პოეზია

მამუკა ლეკიაშვილი – პროზად და ლექსად თარგმნილი

1)

ერთი ძველთაძველი ლექსის რამდენიმე ფრაგმენტი, პროზად თარგმნილი

(პირველი ნაწილი)

ბაზარში იდგა და სიმინდის გამყიდველ დედაკაცს ესაუბრებოდა პოლიტიკაზე. დედაკაცი ლანძღავდა მთავრობას და იესოს ეუბნებოდა, ან ესენი რომ წავლენ, მაგათ ადგილზე ვინ უნდა მოვიდეს უკეთესი, ყველანი ერთნაირები არიანო.

– ან მე რომ ველოდები, ის მაინც თუ მოვა მალე? – იესო სიმინდის გამყიდველს მოშორდა და მეყვავილეების რიგისკენ წავიდა. მეწამულ ქრიზანთემებთან შეჩერდა და ისე დაუწყო მათ თვალიერება, ვითომ ყიდვას აპირებდა.

ყვავილების გამყიდველ ქალს სადაცაა მოთმინება უნდა დაჰკარგოდა, რომ იესოს მხარზე მტრედისფერი ხელი დაადეს. მოსულმა მარჯვენა ხელის პეშვი გაუწოდა და უთხრა, რომ ორი ცუდი, ოღონდ ნაღდად ძვირი ამბავი ჰქონდა. ერთი ამბავი ის იყო, რომ იესოს მოწაფეებში იერუსალიმის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აგენტები ჰყავდა ჩანერგილი და ამას წყალი არ გაუვიდოდა. თუმცა აგენტების სახელები არ იცოდა და ვერც გაიგებდა.

– ერთია, თუ რამდენიმეა, ეს მაინც არ იცი? – ჰკითხა იესომ ამბის მომტანს.

– არა, რა ერთი?! – სიტყვა გაწელა მან და თავისი ცარიელი პეშვი, რომელიც ბუდიდან გადმოვარდნილი ბახალასავით თანდათან ძირს დაშვებოდა, ახლა ისევ გაუწოდა, ზედ ნიკაპთანაც კი შეუთამაშა. იესომ მხარზე გადაკიდებული ტილოს ჩანთიდან მტვრისფერი მონეტა ორი თითით ამოაცოცა და პეშვში ჩადო. პეშვი ახლა ტვირთის წონამ ჩაახედა მიწისკენ.

 – მე ახლა ისევ კანცელარიაში უნდა დავბრუნდე. იქით ხომ არ მოდიხარ?

– არა, ჯერ არა, – სიცილით თქვა იესომ და ზურგი შეაქცია, ბაზრიდან გასვლისას კი ერთხელაც შეჩერდა და უკან გაიხედა. მოათვალიერა ხალხი და რადგან ლურჯ ტანისამოსში გამოწყობილი ვერავინ დაინახა, გზა მშვიდად განაგრძო. თორმეტივე მოწაფე თეთრ სირაჯხანაში იჯდა შეერთებულ მაგიდებთან. მაგიდებზე ღვინის ლურჯი ბოთლები ელაგა, პური და მწვანილიც ეყარა. შუაში მარილის გვერდებდაბრეცილი რუხი პირამიდა იდგა. იესოსთვის ადგილი შეენახათ, სუფთა თეფში და ჭიქაც იქვე იყო. ისიც ჩაჯდა მათ შორის და ყელი გამიშრაო, ჭიქა შესავსებად გაიწოდა.

ღვინო იოანემ დაუსხა. შენ ვინ დაგასწრებსო, მადლობის მაგივრად უთხრა იესომ და ღვინო დალია. მესამე ჭიქის შემდეგ ვითომ შემთხვევით გახედა იუდას, რომელიც მის მხარმარჯვნივ, სამი კაცის იქით იჯდა. იუდა მიუხვდა, მალე წამოდგა და ხმადაბლა თქვა, თქვენ განაგრძეთ. მე ხანაგაში ვარ მისასვლელიო. – მოიცა, მეც წამოსასვლელი ვარ. – გასძახა იესომ და თვითონაც წამოდგა. იესოს თეთრი პერანგი და შარვალი ეცვა, მის ყველა მოწაფეს კი – ერთნაირი ლურჯი ფორმა. იუდას მაგიდიდან შოთის პური წამოეღო და გზაში გატეხეს. თუმცა თან ილუკმებოდნენ, ხანაგასკენ მიმავალ გზაზე იესომ იუდას ის ორი ცუდი ამბავი უთხრა, რომელიც ძველი ნაცნობისგან იყიდა ბაზარში.

ერთი იყო მოწაფეებს შორის მყოფი აგენტების ამბავი, ხოლო მეორე ამბის თანახმად, ხელისუფლებას საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო იესოს თაობაზე. ამ დღეებში დააპატიმრებდნენ და უკვე პარასკევს სიკვდილით დასჯიდნენ. ერთადერთი გამოსავალი ჰქონდათ, თუმცა ყველა წვრილმანი კარგად უნდა აეწონ-დაეწონათ, საამისოდ კი ხანაგა გამოუსადეგარი ადგილი იყო, სხვა ხალხიც ირეოდა იქ და მოწაფეებიც მალე მოლასლასდებოდნენ სირაჯხანიდან. ზეთისხილის ბაღებში წავიდნენ და ორი გეგმა მოიფიქრეს.

ერთი გეგმის თანახმად, დღესვე, საღამომდე უნდა მოესყიდათ მოსამართლეები, რომლებსაც სასამართლოზე წარუდგენდნენ იესოს დაბადების ყალბ მოწმობას. მოწმობაში იესოს მშობლებად ვიღაც კავკასიელები იქნებოდნენ დასახელებულნი. ყალბ დოკუმენტს, ბაზართან რომ პატარა ჯიხურში ერთი ტანმორჩილი მბეჭდავი მუშაობს, ის დაუმზადებს ნახევარ საათში, თუმცა ტყავსაც კარგად გააძრობს. ეგ დილით მოესწრება. ახლა მთავარია საღამომ ჩაიაროს ისე, რომ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდოდა, მოსამართლეები პასპორტს მტკიცებულებად მიიღებდნენ და იესოს მოხსნიდნენ ბრალს, თითქოს ის ღმერთისა და ქალწულის შვილი იყო. მოსამართლეები ქართველები იყვნენ და მათთან მოსალაპარაკებლად წასვლა იუდამ ითავა, რადგან სამი მოსამართლიდან ერთ-ერთის შორეული ნათესავი იყო დედის მხრიდან. ალბათ ოცდაათ ვერცხლზე შეთანხმდებოდნენ, თითოს ათი ვერცხლი შეხვედროდა.

მოსაღამოვდა და ზეთისხილის ბაღში იესო მარტო დარჩა, თუმცა საკმაოდ მალე გაისმა მისი მოწაფეების ხმები. მთელ ბაღში გაფანტულები ეძებდნენ მას და როცა მიაგნეს, ისე გაუხარდათ, იუდა რომ არ დახვედრიათ, ვერც კი შენიშნეს. მალე იუდაც დაბრუნდა. სირაჯხანაში შეევლო და რამდენიმე ბოთლით ღვინო და პური წამოეღო კალათით. შუა მოლხენაში იყვნენ, რომ უშიშროების შეიარაღებული რაზმი აღმოცენდა ზეთისხილის ხეებს შორის. შავ ხეებზე უფრო შავები ჩანდნენ სამხედრო ფორმაში. იესო ქრისტე რომელიაო, ერთმა შავფორმიანმა იკითხა. მოწაფეები გაჩუმდნენ, პირში ღვინო ჩაიგუბეს. იუდა მივიდა იესოსთან და ლოყაზე აკოცა. იოანემ ეს დაინახა და ეჭვიანობისა და შურის ორლესული ბებუთი კიდევ უფრო ღრმად დაესო გულზე. იგი ვერასოდეს შეეგუებოდა იმას, რომ იესო ქრისტეს თავის მოწაფეებს შორის გამორჩეულად და თვით იონაზე მეტადაც კი უყვარდა იუდა და მას ცალკე უფრო მეტხანს ემასლაათებოდა ხოლმე, ვიდრე ებაზრებოდა ყველა დანარჩენს ერთად.

ლოყაზე კოცნით იუდამ რაზმელებს მიანიშნა, თუ რომელი იყო იესო ქრისტე, რომელსაც ისინი ეძებდნენ. იესო დააპატიმრეს და წაიყვანეს. იოანემ ქარქაშიდან სანახევროდ ამოზიდული ხმალი უკანვე ჩააგო და იუდას კისერი მხოლოდ ცივი მზერით გადასერა. იუდა მისკენ შემობრუნდა და უთხრა, რომ ხვალ ყველაფერი გადაწყდება, სასამართლოზე დასწრების უფლება კი მხოლოდ მას, იუდას, ექნება. იესო ქრისტემ ასე ისურვა, რომ დანარჩენები სირაჯხანაში დაელოდებიან განაჩენს.

მეორე დღეს მოსამართლეები ჩქარობდნენ, რადგან შუადღემდე უნდა მოესწროთ ყველა საქმის მომთავრება. შუადღისას კი საქართველოსკენ მიმავალი მათი ქარავანი გაუდგებოდა გზას იერუსალიმიდან. ქარავანი დათქმულ დროს გავიდა იერუსალიმის სადგურიდან.

– ღირდა კი ასე შორს გადასახლება? – ჰკითხა იესო ქრისტემ იუდას. მათი აქლემები გვერდიგვერდ სცემდნენ ფართო ფლოქვებს. დანარჩენი ქარავანი კი უკვე მძივად გაშლილი მიიკლაკნებოდა.

– აბა, გადარჩენას შენ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც ეს შენი ლურჯი მოწაფეები არ გაპატიებენ. მეც იქვე მომიღებენ ბოლოს. ისევ საქართველოში ვცადოთ ბედი. ამას რომ ამბობდა, იუდას უცბად ისეთი რამე გაახსენდა, იფიქრა, იესოს გუნებას გამოვუკეთებო.

– ამ მოსამართლეებს რომ ცოლ-შვილი ჰყავდათ დასასვენებლად ჩამოყვანილი იერუსალიმში, როგორი გოგოები იყვნენ, არ გახსოვს? თუ ყურადღებაც არ მიგიქცევია?

– შენ გგონია, ეს გაბღენძილი და გაყოყოჩებული მოსამართლეები ჩვენნაირ გლახაკებს და თანაც გადამთიელებს სიძეებად დაისვამენ? – იესოს მწარედ ჩაეცინა.

– აქეთ შეგვეხვეწებიან! – ცბიერი ღიმილით უთხრა იუდამ და მის აქლემზე რომ ხურჯინი იყო გადაკიდებული, იმას ჩასწვდა. ჩასწვდა და მძიმედ ამოზიდა ტყავის ჩანთა, – ამას ხომ უყურებ, რაც მთელი წლის მანძილზე ვაგროვეთ შენს სკოლაში შემოსაწირი, სულ აქაა. მარტო ის ოცდაათი ვერცხლი აკლია, ვითომ გაცეცხლებული მევახშისთვის სასწრაფოდ დასაბრუნებლად, სინამდვილეში კი მოსამართლეებისთვის მისაცემად რომ გადმომითვალა აი, იმან, აქამდე რომ ვერ გაურკვევია, პირველად სიტყვა იყო თუ ღმერთი. წუხელ კი ფულით გატენილი ტომრის გარშემო ნაგაზებივით ეძინა ოთხივეს: იოანეს, მათეს, მარკოზს და ლუკას. მე ღამით ისეთივე ჯვალოს ტომარა ქვებით გავავსე და ისე შევცვალე ტომრები, იმათ არაფერი გაუგიათ. ისე, მართლა ბევრს სვამენ ეგენი, – სინანულით დააბოლოვა იუდამ.

ახლა იესო ქრისტემ მოჩხრიკა თავისი ხურჯინი და იქიდან ამოიღო წინა დღით ბაზარში ნაყიდი ორი წითელი კოლოფი მარლბორო. ერთი იუდას მიაწოდა. ორივემ ასანთი მოისინჯა ჯიბეში. ორივე ჯიბემ დამაიმედებელი ჩქამი გაიღო.

– შენ უკეთესი რამეც გექნება მანდ მოსაწევად, – იუდამ იმედის თვალით გადახედა იესოს.

პასუხი ცოტა ხანში მიიღო.

– ჯერ ოაზისთან ჩამოვსხდეთ და მერე ვნახოთ, ვინ რა გამოაყოლა ხელს იერუსალიმიდან.

2)

ერთი ძველთაძველი ლექსის რამდენიმე ფრაგმენტი, პროზად თარგმნილი

(მეორე ნაწილი)

*

ბარაბა სირაჯხანაში იჯდა მაგიდასთან და ღვინოს წრუპავდა, ხორცს, პურს, მწვანილს და მარილს კი ხელიც არ დააკარა. გული არ მიუდიოდა. აქეთობისას მიაკითხა ნაცნობ მევახშეს, რომელსაც ამ უბანში მფარველობდა და ვალების ამოღებაში ეხმარებოდა. თავისი წილი ფული გამოართვა, მერე ბაზარში შეიარა და ერთი პატარა ხურჯინი იყიდა. ხურჯინმა ათასი წვრილმანი დაიტია, თუმცა ძალიან მაინც არ დაუმძიმდა. ელოდებოდა.

ჭიქა მესამედ რომ შეივსო ღვინით და ლურჯი ბოთლი ყავისფერ მაგიდაზე ბლაგვი ხმით დადგა, ამ დროს შემოვიდა სირაჯხანაში ორი ქალი, ერთი მათგანი იესო ქრისტეს დედა, მარიამი იყო. მას უკან შემოჰყვა გაცილებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ლურჯი თავსაფრიდან წითელი კულულები შუბლზე ჰქონდა ჩამოშლილი. ორივე მათგანს პატარა ფუთა ეჭირა ხელში.

ბარაბას მაგიდას დაუპატიჟებლად მიუსხდნენ და ჭამა დაიწყეს. ქალებიც იქიდან მოდიოდნენ, იმ მოედნიდან, რომელზეც კანცელარიის თანამშრომლებმა სამი სიკვდილმისჯილი წარუდგინეს ხალხს. სამივეს ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა და გაუპატიურება ედებოდა ბრალად. დილით ქართველმა მოსამართლეებმა მათი ბრალი დამტკიცებულად მიიჩნიეს და სამივეს ჯვარცმა მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენად. სახელმწიფო კანცელარიას სურდა, რომ ხალხს თავი ჰგონებოდა თავისუფალი და თანაც კეთილი. ამიტომ იმ დღეს, როცა სასამართლო ერთზე მეტ დამნაშავეს მიუსჯიდა სიკვდილს,

კანცელარია ხალხში არჩევნებს ატარებდა. სიკვდილმისჯილი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებდა, თავისუფლდებოდა სიკვდილით დასჯისგან, ოღონდ დაღამებამდე უნდა დაეტოვებინა იერუსალიმი და აღარასოდეს დაბრუნებულიყო უკან.

არჩევნების მოლოდინში მოედანზე შეკრებილ ხალხს თიხის ნატეხები და წვეტიანი ქვები დაურიგეს. თითოეულს უნდა ამოეკაწრა თავისი რჩეულის სახელი თიხის ნატეხზე და მოედნის შუაში დაედო. აქ, ერთმანეთისგან მოშორებით, უბრალო წკირით იყო მიწაზე ამოკაწრული ყველა იმ დღეს სიკვდილმისჯილის სახელი. თითო სახელთან გროვდებოდა თიხის წარწერიანი ნატეხები, რომლებსაც კანცელარიის თანამშრომლები ბოლოს ყურადღებით გადაითვლიდნენ და გამოაცხადებდნენ არჩევნებში გამარჯვებულის ანუ უმრავლესობის მიერ შეწყალებულის სახელს. იმ დღეს სამივე გორაკი თანაბარი სიმაღლის ჩანდა. არჩევნები მთავრდებოდა. ამ დროს შემოიჭრა მოედანზე ორი დაგვიანებული ქალი, ისინი კანცელარიის თანამშრომლებთან მივიდნენ სწრაფი ნაბიჯით, თიხის ნატეხები და წამახული ქვები გამოართვეს, თიხაზე რაღაც დაჩხაპნეს და საარჩევნო თიხის ნატეხები წინასწარ შერჩეულ გორაკზე დააწყვეს. არჩევნები დამთავრდა. კანცელარიის თანამშრომლებმა რიგრიგობით გადათვალეს სამივე გროვა და გამარჯვებულის ანუ გადარჩენილის სახელი გამოაცხადეს. დანარჩენი ორი იქიდანვე გაუყენეს გოლგოთის გზას. მათ ცოდვებს ახლა ისიც დაემატა, რომ თავიანთი ამომრჩევლები გააწბილეს. მათ სტვენით და წყევლა-კრულვით მიაცილებდნენ.

 მიმტანმა ცხელი ორთქლის ღრუბელი ლანგრით ჩაუდგა ბარაბასა და მის სტუმრებს მაგიდის შუაში. ლანგარი ცხელი ხინკლით იყო სავსე. ხინკალი ქართველმა მოსამართლეებმა შეატანინეს სირაჯხანის მზარეულებს მენიუში და ბევრმა აქაურმაც გაუგო ამ კერძს გემო.

– ისინი ახლა მთვრალები ყრიან ხანაგაში და ვიდრე გონს მოეგებიან და ძებნას დაგვიწყებენ,

ჩვენ უკვე შორს ვიქნებით, – თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა უფროსმა ქალმა. ამის გაგონებაზე უმცროსმა ქალმა ტუჩი მოიკვნიტა და უნებლიეთ გახედა სირაჯხანის კარს, რომელიც დღის ამ დროს იშვიათად იღებოდა ხოლმე, ბარაბამ კი მოსასხამში უნებლიეთ მოისინჯა ხანჯლის ვადა. ხანჯალი ვიღაცას დაეგირავებინა მევახშესთან, ბარაბას კი მოეწონა და წამოიღო.

იმ დღეს ბაზრიდან ქარვასლაში შეიარა ბარაბამ და სამი აქლემი დაიქირავა. მზის ჩასვლამდე მოვაკითხავთო, უთხრა ქარვასლის მოლარეს. ღამით სიარული ცოტა კი უჭირდათ აქლემებს, ოღონდ სავსე მთვარე ამოვიდა მალე და ისინიც ჩქარი ნაბიჯით დაადგენენ იმ კვალს, რომელიც შუადღისას წავიდა საქართველოსკენ.

– გამომყვები ცოლად? – ჩუმად გადასძახა ბარაბამ მარიამს. მარიამმა ბარაბას მაჯებს გადახედა, მას სჯეროდა, რომ კაცის სულიც და ხასიათიც კაცის მაჯებს უფრო ეტყობა, ვიდრე თვალებსა და სიტყვებს. ცოტა ხანში უკვე ორ აქლემს ჰყავდა მგზავრები. ერთზე იჯდა წითურთმიანი ახალგაზრდა მარიამი, მეორე აქლემისთვის კი მთელი ბარგი აეკიდებინათ. მესამე აქლემზე ბარაბას წინ შემოესვა მარიამი. უსიტყვოდ მიუყვებოდნენ გზას.

– მე კიდევ შეიძლება დავორსულდე, – მარიამმა თქვა. წითელთმიან მარიამს არაფერი გაუგია.

ბარაბას მკლავმა კი კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრა მარიამის წელი.

– საქართველოზე იცი რამე? – ჰკითხა წითურმა მარიამმა ბარაბას.

– საქართველოში ადამიანები ვერ ცნობენ ერთმანეთს, თუ არ დაქორწინდებიან, მაგრამ შენ ნუ შეგეშინდება, შენი წითელი კულულები გამოაჩინე და ხელის მთხოვნელი არ მოგაკლდება.

– ამბობენ, რომ ქართული ენა ძალიან რთულია და უჭირთ უცხოელებს მისი სწავლა, – უმცროს მარიამს ისევ რაღაც აშფოთებდა.

– კი, რთული ენაა.

– და რად უნდათ ასეთი რთული ენა, დროს ემალებიან?

– შეიძლება დროსაც ემალებიან, მე კი მგონია, რომ სათქმელი არა აქვთ არაფერი და ვითომ კი გვაქვსო, ისეთი რთული ენა მოიგონეს, მაგ ენაზე მოლაპარაკე კაცს რომ ეგონოს, ვითომ რამეს ამბობს – რამე ისე საინტერესოს და იმდენად ახალს ან ჭკვიანურს, რომ ძალიან რთული გამოდის, როცა მის გამოთქმას ცდილობ. მოკლედ, თავის თავს ეტრაბახებიან.

– მე კი წიგნი მომაქვს, – თქვა უმცროსმა მარიამმა, – წიგნს ჰქვია „ქება ქებათა“ და იქაურ პოეტებს უნდა წავაკითხო. ბარაბა, ქართველებში არიან პოეტები?

ბარაბას გაეცინა:

– იქნებიან, რატომაც არა, გაუმარგლავ ქვეყანაში სარეველას რა გამოლევს.

– და იქნებ ოდესმე რომელიმე მათგანმა ამ წიგნის გაგრძელება დაწეროს.

უფროსი მარიამი მათ ყურს არ უგდებდა და იმას ფიქრობდა, რომ თავისი და ბარაბას რომელიმე შთამომავალი საქართველოს მეფე შეიძლება გამხდარიყო.

მეორე დღეს ოაზისთან დაეწივნენ დიდ ქარავანს, რომელშიც, სამი ქართველი მოსამართლის გარდა, იყვნენ იუდა და იესო. იესო აუზთან იჯდა ქვაზე და ხურჯინში რაღაცას ეძებდა. იპოვა და ვიდრე ამოიღებდა, თავზე წამომდგარ იუდას ახედა და თვალი ჩაუკრა კარგი ამბის ნიშნად.

3)

 ერთი ძველთაძველი ლექსის რამდენიმე ფრაგმენტი, ლექსად თარგმნილი

(მესამე ნაწილი)

*

სულ მგონია, რომ შენს გლუვ და ზოგან სიბლანტემდე

რბილ ბარძაყებს საკმარისად არ მოვეფერე

და ისე ვიჩქარე, ისევ ავჩქარდი.

სულ ასე აჩქარებაში და რომელიღაც მერე რომ იქნება,

იმის დევნაში, იმისკენ მისწრაფებაში გადის ცხოვრება.

არა, შენ არასოდეს არ მაჩქარებ.

ჩემი ბრალია.

აჩქარება ჩემი ბრალია,

თუნდაც შიშველი ვიწვე შენი მკერდის მისადგომებთან,

პერანგის საყელოში ვერა, ოღონდ

ქეჩოში მწვდება ხოლმე ეს ჩვენი დრო

და მიბიძგებს ახლა ამისკენ, შემდეგ იმისკენ.

მე კი მხოლოდ ის მინდა,

რომ შენი ბარძაყების ზოგან სიბლანტემდე სირბილემ

და მათში ზანტად გამორეულმა გლუვმა სიმკვრივემაც

დაიტიოს ჩემი ცხოვრების,

მთელი ჩემი ცხოვრების ამბავი

და მე არ  ვიცი, როგორი გამოვა ის,

წინასწარ არ ვიცი,

თორემ გზადაგზა რასაც გავიგებ და ამოვიკითხავ,

ამოვიკითხავ ხმამაღლა,

რომ შენც გაიგონო

და არ გეგონოს, რომ ვიღაც მიუსაფარი

პოეტი ეჩურჩულება შენს ბარძაყებს და ზედ

გლუვი ფრჩხილით წერს რაღაცას

და რამე თუ არ მოეწონება,

იმას კოცნით წაშლის ხოლმე და ხელახლა წერს.

– დაგღალა ასე წოლამ? გვერდი მოინაცვლე,

მე ხელს შეგაშველებ

და იქიდან განვაგრძობ ჩემი ცხოვრების წერას,

სადაც შევწყვიტეთ.

ასეთი ცხოვრებით მე ვერავინ მიცნობს,

მხოლოდ შენ გეცოდინება,

რომ ეგ ცხოვრება

არის ჩემი და მე ვარ ის,

ვინც მაგ ცხოვრებით იცხოვრა

და ახლა შენს ბარძაყებზე თხზავს მას.

მე ამ ქვეყანაში, მე ამ თქვენს საქართველოში

ოდესღაც იესო ქრისტეს სახელით ჩამოვედი.

გაცვდა ჩემი სახელი და მეც არაერთხელ მოვკვდი

და დავიბადე. ის წიგნი, რომელიც წითელთმიან მარიამს

მოჰქონდა – ქება ქებათა – მე ავიღე ერთხელ და მართლა მომინდა,

რომ მისი გაგრძელება დამეწერა, შემეთხზა.

მაშინ რუსთველ ქამანდარს

ანუ მცირე მშვილდით მოისართა რაზმის უფროსს მიწოდებდნენ.

მაშინ კი მოგხიბლე, ოღონდ ვჩქარობდი,

დროს ჩაევლო თავისი კლანჭებიანი

ხელი ჩემთვის ქეჩოში და მიმაქანებდა, მაჩქარებდა.

მაშინ ვერ შევჩერდი შენს ბარძაყებთან,

მხოლოდ სუნთქვა ავატარე ორივე მათგანზე.

დავწერე, ოღონდ დედაჩემისა და ბარაბას შთამომავლებმა,

ანაფორებში შეხიზნულმა შთამომავლებმა თითქმის ყველა მისი

ხელნაწერი დაწვეს.

ერთი ხელნაწერი მაინც გადარჩა შემთხვევით

და აქა-იქ რაღაც ფრაგმენტებიც შემოინახა.

მე იმ წიგნს, ქება ქებათა-ს ქართულ გაგრძელებას,

დავარქვი ნესტან-დარეჯანიანი,

ოღონდ ქალის ხსენებაზე გული ერეოდათ იმ ანაფორიანებს,

რადგან მათში მრავლად იყო იმ ჩემი მოწაფეების შთამომავალი,

ვინც აქეთ გამოგვიდგა, გამოგვეკიდა და ჩვენ გვერდით

დასახლდა ეკლესიებში.

ჩემი სიკვდილის ამბავს ჯერ არ დავწერ,

და როცა დავწერ, ეგ იქ მოხდება, სადაც შენი ბარძაყი

შენს მუცელს ფურცლად შლის, ხან კი კეცავს.

4)

 ერთი ძველთაძველი ლექსის რამდენიმე ფრაგმენტი, ლექსად თარგმნილი

(მეოთხე ნაწილი)

*

აი, ეს

მე ვარ იუდა!

და მე მქვია იუდა.

პეკინზე ციოდა და წამოვიხურე

ქურთუკის გადაცოცებული ჰუდი.

წითელზე ვჩერდებით გადასასვლელთან

და ჩემ გვერდით აღმოჩნდა იგი,

ჯერ კიდევ იმ ასაკის,

როცა ცოტა სახტად ტოვებს მათ, ეხამუშებათ

თავისი ანარეკლის სადმე, ვიტრინაში

მკაფიოდ და უნებურად დანახვა.

– გიღალატია? – ვკითხე.

– კი, მიღალატია, – მან მიპასუხა.

– მშობლების მშობლებისთვის,

მშობლებისთვის, ნათესავებისთვის,

მეგობრებისთვის, ამხანაგებისთვის, ნაცნობებისთვის

ან ქალისთვის გიღალატია? ან შვილისთვის გიღალატია?

შენი თავისთვის ხომ არაერთხელ გიღალატია?

მე ეს კითხვები დავაყარე მას, თუმც იგი არ შეცბა

და ერთი თავის დაკვრით დაეთანხმა იმას, რომ

ყველა მათგანისთვის უღალატია, ყველა ქალისთვის,

ყველა შვილისთვის, ყველა მეგობრისთვის და ნათესავისთვის

უღალატია.

– და ვინ ხარ შენ ამ წამიდან მოყოლებული და ვინ იქნები? – მე მას დაჟინებით ვკითხე.

მან იოლად მიპასუხა:

– მე ვარ იუდა და ჩემი სახელია იუდა,

იუდა მქვია! – თავი ამჯერად ისე დამიკრა, ეტყობა, პირველად შემხვდა

ასე უეცრად გადასასვლელზე

და გამეცნო, იმის მაგივრად, რომ „უკაცრავად“ ეთქვა, რადგან მისი პალტოს კალთა

ჩემი ქურთუკის კალთაში გაიხლართა და ამან ოდნავ უფრო დიდხანს შეგვაფერხა,

ვიდრე შუქნიშნის ფერისცვალებით იყო ნებადართული.

მე წამოვედი.

მე აღარ ვარ იუდა, მე ჯერ არავინ არ ვარ,

თუმცა არა, აი, უკვე მახსენდება ჩემი ახალი თავი

და ჩემი ვინაობაც და მისამართი.

მე  მახსენდება, რომ სახლში არავინ მელოდება.

ჯინსების მარჯვენა ჯიბეში ბინის გასაღები მოვისინჯე.

უკანა ჯიბეში კი ხუთთეთრიანები მქონდა ლიფტისთვის.

და კიდევ რაღაც მახსენდება.

მახსენდება, რომ ხელცარიელი არ ვბრუნდები სახლში,

არამედ რაღაც მომაქვს,

მომიტანია

აი, ეს ლექსი!

© არილი

Facebook Comments Box