კრიტიკა

მალხაზ ხარბედია – მწვრთნელის გარეშე

stack_of_books 65346

ნახეთ როგორ ითამაშა “ლივერპულმა” “ჩელსისთან”? თუ მიაქციეთ ყურადღება, დამატებითი დროის დაწყებამდე, ბენიტესი და მაურინიო რომ რაღაცას უხსნიდნენ თავიანთ ფეხბურთელებს? პორტუგალიელმა დიდხანს იქაქანა, ბენიტესმა კი მალე დაამთავრა თავისი “გამოსვლა”, გუნდი ისედაც კარგად თამაშობდა და ტყუილად ხომ არ გაბურღავდა გადაღლილ ფეხბურთელებს?!. “ლივერპულმა” იმ დღეს ძაან მაგარი ფეხბურთი აჩვენა, მაგრად დაუდგნენ “ჩელსის”, ამ კომპიუტერული პროგრამასავით აწყობილ გუნდში ჯერ ტროიან ვირუსივით გოლი შეაგდეს, მერე ფოტოშოპით დაუმუშავეს თავ-პირი, ბოლოს ყველაფერი პენალტების პედეეფში გადააკონვერტეს და სამუდამოდ დაზიპეს. ერთი სიტყვით, “ჩელსის პროგრამა” ამ თამაშის მერე დაეკიდა, და ახლა ერთი კაი რესტარტი თუ უშველის მხოლოდ…

თქვენ იტყვით, აბა რეებს მიედ-მოედები, რა დროის “ლივერპულია” ლიტ-დანართშიო, საქმეს მიხედეო, რამე არ შეგეშალოსო, და ა.შ. არადა, ჩემი აზრით, არ იქნებოდა ურიგო, დანართის დღევანდელ ნომერში “ლივერპულის” ამ თამაშზეც დაწერილიყო რამე, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს უფრო სასიამოვნო იქნებოდა, ვიდრე თანამედროვე მწერლობის გაბზარული კედლების (ანდა სულაც ნანგრევების) თვალიერება და ჩამოცვენილი ბათქაშის გროვება. ვთხოვდი რამდენიმე მწერალს, მეც თავს გამოვიდებდი და თემატურ, საფეხბურთო-ლიტერატურულ ნომერს მივუძღვნიდით წითელი ეშმაკების ფინალში გასვლას. ხო ხდება ხოლმე, რომ “ფლეი ბოიში” გალსტუკიანი მწერლები წერენ, ანდა რომელიმე რესპექტაბელურ ჟურნალში ხულიგნებს ბეჭდავენ, “ნიუ-იორკერში” სულაც მთელი რუბრიკები ეთმობა ბეისბოლს, და ეს ყველაფერი უკვე ტრადიციად იქცა, მყარ ტრადიციად.
საქართველოში, როგორც ჩანს, ჯერ ადრეა ეგეთები და იმასაც ვხვდები, რომ “ცხელ შოკოლადში”, და მითუმეტეს, “ლიტერატურაში”, ამის ადგილი არ მოიძებნება, განსაკუთრებით ფეხბურთისთვის, ამიტომ, დავეშვათ მიწაზე და ისევ ქართულ მწერლობას მივხედოთ, ჩვენი დროის ქართულ მწერლობას, ყველაზე მიწიერს თანამედროვე ეროვნულ ლიტერატურებს შორის. მწერლობას, რომელიც წიგნისთვის კი არა, ხშირად პურისთვისაც ვერ შოულობს ფულს.
დღევანდელი ნომრისთვის რამე სახალისოს დაწერა მინდოდა, მაგალითად ესე ქართული ან უცხოური კლასიკის ახლებურ, ირონიულ წაკითხვებზე, ანდა პამფლეტი იმაზე, თუ რომელ პერსონაჟებს შეიძლება ჰგავდნენ ჩემი თაობის ქართველი მინისტრები და ჩინოვნიკები (ყოველ შემთხვევაში, ჰეკლბერი ფინისა და ჯეისონ კომპსონს ნამდვილად არა, უფრო სნოუპსებს ჰგვანან) და ა.შ. თუმცა, იძულებული ვარ, ისევ სატკივარებზე ვწერო, ისევ მაჯისცემას ვაყურადო და გაურკვეველი ხელხუჭუჭით რეცეპტები ვჯღაბნო. ერთი სიტყვით, ისევ იქა ვართ, პრობლემებთან და პრობლემებში.
პრობლემადაც იგივე რჩება, ლიტერატურის მხარდაჭერა თუ დაფინანსება, პოპულარიზება, გამხნევება, მხარში ამოდგომა, ხელშეწყობა, რაც გინდათ ის დაარქვით. ასეთი მოუქნელი და უხერხული ზმნები რომაა ჩამოსათვლელი, მიტომ მიჭირს ამ წერილის წერა, ამიტომაა, რომ სათქმელის თავმოყრა ძნელდება და მკითხველსაც იძულებულს ხდი, ნელი და დაძაბული ნაბიჯით გამოგყვეს, იმის ნაცვლად, რომ ახალისო და ათამაშო.
ვთქვათ პირდაპირ, საქართველოში დღეს ლიტერატურასა და მწერლობას ხელს არ უწყობენ, უფრო მეტიც, ზოგიერთი უწყება აბუჩად იგდებს და გულგრილად ეკიდება ისეთ მნიშვნელოვან საქმეს, როგორიცაა ქართული და უცხოური ლიტერატურის თარგმნა, წიგნისა და ზოგადად კითხვის პოპულარიზება, საგამომცემლო საქმე. 2004-2005 წლებში, მახსოვს, სულ რაღაც 300 თუ 400 ათასი ლარი იყო კულტურის სამინისტროს მიერ ლიტერატურისთვის გამოყოფილი, რომელიც მაშინ დიდი წვალებით ნაწილდებოდა ამათუიმ პროექტზე, ბოლო ორი წლის მანძილზე კი, როცა წესით ეს ბიუჯეტი კიდევ უფრო უნდა გაზრდილიყო, არც ერთი ლიტერატურული პროექტი არ დაფინანსდა. და აი, აქ იჩენს თავს კიდევ ერთი უხერხულობა, რომელიც ამ წერილის დაწერას ახლავს და რომლის გამოც დიდხანს ვიკავებდი თავს – ესაა ციფრები. მით უმეტეს, როცა ციფრები ფულს უკავშირდება, თუნდაც გადამალულს (ბოლო-ბოლო, ბიუჯეტით ლიტერატურისთვის გათვალისწინებული ფული ფლინტის მიერ გადამალული განძეული არაა და მასზე მხოლოდ მეკობრეებს არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ფლინტის განძეულზე წესიერმა ხალხმაც მოითბო ხელი). აი ესაა კიდევ ერთი უხერხულობა, როცა ლიტერატორს ფულის ხსენება გიწევს. ამას არ ჯობდა ლიტერატურულ ფულზე გველაპარაკა? გვეთქვა, თუ დაახლოებით რამდენი ათასი მოისროლა ნასტასია ფილიპოვნამ ბუხარში, თავისი ქონების რა ნაწილი დაუტოვა ოსმან აღამ დურმიშხანს ან კაპიტანმა სნეგირიოვმა რამდენი მანეთი ჩატკეპნა ფეხით თოვლში. მერე კვაჭი კვაჭანტირაძის მოგებულ-წაგებულ ფულსაც გავიხსენებდით და ერთი პატარა ესეც აეწყობოდა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს რეალურ ფულზე უნდა ვილაპარაკოთ, ერთხელ მაინც უნდა ვთქვათ, რომ მკითხველმა გაიგოს, რამდენს იხდიან ლიტერატურისთვის “იქ” და რამდენს არ იხდიან “აქ” (ანუ არსებობს ლიტერატურისთვის გათვალისწინებული ეს 400 ათასი, შესაძლოა უფრო დიდი თანხაც, მაგრამ არ იხდიან, მეორე წელია დამარხულია მეკობრეთა განძეულივით).
ამასწინათ, ინტერნეტში ვეცადე მომეძებნა რაიმე ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ ფინანსდება სხვადასხვა ქვეყანაში ლიტერატურა. 10 წუთში საკმაო ინფორმაცია დამიგროვდა, ასე რომ, მალევე შევეშვი ქექვას და უფრო დაწვრილებითი მასალების მოძიება შემდეგი ჯერისთვის გადავდე. მაშ ასე, თარგმანის საქმით დავიწყოთ, ამ მხრივ საქართველოში დიდი გასაჭირია, თუმცა ბედნიერი გამონაკლისებიც არსებობს, რომელთაც მოგვიანებით ვახსენებთ.
ბოლო 4 წლის მანძილზე თარგმანთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს, თუ არ ვცდები, არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არ განუხორციელებია და არც მონაწილეობა მიუღია რაიმე მსგავს წამოწყებაში. მაშინ როცა, მხოლოდ მთარგმნელების ჰონორარებისთვის 2005 წელს სლოვაკიის კულტურის სამინისტროს ბიუჯეტში 26 264 ევრო იყო განსაზღვრული, სლოვენიაში – 78 300, უნგრეთში – 82 600, პოლონეთში – 273 900. თანაც არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყნებში დაფინანსების ძალზე ბევრი კერძო წყაროა, საიდანაც არამხოლოდ მთარგმნელობითი ან სამწერლო გრანტი გაიცემა, არამედ ფინანსდებიან პერიოდული ლიტერატურული გამოცემები, გამომცემლობები, რომლებიც მხატვრულ ლიტერატურას გამოსცემენ და ა.შ. ამ დონორების დახმარებითვე ხდება სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიების მოწყობა.
“ინოსტრანნაია ლიტერატურის” მკითხველს კარგად ემახსოვრება თანამედროვე ფრანგული ლიტერატურისადმი მიძღვნილი შარშანდელი ნომერი, სადაც წიგნის ნაციონალური ცენტრის გენერალური მდივნის, ანი მილერის ინტერვიუ დაიბეჭდა. ეს ცენტრი არის განყოფილება საფრანგეთის კულტურის სამინისტროს წიგნისა და კითხვის დეპარტამენტისა, და თქვენ წარმოიდგინეთ, მხოლოდ ამ განყოფილებამ 2005 წელს 21 მილიონი ევრო დაახარჯა ლიტერატურას. აქედან 3 მილიონი ავტორებმა და მთარგმნელებმა მიიღეს, 7 მილიონი – გამომცემლობებმა და ჟურნალებმა, 6 მილიონი – ბიბლიოთეკებმა, 1 მილიონი – წიგნის მაღაზიებმა და 4 – ლიტერატურულ ღონისძიებებზე დაიხარჯა. წიგნის ეროვნულმა ცენტრმა თავისი ბიუჯეტის 20% უცხოელი ავტორების თარგმნას მოახმარა. ამავე ცენტრის მთავარი მიზანია სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებების შექმნაში, პუბლიკაციასა და გავრცელებაში ხელშეწყობა. ხორციელდება 30-ზე მეტი პროგრამა, რომელიც ლიტერატურის წახალისებას ითვალისწინებს: ავტორებისა და მთარგმნელების სტიპენდიების გარდა, ისინი ხელს უწყობენ გამომცემლებსაც, მსოფლიო თუ მშობლიური ლიტერატურის თარგმნაში. სუბსიდიები გაიცემა წიგნის მაღაზიებისთვის, დოტაციებია გათვალისწინებული ბიბლიოთეკებისთვის, და კიდევ, საფრანგეთში თითქმის ყველა ლიტერატურული ღონისძიების დაფინანსებაში ისინი იღებენ მონაწილეობას.
საფრანგეთში არსებობს ანალიტიკური პროგრამა “წიგნი – 2010” (“საქართველოს მთავრობის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებში (2007-2010)” კი არათუ რომელიმე ანალიტიკურ პროგრამას, არამედ თავად კულტურის სამინისტროს პრიორიტეტებსაც ძნელად ამოიკითხავთ, ყოველ შემთხვევაში ამ პრიორიტეტებს რაღაც რიტორიკული ნისლი ადგას). გარდა ამისა, ფრანგი გამომცემლების საერთაშორისო ბიუროც ფუნქციონირების, ასევე საგამომცემლო ცენტრი, რომელიც ფრანგული პროდუქციის ექსპორტითაა დაკავებული, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრი და საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ძირითადად თავიანთი ავტორების უცხო ენაზე თარგმნის საქმეში და ამაში დიდ ფულსაც ხარჯავენ – უცხოელი მთარგმნელებისთვის განსაზღვრული სტიპენდიებით დაწყებული, საავტორო უფლებებისა და სხვა ხარჯებით დამთავრებული.
ეს მექანიზმი უკვე თბილისშიც კარგად იციან და აი, სწორედ აქ მივადექით იმ ბედნიერ გამონაკლისებს, რომლებიც, სამწუხაროდ მხოლოდ უცხოელი დონორების სახელთანაა დაკავშირებული. პირველი რიგში “დიუმას ცენტრი” უნდა დავასახელო, რომელიც სხვადასხვა გამომცემლობასთან თანამშრომლობს და ყოველწლიურად ათეულობით ფრანგი ავტორის თარგმანს გვთავზობს (ცალკე საკითხია თარგმანის ხარისხი). მათი საშუალებით მკითხველი პირველად გაეცნო ქართულ ენაზე მიშელ უელბეკის, ბორის ვიანის, მარგარეტ დიურასის, ამინ მაალუფის, მორის მერლო-პონტის, ფრედერიკ ბეგბედერის, ამელი ნოტომის და მრავალ სხვათა ნაწარმოებებს.
გასულ წელს ბრიტანეთის საბჭომაც დაუშვა გამონაკლისი და კონკურსის საფუძველზე გაარკვია ის რამდენიმე გამომცემლობა, რომელიც საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით თანამედროვე ბრიტანელ ავტორს გამოსცემდა. შედეგად ქართულ ენაზე გამოვიდა უახლესი მსოფლიო ლიტერატურის ორი შედევრი, ბუკერის ლაურეატი რომანები, იენ მაკიუენის “ამსტერდამი” და დი ბი სი პიერის “ვერნონ გენიოს ლითლი”. უცხოური დაფინანსებით გამოდის ავსტრიული და ნიდერლანდული ლიტერატურაც, არის რამდენიმე სხვა გამონაკლისიც.
ნულოვან დონეზეა საქართველოში წიგნის პოპულარიზების საქმე. თუკი თავად ავტორმა არ იზრუნა და არ “დაჩალიჩდა”, არაფერი გამოდის. ნაცნობი უნდა გყავდეს მინიმუმ ორ ტელეკომპანიაში, რომელიმე დიდ ფერად ჟურნალში, ორ-სამ გაზეთში და გარკვეულ სნობურ წრეებშიც. ზოგი საერთოდ რაღაც დაწესებულებებში ავრცელებს თავის ნაწარმოებს და ისევე როგორც ძველ დროში, თუ არ ვცდები, დღესაც არსებობენ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოეტები და სუკის მემოთხრობეები, ფინანსთა სამინისტროს მინიატურისტები და პროკურატურის რომანისტები.
თბილისის მაღაზიებში გაყიდვების დიდი წილი რუსეთიდან შემოსულ წიგნებსა და საბავშვო ლიტერატურაზეა, ანდა სულაც დაწესებულების შეკვეთებზე ითქვამენ სულს. მხატვრულ ლიტერატურას რაც შეეხება, ძალიან ცუდად იყიდება. ხოლო სკანდინავიაში კი, მაგალითად, იმდენად მაღალ დონეზეა წიგნის მიწოდების კულტურა, რომ მაღაზიებზე უფრო მეტი წიგნი ე.წ. მკითხველთა კლუბების საშუალებით იყიდება, მაშინ, როცა საქართველოში თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა მაღაზიებშიც კი არ იყიდება.
ღმერთმა უწყის, როგორ ხორციელდება ბიბლიოთეკათა მხარდაჭერის პროგრამა. ვიცი, რომ რაღაც საბავშვო წიგნები განათლების სამინისტრომ შეიძინა საქართველოს ბიბლიოთეკებისთვის, სამი წლის წინ კულტურის სამინისტრომაც განახორციელა ამდაგვარი პროექტი, თუმცა რაღაც ერთიანი პოლიტიკა დღემდე ვერ განუსაზღვრიათ. დანიაში კი, სახელმწიფო დოტაციები ბიბლიოთეკებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ 1920 წელს მიღებული საბიბლიოთეკო კანონის თანახმად გაიცემოდა, 2006 წლისთვის ათჯერ გაიზარდა. ამ ქვეყანაში ბიბლიოთეკები წიგნის შესაძენად ერთ სულ მოსახლეზე ექვსჯერ უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე დიდი ბრიტანეთი, 21-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე აშშ, 4-ჯერ მეტს, ვიდრე ფინეთი. დანიის კულტურის სამინისტრო მარტო ბიბლიოთეკებისთვის თავისი ბიუჯეტის 40% ხარჯავს. არადა ეს ქვეყანა ჩვენზე გაცილებით პატარაა, და მოსახლეობითაც მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასით მეტია საქართველოსაზე.
დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ის მნიშვნელოვანი რგოლი სამწერლო მეურნეობაში, რომელსაც დასავლეთში ლიტერატურის ჩინოვნიკი ჰქვია, ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ მწერლებზე, ფიქრობენ გარკვეული პროექტების განხორციელებაზე, აწყობენ საერთაშორისო ღონისძიებებს, ხელს უწყობენ მშობლიურ და უცხო ენაზე ლიტერატურის თარგმნას, თანამშრომლობენ ევროპულ ორგანიზაციებთან. ძნელი გამოსარკვევია ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი პენ-ცენტრის როლი (თუ არ ვცდები, ეს ორგანიზაცია დღემდე არსებობს საქართველოში), რომელსაც, მწერალთა უფლებების დაცვის გარდა (აქ მხოლოდ საავტორო უფლებები არ იგულისხმება, რადგან, ერთი მხრივ, სოციალური ვითარების გამო საქართველოში მწერლის ფიზიკური არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მეორე მხრივ კი მწერლებს შიგადაშიგ ციხეშიც კი უკრავენ ხოლმე თავს, როგორც ჩანს, მათი მწერლური მრწამსის უკეთ საწრთობად) ბევრი სხვა რამეც ევალება. ერთი პრემია რომ არა და ერთიც ლიტერატურული კონკურსი, რომელთანაც პენ-ცენტრს დიდი არაფერი აკავშირებს, ამ აბრევიატურას საერთოდ დაივიწყებდნენ საქართველოში.
შარშან კარგი მაგალითი მისცა მთელს მსოფლიოს უნგრეთმა, როცა ამ ქვეყნის კულტურის მინისტრმა ახალი გლობალური პროგრამა ჩაუშვა, რომელიც წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და რომლის ბიუჯეტიც 1.25 მილიონი ევროა. იმედია ხვდებით, რომ ამის მიზეზი არ ყოფილა უნგრელი მწერალი, რომელმაც შარშანწინ ნობელის პრემია მიიღო. პირიქით, პრემიის მიღების შემდეგ ამ მწერალს სერიოზული პრობლემები გაუჩნდა მთავრობასთან, რომელიც, გარდა იმისა, რომ მოსვენება დაუკარგა უეცრად გამდიდრებულ თანამემამულეს, კიდევ წიგნისა და ლიტერატურის წახალისებითაა დაკავებული. ასე რომ, ქართველო მწერლებო, გეშინოდეთ ნობელის! ნახეთ რას უშვება ლიტერატურაზე მზრუნველი უნგრეთის მთავრობა თავის საამაყო ლაურეატებს და შემდეგ წარმოიდგინეთ მწერლობაზე გულაცრუებული საქართველოს მთავრობა რას გიზამთ.
გულაცრუება კი მართლა დიდია და ქართული ლიტერატურა პრეზიდენტის სიტყვებამდე გაცილებით ადრე ჩარეცხეს, როცა ქართველი მწერლები შიმშილით სიკვდილის საშიშროების წინაშე დააყენეს, როცა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ განმეორდა თვითმკვლელობები და თვითმკვლელობის მცდელობები, როცა მწერლის უფლებების დაცვის ნაცვლად შემოქმედთა ზოგიერთმა კავშირმა კიბეებისა და კაბინეტების დაცვა დაიწყო. სამწუხაროდ ეს რეალობაა, ზემოხსენებული შიმშილი წარმოსახვის ნაყოფი არაა და ჰამსუნის “შიმშილივით” ვერ ისიამოვნებ ამ მაგალითებით, ისევე როგორც, ქართველი მწერლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობა არაა ვერთერის, კირილოვის ან სხვა თვითმკვლელი პერსონაჟის ქმედებებთან შესადარებელი. ასეთი რეალობის პირობებში, რა თქმა უნდა, “ლივერპულზე” წერა გირჩევნია, მნიშვნელობა არა აქვს, ლიტერატურულ დანართში იქნება ეს თუ სასმელების განყოფილებაში. გირჩევნია ვინმე გადამთიელი მწერლის ბედ-იღბალზე მოყვე, ანდა ამჯობინებ სულაც რომელიმე უცხოური დღესასწაული გააშუქო დაუსწრებლად. იმის გაშუქება, დანახვა და გაგება, რასაც ჩვენ თავად ვესწრებით, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ყველაზე ძნელია და ამას ვერც ქართული მწერლობა ახერხებს კარგად. მას უჭირს და არამხოლოდ ფინანსურად. ერთი სიტყვით, ქართულ მწერლობას ფულის გარდა, გაბედული ავტორებიც სჭირდება, რომლებიც ჯერარდივით (“ლივერპულიდან”) შეუპოვრები და ზუსტები იქნებიან და რეინასავით ყველა ბურთს მიწვდებიან. ასეთ ავტორებს მწვრთნელიც აღარ დასჭირდებათ და არც ფინანსების პრობლემა ექნებათ.
P.S. დავასრულე თუ არა ამ სტატიის წერა, რამდენიმე დღეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აირჩიეს და ერთ საათში განცხადებაც დააწერინეს გადადგომის შესახებ. ერთი ჩემი მეგობარი ჩიოდა, ეგეთი რამე ქართულ პოლიტიკაშიც არ მინახავსო. ზოგი ხუმრობის ხასიათზე დადგა, ერთი პირობა მეც ჩავიქირქილე, “ფეოლა, დღეს შენ მოკალი ფეხბურთი”-მეთქი, მაგრამ როცა გამახსენდა, რა შეიძლებოდა მთავრობის ამ “მხურვალე მონაწილეობას” მოყოლოდა, ყურები ჩამოვყარე. ღამით კოშმარიც დამესიზმრა, მეზმანა, თითქოს სააკაშვილს, გაბაშვილს, ლომაიას, უგულავასა და კირკიტაძეს თეთრი წინსაფრები აეკრათ და ხინკალს ახვევდნენ, შემდეგ გახვეულს ქვაბში ყრიდნენ და იქიდან მოხარშული ფეხბურთის ბურთები ამოჰქონდათ ხინკლის ნაცვლად…
ახლა ცოტა გამოვკეთდი, კოშმარებიც აღარ მაწუხებს და სულ იმის ნატვრაში ვარ, ნეტა ნიკ ჰორნბი როა, ინგლისელი, იმისთანა მწერალი მოგვცა ქართველებს, უცებ გამოაცხობდა “ფეხბურთის ციებ-ცხელების” ჩვენებურ ვერსიას-მეთქი, მაგრამ სადაა ჰორნბი და კაი ცხოვრება? ისე, ჩვენში დარჩეს და ლიტერატურა ბეწვზეა გადარჩენილი, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით. დანარჩენზე კი მერე ვილაპარაკოთ.

© “ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box