პროზა (თარგმანი)

 მარგერიტ იურსენარი –  მერცხლების ღვთისმშობელი

კრებულიდან “აღმოსავლური ნოველები

ფრანგულიდან თარგმნა მანანა გიგინეიშვილმა

თერაპიონ ბერი სიყმაწვილეში ათანასე ბერის უსაყვარლესი მოწაფე იყო. კუშტი და პირქუში თერაპიონი თბილად მხოლოდ მათ ეპყრობოდა, ვინც ეშმაკეულად არ მიაჩნდა. ეგვიპტეში მკვდრეთით აღადგინა მუმიები და სახარება უქადაგა მათ; ცოდვები მიუტევა ბიზანტიის იმპერატორებს; სიზმრად მიღებული ჩვენებით საბერძნეთს გაემგზავრა, რათა საცდურისგან ეხსნა ეს ქვეყანა. ზიზღით ივსებოდა წმინდა ხეების დანახვაზე. მათ ტოტებზე ჩვრები შეებათ ხურვებით შეპყრობილ გლეხებს და ჩაეთქვათ, რომ საღამოჟამს ნიავის შექროლებაზე ამ კონკებს ეცახცახა მათ ნაცვლად. ბრაზს ჰგვრიდა უღალო მიწისთვის მეტი მოსავლის გამოსაძალავად აღმართული ფალოსებიც, წყაროსთვალთან ანდა თახჩებში გამოდგმული თიხის ღმერთებიც. სეფისის კბოდეზე წმინდა ხეებისგან საკუთარი ხელით გამართა პატარა ქოხი. სოფლელები თავიანთ ღარიბულ ლუკმას უნაწილებდნენ. უჭირდა სერაპიონს თავსდამტყდარი ომებითა და შიმშილით ილაჯგაწყვეტილი გლეხების გაძღოლა ზეცისკენ. მათ უყვარდათ იესო, ძე მარიამისა, ამომავალ მზესავით ოქროთი მოსილი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ჯიუტად ეთაყვანებოდნენ ხეებსა და წყლის ჩქერში ჩაბუდებულ ღმერთებს. ყოველ საღამოს ნიმფების ჭადართან ტოვებდნენ ერთადერთი მარჩენალი თხის რძით გალიცლიცებულ ტაგანს. შებინდებისას სოფლის ბიჭები კორომში შერბოდნენ, უნდოდათ თვალი შეევლოთ აქატისთვალება ასულებისთვის, რომლებიც ძირათი და ველური თაფლით საზრდოობდნენ. ყველგან იყვნდენ ისინი, ამ ხრიოკი და მწირი მიწის ასულები, ყველგან! ხან ნისლივით იფანტებოდნენ, ხან კი უეცრად ნამდვილ სახეს იღებდნენ, ხორცს ისხამდნენ. წყაროსთან, თიხნარში, ნახულობდნენმათ ნაფეხურაბს. მათი კანის სითეთრე ქარაფებზე არეკლილ ნათელს ერთოდა შორიდან. ზოგჯერ ასეც ხდებოდა: დასახიჩრებული ნიმფა ჩარჩებოდა სახელდახელოდ გაქერქილ თავხეში და ღამღამობით ისმოდა მისი ჩივილი, ხან კი – ღიღინი. მთებში თითქმის ყოველდღე იკარგებოდა მონუსხული საქონელი. რამდენიმე თვის შემდეგ ძვლების პატარა გროვასღა პოულობდნენ. ეს წყეულები ხელს დაავლებდნენ ბალღებს და ციმციმ მიაქანებდნენ ხრამისკენ. მათი პაწია ფეხები მიწას არც კი ეხებოდა. უფსკრული შთანთქავდა ხოლმე მათ პატარა სხეულებს. ზოგჯერ ნიმფების კვალის მაძიებელი ცხროიანი ბიჭი აცახცახებული ჩაირბენდა წყაროსთან. წყალთან ერთად სიკვდილსაც ეწაფებოდაFთურმე. ყოველი ახალი უბედურების შემდეგ თერაპიონ ბერი მუშტებს უღერებდაკორომს, იმ შეჩვენებულების სახიზარს. გლეხები მაინც ეთაყვანებოდნენ თითქმის უხილავ ნაზ ფერიებს და ისე იოლად ივიწყებდნენ მათ ბოროტ ნამოქმედარს, ნიმფებს ისე აპატიებდნენ უკეთურებას, როგორც, ვთქვათ, შეუნდობენ ხოლმე მზეს შეშლილთათვის ტვინის გამოლაყებას, ან მთვარეს – მეძუძური ქალებისთვის ძილში რძის გამოწოვას, როგორც მიუტევებენ ხოლმე სიყვარულს გაუსაძლისი ტანჯვის მოტანას.

ბერს მგლების ხროვასავით ეშინოდა ნიმფებისა. მეძავებივით უფორიაქებდნენ სულს. საოცრად ლამაზები წამით არ აძლევდნენ საშველს. ღამღამობით ზედ სახესთან გრძნობდა მათ მხურვალე სუნთქვას, თითქოს ნადირი დაბორიალებდა ოთახში, ბორგავდა და გეშს იღებდა. ავადმყოფთან მოსაკითხით მიმავალი ბერი მინდორს რომ გაუყვებოდა, კვალდაკვალ მისდევდა მათი ფეხის ბაკუნი და ციკნების პეტელი. ლოცვის დროს უნებურად თუ ჩასთვემდა, გულუბრყვილო ნიმფები შემოესეოდნენ და წვერზე ექაჩებოდნენ. მის ცდუნებას არ აპირებდენ, უშნოდ და სასაცილოდ ეჩვენებოდათ თალხი ჯვალოთი მოსილი ბერი. ლამაზები კი იყვნენ, მაგრამ ვნებებს არ აღუძრავდნენ. ბერს მათი შიშველი სხეული ისევე ეზიზღებოდა, როგორც მუხლუხას სიფერმკრთალე, როგორც უნასის წყლტუ კანი. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ნიმფები მაინც ახერხებდნენ მის ცდუნებას, რადგან მათ შემყურე ბერს ღვთის სიბრძნე ეეჭვებოდა, რად შექმნა ეს უმაქნისი, მავნე არსებანიო, – ფიქრობდა და შესაქმე ღვთის თავშესაქცევ ავ ოინად ესახებოდა. ერთ მშვენიერ დილას გლეხებმა ნახეს, რომ მათი ბერი ნიმფების ჭადარს ხერხავდა. ნახეს და შეშფოთდნენ, შეფიქრიანდნენ, ნიმფებმა შური არ იძიონ, წყარო არ წაგვართვანო. თანაც ამ ჭადრის ჩრდილში სოფლის გოგო-ბიჭები ცეკვა-თამაშისთვის იყრიდნენ თავს. მაგრამ წმინდა კაცს საყვედური ვერ შებედეს, შეეშინდათ, არ გავანაწყენოთო მამა, რომელი არს ცათა შინა და რომელი განაგებს დარსა და ავდარს. კრინტი არ დაუძრავთ და მათმა დუმილმა უფრო შეაგულიანა თერაპიონ ბერი.

ამიერიდან კარში ისე არ გამოვიდოდა, ნიმფების მოსაგერიებლად ორი ქვა მაინც რომ ჰქონოდა სახელოს ნაოჭებში დამალული. მწუხრისას, როცა უკაცრიელ მინდვრებში აღარცერთი გლეხი არ ჩანდა, ცეცხლი წაუკიდა ბებერ ზეთისხლს. მის დაფუღუროებულ ზროში ქალღმერთები იმალებიანო, – ფიქრობდა. ცეცხლს მისცა ფიჭვის შიმელაც, დახეთქილი ქერქიდან ცრემლებად რომ სდიოდა აშიფი. ნიმფას შიშველი სხეული ამოვარდა მისი ვარჯიდან და შეუერთდა თავისიანებს, დამფრთხალი შვლებივითშორიახლო გაფაციცებულთ. წმინდა ბერი კი ხარობდა, ბოროტების კიდევ ერთი ბუდე რომ მოშალა. ჯვრები აღმართაყველგან. საღვთო ნადირი იფანტებოდა, ამ რაღაც სახრჩობელას მსგავსის ჩრდილს გაურბოდა და განწმენდილი სოფლის შემოგარენში სიმშვიდე და სიმარტოვე ისადგურებდა. მაგრამ ბრძოლა გრძელდებოდა ფეხდაფეხ, კვალდაკვალ. ახლა ნიმფები ფერდობებზე ძეძვნარს შეეხიზნენ და ქვებს უშენდნენ ბერს. აქედან უფრო ძნელი იყო მათი გაძევება. ბოლოს, როცა სოფლის ბიჭებმაც ზურგი შეაქციეს, ბერის ლოცვებითა და ცეცხლით შეჭირვებული ნიმფები როცა უსაბოძვროდ და უსიყვარულოდაც დარჩნენ, ერთ პატარა ფერდობს შეაფარეს თავი. აქ, თიხნარში, მთლად ჩაშავებული ფიჭვები ვეება არწივებს ჰგვანდნენ. თითქოს მძლავრ კლანჭებში ჩაებღუჯათ ეს აყალო მიწა, თითქოს ცაში მაქმანივით დაფრიალებდა მათი ბუმბული. ქვებზე წყარო მოწანწკარებდა. წყალი ისე ცივი იყო, რომ სარეცხის საჭიჭყნად არ ეკარებოდნენ გოგოები, და მწყემსი ბიჭებიც აღარ ეტანებოდნენ. გორაკის ფერდობზე შეთხრილ ეხში შეღწევა შეიძლებოდა ნაპრალით, რომელშიც კაცი ძლივს გაეტოდა. ყოველთვის, როცა ნიმფებს გაუავდრდებოდათ და გართობა შეუფერხებოდათ, აქ შეიხიზნებოდნენ ხოლმე. ისინი, ნადირისა არ იყოს, უფრთხოდნენ ჭექა-ქუხილს და უმთვარო ღამეებში აქ, პარეხში, ეძინათ. მეხრე ბიჭები გამოქვაბულში შეღწევას ცდილობდნენ. ეს სახიფათო საქმე მათი ვაჟკაცობის დიდი გამოცდა იყო. შემდეგ გაუთავებლად ტრაბახობდნენ, მრუმეში ნიმფების კენარი ტანი და აბურდული თმები დავლანდეთო. თერაპიონ ბერს მთის ფერდზე მიყუჟული ეს გამოქვაბული გულზე ეკალივით ესობოდა. მინდვრის განაპირას საათობით იდგა გარინდებული და ხელაღპყრობილი შესთხოვდა ზეცას ღმერთების მოდგმის ამ საშიში ნაშთის მოსპობას.

ნააღდგომევს ბერმა შეარჩია თავისი მრევლიდან ყველაზე უბირი და თან ყველაზე სანდო გლეხები, წერაქვები და ჩირაღდნები ჩამოურიგა, ჯვარცმას დასწვდა და მათ ბნელშიწაუძღვა ოკრობოკრო გორაკებზე. მარჯვედ უნდა გამოეყენებინა ეს ნესტიანი კუნაპეტი ღამე. თერაპიონ ბერი გამოქვაბულის შესასვლელში ჩადგა, თავისი თანამზრახველები შიგ არ შეუშვა, შეეშინდა, ცდუნებას არ აჰყვნენო. სიბნელეში ისმოდა წყაროს ჩუხჩუხი და ფიჭვებში სიოს ქროლვასავით ნაზი ფაჩუნი. ეს მძინარე ნიმფების ფშვინვა იყო. სიზმრად ხედავდნენ სამყაროს სიჭაბუკეს, ეზმანებოდათ ჟამი, როცა დედამიწა მხოლოდ ხეების, პირუტყვისა და ღმერთების სამკვიდრო იყო. გლეხებმა კოცონი გააჩაღეს, მაგრამქარაფსხომ ვერ წაუკიდებდნენ ცეცხლს! ბერმა თაბაშირის აზელაადა ქვებზე დაგოზვა დაავალა მათ. ინათა თუ არა, ზედ იმ დაწყევლილი გამოქვაბულის ზღურბლთან, ფერდობზე, პატარა სამლოცველოს შენება დაიწყეს. კედლები ჯერ არ შემშრალიყო, კარიც აკლდა, ჭერიც, მაგრამ თერაპიონ ბერმა კარგად იცოდა, ნიმფები ცდუნებას ვერ აჰყვებოდნენ, ვერ გადმოლახავდნენ ამ წმინდა ადგილს, მისგან დალოცვილსა და ნაკურთხს. უფრო გულდაჯერებული რომ ყოფილიყო, ზედ იმ ადგილას, სადაც კლდე იყო გადახსნილი, თანაბარმკლავიანი ჯვარი აღმართა. ჯვარზე ქრისტე იყო გამოსახული. ნიმფებს მხოლოდ ღიმილის ენა გაეგებოდათ და შეშფოთებულნი უნდა უკუქცეულიყვნენ წამებულის ხილვაზე.ხილვაზე.

მზისპირველი სხივები მიადგა გამოქვაბულის ზღურბლს. ის საცოდავები სწორედ ამ დროს წამოიშლებოდნენ ხოლმე და იქვე, ხეთა ფოთლებიდან ცვარს ისუტავდნენ. ახლა კი ქვითინებდნენ დატყვევებულები, შველას ითხოვდნენ, ოღონდ აქედან გაგვაღწევინეთო, და ალალად აღუთქვამდნენ ბერს სიყვარულს. გლეხები მთელ დღეს აშენებდნენ. საღამოჟამს ცრემლები გადმოსცვივდათ ქვებს. გაისმა ხველება და როყიო ყივილი, დაჭრილი ნადირის ზახილის მსგავსი. მეორე დღეს სამლოცველო გადახურეს და ყვავილებით მორთეს, კარიც შეაბეს და კლიტეში რკინის დიდი გასაღებიც გააჩხაკუნეს. დაქანცული გლეხები იმ ღამეს სოფელში დაბრუნდნენ, თერაპიონ ბერი კი იქვე, ახალაღმართული ეკვდერის წინ, მიწვა. ძილფხიზლობდა, ტყვექმნილთა გმინვა და ვაება უკრთობდა ძილს. უნდა ითქვას, რომ ბერი გულმოწყალე იყო. წუხდა, უნებურად ფეხით მღილს თუ გასრესდა, ან მისი ძაძის შეხებაზე ყვავილი თუ ღეროში გადატყდებოდა. ახლა კი ისე იყო გაცეცხლებული, ასპიტთათვის მიეგნო თითქოს და ორ ალიზს შუა მოემწყვდია.

მეორე დღეს გლეხებმა კირწყალი მოიტანეს, შიგნიდან და გარედან შეფეთქეს ეკლესია. იგი თეთრ მტრედს დაემსგავსა, კლდის მკერდზე მიყუჟულს. სხვებზე უტეხმა ორმა გლეხმა ეხში შესვლაც კი გაბედა. ნესტიანი და დაღარული კედლები უნდა შეეთითხნათ, რომ წყაროს წყალსა და თაფლს არ შეეჟონა, არ გახანგრძლივებულიყო ფერიების გაჯახირებული ყოფა. ღონემიხდილ ნიმფებს იმის ძალაც აღარ შესწევდათ, ადამიანებს გამოცხადებოდნენ. მხოლოდ აქა-იქ მრუმეში ძლივს გამოკრთებოდა მოკუმული ტუჩები, სახვეწრად შეტყველილი ნაზი ხელები, ან მოვარდისფრო მკერდი.

კირით გათხვრილი ცერი გაუსვეს გლეხებმა ხაოიან კედლებს და რბილი თმების თრთოლა იგრძნეს. ხვიფლი თუ მოსდებოდა ნოტიო ხამ ადგილებს. ნიმფების დაძაბუნებული სხეულები ნესტში იხრწნებოდა და პეპლის ჩამოყრილი ფრთებივით ცვიოდა მტვერში. კვნესოდნენ განუწყვეტლივ, მაგრამ ყურთასმენა უნდა დაგეძაბათ მათი მისუსტებული ხმის გასაგონად. ეს მტირალი ნიმფების სული იყო.

მთელ მომდევნო ღამეს თერაპიონ ბერი სავანის ზღურბლთან დაუცადებლად ლოცულობდა განდეგილივით. უხაროდა იმის გაფიქრება, რომ ახალ მთვარემდე კვნესა-ვაება შეწყდებოდა და შიმშილით დახოცილი ნიმფები უამურ მოსაგონრადღა დარჩებოდნენ. სურდა, ლოცვით დაეჩქარებინა დატუსაღებულთა ხსნის ჟამი – მათი სიკვდილი. ბერს უნებურად შეეპარა მათი სიბრალული და გააღიზიანა თავისმა სამარცხვინო სისუსტემ. აღარავინ მოსულა მასთან. სოფელი სადღაც შორს, ქვეყნის დასალიერში, ეგულებოდა. მინდვრის განაპირას არჩევდა მოწითალო მიწას, ფიჭვებს და ოქროსფერ სხივებში ჩაკარგულ ბილიკს. ესმოდა ნიმფების ხროტინი, რომელიც თანდათან ნელდებოდა, და თავისი ღაღადისიც ესმოდა. ხმა მთლად ჩახრინწოდა.

იმავე საღამოს, შებინდებისას, ბილიკზე შენიშნა მისკენ მომავალი ქალი. თავჩაქინდრული იყო და ოდნავ მოხრილი. შავი მოსასხამი ებურა, ჩიქილაც შავი ჰქონდა, მაგრამ რაღაც იდუმალი ნათელი ატანდა თალხ ქსოვილში და მწუხრს დილასავით აცისკროვნებდა. ყმაწვილ ქალს მხცოვანის სიდინჯე და სიდარბაისლე შვენოდა. ნაზი იყო მოწეული მტევანივით, სურნელოვანი ყვავილივით. ეკვდერს გაუსწორდა და გულდასმით შეათვალიერა ბერი. მას კი ლოცვა შეაცივდა ბაგეზე.

– ეს ბილიკი არსაით მიდის, საიდან მოხვალ, ქალო?

– საიდან? დილასავით… აღმოსავლეთიდან. – შენ აქ რასა იქმ, მოხუცო ბერო? – ჩაეკითხა ყმაწვილი ქალი.

– აგერ, ამ გამოქვაბულში გამოვამწყვდიე ნიმფები, ლამის წარწყმიდონ ეს მხარე. გარეთ გამოღწევა რომ ვერ გაბედონ, ზედ ეხის ნაპრალს მივაშენე ეს პატარა ეკლესია. ისინი ხომ შიშვლები არიან და თავისებური რიდი აქვთ ღვთისა. ველი, რომ სიცივითა და შიმშილით ამოიხოცებიან და ღვთის წყალობა მოეფინებაარემარეს.

– კი მაგრამ, ვინ გითხრა, რომ წყალობა ღვთისა არ ერგება ნიმფებს, ასევე – შვლების ჯოგსა და თხათა არვეს?! – შეეპასუხა ქალი. – ნუთუ არ იცი, რომ შესაქმის ჟამს ღმერთს დაავიწყდა ზოგი ანგელოზისთვის ფრთების ბოძება. ისინი მიწაზე ჩამოცვივდნენ, ხეებში ჩაიბუდეს, ნიმფებისა და პანების მოდგმას მისცეს დასაბამი; სხვები მთებს შეეხიზნენ და ოლიმპიელ ღმერთებად იქცნენ. ნუ დრტვინავ წარმართივით, შემოქმედისაგან მივიწყებული არსებანი ნუ გაშინებენ, საქმენი უფლისანი ნუ აღგაშფოთებენ, მადლი შესწირე ღმერთს დიანასა და აპოლონის შექმნისთვისაც.

– ჩემი სული ასეთ სიმაღლეს ვერ შესწვდება, – მდაბლად ჩაილაპარაკა მოხუცმა ბერმა. – ნიმფები მლოცველებს მიშფოთებენ, მრევლი ლამის წარმიწყმიდონ, მათი სულების ხსნა კი მე მაბარია, ღვთის წინაშე პასუხი მე მომეთხოვება. ამიტომ ვდევნი მათ და, თუ საჭირო შეიქნა, ვდევნი ქვესკნელში დანთქმამდე.

– ეგ ყველაფერი ერთგულ მსახურებად ჩაგეთვლება, გულმართალო ბერო, – ღიმილით თქვა ყმაწვილმა ქალმა, – მაგრამ სხვა საშველს ვერა ხედავ? ეგებ ნიმფებიც გადარჩნენ და შენი მრევლიც ცხონდეს.

მისი ხმა ნესტვის ჰანგივით დატკბა. შეჭირვებულმა ბერმა თავი დახარა. ყმაწვილმა ქალმა მხარზე ჩამოადო ხელი და უფლებამოსილად უთხრა:

– შემიშვი ეხში, ბერო! მიყვარს გამოქვაბულები, მებრალება ყველა, ვინც იქ ეძიებს თავშესაფარს. გამოქვაბულში იშვა ჩემი ძე, მკვდარიც გამოქვაბულს მივაბარე, რათა აღდგომით მეორედ შობილიყო.

განდეგილი განზე გადგა, გზა უტია. ის კი პირდაპირ ნაპრალისაკენ გაემართა, თუმცა საკურთხეველი ფარავდა მას. ზღურბლზე ვეება ჯვარი იყო აღმართული. მან სათუთად შეახო ხელი ჯვარს, შეახო, როგორც შეჩვეულსა და ახლობელს, გასწია და ქვაბში შევიდა.

კვნესამ იმატა სიბნელეში. ჟღურტული და ფრთების ფათქუნი გაისმა. ქალი ნიმფებს ესაუბრებოდა, ესაუბრებოდა რაღაც უცნაურ ენაზე, ფრინველთა და ანგელოზთა ენაზე, ალბათ. უეცრად ქალი ბერის გვერდით გაჩნდა. ის კი კვლავ ლოცულობდა.

– იხილე, ბერო! იხილე და ისმინე!

ყურთასმენის წამღები ჭიკჭიკი მოისმა. ქალმა მოსასხამის კალთა გადაშალა და თერაპიონ ბერმა იხილა მისი კაბის ნაკეცებში შეხიზნული მერცხლები. ქალმა მლოცველივით აღაპყრო ხელები, ააფრინა ჩიტები და ჩანგივით წკრიალა ხმით თქვა:

– გაფრინდით, ჩემო პატარებო!

მერცხლები მწკრივად აიჭრნენ მწუხრის ცაში. ფრთებით და ნისკარტით ამოუცნობ ნიშნებს ხაზავდნენ. მოხუცი ბერი და ყმაწვილი ქალი მზერით მიაცილებდნენ მათ. შემდეგ მოსულმა უთხრა დამხვდურს:

– ყოველ გაზაფხულს დაბრუნდებიან და შენ მათ შეიფარებ ჩემს ეკლესიაში, მშვიდობით, თერაპიონ!

მარიამი დაადგა იმ ბილიკს, არსაით მიმავალს. გზაწვრილი წყდება თუ არა, როდი აფიქრებს მას, ვისაც ზეციურ გზებზე სვლა ხელეწიფება.

თერაპიონ ბერი სოფლისკენ გაემართა. მეორე დღეს, ჟამისწირვისთვის რომ ამობრუნდა, ნიმფების გამოქვაბული მერცხლის ბუდეებით იყო მოფენილი.

ისინი ყოველ წელს ბრუნდებიან, მოფრინავენ და იბუდებენ ეკლესიაში. ბარტყების დაზრდაზე, თავიანთი ბუდეების – თიხის პაწია სახლების – შემტკიცებაზე ზრუნავენ. თერაპიონ ბერი ლოცვას შეწყვეტს ხოლმე და შეჰხარის მათ სიყვარულს, მათ სილაღეს.

ასეა, ნიმფებს როდი ეპატიებათ ის, რაც მიეტევებათ მერცხლებს.

© არილი

Facebook Comments Box