ახალი ამბები

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი – სოციალური ცენზურა

12 აგვისტოს სალმან რუშდი დაჭრეს. მწერალს ნიუ-იორკში, ლიტერატურული ღონისძიების მიმდინარეობისას დაესხნენ თავს.

თავდამსხმელმა ჰადი მატარმა, რომელიც დააკავეს, თქვა, რომ რუშდის წიგნის მხოლოდ ორი გვერდი წაიკითხა, მაგრამ არაფერი უთქვამს იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მასზე გავლენა აიათოლა ჰომეინის მოწოდებას. აღნიშნა ისიც, რომ ვერ იტანს რუშდის და მიაჩნია, რომ იგი მის რწმენას დაუპირისპირდა.  

საქმე ისაა, რომ რუშდის 1989 წლის 14 თებერვალს აიათოლა ჰომეინიმ სიკვდილი მიუსაჯა და მისი მოკვლისთვის ფულადი ჯილდოც დააწესა. მიზეზი რომანია – „ეშმაკეული აიები“, რომელიც რელიგიის შეურაცხყოფად აღიქვეს.

სალმან რუშდი

სალმან რუშდი, საბედნიეროდ, გადარჩა, მოულოდნელმა შემთხვევამ კი მწერლები თანამედროვე სამყაროში სიტყვის თავისუფლებასა და ცენზურის როლზე ხელახლა დააფიქრა. მომხდარს მალევე გამოეხმაურა არაერთი მათგანი:

მაგალითად, იენ მაკიუენის აზრით, რუშდიზე თავდასხმა რეპრეზენტაციაა აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმის.

 „არის ისეთი თავისუფლებები, რომლებიც საბაზისოა ყველა სხვა ჩვენი უფლებისა და თავისუფლებისთვის. სალმანი შთამაგონებელი დამცველია დევნილი მწერლებისა და ჟურნალისტების მთელი მსოფლიოდან. ისაა ცეცხლოვანი და კეთილი ადამიანი, უზარმაზარი ნიჭითა და გამბედაობით. მას ვერ შეაჩერებენ“ – აღნიშნავს მაკიუენი.

მარგარეტ ეტვუდმა კი განაცხადა: „მათ, ვინც რუშდის შესახებ ამბობს „დიახ, მაგრამ…“ – როგორც სხვა შემთხვევაში ამბობენ: „დიახ, ძალიან ცუდია, რომ გააუპატიურა, მაგრამ მას ძალიან მოკლე კაბა ეცვა“ – მხოლოდ ის შემიძლია ვუთხრა, რომ არ არსებობს იდეალური მსხვერპლი. რეალურად, არც იდეალური ხელოვანები არსებობენ და არც ხელოვნებაა იდეალური. ცენზურის მოწინააღმდეგე ხალხს ხშირად ისეთი ნამუშევრების დაცვა უწევს, რომლებსაც სხვა შემთხვევაში მკაცრად გააკრიტიკებდნენ. მაგრამ ასე მოქცევა აუცილებელია…“

BBC-ის ლექციების ფარგლებში, რომლებიც თავისუფლებას შეეხება, მწერალმა ჩიმამანდა ნგოზი ადიჩმა სიტყვის თავისუფლებაზე ისაუბრა (ადიჩი ცნობილია რომანებისთვის „ამერიკანა“, „ყვითელი ნახევარმზე“ და სხვ.).

მან თქვა, რომ სალმან რუშდის საკამათო რომანი „ეშმაკეული აიები“ დღეს „ალბათ არ უნდა გამოქვეყნებულიყო“.

 „აქ არის შეკითხვა, რომელზეც ვფიქრობ: უნდა გამოქვეყნებულიყო თუ არა რუშდის რომანი? ალბათ, არა. უნდა დაწერილიყო საერთოდ? შესაძლოა, არა“.

ლექციის მიმდინარეობისას იგი შეეხო სოციალური ცენზურის თემას და ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რამდენად ცვალებადია იგი.

„არიან მწერლები, რუშდის მსგავსი, რომელთაც სურთ, რომ რომანები მგრძნობიარე თემების შესახებ წერონ, მაგრამ სოციალური ცენზურის გამო ყოყმანობენ. ლიტერატურას სულ უფრო და ხშირად უყურებენ იდეოლოგიურად, მხატვრული პერსპექტივით დანახვის ნაცვლად“.

„ის, რაც დღეს უვნებლადაა მიჩნეული, ხვალ შეიძლება შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს, იმიტომ, რომ სიტყვის თავისუფლების ჩახშობა თავად სიტყვაზე კი არა, იმ ადამიანზეა დამოკიდებული, ვინც ცენზორად გვევლინება. ამერიკული საშუალო სკოლები წიგნების აკრძალვის სიგიჟეში არიან ჩართულნი და ეს პროცესი შემთხვევითს ჰგავს. წიგნები, რომლებიც წლების განმავლობაში სკოლების სასწავლო გეგმის ნაწილი იყო, ყოველგვარი საჩივრების გარეშე, მოულოდნელად ზოგიერთ შტატში აიკრძალა და გავიგე, რომ მათ შორის ერთი ჩემი რომანიც არის“.

ისაუბრა იმაზეც, რომ ახალგაზრდები ერიდებიან შეკითხვების დასმას იმის შიშით, რომ მათი შეკითხვები არასწორი იქნება, რაც ავრცელებს თვითცენზურის ეპიდემიას.

„ეს ახალი სოციალური ცენზურა შეთანხმებას მოითხოვს, როცა თავად ვერ ხედავს საკუთარ ტირანიას. ვფიქრობ, ეს ასახავს ცნობისმოყვარეობის, შემეცნებისა და შემოქმედებითობის სიკვდილს“ – ამბობს ადიჩი.

მისი თქმით, „ადამიანის არცერთი მცდელობა არ მოითხოვს თავისუფლებას იმდენად, რამდენადაც შემოქმედებითობა“ და მიაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენები „მგრძნობიარე მკითხველის“ ფენომენის დემონსტრაციაა საგამომცემლო სფეროში. როგორც ამბობს, ახლა ხალხი გამოუქვეყნებელ ხელნაწერებში პოტენციურად შეურაცხმყოფელ სიტყვებს შლის, რაც მისთვის ლიტერატურის იდეის განადგურებაა. მიუხედავად ამ პრობლემისა, ადამიანები ხმამაღლა ისევ არ ლაპარაკობენ იმაზე, რომ გაკრიტიკებისა და „გარიყვის კულტურის“ შემდეგ სამიზნედ ქცევის ეშინიათ.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დიდი განსხვავებაა სამართლიან კრიტიკასა და მახინჯ რეაგირებას შორის და ასეთი დამოკიდებულება მიზნად მხოლოდ იმ ადამიანის გაჩუმებას კი არ ისახავს, ვინც ლაპარაკობს, არამედ ქმნის ატმოსფეროს, რომელშიც სხვებიც თავს შეიკავებენ ხმის ამოღებისგან.

ჩიმანანდას გამოსვლა BBC-ის ლექციათა ციკლის ნაწილია. ლექციათა კურსი კიდევ სამ სხვადასხვა თავისუფლებაზე საუბრით გაგრძელდება.

© არილი

Facebook Comments Box