პოეზია

მამუკა ლეკიაშვილი – ლექსები

ლექსების ციკლის პირველი ნაწილი

1.

შუბოსანი

დაახლოებით ასი ათასი წლის წინ

მეც აფრიკელი ზანგი ვიყავი

და თურმე დღემდე მზარავს,

ძვლებს მიზანზარებს

ლომის ბრდღვინვა და ღრიალი.

კი, ამ ძვლებიდან დაძრულ უძველეს

ძრწოლას

თვითონ შევესწარი ორმოციოდე წლის წინ,

როცა ვარაზისხევით თავქვე ვეშვებოდი,

სადღაც – და სადღა არა? –

ლოთობიდან რომ ვბრუნდებოდი

სახლისკენ მიმავალი გზით,

იმ სახლისკენ, რომელშიც

მშობლები მელოდებოდნენ,

ჩემი გაჩენის დღიდან

ჩემ გამო გაწამებულები.

ახლაც ამ სახლში ვზივარ

და უკვე ვგრეხ

ლექსის ბაწარს.

ჩემი მშობლები ამ ოთახებში,

ამ სახლში, ამ ბინაში არ მომკვდარან,

ისინი მოკვდნენ დედაჩემის დის ბინაში,

რომელშიც

გახიზნულები იყვნენ

არა მხოლოდ იმიტომ,

თუმცა იმიტომაც,

რომ იქ შიმშილი და სიღარიბე

ოდნავ ნაკლებად მისწვდებოდათ,

რადგან იქ დეიდაჩემი

და ორიოდე სხვა ადამიანი

მათ მიხედავდა.

იმ რამდენიმე ადამიანს შორის

მე, რა თქმა უნდა, არ ვიყავი.

ასი ათასი წლის წინ

მეც აფრიკელი და შუბოსანი ვიყავი

და დრომ გაცვითა

და გადააგვარა ის ჩემი შუბი,

რომელიც ახლა ხელჯოხად დამაქვს,

ყოველთვის არა, თუმცა ხშირად კი დამაქვს

და მხნედ ვუკაკუნებ

მე მას ასფალტის ტყავში მოკუნტულ მიწას,

რომ პირი მიყოს,

ოღონდ ეტყობა,

ასფალტის ტყავი ისე სქელია,

რომ ვერ გავაგონე, ჯერ ვერ მივაწვდინე

მიწას ხმა.

ამ ქალაქის მიწა უმეტესად ყრუა,

თუმცა ქალაქის მიწასაც გამოსხმული აქვს

რამდენიმე ყური – სასაფლაოები.

სასაფლაოებზე და დასაფლავებებზე

მე თითქმის არ დავდივარ,

რადგან მკრთალი სისულელეა –

მე ასე მგონია –

დასაფლავებაც და სასაფლაოც.

სისულელეა,

რადგან სიცოცხლის შემდეგ გვამად დაგდებული

ადამიანის სხეული,

მგონი, უმჯობესი იქნება,

ცეცხლში დაიფერფლოს,

ფერფლი კი წაიღოს ქარის ქოჩორმა.

მე შუბოსანი?

რამდენიმე დღის წინ

ერთი პატიოსანი კაცი მომკვდარა თბილისში

და აპირებენ თურმე,

რომ გამოასვენონ ეკლესიიდან.

პატიოსან კაცს, თუნდაც მკვდარს,

რა უნდა ესაქმებოდეს ეკლესიაში?

იმ პატიოსან კაცს,

ჩემი მშობლების ახალგაზრდობის მეგობარს,

მე მოვაკელი ყურადღება,

კი არ მოვაკელი,

მე არც მივხედე მას.

როგორ არ უნდა მივხედო ადამიანებს,

მე კარგად ვიცი,

მე ამ საქმეში გაწაფული ვარ.

თუმცა მამაჩემიც და დედაჩემიც

ჩემ თვალწინ კვდებოდნენ

საკმაოდ დიდხანს

და მე მათ წვეთოვანებში ვიხლართებოდი,

ოღონდ ავადმყოფის,

მით უმეტეს სასიკვდილოდ

გადადებულის,

მიხედვა და მოვლა ადვილია,

ისე იოლია,

რომ ეგ საქმიანობა,

ლომის ბრდღვინვის და ღრიალის არ იყოს,

უკვე მაშინ მექნებოდა კარგად შესწავლილი,

როცა აფრიკელი ზანგი ვიყავი

დაახლოებით ასი ათასი წლის წინ.

მიხედვა, მოვლა, ყურადღება და პატივისცემა

ცოცხლების უნდა, ცოცხლებს სჭირდებათ.

და რამდენიმე დღის წინ

ისევ აქ, ამ მაგიდაზე დახრილმა გავიფიქრე,

რომ ამ სახლში, ამ ბინაში,

ამ წყვილ ოთახში

ჩემი მშობლები და მე საცხოვრებლად გადმოვედით

1965 წელს

და მთელი ამ ხნის განმავლობაში,

57 წლის განმავლობაში

ამ სახლში არავინ მომკვდარა

და აბა, ის სახლი რა სახლია,

რომელშიც არავინ მომკვდარა?!

მოიკოჭლებს ასეთი სახლი

და დროის სქელკანიან გზაზე მიმავალს

ხელჯოხად მე ვყავარ

და ამ ხელჯოხით

დროის სქელ ტყავზე აკაკუნებს

წყვილი ოთახი.

ოღონდ ქალაქის დროსაც სჩვევია,

რომ წაუყრუებს ხოლმე რამეს.

ოღონდ არაა მაინც სულ უაზრო

ამ წყვილი ოთახის ცხოვრება,

ვიდრე

შენი შიშველი ბარძაყების,

კიდევ უფრო შიშველი კერტების

და თვალების,

ხამხამის ყუნწებზე

დამწიფებული შენი თვალების

ნახვა შეუძლია.

ამასობაში მზე ჩადის,

თხუთმეტი ნოემბრის მზე თითქმის ჩავიდა,

უკვე ჩასულია ძველი და  უძლურად

დახამხამებული მზე

და ლექსის ბაწარიც დაიგრიხა

და ჩათლახი რუსები ახლა რაკეტებით აფეთქებენ

იქ უკრაინის ქალაქებს

და ჩათლახმა ქართველებმა

უკვე მერამდენედ

გამოტენეს აქ ქვეყნის ხელისუფლება.

თუმცა ყველა რას ჩაეტეოდა?

და საერთოდაც, ადამიანები რამ უნდა დაიტიოს,

როცა მთელმა იმ ცხელმა კონტინენტმა

ვერ დაგვიტია, ვერ დაგვაკავა,

თუმცა გაცილებით

ცოტანი ვიყავით,

ვინ იცის, ლომებზეც კი უფრო ცოტა.

2.

ერთად წაგებული ომიდან

ყბადაღებული სიყვარული

ან რამე თითქმის მაგდაგვარი

მხოლოდ იმისი შეიძლება,

რაც შენ გგრძნობს,

ვინც შენ გგრძნობს.

ომის საპირისპირო არ არის მშვიდობა,

სიყვარულის საპირისპირო არ არის

სიძულვილი.

ომის საპირისპირო არის ბავშვის ცარიელი

მანეჟი ან რამე ამნაირი.

საიდან ვიცი?

ჩემი თვალით მინახავს-მეთქი,

ვიტყოდი,

ოღონდ თვალებით როგორ უნდა ნახო რამე,

როცა გონება ხედავს

და არა თვალები.

ხედავს გონება,

უფრო უკეთ კი ხედავს ცნობიერება.

ცნობიერება რაღა ჯანდაბაა?

ცნობიერება გრძნობის გამჭვირვალე კანია

და როცა ომში წააწყდები ცარიელ მანეჟს

ან რამეს ეგეთს

და შეესწრები, როგორ უნებლიეთ

შეგეჭმუხნა გრძნობის კანი,

უეჭველია,

რომ არა რაღაც მარტივად შეუთავსებლებს,

არამედ ერთმანეთის უსაშველოდ საპირისპირო

ორ რამეს ერთად გადაეყარე

და რაღაც ისეთს

გადააწყდი,

რომლის დატევა არ სურს

აზიზ და ჭირვეულ ცნობიერებას,

გრძნობის კანს,

რომელიც მაგ მომენტში

ისე იჭმუჭნება,

რომ სადაცაა თავისი სიღრმისკენ მიმართული

აფეთქებით ჩაიქცევა თავის თავში

და ამას ეწოდება „იმპლოზია“

გარეთ მიმართული აფეთქების,

გარეთ გასკდომის

ანუ ექსპლოზიის საპირისპიროდ.

ასეთი რამე კოსმოსში ემართება ზოგიერთ ვარსკვლავს

და ზოგი გრძნობის გამომეტყველებაც

უტყუარია.

სადღაც იქ იმ კაცსაც შევხვდი,

რომელიც თბილისის ცრუ მშვიდობაში

დაბერებული მოკვდა,

თუმცა ყველა

მშვიდობა ცრუა და

ტყუილის ბეწვზე კიდია.

და როცა შემთხვევით შევხვდი მას,

ერთად დავსხედით ქვებზე

და უკვე დრო იყო

დამშვიდობების

და ის მოშხამული ჩანდა

და რადგან ჩემს გულგრილობას

ვერ გავუზიარებდი,

მივეცი ავტომატის მჭიდი,

ოცდაათი ტყვიით დატენილი,

რომ მეტი ჰქონოდა

და ის ჩემზე დაახლოებით

ოცდაათი წლით უფროსი იყო

და მერე იქ აღარ მინახავს

და ერთად წაგებული ომიდან

ცალ-ცალკე დავბრუნდით

თითქმის ოცდაათი წლის წინ

და მის პანაშვიდზე ამ საღამოს

მივედი მის სახლში,

რომელიც ჩემს სახლთან შედარებით

ერთი თბილისური გორაკით უფრო

ახლოა კოსმოსის სარჩულ ცასთან.

ხოლო ცის საპირისპირო რამე

მიწა კი არაა,

არამედ არის

მძიმე და სამხედრო ჰელიკოპტერი,

უცებ ცერად აცურებული ცისკენ

და ყბადაღებული სიყვარულის საპირისპირო

სიძულვილი კი არაა,

არამედ არის ზიზღი,

ზიზღი კი რას ჰქვია, იცი?

ზიზღი შიშის წინაპარია,

ხოლო შიშის შთამომავალი

ანუ ზიზღის შვილიშვილი

არის სიძულვილი

და ასე განლაგდა ეს სამეული

იმ ევოლუციის გზაზე, რომელმაც

კი კარგად გაგვხედნა გადარჩენის დოღისთვის,

ოღონდ გაცილებით უკეთესად,

უფრო მტკიცედ და უშეცდომოდ

დაგვასწავლა სიკვდილი.

შეხედე, გონების თვალით შეხედე

ადამიანებს, რომლებსაც

ერთმანეთთან აკავშირებს

თითქოს ერთმანეთის შიში

ან სიძულვილი

და მარტო გამჭრიახისთვის

ცხად სინამდვილეში

შიშზე და სიძულვილზე უფრო

ღრმად ჩაბუდებული

და უფრო ძველთაძველი

და თუ ხაფი ხმით დაძახებული არა,

ერთმანეთის

მოგუდული ზიზღი დასჩემდათ

და დაებედათ მათ,

ადამიანებს,

და ასე არიან ახლაც ისინი

ყველა ტროტუარზე

და ყველა კიბეზე

და ყველა სახლში

და ყველა საწოლში,

ყველგან,

სადაც ერთმანეთი არ ენაღვლებათ,

თუმცა თუნდაც ასე ყბადაღებული

სიყვარული იმდენნაირია,

რომ ალბათ ყველასთვის შესაფერისი

აირჩეოდა

გაშლილი გრძნობის დახლზე,

რომელსაც მუშამბად გადაფარებული

აქვს ხან გამჭვირვალე,

ხან კი, განსაკუთრებით მაშინ,

როცა კანაფი მაქვს მოწეული,

თითქმის ფერადი ცნობიერება.

ხოლო ქალის სიყვარულისკენ მიდრეკილი

კაცისთვის ყოველთვის თუ არა,

ზოგჯერ მაინც

მხოლოდ დაბადება არ ჰყოფნის

ვაგინალური ბაგეების გემოს გაგებას.

3.

სამკურნალო წამლებს ამზადებდა მედეა

კი, ათწლეულების განმავლობაში

ავსებდნენ წიგნებით

ამ ორ ოთახში კარადებს და თაროებს

და ლოჯშიც წიგნების კარადას,

რომელიც მამაჩემისთვის უჩუქებია

სამსახურში ბიბლიოთეკარს,

როცა ახალი კარადები მიუღიათ

და ძველებს ყრიდნენ,

თუ რაღაც ასეთი ხდებოდა.

და დედაჩემიც ავსებდა სახლს წიგნებით,

და ლოჯში რომ კედლის ღრმა კარადაა,

იმის ზედა და ყველაზე მაღალი თაროც სავსე იყო წიგნებით,

მხატვრების ალბომებს ყიდულობდნენ

ფულით, რომელიც არ ჰქონდათ

და ჩემი წიგნებიც ერია

მათ წიგნებში.

ეგრეთ წოდებული

მხატვრული ლიტერატურაც

საკმაოდ ბლომად იყო

და მამაჩემი თუ რამე განსაკუთრებით

კარგ და იშვიათ წიგნს შემთხვევით ხელში ჩაიგდებდა,

დიდხანს ვერ აჩერებდა სახლში

და ის ვინმესთვის უნდა ეჩუქებინა

და მხატვრების ალბომები თავიდან შავ-თეთრი იყო

და მერე შეერია მათ რამდენიმე ფერადი,

რადგან საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით

და ეს ამდენი წიგნი

ფრინველებზე უფრო ფრთოსანი გალავანი იყო,

საბჭოთა კავშირისგან თავის დასაცავად

და სიღარიბის ჯინაზეც

აშენებული

და წიგნების უკან წიგნები ეწყო და ელაგა

და როცა ისინი მოკვდნენ

და მე სიგიჟეს ცოტა თავი დავაღწიე,

მეგობრის მიერ შემოშველებულ ლეპტოპში

დავიწყე დიგიტალური წიგნების

დაგროვება.

გონების ორმოს ფსკერიდან

სურვილის წყალმა დაიწყო

დაგროვება და ზემოთ ამოსვლა

და ათწლეულების განმავლობაში

ცხოვრების ირგვლივ

და ჩემ გარშემო ნაგროვები წიგნების

გადაყრა თანდათან სულ უფრო მკაფიოდ მომინდა,

რადგან ნაბეჭდი წიგნები

უკვე აშკარად მეზედმეტებოდა,

მე კი მინდოდა, რომ ყველაფერი ზედმეტი,

რაც მხოლოდ ჩემი იყო,

თავიდან მომეშორებინა.

თუმცა მანამდე წელიწადში ერთხელ მაინც

ავადმყოფურად თუ წამლებისგან ცოტა

აგზნებული

დავივლიდი ხოლმე და მტვრისგან სათითაოდ ვწმენდდი

ამდენ წიგნს.

რაღაც მცირე მათი ნაწილი, მგონი,

მანამდეც გადავყარე,

მერე კი ერთმანეთს ორი რამე დაემთხვა.

წამალმა კიდევ ერთხელ იმოქმედა,

ანუ გამომაცოცხლა

და საიმისო ენერგია მომცა,

რომ ის გამეკეთებინა,

რისი გაკეთების სურვილი წყლად

მანამდეც შემომიდგა,

ოღონდ ენერგია არ მყოფნიდა,

რომ მის შესრულებას შევდგომოდი.

და სწორედ მაშინ ისიც მოხდა,

რომ ერთმა კარგმა, მე მგონი,

მართლა კარგმა ადამიანმა

და რედაქტორმა

რომელიღაც ჩემი ესედან

იმ დაკანონებული ქართველი

ავტორების სახელების ამოღება მომთხოვა,

რომლებზეც ვწერდი,

რომ უვარგისი და სამარცხვინო ავტორები

არიან,

და რადგან ეს მომთხოვა,

ის ჩემი ესე გამოუქვეყნებელი დარჩა,

ჩემი გონების ორმოში კი

ქვა ჩავარდა

და ფსკერზე ჩაიძირა,

თითქმის დაეცა ზედ

და მწარედ იტკინა იქ ქვამ მუხლები

და მე შევუდექი წიგნების გადაყრას.

ეს ამბავი რომელიღაც ლექსში

უფრო მოკლედ უკვე ვახსენე.

ვეზიდებოდი წიგნებს

და ზოგი თარო წიგნებიანად

გამქონდა

და ქუჩაში ვყრიდი ნაგვის ბუნკერში,

ან გვერდით მივუწყობდი ხოლმე მას,

რომ მათხოვრებს წაეღოთ

და ჩაებარებინათ სადმე მაკულატურად

და უფრო ღამით ვაკეთებდი

ამას,

რადგან დღისით რომ ვეზიდებოდი

წიგნებით დატვირთულ პარკებს

და თაროებსაც კი,

ეზოს პუბლიკას,

მგონი,

ჩემზე ხარხარის მიზეზი

კიდევ ერთხელ მიეცა,

მე კი ეს არ მომეწონა

და ღამით განვაგრძე საქმიანობა,

ღამე ხომ პოეტების თავშესაფარია.

თავიდან მოვიშორე ნაბეჭდი წიგნები

რამდენიმე ცალის გარდა

და მხატვრების ყველა ალბომიც გადავაგდე.

ვინმე იტყოდა,

რომ ერთხელ რომ ჩამიფლავდა თავის მოკვლა,

ახლა მეორედ ვაკეთებდი იმავეს,

ოღონდ ამჯერად ვაკეთებდი

რიტუალის სახით.

მე კი მგონია,

რომ გველმა ტყავი გამოვიცვალე

და კოსმოსური გველის გესლია

დრო.

ზოგი გესლიდან, თუ არ ვცდები,

სამკურნალო წამლებს ამზადებდა

მედეა, არა?

ახლა კედლები თითქმის ცარიელია

და ცარიელ კედლებზე

ქალის შიშველი ჩრდილი

ფრთებს გამოისხამს ხოლმე,

არა?

თუ ისევ მეშლება

და მეჩვენება რამე?

ჩემს ლეპტოპში რომ ბიბლიოთეკაა,

ეგრეთ წოდებული მხატვრული ლიტერატურა

თითქმის საერთოდ არ ურევია მასში.

4.

ჩამორჩენა

შენ გასაგონად თუ არა,

ხომ ერთმანეთში

მაინც ამბობენ:

– მაგისი საქმე წასულია,

ეგეც ადგეს და

გაჰყვეს,

გაეკიდოს

და რომ ფეხს ითრევს,

რას ალოდინებს,

დროზე დაეწიოს,

მაგისია

ეგ საქმე,

სხვისი

ხომ არა?!

ამას ამბობენ

და რა იციან,

რომ

შენი

საქმეა

სწორედ

ჩამორჩენა.

© არილი

Facebook Comments Box