად სრულდებოდა ეს რიტუალი. ყველას აწყობდა გაცვლა. მერე სინანულებიც იყო ალბათ, მაგრამ მთავარი ის გახლდათ, რომ ყველა სხვის პურს უყურებდა მაინც. გაცვლის შემდეგად, შენი პური იმის ხელში ხომ უფრო დიდი გახდა? შენს ხელში კი იმის დიდი პური დაპატარავდა.
პურის გაცვლა აუცილებელი მოვლენაა და სწრაფად ხდება, თან მთელი სიმძაფრით.
პური ძალიან მატყუარაა, ცბიერი და ორპირი.
„პურის კანონი არ განსჯის, ის სჯის. ნულოვანი ზღვარი პარაგრაფებს არ სცნობს, მას კანონი არ სჭირდება, ის თავად არის კანონი, რადგანაც შიმშილის ანგელოსიც ის ქურდი გახლავთ, რომელიც გონებას გპარავს. პურის სამართალს არც პროლოგი აქვს და არც ეპილოგი, ის მხოლოდ აწმყოა: სრულიად გამჭვირვალე და სრულიად იდუმალი. პურის კანონის დარღვევის ყველა შემთხვევა ისჯება, მაგრამ სულ სხვაა მშიერის მიერ გამოვლენილი აგრესია და სულ სხვა – მაძღრის აგრესია. მშიერის შემთხვევაში პურის სამართალი არსებულ მორალს არ ითვალისწინებს“.
კერძები და მოგონებები
წიგნი სავსეა საკვებზე ოცნებით და სიზმრებით. ლეო სიზმარში საქორწინო წვნიანს და პურს ჭამს, ასევე ფარშირებულ წიწაკას, ფხვიერი ცომით მომზადებულ ნამცხვარს, კოლრაბის წვნიანსა და პურს, კურდღლის ხორცს ზედ მოპკურებული ძმრითა და პურით, მარწვის ნაყინს ვერცხლის ფიალაზე, ნიგვზიან ჩხირებსა და ღორის თავისგან მომზადებულ ლაბასხმულს, პირშუშხათი, შემწვარ ხორცს მჟავე კომბოსტოთი და პურით, შვლის დაშაშხულ ბარკალსა და პურს, გარგრის კომპოტს, რომიან ტორტს.
იხსენებს, დედამისმა რომ ძმრიან სოუსში ჩაწყობილი კურდღელი გააკეთა. სუფრასთან, სოუსიდან დაფნის ფოთოლი ამოიღო დედამისმა, გალოკა, მერე პირიდან ნელა გამოიღო და ღილკილოში გაირჭო. დასამახსოვრებელი სცენაა, თანაც ამ დროს სუფრის წევრები იმაზე ლაპარაკობენ, რადიოში გამოაცხადეს, ყველა გერმანელმა ქალმა ფიურერს ერთი შვილი უნდა აჩუქოსო.
რა თქმა უნდა უკან, წინა ცხოვრებაში მოტოვებულ, მოგონებების კერძებზე ქალები მამაკაცებზე გაცილებით დაწვრილებით ჰყვებიან. ხოლო კიდევ უფრო დაწვრილებით – სოფლელი ქალები საუბრობენ ამ თემაზე. მათი მონათხრობი და კულინარიული რეცეპტი მინიმუმ სამი აქტისგან შედგება, როგორც პიესებში, როგორც სცენაზე. როცა საქმე შეკმაზვამდე მიდის, ძალიან იძაბება სიტუაცია, ხოლო დაძაბულობა პიკს აღწევს, როცა გულსართზე ჩამოვარდება სიტყვა. დანაშაულია, ვინმე თუ ვინმეს წამოცდება – „ვიღებთ ნახევარ ხახვს“. ხახვი აუცილებლად მთელი, ერთი დიდი თავი უნდა იყოს. ხოლო ნიორი არა 4, არამედ 6 კბილია საჭირო, თანაც ნიორი დაჭრილი კიარა, გახეხილი უნდა იყოს. პურის საფანელს ფუნთუშების საფანელი სჯობს, წიწაკას კი კვლიავი. კვლიავი სჯობს თუ ტარხუნა, როცა თევზს ან იხვს ვკმაზავთ? სატენი სად უნდა გავუშვათ – კანსა და ხორცს შორის თუ მუცელში, ცხიმი როგორ უფრო კარგად მოხვდება სატენს? პროტესტანტული უნდა იყოს გულსართი თუ კათოლიკური? და სხვ.
ახლა ატრიას არ იკითხავთ? კვერცხი რამდენი? როგორ ავთქვიფოთ? როგორ მოვზილოთ? რამდენი ხანი ვზილოთ? არ დაგავიწყდეთ, ცომი სიფრიფანა უნდა იყოს, თუმცა არსად არ უნდა გაიხეს. როგორ უნდა დაიჭრას ატრიის ცომი? როგორ მოვხარშოთ? ნელა ვადუღოთ თუ ვათუხთუხოთ? ოხრაშუში მოვაყაროთ?
ქალაქელი ქალები არასდროს იტყვიან რამდენი კვერცხია საჭირო, ისინი სულ დაზოგვაზე არიან. ისინი პირიქით, ამბობენ, რამდენი კვერცხი შეიძლება დააკლონ ცომს. უბარაქოები არიან. მათ ზუსტად იციან, როგორ გავიდნენ იოლად, ასერომ, მათი რეცეპტები პიესის პროლოგისთვისაც კი არ გამოდგება ხოლმე, არათუ 3 აქტისთვის.
კერძის რეცეპტების თხრობა ყოველთვის უფრო დახვეწილი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ანეკდოტის ან ზღაპრის თხრობა. იგი მეტ ოსტატობას მოითხოვდა და რა თქმა უნდა, გამძლეობასაც. აქ, ბანაკში იუმორი და ანეკდოტი რეცეპტის პირველივე სიტყვაშია: „ვიღებთ“, „ვიღებთ ამას, იმას…“
ერთი სიტყვით, რეცეპტები შიმშილის ანგელოსის ანეკდოტებია.
* * *
ვინც კოლმეურნეობაში დადიოდა სამუშაოდ, ყოველდღიურ კომბოსტოს წვნიანთან ერთად ახალ კარტოფილსაც მიირთმევდა. ხანდახან მასაც უწევდა ხოლმე ეს გასვლები. ერთხელ სოფელში შეივლის და მოხუცი ქალი შეიპატიჟებს, შენხელა შვილი მყავს, ის ციმბირშიაო. კარტოფილის წვნიანს დაუდგამს და ლეოსაც უნდა რომ ნელა ჭამოს, რაც შეიძლება ნელა დააგემოვნოს ეს წვნიანი, მაგრამ არ გამოსდის, იმიტომ, რომ ჯამთან შიმშილია ძაღლივით ჩაცუცქული და აიძულებს სწრაფად ჭამოს.
ისინი, ვინც კოლმეურნეობაში ვერ მიდიან, კარტოფილის ნაფრცქვენების ჭამა უწევთ სასადილოში და თან წარმოიდგენენ, რომ ეს ნაფრცქვენები ერთ უსასრულო ლენტად იქცევა.
აქ ჰალუცინაციები თავისებურ, გასტრონომიულ სახეს იღებს. ლეოს აგურის მტვერი, მისი ნაფხვენი წითელ პილპილს აგონებს. ერთ–ერთ თავში კი ბანაკის ყოველ ადგილს რაღაც საჭმელს, რაიმე გემო–სურნელს უკავშირებს: ბანაკის მთავარ ქუჩას კარამელის სურნელი აქვს, ბანაკის შემოსასვლელს – ახლად გამომცხვარი პურის, ბანაკიდან ფაბრიკისკენ გადასახვევ გზას – თბილი გარგრების, ფაბრიკის შესასვლელს – ერბოკვერცხის, სხვა ადგილებში მოშუშული წიწაკის, პამიდვრის წვნიანის, შემწვარი ბადრიჯნის, ვანილიანი შტრუდელის სურნელი ტრიალებს. სარეველაზე კუპრის ნამცეცები კომშის სურნელს აფრქვევს, კოქსის ბატარეები კი ნესვის სურნელს.
ერთი პერსონაჟი ამბობს, ალბერტ გიონი – მალე მზე ძალას მოიკრებს და როცა საჭმელი საერთოდ არაფერი გვექნება, შიმშილს მზეზე მაინც გავათბობთო.
საბრალო კატი პლანტონი თავის ნაწნავს აჭმევს სუპს.
* * *
მათ ხანდახან ბაზარში გასვლის ნებასაც აძლევენ და ისინიც გაფართოებული თვალებით უყურებენ შაქრის, მარილის, ქლიავის ჩირის, სიმინდის ფქვილის გროვებს. პირშუშხას მწვანე ფოთლებზე დაწყობილ სიმინდის კვერებს, შაქრის ჭარხლის გულსართით. აქ დგანან უკბილო ქალები სქელი პროსტოკვაშათი სავსე თუნუქის კანისტრებით და ყავარჯნიანი ცალფეხა ბიჭი კენკრის წითელი წლით სავსე ვედროთი. ამ სანახაობის გამო ძალიან განიცდიან და ბოლო კაპიკებამდე ხარჯავენ ფულს, რომელიც ვთქვათ სახლიდან წამოღებული ნიცშეს ზარატუსტრას ან გოეთეს ფაუსტის გაყიდვიდან მიიღეს (ქაღალდი ძვირად ფასობს).
მაგალითად, ერთხელ ლეომ 2 რუბლად 2 ტოლჩა წითელი წყალი შეიძინა და სულმოუთქმელად გამოსცალა, შემდეგ სიმინდის 2 კვერი შესანსლა, შაქრის ჭარხლის გულსართით, და ზედ პირშუშხას ფოთოლიც მიაყოლა. შეიძინა ოთხი ცალი ბლინი, ყველით დატენილი. ორი შეინახა, ორი იქვე მიირთვა და ზედ ერთ ტოლჩა პროსტოკვაშა გადაუფინა. შემდეგ მზესუმზირის ნამცხვრისა და კიდევ ერთი ტოლჩა კენკრის წითელი წყლის ჯერი დადგა. ბოლოს აღმოაჩინა, რომ აღარც შაქარზე და აღარც მარილზე ფული არ ჰყოფნიდა და ქლიავის ჩირის ყიდვას გადაწყვეტს, მაგრამ გამყიდველს ეცოტავება ფული, ხელებს აიქნევს და როგორც ქათმებს იშორებენ, აქშათი დაიფრენს, რასაც ლოცვასავით ბუტბუტი მოჰყვება ლეს მხრიდან და ქალს ბოლო–ბოლო გული მოულბება და ერთ ქუდს გაუვსებს ქლიავით. ლეო ამასაც ორად ჰყოფს, ერთი ახლავე უნდა შეჭამოს, მეორე კი შეინახოს. ქლიავის პირველი ნაწილის შეჭმის შემდეგ ის მორჩენილი ორი ბლინი ახსენდება და იმასახ ზედ დაურთავს. ბოლოს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ტრაგიკულად სრულდება, ლეოს გული აერევა, თან ტირის ამ თავის ნარწყევს რომ თვალს აყოლებს და განიცდის, რომ ეს ყველაფერი უკვე თუთის ძირას აფენია და ლაპლაპებს. თავი თუთის ტანზე აქვს მიდებული, უყურებს ამ ლაპლაპს და თვალებით ჭამს მას.
ჰერტა მიულერის მთხრობელის შედარებებიც გასტრონომიულია ხოლმე. მაგ. როცა უკვე შინ დაბრუნებული ვენიდან წერილს მიიღებს, ავტორი მას ათქმევინებს: „მამაჩემი ისე შემომცქეროდა, როგორც ჭამის დროს შეიძლება ადამიანი ადამიანს უყურებდესო“. იგი განწირულია მთელი ცხოვრება ასეთ ფიქრებში, ასეთ ანალოგიებში გაატაროს. ფინალიც ასეთივე აქვს რომანს, ლეო მაგიდის ქვეშ მტვრიან ქიშმიშს პოულობს და მასთან ცეკვავს.
თავისი შიმშილის გააზრებას, რეფლექსირებას მთხრობელი გათავისუფლებიდან 60 წლის შემდეგაც აგრძელებს და ამბობს რომანის ერთ-ერთ საკვანძო სიტყვებს, რომ ამდენი ხნის შემდეგაც მთელი არსებით ჭამს, თანამეინახეებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. უხერხულობას ქმნის. ჭამს ჯიუტად, თავისებურად.
ჯიუტად ჭამა – ამ სიტყვებში ბავშვურობაც ჩანს, სიგიჟეც, ტყვეობაც, თავისუფლებაც და მარტოობაც.
© ინდიგო