ესე,  ესე (თარგმანი),  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  პორტრეტი

ანდრეი პლატონოვი – ადამიანებთან შესახვედრად

ერნესტ ჰემინგუეის რომანებზე „მშვიდობით, იარაღო!“ და „ქონა თუ არქონა“

რუსულიდან თარგმნა ნორიკ ბადოიანმა

ამერიკელი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეის რამდენიმე ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ჩვენ დავრწმუნდით, რომ მისი მთავარი აზრებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს აზრი ადამიანური ღირსების პოვნაზე, სწრაფვა ჭეშმარიტი ადამიანის აღმოჩენისკენ, ადამიანის, რომელიც არც თავს იტანჯავს და არც სხვებს ტანჯავს და, ამასთანავე, ჩვენი თანამედროვეა.

ჰემინგუეისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გამორკვევა, თუ რაში მდგომარეობს თანამედროვე ადამიანის ჭეშმარიტი ღირსება, ანუ აღმოჩენა და გამოსახვა იმ ადამიანისა, რომელსაც სხვებიც შეიწყნარებდნენ და რომელიც თავის თავს აიტანდა.

ჰემინგუეი ფიქრობს, რომ ასეთ ადამიანს არ სჭირდება რამე განსაკუთრებულად ამაღლებული, რამე ზედმეტი, მდარე, არც განზრახ მშვენიერი ან ხასიათის მხრივ რამე საგანგებო: ყველაფერი, რაც ძნელად განხორციელებადია, არ უნდა უშლიდეს ხელს ამ ადამიანის წარმოშობას. საჭიროა მხოლოდ რაღაც შესაძლისი, საკმარისი, მაგრამ, ამავდროულად, ისეთი, რაც ადამიანთა თანაარსებობას ასატანსა და მიმზიდველსაც კი გახდიდა. ეს ბოლო – მიმზიდველობა – შეიძლება, მიღწეულ იქნას ადამიანის ისეთი თანშობილი ან შეძენილი თვისებების გამოყენებითა და განვითარებით, როგორებიცაა სიყვარულის გრძნობა, მწარმოებლური შემოქმედებითი შრომისკენ სწრაფვა, მოგზაურობის, თავგადასავლებისა და სპორტის ჟინი, ფაქიზი გონებრივი შრომისა და გონებამახვილობისკენ მიდრეკილება და მისთ. მთავარი კი – ღირსება – ჯერ კიდევ საპოვნელი, აღმოსაჩენია სადღაც სამყაროში, სინამდვილის სიღრმეებში, ის უნდა მოვიპოვოთ (შეიძლება მძიმე ბრძოლის ფასად) და ჩავუნერგოთ ეს ახალი გრძნობა ადამიანს, აღვზარდოთ და გავამყაროთ იგი ჩვენს თავში.

აქედან მოდის ჰემინგუეის ინსტინქტური შიში თავისი ნებისმიერი გმირის დახასიათებისას უხამსობაში, უტაქტობაში ჩავარდნისა, რაც მკითხველთა უმრავლესობის მიერ მისი ნაწარმოებების მაღალ ლიტერატურულ-ფორმალურ ღირსებად აღიქმება.

ალბათ, ეს ასეც არის: ჰემინგუეის ლიტერატურული ოსტატობა მაღალი დონისაა. მაგრამ ამ ოსტატობის ახსნა უნდა ვეძებოთ მწერალთან ტაქტის გამძაფრებულ შეგრძნებაში, ხოლო ტაქტის შეგრძნება ჰემინგუეის შემოქმედებაში უხამსობასთან, ფარულ აღვირახსნილობასთან, ფარისევლობასთან, მხუთავ დათრგუნვასთან, მაღალი ფენების თითქმის დემონსტრაციულ გამოყეყეჩებასთან და ევროპული დასავლეთისა და ამერიკის ცხოვრების სხვა გარემოებებთან ბრძოლის საშუალებას წარმოადგენს. და თუ ტაქტის ეს მძაფრი შეგრძნება არ დაეხმარება მკითხველს, არ ჩაენერგება, როგორც აზროვნებისა და ყოფაქცევის წესი, იგი, უსათუოდ, დაიცავს ჰემინგუეის გარემოს იმ თვისებებით დასნეულებისგან, რომლებიც მისთვის, როგორც ჩანს, აუტანელია. აი, რატომ აქცევს ჰემინგუეი ასე ხშირად ეთიკას ესთეტიკად; მას ეჩვენება, რომ ადამიანებში ჰეროიკული საწყისის გამარჯვების უშუალო, პირდაპირ, აშკარა გამოსახვას ერთგვარი სენტიმენტალიზმის, ვულგარულობის, უგემოვნობის, მხდალი სისუსტის სუნი უდის. და ჰემინგუეი ირიბ გზას ირჩევს: იგი „აცივებს“, „აკეთილშობილებს“ თავის თემებსა და სტილს ლაკონიურობით, ცინიზმით, ზოგჯერ უხეშობითაც; მწერალს სურს ადამიანში ეთიკურობის დამტკიცება, მაგრამ მხატვრულ მიზეზთა გამო რცხვენია, დაარქვას მას თავისი სახელი და მიუკერძოებლობის, დასაბუთებადობისა და ობიექტურობის გულისთვის, თხრობისას წმინდად ესთეტიკურ საშუალებებს იყენებს. ეს კარგი ხერხია, მაგრამ მას ერთი ცუდი თვისება აქვს: მოცემულ შემთხვევაში, ესთეტიკას დამხმარე, სატრანსპორტო როლი ენიჭება, მას მიაქვს ავტორის მხატვრული ძალები, რომელთაც, თავის მხრივ, ეთიკად არ აქცევს. თუმცაღა, ესთეტიკა, რომელიც აქ ავტორიდან მკითხველზე გადამცემი საშუალებაა, მსგავსად მაღალი ძაბვის ელექტროხაზისა, ბევრ ენერგიას ხარჯავს თავის თავზე, და ეს ენერგია სამუდამოდ იკარგება მკითხველ-მომხმარებლისთვის.

ჰემინგუეის ერთ-ერთ საუკეთესო რომანში, „მშვიდობით, იარაღო!“ გამოსახულია ლეიტენანტ ჰენრისა და ქეთრინ ბეკლის პირველი შეხვედრის ეპიზოდი, ქეთრინის, რომელიც შემდეგ მთელ მის გულსა და სიცოცხლეს აავსებს და იმპერიალისტური ომის გადატანისა და მისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას მისცემს.

„ერთმანეთს შევხედეთ სიბნელეში. ძალიან ლამაზი მომეჩვენა და მისი ხელი ავიღე. არ გამძალიანებია და ახლა წელზე მოვხვიე ხელი. „ნუ“,- თქვა მან. მე არ გამიშვია ხელი. „რატომ?“ – „არ გინდა“. – „მინდა,- ვუთხარი მე, – ნუ დამიშლით“. სიბნელეში მისკენ გადავიხარე საკოცნელად და უცებ რაღაც საშინლად ამეწვა. მწარედ გამაწნა სილა. ცხვირ-პირში მომხვდა და თვალებში დამცეცხლა. „უკაცრავად“, – თქვა მან. ვიგრძენი, რომ რაღაც უპირატესობა მივიღე. „ახი იყო ჩემზე. ძალიან მწყინს“, – თქვა მან… სიბნელეში შემომცქეროდა და მათვალიერებდა. გული მომდიოდა. მაგრამ წინასწარვე ვიყავი დაჯერებული, თითქოს ჭადრაკის ყოველი სვლა ადრევე მქონდეს მოფიქრებული“. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ახლახან სილაგაწნულმა ჰენრიმ ივარაუდა. ორ წუთში ქეთრინმა უთხრა: „ძალიან კარგი ხართ“. – „სულაც არა“. – „ხართ. კარგი ხართ. მე თვითონვე გაკოცებდით, თუ ნებას მომცემთ“. თვალებში ჩავხედე, ხელი წეღანდელივით შემოვხვიე და ვაკოცე… უფრო მაგრად მივიკარი მკერდზე, ვგრძნობდი მისი გულის ცემას, ტუჩები გაეხსნა, თავი უკან გადასწია, მხარზე დამაყრდნო და ატირდა. „ო, ჩემო ძვირფასო, – თქვა მან,  – ხომ მუდამ კარგად მომექცევი?“- „რა უბედურებაა?“ – გავიფიქრე გულში. თმაზე ხელი გადავუსვი და ბეჭებზე მოვუთათუნე. ტიროდა“[1].

თხრობის ცინიკური, მოუხეშავი ლაკონიზმი, ქალის მიერ გაწნული სილის „ვაჟკაცური“ არად ჩაგდება, „მრავალნაცადი“ დარწმუნებულობა მოახლოვებული კოცნისა, „რა უბედურებაა“ და ამისთანა ატრიბუტები – ეს ყველაფერი აუცილებელია ჰემინგუეისთვის, რათა დამალოს ქალის მიმართ ჰენრის სიყვარულის პირველი ან თითქმის პირველი, განცდისგან მოგვრილი მღელვარება, რათა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ფასად იპოვოს გამოსახვის ახალი, არაშაბლონური ფორმა, რომელიც მკითხველზე იმოქმედებს. ახალი ფორმა ნაწილობრივ მიიღწევა, მაგრამ მისი „კედლები“, მისი წყობილება იჟღინთება ზედმეტი შინაარსით, და ეს შინაარსი იკარგება მკითხველისთვის. მართალია, ჩვენ არ ვიცით, როგორ შეიძლება ამ ეპიზოდის უკეთ დაწერა, მაგრამ არც იმაში ვართ დარწმუნებულნი, რომ „ვაჟკაცური“, ლაკონიური, ცხოველური მოუთმენლობის ელფერით სიყვარულის აღწერა საუკეთესოა, რომ ეს ხერხი უფრო ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის ადამიანური გრძნობის არსზე, ვიდრე სხვა. სენტიმენტალიზმი აქ, ალბათ, უფრო ცუდი იქნებოდა, მაგრამ მწერლის მიერ გამოკვეთილი ადამიანური სიყვარულის მექანისტურობაც ხომ არ არის ზუსტი ჭეშმარიტება; იგი მხოლოდ ლიტერატურული, ნატიფი ხელოვნურობაა. მაგალითად, იმ ეპიზოდში, როცა დაჭრილი ჰენრი ჰოსპიტალში წევს და მასთან ქეთრინი მოდის, რათა პირველად დანებდეს, საქმე ამგვარადაა გამოსახული:

„ნუ, – მითხრა მან, – ჯერ კარგად არა ხარ. – „კარგადა ვარ. მოდი. – „არა. ჯერ ჯანზე არა ხარ“. – „ვარ. როგორ არა ვარ. კარგად ვარ. მოდი, ძვირფასო“. – „გიყვარვარ?“ – „ნამდვილად მიყვარხარ. ლამის გამაგიჟო. მოდი, ძვირფასო“. – „გესმის, როგორ ცემს ჩვენი გულები?“ – „გულებს რა თავში ვიხლი. შენ მინდიხარ. ლამის ჭკუიდან შემშალო! – „მართლა გიყვარვარ?“ „…კარები დაკეტე. – „არ შეიძლება. შეუძლებელია“. – „მოდი. ნუღარ მელაპარაკები. მოდი, ძვირფასო“. მცირე ხნის შემდეგ: „ქეთრინი სასთუმალთან მეჯდა, სკამზე. დერეფნის კარები ღია იყო. სიგიჟემ გაიარა და ისე კარგად ვგრძნობდი თავს, როგორც არასოდეს“.

მარტივი და ცხადი მექანიკაა, მაგრამ ამ მექანიკის შესრულებისთვის და შემდგომი სასიამოვნო შეგრძნებისთვის ადამიანად ყოფნა სულაც არ არის აუცილებელი. ასეთ დროს, ალბათ, ცხოველებიც ბედნიერები არიან. ჰემინგუეი თავადაც ხვდება შეყვარებულთა ამგვარი ურთიერთობის ნაკლოვანებას ან უკმარობას. ის ეძებს და პოულობს იმ საშუალებას, რომლითაც ქეთრინისა და ჰენრის სიყვარული ბოლოს ადამიანურდება. ეს  საშუალება ქეთრინის მშობიარობა და სიკვდილი აღმოჩნდება. „მე დერეფანში ჩამოვჯექი. ერთიანად გამოვიფიტე. არაფერზე არა ვფიქრობდი. ფიქრს თავს ვერ ვუყრიდი. ვგრძნობდი, რომ კვდებოდა და ვლოცულობდი, ნუ მოკვდება-მეთქი. ღმერთო, ნუ მოკლავ. გევედრები, ნუ მოკლავ, ღმერთო. რასაც გინდა გაგიკეთებ, ოღონდ ნუ მომიკლავ. ღმერთო, ღმერთო, ღმერთო, ნუ მომიკლავ, ღმერთო. ღმერთო დიდებულო, ნუ მოკლავ. გევედრები ღმერთო, ღმერთო, ნუ მოკლავ. ღმერთო დიდებულო, ნუ მომიკლავ“. ქეთრინი მოკვდა, მისი სასიკვდილო სარეცლიდან ჰენრი იმისაგან განსხვავებულ ადამიანად წავიდა, ვიდრე უკანასკნელ პაემანზე მოსვლისას იყო. თავისი სიცოცხლის ფასად ქეთრინმა, როგორც ჩანს, მიაღწია ჰენრის, როგორც ადამიანის, ერთგვარ გაუმჯობესებას – ჩამოხსნა საკუთარი ცხოველური ინსტინქტებით დათრგუნულად ყოფნის ტვირთი. ჯერ ბავშვისა და შემდეგ ცოლის სიკვდილმა აიძულა ჰენრი, უსუსური, ბავშვური ლოცვისთვის მიემართა, შეარყია და დაარღვია მისი „ვაჟკაცური“, ცხოველური ბუნება. მაგრამ საიდანღა გაჩნდა ახალგაზრდა მამაკაცის ეს ჯიუტი „ცხოველურობა“, ვინ შეჰყარა მას საკვების, ღვინის, ქალისა და უსაქმურობის ეს გააფთრებული ვნება? გავიხსენოთ, რომ რომანში გვერდების უმრავლესობა სწორედ ამ საგნებს ეძღვნება.

ცხადია, ადამიანის ამგვარი დაკნინების მიზეზს იმპერიალისტური ომი წარმოადგენდა. ომმა და მისმა თანამედროვე შედეგმა – ფაშიზმმა-  დაიწყეს დასავლეთში ადამიანის ყოველმხრივი, მათ შორის ფიზიკური, ლიკვიდაციის საქმე, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. თუკი ადამიანს დიდი ხნით წაართმევ რამე საჭიროებას, ის, ბუნებრივია, შეპყრობილი ხდება ამ საჭიროების დაკმაყოფილების ჟინით.

ჰენრიმ გადაიტანა ომი – და შედეგად ქეთრინთან ერთად მთელ სამყაროს შვეიცარიულ ქოხში დაემალა. მათი განმარტოება და თითქმის ავადმყოფური ნეტარება, რომელსაც პრიმიტიული სექსუალური სიყვარული, უსაქმურობა და უხვი საკვები ანიჭებდათ, აიხსნება სიგიჟითა და სიკვდილის საფრთხით, რომელიც რეალურად არსებობს მთელს იმპერიალისტურ სამყაროში.

ხსნა არსად არის, როგორც კი მაგრად ჩაეხუტებიან ერთმანეთს, უნდა იჩქარონ, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება, ძალით დააშორონ და გაანადგურონ. ამ თვალსაზრისით, შეიძლება, გასაგები და მხატვრულად გამართლებული იყოს ჰენრის მანიაკური, მექანიკური, ტლანქი სწორხაზოვნება. ის მამაცურად ცდილობს, დაიცვას იმპერიალიზმისგან თავისი ადამიანური უფლებები, საჭიროებები და ღირსება – თუნდაც ამას მხოლოდ უმარტივესი, თითქმის ცხოველური ელემენტებით ახერხებდეს, მაგრამ მის ძლევამოსილ მოწინააღმდეგეს მისთვის ხომ აბსოლუტურად ყველაფრის წართმევა უნდა – სიცოცხლის; თუ მცირედის დაცვა და შენარჩუნება ხერხდება – ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. მაგრამ ბუნება და ისტორია არსებობს და გრძელდება იმპერიალიზმის მიუხედავად.

იბადება მკვდარი ბავშვი, კვდება ქეთრინი, ჰენრი მიდის საავადმყოფოდან ღამით, წვიმაში, თავის მომავალში, რომელიც უკვე ვეღარ და აღარ იქნება ისეთი, როგორიც მისი წარსული იყო. მაგრამ ეს ჯერ კიდევ მხოლოდ იმედი და დაპირებაა, რომანი კი მთავრდება.

ტრაგედია რომანისა „მშვიდობით, იარაღო!“ შემდეგში მდგომარეობს. თუ მოსიყვარულე ადამიანები გაურბიან თავიანთ გრძნობაში ერთგვარი არასასიყვარულო, პროზაული ფაქტების შეტანას, თუ შეუძლებელი და არასასურველი იქნება საკუთარი ვნების შეთავსება რომელიმე საქმესთან, ადამიანთა უმრავლესობა რომ ასრულებს – სიყვარული თავისთავს მალევე სანსლავს და ქრება. სიყვარული იდეალური, წმინდა ფორმით, ჩაკეტილი თავის თავში – ასეთი სიყვარული თვითმკვლელობის ტოლფასია, იგი გამონაკლისის სახით არსებობს და დღემოკლეა. სიყვარულს, პარადოქსულად ვიტყვით, უყვარს არასასიყვარულო, ის, რაც მას არ ჰგავს. ამის მტკიცებულება არის კიდეც რომანში „მშვიდობით, იარაღო!“.

ჰენრისა და ქეთრინის სიყვარული, რომელიც დასაწყისიდანვე  „ჯარისკაცურ“, ხარბად პრიმიტიულ ფორმებს იღებს, რომანის ბოლოს სულ უფრო ავადმყოფურ თვისებებს იძენს, გადაგვარდება რა ერთურთითა და განმარტოებული ცხოვრებით, შეყვარებულთა თითქმის განუწყვეტელ, დამთრგუნველ ტკბობად, – და ეს ცხოვრება, ჩვევად ქცეული, უფერულდება თავისი თავის გამეორებისგან, მის მასაზრდოებელ გარესამყაროსთან კავშირის გაწყვეტისგან. ჭეშმარიტი ცხოვრებისთვის, როგორც ჩანს, მხოლოდ დაბადება არ კმარა; გარდა ამისა, საჭიროა თითქმის ყოველდღიურად აღდგომა – და მაშინ ჩვენი დედა ხდება დედამიწა, ყველა თანამედროვე ადამიანი… ამგვარად, ჰენრისა და ქეთრინის სიყვარული საკუთარ დილეგში აღმოჩნდა გამომწყვდეული. მაგრამ საიდან შეიტანდნენ სინათლეს თავიანთ სულ უფრო და უფრო ბნელ საპყრობილეში, თუკი გარე სამყაროში, მათ მიღმა, ომის წყვდიადი ჩამომდგარიყო, თუკი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თავად სინამდვილე, ანუ არასასიყვარულო, „პროზაული“ ძალა, რომელიც შეიძლებოდა, აუცილებელი და სასარგებლო ყოფილიყო მათი ბედნიერების გაგრძელებისთვის, იმპერიალისტურ ომს, წამებასა და სიკვდილს წარმოადგენდა? მაშ, რაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა ჰენრისა და ქეთრინს, თუ ერთმანეთს მოწყდებოდნენ, მაგრამ მაინც არ დააშორებდნენ დიდი ხნით თავიანთ მოსიყვარულე ხელებს? მათ არ ჰქონდათ სხვა გამოსავალი, ომი ორივემ გამოიარა და იცოდნენ, რაც არის. ისინი მხოლოდ იმ სამყაროში შესვლას დათანხმდებოდნენ, რომელიც სამარემდე შეინახავდა მათ გრძნობას, და არა იმაში, რომელიც სხეულებს ნაკუწებად დაუგლეჯდა. თუკი მისთვის რამე უცხო, არასასიყვარულო „უყვარს“ ,- სიყვარული ამას მხოლოდ თავისი ეგოისტური მიზნებით სჩადის – საკუთარი მდგომარეობის შენარჩუნებისა და გახანგრძლივებისთვის.

რომანს „მშვიდობით, იარაღო!“ შეიძლებოდა, სხვაგვარი დასასრული ჰქონოდა: ქეთრინის სიკვდილის ნაცვლად – ჰენრისა და ქეთრინის სიყვარულის მინელების ან გაგრძელების ისტორია, – მაგრამ მაშინ რომანი საერთოდ ვერ დასრულდებოდა, ხოლო შეყვარებულთა ცხოვრება დაემგვანებოდა ერთ ადგილზე სირბილს, მანკიერ, მოჩვენებით მოძრაობას (რომანის ტექსტში ეს უკანასკნელი ტენდენცია უკვე აშკარად გამოიკვეთა: თემა თითქმის გაჩერდა, დიალოგმა ჩაანაცვლა მოქმედება, რომანის რეალური შინაარსი სულ უფრო იშრიტებოდა, ეულმა შეყვარებულებმა, საერთო ნიადაგიდან თიხის ქოთანში გადარგულ მცენარეებს რომ ჰგავდნენ, უკვე გამოფიტეს ის გოჯი მიწა, რომელზეც იდგნენ – მტრული სამყაროდან „მოპარული“ ბედნიერება – და ჭკნობას უახლოვდებოდნენ). და მაშინ ჰემინგუეიმ რომანში შემოიტანა კატასტროფა,  ორმაგი სიკვდილი – ქეთრინისა და მისი ბავშვის – და ამით დაასრულა თავისი ნაწარმოები… შეიძლებოდა თუ არა რომანის უკეთესი დაბოლოების პოვნა? შეიძლებოდა. ჭეშმარიტი სინამდვილე, რომლის უკმარისობის გამოც მალულად იტანჯებოდნენ ქეთრინიცა და ჰენრიც, ცდილობდნენ რა მის ჩანაცვლებას პათოლოგიური სიყვარულით, ნათელი დღეებისაგან საწოლში, შავბნელ ღამეში ჩამალვით, – ეს ჭეშმარიტი სინამდვილე მაშინაც კი არ შედგებოდა მხოლოდ იმპერიალიზმისგან, უამრავი ადამიანი ზურგშიც და ფრონტებზეც დაფარულად და ცხადად უკვე გრძნობდა და შეიცნობდა იმპერიალიზმის არსს, – მათ შეიგნეს თავი იმპერიალიზმის მტრებად და გადაწყვიტეს სინამდვილის გარდაქმნა. მოვლენათა ჭეშმარიტი არსი მდგომარეობდა სწორედ  მომაკვდინებელი იმპერიალიზმის მოძრაობაში თავისი გარდაუვალი მარცხისკენ, რომელსაც გაღატაკებული, ნახევრად განადგურებული, სასოწარკვეთილი ხალხები მოუტანდნენ. ჰენრისა და ქეთრინის ჩართვა ამგვარ საერთო ცხოვრებაში მათ ბედნიერებას შესძენდა სიღრმეს, მუდმივგანახლებად სიქორფესა და დაუშრეტელ უკვდავებას, იმიტომ, რომ მაშინ მათი მასაზრდოებელი და მხარდამჭერი იქნებოდა მთელი სამყარო და არა ორი შეშინებული, თითქმის ბავშვური და მთრთოლარე გული. მაგრამ, როგორც ჩანს, ავტორისგან ზედმეტად ბევრს ვითხოვთ. უფრო სწორად, ზედმეტად ბევრს კი არა, ზედმეტად ადრე. მოგვიანებით თავად ჰემინგუეიც მჭიდროდ მიუახლოვდება რევოლუციური სინამდვილის ნებისმიერ სხვა სინამდვილეზე აღმატებულობის შეგნებას.

ახლა ჩვენ უკეთ შევძლებთ ჰემინგუეის სტილის თავისებურებების გაგებას. ჰემინგუეი მალავს თავის ახალგაზრდა გმირს ნეიტრალურ ქვეყანასა და სიყვარულში, რათა იხსნას  იგი დაღუპვისა და ომში გაველურებისგან, – იხსნას, უპირველეს ყოვლისა, მისი სიცოცხლე, გამოხატული თუნდაც თავდაპირველი, ელემენტარული ინსტინქტებით, შემდეგ კი თავად სიცოცხლე იზრუნებს თავის ღირსებაზე და მოიპოვებს მას, თუ ადამიანს, საერთოდ, შესწევს ღირსების უნარი და ესწრაფვის მას. იძულებული, მოახვედროს ადამიანი ისეთ ვიწრო გარემოში, როგორიცაა „სამარის კარამდე სიყვარული“, საჭმელი, ძილი და სასმელი, – იძულებული ომის იმპერიალისტური გარემოებებით, – ავტორი ხვდება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმპერიალისტური არმიის მესანგრე ჯარისკაცის სურვილების ასრულებაა. ისღა დაგრჩენია, ატირდე და ამოიბღავლო ადამიანის ბედზე, ანუ მიმართო არამხატვრულ საშუალებებს. ამიტომ უნდა დამალო შენი გოდება, გადააქციო მდუმარებად, შენიღბო ცრემლები ცივსისხლიანობით, ან – რაც უმჯობესი და უფრო საიმედოა – ცინიზმითა და ტლანქი სექსუალური გულახდილობით. ახლანდელი კაპიტალისტური სამყარო თავისი პრიმიტივიზმითა და სისასტიკით უფრო მეტად გაუსაძლისია, ვიდრე ჯეკ ლონდონის არქტიკული ზონები, და ჰემინგუეისა და ლონდონის გმირები დაახლოებით ერთნაირად იქცევიან, ისინი დაახლოებით ჰგვანან კიდეც ერთმანეთს. მათი ქცევისა და ხასიათის სხვაობას განსაზღვრავს გარემოსა და დროის სხვაობა, ამასთან ერთად, გარემოცა და დროც ჰემინგუეისთან უფრო მძიმე და სახიფათოა, ვიდრე ლონდონთან. მაგრამ ყველანი ვგრძნობთ, რომ ლონდონისა და ჰემინგუეის უხეში სიტყვებისა და ქცევის, დაუნდობელი მოქმედებების უკან იმალება ადამიანური, კეთილი, ნაღვლიანი სული, და ჩვენ ვხედავთ, როგორ დასტირის ჯარისკაცი – ცინიკოსი, მექალთანე და ლოთი – თავისი საყვარელი ქალის ცხედარს, უფრო მწუხარედ, ვიდრე ნებისმიერი წესიერი, ერთგული ჯენტლმენი.

ტრაგიკული მდგომარეობიდან გამოსავალი შეიძლება იყოს ან უნაყოფო უბედურება, გამოხატული სრულიად მიუღებელი ლიტერატურული ბნედიანობით, ანდა – აქტიური მოქმედება, ჭეშმარიტი გამოსავალი, მაგრამ ამ გამოსავალს ვერ მოიგონებ, ის უნდა აღმოაჩინო პირდაპირი დაკვირვებით მასობრივი, მშრომელი ადამიანის ბრძოლაზე თავისი ღირსეული მომავლისთვის, ან უკეთესი – ამ ბრძოლაში თანამონაწილეობით. ზოგჯერ კი, სანამ ჭეშმარიტი გზა არ არის ნაპოვნი, ხოლო ზუსტი ლიტერატურული გემოვნება არ გაძლევს მელნის ნაცვლად ცრემლებით წერის უფლებას, უნდა შეიზღუდო თავი ცივსისხლიანი, ნეიტრალურ-ვაჟკაცური მიდგომით: „მოდი დავლიოთ“ – და გადავიტანთ, „როგორმე გადავაგორებთ“, – დავლიოთ, რომ დავაუძლუროთ ჩვენი აუტკივარი გონება, დაე, ყველაფერი დაავიწყდეს და თავადაც მიეცეს დავიწყებას. ეს, რასაკვირველია, მოცემული მდგომარეობიდან გამოსავალი და დასმული პრობლემის ჭეშმარიტი გადაჭრა კი არა, არამედ გადაჭრისთვის გვერდის ავლაა მახვილგონივრულ-ნატიფი ლიტერატურული ხერხის საშუალებით, ესაა ზრდასრული, შეძრწუნებული ადამიანების ნევროზი და მათი თავდაცვა, რომელიც იმისათვის სჭირდებათ, რომ საბოლოოდ, სასიკვდილოდ არ დაილეწონ. ამ მდგომარეობიდან ჭეშმარიტი გამოსავალი იქაა, სადაც ახლა იმყოფება ჰემინგუეი – რესპუბლიკური ესპანეთის ფრონტზე. დიდი ალბათობით, იქვე იპოვის იგი თავისი თემის- როგორღა უნდა იცხოვროს ადამიანმა ამ წუთისოფელში – იმაზე უფრო ღრმა გადაწყვეტას, ვიდრე ის, რომელიც არის რომანში „მშვიდობით, იარაღო!“.

იქნებ, სულაც არ ღირდა იარაღთან დამშვიდობება, საუკეთესო ადამიანები შეუიარაღებელნი რომ არ დარჩენილიყვნენ და არ აღმოჩენილიყვნენ კვლავ დამცირებისა და განადგურების რისკქვეშ. 


[1] ციტატები მოყვანილია შემდეგი გამოცემიდან: ერნესტ ჰემინგუეი, მშვიდობით, იარაღო!, აღმოხდების მზე (ფიესტა), ქონა თუ არ ქონა. თარგმნა ვახტანგ ჭლიძემ. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1976.

© არილი

Facebook Comments Box