ახალი ამბები

“ვინ უღალატა ანა ფრანკს?”- წიგნმა საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა

18 იანვარს გამოცემული აღიარებული კანადელი ავტორის, როზმარი სალივანის წიგნი „ანა ფრანკის ღალატი“ მრავალწლიან საგამოძიებო კვლევაზე დაყრდნობით ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას, ვინ მიაწოდა გესტაპოს საიდუმლო თავშესაფრის შესახებ ინფორმაცია. პირველ კვირებშივე პუბლიკაციამ როგორც ექსპერტთა, ისე ჰოლოკოსტ გამოვლილ ებრაელთა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

ყოფილი FBI-ის აგენტის, ისტორიკოსებისა და კრიმინალისტებისაგან დაკომპლექტებულმა 20 კაციანმა საგამოძიებო ჯგუფმა მთავარ ეჭვმიტანილად ამსტერდამის ებრაელთა საბჭოს წევრი არნოლდ ვან დენ ბერგი დაასახელა, რომელმაც ინფორმაცია ნაცისტებს, სავარაუდოდ, საკუთარი ოჯახის გადასარჩენად გადასცა. გარდა იმისა, რომ ვან დენ ბერგი, საბჭოს სხვა წევრებისგან განსხვავებით, ნიდერლანდებიდან გადასახლებას გადაურჩა, გამოძიების მთავარი მტკიცებულება ანას მამა, ოტო ფრანკთან გაგზავნილი ხელმოუწერელი წერილია, რომელიც პირდაპირ აბრალებდა რიგით ებრაელს ღალატს.

წიგნის კრიტიკოსები ყურადღებას არგუმენტების ნაკლებობაზე ამახვილებენ – არ არსებობს საბუთი, რომ საბჭოს წევრებს სამალავთა მისამართებზე ჰქონდათ წვდომა. ხოლო საზოგადოების უმეტესობა ნეგატიურად უშუალოდ საგამოძიებო კითხვის ფორმულირებას შეხვდა.

 ჰოლოკოსტ გამოვლილი ედი ბოასი, რომელიც 1944 წელს ნიდერლანდებში, ანას მსგავსად, მშობლებთან ერთად დააპატიმრეს ნაცისტებმა, წიგნს მარკეტინგული ხრიკი უწოდა: „ნიდერლანდების ოკუპაციის შემდეგ ჰოლანდიელ ბიუროკრატთა უმეტესობა სამსახურში დარჩა და ნაცისტებს ახლახან ჩატარებული ეროვნული აღწერის სრული სურათი გადასცა. ებრაელების პოვნა არავის გაუჭირდებოდა. 1940-45 წლებში ჩემი და ფრანკის ოჯახის გარდა 107 000 ჰოლანდიელი ებრაელი გადაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკებში. მხოლოდ 5 000 გადავრჩით, 102 000 კი, ანას მსგავსად, ჰოლოკოსტს შეეწირა. კონკრეტულად ფრანკების ოჯახისთვის არავის უღალატია. ანას თავისი დღიური გამოარჩევს და თავსმოხვეული შეთქმულების თეორიების ნაცვლად, ეს უნდა იყოს მისი მემკვიდრეობა.“

წიგნის ნიდერლანდურმა გამომცემლობამ ბოდიში მოიხადა. ხოლო ავტორი როზმარ სალივანი, ვინაიდან კვლევა უშუალოდ მას არ ჩაუტარებია, ძირითადად თავს იკავებს კომენტარის გაკეთებისგან. „ანა ფრანკის ღალატის“ მიღმა ქართველ მკითხველს, შესაძლოა, დააინტერესოს სალივანის ერთ-ერთმა ახალმა წიგნმა სტალინის ქალიშვილზე: „სვეტლანა ალილუევის არაჩვეულებრივი და მშფოთვარე ცხოვრება“.

მრავალრიცხოვანი კრიტიკის მიღმა, არაერთმა გამომცემლობამ ყურადღება წიგნის ღირსებაზეც გაამახვილა: სალივანი ახერხებს გააცოცხლოს ნაცისტების მიერ ოკუპირებული ამსტერდამის ცხოვრება – ყოველდღე არჩევანის პირისპირ დგომა მეზობლის სიცოცხლის ხარჯზე საყვარელ ადამიანთა გადასარჩენად.

 

© არილი

Facebook Comments Box