თარგმანი,  პროზა (თარგმანი)

მარგარეტ ეტვუდი – მოხუცებული ბავშვები ტყეში

  

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

 

„შარვალია თუ ფოთლების გროვა?”- კითხულობს ლიზი.

„ჩემი აზრით, შარვალია“, პასუხობს ნელი. დები ნავმისადგომზე დგანან, მათი ასაკისათვის შეუფერებელი საბანაო კოსტიუმები აცვიათ და აკვირდებიან მუქ ლაქას, წყალში რომ მოჩანს.

ერთი საათის წინ ნელიმ ტანსაცმელი გასაშრობად დააფინა ნავმისადგომზე, სადაც სარეცხი ყველაზე უკეთ შრებოდა. სამოცდაათი წლის განმავლობაში ასე იქცეოდა, მაგრამ დღეს თავის სპორტულ თეთრ შარვალზე კენჭების დაწყობა დაავიწყდა. ახლა ივარაუდა, რომ მსუბუქი შარვალი შეიძლება, უბრალოდ, ქარმა აიტაცა. მაშასადამე, ტბაში უნდა ჩავარდნილიყო. სხვა შარვალი არ დაენანებოდა, მაგრამ ეს შარვალი უყვარდა.

„წყალში შევალ და ვნახავ“, ამბობს ნელი.

„იქნებ, შარვალი არაა“, ეჭვით ეპასუხება ლიზი. ტბის ქვიშიან, კენჭებიან ფსკერზე წყლით გაჟღენთილი ნაყარი ფოთლების გროვები ყრია. ქალების უფროსი ძმა, რობი, ზოგჯერ ასუფთავებს ტბის ფსკერს ნაპირთან ახლოს. ამოაქვს ფოთლები და პაწაწინა წყალმცენარეები, რომლებსაც თუთიის ვარცლში ყრის. ახლა ფოცხი და ვარცლი ხეზეა მიყუდებული. მაშასადამე, ეს მუქი ლაქა შეიძლება ფოთლები იყოს.

ნელი ფრთხილად ჯდება ნავმისადგომის კიდეზე. ხომ შეიძლება აქ მინის ნამსხვრევები ეყაროს. უკანალში შერჭობილი ნამსხვრევების ამოძრობა განსაკუთრებით ძნელია – მათ ხომ ვერ ხედავ. შემდეგ ნელი ტბაში ხტება. წყალი წელამდე სწვდება.

„ცივია?”ეკითხება ლიზი. იცის, რა პასუხსაც მიიღებს თავის კითხვაზე.

„უწინ უფრო ცივი იყო“.

ეს სიმართლეა. ნუთუ ორივენი ოდესღაც მართლაც სიცილით ხტებოდნენ ხოლმე ყინულოვან წყალში? ნამდვილად ხტებოდნენ.

ნელის წარმოუდგა პატარა – ორი თუ სამი წლის – ლიზი. „ბობა! დიდი ბობა!“, ამბობდა ის. სიტყვა „ობობას”ვერ გამოთქვამდა. ნელი იმ დროს თხუთმეტი წლისა იყო. გაწაფული გადია. არაფერს დაგიშავებს. შეხე, წავიდა. ობობებს ადამიანების ეშინიათ. ნავმისადგომის ქვეშ დაიმალა. მაგრამ ლიზის მაინც ეშინოდა. მას შემდეგ არ შეცვლილა: ყოველი გლუვი ზედაპირის ქვეშ აუცილებლად ელანდება საცეცებიანი არსებები.

„სწორი მიმართულებით მივდივარ?“კითხულობს ნელი. გაუბედავად ადგამს ფეხებს ფაფისებრ შლამში, სადაც წვეტიანი კენჭებია. ახლა წყალი იღლიებამდე სწვდება. მუქ ლაქას ვერ ხედავს, რადგან ტალღები ციმციმებენ.

„მეტ-ნაკლებად სწორად“, ამბობს ლიზი და ხელებს იტყაპუნებს შიშველ ფეხებზე – ბუზანკლებს იცილებს. „კარგია. მარჯვნივ გაიწიე“.

„ვხედავ “, ამბობს ნელი. „ნამდვილად შარვალია“.

ის მარცხენა ფეხის თითებს აფათურებს ფსკერზე და ფეხითვე ამოაქვს შარვალი, რომლიდანაც წყალი წვეთავს. როგორც ჩანს, მოქნილობა ჯერ არ დაუკარგავს. დატკბი ამ წუთით, ის დიდხანს არ გაგრძელდება, ეუბნება ნელი საკუთარ თავს.

ხვალ მან შეიძლება ფსკერი გაასუფთაოს რუხი საღებავის ლაქებისგან, რომლებიც ნავმისადგომიდან ჩამოცვივდა და ტბის ფსკერზე ყრია, ფანტასტიკური სოკოვანი წარმონაქმნების მსგავსად. ნავმისადგომი ლიზიმ შეღება; რობის სურდა, რომ შეეღებათ. მისი აზრით, საღებავი ფიცრებს გამოშრობისგან დაიცავდა და ახალი ნავმისადგომის აგება დიდხანს არ დასჭირდებოდათ. რამდენჯერ ააგეს ის? სამჯერ, ოთხჯერ?

როგორც აღმოჩნდა, შეღებვა საქმეს ვერ შველოდა: საღებავი მზის მცხუნვარე სხივებისგან იქერცლებოდა, ხოლო აქერცლილ ადგილებს ტალღები ალბობდა. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ნავმისადგომს მათ სიკვდილამდე გაეძლო. მისი აღდგენა ახალგაზრდა თაობას უნდა ეკისრა, თუკი მოინდომებდა. დაახლოებით ამასვე ამბობდა ნელის და ლიზის დედა თავისი ტანსაცმლის შესახებ: „კიდევ ერთი სვიტერი არ მჭირდება. ძველიც მშვენივრად მემსახურება სიკვდილამდე“.

ნელი ნავმისადგომთან მიდის, ხელში შარვალი უჭირავს. წამიერად ყოყმანობს, ვაითუ ვერ ავძვრეო. ნავმისადგომის მეორე მხარეს ხავსით დაფარული ძველი საფეხურია,. მაგრამ იქ დაჟანგული წვეტიანი ლურსმნებია გამოშვერილი. ვინმემ უნდა ამოაძროს ლურსმნები და შეაკეთოს ეს საფეხურები, მაგრამ ნელი ამას ვერ შეძლებს. ქალებს მხოლოდ ის უნდათ, წყლიდან როგორმე ამოიღონ წვეტებიანი, უსწორმასწორო თეთრი ლოდი, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერ შეძლეს.

სიმართლე რომ ითქვას, უმჯობესია, დაჟანგული ლურსმნები კი არ ამოაძრო, არამედ ღრმად ჩააჭედო. მაგრამ ვინ იზამს ამას?

ნელი თავის სველ შარვალს ნავმისადგომზე აგდებს. შემდეგ მოლიპულ ხიმინჯებს ეჭიდება და ფრთხილად მიძვრება მაღლა. „რას შვრები, შე სულელო”, ეუბნება ის თავის თავს. „გინდა, რომ კისერი მოიტეხო?“

„ვაშა“, ამბობს ლიზი. „წამო, ახლა ჩაი დავლიოთ“.

ამის თქმა ადვილია, მაგრამ შესრულება – ძნელი. ჯერ ერთი, ქალებს წყალი არ აქვთ – ამიტომ სათლი წამოიღეს. ახლა ხელის ტუმბოთი წყალი უნდა ამოქაჩონ. წელს ტუმბო უფრო მეტად ჭრიალებს, ვიდრე – ოდესმე. წყლის ნაკადი შემცირდა და მას რკინის გემო აქვს, რაც, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ ჭაბურღილის მილი გაჭედილი ან გაბზარულია. „რობის უნდა ვკითხო წყაროს შესახებ“, წერს ლიზი ერთ-ერთ ფურცელზე, როგორზეც დები მოსაგვარებელი საქმეების ნუსხას წერენ, შემდეგ კი სადღაც კარგავენ ხოლმე.

შესაძლოა რამდენიმე ვარიანტი: გაიწმინდოს ჭაბურღილი – საშინელებაა. ან ამოითხაროს ახალი ჭაბურღილი – რაც, ასევე, საშინელებაა. ალბათ, ერთ-ერთი ვაჟიშვილი, ან შვილიშვილი, ან ორივე მათგანი უნდა მოიხმონ ჭაბურღილის შესაკეთებლად. რა თქმა უნდა, ნელისა და ლიზის ასაკის გამოჩერჩეტებული ბებრუცანები ამ საქმეს თავს ვერ მოაბამენ.

მაგრამ ვინ უნდა მოაბას თავი ამ საქმეს, თუ არა – მათ? უნდა დაიწყონ, შემდეგ კი – როდესაც დაიშავებენ მუხლებს, ზურგს, ფეხებს – უმცროსი თაობა იძულებული გახდება, ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს. და, რა თქმა უნდა, ყველაფერს არასწორად გააკეთებენ. რა თქმა უნდა! მაგრამ ლიზიმ და ნელიმ ენას კბილი უნდა დააჭირონ. ან თქვან, თავი გვტკივა და საქმეს თვითონ მიხედეთო, შემდეგ კი ქოხში ავიდნენ და დეტექტივები იკითხონ. ლიზიმ თავის ოთახში დააწყო მოყვითალო რბილგარეკანიანი წიგნების კოლექცია, მას შემდეგ, რაც თაგვების ოჯახი იპოვა ძველ ადგილას, სადაც წიგნები ინახებოდა.

დები რიგრიგობით ქაჩავენ წყალს. როგორც კი ავსებენ სათლს – ან ნახევარ სათლს, რადგან არც ერთ მათგანს არ შეუძლია სავსე სათლის ტარება – ისინი ციცაბო ბორცვზე ადიან. ბრტყელი ქვებისგან გამოკვეთილ საფეხურებზე ასვლა უჭირთ. ქოშინებენ. საცაა, გული ამომივარდებაო, ფიქრობს ნელი.

„რა ჯანდაბად დასჭირდა იმას, რომ ამ წყეული ბორცვის წყეულ თხემზე ეს საძაგლობა აეგო?”, ამბობს ლიზი. „ის” იცვლის აღსანიშნს, იმისდა მიხედვით, თუ რაზე ლაპარაკობენ. ახლა „ის” მათი მამაა. „საძაგლობა” არის ძელური ქოხი, რომელიც მამამ ააგო ნაჯახით, ხერხით, ძალაყინით, დანით და პირველყოფილი ადამიანის სხვა იარაღებით.

„იმისთვის, რომ დაუპატიჟებელი სტუმრებისგან თავი დაეცვა” – ამბობს ნელი. მხოლოდ ნაწილობრივ ხუმრობს.

ისინი ქოხის ცხაურიან კარს აღებენ და შესვლისას მხოლოდ ცოტაოდენი წყალი ეღვრებათ. „კიბის საფეხურები უნდა გადავაკეთოთ“, ამბობს ლიზი. „ძალიან მაღალია. და მოაჯირიც უნდა მივაშენოთ. ნეტავ, რას ფიქრობდა ის“.

„დაბერებას არ აპირებდა“, ამბობს ნელი.

„ჰო, ძალიან გაუკვირდა, როცა დაბერდა“, ამბობს ნელი.

ოდესღაც ისინი ერთობლივად აშენებდნენ ამ ქოხს. ბუნებრივია, სამუშაოს უმეტეს ნაწილს მამა ასრულებდა, მაგრამ ქოხის მშენებლობაში ყველა იღებდა მონაწილეობას, ბავშვების ჩათვლით. ახლა დები ნანობენ ამას.

სხვა ადამიანები ასე არ ცხოვრობენ, ფიქრობს ნელი. მათ კოტეჯებში გენერატორები უდგათ. წყალგაყვანილობაც აქვთ. გაზის ქურებიც. როგორ მოხდა, რომ ერთგვარ ისტორიულ სატელევიზიო შოუში ვმონაწილეობთ?

„გახსოვს, ოდესღაც ორ-ორი სათლი მოგვქონდა ხოლმე“, ამბობს ლიზი. „თითოს“. ეს არც ის დიდი ხნის წინ იყო.

ცხელა და ამიტომ ბუხარში ცეცხლს არ ანთებენ. წყალს ადუღებენ ძველისძველ ქურაზე, რომელზეც პროპანის ბალონია მიმაგრებული. მილი დაჟანგულია, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი აფეთქებულა. დების მიერ შედგენილ ნუსხაში წერია „პროპანის ახალი ღუმელი“. ჩაიდანი ალუმინისაა, ისეთი, როგორიც ახლა ყველგან აკრძალულია. როდესაც ნელი მას უყურებს, ეჩვენება, რომ საცაა, კიბოთი დაავადდება, მაგრამ დები არ ღალატობენ ძველ ნივთებს, რომლებსაც მათი მშობლები იყენებდნენ. ჩაიდანს ხუფი მხოლოდ მაშინ ეხურება, თუკი მას სწორად მოარგებთ. ნელიმ ეს ადგილები ფრჩხილის ვარდისფერი ლაქით მონიშნა – ხუფზე და თვით ჩაიდანზე, რომელიც, ჩვეულებრივ, თავქვე დგას, რათა იქ თაგვებმა არ დაიდონ ბინა. თაგვები ჩაიდნის ტუჩიდან ძვრებიან შიგ, შიმშილისგან იხოცებიან და საშინელ სიმყრალეს ავრცელებენ, რასაც ჭუპრების სიმყრალე ემატება. ნელის ცხოვრებაში უამრავი მკვდარი თაგვი და ჭუპრი იყო.

1940-იანი წლების დროინდელ მომინანქრებულ ქვაბში შენახული ჩაი, არსებითად, ნახერხია. ლიზის ჩაის პაკეტები მოაქვს. მათი გადაყრა უფრო იოლია, ვიდრე ჩაის სველი ფოთლებისა, თუმცა ყველამ იცის, რომ ამ პაკეტებში ჩაი კი არა, მტვერია. როდესაც ტიგი ცოცხალი იყო, ლიზი და ნელი სვამდნენ ჩაის, რომელსაც ტიგი ყიდულობდა პატარა სპეციალიზებულ მაღაზიაში. ალბათ, ტიგი სასაცილოდ აიგდებდა ჩაის პაკეტებს.

როდესაც ტიგი ცოცხალი იყო…

კედელზე, ბუხრის თავზე, კიდია ბრტყელი მოგრძო ტაფა, რომელიც ნელიმ და ტიგმა ორმოცზე მეტი წლის წინ იყიდეს ფერმერთა აუქციონზე და რომელზეც ხშირად აცხობდნენ საფუარიან ბლინებს. მაშინ სიცოცხლე სავსე და მჩქეფარე იყო. ახლა კი… ვინაა შემდეგი? ნელი დიდხანს ვერ უყურებს ამ ტაფას – უყურებს, შემდეგ კი თვალს არიდებს – მაგრამ ყოველთვის იცის, რომ ტაფა ბუხრის თავზე კიდია.

„გული გაბზარული მაქვს“, ფიქრობს ნელი. „მაგრამ ჩვენი ოჯახის წევრები არ ამბობენ, გული გაბზარული მაქვსო. ამის ნაცვლად ვამბობთ: ”ნამცხვარი კიდევ დარჩა?”, ადამიანმა უნდა ჭამოს. ადამიანმა უნდა იმუშაოს. ადამიანმა გული უნდა გადააყოლოს საქმეს. მაგრამ რატომ? რისთვის? ვისთვის?

„ნამცხვარი კიდევ დარჩა?” ხრიალით კითხულობს ნელი.

„არა”, პასუხობს ლიზი. „მაგრამ შოკოლადი გვაქვს“. ლიზიმ იცის, რომ ნელის გული გაბზარული აქვს; ამის თქმა არ სჭირდება.

ისინი იღებენ ჩაის ფინჯნებს, ორ-ორ ნატეხ შოკოლადს და მარილიან ნუშს და სხდებიან მაგიდასთან, პატარა შემინულ ვერანდაზე. ლიზის წინ უდევს ნუსხა, რომელშიც ახალი პუნქტები უნდა ჩაამატონ.

„შეიძლება ჩექმები და ფეხსაცმელები გაგვიცვდეს“, ამბობს ლიზი.

„ჩავწეროთ“, პასუხობს ნელი.

მათ წინა დღეს გადაქექეს ცელოფნის პაკეტები, რომლებიც რობის ძველ საწოლ ოთახში ლურსმნებზე კიდია. ყოველ მათგანში იპოვეს ძველი ფეხსაცმელი და თაგვების ბუდე. თაგვებს უყვართ ფეხსაცმელებში მოკალათება და შიგ დებენ ხის დაღეჭილ ქერქს, ფარდებიდან გამოძრობილ ძაფებს და ყველაფერ დანარჩენს, რაც მათ მიზნებს შეესაბამება. ერთ ღამეს თაგვმა სცადა, ლიზისთვის თმა ამოეწიწკნა.

თაგვები თავიანთ წრუწუნებს ფეხსაცმელებში სვამენ და ცელოფნის პაკეტების ფსკერზე ისაქმებენ ხოლმე. ხშირად სამზარეულოში, ნიჟარის ირგვლივ, ტოვებენ შავ ცურცლს. ლიზი და ნელი თაგვებისთვის ხაფანგს დგამენ – ესაა ნაგვის მაღალი ვედრო რომლის ასახდელ ხუფზე ერთ წვეთ არაქისის ზეთს ასხამენ. თეორიულად, თაგვი უნდა ახტეს სახურავზე, რომ არაქისის ზეთამდე მიაღწიოს, შემდეგ კი ვედროში ჩავარდება. ჩვეულებრივ, ასეც ხდება, თუმცა, ზოგჯერ არაქისის ზეთი ქრება და ვერც თაგვს ნახავთ. ხაფანგში მოხვედრილი თაგვები ისეთ ხმას გამოსცემენ, როგორსაც გახურებულ ტაფაზე დაყრილი სიმინდის მარცვლები – სკდომისას. ნელი და ლიზი სათლში ყოველთვის ყრიან ქიშმიშს, დილაობით კი თაგვები ტბის მეორე ნაპირას გადაჰყავთ – სხვა შემთხვევაში ისინი დაბრუნდებიან და თავიანთ ბუდეებს სუნით მიაკვლევენ – და იქ ათავისუფლებენ.

რობი უფრო დაუნდობელია. სათაგურებს იყენებს. ნელის და ლიზის აზრით, ეს ცუდია, რადგან ბუები ცოცხალ თაგვებზე ნადირობას ამჯობინებენ, მაგრამ არ ამბობენ ამას, რომ რობიმ არ დასცინოს დებს.

გუშინ ნელიმ და ლიზიმ ერთ მწკრივად დააწყვეს ფეხსაცმელები, რომლებშიც თაგვებს ბუდეები ჰქონდათ მოწყობილი და, ასევე – რეზინის ჩექმა თაგვების უზარმაზარი ბუდით, შემდეგ მობილური ტელეფონით ფოტოსურათები გადაუღეს და რობის გაუგზავნეს: ხომ შეიძლება, რომ გადავყაროთო. მან უპასუხა, არ გადაყაროთ, სანამ თვითონ არ ვნახავო. უნდოდა თვითონ გადაეწყვიტა, რომელი ფეხსაცმლის დატოვება შეიძლებოდა. ქალებმა უპასუხეს, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ფეხსაცმელები ცელოფნის პარკებით აღარ დაკიდეს, რათა თაგვებს კვლავ არ მოეწყოთ მათში ბუდეები.

„ჩაწერე ნუსხაში: ელვა-შესაკრავიანი პაკეტი რობის ფეხსაცმელებისთვის“, ამბობს ნელი. ლიზი წერს. ნუსხები იზრდება. ნელის აინტერესებს, იკურნება თუ არა ლტოლვა ნუსხების შედგენისადმი, მაგრამ თუ ნუსხებს არ შეადგენენ, როგორ უნდა დაიმახსოვრონ მათთვის საჭირო ნივთები?

სადილის შემდეგ (როდესაც ისინი მაკარონებს შეექცნენ), ნელი ამბობს, „ჩაწერე, რომ მაკარონების მარაგი უნდა შეივსოს“. დები მიემართებიან სანაპიროსკენ, სადაც ორი შეზლონგი დგას. თან ლუდი მიაქვთ. ერთ-ერთი შეზლონგი თაგვებს გამოუხრავთ, მაგრამ ნახვრეტი არც ისე დიდია. მასში ვერ ჩავარდები. შეზლონგები ჩრდილო-დასავლეთისკენაა შეტრიალებული. ნელი და ლიზი მათში ყოველ საღამოს სხდებიან და მზის ჩასვლას აკვირდებიან. ამ ხერხით უკეთ წინასწარმეტყველებენ ამინდს, ვიდრე რადიო, ინტერნეტი ან ბარომეტრი, რომელიც თითქმის ყოველთვის აცხადებს: „ამინდის ცვლილება“.

„ცა ატმისფერია“, ამბობს ლიზი.

„ყოველ შემთხვევაში, ყვითელი არაა“. ყვითელი და რუხი ყველაზე უარესია. საუკეთესოა ვარდისფერი და წითელი. ატმისფერსაც არა უშავს.

ღრუბლები ფერს იცვლიან. ისინი ჯერ ვარდისფერია, შემდეგ კი – ავის მომასწავებელი მოწითალო ფერისა, ისეთი, როგორიც ალმოდებული ტყეა ხოლმე.

რა თქმა უნდა, როდესაც დები შებინდებისას ქოხში დაბრუნებას აპირებენ, აღმოაჩენენ, რომ ფარნის წამოღება დავიწყებიათ. ბარომეტრი ოდნავ მოძრაობს, მაგრამ მაინც „ამინდის ცვლილებას”აჩვენებს.

„ხვალ ქარიშხალი არ იქნება“, ამბობს ლიზი.

„მადლობა ღმერთს!“, ამბობს ნელი.

როდესაც აქ ტიგი ცხოვრობდა, ნამდვილად იყო ტორნადო, არც ისე ძლიერი, თუმცა, ხეების ტოტებს ისევე იოლად ტეხდა, თითქოს ასანთის ღერები ყოფილიყო. როდის იყო ეს? როდესაც ბნელდება, ნელი ფარანს ანთებს და ნავმისადგომისკენ მიემართება. უწინ ფარანი არ სჭირდებოდა, სიბნელეშიც კარგად ხედავდა საგნებს, მაგრამ ახლა ასე არაა. არ სურს ფეხები გაიკაწროს გეოლოგიურ ქანებზე, რომლებიც ფერდობზე საფეხურებადაა დაგებული (მათ ნელის მამა ინახავდა რაღაც იდუმალი, უცნობი მიზნისთვის); არ სურს, რომ ფეხი დააბიჯოს პაწაწინა გომბეშოებს, რომლებიც ღამით გამოდიან ხოლმე და თავგადასავლების მოლოდინში დახტუნაობენ.

ნელი მიდის ნავმისადგომზე, რათა თვალი შეავლოს ვარსკვლავებს, ხეების კენწეროებს შორის რომ ციმციმებენ. ნათელი ღამეა, მთვარე ჯერ არ ჩანს, ცის სიღრმეში თანავარსკვლავედები კაშკაშებენ.

უწინ ასე ტიგი იქცეოდა. ნავმისადგომზე ჩადიოდა, რათა კბილები გაეხეხა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის სანახაობით დამტკბარიყო. საოცრებააო, ამბობდა ის. გაოცების დიდი უნარი ჰქონდა. ვარსკვლავების ხილვა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. ზოგჯერ, აგვისტოში, ვარსკვლავთცვენა იყო – მეტეორთა ნაკადი, რომელიც ყოველთვის ემთხვეოდა ტიგის დაბადების დღეს. ნელი ბუხარში ღვეზელს აცხობდა ხოლმე. ზოგჯერ ღვეზელის ქერქი ცოტათი ეწვებოდა, მაგრამ მისი გადაფხეკა შეიძლებოდა. ღვეზელს რთავდა კედრის წიპწიპოებით, მუხის ხავსით და ყველაფერი დანარჩენით, რასაც პოულობდა, ზოგჯერ – მარწყვითაც, რომელიც იზრდებოდა იმ ნაკვეთზე, სადაც ოდესღაც ბაღი იყო.

ნელი მშვიდობიანად ჩამოდის ბორცვის ძირამდე, მაგრამ როგორც კი ნავმისადგომზე გადის, ფეხები უკან რჩება. არავითარ გაოცებას ან სიხარულს არ გრძნობს, მხოლოდ სევდას. და კვლავ სევდას. ძნელი არაა, ბუხრის თავზე დაკიდებულ ძველ ტაფას აარიდო თვალი, მაგრამ ვარსკვლავები? ნუთუ ვარსკვლავებს ვერასოდეს გაუსწორებს თვალს?

ტიგ, ვარსკვლავებს ვეღარასოდეს დაინახავო, ტირის ნელი, მაგრამ მალევე უტევს საკუთარ თავს, “ნუ ხარ ასეთი მგრძნობიარე“.

ნელი კვლავ ადის ბორცვზე, თან უყურებს სინათლეს, რომელიც ქოხიდან გამოდის. თითქმის მზადაა, იხილოს ტიგი, რომელიც აღტაცებულია რომელიღაც წიგნით. ტიგის აჩრდილი უჩინარდება…

უწინ, დიდი ხნის წინ, ნელი, ლიზი და რობი ნავთის ლამპრებს იყენებდნენ. ისინი ფრთხილად უნდა აგენთო – ზოგჯერ პატრუქი აალდებოდა ხოლმე. მაგრამ ახლა მათ აქვთ საზღვაო აკუმულატორი, რომელიც დღისით მზის ბატარეისგან იმუხტება. ნელიმ და ლიზიმ გადაწყვიტეს ელექტრონათურის შუქზე მოზაიკური პანო აეწყოთ. სწორედ ამით იქცევდნენ თავს უწინ, ათასი წლის წინ. პანოზე უნდა გამოესახათ ჭაობიანი ადგილი ლელქაშით, წყლის ფრინველებითა და ვენახით. როდესაც ამ პანოს აწყობდნენ, ნელის გაახსენდა, როგორი რთული იყო ეს საქმიანობა: მცენარეთა ფესვები, ცის ნაგლეჯები, ღრუბლები, მეწამულისფერი ყვავილები.

აჯობებს, თავდაპირველად კიდეები ააწყონ. მაგრამ მოზაიკის ორ ფირფიტას ვერ ნახულობენ – ხომ არ დაიკარგა? იქნებ, ახალგაზრდა თაობის რომელიმე წარმომადგენელმა ხელყო ლიზის წმინდათა წმინდა განძი – ასაწყობი მოზაიკური პანოები? „რა საშინელებაა“, ბუზღუნებენ ქალები, თუმცა, ლიზი მალე ამჩნევს, რომ ერთ-ერთი ფირფიტა ხელზე მისწებებია.

ბოლოს ისინი უარს ამბობენ მოზაიკის აწყობაზე – ეს უამრავი ფესვები შიშს ჰგვრით, და ლიზი ხმამაღლა კითხვას იწყებს. კონან დოილის მოთხრობაა, თუმცა მასში შერლოკ ჰოლმსის ამბავი კი არაა გადმოცემული, არამედ – მატარებლისა, რომელიც რელსებიდან გადმოვიდა და მიტოვებულ შახტში აღმოჩნდა, სადაც ბოროტმოქმედი აპირებდა თავისი დანაშაულის მოწმისა და მისი მცველის მოკვლას.

სანამ ლიზი კითხულობს, ნელი კომპიუტერში ფოტოსურათებს შლის. ბევრ მათგანზე ტიგია აღბეჭდილი. ფოტოსურათები შარშანაა გადაღებული, როდესაც ქალები თავგამეტებით ცდილობდნენ, გაეკეთებინათ ის, რისი გაკეთებაც ტიგს სურდა, სანამ… სანამ მოხდებოდა ის, რის ხმამაღლა თქმაც არ შეიძლება.

ფოტოსურათებზე ტიგს დაბნეული ან სევდიანი გამომეტყველება აქვს – ასეთი იყო თავისი სიცოცხლის მიწურულს. ასეთ ფოტოსურათებს ნელი შლის და ინახავს მხოლოდ იმათ, რომლებზეც ტიგი იღიმება: როდესაც თავი ისე ეჭირა, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, როდესაც ჯერ კიდევ ძველებური იერი ჰქონდა. ალბათ, როგორ შფოთავდა. მიუხედავად ამისა, დები ცდილობდნენ, ცოტაოდენი ბედნიერება და სიხარული შეეტანათ თავიანთ ცხოვრებაში.

ლიზი ამთავრებს მოთხრობის კითხვას, სადაც განდიდების მანიით შეპყრობილი ბოროტმოქმედი, რომელმაც მატარებლის გაუჩინარება დაგეგმა, თავს იქებს ჩადენილი ბოროტმოქმედებით: ორი განწირული ადამიანი ჩარჩენილია მატარებელში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება. ისინი მატარებლის ღია ფანჯრებში იყურებიან და ხედავენ, როგორ ახლოვდება შავი უფსკრული, სიკვდილი… ნელის ეშინია, რომ ამ ამბის გამო ღამით დაძინება გაუჭირდება; ასე ხდება ხოლმე. არასოდეს უყვარდა მაღალი ადგილები ან ფლატეები.

მაგრამ სიზმარი, რომელსაც იმ ღამეს ხედავს, უსიამოვნო როდია. ამ სიზმარში ტიგიც მონაწილეობს, მაგრამ ნაღვლიანი სულაც არაა. ის მონაწილეა ერთგვარი სადაზვერვო ისტორიისა, რომელშიც ფიგურირებს რუსიც, სახელად პოლი პოლიაკოვი. თუმცა, პოლიაკოვი ქალი არაა. ამიტომ „პოლი” არ უნდა ერქვას.

ტიგი ამ ამბის გმირი როდია. პოლი პოლიაკოვს, როგორც ჩანს, სულაც არ ანაღვლებს, ტიგი იქაა თუ არა. პოლი ძალიან შფოთავს. ნელიმ სასწრაფოდ უნდა შეიტყოს რაღაც, მაგრამ ვერაფრით იგებს, სახელდობრ, რა უნდა შეიტყოს; უხარია, რომ სიზმრად ტიგს ხედავს; ტიგი ისე უღიმის ნელის, თითქოს ტკბება ანეკდოტით, რომელიც ქალს ეს-ესაა უამბო. ყველაფერი რიგზეა. როდესაც ნელის ეღვიძება, მალევე მშვიდდება.

მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც დებმა მოზაიკის ბოლო ფირფიტა იატაკზე იპოვეს, მას შემდეგ, რაც ისაუზმეს და გარეთ გაიტანეს თაგვები, დაღეჭილი ქაღალდის ხელსახოცი, დახრული ქიშმიში და თაგვების ცურცლი, და სანამ ტბაში იბანავებდნენ – თუმცა, ლიზიმ თქვა, გადავიფიქრეო, – ნელი წყალში შევიდა და ფეხის თითით წამოედო წვეტებიან თეთრ ლოდს. დიახ. ეს გლოვის პროცესის ნაწილია. თუ არ ჩავთვლით ლოყების დახოკვას და ტანსაცმლის შემოფლეთას, მგლოვიარე ადამიანმა რაიმენაირი ფიზიკური ზიანი უნდა მიაყენოს საკუთარ თავს.

გაურკვეველია, ნელიმ ფეხის თითი მოიტეხა თუ მხოლოდ იღრძო. სიარული მეტ-ნაკლებად შეუძლია. დაშავებულ თითზე „მეკობრეების”სალბუნი დაიკრა, რომელზეც თავის ქალები და გადაჯვარედინებული ძვლებია დახატული. ეს სალბუნი თავისი მრავალრიცხოვანი შვილებისგან დარჩა? რობისგან? შვილიშვილებისგან? მტკივან თითს მეორე თითთან ერთად იხვევს, ისე, როგორც მობილურ ტელეფონში ამოიკითხა. ინტერნეტის თანახმად, სხვა არაფერი არაა საჭირო.

„თეთრი ლოდის ამოთხრა”, წერს ლიზი მათ ნუსხაში. მისი აზრით, შემოდგომაზე უნდა მიმართონ ერთგვარ ეგზორციზმს – ნიჩბებით, ფიწლებით და ძალაყინებით უნდა მოაშორონ ეს ვამპირული თეთრი ლოდი იქაურობას!

რამდენჯერ მოინდომეს ამ გეგმის განხორციელება? უამრავჯერ.

კვირა გრძელდება. ქალები ისე მოძრაობენ დროში, როგორც – ლაბირინთში. სწორედ ამას გრძნობს ნელი; შესაძლოა, ლიზი ყველაფერს ესოდენ მძაფრად არ აღიქვამს. ნელის მტკივანი თითი მათი საუბრების თემაა. ორივენი ინტერესით აკვირდებიან ამ თითს: ხომ არ გალურჯდა ან ხომ არ გაწითლდა? თუ სხეულის ესა თუ ის ნაწილი გტკივათ ან გაგილურჯდათ, ესე იგი, ცოცხალი ხართ.

„კოღოებზეც იგივე უნდა ითქვას“, დასძენს ლიზი. ორივე ქალმა იცის (დეტექტიური მოთხრობებიდან და რომანებიდან), რომ კოღოები მკვდრებს არ კბენენ.

სიკვდილის თარიღი შეგეშალათ, mon ami. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? გვამს კოღოს ნაკბენი არ აჩნდა. ოჰ! მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ… არა, ნამდვილად არა! ასე უნდა იყოს, ჩემო მეგობარო. მტკიცებულება ჩვენ წინაშეა, ეს უდავო მტკიცებულებაა.

„თუ მკვდარი ხარ, არაფერი მოგექავება, თუ ცოცხალი – კანი დროდადრო უნდა გექავებოდეს“, ამბობს ნელი.

„B ვარიანტს ვირჩევ“, შენიშნავს ლიზი.

სხვებმაც გაიარეს ეს ლაბირინთი. მთელი ქოხი სავსეა პატარ-პატარა სიტყვიერი ხაფანგებით. სამზარეულოში დედას დაუწერია: „კარგად გარეცხეთ ნიჟარები“, კულინარიულ წიგნში, რომელიც ყოველთვის აქ ინახება, მას ფანქრით ჩაუწერია: „კარგია” ან „მეტი მარილი სჭირდება“. ბრძნული გამონათქვამები არაა, მაგრამ პრაქტიკულად გამოსადეგი რჩევებია. „როგორ გრძნობდი თავს სანაგვეზე?“. რა სანაგვე იგულისხმება? ვინ იცის? „ისეირნე ხოლმე!” – ეს სიტყვები დაწერილი არაა; უბრალოდ, ჰაერში გაისმის დედის ხმა. ექო.

„სეირნობისას სწრაფად ვერ ვივლი“, – მდუმარედ ეუბნება ნელი დედას. „ხომ იცი, ფეხის თითი მტკივა“. დედამ ეს კარგად იცის. საავადმყოფოში, მაშინ, როდესაც „ის” შესაძლოა, კვდებოდა – „ის”კვლავ ნელის მამას მიემართება – დედამ თქვა: „არ ვიტირებ, რადგან თუ დავიწყე, თავს ვეღარ შევიკავებ“.

ქალაქში დების გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ნელი პოულობს ბარათს, რომელიც ტიგმა დაწერა – მაშინ, როდესაც მათ საწოლებზე ფარდები დაკიდეს კოღოებისგან თავის დასაცავად. ზოგჯერ ძალზე მსხვილი კოღოებია, განსაკუთრებით – ივნისში; შეუძლიათ უმცირეს ნაპრალებში შეაღწიონ. თუ შეაღწიეს, წუილს იწყებენ და მთელ ღამეს თეთრად გაგათენებინებენ.

„კოღოებისგან დამცავი ფარდა: ზაფხულის მიწურულს ეს ფარდა უნდა დაიკეცოს და ტომარაში ჩაიდოს. ფარდის დასაკიდი ხის ჩარჩო უნდა დაიშალოს და მწვანე ჩანთაში ჩაიდოს – დიდი მადლობა“.

სადაა მწვანე ჩანთა? ეკითხება საკუთარ თავს ნელი. შესაძლოა, ობი მოედო და ვიღაცამ გადააგდო. ნებისმიერ შემთხვევაში, ტიგის ამ ინსტრუქციებს არავინ ითვალისწინებს; კოღოებისგან დამცავ ფარდას, უბრალოდ, კეცავენ, როდესაც მისი გამოყენების საჭიროება აღარაა.

ნელი ფრთხილად ასწორებს ბარათს და ჩანთაში ინახავს. ესაა ტიგის მიერ დატოვებული შეტყობინება, რომელიც ნელის აუცილებლად უნდა ეპოვა. მისტიკაა. ქალმა ეს კარგად იცის. ამ ბარათს ქალაქში წაიღებს, მაგრამ იქ რას იზამს? რა უნდა უყოს მკვდრების მიერ დატოვებულ იდუმალ შეტყობინებებს?

New Yorker April 19, 2021

© არილი

 

Facebook Comments Box