პროზა

მანანა მენაბდე – „იმედის პატარა ორკესტრი…“

 

ავიღე თუ არა ხელში ბულატის ნაჩუქარი წიგნი „იმედის პატარა ორკესტრი…“ და სავარძელში მოხერხებულად მოვეწყვე, იმ წამსვე ტელეფონი აბზუილდა. ლაიფციგი მთხოვდა სამი კონცერტის ჩატარებას. ეს წიგნი ხელში რომ არ ამეღო, ჩემს კონცერტებს ნეტა რა ეშველებოდა?!..

……………….

რაც კი ხელში მხვდება, ზურგჩანთაში ვყრი…

სიჩქარეში გიტარა კინაღამ მრჩება.

ვაგონში ასვლისთანავე მატარებელი იძვრის.

ფანჯარასთან ვჯდები.

მესამე დღეა გაუთავებლად წვიმს.

მატარებელი უკან იტოვებს მომტირალ ბერლინს. წვიმა თავგამეტებით ასკდება ფანჯრებს. წვეთები, სანამ ბორბლებს ჩაუვარდებოდნენ, წამიერად ჩერდებიან მინაზე, თითქოს სიკვდილის წინ, ვაგონის ფანჯრებიდან სურთ თვალი შეავლონ ყველა სულიერს. ვაგონი, წვიმა, ფანჯრებს მიღმა შორეული, მწვანე, ხელშეუხებელი ხასხასა პეიზაჟი, მგზავრების ზუზუნი, რაღაც შორეულსა და ნაცნობს მაგონებს…

ვაგონში – ზოგს ძინავს, ზოგი ეწევა, ვიღაცას ყურმილები უკეთია და მუსიკას უსმენს, ზოგი ლეპტოპში ყვინთაობს… ჩემს გვერდითა სავარძელში ახალგაზრდა ქალი, კლაუდია შიფერს რომ გავს, კაცის გულივით ორივე სავარძელი დაუპყრია და ჟურნალ «Тор Model»-ში ჩაფლულა.

ყველაფერი უცხოა ირგვლივ. მეც უცხო ვარ საკუთარი თავისთვის. ვზივარ ასე გასხვისებული საკუთარი თავისგან და გაუთავებელ წვიმის წვეთებს მივშტერებივარ, თითქოს მათი ვინაობის გამოცნობა შემეძლოს. ასე იცის გერმანიაში, ადრე ღამდება, გვიან თენდება, მზე 10 თვე არ გვენახება და სულ ფეხებზე კიდია, ქართველი რომ ხარ და უმზეობა განადგურებს. რამხელა დრო გასულა, რაც აქეთ ვარ… რატომ მოვიგონეთ ჩვენს მოსაკლავად დრო, რომელიც მარადიულია და სიგრძე-სიგანე არ აქვს? რად გვინდოდა ასეთი თავსატეხი ამბავი?! რა, ვაშლის მეტი ხილი არ იყო ედემის ბაღში, მაინცდამაინც ვაშლს რომ ეძგერნენ?! ჰოდა, რატომღა გვიკვირს ჩვენი სიბეცის, უგულობოს, ორგულობის, უსიყვარულობის?!?!! ვიხადოთ ახლა „არმანიში“, „ვერსაჩეში“, „დოლჩე და გაბანაში“, „კრისტიან დიორში“ ოთუზბირი… შიშველი მეფისკენ კი ხელები გავიშვიროთ და ხმის დაკარგვამდე ვიყვიროთ: „რა დიდებული ტანისამოსი აცვია მეფეს!“ დრო… ჩვენი ყოფიერების უმოწყალო მსაჯული. თავს ვაქნევ, რომ ფიქრი, რა სულს მიფორიაქებს, გულს მიღრღნის და მიკლავს, მეხსიერების სანაგვეში მოვისროლო.

ჩანთიდან ბულატის წიგნს ვიღებ: „მე უკვე კარგად გაგიცანი… შენ ყველაფერი გსურს დამავიწყო, რასაც მივეჩვიე. შენ უსიტყვოდ გსურს დამიმონო?..“ მატარებელი სინათლის სიჩქარით მიქრის… ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადგილზე ვდგავართ. ჩამოცხა. ზონარის თასმებს ვიხსნი. კლაუდია შიფერი თითქოს ტყავს იძრობსო, თოვლივით თეთრ ბუმბულის ჟაკეტს ზანტად, ზმორებ-ზმორებით იხდის, შემდეგ ძვირიან, მოდურ, ვარდისფერ „ბასანოშკებს“ იძრობს. ვარდისფერი კლანჭებით ნაზად და სიყვარულით ეხება თავის გრძელ, დაზაგრულ ფეხებს და ორ სავარძელზე სიამის კატასავით წვება. ვპოულობ მიტოვებულ ადგილს და ვაგრძელებ: „- ხედავ გერმანელებს რა მანქანები ყავთ? – მეკითხება კოლია – ბრეზენტი და მთელი ამბები. როგორც სახლში, ისე სხედან. აქ კი…

მე უკვე ფეხებს ვეღარ ვგრძნობ, – ამბობს საშკა ზალატარიოვი.ვალინკებს ჩავიცვამდი. პიმებს. სიფათიეშმაკსაც წაუღია, მთავარიფეხებია…

მე კი… ჯანდაბას ვალინკები. ჩექმები იყოს. ფართე ყელით. გემებივით. რომ წყალში ჩადგე – და არაფერი, თოვლში ჩადგე – და არაფერი. თუ გინდა მთელი ღამე იდექი. კიბატონო…“

ჩემი თვალები კალიასავით სკუპ-სკუპით წიგნიდან ვაგონისკენ ხტის… კუპეში მასიური სტრიპტიზია. ისე ცხელა, ყველა იხდის. სულთამხუთავ კურტკას თავიდან ვიშორებ. შოკოლადისფერი კლაუდია შიფერი თითქმის გაშიშვლდა. გაშტერებული მისჩერებია ფანჯარას, ჟურნალი გვერდით გაუწევია, მაგრამ თავისი გრძელი კლანჭებით, როგორც უკანასკნელ იმედს, ისე ებღაუჭება. ალბათ, ვერსაჩესთან ან შანელთან კარიერაზე ოცნებობს. ჩემი თვალები – კალიები კვლავ წიგნშია: – ვხედავ… აი ნინოჩკა. არც თუ ისე მაღალი მთიდან ეშვება. მის გვერდით უცნობი გოგონაა. ნინა მსუბუქად მოდის. შინელი ყველა ღილაკზე აქვს შეკრული. ქუდი-უშანკა!.. ეხ, როგორი უშანკა აქვს!.. ცოტა გვერდზე მოუგდია… ყველა მის მხარეს იყურება. ის კი მოდის.

– ა-ა-ა!

ეს შანგინი ყვირის.

– ა-ა-ა. – და საშკა ეცემა. კოლია გირჩენკოც.

– დაწექი!

… სადღაც შორს-შორს ფეთქდება…

… ჩვენ ჩუმად ვდგებით. კოლია არ არის. გორაკისაკენ გარბის, იქეთკენ, სადაც მსუბუქად მოაბიჯებდა ნინა. შორიდან ვხედავ, როგორ დგება ნინა ჭუჭყიანი თოვლიდან. აი ის, მეორე გოგონა კი, გაუნძრევლად წევს. სახით ცისკენ.წვეთები ფანაჯრიდან მატარებლის ბორბლებს უვარდებიან. მეორე გოგონა… აი ის, ის… ის უსახელო გოგონა, ისიც ოცნებობდა ალბათ… „Ticket, bitte!” მომთხოვნი ხმა ფიქრს მაწყვეტინებს. სქელი კონტროლიორი, რომელიც მოხარშულკრემიან ტორტს გავს, თავზე დამდგომია და ბილეთს ითხოვს. ვუყურებ… ვინ იცის, იქნებ ბაბუამისმა მოკლა ის უსახელო გოგონა? ვაკვირდები. „კრემიანი ტორტი“ არაფერს ეჭვობს, მსუბუქი მოძრაობით ჩემ ბილეთს ხვრეტს. „Danke! Bitte!“ – („გმადლობ! ინებეთ“) ორივე ფრაზას ერთნაირი, არაფრისმთქმელი, დაზუთხული ინტონაციით მეუბნება და ბილეთს უკან მაწვდის. ისე დაჟინებით მივჩერებივარ, რომ დაბნეული მეკითხება: „möchten Sei etwas?“ („რაიმე ხომ არ გნებავთ?“) „Nein, nein, danke!” – ნაჩქარევად ვპასუხობ. „კრემიანი ტორტი“ დაყენებული ღიმილით მშორდება. იქნებ ამის ბაბუამისმა იმსხვერპლა ის უსახელო გოგონა? ვინ მეტყვის? ვინ? კითხვა ჩამაცივდა, მომეწება და არცერთი ნაბიჯით აღარ მშორდება – იქნებ, იქნებ, იქნებ….

ვიღაც ქალი რიგებს შორის ძაღლით ხელში დაიარება. რატომღაც მიღიმის. მეც ღიმილით ვპასუხობ. „ნეტა საიდან მეცნობა?!“ – ვფიქრობ და ვაკვირდები. ქალი ღიმილს აგრძელებს. ცოტა ხანში ვხვდები, რომ „ნაცნობობა“ არაფერ შუაშუა, უბრალოდ ქალი ყველას უღიმის, მიუხედავად ეროვნებისა და სოციალური საფეხურისა. ქალი ძაღლით ხელში ყოველი შემთხვევისათვის იღიმის. ნამდვილი ვაგონის მონა ლიზაა. „როგორც ეტყობა ნერვიულია?!“ – ვფიქრობ და ახლა უკვე მის ზურგს ვუღიმი. რა იცი რა ხდება? შარის თავი ნამდვილად არ მაქვს. გერმანელი ჯოკონდა საბოლოო ღიმილს ჩუქნის მთელს ვაგონს, რომელსაც სულ ფეხებზე კიდია ჯოკონდას ღიმილიც და ფიროსმანის ჟირაფიც. ადგილობრივი მონა ლიზა ძაღლიანად სავარძლებს შორის იძირება. ზურგს უკან დამაჯერებლად გაისმის: “Noch ein Jhar und ich werde Millioner sein!“ („კიდევ ერთი წელი და მილიონერი გავხდები!”) როგორ შეიძლება ასე ზუსტად გათვალო ყველაფერი – ხვალ ვარსკვლავი გავხდები! ხვალ „ნობელის პრემიას“ ავიღებ! ხვალ „ოსკარის” მფლობელი გავხდები! ხვალ გავხდები! ხვალ ვიქნები! აი, დღეს რა ვქნა? დღეს როგორ მოვიქცე?! ახლა ერთია რეალური -კოკისპირულად წვიმს. ნამტირალევ გერმანულ პეიზაჟში ჩადგმული ტიპური გერმანული სახლი, წამით, ჩემს ფანჯარაში, ფოტოსავით ჩნდება და თვალის დაწამწამებაში ვაგონების მიღმა, არყოფნაში უჩინარდება… უცნაური გრძნობა მეუფლება – მატარებელი ჩვენთან ერთად მიქრის სინათლის სიჩქარით, აი იქ, იმ პეიზაჟში ჩაკარგულ სახლში კი სულ სხვა ათვლის წერტილებია. იქ დრო სულ სხვაგვარად მიედინება… ჩვენგან განსხვავებით, იქაური ცხოვრება სხვაგვარად მიედინება… იქ, იმ სახლში, რომელმაც წამის წინ კინოკადრივით ჩაგვიქროლა, სხვისი სიხარული და დარდებია, ვიღაც სხვისი, ვისაც არც მე და არც ეს დროებითი ვაგონის ბინადარნი არ იცნობენ. ისიც ჩვენსავით სუნთქავს, ტირის, რაღაც უხარია, დარდობს, უყვარს და ოცნებობს… სახლი მწვანეში დიდი ხანია ჩვენთვის წარსულად იქცა. ჩვენ კი ამ ვაგონის ბინადარნი, ერთად ვართ აწმყოში, რომელსაც ყოველი მატარებლის ბორბლის გადატრიალება წარსულად აქცევს. როგორი მყიფე ზღვარია, წარსულსა, აწმყოსა და მომავალს შორის… სახლი მწვანეში და მისი ბინადარნი, მატარებლის წარმოდგენის მიღმა დარჩა. ათასი მატარებელი თავისი მგზავრებით, რომლებმაც უკვე ჩაუარეს და ჩაუვლიან ამ სახლს, არ ეცოდინებათ, ვინ ცხოვრობს ამ მწვანეში ჩაფლულ პატარა გერმანულ სახლში. ხომ შეიძლება ოდესმე გადავეყაროთ ერთმანეთს – უნტერ დენ ლინდენზე, ბროდვეიზე ან სულაც რუსთაველზე? ჩვენ გვერდს ჩავუვლით ერთმანეთს, მაგრამ ვერ ვიცნობთ. იქნებ ვიცნოთ, ვინ იცის?! ადამიანის ცნობა ხომ უცნაური რამაა… თითქოს არასდროს გინახავ, მაგრამ შეხვდი და იმწამსვე იცანი! თითქოს დიდი ხანია იცნობ და ერთ მშვენიერ დღეს უყურებ და აღარ გეცნობა. ვინ იცის, რამდენჯერ გადავკვეთივართ ერთმანეთს, რამდენჯერ ვისხედით გვერდი-გვერდ, ვინ იცის… ღმერთო ჩემო, რა ერქვა ნეტა იმ უსახელო გოგონას სახით ცისკენ გაუნძრევლად რომ იწვა? ნეტა რა ერქვა? რა?.. რა-რა-რა რატა-ტა-ტრახ-ტა-ტა-ტა-რა-რა-ტა-ტა-ტრახ-ტა-ტა-ტა-რა… ყურთან ტყვიების ჯერი მესმის… რა-ტა—ტა—ტა–ტრახ-ტა-ტატაააა… განძრევა მეზარება, მაგრამ მოძრაობა ახლა საჭიროა. თოვლ-ჭყაპი, სიცივე… გულს მიღონებს. ამ ფეხსაცმელებში ქარი მისისინებს და მისველდება… გემრიელი საჭმლისა და შემწვრი ყავის სუნი დგას. ეტყობა ისე დამღალა თოვლ-ჭყაპმა, რომ მეჩვენება… თან უკვე მომშივდა. შუშიდან ვხედავ, როგორ იკეცება გზა ჩვენი საბარგო მანქანის ბორბლებქვეშ… რა ერქვა რა-რა-რა-ტრახ-ტა-ტა-ტა-ტა-ტა-რა-რა – უკვე სულ ახლოს მესმის ავტომატის ჯერი… ნეტა „ტორტი კრემით“ აქ საიდან გაჩნდა?!.. ამ გაქსუებულს თბილი ვალინკები ჩაუცვამს. უნდა წავართვა და შანგინსა და ზალატარიოვს მივცე! არაუშავს, მონაცვლეობით ატარებენ. ბულატს რა ვუყო? როგორ ოცნებობდა ჩექმებზე… რაღაცას ვიზამ… რაღაცას მოვუხერხებ… „ტორტი კრემით“ უცნაურად მიყურებს, ალბათ ჩემ ჩანაფიქრს მიხვდა. და ისევ – რა-რა-რა-ტრახტა-ტა-ტა-ტა-ტა-რა-რა… – გაიწუილა სულ ახლოს ყურთან, ჩემს ზურგს უკან ტყვიათა ჯერმა. თვალს ვახელ, თავს უკან ვაბრუნებ… საჭმელებითა და სასმელებით სავსე გორგოლაჭიან ლანგარს ვხედავ. ეს უბრალო ლანგარი კი არა, ნამდვილი «სურვილების ლანგარია». მთელი ვაგონი არომატული ყავისა და ჩაშუშული ხორცის სუნით გაიჟღინთა. ვაგონს გამოცოცხლება დაეტყო. წიგნს სავარძლის ქვეშ ვპოულობ კითხვას ვაგრძელებ: „ბევრი რამ ვისწავლე. ვითომ მშიერი სულაც არა ვარ, ვითომ არავინ არ მეცოდება. მხოლოდ ძილი მინდა, ძილი, ძილი…“

მატარებელი მიქრის მე კი გაუჩერებლივ ვკითხულობ… მიჭირს წარმოვიდგინო, რომ ბიჭები იქ იყინებიან და შიმშილობენ; რომ ცივ თოვლში ასე უსახელოდ კვდებიან ლამაზი გოგოები. მათ უკვე ვეღარ უშველი. იქ უკვე ვეღარაფერს შეცვლი. ვეღარც თბილ ჩექმებს ჩააცმევ გოგო-ბიჭებს, ვერც დააპურებ, ვერც წყურვილს მოუკლავ. მატარებელი კი მიქრის სინათლის სიჩქარით… დროც ასე გვეცლება ხელიდან. ცა ისე დაბლაა, ლამის ხელით შეეხო. ისე ახლოა, რომ შეგიძლია სველი სახე მოწმინდო. საქართველოში კი მიუწვდომელია და ფრენა გინდება. ძაღლმა წამოიყეფა. ვაგონის მონა ლიზა ტკბილ სიტყვებს არ იშურებს თავისი ცუგრიკოსთვის. ცუგა წკავწკავს იწყებს. ქალს ხელში აყავს და ჩვეული ღიმილით, წინ და უკან იწყებს სიარულს. საზოგადოებას ყველაფერი ფეხზე კიდია. საზოგადოება ნადიმობს. საზოგადოება სენტიმენტებს ვერ იტანს. საზოგადოებას პური და სანახაობა სურს. საზოგადოება ფონით კმაყოფილდება – ფონი – პუშკინი, ფონი – გოეთე, ფონი – მოცარტი…

საჭმლით გადავსებული „სურვილების ლანგარი“ სულ ახლოსაა. ნეტა შეგახედათ რა რაოდენობის დანა-ჩანგალია ლანგარზე და როგორ თვალისმომჭრელად ბრწყინავს. გასაგრილებლად მინერალურს ვიღებ. მიტოვებულ ფრაზას ვუბრუნდები: „კოვზი სულელურად დავკარგე. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი კოვზი იყო. ალუმინის. ჩაშავებული. ღრმულებით. რაც არ უნდა იყოს, მაინც კოვზია. ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ვეღარ ვჭამ. სუპს პირდაპირ მათარიდან ვსვამ. ფაფის ჭამისთვის ხე მოვიშველიე. პატარა ნაფოტი. მოკლედ, ფაფას ხის ნაფოტით ვჭამ. კოვზს ყველა უფრთხილდება. აბა ვის ვთხოვ? სულელებს ვეღარ ნახავთ. მე კიდე-ნაფოტი მაქვს.“

ეს ხომ უბრალო ცხოვრების კანონია, როცა ბევრია – არ იკარგება. თვალებს ვხუჭავ თუ არა, ჩამესმის კლაუდიას უკმაყოფილო ხმა: „Geben Sie bitte andere Löffel das ist schmutzig “ („გეთაყვა სხვა კოვზი მომაწოდეთ. ეს ჭუჭყიანია!“) – სამართლიანი მოთხოვნაა, მაგრამ ყველაფრი ამის თავიდან ასაცილებლად, სჯობს შენი ერთადერთი გქონდეს. მოუარო, გაუფრთხილდე და გიყვარდეს. აქ კი დახედეთ რამდენია… მიდი, თუ ბიჭი ხარ და ის ერთადერთი ამოარჩიე. მართალია, ამ ყველაფრით თავის შეწუხება, ალბათ, არ ღირს. დაკარგე და მიაკვდა პატრონი, სხვა გამოჩნდება. არც ლოლიავი და გაფრთხილება დაგჭირდება. ერთადერთს უნდა მიაქციო ყურადღება. მოუარო. გაწმინდო და მუდამ თან ატარო. ზედმეტია ეს ყველაფერი! ჯობს ბევრი იყოს, ამორჩევა რომ შეგეძლოს!

ვაგონს ნადიმი აქვს. „Nehmen Sie bitte meine Teller mit!“ („წაიღეთ, გეთაყვა, ჩემი თეფში და კოვზი!“) – ზანტად ამბობს კლაუდია შიფერი და თან ქონიან ტუჩებს ილოკავს.

ვაგონში აგრილდა – კონდიციონერი ჩართეს.

……………………………………………………………..

ბულატთან შეხვედრის წინ საოცრად ვღელავდი. გამუდმებით ერთსა და იმავეზე ვფიქრობდი, ხელი ჩამოვართვა თუ გადავკოცნო-მეთქი?! ისე, ხელებით შეიძლება კაცი ამოიცნო. ღმერთო ჩემო, იმ კაცს, ჩემს პირდაპირ, რა საშინელი ხელები აქვს. წერა მინდა, ქაღალდი კი არ მაქვს. ქაღალდი – პურივითაა, უნდა გაუფრთხილდეს კაცი. საინტერესოა, არსებობს თუა არ ოდა თეთრ ქაღალდზე? მახსენდება, თბილისში ხუთი წლის კატენკას ლექსი თეთრ ქაღალდს რომ მიუძღვნა. გასაოცარი ლექსი იყო! გადავიწერე, სათუთად შევინახავ-მეთქი, მაგრამ სადღაც მივაკარგე და, სამწუხაროდ, ზეპირად არ მახსოვს. მას მერე თეთრი ქაღალდის საცოდაობით აღარ ვარ. სხვა თვალით დავუწყე ყურება. ღმერთო, როგორი ფაქიზი, სიფრიფანა, სუფთა, გაურყვნელი და მიმნდობია. მაინც ყველა რყვნის, ვისაც არ ეზარება. ხშირად იმედგაცრუებული რჩება. რომ შემეძლოს, დიდი სიამოვნებით მივუძღვნიდი თეთრ ქაღალდს ოდას ან პოემას.

……………………………………………………………………………

გადავეხვიეთ ერთმანეთს. შემდეგ სიჩუმე ფარდასავით დაეშვა ჩვენ შორის. თითქოს, გუშინ დავშორდით და არც არაფერი არ გვქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი. ვდუმდით, თითქოს ამ ხნის განმავლობაში არაფერი არ შეცვლილიყოს. შეიძლება იმიტომაც ვდუმდით, რომ ბევრი რამ შეიცვალა და ვეღარც კი ვცნობდით ერთმანეთს და გარშემო მყოფთ. ან იქნებ ერთმანეთს ვეჩვეოდით დიდი ხნის დაშორების შემდეგ. ან კიდევ… ბევრი „ან“ იყო ჩვენ შორის, მაგრამ ღმერთმანი, არ ვიცი, რატომ ვდუმდით?! ერთი იყო, ეს დუმილი გვავსებდა ორივეს. შევნიშნე, რომ ერთნაირად ვზივართ – ოდნავ მხრებში მოხრილი, მარცხენა ხელზე დაყრდნობილი ნიკაპით. რატომღაც მგონია, ეს ქართველების დამახასიათებელი პოზაა. ჩვენს ირგვლივ გაუჩერებლივ საუბრობდნენ პოლიტიკაზე, ხელებს იქნევდნენ, ერთმანეთს რაღაცას უმტკიცებდნენ… შემდეგ კამათი გემოვნებაზე დაიწყო… ჩვენ კი დუმილს ვაგრძელებდით. ალბათ ბულატი თბილისს, დედ-მამას, დეიდა ოლიას და გალაკტიონს თუ იგონებდა… მეც – თბილისის სახლს, ბებიასა და გალაკტიონს ვიხსენებდი…

სიჩუმე ბულატმა დაარღვია. რამე მემღერეო, მთხოვა. ვუმღერე. ბულატი ადგილიდან უცებ უხერხულად წამოიჭრა, შუბლზე მაკოცა და დუმილი გავაგრძელეთ… გაუთავებლად გვიღებდნენ… ცოტა ხნის შემდეგ ბულატი მომიბრუნდა და თითქმის ჩურჩულით, თბილისში დარჩენილი ერთადერთი ძმა გაიხსენა… მისი თვალები თანდათან სველდებოდა… მინდოდა მივშველებოდი, მაგრამ არ შემეძლო. რით შეიძლება უშველო პოეტს? როგორ უნდა გადაარჩიო ან იხსნა? ვის შესწევს ძალა შეავსოს მისი სიმარტოვე? ვის შეუძლია მის სულს შეეხოს, უფლის გარდა?! ვის შესწევს მასთან ერთად ფრენა? მეშინია, ტყუილი არ გამოდგეს ჩემი თანაგრძნობა. მთავარია ის შევთავაზო, რაც ძალმიძს. მთავარია ტყუილად არ დავღალო, არ შევაშფოთო არ დავაიმედო. არ მოვატყუო. …………………………………………………………

კლაუდია შიფერი თავის ოქროსფერ ფეფუნებს ვაგონის რბილ იატაკზე აწყობს, ბუმბულივით მსუბუქ ჟაკეტს დედოფალივით ზანტად იცვამს, ღია-ვარდისფერ „ბასანოშკებში“ შოკოლადისფერ ფეფუნებს უყრის და თაროდან გრაციოზულად ძვირფასი ტყავისაგან დამზადებულ, მაწონივით თეთრ ჩანთას იღებს. შურით შევცქერი შოკოლადის კლაუდიას… რამდენი წელია მინდა ზღვაზე გავშავდე და ვერ იქნა და ვერ მოვახერხე.

რატომღაც ყველა გასასვლელისკენ იჩქარის?!.. «Das ist Leipzig?» – ვკითხულობ. „Das Schtimmt!“ – მშრალად მპასუხობს კლაუდია და დამცინავად იღიმის. შემდეგ, როგორც გველი, ვაგონის გასასვლელისკენ მისრიალებს… მე აუჩქარებლად ვიღებ ბარგს. მთავარია გიტარა არ დამრჩეს. მგზავრები აქეთ-იქეთ მიმოიფანტნენ. კლაუდიას ბაქანზე დაზმანული, ძვირსუნამოგადასხმული, შავსათვალიანი მამაკაცი ხვდება ურიკით. კლაუდია ძვირადღირებულ მამაკაცს მკლავზე ეკიდება და ხითხითით და ფარფატით, ლაიფციგის ჰაერს ერევა…

ევროპაში ყველაზე დიდი ლაიფციგის რკინიგზის სადგური ერთ დიდ სიჩუმეს მოუცავს. სტაფილოსფერ ურიკაზე ბარგს ვაწყობ, სახელურს ოდნავ ვეხები და სარკესავით იატაკზე ურიკა თავისით რბილად მისრიალებს. აქ ყველაფერი წესრიგშია. რაც გინდა სულო და გულო, აიღე, არ მინდა! ჩვენები ამ ურიკას მაინც მოიპარავენ. რა თავში იხლიან ნეტა? როგორც ყოველთვის, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, ისე, ყოველი შემთხვევისთვის. რას არ ნახავ აქ: ტელეფონისა და ფულის ავტომატებს, უსაფრთხოების საკანს, ბისტრო კაფეებს, რესტორნებს, ყვავილების ჯიხურებს, მაღაზიებს, საპარიკმახეროებს. ესკალატორებს, როგორც ზღვის ზვირთებს, ზევით-ქვევით გადაყავხარ… მაღაზიები, მაღაზიები, მაღაზიები… ჯარისკაცებივით მზადყოფნაში ჩამწკრივებულან… მაგრამ ირგვლივ არავინაა. არცერთი სულიერი არ ჩანს. თითქოს სიცოცხლე ჩამკვდარიყოს. იმედიც სადღაც მიმალულა, გადაკარგულა, გამქრალა, აქაურ სიცარიელეს შერევია. ევროპის ყველაზე დიდ რკინიგზის სადგურში ერთი დიდი სიჩუმე დგას. თითქოს არავინ არსად არ მიემგზავრებოდეს, თითქოსდა არავის არასად არ ეჩქარებოდეს, არავინ არავის არ ხვდებოდეს, არავის დასარეკი არსად არ ქონდეს, თითქოს არავის არ შიოდეს და არ წყუროდეს. მხოლოდ კანტი-კუნტი გამვლელი გაიელვებს აქა-იქ… ამის შემხედვარეს გიხარია, თუ ვიღაც შენს გვერდით ცოცხალი დალანდე.

ღმერთო ჩემო, რა მოწყენილობაა. როგორ მომნატრებია ჩვენი ხმაურიანი და მოფუსფუსე სადგურები, სადაც ყველანი – მძიმე ზურგჩანთებით, ჩემოდნებით, ცელოფნის პარკებით ხელში, სადღაც მიიჩქარიან… იმიტომ, რომ ურიკები არასდროს სამყოფი არ არის, ხოლო მისი უდიდებულესობა მტვირთავი კი სადმე ჩუმ ადგილას მოყუჩებულა და «პრიმას», როგორც ძვირფას სიგარას, ზანტად აბოლებს და მზადაა მხოლოდ თავისივე დადგენილი საფასურით მოგემსახუროს და სადაც მოისურვებ, ტვირთი იქ გადაგატანინოს. მგზავრებს შეშლილი მზერა აქვთ. ოფლი წურწურით ჩამოსდით, გაოფლილი პერანგი ზურგს ეკრობა. ინფორმაციასთან მიღწევის შანსი ნულის ტოლია. ბილეთს ვერც აიღებ და ვერც ჩააბარებ. ფეხის ჩადგმა ჭირს – ყველგან წვანან. აბიჯებ ცოცხალ მკვდრებს და შენი მიზნისკენ მყარად მიემართები. სადღაც პაწაწა ადგილს ნახულობ, მოიკალათებ. ცოტა ხანში – უკვე ყველა ახლობელი და შენიანია. ზოგი სვამს, ზოგს ძინავს, ზოგიც კარტს თამაშობს. პატარები ტირიან. უცებ საიდღანღაც უეჭველად გამოჩნდება ადგილობრივი „სოკრატე“ და ყველას გასაგონად ქადაგებას იწყებს, მძიმე და უსამართლო ყოფაზე. ცოტა ხანში თავბედს იწყევლი, მაგრამ მაინც მყუდროდ ხარ იმიტომ, რომ იმედს არ მიუტოვებიხარ. იცი, რომ მალე ნანატრი მატარებელი მოვა და დღეს ან ხვალ ბილეთს შეიძენ და გაემგზავები. თუკი სასწაული მოხდა, ბილეთთან ერთად ადგილსაც მოიპოვებ! ჰოდა, საბოლოოდ იმედი არ გტოვებს, გათბობს, თავს გევლება, გეფერება და გამშვიდებს. შენ უკვე მატარებელში ზიხარ, და მეფესავით საერთო ვაგონში ადგილიც გაქვს! და რაც მთავარია მატარებელი მიდის… უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, საით. რადგანაც იმედმა არ გიმტყუნა! რამდენიმე წუთის შემდეგ მეზობელი გამოგელაპარაკება, ათი წუთის შემდეგ თქვენ უკვე მეგობრები ხართ. სახლში გეპატიჟება. შენც ეპატიჟები. მისამართებს ცვლით. განშორებისას ერთმანეთს ეხვევით და ორივეს ცრემლი გიბრწყინავთ თვალებზე; ხოლო იმედი, რომ მარტო არ ხარ ამ ქვეყანაზე, გათბობს და შენს გულს ესალბუნება.

…………………………………………………………

მე და ჩემი სტაფილოსფერი ურიკა მივსრიალებთ ევროპაში ყველაზე დიდი სადგურის პრიალა ბაქანზე… უცებ, ამ ჯოჯოხეთურ სიჩუმეში და სიმარტოვეში ვხვდები, რომ იმედი – იქაა, ჩემს ზურგს უკან. მხოლოდ იქ, ჩემს სამშობლოში შეიძლება გადავეყარო მას. იქნებ ჯერ გვიან არ არის, იქნებ ჯერ კიდევ გამიღიმოს ბედმა, ვინ იცის?!..

„მე ისევ იმედს გადავეყარე – საამურია შეხვედრა მასთან.

ის კვლავ იქ ცხოვრობს, როგორც ყოველთვის – ეს მე ვიყავი დიდი ხნით სხვასთან…“ (ამონარიდი ბულატ ოკუჯავას ლექსიდან – თარგმანი ჩემი)

© არილი

Facebook Comments Box